სწავლანი > განმარტებანი
განმარტება უფლის სიტყვებისა:
"ვისაც სწამს იგი, არ დაისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ დასჯილია..." (ინ. 3:18)
"ვისაც სწამს იგი, არ დაისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ დასჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი" (ინ. 3:18).
ნეტარი ავგუსტინე იპონიელი:
"განკითხვა ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ის უკვე აღსრულდა. რადგან "იცის უფალმა, ვინაა მისი" (2 ტიმ. 2:19). მან იცის ვინ არის განწესებული გვირგვინისთვის და ვინ — ცეცხლისათვის. მან იცის მარცვალი თავის კალოზე და იცის ბზე. მან იცის ხორბალი და იცის ღვარძლი. უკვე მსჯავრდადებულია ის, ვისაც არ სწამს. რატომ არის მსჯავრდადებული? იმიტომ, რომ არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი" (Толкование на Евангелие от Иоанна. Перев. проф. Тюленева В.М. Рассуждение 12. М. Сибирская благозвонница, 2020).
წმიდა გრიგოლ დიალოგოსი:
"სხვები საშინელ სამსჯავროზე კი არ განიკითხებიან, არამედ წარწყმდებიან, რომელთა შესახებაც წინასწარმეტყველი ბრძანებს: "არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა" (ფს. 1:5). და რომელთა შესახებაც უფალი იტყვის: "ურწმუნო ახლავ დასჯილია" (ინ. 3:18). აღდგებიან ყველა ურწმუნონი, ოღონდ სატანჯველისათვის და არა სამსჯავროსთვის. რამეთუ მაშინ არ მოიხსნება ბრალი მათგან, ვინც წარდგება მსაჯულის წინაშე, რადგან ის უკვე მსჯავრდებულია ურწმუნოების გამო. ხოლო ისინი, ვინც ინახავენ რწმენის მოწმობას, მაგრამ არ გააჩნიათ ამ მოწმობის დამადასტურებელი საქმეები, მხილებულ იქნებიან წარსაწყმედად. ვინც ვერ შეინარჩუნა რწმენის საიდუმლო, ის ვერ მოისმენს მსაჯულის მხილებას უკანასკნელ განკითხვაზე, რამეთუ, ურწმუნოების გამო წინასწარვე ბნელში მსჯავრდებული, ღირსი არ იქნება იმხილოს იმის მიერ, ვინც არად ჩააგდო. მიწიერი სახელმწიფოს მმართველიც ხომ სხვადასხვაგვარად სჯის მოქალაქეს, რომელიც ცდება სახელმწიფოს ფარგლებში, და მტერს, რომელიც გარედან ეომება. პირველს იგი ეპყრობა თავისი უფლებების შესაბამისად და შეაგონებს მას შესაფერისი სიტყვებით; მტრის წინააღმდეგ კი აწარმოებს ომს, იყენებს მომაკვდინებელ იარაღს და მიაგებს მას მისი სისასტიკის შესაფერისად; ხოლო იმას, თუ რას განსაზღვრავს კანონი მისი დანაშაულის შესახებ, აღარ იკითხავს (Источник: Нравственные поучения на Книгу Иова 26.27.50, Cl. 1708,SL143В.26.27.27)
ღირსი გრიგოლ სინელი:
"ამ ქვეყნის განკითხვა არის უღმრთოთა ურწმუნოება, შემდეგი სახარებისეული სიტყვისამებრ: "ურწმუნო ახლავ დასჯილია" (იოან. 3:18); არსებობს აგრეთვე ღვთის განგების დამსჯელი მოქმედება ცოდვილი ცხოვრების აღსაკვეთად და კეთილისკენ მოსაქცევად. რამეთუ ღვთის სამართლიანი განკითხვა, მოქმედებს რა კეთილთა და ბოროტთა ნებისყოფის მიმართულების შესაბამისად, ზოგს სჯის, ზოგს შეიწყალებს, ზოგს აგვირგვინებს, ზოგს კი ჯოჯოხეთში მიავლენს" ("Весьма полезные главы расположенные акростихами". § 40).
ექვთიმე ზიგაბენი:
""ვისაც სწამს იგი, არ განისჯება", — ანუ ვისაც გულწრფელად სწამს ან იცავს მის მცნებებს. ასეთნი როდი არიან ისინი, ვის შესახებაც მოციქული პავლე ბრძანებს: "სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისთვის ურგებნი" (ტიტ. 1:16). "ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი". როგორც რწმენამ განკითხვამდე მსჯავრისგან გაათავისუფლა (მორწმუნე), ასევე ურწმუნოებამ დასაჯა (ურწმუნო) განკითხვამდე; რამეთუ კაცისმკვლელი და სხვა სახის დამნაშავე უმალვე მსჯავრდებულია თვით დანაშაულის სახეობით, შემდგომ კი — მმართველის განაჩენით. სხვაგვარად: რადგან განკითხვა ჯერ არ ყოფილა, არამედ იქნება, ამიტომ ახლავე მოდის მსჯავრის შიში. "სახელში" დასმულია "მასში"-ს ნაცვლად. ეს ებრაული წერილის თავისებურებაა, სადაც ღმერთზე საუბრისას, კრძალვის გამო, ამბობენ: "სახელი მისი", "მისი"-ს ნაცვლად"
წმიდა ჰილარიუს პიქტავიელი:
"ვინც სწამს, - ბრძანებს იგი, - არ განიკითხება. რამეთუ რად უნდა განიკითხო მორწმუნე? სამსჯავრო აღესრულება იმგვარ საგნებზე, რაც ეჭვს იწვევს, ხოლო სადაც ეჭვი არ არის, სასამართლო განხილვაც საჭირო არ არის. აქედან არ გამომდინარეობს, რომ აუცილებელია ურწმუნოთა განკითხვა, რადგან უეჭველია, რომ ისინი ურწმუნონი არიან. მაგრამ, გააუქმა რა სამსჯავრო მორწმუნეთა და ურწმუნოთა მიმართ, უფალი დასძენს სამსჯავროს მიზეზს და ასახელებს მათ, ვისი განკითხვაც აუცილებელია. რამეთუ არიან ზოგიერთნი კეთილმსახურთა და უღმრთოთა შორის, რომლებიც შუაში დგანან, მაგრამ არც ერთს ეკუთვნიან და არც მეორეს, რამეთუ მათში ერთიც არის და მეორეც... და მრავალს ეკლესიაში ღვთის შიში აკავებს, მაგრამ მათვე საცდურნი ამქვეყნიური სიამეებისკენ მიერეკებიან. ისინი ლოცულობენ, რადგან ეშინიათ; სცოდავენ, რადგან სურთ... მათზევე აღესრულება სამსჯავრო, რამეთუ იგინი ურწმუნოთაებრ იქცევიან და არ უნდა შეირაცხონ მორწმუნეთა შორის" (Гомилии на Псалмы 1.21-22, ССSL 61:34).
წმიდა იოანე ოქროპირი:
"მაგრამ თუ ის მოვიდა არა სამყაროს განსაკითხავად, მაშინ როგორ არის ურწმუნო "უკვე მსჯავრდადებული", როდესაც სამსჯავროს ჟამი ჯერ არ დამდგარა? ის ამას ამბობს ან იმიტომ, რომ ურწმუნოება მონანიების გარეშე თავისთავად უდიდესი სატანჯველია, ანდა მომავალს წინასწარ აუწყებს. როგორც კაცისმკვლელი, თუნდაც მსაჯულის განაჩენით არ ყოფილიყო მსჯავრდადებული, უკვე მსჯავრდადებულია თავად თავისი საქმის ბუნებით, ასევეა ურწმუნოც. და ადამიც იმ დღესვე მოკვდა, რომელ დღესაც აკრძალული ხისაგან ნაყოფისგან იგემა: ასეთი იყო განჩინება: "რომელ დღესაც შესჭამთ მისგან, სიკუდილით მოწყდებით" (დაბ. 2:17).
მაგრამ ის ამის შემდეგაც ცოცხლობდა: მაშ, როგორღა მოკვდა? როგორც ღვთის განჩინებით, ისევე თავისი საქციელის ბუნებით. რადგან ვინც თავი დამნაშავედ აქცია სასჯელისთვის, ის სასჯელის ქვეშ არის, თუმცა ჯერ არა საქმით, არამედ განჩინებით. და რათა ვინმეს, როდესაც ესმა: "მოვედი არა ქვეყნიერების განსაკითხავად", არ ეფიქრა თითქოსდა შეუძლია დაუსჯელად სცოდოს, და ამის გამო უფრო მეტად არ გამხდარიყო უზრუნველი, ქრისტე აღკვეთს ასეთ უგულებელყოფას და ამბობს: "უკვე მსჯავრდებულია". რამეთუ სამსჯავრო იქნება, ოღონდ ჯერ არ დამდგარა, ამიტომ ის უშუალოდ აღძრავს სატანჯველის შიშს და უკვე აჩვენებს სასჯელს.
მაგრამ ისიც ღვთის დიდი კაცთმოყვარების დამამტკიცებელია, რომ ღმერთმა არა მხოლოდ მისცა ძე, არამედ გადასწია სამსჯავროს ჟამი, რათა შემცოდველებსა და ურწმუნოთ შესძლებოდათ თავიანთი ცოდვების განწმენდა. "ვისაც სწამს იგი, არ განისჯება" — ვისაც ძე სწამს, და არა გამომძიებელი; მორწმუნე, და არა ცნობისმოყვარე. ხოლო თუ მორწმუნესაც აქვს უწმიდური ცხოვრება და ბოროტი საქმეები? ასეთებს პავლე არაჭეშმარიტ მორწმუნეებად მოიხსენიებს: "სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს" (ტიტ. 1:16). თუმცა ქრისტე აქ ამბობს, რომ ისინი განკითხულ იქნებიან არა ურწმუნოებისთვის, არამედ უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ თავიანთი საქმეებისათვის; ხოლო ურწმუნოებისთვის არ ისჯებიან — რადგან უკვე ირწმუნეს".
წმიდა მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი:
"ღვთისაგან განშორება სიკვდილია, ნათლისგან განშორება კი — სიბნელე; ღვთისაგან განშორება ყველა მისი სიკეთის დაკარგვას ნიშნავს. სწორედ ასევე, ისინი, ვინც კაშკაშა ნათელში საკუთარი თავი დაიბრმავეს ან სხვებმა დააბრმავეს, სამუდამოდ მოკლებულნი არიან ნათლის სიხარულს; და ეს არა იმიტომ, რომ ნათელმა სიბრმავით დასაჯა ისინი, არამედ იმიტომ, რომ თავად სიბრმავემ მოუვლინა მათ ეს უბედურება. ამიტომაც ბრძანებდა უფალი: "ვისაც ჩემი სწამს, არ განისჯება" (1), ანუ არ განშორდება ღმერთს, რამეთუ რწმენით არის იგი ღმერთთან შეერთებული. ხოლო ურწმუნო, — ბრძანებს იგი, — ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი", ანუ ნებაყოფლობით თვითონ განეშორა ღმერთს" (Ириней Лионский, Против ересей 5.27.2, Cl.1154f(A), SChr.153.5.27.2.37).
__________________
1. ეს არის ინ. 3:18-ის სიტყვების პარაფრაზი.
__________________
წმიდა კირილე ალექსანდრიელი:
"დაარწმუნა რა საქმითვე, რომ ის არის ძე ღვთისა და მამისა და, რომ ის ანიჭებს სამყაროს მადლს, რომელიც აღემატება მოსეს მსახურებას — რამეთუ მადლით გამართლება, რა თქმა უნდა, უკეთესია კანონით მსჯავრდებაზე — მან, როგორც ღმერთმა, მოიფიქრა ჩვენთვის სხვა გზა, რომელსაც მივყავართ რწმენისკენ, ყოველი მხრიდან კრებს დაღუპულებს ხსნისთვის. მორწმუნეს ის ჯილდოდ სამსჯავროსაგან განთავისუფლებას სთავაზობს, ხოლო ურწმუნოს — სასჯელს; ორივე საშუალებით ერთსა და იმავე გზაზე მიიყვანს და ზოგს მადლისადმი სწრაფვით, ზოგს კი ტანჯვათადმი შიშით გულმოდგინედ მოუწოდებს რწმენისკენ. ხოლო ურწმუნოების დანაშაულს მძიმედ და დიდად წარმოაჩენს, რამეთუ ის არის ძე და მხოლოდშობილი; რადგან, რაც უფრო დიდი რწმენის ღირსია ის, ვისაც აყენებენ შეურაცხყოფას, მით უფრო მძიმე დანაშაულისთვის იქნება მსჯავრდადებული ის, ვინც შეურაცხყოფს. ურწმუნოზე, ბრძანებს, უკვე მსჯავრდებულიაო, რადგან თვითონვე მიუსაჯა თავის თავს სათანადო სასჯელი მით, რომ იცოდა, უარყოფდა სამსჯავროსგან გამომხსნელს" ("Толкование на Евангелие от Иоанна". Книга Вторая. Глава I. О том, что не по причастию и не как привзошедший присущ Сыну Святой Дух, но существенно и по природе пребывает в Нем).
ეპისკოპოსი მიხეილ (ლუზინი):
""ვისაც სწამს იგი (ძე ღვთისა), არ განისჯება, ხოლო ურწმუნო ახლავ განსჯილია, ვინაიდან არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი".
ღვთის სიყვარულმა, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთა ადამიანისთვის, მისცა რა მხოლოდშობილი ძე ჯვარზე სიკვდილისთვის, თავისი სიმართლის დასაკმაყოფილებლად ან შესარიგებლად კაცთა ცოდვების გამო; დანარჩენი კი უკვე თავად ადამიანებზეა დამოკიდებული, მათ ღვთის ძისადმი რწმენაზე ან ურწმუნოებაზე: რწმენა გაამართლებს — აცხონებს მათ, ურწმუნოება კი განსჯის და წარწყმედს.
სხვა შემთხვევაში ქრისტე ამბობდა, რომ ის არ განიკითხავს მას, ვინც ისმენს სიტყვებს და არ სწამს; რომ მისი უარმყოფელი და მისი სიტყვის არმიმღები, ანუ ვისაც არ სწამს მისი, ჰყავს მსაჯული ამ სიტყვაშივე, რომელიც მან მოისმინა; ეს სიტყვა განიკითხავს მას უკანასკნელ დღესაც" (ინ. 12:47-48).
ამ უკანასკნელ ადგილას ნათლად არის მითითებული უკანასკნელ საყოველთაო სამსჯავროზე, ქრისტეს მეორედ მოსვლისას; და პირველ განხილულ ადგილზეც სიტყვებით "უკვე განსჯილი" (ურწმუნო) არ გამოირიცხება საყოველთაო, უკანასკნელი სამსჯავრო; ეს გამოთქმა აჩვენებს მომავალი მსჯავრდებისა და საუკუნო წარწყმედის უეჭველობასა და გარდაუვალობას, როგორც უკვე მიწაზევე აღსრულებულს, როგორც თვით ურწმუნოებით გამოწვეული მსჯავრდების გარდაუვალ შედეგს.
ვისაც არ სწამს ღვთის მხოლოდშობილი ძისა, მისი (მეორე) იპოსტასის ღვთაებრიობისა, მისი სწავლების ჭეშმარიტებისა და მისი ვნებათა გამომსყიდველი ძალისა, მას უკვე თავისივე ურწმუნოებით გამოაქვს საკუთარ თავზე მსჯავრი; რამეთუ რწმენით არ მონაწილეობს გამოხსნაში და, მაშასადამე, რჩება ღვთის სასუფევლის გარეთ, ღვთის რისხვის ქვეშ, და, ამგვარად, თავადვე დაისჯის საკუთარ თავს საუკუნო წარწყმედით, რომელი მსჯავრიც უკანასკნელად ქრისტეს საბოლოო სამსჯავროზე გამოცხადდება".
მღვდელი ვ. გ. როჟდესტვენსკი:
"მოცემული მუხლის აზრი წინას გაძლიერებაა. იესუ ქრისტე გვაუწყებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე საერთოდ არ ექვემდებარება განსჯას; მაშასადამე, არ ექვემდებარება მის მომავალ სამსჯავროსაც. რატომ? პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ღვთის ძისადმი მორწმუნეს ცოდვები მიეტევება; მაშასადამე, მასში, შეიძლება ითქვას, აღარაფერია განსაკითხი, რადგან სამსჯავრო სწორედ კეთილისა და ბოროტის განცალკევებაა; და მეორეც, იმიტომ, რომ რწმენა მიიყვანს "ნათლამდე" (იოან. 3:21) და ამგვარად მორწმუნე აღვალს ზნეობრივი მდგომარეობის ისეთ საფეხურზე, სადაც ყოველგვარი სამსჯავრო ზედმეტია; ეს სამსჯავრო რწმენის ნათელში თავისთავად აღსრულდა ყოველ მორწმუნეზე; ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნე თავად განიკითხავს თავის თავს. და მოციქული პავლეც ბრძანებს: "ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი" (1 კორ. 11:31).
ამის საპირისპიროდ, ღვთის ძისადმი ურწმუნო განკითხვას ექვემდებარება და უკვე მსჯავრდებულია. რატომ? იმიტომ, რომ, — როგორც იესუ ქრისტე ბრძანებს, — "არ იწამა ღმრთის მხოლოდშობილი ძის სახელი", ანუ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ თავისი ურწმუნოებით მან უკვე საკმაოდ ნათლად გამოავლინა თავისი ზნეობრივი მდგომარეობა, ისე რომ მისი სამსჯავრო მასშივე უკვე აღსრულდა და მისი ხვედრი მომავალ საშინელ სამსჯავროზე, უკვე წინასწარ, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილია; მეორეც, იმიტომ, რომ მან უარყო ღვთის მხოლოდშობილი ძის მაცხოვნებელი სახელი და ამ უარყოფით თავადვე მოისპო შეწყალების შესაძლებლობა, თავადვე დაისაჯა საუკუნო წარწყმედით; მესამეც, იმიტომ, რომ ის თავის თავს არ განიკითხავს, რამეთუ მოკლებულია ამისათვის აუცილებელ ზნეობრივ სინათლესა და რწმენის კრიტერიუმს.
"როგორც კაცისმკვლელი, — ბრძანებს ოქროპირი, — თუნდაც მსაჯულის განაჩენით არ ყოფილიყო მსჯავრდებული, უკვე მსჯავრდებულია თავისი საქმის ბუნებით, ასევეა ურწმუნოც. ადამიც მოკვდა იმ დღეს, რომელ დღესაც აკრძალული ხისაგან იგემა; ასეთი იყო განჩინება: "რომელ დღესაც მისგან ჭამო, სიკვდილით მოკვდები" (დაბ. 2:17). თუმცა ის ამის შემდეგაც ცოცხლობდა: მაშ, როგორ მოკვდა? როგორც ღვთის განჩინებით, ისევე თავისი საქციელის ბუნებით. ვინც დამნაშავე გახდა სასჯელისათვის, ის სასჯელის ქვეშ იმყოფება, თუნდაც ჯერ არა საქმით, არამედ განჩინებით".
ა. პ. ლოპუხინის "განმარტებითი ბიბლია":
სამყაროს, და უპირველეს ყოვლისა, ებრაელთა განკითხვა უკვე მიმდინარეობს. ეს განკითხვა, შეიძლება ითქვას, თავისთავად აღესრულება: ზოგიერთმა მიიღო მესია, რის გამოც არ ექვემდებარება, და არც შეიძლება დაექვემდებაროს განკითხვას მსჯავრდების აზრით. სხვებმა კი უკვე ცხადად გამოავლინეს თავიანთი ურწმუნოება ქრისტეს მიმართ, და ამიტომ მათი ხვედრი აქედანვე გადაწყვეტილია: ისინი ახლა მსჯავრდებული არიან იმის გამო, რომ არ ირწმუნეს ძე ღვთისა, ანუ მასში არ სცნეს ის, ვინც მიიღო ესოდენ ნათელი და განსაზღვრული მოწმობა საკუთარ თავზე ღვთისგან მოვლინებული იოანესაგან, როგორც მხოლოდშობილი ღვთის ძისა, რომელიც მარადის მკვიდრობს მამის წიაღში (ინ. 1:15-18). უკანასკნელი და საშინელი სამსჯავრო კი, არსებითად, არაფერ ახალს არ შეიტანს ასეთი ადამიანების ხვედრის განსაზღვრისას: ის მხოლოდ ყველას დაუმოწმებს მათ ბრალეულობას.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
რას ნიშნავს: "ვისაც სწამს ძე, ის არ დაისჯება"? ნუთუ არ განიკითხება, თუ მისი ცხოვრება უწმიდურია? სრულიად განიკითხება! რამეთუ ამდაგვართ პავლე ჭეშმარიტ მორწმუნეებადაც კი არ მოიხსენიებს: "სიტყვით აღიარებენ, - ამბობს იგი, - საქმით კი უარყოფენ ღმერთს" (ტიტ. 1:16). თუმცა, აქ გულისხმობს იმას, რომ ის არ განიკითხება უშუალოდ იმის გამო, რომ ირწმუნა: თუმცა ბოროტ საქმეებში უმკაცრეს ანგარიშს გასცემს, ურწმუნოებისთვის არ ისჯება, რამეთუ ერთგზის უკვე ირწმუნა.
"ხოლო ურწმუნო ახლავ დასჯილია". როგორ? ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ თვით ურწმუნოებაც განკითხვაა; რამეთუ მარტოდენ ნათლის გარეთ ყოფნაც კი უდიდესი სასჯელია. შემდეგ, მართალია, ურწმუნო აქ ჯერ კიდევ არ მიეცემა გეჰენას, მაგრამ აქ თავს იყრის ყოველივე, რაც მომავალ სასჯელამდე მიიყვანს; ისევე, როგორც კაცისმკვლელი, თუნდაც მსაჯულის განაჩენით ჯერაც არ იყოს დასჯილი, საქმის არსით მსჯავრდადებულია. ადამიც ხომ იმავე დღეს მოკვდა, რომელ დღესაც აკრძალული ხის ნაყოფი იგემა; მართალია, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ განაჩენითა და საქმის არსით - მოკვდა.
ამრიგად, ყოველი ურწმუნო უკვე აქვეა მსჯავრდებული, როგორც უეჭველად სასჯელის ქვეშ მყოფი და სამსჯავროზე ვერმიმსვლელი, ნათქვამისამებრ: "ვერ აღდგებიან უღმრთონი სამსჯავროზე" (ფს. 1:5). რამეთუ უღმრთოთ არ მოითხოვებათ ანგარიში, როგორც არ მოეთხოვებათ ის ეშმაკთ: ისინი აღდგებიან არა განსასჯელად, არამედ დასასჯელად. ასევე სახარებაშიც უფალი ამბობს, რომ ამა სოფლის მთავარი უკვე მსჯავრდებულია (იოან. 16:11), იმიტომ, რომ თვითონ არ ირწმუნა, და კიდევ იმიტომაც, რომ იუდა გამცემლად აქცია და სხვებსაც წარწყმედა მოუმზადა.
ხოლო თუ იგავებში (მათ. 25:14-30; ლუკ. 19:11-27) უფალი სასჯელის ქვეშ მყოფთაც პასუხის მიმცემებად წარმოადგენს, ნუ გაგიკვირდება, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ნათქვამი იგავია, ხოლო იგავებში ყველაფერი არ უნდა მივიღოთ კანონად და წესად. რამეთუ, ჯერ-ერთი, იმ დღეს თითოეული სხვა მხილებას არ მოითხოვს, არამედ თავისივე სინდისის მიერ შეკრული წავა, რადგან შეუცდომელი მამხილებელი საკუთარ სინდისში ეყოლება; მეორეც, იმიტომ, რომ უფალი ანგარიშის მიმცემებად წარმოადგენს არა ურწმუნოებს, არამედ მორწმუნეებს, ოღონდ უგრძნობლებსა და უმოწყალოებს. ჩვენ კი ვსაუბრობთ უღმრთოებზე და ურწმუნოებზე; სხვა რამეა უღმრთო და ურწმუნო, და სხვა — უმოწყალო და ცოდვილი.
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
წყარო: https://ekzeget.ru/bible/evangelie-ot-ioanna/glava-3/stih-18/
