განმარტებანი - ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს! - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს!
ცოდვილები
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: სიტყვა "ცოდვილს" სხვადასხვა მნიშვნელობა გააჩნია. ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, ყველამ შევცოდეთ და ვცოდავთ. უცოდველი - მხოლოდ მაცხოვარი იესუ ქრისტეა. მეორე მხრივ ამ სიტყვით შეიძლება გამოვხატოთ ცხოვრებისეული პოზიცია, ცხოვრებისეული ვექტორი, - რაც მსურს იმას ვაკეთებ. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულიად მშვიდად სცოდავს და არც ცდილობს მასთან ბრძოლას. მოცემულ შემთხვევაში სიტყვა "ცოდვილს" გააჩნია ანტონიმი: "მართალი". ამ ცნებათა აღრევის გამო ხშირად გაუგებრობები ჩნდება. სტატიაში, რა თქმა უნდა, ლაპარაკია ცოდვილთა მეორე სახეობაზე. სწორედ ის ჰქონდა სახარებას მხედველობაში. არა მონანული ცოდვილები, არამედ ამაყი, ამპარტავანი ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ან უუნარონი არიან ცხოვრების მოცემულ მომენტში თაყვანი სცენ ღმერთს, ილოცონ გულწრფელად, მთელი სულითა და გულით... რომელთათვისაც მღვდელი ვინმე მოგვი ან შამანია, ხოლო სანთელ-საკმეველი ღმრთისთვის შეწირული ქრთამი... აი ამგვარ ცოდვილებზეა აქ ლაპარაკი.
"ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს;
 
არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს"
 
(იოანე 9:31).
 
დიახ, მართალი ხარ შენ, ყოფილო ბრმაო, ათასგზის მართალი ხარ, როდესაც ამბობ: "ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს" (იოანე 9:31)! არ უსმენს ის იმ მოუნანიებელ ჯიუტებს, რომლებსაც, არ სურთ მორჩილად ქედი მოიდრიკონ მის წინაშე, არამედ სურთ თვით უფალი მოდრიკონ თავიანთი სურვილების აღსასრულებლად. ბრძენი მშობელი არ ემორჩილება გაფუჭებული ბავშვის მანიპულაციებს, რაც გინდ ტკბილხმოვნად და მაცდურად სთხოვდეს იგი. სიბრძნის მომნიჭებელი ჩვენი ზეციური მამა კი მითუმეტეს - ამგვარ ვედრებას არ შეისმენს.
 
არ უსმენს ღმერთი ცოდვილებს კიდევ იმიტომ, რომ ისინი, როგორც ჩანს, მთლად უფალს როდი მიმართავენ, ან კიდევ მას საერთოდ არ მიმართავენ. "რომელთა ღმერთ მუცელი არს" (ფილიპ. 3:19), ან მამონა, ან კიდევ სხვა რაღაც. ეს რაღაც მათი ცხოვრების ცენტრში მდებარეობას. მათ გააღმერთეს თავიანთი კერპი, რის შედეგადაც ჭეშმარიტი ღმერთი მათთვის კერპივით გახდა, რომელიც მხოლოდ იმისთვისღა თუ ვარგა, რომ საჭიროების შემთხვევაში რელიგიური მომსახურეობები გაუწიოს: დაეხმაროს გამოჯანმრთელებაში, წარმატებებში, შვილთა დაბადებაში და სხვა. მაშ, რატომ უნდა შეისმინოს ღმერთმა ის თხოვნები, რომლებიც, არსებითად, მიმართულია არა მისადმი, არამედ წარმოუდგენლად ქვენა რანგის მითიური არსებისკენ?
 
არ უსმენს ღმერთი ცოდვილებს, რომლებიც დაბეჯითებით ითხოვენ, რომ მან ისმინოს, მაგრამ ამავდროულად თავს მაქსიმალურად იყრუებენ. მაშ, რატომ უნდა უსმინოს, თუკი პასუხი მათ ცნობიერებამდე ვერ მიაღწევს, თუკი ადამიანი ამ პასუხს არც ელოდება, თუკი დიალოგი უბრალოდ არც კი განიხილება? მეტიც, არავის არავითარი პასუხი არ სჭირდება! თხოვნების მდუმარედ შემსრულებელი ღმერთი უფრო მოხერხებული და პრაქტიკულია.
 
არ უსმენს ღმერთი ცოდვილებს კიდევ იმიტომ, რომ მათი ლოცვები ხშირად ამაო და ფუჭია, თხოვნები კი ანგარებითი: ისინი მიმართულია არა სიკეთისკენ, არამედ თავიანთ ვნებათა დაკმაყოფილებისკენ. განა ასე არ ბრძანებს იაკობ მოციქული: "ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ" (იაკობი 4:3)?! ითხოვენ ფულს, და მოწყალებას არ იზრახავენ. ითხოვენ შვილებს, და მათ რწმენასა და ღვთისმოსაობაში აღზრდაზე არ ზრუნავენ.
 
არ უსმენს ღმერთი ცოდვილბეს, რადგან მათ არ უწყიან, რა სურთ. მათი სურვილები არაშორსმჭვრეტელურია და შედეგად, თუკი რეალობაში მართლა განხორციელდება, ზიანს უფრო მოიტანენ ვიდრე სარგებელს. ოღონდ მათ ეს ჯერ არ იციან და ჯიუტად ითხოვენ, ითხოვენ, ითხოვენ...
 
რა თქმა უნდა, ნორმალური მამა შვილებს გველს როდი მისცემს, მათ ხომ თევზი სურთ (შეად.: ლუკა 11:11-13). მაგრამ, თუკი ისინი ჯიუტად გველს მოითხოვენ?
 
არ მოუსმენს ღმერთი ცოდვილებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ესმის მათი! ესმის, მაგრამ განა შეისმენს ექიმი ავადმყოფის ციებ-ცხელებიან ბოდვას? არა, არ შეისმენს! და არც უნდა შეისმინოს, რადგან ასეთ მან მხოლოდ უნდა უმკურნალოს! ციებ-ცხელება გადაივლის, აზროვნება დალაგდება და გონიერება გამონათდება. აი მაშინ შესაძლებელი იქნება მოსმენაც, რადგან "თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა" (ფსალმ. 33:16).
 
მანამ კი ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს, მაგრამ არც ზურგს აქცევს მათ...
 
კვლავ და კვლავ მართალი ხარ შენ, ბრმაო, რადგან ღმერთი მონანულ ცოდვილებსაც კი არ უსმენს! ღმერთი კი არ მიაყურადებს მათ მორიდებულ ხმას: "მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას" (ლუკა 15:21), არამედ - ჩაიხუტებს, კოცნის, ახალ სამოსში შემოსავს, სახლში შეიყვანს და ნადიმს გაუმართავს, რადგან დაკარგული შვილი "საღ-სალამათი დაუბრუნდა" (ლუკა 15:17-27).

წყარო: https://pravoslavie.ru/79341.html
Назад к содержимому