განმარტებანი - ცოდვათა მიტევება, მოჩვენებითი ქრისტიანული სიყვარული და ყოვლისმიმტევებლობა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ცოდვათა მიტევება, მოჩვენებითი ქრისტიანული სიყვარული და ყოვლისმიმტევებლობა

მოვაჭრეთა განდევნა ტაძრიდან

ავტორი: არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)

ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგი კაცობრიობის ცოდვის გამოსყიდვის საქმეში, რომელიც ცხოვრების მომნიჭებელმა ქრისტემ თავისი ჯვარცმით, სამდღიანი დაფლვითა და მკვდრეთით აღდგომით აღასრულა, იყო სწორედ ცოდვათა მიტევება.

თავისი მკვდრეთით აღდგომის პირველივე დღეს მაცხოვარი მოევლინა ერთად შეკრებილ თავის მოწაფეებს, რომლებსაც ჯერ მშვიდობა უსურვა, შემდეგ კი სული შეჰბერა და უთხრა: "მიიღეთ სული წმიდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ" (იოანე 20:19-23).

შემდეგ, მოციქულთა საქმეებიდან ვხედავთ, რომ წმ. მოციქულები, როდესაც ქადაგებდნენ ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, იმწამსვე მოუწოდებდნენ თავიანთ მსმენელებს სინანულისა და ნათლისღებისკენ მისატევებლად ცოდვათა. "მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს" (საქმე 2:38).

"მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები", მოუწოდებდნენ ისინი ხალხს, რომლებიც შეკრებილ იყვნენ წმ. მოციქულ იოანეს გარშემო, რომელმაც ეს-ეს იყო განკურნა დაბადებიდან მკელობელი (საქმე 3:19). "ღმერთი უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას" (საქმე 17:30-31).

ეს "მიტევება" ანუ ცოდვათა "აღხოცვა" ჩვენ უპირობოდ როდი გვეძლევა, არამედ განპირობებულად - კერძოდ, თუ შევინანებთ (რა თქმა უნდა, გულწრფელად). ამიტომაც, უფალმა, როდესაც თავის მოწაფეებს სულიწმიდის მიერ ცოდვათა მიტევების ძალმოსილება მისცა, ამავდროულად, ცოდვათა არმიტევების ძალაუფლებაც მიანიჭა - ცხადია მათთვის, ვინც არ შეინანებს ან ინანიებს არაგულწრფელად: "ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ" (იოანე 20:23), - შედეგად, არ მიეტევებათ. რაოდენ გასაგები და ლოგიკურია ეს ყოველივე და როგორ ეწინააღმდეგება ამ ნათელ და წმიდა სახარებისეულ სწავლებას დღეს მოდად ქცეული პროპაგანდა ცრუქრისტიანული სიყვარულისა და უსიტყვო ყოვლისმიმტევებლობისა, რომელსაც დღეს ყველა მოუცავს და რომელიც თითქოსდა ქრისტეს მტრებზეც, ეკლესიასთან აქტიურად მებრძოლ და თვით რწმენით მომავალი ანტიქრისტეს აშკარა მსახურებზეც ვრცელდება.

მოჩვენებითი და მოდური "ქრისტიანობის" ასეთი ცრუ-მქადაგებელნი თავიანთი მყიფე პოზიციის გასამაგრებლად ბოროტად იყენებენ უფლის გამონათქვამს: "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მათე 7:1). ეს მათი საყვარელი გამონათქვამია, რაც არანაირად უშლის მათ ხელს თვითონვე უსასტიკედ განსაჯონ ყველა მათგანი, ვინც კი მათ ამგვარ ცრუსწავლებას, სახარებისეული სწავლების მზაკვარ დამახინჯებას და სიყალბეს არ ეთანხმება.

უფლის ეს გამონათქვამი რომ სწორად გავიგოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ თვით უფალმა იესუ ქრისტემ, რომელმაც ასწავლა: "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მათე 7:1), იქვე, უშუალოდ ამ სიტყვების შემდეგ ბრძანა: "ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ" (მათე 7:6).



ვინ არიან "ძაღლები" და "ღორები"?

ამ "ძაღლებსა" და "ღორებში" უფალი გულისხმობდა ზნეობრივად გარყვნილ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სახარებისეული ჭეშმარიტებების მიღება, რომლებისთვისაც ყოველივე წმიდა და სულიერი უცხოა და საძაგელი, რადგან არ შეუძლიათ მისი ღირებულების შეცნობა. ესენი არიან მორალურად დაცემული, დეგრადირებული, უკეთური და ბოროტი ადამიანები, რომლებიც ხშირად დასცინიან სახარებისეულ ჭეშმარიტებას, ქელავენ მას და უმხედრდებიან თვით სახარების მქადაგებელთაც, აგდებენ რა უამრავ ჭირსა და უბედურებაში, დევნიან და ჰკლავენ კიდევაც.

განა აქედან ნათელი არ უნდა იყოს, რომ სიტყვებით: "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მათე 7:1) უფალი სულაც არ კრძალავს მივცეთ ადამიანებს ზნეობრივი შეფასება - გავავლოთ ზღვარი კეთილ და ბოროტ ადამიანებს შორის? და არა მარტო არ გვიკრძალავს, არამედ, როგორც შემდგომ ვიხილავთ, გვიბრძანებს კიდევაც ამის გაკეთებას.

ასე მაგალითად, უფალი პირდაპირ გვავალდებულებს ვამხილოთ შემცოდე ძმა. "ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი" (მათე 18:15).

მეტიც! არა თუ ნებას გვაძლევს განვსაჯოთ შემცოდე ძმა, არამედ ასეთი კეთილგონიერი და ქრისტიანული მსჯავრისკენ მოუწოდებს სხვა ძმებსაც: "ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა" (მათე 18:16).

მაგრამ ესეც არაფერი. თუ ძმა გაჯიუტდება თავის ბოროტებაში და არ შეისმენს ძმათა შეგონებას, მაშინ მის შესახებ უნდა ემცნოს ეკლესიას, ანუ საეკლესიო ხელისუფლებას, რომელმაც თვით უფლისგან მიიღო მადლისმიერი უფლება "შეკვრისა და გახსნისა": "და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17).

ეს უკანასკნელი სიტყვები - ყველაზე საშინელი და სრულიად მიუღებელია თანამედროვე ლიბერალური და მოდური ნეო-ქრისტიანობის გარყვნილი პროპაგანდისტებისა და მათი იდეოლოგიისთვის, რამეთუ ისინი სრულიად ეწინააღმდეგებიან სახარების ჭეშმარიტ სწავლებას.

მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, სახარებიდან ვერავინ ვერასოდეს ამოაგდებს ხსენებულ სიტყვებს, რადგან ეს ხომ თვით ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სიტყვებია. მაშ, როგორ შეიძლება მათი უგულებელყოფა?

მაგრამ თანამედროვე ნეო-ქრისტიანებს, რომელთა რიგებშიც დღეს მრავალი განსწავლული ღვთისმეტყველი და მაღალი იერარქიც მოიაზრება, არანაირად არ სურთ ანგარიში გაუწიონ ქრისტეს ჭეშმარიტ სახარებას, არამედ თვითნებურად თითხნიან საკუთარ "სახარებას", როგორც ეს თავის დროზე მათმა იდეურმა წინამორბედმა ლევ ტოლსტოიმ გააკეთა. ვაი, რომ მრავალი თანამედროვე, ჭეშმარიტ ქრისტიანობაში საკმაოდ არამყარი "ქრისტიანისთვის" ეს ყოველივე დიდი საცთურია, დაბრკოლების ლოდია, რომელიც მათ აბნევს და გადაჰყავს ისინი შეჭმარიტი გზიდან.

"ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მათე 7:1). რაოდენ მიმზიდველად ჩანს ეს სიტყვები ნეო-ქრისტიანული და გაყალბებული განმარტების შუქზე: "მე ხელს არ შეგიშლი შენ ცოდვის ჩადენაში; შენ კი მე ნუ შემიშლი ხელს იმავეში!" აი, როგორ საშინელ, გარყვნილ და დანაშაულებრივ პრიზმაში წარსდგება დღეს ჩვენს წინაშე ეს წმიდა ტექსტი! არადა, სინამდვილეში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მსჯავრიც არის და მსჯავრიც: არსებობს სხვადასხვანაირი მსჯავრი. ერთი განსჯა - შეცოდებაა, მეორე კი, როგორც ვნახეთ, არა თუ არ არის შეცოდება, არამედ თვით სახარების მიერაა ნაბრძანები. და ეს სრულიად გასაგებია, რამეთუ, თუკი არასოდეს, არავის და არავითარ შემთხვევაში არ განვსჯით, მაშინ მალევე დავკარგავთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს და თვითონაც ადვილად შევდგებით ბოროტების გზაზე.

დედაკაცთა მიერ შობილთაგან უდიდესმა, უფლის წმიდა წინამორბედმა და ნათლისმცემელმა იოანემ, რომლის სიწმიდე და უზადო ზნეობრივი სიმაღლე თვით უფალმა იესუ ქრისტემ დაადასტურა, როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა: "იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?" (მათე 3:7). რა არის ეს? ცოდვილი განკითხვა?

თვით უფალმა იესუ ქრისტემ, რომელმაც თავის მიმდევრებს შესთავაზა მისგან აეღოთ მაგალითი და უთხრა: "ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი" (მათე 11:29), მიუხედავად ამისა, არაერთხელ გამოიყენა ბოროტებაში გახევებულ ცოდვილთადმი, მისი ღვთაებრივი სწავლების შესმენა რომ არ სურდათ, იგივე გამოთქმა: "იქედნეს ნაშიერნო!" და ხშირად მიმართავდა მის გარშემო მყოფ ხალხს, განსაკუთრებით კი მწიგნობრებსა და ფარისევლებს, საკმაოდ მძაფრი სიტყვებით ამხელდა მათ: "უკეთური და მემრუშე მოდგმა" (მათე 12:39), "ო, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ: როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ?" (მათე 17:17). მწიგნობრებსა და ფარისევლებს ის მუდმივად უწოდებდა: "თვალთმაქცებს", "უგუნურებსა და ბრმებს", "გველებს" (მათე 15:7; 16:3; 16:6-12 და მთელი 23-ე თავი), მეფე ჰეროდეს მან ერთხელ "მელა" უწოდა (ლუკა 13:32).

მეტიც! სახარებიდან ვიცით, რომ მშვიდმა და თავმდაბალმა უფალმა, რომელიც თავის მადევართათვისაც კი ლოცულობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან" (ლუკა 23:34), არა მარტო განკითხვის მძაფრ სიტყვებს იყენებდა, არამედ ზოგჯერ ძალიან ძლიერ და გადამჭრელ ფიზიკურ ზომებსაც კი მიმართავდა: ასე მაგალითად, მან ორჯერ - ჯერ თავისი საზოგადო მსახურების დასაწყისში, შემდეგ კი მეორედ - მის დასასრულს, თავისი ჯვარცმის წინ, ტაძრიდან მოვაჭრეები ძალით გამოდევნა.



ფრესკა: მოვაჭრეთა განდევნა ტაძრიდან


საკმაოდ ცოცხლად და ხატოვნად გადმოგვცემენ ამ მოვლენებს წმიდა მახარობლები. როდესაც უფალმა იესუ ქრისტემ ნახა "ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი", ვერ მოითმინა მოვაჭრეთა კადნიერება, რომლებიც, მღვდლებისა და თვით მღვდელმთავრის მონაწილეობით, დიდ სარგებელს ღებულობდნენ მტრედების გაყიდვისგან, "დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად" (იოანე 2:14-17). ხოლო იერუსალიმში თავისი საზეიმო შესვლის წინ, ის კვლავ "შევიდა ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი" (მათე 21:12-13. მარკ. 11:15-17; ლუკა 19:45-46).



ფრესკა: მოვაჭრეთა განდევნა ტაძრიდან



რა არის ეს?

რაოდენ შორსაა ეს მოჩვენებით-ქრისტიანული "სიყვარულისგან" და ყოვლისმომცველი "მიმტევებლობისგან", რომლებსაც ასე ქადაგებენ თანამედროვე ლიბერალი "ნეო-ქრისტიანები"! უფალზე უდიდეს კაცთმოყვარეებად ხომ არ მოაქვთ თავი და უცოდველი უფლის ასეთი სიტყვები და მოქმედებები ცოდვილ და დაუშვებელ, მისივე სწავლების საწინააღმდეგო ქმედებად ხომ არ მიაჩნიათ?! ხომ არ მიაკერებენ უფალს მათთვის ესოდენ საყვარელ გამოთქმებს: "ბნელი", "ფანატიკოსი", "ინკვიზიცია" და სხვა?

მაგრამ შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ ჩვენი უფალი, განკაცებული მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, რომელიც გარდამოხდა ზეცით, ჯვარს ეცვა ჩვენი ცხოვნებისთვის, გვასწავლა ღვთაებრივი ჭეშმარიტება, სიცოცხლე და მისი მცნებებისაებრ ცხოვრება, თუნდაც რაიმეში დაუპირისპირდებოდა საკუთარ თავს და თავისივე სწავლების საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა?

მისდევდნენ რა თვით უფლის მაგალითს, მისი წმიდა მოწაფეები და მოციქულებიც არ უშინდებოდნენ მძიმე ვითარებებს და საჭიროების შემთხვევაში ამხელდნენ ადამიანებს, რომლებიც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ იმ სახარებისეულ ჭეშმარიტებას, რომელსაც მოციქულები ქადაგებდნენ, და ზოგჯერ ყველაზე რადიკალურ ზომებსაც კი მიმართავდნენ ბოროტების შესაკავებლად და აღსაკვეთად.

კარგად უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობისთვის სრულიად უცხოა ტოლსტოისეული ბოროტსწავლება "ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობის" შესახებ: ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი - ბოროტებისადმი შეურიგებელია, სადაც გინდ იყოს და ვისგანაც გინდ მოდიოდეს ეს ბოროტება.

შემდგომ, ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში უფლისა და მისი წმიდა მოციქულების მაგალითს ბაძავდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ყოველთვის გმობდნენ ბოროტებას და ებრძოდნენ მას, თუნდაც ეს ათასგვარი ჭირვებისა და სიცოცხლის ფასადაც დაჯდომოდათ. ასე ებრძოდნენ წარმართობისა და კერპთაყვანისმცემლობის ბნელ ბოროტებას წმიდა მოწამენი, რომლებიც არა მარტო პასიურად კვდებოდნენ ქრისტეს სახელისთვის, არამედ საკმაოდ ენერგიულად და ზოგჯერ მძაფრი სიტყვებითა და გამონათქვამებით, ხშირად კი გაბედულადაც მოქმედებდნენ კერპთაყვანისმცემლური საცთურისა და უკეთურების სამხილებლად.



ფრესკა: წმ. პირველმოწამე სტეფანეს ჩაქოლვა იუდეველთა მიერ


გადამჭრელად და უკომპრომისოდ ებრძოდნენ ცრუმოძღვრებსა და ერეტიკოსებს ეკლესიის წმიდა მამები, რომლებიც "სხვაგვარადმორწმუნეებად" როდი მიიჩნევდნენ მწვალებელთ, დღეს რომ ჩვევიათ მათი ხმობა ცრუქრისტიანთ, და ამბობენ, თურმე "გამგებნი" და "შემწყნარებლურნი" უნდა ვიყოთ მათდა მიმართ, არამედ პირიქით, წმიდა წერილის თანხმიერად, განიხილავდნენ მათ ვითარც "მძვინვარე მგლებს, რომლებიც არ ინდობენ ფარას", მძაფრად გმობდნენ მათ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე, ყოველმხრივ აფრთხილებდნენ ქრისტეანთ შეხება არ ჰქონოდათ მათთან და გადასცემდნენ ანათემას.

რა არის ეს? ცოდვილი განკითხვა თუ სიყვარულის არქონა? არა! ეს გახლავთ სრულიად სჯულიერი გამოყენება ცხოვრებაში წმიდა მოციქულის სიტყვებისა: "რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?" (2 კორ. 6:14-15).

ჩვენი ღირსი მამები და დედები - ქრისტეანი მოსაგრენი და მოღვაწენი უდაბნოში განმარტოვებით უარყოფდნენ ბოროტებაში მდებარე ამ წუთისოფელს. დღეს კი, როდესაც ესოდენ მოძალებულია ცინიკური და დაუფარავი უღმრთოება, ჩვენ, ქრისტე მაცხოვრისა და მისი წმიდა ეკლესიის ერთგულ ქრისტიანთ, თურმე უფლება არ გვქონია გადაჭრით დავგმოთ უღმრთოები და მკრეხელები, მძვინვარე ღმრთისმგმობნი, რომლებიც მთელს მსოფლიოში ცდილობენ ქრისტეს სარწმუნოების ამოძირკვას და მისი წმიდა ეკლესიის უარყოფას.

არ შეგვიძლია არ გავკიცხოთ ყველა ის ადამიანი, ვინც თანამშრომლობს მათთან, მხარს უჭერს მათი ძალაუფლების გამყარებას და თავიანთი ჯოჯოხეთური ზრახვების განხორციელებაში ეხმარება.

ჩვენ ვგმობთ მომავალი ანტიქრისტეს მსახურთ და თვით ანტიქრისტეს. ნუთუ ეს ცოდვილი განკითხვაა, როგორც თანამედროვე ჭკუისკოლოფნი, უჩვეულო "ზესიყვარულითა" და ყოვლისმომცველი "ყოვლისმიმტევებლობით" მოცული ნეო-ქრისტიანები ცდილობენ ამაში ჩვენს დარწმუნებას?

დაე შეწყვიტონ უფლისა და მისი წმიდა სახარების გმობა! დაე ნუ მიაწერენ საკუთარ თავს, თავიანთ ფარისევლურ სიამაყეს და თავდაჯერებულობას იმაზე მეტ სიყვარულს, რაც თვით განკაცებულ სიყვარულს - ჩვენს უფალსა და მაცხოვარს ჰქონდა!

ხოლო თუ როგორ უნდა გავიგოთ სწორად უფლის ნათქვამი: "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მათე 7:1) - ბრწყინვალედ განმარტავს ეკლესიის უდიდესი მამა წმ. იოანე ოქროპირი: "მაცხოვარი ყველა ცოდვის განუკითხაობას არ ბრძანებს, და ყველას, გამონაკლისის გარეშე, არ უკრძალავს ამის გაკეთებას, არამედ მხოლოდ იამთ, ვინც თავად არიან აღვსილნი ურიცხვი ცოდვებით და, იმავდროულად, სხვებს განიკითხავენ რაიმე ნაკლებმნიშვნელოვანი საქციელის გამო. ქრისტე აქ იუდეველებზე მიუთითებს, რომლებიც უმნიშვნელო გადაცდომის გამო კი არ ერიდებოდნენ მოყვასთა ბოროტმხილებას, თვითონ უსინდისოდ სჩადიოდნენ დიდ ცოდვებს".

შედეგად, იკრძალება არა მოყვასის საქციელის გაკიცხვა და არა თავისთავად მისი ბოროტი საქმეების დაგმობა, არამედ სულის ბოროტი აღძვრა მოყვასის მიმართ იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც თვითონაც ასე სცოდავს და მეტადაც, ხოლო საკუთარ გამოსწორებაზე იოტისოდენადაც არ ზრუნავს.

იკრძალება არა ობიექტური "განსჯა" მოყვასისა, არა მიუკერძოებელი გაკიცხვა მისი არასწორი საქციელისა, არამედ ბოროტი განკითხვა, ბოროტმეტყველება, რომელიც, როგორც ეს ხშირად ხდება, მომდინარეობს თავმოყვარეობრივი და უწმინდური განზრახვებისგან - სიამაყისა და ამპარტავნებისგან, შურისა და ბოღმისგან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იკრძალება ყოველგვარი ბოღმა და ბოროტი სიხარული შემცოდე მოყვასის მიმართ და არა სამართლიანი, გულწრფელი, პრინციპული, ვნებისგან თავისუფალი შეფასება მოყვასის ქცევისა და საქმეებისა, რომელიც არა თუ სახარების საწინააღმდეგო არ არის და შეუძლებელია ექვემდებარებოდეს გმობას, არამედ პირიქით - აუცილებელიც კია, რათა ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, გულგრილნი არ გავხდეთ სიკეთისა და ბოროტების მიმართ, და შედეგად, ბოროტებამ არ იზეოს ამ სამყაროში.

ამიტომაც, უდიდეს დანაშაულს ჩადიან ის თანამედროვე სასულიერო მწყემსები, უფრო სწორედ ცრუ-მწყემსები, რომლებიც, მოჩვენებითი ქრისტიანული "სიყვარულისა" და "ყოვლისმიმტევებლობის" მომიზეზებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თავიანთ სამწყსოს ტოლსტოისეულად "ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობას" ასწავლიან. როგორი საშინელი, ბნელი და პირქუში მზაკვარებაა ამგვარი ქცევა! როგორი ფარისევლური პირმოთნეობა და თვალთმაქცობაა!

"საერთოდ არავინ, არაფრისთვის არ უნდა განვიკითხოთ" - ასეთი განწყობა, თანამედროვე ქრისტიანულ საზოგადოებაში, მხოლოდ მომავალი ანტიქრისტეს მსახურებს აწყობთ, და ისიც იმისთვის, რომ ადვილად და დაუბრკოლებლად იმოქმედონ, მსოფლიოში მოამზადონ ვითარება, რომელიც ხელსაყრელი იქნება მათი მბრძანებლის გასაბატონებლად.

ნუთუ ჩვენს დროში ყოველ პატიოსან და შეგნებულ ქრისტიანს ჯერაც არ უნდა ესმოდეს, რომ უსიტყვო "ყოვლისმიმტევებლობა" მხოლოდ ქრისტეს მტერს - ანტიქრისტეს სჭირდება, რათა ადამიანებმა საბოლოოდ დაკარგონ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, შეურიგდნენ ბოროტებას, სიხარულით მიიღონ იგი, და შემდეგ - თვით ანტიქრისტეც ისე შეიწყნარონ, რომ სულაც არ იფიქრონ მის წინააღმდეგ გაბრძოლება?

გადაჭრით ვებრძვით რა საკუთარ სულში ყოველგვარ უმცირეს გამოვლინებას ცოდვისა და ბოროტებისა, ნუ შეგვეშინდება იმავე ბოროტების მხილება ყველგან, სადაც გინდ ავლენდეს თავს თანამედროვე ცხოვრებაში - და ეს უნდა ვქნათ არა სიამაყით და თავმოყვარეობით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებისადმი სიყვარულითა და ერთგულებით.

ამ მზაკვარ დროებასა და უსირცხვილობის ეპოქაში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა - დავიცვათ სახარებისეული ჭეშმარიტებისა და ჩვენი ცხოვნების მეთაურის - მესამე დღეს საფლავიდან მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე-მაცხოვრისადმი ერთგულება, რომელმაც თავისი სიკვდილით სიკვდილსა და ჯოჯოხეთს სძლია.

ნუვინ იფიქრებს, თითქოსდა ვამბობდე, რომ ყოველგვარი მშვიდობა სიკეთეა. რადგან ვიცი, არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და წარმწყმედელი თანამოაზრეობაც. არამედ უნდა გვქონდეს კეთილი მშვიდობა, რომელსაც კეთილი მიზანი გააჩნია და რომელიც მიგვაახლებს ღმერთთან.




წყარო: http://www.pravmir.ru/otpushhenie-grexov-i-mnimaya-xristianskaya-lyubov-i-vseproshhenie/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню