სწავლანი > განმარტებანი
იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა იქონიო სიკვდილისა და მომავალი სამსჯავროს ხსოვნა
ევერგეტინოსი. ტომი I. წმიდა ეფრემისგან.
ძმაო, ყოველდღე ელოდე შენს აღსასრულს, რადგან მაშინ მოვა საშინელი და დაუნდობელი ჟამი, როცა სრულებითაც არ მოელი. და ვაი მას, ვისაც იგი მოუმზადებელს შეისწრებს. თუკი ახალგაზრდა ხარ, მტერი ხშირად ჩაგძახებს:
- იცხოვრე შენი სიამოვნებით, სანამ ახალგაზრდა ხარ, სიბერეში მოინანიებ. ხომ იცი, რომ მრავალ ადამიანს უცხოვრია სიამტკბილობით, მერე კი შეუნანიათ და ზეციური სიკეთეები მიუღიათ. რატომ უნდა დაიუძლურო ახალგაზრდა სხეული და გაიმწარო სიყმაწვილის წლები?
მტკიცედ იდეგი და მიუგე:
- ჰოი, წყეულო მტერო და კაცთმოძულეო! როგორ ბედავ ასეთი რჩევის მოცემას? ჭაბუკობაში რომ მომისწროს სიკვდილმა, მაშნ რა ვქნა, რითი ვიმართლო თავი უფლის საყდრის წინაშე? შენც კარგად იცი, რომ ბევრი ახალგაზრდა კვდება და ბევრი მოხუცებული დიდხანს ცოცხლობს. არავინ იცის, ვინ როდის მოკვდება. მე რომ სიკვდილმა ჭაბუკობაში მომისწროს, მსაჯულ უფალს ხომ ვერ ვეტყვი, გამიშვი უკან, სინანულის დრო მომეცი მეთქი? გარდა ამისა, კარგად ვხედავ, თუ როგორ განადიდებს უფალი იმათ, ვინც ახალგაზრდობიდან იწყებს და ღრმა სიბერემდე ემსაახურება უფალ ღმერთს.
კარგად მახსოვს, იერემია წინასწარმეტყველისადმი მიმართული უფლის სიტყვები: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკისა შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისა. შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, - უდაბნოსა ქუეყანასა უთესველსა (იერ. 2:2). სხვა წინასწარმეტყველი კი, თუმცა ჭაბუკი იყო, ამხელდა იმათ, ვინც ჭაბუკობიდანვე სიბერემდე მხოლოდ ცბიერი აზრებით იკვებებოდა: დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ გეწინეს ცოდვანი შენნი, რომელთა ჰყოფდი პირველად (დან. 13:52). ამიტომაც მოიხსენიებს სულიწმიდა ნეტარებად იმათ, ვინც სიჭაბუკის წლებიდანვე ტვირთულობს თავის ჯვარს. ასე რომ, განვედ ჩემგან, ურჯულოების მოქმედო, ცბიერო მაცდურო. უფალი ღმერთი დაარღვევს ყველა შენს მანქანებას და მიხსნის მე შენი მახეებისგან თავისი ძალითა და მადლით.
ამიტომ, საყვარელო, მუდმივად გახსოვდეს სიკვდილის დღე. როდესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სიკვდილის პირას მყოფი ჭილობზე იქნები დაწოლილი, რაოდენი შიში და ძრწოლა შეიპყრობს მაშინ შენს სულს! უფრო მეტიც, სინდისი მხილებას დაგიწყებს. თუკი რაიმე სიკეთე გაგიკეთებია მიწიერ ცხოვრებაში, თუკი უფლისთვის გადაგიტანია მწუხარება და შეურაცხყოფა, და კეთილი გიქნია მისი პირის წინაშე, მაშინ დიდი სიხარულით ავა შენი სული ზეცაში ანგელოზების თანხლებით. როგორც მთელი დღის შრომით დაღლილი მუშაკი ელოდება თორმეტ საათს, რომ მიიღოს გასამრჯელო და დაისვნოს, ასევე ელოდებიან მართალთა სულები ამ დღეს.
ცოდვილთა სულებს კი მაშინვე იპყრობს შიში და ძრწოლა. სიკვდილმისჯილი, რომელსაც დაცვა შეიპყრობს და სამსჯავროზე წაიყვანს, წინააღმდეგობას უწევს მას და ხელიდან დასხლეტას ლამობს, და თავის წარმოდგენაში მოსალოდნელ სატანჯველს ხედავს. ასევეა სიკვდილის ჟამს ურჯულოთა სულებიც: ღრმა ძრწოლით უმზერენ გონებით მარადიული ცეცხლისა და სხვა სახის სატანჯველს, რომელთაც დასასრული არ გააჩნიათ. და თუნდაც ცოდვილმა უთხრას მათ, ვინც მას აჩქარებს: "მომეცი ცოტაოდენი დრო სინანულისთვის", - მაინც არავინ მოუსმენს და უფრო მეტიც, შეიძლება მიუგონ:
- როცა დრო გქონდა, არ ინანიებდი, ახლა კი სინანულს გვპირდები? როდესაც ყველასთვის იყო ხსნილი ასპარეზი, შენ არ გარბოდი შეჯიბრებაზე, ახლა კი, როცა ყველა კარი დაიკეტა და შეჯიბრების დრო დასრულდა, სირბილი მოგინდა? ნუთუ არ გაგიგონია უფლის სიტყვები: იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს (მათე 25:13)?
ასე რომ, საყვარელო ძმაო, რაკი იცი ეს და ყოველივე დანარჩენი, იღვაწე, სანამ არის ამისი დრო, და შენი სულის ლამპარი ანთებული გქონდეს სათნო საქმეებით, რათა რაჟამს სასიძო მოვა, მზადმყოფი გიხილოს და მასთან ერთად მოხვდე საქორწილო წვეულებაზე ყველა იმ ქალწულ სულებთან ერთად, ვინც ღირსეულად განვლო თავისი ცხოვრება.
წყარო: სიკეთისმოყვარეობა (ევერგეტინოსი). I ტომი. წიგნი პირველი. სწავლანი წმიდა ეფრემისგან. თბილისი 2013 წ. გვ. 64-66.