სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეს სასწაულთა და ვნებათა განმარტება
"ევერგეტინოსი". ამბა ისაიასგან
ამბა ისაია ამბობდა: თუ გონება ჯვარზე ასვლას მოინდომებს მანამ, სანამ გრძნობების უძლურებას გადალახავს, მას ღვთის რისხვა მოეწევა, რადგან განუკურნავი გრძნობებით ისეთ საქმეს ეჭიდება, რომელიც მის ძალებს აღემატება. უფალმა იესუ ქრისტემ ჯერ უმკურნალა ყველა ადამიანურ ვნებას, რისთვისაც ამქვეყნად მოვიდა, და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა ჯვარზე. მისი მონათვლით იოანე ნათლისმცემელმა დაგვანახა: ვინც ღმერთთან იმ განზრახვით მიდის, რომ ემსახუროს, თავიდან ცოდვების მონანიება მართებს. ამის შესახებ წმიდა წერილში ასე არის ნათქვამი: "ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს" (მათე 3:6). თავად უფალმა, სანამ ჯვარზე გააკრავდნენ, ბრძანა: "მიდით და უთხარით იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში" (მათე 11:4-6).
ბევრი სხვა სასწაულიც აღასრულა იესუ ქრისტემ, იმათგან, რაც აქ არის ჩამოთვლილი, ჩვენ ვგებულობთ შემდეგს:
"ბრმანი ხედავენ", - ეს ნიშნავს, რომ ვისაც ამ ქვეყნის იმედი აქვს, ის ბრმაა, მაგრამ თუკი მან მიატოვა წუთისოფელი და ჭეშმარიტი სასოებისკენ წარემართა, ე. ი. მას თვალები აეხილა.
"კოჭლნი დადიან", - ეს აჩვენებს, რომ კოჭლია ის, ვინც ღმერთისკენ ისწრაფვის, მაგრამ ხორციელ გულისთმქებს ვერ ელევა. თუკი ის ამ გულისთქმებზე უარს იტყვის და მთელი სიწრფელით შეიყვარებს ღმერთს, მაშინ კოჭლობისგან განიკურნება.
"ყრუნი ისმენენ", - ე. ი. ვინც ჩაძირულია ამსოფლიურ ამაოებებსი, ის ყოველივე ამაღლებულისადმი ყრუა, მაგრამ თუკი მოექცევა და სულიერ ცოდნას დაეწაფება, მაშინ სმენას დაიბრუნებს.
"კეთროვანნი იწმინდებიან", - ეს გვიჩვენებს შემდეგს: მოსეს სჯულში წერია: "უწმინდური ნუ შევა უფლის სახლში" (შდრ. მეორე სჯული. 23:1-3).
ყველა კეთროვანია, ვის სულშიც ფეხი აქვს გადგმული მოყვასისადმი მტრობას, სიძულვილს, შურს, განკითხვას, და ვინც ყოველივე ეს დაუტევა, ის განიწმინდა.
თუკი ბრმა ხედავს, ხეიბარი დადის, ყრუს ესმის და კეთროვანი იწმინდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც დაუდევრობის მიზეზით დაავადებული იყო ყველა ამ ავადმყოფობით, ახლა განიკურნა, განახლდა და აღორძინდა. წმიდა სათნოებებისგან განძარცული გრძნობები აუწყებენ მას სასიხარულო ცნობას: თვალები აეხილა, დადის, ესმის და განწმენდილია.
მიმრქმელს შენ აღუთქვი, რომ იცხოვრებდი სიმდაბლით და დაითმენდი ყოველგვარ გასაჭირს. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელს ეცვა აქლემის ბეწვის სამოსი (მათე 3:4). ეს იმ სატანჯველზე მიუთითებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი უნდა განიწმინდოს, სანამ ჯვარზე ავა, რადგან ჯვარი მომავალი უკვდავების სიმბოლოა, მაგრამ მანამდე მან პირი უნდა დაუყოს ფარისევლებსა და სადუკევლებს.
ფარისევლობა არის მზაკვრობის, მლიქვნელობისა და პატივმოყვარეობის განხორციელება, სადუკეველობა - რწმენისა და სასოების დაკარგვა. ფარისევლები ერთ-ერთი იუდაურ მწვალებლობას წარმოადგენდნენ. მათთვის მთავარი გარეგნული კეთილმსახურების დაცვა იყო; ირწმუნებოდნენ, რომ სწამდათ ღვთის განგებულება, ანგელოზების არსებობა, სულის უკვდავება, მარადიული ტანჯვა და მიცვალებულთა აღდგომა. თუმცა, არსებითად, ისინი იყვნენ ხარბნი, პატივმოყვარენი, პირმოთნენი და ამპარტავანნი. უფალი მშვენივრად წარმოაჩენს მათ პატივმოყვარეობას მეზვერისა და ფარისეველის შესახებ იგავში (ლუკა 18:10-14) და უწოდებს ორგულებს (მათე 23:13-19).
სადუკეველები სხვა იუდაურ მწვალებლობას ემხრობოდნენ (ამ ერესის დამაარსებელი იყო სადოკი). ღვთაებრივ აზრს მხოლოდ რჯულის ასონიშანში ეძებდნენ, ამიტომ უარყოფდნენ წმიდა გადმოცემას, ანგელოზების არსებობას, სულის უკვდავებასა და მკვდრეთით აღდგომას. ისინი ფარისევლების მოწინააღმდეგენი იყვნენ. სადუკეველებს უფალმა ხმა ჩააკმენდინა თავისი პასუხებით (მათე 22:23-33), რის შემდეგაც "ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე" (მათე 22:46). მაშინ "გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე" პასექის მოსამზადებლად (ლუკა 22:8). მოკლედ რომ ვთქვათ, როცა გონება დაინახავს, რომ მასზე არავინ ბატონობს, იგი უკვდავებისთვის იწყებს მზადებას, ერთად კრებს თავის ყველა გრძნობას, ქმნის მათგან ერთმთლიან სხეულს, კვებავს და ისინიც ხდებიან მისგან განუყოფელნი.
ამის შემდეგ წმიდა წერილის თანახმად, იესუ ლოცულობდა: "მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი" (მათე 26:39). ამით იგი გვეუბნება: თუ გონებას ჯვარზე ასვლა სურს, მან ბევრი უნდა ილოცოს და იტიროს, ღვთის წინაშე მეტანიები ჰყოს და მის სახიერებას შეწევნა სთხოვოს, რათა განამტკიცოს და დაფაროს იგი იქამდე, ვიდრა არ აღადგენს მას ახალი ბუნების სიწმინდესა და დაუმარცხებლობაში, რამეთუ დიდი საშიშროებაა მოსალოდნელი ჯვარცმის დროს. ამიტომ, ვინც ლოცულობს, მას აუცილებლად სჭირდება პეტრე, იაკობი და იოანე: ჯანსაღი რწმენა, მტკიცე სასოება და სრულყოფილი სიყვარული. ყოველივე ამით იგი ზეგარდმო მადლს იხვეჭს და შეუძლია ჯვარზე ავიდეს. ჩვენმა მეუფემ, ქრისტემ, ყოველივე ეს აღასრულა და ყველაფრის მაგალითი მოგვცა, "რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას" (ფილიპ. 3:10-11).
ჩვენ გამო მან ნაღველიც იგემა, რაც გვასწავლის, რომ უნდა მოვიკვეთოთ ბოროტი სურვილები, დავიცვათ ბაგენი და არ მივცეთ ზრახვებს სხეულთან თანამოქმედების საშუალება და საქმეში გარდასახვის შესაძლებლობა.
მან ძმარიც მიიღო ჩვენ გამო - ჩვენც გვმართებს დავთრგუნოთ საკუთარ თავში თვითნებობა და ამაო შფოთი.
ნერწყვაც დაითმინა, რათა მოვიძულოთ კაცთმოთნეობა და ამასოფლის დიდება.
თავისი ეკლიანი გვირგვინით იგი შეგვაგონებს, რომ სულგრძელად დავითმინოთ საყვედური და გაკიცხვა და უშფოთველად ავიტანოთ ყოველგვარი დამცირება.
ჩვენ გამო მას კვერთხიც ჩაარტყეს თავში, ამიტომ მუდმივად უნდა ვატარებდეთ სიმდაბლის ჩაფხუტს და ამით ვაქრობდეთ მტრის ამპარტავნებას.
ჯვარზე გაკვრის წინ მას შოლტის სცემეს - არაფრად ჩავაგდოთ შეურაცხყოფა და დაცინვა.
როდესაც მისი სამოსი გაინაწილეს, იგი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, - ჩვენც უარვყოთ ყოველგვარი ამსოფლიური, სანამ ჯვარზე ავიდოდეთ.
მეექვსე ჟამი იყო, როცა უფალი ჯვარს აცვეს - მოდით, ჩვენც გავძლიერდეთ უდიერებისა და სულმოკლეობის წინააღმდეგ, სანამ ცოდვა არ მოკვდება, რამეთუ ნათქვამია: "ჯვრის მეშვეობით მოაკვდინა მტრობა" (შეად. ეფეს. 2:16).
როდესაც მეცხრე ჟამი დადგა, "ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?" (მარკ. 15:34). ეს გვასწავლის, რომ უნდა დავითმინოთ განსაცდელი და მწუხარება, სანამ არ გადაივლის, და მერე სიმდაბლითა და კადნიერებით ვევედროთ ღმერთს; ხოლო ის, რომ მან სული იმ დროს შეჰვედრა, როცა მზე დაბნელდა, აჩვენებს, რომ ცოდვა ადამიანში მას შემდეგ კვდება, რაც გონება გათვისუფლდება ამქვეყნიური იმედებისგან.
"კრეტსაბმელი განიპო" (მარკ. 15:38) - გონების გათავისუფლების შემდეგ - ანუ ქრება შუაკედელი ადამიანსა და ღმერთს შორის, და მაშინ "იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი. განიხვნენ საფლავნი" (მათე 27:52). ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენში ცოდვა მოკვდება, მაშინ ყველაფერი, რაც გვამძიმებდა, გვაბრმავებდა და სულს შეაჭირვებდა - დაირღვევა, და ის გრძნობები, რომლებიც მოკვდნენ და სიკვდილში ნაყოფი გამოიღეს, განიკურნებიან და გამარჯვებულნი აღდგებიან; ხოლო ის, რომ იგი სუფთა არდაგში გაახვიეს (მათე 27:59), გონების განათლებაზე მიანიშნებს. ასეთი სიკვდილის შემდეგ გონება იმოსება სიწმიდითა და უკვდავებით, რაც მას განსვენებას ანიჭებს.
იესუ დაკრძალეს ახალ საფლავში (მათე 27:60), სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ და კარს დიდი ლოდი მიადგეს, რაც ნიშნავს, რომ როდესაც გონება ყველაფრისგან გათავისუფლდება და მომავალი საუკუნის შაბათს მიაღწევს, ის უკვე უხრწნელზე ფიქრობს: "რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც" (მათე 24:28).
წმიდა წერილი გვამცნობს, რომ ის აღდგა თავისი მამის დიდებით, ამაღლდა ზეცად და "დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა" (ებრ. 1:3). ამ მოვლენის მნიშვნელობას მოციქული შემდეგნაირად განმარტავს: "თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას. რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში" (კოლას. 3:1-3).
მის წმიდა სახელს შეუძლია ჩვენი უძლურება იტვირთოს, რათა ჩვენ, ჩვენი სიგლახაკის მიხედვით, მოგვეტევოს ცოდვები და მივიღოთ წყალობა იმათთან ერთად, ვინც ამ წყალობის ღირსიქმნა. ამინ".
წყარო: ევერგეტინოსი. ტომი I. წიგნი მეორე. თემა 41. ამბა ისაიასგან. თბილისი 2013. გვ. 206-211.