Перейти к контенту

განმარტებანი - განმარტება უფლის სიტყვებისა: "იმას კი, ვინც არ იღვწის, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება" (რომ. 4:5) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
განმარტება უფლის სიტყვებისა:
"იმას კი, ვინც არ იღვწის, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს,
სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება"
(რომ. 4:5)
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. პასექი.
ნეტარი ავგუსტინე იპონელი:
 
ღმერთი ამართლებს უღმერთოს, ანუ უღმერთო ადამიანს მართლად ჰყოფს, რათა იმყოფებოდეს იგი ღვთისმოსაობასა და სიმართლეში... და არ იფიქროს, რომ მისთვის ცოდვა ნებადართულია (Августин Иппонский, Некоторые темы из Послания к Римлянам. Сl. 0280, 16.10.1).
 
 
მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი:
 
მეოთხე თავში მოციქული მოიხსენიებს ძველი აღთქმის მართალთ, აბრაამსა და დავითს, და მათ მაგალითზე ცხადყოფს, რომ ადამიანს ღვთის წინაშე რჯულის განწესებათა მხოლოდ ფორმალური შესრულება ვერ გაამართლებს, არამედ რწმენა ღვთის ყოვლისშემძლე მადლისა, რომელიც ღვთის მოწყალებით ებოძება ადამიანს: "ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ" (რომ. 4:3).
 
 
ამბროსიასტერი:
 
ხოლო ვინც არ იღვწის — ანუ ვინც დაქვემდებარებულია ცოდვისადმი და არ აღასრულებს რჯულის განწესებებს. ხოლო მას, ვისაც სწამს მისი, ვინც ამართლებს უღმერთოს, რწმენა სიმართლედ ჩაეთვლება. პავლე ამას იმიტომ ამბობს, რომ რჯულის საქმეთა გარეშე, ქრისტეს მორწმუნე უღმერთოს, ანუ წარმართს, რწმენა სიმართლედ ჩაეთვლება, ისევე როგორც აბრაამს. როგორღა ჰგონიათ იუდეველებს, თითქოს რჯულის საქმეებით გამართლდებიან აბრაამისებრი გამართლებით, მაშინ, როდესაც ნათლად აჩვენეს, რომ აბრაამი რჯულის საქმეებით კი არ გამართლებულა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ რწმენით? ამიტომ რჯულის საჭიროება აღარ არის, როდესაც უღმერთო ღვთის წინაშე მხოლოდ რწმენით მართლდება (Амвросиаст, Комментарий на Послание к Римлянам. CSEL 81:131).
 
 
მღვდელი დანიელ სისოევი:
 
გვეძლევა სრულიად ახალი გამოსავალი. ჩვენ ვერ დავიმსახურებდით წყალობას, მაგრამ ყოველგვარი დამსახურებისგან დამოუკიდებლად, რწმენა სიმართლედ გვეთვლება. ღმერთი ამართლებს უღმერთოს. უღმერთონი ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ, მათ შორის აბრაამიც, "ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესუში გამოსყიდვით" (რომ. 3:23-24). რადგან აბრაამიც ხომ ოდესღაც ეშმაკთ სწირავდა მსხვერპლს. მასაც სჭირდებოდა ცხონება. თავის დროს მას სხვა ღვთაებებისა სწამდა და კერპთაყვანისმცემელი იყო. აბრაამი — მონანული კერპთაყვანისმცემელია.
 
სიტყვებში: "ვინც არ იღვწის" იგულისხმება ადამიანი, რომელსაც არ დაუმსახურებია და არ გამოუმუშავებია ცხონება. საუბარია ადამიანის მიერ ცხონების დამსახურებაზე. ეს ჩვენი საყვარელი საქმიანობაა. ვფიქრობთ: "დავიმსახურე თუ არა ცხონება? რამდენი კეთილი საქმე მჭირდება, რათა ვცხონდე?" გსმენიათ მსგავსი საუბრები? სწორედ ამაზე წერს მოციქული პავლე. მომუშაკეს ერიცხება ვალი, მაგრამ წერილი ანუგეშებს მუშაკთ: "ვერ დაიმსახურებთ ცხონებას. ის არ მოიპოვება დამსახურებით. ის დაუმსახურებელი ჯილდოა.
 
საინტერესოდ განმარტავს ეპ. თეოფანე: "რწმენა ნიშნავს: ვინმეს რწმენით დაეყრდნო, ურყევი სასოებით მიენდო, ვიღაცისადმი რწმენის ძალით ისევე აღივსო უსაფრთხოების გრძნობით, როგორითაც აღსავსეა ის, ვინც დგას გრანიტის კლდეზე, მის გარშემო მღელვარე ტალღათა შორის. ამიტომ, მორწმუნე იქნება ის, ვინც ყოველივე სათანადოს აღასრულებს, მაგრამ ცხონებისა და გამართლების სასოებას არა საქმეებზე, არამედ ღვთის რწმენაზე აფუძნებს; სწამს, რომ ის, ვისაც იგი მთელი სულითა და გულით ემსახურება, თავისი სიკეთით არ დაუშვებს მის დაღუპვას, — იხსნის და გაამართლებს მას. — ხოლო მოქმედი (მოღვაწე), ამის საპირისპიროდ, ასე განისაზღვრება: ეს არის ის, ვისაც მართალია სწამს, რომ არსებობს ღმერთი, შემოქმედი, განმგებელი და მართლმსაჯული, რომელიც კეთილმნებებელია თავისი მსახურების მიმართ; მაგრამ ცხონებისა და გამართლების სასოების საყრდენი აქვს არა ღვთის სიკეთესა და ძალაში, რომელიც იხსნის და ამართლებს მის მსახურთ, არამედ იმ საქმეებში, რომელთა აღსრულებასაც ის ღვთის მსახურებაში ასწრებს. აქ მითითებულია მხოლოდ მორწმუნისა და მოღვაწის სულის მთავარი მახასიათებელი ნიშნები" (Святитель Феофан Затворник. Толкования Посланий апостола Павла. К Римлянам // Собрание сочинений в 31-м томе. Том 8. — М.: Правило веры, 2008).
 
გასაგებია თუ არა სხვაობა მორწმუნესა და მოღვაწეს შორის? შევეცდები სხვაგვარად ავხსნა. რით განსხვავდება ის, ვინც გამართლებას რწმენას აფუძნებს, იმისგან, ვინც გამართლებას საქმეებს აფუძნებს? მას, ვისაც საქმეებით გამართლების იმედი აქვს, სწამს ღვთისა. მან იცის, რომ არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა ქვეყანა, განაგებს მას და განიკითხავს. ის აღიარებს მის არსებობას, მაგრამ იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში გამართლდება კეთილ საქმეთა მეშვეობით. მან გამოიმუშავა კეთილ საქმეთა სიმრავლე, და ახლა ღმერთი ვალდებულია, ამისთვის გადაუხადოს მას საზღაური. ერთი ერთში. გარიგება. საქონელ-ფულადი ურთიერთობანი. ლოგიკა გასაგებია? მორწმუნე კი იმიტომ ცხონდება, რომ ამბობს: "მე ვიცი, რომ არსებობს ღმერთი შემოქმედი, განმგებელი და მაცხოვარი. იგი მე მიხსნის, და მე, რათა ვასიამოვნო მას, რათა იგი არ გავაცრუო, ვიქმ კეთილ საქმეებს. მაგრამ ჩემი ცხონება ჩემს კეთილ საქმეებს კი არ ეფუძნება, არამედ მის წყალობას". ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც ქრისტე მაცხოვარს ენდობა, მშვიდად ცხოვრობს, ხოლო ის, ვინც საკუთარ საქმეებს ენდობა, არასოდეს იქნება მშვიდად. რამეთუ სად გაქვს გარანტია იმისა, რომ საკმარისი საქმეები აღასრულე?
 
როგორ ჩაეთვლება რწმენა სიმართლედ უღმერთოს? ეპ. თეოფანე დაყუდებული ამგვარად განმარტავს: "გვაუწყებს, რომ ეს მორწმუნე სწორედ მაშინვე შეწყვეტს უღმერთო ყოფნას, როცა ირწმუნებს. ვის გულისხმობს აქ მოციქული? იმას, ვინც უღმერთობდა, მაგრამ რწმენის მიღების შემდეგ განშორდა უღმერთოებას და ამიერიდან ღვთისმოსაობა განიზრახა. ასეთ მონანულს ღმერთი მოწყალე მამობრივი ჩახუტებით იტაცებს, როგორც ეს უძღები შვილის იგავშია აღწერილი; მისი რწმენის გამო ივიწყებს მის წინანდელ უღმერთობას და ამ რწმენას ყველა იმ მართალი საქმის ნაცვლად იღებს, რაც მას მთელი თავისი უღმერთობის განმავლობაში უნდა აღესრულებინა: ამ წუთას მხოლოდ რწმენა ანაცვლებს ყოველგვარ სიმართლეს. ამრიგად, რწმენა აღკვეთს წარსულის ყოველგვარ უღმერთობას და ფარავს მას, თითქოს არარსებულად აქცევს და ამით მოიპოვებს მის გამართლებას" (Святитель Феофан Затворник. Толкования Посланий апостола Павла. К Римлянам // Собрание сочинений в 31-м томе. Том 8. — М.: Правило веры, 2008).
 
ყოველ დილის ლოცვაზე სწორედ ამის შესახებ ვკითხულობთ: "რწმენა ჩემს საქმეთა წილ ჩამეთვალოს, ღმერთო ჩემო, რამეთუ ვერა ჰპოვო საქმე, რომელმან მაცხოვნოს მე. არამედ რწმენაი ჩემი კმა-მყოფელ იყოს ჩემდა ყოველთა წილ, მან მოგიგოს, მან გამამართლოს მე, მანმვე გამომაჩინოს მე მონაწილედ დიდებისა შენისა საუკუნოისა". ეს არ ნიშნავს, რომ შემიძლია ვცოდო, უწესოდ ვიცხოვრო და ვიფიქრო: "ღმერთი ისედაც გამამართლებს". ეს მცდარი დასკვნაა. ეს ნიშნავს, რომ ვცოდავდი და არაწესიერად ვცხოვრობდი, მაგრამ მოვექეცი რა ღვთისკენ, შევინანე და მივიღე მიტევება წარსულის მიუხედავად. მარტოდენ რწმენა ჩამეთვალა ყველა იმ საქმის ნაცვლად, რაც უწინ უნდა გამეკეთებინა. ამის მეშვეობით მივიღე ცხონება. უკვე მივიღე მონანიებასა და ნათლისღების საიდუმლოში" (Священник Даниил Сысоев. Толкование на Послание апостола Павла к Римлянам. В 4 частях. Часть 1. Причины неверия в Бога. — М.: Благотворительный фонд «Миссионерский центр имени иерея Даниила Сысоева», 2018. — С. 198-202).

 
ღირსი ეფრემ ასურელი:
 
მაგრამ, ამბობს, თუ თქვენი საქმეებით იკვეხნით, ჩვენ აბრაამს დავიმოწმებთ, რომელიც, ჩვენსავითვე, უძლური იყო და რწმენით გამართლდა. ისრაელის ერი და წარმართები თავიანთი რჯულის ერთგულნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ დამსახურებისამებრ იქნებოდა საზღაურიც. მაგრამ რაკი ყველამ შესცოდა და ამის გამო უძლურნი არიან აღდგენისთვის, ამჟამად უკვე მადლით მართლდებიან, ანუ: როდესაც, აბრაამის მსგავსად, სწამთ მისი, ვინც ცოდვილებს ამართლებს, — და ეს იმის გამოსაცხადებლად, რომ მადლით შეწყალება სურთ მათ, ვინც, უბედურებაში ჩავარდნილნი, სასოებას რჯულზე ამყარებენ.
 
 
პროფესორი ა. ვ. ივანოვი:
 
აქ "ვინც არ იღვწის" ეწოდება არა იმას, ვინც კეთილ საქმეებს არ აკეთებს, არამედ იმას, ვინც მათ არ ეყრდნობა და გამართლებას რწმენით ეძებს. ამ აზრით ის უღმერთოდაც იწოდება, ანუ ისეთად, რომელიც თავს უღმერთოდ მიიჩნევს ღვთის წინაშე თავისი წინანდელი, უღმერთოებაში გატარებული ცხოვრების გამო, ისევე როგორც მოციქული პავლე (1 ტიმ. 1:13-15).
 
 
წმიდა იოანე ოქროპირი:
 
მაშ გაიგე, რამდენად მნიშვნელოვანია დარწმუნდე და რწმენით განმტკიცდე იმაში, რომ ღმერთს უღმერთოებაში მცხოვრები შეუძლია უეცრად არა მხოლოდ სასჯელისაგან გაათავისუფლოს, არამედ მართლად ჰყოს და უკვდავი პატივები მიანიჭოს. მაგრამ ნუ იფიქრებ, თითქოსდა მორწმუნე მოღვაწეზე დაბლა იდგეს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ჩაეთვლება არა მადლისმიერ. უპირატესად მორწმუნეს სწორედ ის აქცევს დიდებულად, რომ ისარგებლა ასეთი მადლით და ასეთი რწმენა გამოავლინა. დააკვირდი, მორწმუნეს უფრო დიდი საზღაური ენიჭება, რამეთუ მოქმედს სასყიდელი მიეცემა, მას კი — სიმართლე; სიმართლე კი გაცილებით აღმატებულია სასყიდლზე, რამეთუ ის თავად არის საზღაური, რომელიც მოიცავს მრავალ ჯილდოს.
 
 
პროტოპრესვიტერი მიხეილ ხერასკოვი:

"მეოთხე განყოფილება. ის, რომ გამამართლებელი რწმენა არა თუ არ იწვევს რჯულის გაუქმებას, არამედ პირიქით, იყო და არის გამართლების მუდმივი და საყოველთაო გზა, — ამას ადასტურებს: ა) აბრაამის მაგალითი და დავითის მოწმობა, და ბ) ჩვენი გამართლებისა და ღვთის სიყვარულის ნაყოფთა სიდიადე, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს ცოდვილობას (რომ. 4:1-5:11).

ა) რომ. 4:1-25. "რას ამბობს წერილი (აბრაამზე)? "ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ"" (რომ. 4:3). "ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს" (რომ. 4:6). აბრაამის ისტორიაში უფრო ღრმად ჩახედული მოციქული სვამს კითხვას: "როდის შეერაცხა (რწმენა აბრაამს)? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს (რამეთუ ძის შობის შესახებ უწყება აბრაამმა მიიღო და ირწმუნა ჯერ კიდევ წინადაუცვეთელად ყოფნისას). და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა" (რომ. 4:10, 11). ამ მოვლენაში, ანუ წინადაცვეთის დაწესებაში აბრაამის მიერ გამოცხადებული რწმენისა და ღვთისგან მისთვის მიცემული აღთქმის შემდეგ, წმიდა მოციქული ხედავს ღვთის განსაკუთრებულ განზრახვას, რათა აბრაამში გამოავლინოს რწმენის საყოველთაო მაგალითი როგორც წინადაცვეთილთათვის, ისე წინადაუცვეთელთათვის, რათა იგი იყოს არა ხორციელი, არამედ სულიერი მამა ყველა მორწმუნისა, "რათა მათაც ჩაეთვალოთ სიმართლედ, ... რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა" (რომ. 4:11, 12) (Послания апостольские и Апокалипсис. Истолковательное обозрение, составленное протоиереем Михаилом Херасковым. Владимир-на-Клязьме, 1907).
 
 
მთავარეპისკოპოსი ნიკანორ კამენსკი:
 
"იმისთვის, რათა მკითხველი ქრისტიანული რწმენის დიდ მნიშვნელობაში დაარწმუნოს, მოციქული უამრავ არგუმენტს იყენებს, რათა მსმენელი იესუ ქრისტეს მტკიცე და სრულყოფილი რწმენისკენ მიიდრიკოს. ის მიუთითებს რწმენის მაგალითებზე (მე-4 თავში), რწმენის საგანძურზე (5:1-11) და ქრისტეს განგებულების არსებით მნიშვნელობაზე კაცობრიობის ისტორიაში (5:12-21).
 
პირველ სამ თავში მხოლოდ რწმენით გამართლების შესაძლებლობის შესახებ სწავლების გაშლისა და მე-3 თავის ბოლოს იმ საკითხის დასმის შემდეგ, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს სწავლება მოსეს რჯულში გადმოცემულ სწავლებასა და გარემოებებს, მოციქული პავლე მე-4 თავში ძველი აღთქმის მაგალითებითა და მოწმობებით ამტკიცებს იესუ ქრისტესადმი რწმენით, და არა რჯულის ღვაწლით გამართლების ჭეშმარიტებას. იუდეველები, თავიანთი მცდარი შეხედულებით, რჯულის საქმეებით გამართლებას განსაკუთრებით ცნობილ მართალთა, კერძოდ, თავიანთი მამამთავრისა და მამის, აბრაამის, მეფე დავითისა და მსგავსთა მაგალითებზე დაყრდნობით აპირებდნენ. მაგრამ მოციქული სწორედ იუდეველთა მიერ პატივდებულ ამ წმიდათა მაგალითებში აჩვენებს რწმენით გამართლების ქრისტიანული სწავლების სისწორეს.
 
იუდეველთა მამის, აბრაამის გამართლების შესახებ მათი მცდარი მოსაზრების დეტალურ უარყოფაში რომ არ შევიდეს, მოციქული მხოლოდ იმას ეკითხება მათ, თუ რა მიიღო აბრაამმა ხორცით, ანუ თავისი წარმოშობითა და საქმეებით? მაგრამ ამ კითხვაში პასუხიც იმალება, რამეთუ იუდეველთათვის ცნობილი იყო, რომ აბრაამმა მიატოვა თავისი მშობლიური ოჯახი, როცა იგი კერპთაყვანისმცემლობასთან იყო ახლოს, და დიდხანს იხეტიალა აღთქმულ ქვეყანაში ისეთი ღვთიური ნუგეშის გარეშე, რომლითაც იგი ყველა ადამიანის მამა გახდა.
 
ამრიგად, აბრაამმა ყოველივე დიდებული რწმენით დაიმსახურა, როგორც ამას მემატიანე მოსეც მოწმობს იმასთან დაკავშირებით, რომ აბრაამმა რწმენით მიიღო ღვთის აღთქმა მისგან ძის შობის შესახებ (დაბ. 15:6), მაშინ, როდესაც ღვთის მიმართ სასოების გამოვლენის გარდა, აბრაამს ჯერ არაფერი ისეთი აღესრულებინა, რითაც, ვალდებულებისამებრ, შესაძლებელი იქნებოდა მისი გამართლება. მაღალ შეფასებას აძლევდნენ რა ხილულ მხარეს, იუდეველებს, რა თქმა უნდა, აბრაამის საქმეებში ბევრი ისეთი რამის პოვნა შეეძლოთ, რაც მის სიწმიდეზე ცხადად იმეტყველებდა, მაგრამ გულთამხილავი ღვთის წინაშე აბრაამსაც კი არ შეეძლო თავისი საქმეებით გამართლება, რამეთუ ღმერთი არასახისმოყვარეა, და გარეგან, ხილულ საქმეთა გამო კი არ ამართლებს, არამედ სრული სისუფთავისა და უსრულყოფილესი სიწმიდის გამო, რომელიც აბრაამს არ გააჩნდა და ვერც ექნებოდა, რამეთუ როგორც თვით წერილი მოწმობს, მან გამართლება რწმენით მიიღო და არა საქმეებით" (Источник: Толковый Апостол. Часть 2. Объяснение первых семи посланий святаго апостола Павла. Сост. еп. Никанор. Изд.3-е. С-Пб.: 1904. - С. 37).
 
 
ორიგენე:

"ღვთისაგან გამართლების დასაწყისია რწმენა, რომელსაც სწამს გამამართლებელი. და ეს რწმენა, რომელიც გამართლებულია, როგორც ფესვი წვიმის შემდგომ, მტკიცდება სულის ნიადაგში, და როდესაც იგი ღვთის რჯულით დამუშავდება, მისგან აღმოცენდება ტოტები, რომლებიც გამოისხამენ ღვაწლის ნაყოფს. ამიტომ, ღვაწლისგან კი არ იზრდება სიმართლის ფესვი, არამედ ღვაწლის ნაყოფი აღმოცენდება — სიმართლის ფესვისაგან, ანუ იმ ფესვისაგან, რომლისთვისაც ღმერთი ანიჭებს გამართლებას ღვაწლის გარეშე" (Ориген, Комментарии на Послание к Римлянам. CER 2:174, 176; Часть 4.1).
 
 
ა. პ. ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია:
 
"ხუთწიგნეულში ნათქვამიდან გამომდინარე, მოციქულს მყისვე გამოაქვს დასკვნა. ღვთის მიერ აბრაამის რწმენის სიმართლედ შერაცხვა, ცხადია, ღვთიური მოწყალების საქმე იყო, რამეთუ, როგორც მე-3 მუხლის განმარტებაშია აღნიშნული, ღმერთი აბრაამში ჯერ კიდევ ვერ ხედავდა ჭეშმარიტ სიმართლეს — ის ძველ აღთქმაში არც არსებობდა.
 
პირიქით, აბრაამს რომ საკუთარი ღვაწლით მოეპოვებინა გამართლების უფლება, ღმერთი ვალდებული იქნებოდა გაემართლებინა იგი (ვალდებულებისამებრ). მაშინ, როდესაც ძველ აღთქმაში არსად არის საუბარი ისეთ ვალდებულებაზე, რომელიც ღმერთს მართალ ადამიანთა მიმართ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, მოციქული ასეთ ზოგად დასკვნას აკეთებს: სიმართლის მოპოვების ორი გზა არსებობს — საკუთარი ღვაწლი ან რწმენა.
 
ღვაწლისთვის საზღაური ვალდებულებისამებრ გაიცემა, რწმენისთვის კი — მოწყალებით, სრულყოფილი სიმართლის არსებობის გარეშე. ეს რწმენა უნდა ეფუძნებოდეს დაჯერებას, რომ ღმერთს ძალუძს მართლად ჰყოს ცოდვილიც (უღმერთოც), განწმიდოს იგი ცოდვის სიბილწისაგან, რომლისგანაც თავად ადამიანი ვერ განიწმიდება. ხოლო აქედან ნათელია, თუ რატომ შერაცხა უფალმა აბრაამის რწმენა სიმართლედ.
 
აბრაამმა, ცხადია, თავად არ დაიშურა ღვაწლი, რათა განწმედილიყო ცოდვათაგან, მაგრამ ვერ შეძლო ამის მიღწევა და ამიტომ რწმენით მოელოდა ამ განწმედას ღვთისაგან. ამრიგად, ის რწმენით უკვე წინასწარ ეზიარებოდა მომავალ გამართლებას, რომელიც ქრისტეს მიერ მიეცემოდა კაცობრიობას, და მას სიმართლედ შეერაცხა ეს მომავალი სიმართლე, რომელიც სინამდვილეში მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა".
 
 
ნეტარი თეოდორიტე კვირელი:
 
"ასე რომ, მამამთავარ აბრაამის მაგალითით დაამტკიცა რა, რომ რწმენა რჯულზე უძველესია, მოციქული კიდევ ერთ სანდო მოწმეს იშველიებს: წინასწარმეტყველსა და მეფე დავითს, რომელსაც ყოველთა ღმერთმა განუახლა აბრაამისათვის მიცემული აღთქმები. რამეთუ როგორც მამამთავარ აბრაამს აღუთქვა, რომ მისი თესლის მიერ იკურთხებოდა ყველა ერი (დაბ. 22:18), ასევე ღვთაებრივ დავითს მიმართა: "ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა, და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა" (ფსალმ. 88:36-38). და კიდევ: "და დავდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა - მარჯუენე მისი" (ფს. 88:26); და აგრეთვე: "და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას" (ფს. 71:11), და მსგავსი ამისა".
 
 
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული:
 
"სიტყვების შემდეგ: "ირწმუნა აბრაამმა ღმერთი, და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ" — პირდაპირ შეიძლებოდა ეთქვა ის, რაც ნათქვამია მე-10 მუხლში: როგორ ჩაეთვალა მას? მაგრამ რაკი ეს მისი სწავლების მთავარი საგანია, უფრო მეტხანს ჩერდება მასზე და სურს, რომ იგი ჩვენს გონებაში უფრო ღრმად ჩაბეჭდოს. ის თითქოსდა ამბობს: თავად განსაჯეთ, — რაკი ნათქვამია: ირწმუნა და ჩაეთვალა, — ესე იგი, მთელი ძალა რწმენაშია, და არა ღვაწლში. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ასე არ იქნებოდა ნათქვამი. მთელი ძალა ღვაწლში რომ ყოფილიყო, მაშინ ასე იტყოდნენ: ესა და ეს აღასრულა აბრაამმა, და არა: ირწმუნა. და შემდეგ არც ის იქნებოდა ნათქვამი: ჩაეთვალა, — ცხადია, მოწყალებით, არამედ: მიეგო, რასაკვირველია, სამართლიანობით. რამეთუ მოღვაწეს არ ჩაეთვლება მოწყალებით, არამედ მიეგება ვალდებულებისამებრ, — მას სამართლიანობით ეძლევა საზღაური, რომელიც დაიმსახურა. მოღვაწეს საზღაური არ ჩაეთვლება მადლით, ანუ იმაზე, რაც მას მიეგება, არ არის ნათქვამი, რომ ის მადლით ებოძა, არამედ ნათქვამია, რომ ეს მისი საზღაურია, და ის ეძლევა მას არა მადლით, არამედ ვალდებულებისამებრ, რამეთუ ამას მოითხოვს სამართლიანობა.
 
აბრაამზე ასე რომ არ არის ნათქვამი, ნიშნავს, რომ მის შემთხვევაში ყველაფერს ღვაწლი არ განსაზღვრავდა. ხოლო რაკიღა ნათქვამია: ირწმუნა, და ჩაეთვალა, — ესე იგი, აქ მთავარია რწმენა. თქმა იმისა: რწმენა სიმართლედ ჩაეთვლება — შეიძლება მხოლოდ იმის შესახებ, ვინც არ იღვწის, არამედ სწამს მისი, ვინც ამართლებს უღმერთოს. მაშასადამე, აქ მთელი ძალა რწმენაშია.
 
ამით სრულიად განისაზღვრება ამ ტექსტების აზრი; მაგრამ მათი სრულყოფილად შემეცნებისთვის უფრო ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს მოციქულთან "მოქმედი" ("მოღვაწე") და "მორწმუნე", — ღვაწლი და რწმენა.
 
რა არის ღვაწლი და რწმენა? მართალია, მოციქული მოღვაწეს უპირისპირებს იმას, ვინც არ იღვწის, და ვინც არ იღვწის, მორწმუნის ტოლფარდოვნად მიაჩნია; მაგრამ სიტყვის მთელი მსვლელობიდან ჩანს, რომ მასთან მორწმუნე არ ნიშნავს იმას, ვინც არაფერს იქმს, არამედ იმას, ვისაც არა მხოლოდ სწამს, არამედ ცხოვრობს რწმენის სულით. რამეთუ ქვემოთ (იხ. რომ. 4:11, 12), მას შემდეგ, რაც მიუთითა, რომ აბრაამი რწმენის გამო გახდა მამა როგორც წინადაუცვეთელთა, ისე წინადაცვეთილთა, დაურთავს განმარტებას, რომ ამ უკანასკნელში ის გულისხმობს არა მხოლოდ წინადაცვეთილთ, არამედ რწმენის კვალდაკვალ მიმავალთაც. რწმენის კვალდაკვალ სიარული კი ნიშნავს: ცხოვრებას რწმენის სულით.
 
მაშასადამე, რწმენა აღნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებას, არამედ უფრო მეტად ცხოვრების მახასიათებელს.
 
საპირისპიროდ, ახლა ღვაწლშიც უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ საქმეები, არამედ უფრო მეტად ღვაწლის მახასიათებელი, ღვაწლის სული, ანუ მოქმედი ცხოვრების სული. გამოდის, რომ მოციქული აქ ცხოვრების ერთ სულს უპირისპირებს მეორეს.
 
რა სულებია ესენი?
 
ისევ ავიღოთ სიტყვა: "მორწმუნე", — რა ნიშნებს მიაწერს მას აქ მოციქული? ის ამბობს: მორწმუნეს იმისი, ვინც ამართლებს, ἐπὶ τὸν δικαιοῦντα. რწმენა "ეპი"-თ ნიშნავს: ვიღაცას რწმენით დაეყრდნო, ურყევი სასოებით მიენდო ვინმეს, ვიღაცის რწმენის ძალით ისევე აღივსო უსაფრთხოების გრძნობით, როგორითაც აღსავსეა ის, ვინც დგას გრანიტის კლდეზე, მის გარშემო მღელვარე ტალღათა შორის. ამიტომ, მორწმუნე იქნება ის, ვინც ყოველივე სათანადოს იქმს, მაგრამ ცხონებისა და გამართლების სასოებას არა ღვაწლს, არამედ ღვთის რწმენას აფუძნებს; სწამს, რომ ის, ვისაც იგი მთელი სულითა და გულით ემსახურება, თავისი სიკეთით არ დაუშვებს მის დაღუპვას, — იხსნის და გაამართლებს მას.
 
ხოლო "მოღვაწე" განისაზღვრება ამის საპირისპიროდ: ეს არის ის, ვისაც მართალია სწამს, რომ არსებობს ღმერთი, შემოქმედი, განმგებელი და მართლმსაჯული, რომელიც კეთილმნებებელია მისი მსახურების მიმართ; მაგრამ ცხონებისა და გამართლების სასოების საყრდენი აქვს არა ღვთის სიკეთესა და ძალაში, რომელიც იხსნის და ამართლებს მის მსახურთ, არამედ იმ ღვაწლში, რომლის აღსრულებასაც ის ღვთისადმი მსახურებაში ასწრებს. აქ მითითებულია მხოლოდ "მორწმუნისა" და "მოღვაწის" სულთა მთავარი მახასიათებელი ნიშნები.
 
რწმენა პირველში არ არის ღვაწლის გარეშე, და ღვაწლი მეორეში არ არის რწმენის გარეშე; მათი განსხვავება იმაშია, თუ რას ეყრდნობიან ისინი ცხონებისადმი სასოებაში. რწმენა — რწმენას ეყრდნობა, ღვაწლის უგულებელყოფის გარეშე, ხოლო ღვაწლი — ღვაწლს ეყრდნობა, რწმენის მიტოვების გარეშე.
 
არსებითად ასეთნი არიან ისინი, მაგრამ გამოცდილებით სხვადასხვა ელფერით შეიძლება გამოვლინდნენ. ზოგიერთი მორწმუნე ისე შეიძლება გადაიხაროს რწმენის მხარეს, რომ სრულიად უგულებელყოს საქმეები; მაშინ დარჩება რწმენა საქმეთა გარეშე. ასევე, ზოგიერთი მოღვაწე ისე შეიძლება ჩაერთოს საქმეებში, რომ დაივიწყოს რწმენა და არად ჩააგდოს იგი; დარჩება საქმეები ღვთის რწმენის გარეშე. ეს არის უკიდურესობანი მორწმუნისა და მოღვაწის სულის გამოვლინებებში: რწმენა საქმეებითურთ და საქმეები რწმენითურთ ერთ მხარეს; რწმენა საქმეთა გარეშე და საქმეები რწმენის გარეშე — მეორე მხარეს. მათ შორის ორივე სული სხვადასხვა სახით ვლინდება, რაც დამოკიდებულია რწმენასთან საქმეებისა და საქმეებთან რწმენის შეზავების ხარისხზე.
 
ნორმალური სულია: რწმენა განუდრეკელ ღვაწლთან ერთად, რწმენაზე დაყრდნობით. ცხოვრების ყველა სხვა გამოვლინება გადახრაა ამ ნორმიდან და უარყოფილ უნდა იქნას. განუდრეკელი ღვაწლი რწმენითურთ, ღვაწლზე დაყრდნობით, ადვილი ექნებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ყოველივე სათანადოს აღსრულება. მაგრამ რაკი ეს შეუძლებელია, მთელი თავისი გარეგნული მიმზიდველობის მიუხედავად, ეს სული ჭეშმარიტებისთვის უცხოა და შემაცდენელ, დამღუპველ მაცდურებაში შემყვანებელია, რამეთუ შენობის მთავარი ნაწილის ქვეშ გახრწნილ საყრდენს აგებს.
 
ამრიგად, ნორმაა: რწმენა განუდრეკელ ღვაწლთან ერთად, რწმენაზე დაყრდნობით. ის, რომ აქ რწმენა არ არის მარტო, არამედ არის საქმეებითურთ, ანუ საქმეთა მიმართ მტკიცე განზრახვითურთ, ამას იუწყებიან სიტყვები: "ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება".
 
უღმერთოება მოიცავს ღვთისა და მისი ნების მიმართ სათანადო დამოკიდებულების ყოველგვარ დარღვევას, — მაშასადამე, ურწმუნოებასაც. ამიტომ უღმერთოება გამორიცხავს რწმენას. მაგრამ, პირიქითაც — რწმენა გამორიცხავს უღმერთოებას. მორწმუნე წყვეტს უღმერთოდ ყოფნას. ამრიგად, როდესაც წმიდა მოციქული საუბრობს მორწმუნეზე, რომელიც სწამს მისი, ვინც ამართლებს უღმერთოს, — არა სხვაზე, არამედ სწორედ ამ მორწმუნეზე, — გვაუწყებს, რომ ეს მორწმუნე სწორედ მაშინვე შეწყვეტს უღმერთოდ ყოფნას, რაჟამს ირწმუნებს.
 
ვის გულისხმობს აქ მოციქული? იმას, ვინც უღმერთობდა, მაგრამ რწმენის მიღების შემდეგ განშორდა უღმერთობას და განიზრახა, რომ ამიერიდან მუდამ ღვთისმოშიშებით იცხოვროს. ასეთ მონანულს ღმერთი მოწყალე მამობრივი სიყვარულით შეიწყნარებს, როგორც ეს უძღები შვილის იგავშია აღწერილი; მისი რწმენის გამო მოსიყვარულე მამა ივიწყებს მის წინანდელ უღმერთოებას და ამ რწმენას იღებს ყველა იმ მართალი საქმის ნაცვლად, რაც მას უღმერთოების მთელ პერიოდში უნდა აღესრულებინა: ამ წუთას მხოლოდ რწმენა ჩაენაცვლება ყოველგვარ სიმართლეს.
 
ამრიგად, რწმენა აღკვეთს ყოველგვარ წარსულ უღმერთობას და ფარავს მას, თითქოსდა არარსებულად აქცევს და ამით მოიპოვებს გამართლებას. მაგრამ თუ ის აღკვეთს უღმერთობას, ესე იგი, მორწმუნე, რწმენის მიღებისთანავე წყვეტს უღმერთოებას და იწყებს ღვთისმოშიშებას, ანუ გულით მართალი ხდება. ნუთუ ეს სრულ უცოდველობას გულისხმობს? არა; რამეთუ არსებობს სხვა რჯული ჩემს ასოებში, რომელსაც იმისკენ მივყავართ, რაც არც კი გვსურს. როგორ მოვიქცეთ ამ უსამართლობის შემოჭრისას სიმართლის სფეროში?
 
ისიც იმავე რწმენით იფარება, რითაც იფარება ყოველი უღმერთოება რწმენამდე, მონანიების გამო, გულში მუდმივად დამკვიდრებული სიმართლის წადილისა და უსამართლობის უსურველობის გამო. მაშასადამე, თუ არსებობენ მართალნი ღვთის წინაშე, ესენი არიან მხოლოდ მორწმუნენი, რომლებსაც ღმერთი რწმენას სიმართლედ უთვლის, როდესაც რწმენასთან ერთად გულში დამკვიდრებულია ყოველგვარი უღმერთოებისა და უსამართლობის უარყოფა და ყოველგვარი სიმართლის წადილი.
 
თუმცა, რწმენა ასეთ ძალას ავლენს არა თავისი არსით, არამედ ღვთის სიკეთით, რომელმაც ინება ასეთი მოქმედებების რწმენასთან შეზავება. ეს მადლის პირდაპირი საქმეა, და არა ვალდებულებისამებრ მიგება. ღვაწლს საზღაური ეძლევა როგორც სასყიდელი, და ეძლევა ღვაწლის ზომისამებრ. რაც დაიმსახურე, იმას მიიღებ. ხოლო რწმენას, რომელიც თავად არის სულის ამაღლებული აქტი, საზღაური ეძლევა არა ამ საქმისთვის, არამედ ებოძება შემწყალებელი მოწყალება.
 
ღვაწლის საპირისპიროდ არის სასყიდელი და ვალდებულებისამებრ მიგება, ხოლო რწმენის საპირისპიროდ — შეწყალება და სიმართლის შერაცხვა მადლით. რატომ არის ასე? მოღვაწისა და მორწმუნის სულთა გამო. მოღვაწეს მართალია სწამს, მაგრამ მთლიანად ღვაწლს ეყრდნობა. ამიტომ ღვაწლისამებრ მიეგება მას: აიღე, რასაც ეძებდი და რისი დამსახურებაც გსურდა, რაც დაიმსახურე და რა ზომითაც დაიმსახურე.
 
ხოლო მორწმუნე, მართალია განუდრეკლად იღვწის, მაგრამ არის არა ღვაწლს, არამედ მხოლოდ ღვთის მოწყალების მოიმედე; მასაც ეძლევა არა ღვაწლის ზომისამებრ, არამედ მოწყალების ზომისამებრ. ის ღვაწლს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ისინი არც მის მეხსიერებაშია და არც მის სასოებაში. ის მთლიანად ეყრდნობა იმის მოწყალებას, ვისიც სწამს, გვერდს უვლის ღვთის სიმართლეს და ღვთის მოწყალების სფეროში მკვიდრდება. ღვთის მოწყალება კი არის ნიჭთა საუნჯე, რომელიც მხოლოდ მოწყალებით გაიცემა, და რაკი იგი უსაზღვროა, გასცემს ყოველგვარი საზღვრულობის გარეშე, არა იმდენად, თუ ვინ რამდენად დაიმსახურა, არამედ იმდენად, რამდენის დატევაც შეუძლია ვისმეს.
 
ასე პასუხობს რწმენას მადლით მინიჭება, ღვაწლთან ყოველგვარი შეფარდების გარეშე. ეს ასეა არა იმიტომ, რომ მასში ღვაწლი არ არის, რამეთუ ღვაწლის გარეშე რწმენა რწმენა არ არის, არამედ იმიტომ, რომ რწმენა არ ეყრდნობა ღვაწლს, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია მათით.
 
შეიძლება ვიფიქროთ: რა არის ეს, ნუთუ უსამართლობაა ღვთის მხრიდან? ერთი იღვწის და იღებს მხოლოდ ღვაწლის ზომისამებრ, ხოლო მეორემ მხოლოდ ირწმუნა და უსაზღვროდ იღებს?
 
მაგრამ გულწრფელად რწმენა შეუძლებელია ყოველგვარი ღვაწლისადმი მზადყოფნის გარეშე, და რწმენა ან რწმენის შენარჩუნება შეუძლებელია რწმენის სულით განუდრეკელი ღვაწლის გარეშე. რწმენა ასრულებს და ავსებს ღვაწლს; ამიტომ ის მასზე აღმატებულია და სულის უფრო სრულყოფილ აქტს წარმოადგენს. ხოლო თუ იგი აღმატებულია, სამართლიანია, რომ უფრო მეტსაც იღებს.
 
"მოღვაწე, - წერს ნეტარი თეოფილაქტე, - იღებს სასყიდელს, როგორც ღვაწლისთვის დაპირებულს, ხოლო მორწმუნე, მართალია არ იღვწის (არ ეყრდნობა ღვაწლს), მაგრამ თავის მხრივ წარმოადგენს რწმენას — უაღრესად მნიშვნელოვან რამეს; რამეთუ დარწმუნდე იმაში, რომ ღმერთს უღმერთოებაში მცხოვრები შეუძლია არა მხოლოდ სასჯელისაგან გაათავისუფლოს, არამედ მართლად ჰყოს, დიდად ღირებული ღვაწლია".
 
ამრიგად, მორწმუნე შეუძლებელია ჩაითვალოს უმოქმედოდ, - ანუ იმად, ვინც არ იღვწის, - მხოლოდ რწმენის აქტის მნიშვნელოვნებისა და სიდიადის გამო. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: "მორწმუნეს არაფერი ჩაეთვლებოდა, მისი მხრიდანაც არაფერი რომ არ ყოფილიყო აღსრულებული. — და მორწმუნესაც ჰყავს ღმერთი მოვალედ, და ეს მოვალეობა არ არის უმნიშვნელო, არამედ მნიშვნელოვანია და დიდად ღირებული".
 
 
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
 
"მოქმედი, ამბობს, იღებს სასყიდელს, როგორც ღვაწლისთვის ვალდებულებისამებრ მიცემულს; მორწმუნე კი, მართალია არ იღვწის, მაგრამ თავისი მხრივ წარმოადგენს რწმენას — უაღრესად მნიშვნელოვან რამეს; რამეთუ დარწმუნდე იმაში, რომ ღმერთს უღმერთოებაში მცხოვრები შეუძლია არა მხოლოდ სასჯელისაგან გაათავისუფლოს, არამედ მართლად ჰყოს, დიდი ფასის ღვაწლია. ამ მიზეზით მორწმუნესაც... მისი რწმენა სიმართლედ ჩაეთვლება, ანუ მის რწმენას ღმერთი შეიწყნარებს — არა იმისთვის, რომ მისცეს მას სასყიდი, არამედ იმისთვის, რომ გაამართლოს იგი. ამიტომ, ვისაც სწამს, მასაც მოაქვს რაღაც თავისი მხრივ, კერძოდ — რწმენა".

 
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.

წყარო: https://ekzeget.ru/bible/k-rimlanam-poslanie-ap-pavla/glava-4/stih-5/
Назад к содержимому