Перейти к контенту

განმარტებანი - ღორი თუ მარადისობა? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
ღორი თუ მარადისობა?
წმ. მღვდელმოწამე პიონიუს სმირნელი
ერთი ჩემი ნაცნობი მღვდელი მიყვებოდა, რომ თავისი საღვთისმსახურებო მოვალეობის აღსასრულებლად ხშირად უწევდა შორეულ სოფლებში მოგზაურობა. სავარაუდოდ, ვიღაც ხანდაზმულ ადამიანს სურდა აღსარების თქმა, ზიარება ან ზეთისცხება. ამ დროს, მასთან ყოველთვის სალაპარაკოდ მოდიოდა ერთი ადგილობრივი მამაკაცი. მღვდელი საკმაო დროს უთმობდა მას და უყურადღებოდ არასოდეს ტოვებდა, ესაუბრებოდა და არიგებდა. ეს საუბრები ბუნებრივად მთავრდებოდა იმით, რომ მღვდელი ამ მამაკაცს მოუწოდებდა ევლო ტაძარში, მონაწილეობა მიეღო სატაძრო მსახურებაში, ეთქვა აღსარება და მიეღო ზიარება.
 
მაგრამ ხსენებული მამაკაცი ყოველთვის საშინელ დაკავებულობას იმიზეზებდა, საქმე არასოდეს ელეოდა, ყოველთვის რაღაცით იყო დასაქმებული; მისი უმთავრესი არგუმენტი კი იყო ღორი, რომელსაც ის ზრდიდა, ზრუნავდა მასზე და აჭმევდა. არა ჯოგი ღორებისა, არა სიმრავლე ღორთა, არამედ სწორედაც რომ ერთადერთი, და სავარაუდოდ კარგად მოვლილი დიდი ღორი.
 
გარკვეული დროის შემდეგ მღვდელს ამ ადამიანის მეზობლებმა დაურეკეს და სთხოვეს სოფელში ჩასულიყო, რადგან ეს მამაკაცი მოულოდნელად გარდაცვლილა. თანაც, რადგან მიცვალებული მარტოხელა იყო, მისი სიკვდილი უცებ როდი გახმაურდა, რამოდენიმე დღე გარდაცვლილის გვამი სახლში იწვა. სიტუაციის სევდიანი ირონია იმაშია, რომ ამ დროისთვის ღორიც მომკვდარა, რომელიც სიცოცხლეში მისი პატრონის ზრუნვის უმთავრესი საგანი გახლდათ და ასევე უმთავრესი მიზეზი იყო მისი მომვლელის მოუცლელობისა, რის გამოც ღორის პატრონი ტაძარში ვერ დადიოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ადამიანისთვის ღორი იყო ეკლესიური ცხოვრების მთავარი დაბრკოლება, რომელიც ტაძარში მის მისვლას ხელს უშლიდა.
 
"და აი, როდესაც სოფელში ჩავედი, - იხსენებს ეს მღვდელი, - მიცვალებული გავაპატიოსნეთ, სხეული კუბოში ჩავაწვინეთ და დავმარხეთ. სასაფლაოდან უკან ვბრუნდები, ჩავუარე სანაგვეს და რას ვხედავ, იქ, ამ კაცის მიერ გადაგდებული სხვადასხვა ჯართისა და ძველმანების გვერდით მისი ნალოლიავები ღორიც აგდია... მაშინ გავიფიქრე: რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი?"
 
მოკლედ, ცხოვრობდა ერთი კაცი. თითქოსდა ღმერთი არ დავიწყნოდა, ხანდახან სარწმუნოებრივ საკითხებზეც ფიქრობდა, მაგრამ ტაძარში მისვლას, ლოცვას, აღსარებასა და ზიარების საიდუმლოში ქრისტესთან შეერთებას ღორზე ზრუნვის გამო აყოვნებდა. ის მასზე ზრუნდავდა, უწმენდდა საღორეს, უმზადებდა საჭმელს, შესაძლოა მომავალში მის გაყიდვას და გარკვეული მოგების მიღებასაც აპირებდა. მაგრამ აი, მოუწოდა მას უფალმა, და საქმე, რომელსაც მისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი ეკავა, უბრალოდ წარწყმდა.
 
ეს მარტივი, მაგრამ რეალური ისტორია უნებლიედ მოგვაგონებს ჩვენს ყოფით ცხოვრებას, რადგან თითქმის ყველა ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარ ცხოვრებაშიც იპოვოს (და თანაც არა ერთი!) ასეთი "ღორი".
 
რა თქმა უნდა, ყოფითი პრობლემები და საზრუნავები, ზრუნვა ახლობლებზე ჩვენი მიწიერი არსებობის აუცილებელი შემადგენელია. უსაქმურობა არასოდეს მიიჩნეოდა ქრისტიანობაში სათნოებად. მოციქული პავლე არაორაზროვნად ბრძანებს ამასთან დაკავშირებით: "ვისთვისაც უცხოა თავისიანთა და, მით უმეტეს, სახლეულთათვის ზრუნვა, რწმენის უარმყოფელია და ურწმუნოზედაც უარესი" (1 ტიმ. 5:8). მაგრამ აუცილებელია, და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნდა მივცეთ "ღმერთს ღმრთისა", თანაც, უპირველეს ყოვლისა ეს არა ღმერთს, არამედ თავად ჩვენ გვჭირდება.
 
ამიტომაც, თუკი რომელიმე საგანი (საზრუნავი) მთლიანად აღავსებს ჩვენს ყოფიერებას და დაბრკოლება ხდება ზეცისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებელია კარგად დაფიქრება როგორ გამოვასწოროთ ვითარება. როგორც ხალხში ამბობენ: "თუ რაიმეს კეთებას გადაწყვეტ, ათას შესაძლებლობას იპოვი, ხოლო თუ არ ისურვებ - ათას გამართლებას".
 
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თავს გავწირავთ იმგვარი ხვედრისთვის, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. თანაც ღორის ადგილზე შეიძლება აღმოჩნდნენ უფრო სერიოზული ცხოველები, საგნები და ადამიანებიც კი. ამ თვალსაზრისით თვალსაჩინოა კიდევ ერთი ისტორია. იყო ერთი კაცი, გულმოდგინე მშრომელი და ხელმარჯვე ოსტატი, ცხოვრობდა მონასტერში და მონასტრისთვისვე დაუღალავად შრომობდა, ბეჯითად იყო შედგომილი სამონასტრო მორჩილებას. მაგრამ ერთხელ ხილვაში მას უჩვენეს მისი ხელსაქმობის ნაყოფი - ყველაფერი ბინძურ ორმოში იყო ჩაყრილი. ამასთან მას ესმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხმა, რომელმაც უთხრა: "შენ ბერი ხარ, ჩვენ შენგან ველოდით მთავარს - სინანულსა და ლოცვას. შენ კი მხოლოდ ეს მოიტანე..."
 
"ძველ პატერიკში" აღწერილია პირველი საუკუნეების მონაზვნობისთვის დამახასიათებელი შემთხვევა:
 
"ამბა ორესა და ამბა თეოდორეს შესახებ ამბობდნენ: ერთხელ, როდესაც კელიას თიხით ლესავდნენ, ერთმანეთს უთხრეს: ახლა რომ უფალი გვეწვიოს, რას ვიზამთ? სულთქმით მიატოვეს თიხა და საკუთარ კელიებში განმარტოვდნენ" (ძველი პატერიკი. თავი მესამე. შემუსვრილების შესახებ. § 36. გამომც. ბოდბის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერი. 2005 წ. გვ. 24).
 
რა თქმა უნდა, ერისკაცები - მონაზვნები არ არიან. ქრისტიანები წუთისოფელში მრავალგვარი საზრუნავებით არიან დამძიმებულნი, შრომობენ, ზრუნავენ ოჯახსა და ახლობლებზე, საზოგადოებაც მათგან ითხოვს სხვადასხვა სახის საქმიანობას, რომელთა აღსრულებაც საჭიროა, მათ შორის ქრისტიანული მოვალეობის მიხედვითაც. და მაინც, ვფიქრობ, თუკი გულზე ხელს დავიდებთ, ყოველ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ ცხოვრებაში შეამჩნიოს მრავალი ისეთი ვითარება, როდესაც სატაძრო მსახურებაზე მიუსვლელობას, და საერთოდ, უყურადღებო დამოკიდებულებას ლოცვისადმი ათასგვარი საქმით ვამართლებთ, რომელთა შემცირება, გადადება და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გაუქმებაც კი სრულიად შესაძლებელია.
 
უდავოა, რომ ამ საკითხში აუცილებელი ბალანსის დასაცავად საჭიროა გონივრულობა და განსჯა.
 
მოგვანიჭოს ღმერთმა სიბრძნე, რათა ჩვენი მიწიერი საქმეები არ გადაიქცნენ იმ "ღორად", რომელიც გადაგვიკეტავს გზას ტაძრისკენ და მარადიული ცხოვრებისკენ.
 
 
სტატია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.

ზემოთ, ფოტოზე მხატვარ ჯორჯ მორლანდის (1763 -1804) ტილო.
Назад к содержимому