Перейти к контенту

განმარტებანი - ემაუსის გზაზე: რა ვქნათ, როდესაც ღვთის რწმენას ვკარგავთ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
ემაუსის გზაზე,
ანუ რა ვქნათ, როდესაც ღვთის რწმენას ვკარგავთ
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პასექი.
სახარებისეული ეპიზოდი ემაუსში ორი მოციქულის მოგზაურობის შესახებ (ლკ. 24:13-35) — ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი თხრობაა იმისა, თუ რით იწყება და როგორ გადაილახება რწმენის კრიზისი.


ჩვენ ვხედავთ მოციქულ კლეოპასა და მის უსახელო თანამგზავრს (საეკლესიო გადმოცემა მას მოციქულ ლუკას უკავშირებს) იერუსალიმიდან ემაუსისკენ მიმავალ გზაზე, საითკენაც ისინი მათი მოძღვრის ჯვარცმის შემდეგ მალევე გაემართნენ. ორივე მოციქული იმედგაცრუებულია. მათი რწმენა დამარცხდა. რატომ? პასუხი იმალება იმ სიტყვებში, რომელსაც მგზავრები იესუს დაპატიმრებისა და სიკვდილის ისტორიის მოყოლისას წარმოთქვამენ: "...ჩვენ ვიმედოვნებდით..." (ლკ. 24:21). იმედი არ გამართლდა.
 
სამყაროს ხატი, რომელშიც მათი მესია ამხობს რომაელთა ხელისუფლებას, ათავისუფლებს ისრაელს და აღადგენს მის ყოფილ ძლიერებას, დაიმსხვრა. ამის ნაცვლად მათ იხილეს მარცხი, ჯვარცმა და სიკვდილი. სწორედ მოლოდინსა და რეალობას შორის არსებული შეუსაბამობის გამო განიცდის კრიზისს მათი რწმენა.
 
ეს მომენტი ხშირად გაუაზრებელი რჩება, მაგრამ ის ძალზედ მნიშვნელოვანია. არცთუ იშვიათად ადამიანს ჰგონია, რომ მისი რწმენა რაიმე მოვლენის გამო შეირყა. მაგალითად, შეიტყო სამღვდელოების ცხოვრების უკადრისი მხარეების შესახებ და ამ მიზეზით დატოვა ეკლესია. სინამდვილეში კი ამ ამბავმა მხოლოდ ბიძგი მისცა მის წასვლას.
 
ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი მიზეზი ის იყო, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა მომხდარის მოქცევა ადრინდელ პარადიგმაში, სადაც მღვდელმსახურები აპრიორულად წმიდა ადამიანები არიან. ხოლო თუ ისინი წმიდანი არ არიან, მაშინ რა ეკლესიაა ეს და რა ღმერთია, რომელიც ამას ითმენს? რწმენის კრიზისი იქ აღმოცენდება, სადაც ინგრევა მომხდარის ჩვეული ინტერპრეტაცია. თანაც, უმეტესად, ეს ინტერპრეტაცია ემყარება არა რეალობას, არამედ თავად ადამიანის წარმოსახვას, რომელიც არანაირად არ ეხება რეალობას. მესიის ხატი, რომელიც მოციქულთა გონებაში ცოცხლობდა, მათივე მოგონილი იყო. მას არაფერი ჰქონდა საერთო ჭეშმარიტ ქრისტესთან და სრულ წინააღმდეგობაში იყო მაცხოვრის შესახებ წინასწარმეტყველებებთან.
 
თუმცა, მოციქულები, არ იკეტებიან საკუთარ წარმოდგენებში. გზაში ისინი "ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო..." და მსჯელობდნენ (ლკ. 24:14, 15). რაღაა ეს, თუ არა მცდელობა, გაერკვნენ, გაიაზრონ მომხდარი და, შესაძლოა, ამის შედეგად, ყოველივე ეს სხვა პერსპექტივიდან დაინახონ? მგზავრები არ მალავენ თავიანთ შეცბუნებას. სწორედ ამ მომენტში უერთდებათ მათ ქრისტე, მაგრამ ისინი... ვერ იცნობენ მას.
 
ეს თხრობის ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი და საოცარი დეტალია. ღმერთი მათ გვერდით იმყოფება, ესაუბრება მათ, მაგრამ შეუცნობელი რჩება. ის უაღრესად ზუსტად აღწერს რწმენის კრიზისის მდგომარეობას: ღმერთი არ ქრება და არ შორდება ადამიანს, უბრალოდ ადამიანი კარგავს მისი დანახვის უნარს. ის აგრძელებს ცხოვრებას, საუბარს, აზროვნებას, მაგრამ ვერ ამჩნევს მას, ვინც კვლავაც მის გვერდით იმყოფება.
 
ქრისტე ამხელს მოციქულთა სიმცდარეს და იწყებს წმიდა წერილის განმარტებას; მესიის შესახებ გაფანტულ წინასწარმეტყველებებს ის აქცევს ერთიან, ამჯერად უკვე ჭეშმარიტ და რეალურ სურათად, რომელიც ტექსტთა და ფაქტთა ზუსტ შესაბამისობას ემყარება. ეს პრინციპული მომენტია: აზრი ბრუნდება არა კრიზისის კატალიზატორად ქცეული მოვლენის უარყოფით, არამედ მისი ხელახალი გააზრებით. მოვლენა უცვლელი რჩება, მაგრამ იცვლება მისი აღქმა.
 
იმისთვის, უკეთ რომ გავიგოთ, თუ რა იგულისხმება, გავაგრძელოთ ზემოთ მოყვანილი ჰიპოთეტური მაგალითი ადამიანისა, რომელმაც სამღვდელოების უღირსი ქცევის გამო დატოვა ეკლესია, და გავიხსენოთ "დეკამერონის" (1) ერთ-ერთი პირველი ნოველა. მასში მოთხრობილია პარიზელი ებრაელი ვაჭრის, აბრაამის ამბავი. მისი მეგობარი ქრისტიანი, ჯიანოტო, დიდხანს არწმუნებდა მას, მიეღო ქრისტიანობა. საბოლოოდ, აბრაამმა უთხრა, რომ ჯერ რომში სურს გამგზავრება, რათა საკუთარი თვალით იხილოს პაპისა და სამღვდელოების ცხოვრება. რომში მან იხილა გარყვნილება, სიხარბე, სიმონია, ლოთობა და სრული ზნეობრივი გახრწნილება, მაგრამ დაბრუნებისას მოულოდნელად განაცხადა, რომ მზად არის მოინათლოს. ჯიანოტო გაოგნებული დარჩა: აბრაამმა ხომ სწორედ ის იხილა, რასაც ეკლესიისგან მისი განდგომა უნდა გამოეწვია.
 
________________
 
(1) "დეკამერონი" — ასი ნოველისგან შემდგარი კრებული, რომელიც ჯოვანი ბოკაჩომ დაახლოებით 1350-იან წლებში შექმნა. ის ადრეული რენესანსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.
 
________________
 
ხოლო აბრაამმა დაახლოებით ასე მიუგო: "თუკი ასეთი სამღვდელოების პირობებში ქრისტიანული სარწმუნოება არა თუ არ მოისპო, არამედ მთელს ქვეყანაზე გავრცელდა, ესე იგი, მას კაცობრივი ძალა კი არა, თავად ღმერთი განამტკიცებს". ამის შემდეგ მან ნათელ-იღო.
 
ჭეშმარიტი აზრის დაბრუნებას დრო და გულმოდგინე შინაგანი ღვაწლი მოითხოვს. ამასთანავე, ინტელექტუალური ძიება, თუკი მას საფუძვლად გაგებისა და გარკვევის გულწრფელი წადილი უდევს, აუცილებლად აღძრავს სულიერი გარდაქმნისა და შეცნობის პროცესს. მოგვიანებით მოწაფენი იტყვიან: "განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?" (ლკ. 24:32).
 
მათი მცდელობა, გაეგოთ და ხელახლა გაეაზრებინათ მომხდარი, რასაც თან ახლდა შინაგანი სულიერი გამოხმაურება, საბოლოოდ შეცნობით სრულდება; ეს ხდება იესუსთან ერთობლივი ტრაპეზის ჟამს, როდესაც უფალი პურს განტეხს.
 
მოციქულები შედიან გამოცდილების სივრცეში, რომელიც კონკრეტულ ქმედებას უკავშირდება. აქედან ცხადი ხდება, რომ ინტელექტუალური გააზრება და სულიერი მოძრაობა აუცილებლად მოითხოვს ღმერთთან თანაცხოვრების პრაქტიკას.
 
ფართოდ არის ცნობილი ერთი პოპულარული ქოუჩინგური ფორმულა: "თუ გსურს მდიდარი იყო, იფიქრე, იგრძენი და მოიქეცი ისე, როგორც მდიდარი მოიქცეოდა". მიუხედავად ამგვარი მიდგომის საკამათო ხასიათისა, გარკვეული პირობითობით მისი გამოყენება ჩვენს საკითხთან მიმართებითაც შეიძლება. რწმენის კრიზისის დაძლევა მოითხოვს ადამიანის სრულყოფილ ჩართულობას ამ პროცესში არა მხოლოდ ინტელექტუალურ და სულიერ, არამედ ფიზიკურ თუ ქცევით დონეზეც — ღვთისმსახურებაში მონაწილეობის, მარხვის, მოყვასის შეწევნისა და სხვა იმ პრაქტიკათა მეშვეობით, რომლებიც კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება.
 
თხრობა იმით სრულდება, რომ მოწაფეები, რომლებმაც იერუსალიმი დატოვეს, უკან ბრუნდებიან და მიემართებიან იქით, სადაც მათი რწმენა შეირყა. მოვლენა, რომელმაც კრიზისი გამოიწვია, არ ბათილდება. იცვლება დამოკიდებულება მის მიმართ, ხოლო ამას თანდათან მოჰყვება ცხოვრების გარდაქმნაც. რწმენის დაბრუნება ყოველთვის გზაა, პროცესია, რომელშიც ადამიანი მონაწილეობს თავისი ყოფის ყველა საფეხურზე — ინტელექტუალურზე, სულიერსა და ფიზიკურზე. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი დაიბრუნო ან პირველად შეიძინო უნარი, დაინახო ღმერთი, რომელიც ამავე გზაზე შენს გვერდით მოგზაურობს.
 
 
წყარო: foma.ru

მასალა თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому