Перейти к контенту

განმარტებანი - ფიქრობთ, რომ აღდგომამდე კიდევ ერთი წლის ლოდინი გიწევთ? აგიხსნით, რა გაკლდებათ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
ფიქრობთ, რომ აღდგომამდე კიდევ ერთი წლის ლოდინი გიწევთ?
აგიხსნით, რა გაკლდებათ
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პასექი.
აღდგომის დღესასწაულმა ჩაიარა. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებმაც. საზეიმო ღვთისმსახურებები აღესრულა, პასკები და შეღებილი კვერცხები შეიჭამა, სოციალურ ქსელებში სადღესასწაულო პოსტები ჩვეულებრივი, ყოველდღიური ჩანაწერებით შეიცვალა. თითქოს გუშინ იყო ყველაფერი ასე ნათელი, ცოცხალი და სხივმოფენილი. დღეს კი უკვე ჩვეულებრივი დღეა. ქუჩაში იგივე საცობები, სამსახურში იგივე ამოცანები, გონებაში იგივე შფოთიანი აზრები. თითქოსდა დღესასწაული ჩაქრა.
 
მაგრამ ქრისტეს აღდგომა ხომ მხოლოდ კალენდარული თარიღი არ არის. ის არც შეღებილი კვერცხებისა და ზარების ხმაა. ეს არის მოვლენა, რომელმაც სამყარო გადააბრუნა და ახალი ეპოქა გახსნა. განა შეიძლება წარსულში მისი ჩატოვება, მისი ხსენება და მისით სიხარული მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდეს? რა თქმა უნდა, არა. ვინაიდან აღდგომა სულის მდგომარეობაა.
 
გულის ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანი ნათლად გრძნობს აღმდგარი ქრისტეს თანაყოფნას, საუბარია სახარების ერთ ეპიზოდში. ვგულისხმობთ ემაუსისკენ მიმავალ გზაზე ქრისტეს შეხვედრას ორ მოციქულთან, რომელიც ლუკას სახარებაშია აღწერილი. კლეოპა, მოციქული სამოცდაათთაგან, და მისი თანამგზავრი, მიდიან და მომხდარზე მსჯელობენ, ამ დროს მათ გზაში უცნობი უერთდებათ. მოწაფეები მასში იესუს ვერ ცნობენ, თუმცა მისი აღდგომის ამბავი სულ ახლახან მოისმინეს მენელსაცხებლე დედებისგან. მაცხოვარი თავდაპირველად არ ეხსნება მათ და სთხოვს მოუყვნენ, რა მოხდა იერუსალიმში, რაზე საუბრობს ხალხი, და თანდათანობით წმიდა წერილზე დაყრდნობით ფანტავს მათ ეჭვებს თავისი მესიანობისა და აღდგომის შესახებ. ბოლოს, როდესაც სერობისას იესუ პურს გატეხს მათთან, თვალები აეხილებათ და ხვდებიან: ეს ის არის. ამ წამს იესუ უხილავი ხდება. და პირველი, რასაც ისინი ერთმანეთს ეუბნებიან: "განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?" (ლუკა 24:32).
 
ეს საკვანძო ფრაზაა. აღდგომა — ეს არის, როდესაც გული ანთებულია იმის შეგრძნებით, რომ აღმდგარი მაცხოვარი ახლოს არის, ჩემთანაა. მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ ეს გულანთებულობა, რომელიც მოციქულებსა და წმიდანებს ამოძრავებდათ, და რა ვქნათ, თუ გული არ გვენთება?
 
ლოცვის, ტაძარში სიარულისა და საიდუმლოებებში მონაწილეობის გარდა, ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე რთული — სააღდგომო სიხარულის ყოველდღიურ საგნებში დანახვაა. ნუ დაელოდები სააღდგომო ღამეს, რათა კვლავ იგრძნო ღმერთი სულში, არამედ შეამჩნიე მისი თანაყოფნა ყოველ დილით გაღვიძებისას, ცხელი ჩაის ჭიქაში, ფანჯრის რაფაზე მოხვედრილ მზის სხივში, ფანჯარაზე მოწყვეტით მობრახუნე წვიმის წვეთებში, იმაში, როგორ გაგიღიმა ვიღაც უცნობმა მეტროში. ქრისტე აღდგა არა იმისთვის, რათა ერთხელ გაეკვირვებინა ხალხი, არამედ იმისთვის, რათა მუდამ ჩვენს გვერდით ყოფილიყო — შეუმჩნევლად, მარტივად, შინაურულად, ნიავის ქროლვაში (3 მეფ. 19:12). არ არის შემთხვევითი მისი სიტყვები, რომელიც მან უთხრა მოციქულებს ამაღლების წინ: "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:20).
 
ჩვენი პირადი აღდგომაა ყოველი ის წამი, როდესაც უსულო არსებობის ნაცვლად ვირჩევთ აქტიურ, ქრისტიანულ ცხოვრებას; ვირჩევთ პატიებას ბრალდების ნაცვლად; იმედს შიშის ნაცვლად. აღდგომა — ეს არის, როდესაც თავს იკავებ, მაშინაც კი, როდესაც განრისხება შეგეძლო; როდესაც მოინახულებ ადამიანს, რომელსაც უჭირს და თანაუგრძნობ, მაშინ როდესაც სიამოვნებით შეგეძლო დაგესვენა; როდესაც, ნაცვლად იმისა, ღმერთს კიდევ ერთხელ სთხოვო რაიმე წარმავალი და უმნიშვნელო, მას მადლიერების ლოცვით მიმართავ.
 
საკუთარ თავზე მოპოვებული ყველა ეს მცირე გამარჯვება გვაახლოებს ღმერთთან, ამძაფრებს სულიერ მგრძნობელობას, საჭირო ტალღაზე განგვაწყობს და პირდაპირ კავშირს გვამყარებინებს მასთან. და არა უშავს, თუ გულში სადღესასწაულო ლიქნი არ აღმოჩნდება. აღდგომის სიხარული ყოველთვის ხმაურიანი როდია. ხანდახან ის უბრალოდ გულში განისვენებს და ათბობს მას. ის ჩვენში რჩება, თუ ვსწავლობთ მისგან ცხოვრებას და მოქმედებას — არა მხოლოდ ტაძარში, არამედ სახლში, სამსახურში, ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში. და მაშინ ეს წყნარი სიხარული აუცილებლად აალდება და თანდათანობით გადაიქცევა იმ ცეცხლად, რომელიც უვნებლად ენთო მრავალი თაობის ქრისტიანთა გულებში — კლეოპასა და მისი თანამგზავრით დაწყებული, ბოლო დღეთა წმიდანებით დამთავრებული.
 
აღდგომის შენარჩუნება — ეს ნიშნავს, მისცე მას საშუალება, ჩვენში ისუნთქოს. ეს ჰგავს გაზაფხულის სუნთქვას შუა აპრილში: ჯერ კიდევ გრილა, მაგრამ ჰაერი უკვე სხვაა. ნეტა შიგნითაც ასე იყოს — შეიძლება, არა ყოველთვის სადღესასწაულოდ, მაგრამ ყოველთვის ცოცხლად და სავსედ. ვინაიდან ქრისტე აღსდგა, ყოველივე ირგვლივ შეხსენებაა იმისა, რომ სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, და აქედან გამომდინარე, ყოველი ახალი დღე მცირე აღდგომაა. ამიტომ, თუ მოულოდნელად მოგეჩვენებათ, რომ დღესასწაულმა უკვე ჩაიარა, უბრალოდ გაიხსენეთ: ქრისტე აღსდგა. და ეს სამარადისოა.
 
 
წყარო: foma.ru

მასალა თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому