სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
იესუ ქრისტეს აღდგომისთვისრომელი პირით შეიძლება ვმადლობდეთ ჩვენს მეუფეს ან რომელი ენით უნდა ვადიდოთ ჩვენი მაცხოვრის საკვირველებანი? კვირა დღეს განცხოველდა მხოლოდშობილი და მასთან ერთად მისი თაყვანისმცემელნიც, რადგან აღდგა, ჩვენც აღგვადგინა და ამ სახით ნუგეში სცა ჩვენს შიშს; წინასწარმეტყველმა ახარა ეკლესიას და თქვა: "აღდგე, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიება გაბრწყინდა შენზე" (ეს. 60:1).
აგერ, თქვენი თვალები ხედავს ეკლესიას და თქვენს ყურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები ესმის; უფალმა თავისი აღდგომით ეკლესიას მწუხარება განძარცვა, ხოლო ჯვარმცმელებმა გლოვის სამოსელი შეიმოსეს. უთხრა მწყალობელმა თავის მთას - სიონს: "ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით, ნუ ილხენს შენი გული, რადგან წავბროძიკდი და აღვდგები, დავჯდები ბნელში და უფალი გამნათებს" (შდრ. იგავ. 24:17). შეასხამს ხოტბას დავითი ეკლესიას, ნუგეშს სცემს მას და იტყვის: ამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისრკის ჟამს - მხიარულება" (ფსალმ. 29:6).
მოწაფენი შეძრწუნებულნი იყვნენ უფლის ჯვრის წინაშე, ხოლო ჯვარმცმენლნი გალაღებულნი იდგნენ მისი ძელის წინ. განცხოველდა ის და ნუგეში სცა შეძრწუნებულებს, ჯვარმცმელნი კი განიბნენ შერისხული სულით: "აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან" (ფსალმ. 67:2; რიცხვ. 10:35). შემდეგ ითქვა წინასწარმეტყველის მიერ: "აღდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს" (ფსალმ. 81:8) შენი ჯვრით. ამის გამო უთხრა უფალმა სანატრელ მოციქულთ: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათ. 28:19).
დღევანდელი დღესასწაულის უდიდესი სიხარულია ის, რომ ამ დღეს სიცოცხლე შეიმოსეს მკვდრებმაც და ცოცხლებმაც: მიცვალებულებს ბორკილები აეხსნათ სამარეში, წყლით ნათელღებულებს კი ცოდვები. დღეს ერთად შერცხვნენ ეშმაკი და სიკვდილი, გაცოცხლდნენ მართლები და ელხინა ნათელღებულებს, ვინაიდან შემოქმედმა ხელმწიფება მისცა თავის მღვდლებს, მკვდრები იმდაგვარად ეცხონებინათ, როგორც მან ჯოჯოხეთი შეაწუხა, რადგან იქიდან მკვდრები გამოიყვანა; და ასევე, ეხარა ეკლესიის იმ ახალ კრავთა გამოც რომლებიც მის ბანაკში შევლენ; და როგორც გაიხარეს ცოცხლებმა და მკვდრებმა, როდესაც ერთმანეთი უფლის აღდგომის მადლით დაინახეს, ასევე იხარებენ წარწყმედილთა მპოვნელნი, რომლებიც ერთმანეთს ღვთის დღესასწაულზე შეხვდებიან.
ამ დღესასწაულზე ჯვარმცმელები ფიქრობდნენ, რომ მოკლეს სიძე, მაგრამ აგერ, გამრავლდებიან მისი სულიერი სძლის ნაშობნი, რადგან იგი, "როგორც მზე, ადგა თავისი ტალავრიდან, როგორც სიძე - გამოდის საქორწინო გავალაკიდან" (შდრ. ფსალმ. 18:6) და მიუკერძოებლად მიმოდაჰფენს თავის მოძღვრებას.
მზის თვალზე უფრო ბრწყინვალედ განავრცო მან თავისი სახარების ბრწყინვალება მთელ სამყაროში და როგორც მზე თავისი დამბადებლის ბრძანებით ერთბაშად ჩააცმევს სამკაულს თავის დაბადებულს და ქვეყანას თვისი ნათლის სამკაულით დაფარავს, ასევე მოეფინა ქრისტეს ქადაგების ნათელი მთელ ცისკიდეს და მისი ხელმწიფება განივრცო. მზე თავის ბრწყინვალებას მხოლოდ დღისით აჩვენებს, ხოლო ღამით იფარება, ჩვენი მაცხოვრის სახარების ღვთაებრივი ნათელი კი დღეცა და ღამეც გამობრწყინდება სოფლად.
"დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან" (ფსალმ. 41:9). "აი, შეიქმნებიან გვირგვინნი სადიდებლად მისი ძლევისა, რომლის ეკლის გვირგვინი დაიდგა ვენახმა, რომელიც დასათრგუნველი გახდა, ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგიდან გაიმართა ხოტბა" (ფსალმ. 8:3) და შემდეგ ითქვა: "ადიდებდეთ უფალსა ყოველი მეფე ქვეყნისა და ყოველი ერი დაემონეთ მას: მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქვეყანისა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყმაწვილებთან ერთად, აქებდით უფლის სახელს, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი დიდებაა ქვეყნად და ზეცად" (შდრ. ფსალმ. 148: 11-13).
ჭეშმარიტად აღიარებენ და აქებენ მას ნათლის ანგელოზები, რადგან თავისი მოწყალებით დამდაბლდა მათთვის, რომელთაც ხორცნი შეემოსათ. და ადიდებს მას ყოველი ხორციელი, ვინაიდან ჯოჯოხეთში ჩაცვენილთა წყალობისთვის გარდამოხდა ზეცით. ორივენი (ანგელოზნი და ხორციელნი) გაერთიანდნენ, როდესაც აღდგომის დღეს უფლის საფლავზე გამოჩნდნენ ანგელოზები, რათა მოწაფეთათვის უფლის სიცოცხლე ეხარებინათ და ცხოვრებაშემოსილი მართლები, რომლებიც მაცხოვრის აღდგომას ქადაგებდნენ.
დღეს მას მეფენი ადიდებენ თავიანთი შარავანდედით, რადგან ირწმუნეს, რომ მისი მეუფება უკუნისამდეა და მისი მთავრობა მთელ კაცთა მოდგმაზე ვრცელდება. დღეს თაყვანს სცემენ მსაჯულნი ყოველთა მსაჯულს, რომელიც თავად დაისაჯა და ამ სასჯელით ცოდვილი ადამი გააძლიერა. დღეს მადლობს მას ბრძენთა გუნდი, რომლებიც ერთ დროს, როგორც მტერნი, მის საფლავს იცავდნენ, ახლა კი, როგორც მორწმუნენი, მის საკურთხეველს ერტყმიან და შემოქმედს მისავე ტაძარში სცემენ თაყვანს.
დღეს, აგერ, მდიდარნი განაბნევენ გლახაკთათვის, რომლებიც მათი ყანაა, რათა თანაზიარნი გახდნენ იოსებ სანატრელისა, რომელმაც შესუდრა და დაფლა ხორცი ყოველთა მაცხოვრისა. დღეს მისი სახელით გამოიკვებებიან გლახაკნი, რომელმაც ნეტარება უბოძა სულით გლახაკთ თავის სახარებაში. დღეს გაჭაბუკდებიან მოხუცებულნი ძველი დღის წყალში. რადგან ის, როგორც ყრმა, გამოჩნდა. დღეს გაძღებიან ყრმანი იმ დაუსაბამო ნათლისღებით, რომელიც მარიამის წიაღში იძროდა. დღეს უღელს დაიდებენ ჭაბუკნი, რადგან შეიცნეს ის, ვინც ოცდაათი წლისამ ნათელიღო. დღეს მადლობენ დედები მას, რომელიც ევასგან გამობრწყინდა და მათი წყლულები განკურნა.
ამ დღესასწაულზე ქალწულები იმის გამო იხარებენ, რომელიც ქალწულისგან იშვა და ქალწულება აამაღლა. აღვსების ამ სიხარულით გამხიარულდება სიწმინდე, რადგან თავისი მკლავებით მას ეხვეოდა, რომელიც წმინდაში იყო დამკვიდრებული.
დღეს ხარობს ბერწობა, რომელმაც მისცა მას ქადაგი, უდაბნოში მღაღადებელი. დღეს ადიდებენ ცოლიერნი მას, ვინც მათი ნაშობნი გამოირჩია, რათა ისინი ცათა სასუფეველის ყრმანი გამხდარიყვნენ. ამ დღესასწაულს ადიდებს მონა და მისი ბატონი და თუმცა პატივით ბატონი უმეტესია, სასოებით თანასწორნი არიან.
ამ დღესასწაულზე მხევალი დედოფალთან ერთად ხარობს. თუმცა ფუფუნებითაა აღსავსე დედოფალი, თავისი სპეტაკი სამოსლით, მაგრამ ერთნი არიან ისინი სახარებისეული აღთქმებით.
დღეს გახარებულნი არიან წინასწარმეტყველნი თავიანთ სამარეებში, რადგან აღდგა უფალი ჩვენი, როგორც მათი სიტყვის თესლის წვიმა. ამ დღესასწაულზე ხარობენ მოციქულნი, თავიანთ სამწყსოსთან ერთად, რადგან ცხვრები, კრავნი და ტარიგნი შეჰმატეს თავიანთ სამწყსოს. ამ დღესასწაულზე მხიარულობენ მოწაფენი თავიანთი გვირგვინებით, რადგან მეუფე, რომელიც მოკვდა, აგერ, ძლევით განცხოველდა. დღეს მადლობენ მოწამენი ცისკიდეს, რადგან მათ თავისი გალობით შეუერთდა.
ამ დღესასწაულზე ხარობს ეკლესია ქვეყნის ყოველ კიდეში, რადგან მისი აღმადგინებელი აღდგა და ისიც აღადგინა თავისი ძლევით. ამ დღესასწაულზე მწუხარეა სიონი მრავალგვარი წუხილით, რადგან აოხრდა უკუნისამდე, როგორც თქვა დანიელ წინასწარმეტყველმა. დღეს შეამკეს მეუფის სძალი სამკაულით - ფარულადაც და ცხადადაც.
ამ დღესასწაულზე მწუხარეა მხოლოდ იერუსალიმი, რადგან მოაკლდა დღესასწაულები, თავისი უქმეები, მეფენი, მღვდელნი და მათი მსხვერპლნი. დღეს სასოება წვიმს წვიმის ნაცვლად ქვეყანაზე. და აი, მთელ ქვეყანას მიუღია კურთხევის თესლი; ის მატყლი კი, რომელსაც სიონი რთავს, გამოშრა მარტოდ დარჩენილი და სისხლით დასველდა. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა მის გამო, რომელმაც თავისი ძალი ჩვენთვის გარდამოავლინა, ჩვენი ხორცი შეიმოსა და ყველამ ერთობით აღმოვთქვათ კურთხევა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყარო: რჯული ქრისტესი. აღდგომა. წიგნი I. წმინდა და ნეტარი მამის - იოანე მთავარეპისკოპოსის მიერ თქმული ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს აღდგომისთვის. გამომცემლობა "ალილო". თბილისი 2015 წ. გვ. 101-105.