განმარტებანი - ყოველდღიური საკითხავი: ეკლესიის მამათა პასუხები ერისკაცთა კითხვებზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ყოველდღიური საკითხავი: ეკლესიის მამათა პასუხები ერისკაცთა კითხვებზე
ეკლესიის მამები
ნაწილი I

(კითხვები 1-15)

1. რატომ არის სავალდებულო ნათლობა, ნუთუ საკმარისი არ არის უბრალოდ იყო კარგი ადამიანი და აკეთო კეთილი საქმეები?

შესაძლოა ვინმე კეთილი იყოს საქმეთა მიხედვით, მაგრამ თუ ჯერაც არ მიუღია ნათლისღების ბეჭედი, ვერ შევა ცათა სასუფეველში (წმ. კირილე იერუსალიმელი).

 
2. ხომ შეიძლება ვეცადოთ ცხოვრება მცნებების შესაბამისად, ანუ პატიოსნად და კეთილსინდისიერად, თუნდაც ღმრთისადმი რწმენის გარეშე.

სულს შეუძლია შეეწინააღმდეგოს ცოდვას, მაგრამ ღმრთის გარეშე მას ვერ დაამარცხებს და ბოროტებას ვერ ამოძირკვავს (ღირ. მაკარი დიდი).

 
3. მე მწამს უზენაესი გონების, რომელიც არ არის სავალდებულო ღმერთი იყოს, ვცდილობ ვიცხოვრო ზნეობრივი მცნებების შესაბამისად და ვიმედოვნებ, რომ სულს ქრისტეს გარეშეც გადავირჩენ.

გადარჩება მხოლოდ ის, ვისი თავიც არის ქრისტე, ხოლო ქრისტე თავად ჰყავს მხოლოდ იმას, ვინც მის სხეულშია, რომელიც არის ეკლესია (ნეტ. ავგუსტინე).

 
4. ყველა ცოდვას მიუტევებს ნათლისღება?

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებლად ცოდვათა... ("სარწმუნოების სიმბოლო" - პირველი მსოფლიო კრების მამათა ქმნილება).

 
5. ნათლისღების საიდუმლოში მე შემომთავაზეს უარმეყო სატანა, მაგრამ სატანასთან ხელშეკრულება არასოდეს გამიფორმებია, მაშ, რა უნდა უარვყო?

"განვეშორები სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა..." რომელ საქმეთ? - სიძვას, მრუშობას, უწმინდურებას, სიცრუეს, ქურდობას, შურს, მკითხაობას, ჯადოქრობას, გაღიზიანებას, მრისხანებას, ცილისწამებას, მტრობას, დავას, შურსა და ეჭვიანობას. განვეშორები ლოთობას, უქმადმოუბრობას, სიამაყეს და ამპარტავნებას. განვეშორები მკრეხელობას, დემონურ სიმღერებს, სულთა გამოძახებას... დროც კი არ გვეყოფა ყველა საქმის ჩამოსათვლელად. უარვყოფ და განვეშორები ყოველივე ცუდს, რაც ღმრთისთვის საძულველია (ღირ. ეფრემ ასურელი).

 
6. როგორ უნდა მოვიქცეთ უსიამოვნებათა შემთხვევაში?

როგორი ჭირიც გინდ შეხვდეს, ნურავის დაადანაშაულებ მასში საკუთარი თავის გარდა და თქვი: "ეს მე ჩემი ცოდვების გამო შემემთხვა" (ღირ. აბბა ორე).

დიდება ღმერთს ყველაფრისთვის! ეს სიტყვები სასიკვდილო დარტყმას აყენებს ეშმაკს და ყოველგვარ უბედურებაში მის წარმომთქმელს უდიდეს ძალას, გამხნევებას და ნუგეშს ანიჭებს. ნურასოდეს დაიზარებ მის წარმოთქმას (განსაკუთრებით განსაცდელის ჟამს) და სხვებსაც ასე ასწავლე (წმ. იოანე ოქროპირი).

 
7. როდესაც ადამიანი დაავადდება, რატომ ამბობენ, რომ ღმერთი ეწვია მას?

როდესაც ადამიანი ავად არის, მაშინ მისი სული ღმერთის ძიებას იწყებს. ამიტომაც შეგონება კარგია, თუკი შეგონებული ადამიანი ღმერთს მადლობს (ღირ. ეფრემ ასურელი).

 
8. რატომ ევლინება ადამიანს სნეულებები?

სნეულებები ცოდვათა აღსახოცად გვევლინება, ზოგჯერ კი იმისთვის, რათა დაითრგუნოს ჩვენი პატივმოყვარება და ამპარტავნება (ღირ. იოანე კიბისაღმწერელი).

მინახავს მძიმე ავადმყოფნი, რომლებიც სხეულებრივი უძლურებით, როგორც ერთგვარი ეპითიმიით, სულიერ ვნებათაგან იწმინდებოდნენ (ღირ. იოანე კიბისაღმწერელი).

 
9. ერთნი ამბობენ, რომ საჭიროა ექიმებთან მკურანლობა, სხვები კი - რადგან ყველაფერი ღმრთის ხელშია ექიმებთან მისვლა საჭირო არ არის.

როგორც არ არის მიზანშეწონილი საერთოდ უარი ვთქვათ სამკურნალო ხელოვნებაზე, ასევე მიუღებელია ჩვენი მთელი სასოება მას დავაფუძნოთ. არამედ, როგორც მიწის დამუშავებისას მიწათმოქმედების ხელოვნებით ვსარგებლობთ, მაგრამ ნაყოფს ღმრთისგან ვითხოვთ... ასევე, ექიმებთან მისვლისას... დაე ნუ დაგვტოვებს ჩვენ ღმრთის სასოება (წმ. ბასილი დიდი).

 
10. მუდმივად ვკითხულობ წმიდა მამათა თხზულებებს, მაგრამ ძალიან ძნელია მათი სათნოებების მიბაძვა.

ვინც სათნოებათა გაკვეთილებს იღებს, მაგრამ არ ასრულებს, წააგავს ადამიანს, რომელიც ხნავს და არ თესავს (წმ. ბასილი დიდი).

 
11. როგორც გინდ ვინდომო სათნოებებით ცხოვრება და ვიყო სათნო ადამიანი, მაინც არ გამომდის. რა უნდა ვქნა?

ადამიანები, ვისაც არ გააჩნიათ სიკეთისადმი ბუნებრივი განწყობა, უსასოობას არ უნდა მიეცნენ, ხელები არ უნდა ჩამოუშვან და ღვთითსათნო ცხოვრება, რაოდენ მიუწვდომელიც იყოს, არ მიატოვონ; არამედ უფრო მეტად უნდა მოინდომონ სათნოებებში წარმატება. რადგან, შეიძლება სათნოებათა მწვერვალებსა და სრულყოფილებას ვერ მიაღწიონ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრი და მზრუნველობა უკეთესობისკენ წაიყვანს, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში, უარესები მაინც არ გახდებიან - ეს კი მცირედი სიკეთე როდია სულისთვის (ღირ. ანტონი დიდი).

 
12. როგორ ვებრძოლო ბოღმას?

ვინმე თუ გაწყენინებს... ან რაღაცნაირად გულს გატკენს, მამათა დარიგებების თანახმად, ილოცე მასზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც უდიდესი სარგებლობა მოგიტანა. ილოცე მთელი გულით და თქვი: ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით! ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღვთისგან 'შეწევნას. სადაც ლმობიერება, სიყვარული და თავმდაბლობაა, იქ უძლურია გულისწყრომა და ღვარძლიანობა" (ღირ. ამბა დოროთე).
 
 
13. როგორ ვასწავლო საკუთარ თავს სხვათა განუკითხველობა?

საჭიროა ჯერ საკუთარი თავი განკურნო ნაკლოვანებებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრო სხვათა ნაკლოვანებებზე (წმ. ბასილი დიდი).

 
14. ამბობენ ცილისწამება არ შეიძლებაო, მაგრამ თუ ადამიანი მართლაც ცუდია, ნუთუ მასზეც არაფრის თქმა არ შეიძლება?

არის ორი შემთხვევა, როდესაც ვინმეზე ცუდის თქმა ნებადართულია, კერძოდ: როდესაც აუცილებელია რჩევის მიღება სხვებისგან, ვინც ამაში გამოცდილია და შეუძლიათ დაგვარიგონ, თუ როგორ გამოვასწოროთ შემცოდე; და კიდევ, როდესაც საჭირო ხდება სხვების გაფრთხილება, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მეგობრობენ კარგ ადამიანებთან, მაგრამ ცდებიან და შეიძლება ბოროტ ადამიანთაგან ივნონ. ასეთი შემთხვევისთვის წმიდა მოციქული გვიბრძანებს არ თანავეზიაროთ მათ (იხ. 2 თესალონიკ. 3:14). ვინც ამგვარი აუცილებლობების გარეშე რაიმეს იტყვის სხვაზე, თან იმ განზრახვით, რომ ჩირქი მოსცხოს მას, თუნდაც სიმართლეს ამბობდეს, ცილისმწამებელად ჩაითვლება (წმ. ბასილი დიდი).

ვინც ვნების გარეშე ლაპარაკობს ძმის შეცოდებაზე, ის ასე ორი მიზეზის გამო იქცევა: ან იმიტომ, რომ მისი გამოსწორება სურს, ან იმიტომ, რომ შეაგონოს სხვა. ხოლო თუკი ძმის შეცოდებაზე თვით ძმას ან სხვა ვინმეს ამგვარი კეთილშობილური მიზნის გარეშე ელაპარაკება, მაშინ ძმის შეურაცხყოფას ცდილობს და ღმრთისგან მიტოვებას ვერ აცდება, არამედ დაუყოვნებლივ თვითონ შთავარდება ცოდვაში, და სხვების სამხელი და შესარცხვენი შეიქნება (ღირ. მაქსიმე აღმსარებელი).

 
15. როგორ მოვიქცე, თუკი ვინმეზე ცუდს მიყვებიან?

არასოდეს შეიწყნარო მოყვასზე წარმოთქმული ცილისწამება, არამედ ასეთი სიტყვებით შეაჩერე ცილისმწამებელი: "შემეშვი ძმაო, მე ყოველდღიურად უფრო მეტს ვცოდავ, და სხვების ცოდვები როგორ განვიკითხო"? (წმ. იოანე ოქროპირი).

 
წყარო: azbyka.ru.
 
Назад к содержимому