განმარტებანი - იმის შესახებ თუ რა აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. გრიგოლ პალამა

იმის შესახებ თუ რა აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში
ნათლისღების საიდუმლო
ნაწყვეტი ჰომილიიდან "იმის შესახებ, თუ რა აღესრულება ნათლისღების საიდუმლოში; ასევე სინანულისა და იოანე ნათლისმცემლის მიერ ამავე თემაზე წარმოთქმული სიტყვის შესახებ". ჰომილია წარმოთქმულია ღმრთის განცხადების დღესასწაულის წინა საღამოს.

1. სინანული ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი, შუაგული და დასასრულია, ამიტომაც ის მოითხოვება ნათლობამდე, წმიდა ნათლისღებისას და მის შემდეგ. საღმრთო ნათლისღებისას ჩვენგან ითხოვენ ანგარიშს, რადგან ის ჩვენი მხრიდან წარმოადგენს საზეიმო აღთქმას გვქონდეს სუფთა სინდისი ღმრთის წინაშე და ღმრთითმოსაწონი ცხოვრების ვალდებულება, რადგან, როდესაც რწმენით ვუერთდებით ყოვლადსახიერ ქრისტეს და უარვყოფთ უმზაკვრეს და უბოროტეს მტერს, ვიძლევით აღთქმას, რომ მივყვებით ღმრთის ნეტარ და გამაკეთილშობილებელ მცნებებს, თანაც თავს დავიცავთ ყოველგვარი ბოროტი ზრახვებისა და საქმეებისგან.

ამრიგად, როდესაც გვეკითხებიან, ჩვენ ვპასუხობთ ან უშუალოდ ან ჩვენი მიმრქმელების (ნათლიების - მთარგმნ. შენ.) მიერ, როგორც ეს ხდება ყრმათა ნათლობისას, - რომ ის, რაც ვირწმუნეთ, სულში სიყვარულით შევიწყნარეთ, გონებრივად კი აღთქმა მივეცით (ანუ: პირობა დავდეთ). და რადგან, მოციქულის თანახმად: "გულითა სწამთ სიმართლისთვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისთვის" (რომ. 10:10), აღვასრულებთ რა ბაგით კეთილ აღსარებას, ვიღებთ ცხოვრებას მეორედ შობის საბანელში (ანუ ნათლისღების ემბაზში - მთარგმნ.).

2. რადგან ამ ღვთაებრივ საბანელს და ყოველივეს მასთან დაკავშირებულს უმრავლესობა სიყრმის ასაკში იღებს და, აქედან გამომდინარე, საიდუმლოს მნიშვნელობას ვერ შეიმეცნებს, მოდი, ახლა, როდესაც ამას მოახლოვებული დღესასწაულიც ითხოვს, მოკლედ ავხსნათ თუ რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა. ვფიქრობ, მცირედი როდი იქნება სარგებელი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყურადღებით ისმენს, ყოველივე იმის გახსენება და გამოკვლევა, რაც აღსრულდება ღვთაებრივი ნათლისღების წმიდა საიდუმლოში, რადგან, როდესაც მეხსიერების წყალობით შევიგნებთ, რომ ამ ვალდებულებებიდან მოგვიანებით რაღაც დაგვირღვევია ან რაღაც თავიდანვე არ განგვიხორციელებია, სინანულის გზით გავასწოროთ.
 
ამრიგად, როდესაც იერარქი ნათლისღების მოსურნეს იღებს, ის, როგორც სიკეთის მოყვარული მეუფის მიმბაძველი, თავიდან ჯერ თვითონ განეწყობა შინაგანად კეთილი საქმის აღსასრულებლად და სულიერად მადლობას შეწირავს ღმერთს, ყოველგვარი სიკეთის მხოლოდმსურველსა და განმგებელს. ამის შემდეგ დადგება მღვდლებთან ერთად წმიდა ტრაპეზის წინ, რათა მათთან ერთად შეწიროს აშკარა მადლი ("მეტა ტო ფანერან პიისას ევხარისტიან" - შესაძლოა აღსრულდეს საღმრთო ლიტურგია. - მთარგმნ.). შემდეგ, იერარქი გამოვა და ეკლესიაში მოსულს საჯაროდ ჰკითხავს მოსვლის მიზეზს. როდესაც ის, - ან თვითონ ან მისი მიმრქმელი, თუ ეს მცირეწლოვანი ყრმაა, - უპასუხებს, რომ მისი შუამავლობით და მოქმედებით სურს შეუდგეს ღმერთს და მიიღოს საღმრთო საიდუმლო, იერარქი მიუგებს: "რადგან გსურს მიეახლო ჭეშმარიტ, სრულყოფილ და უბიწო ღმერთს, საჭიროა უწყოდე, რომ შენ მიერ დადებული აღთქმა საკუთარ მომავალ ცხოვრებაზე ამისი შესაბამისი იყოს, ანუ საჭიროა შენი მიზანი იყოს ჭეშმარიტი და უბიწო".

ამგვარად, იმის შემდეგ, რაც მიუთითებს, თუ რაში მდგომარეობს ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრება, კვლავ ჰკითხავს (მოსანათლავს): ნამდვილად მზად არის თუ არა ასე იცხოვროს? როდესაც ის დაადასტურებს, ეპისკოპოსი მას ჯვარს გამოსახავს და მღვდლებს დაავალებს მისი სახელი მართლმადიდებელ ქრისტიანთა სიაში შეიტანონ, რითაც მას, როგორც ადამიანს, რომელმაც ცხოველმყოფელი ცხოვრების სახე შეიყვარა, ცხონების გზაზე მდგომთა შორის შერაცხავენ.

ამის შემდეგ, კვლავ ილოცებენ ღმრთის მიმართ, იერარქი ამცნებს მას გაიხადოს ყველა სამოსი და პირით დასავლეთისკენ დააყენებს, რათა უარყოს სატანა და შენერწყვოს მას; და ეს უარყოფა, კითხვის სახით (მნათლველი ეპისკოპოსის მხრიდან) აღესრულება სამჯერ.

სამოსის გახდა ძველი კაცის უარყოფასა და მის უკეთურ ცხოვრებას მოასწავებს; დასავლეთისკენ შებრუნება - ბნელი ცოდვისკენ მიდრეკის უარყოფას ნიშნავს; შენერწყვა, - აღმოსუნთქვა და გადაფურთხება ეშმაკის მიმართ, როგორც მის საკუთრებას, მის კუთვნილებას; ხოლო უარყოფის სამგზისი აღიარებით სუპოსტატისგან სრული განდგომა და ღმრთისადმი შედგომა აღინიშნება.

ამის შემდეგ, ეპისკოპოსი მოსანათლავს აღმოსავლეთისკენ მოაბრუნებს, ხელაწვდენილს ქრისტესთან შეერთებისკენ მოუწოდებს და ამასაც სამგზისი შეკითხვით აღასრულებს. პირით აღმოსავლეთისკენ დგომა ბოროტებისგან გამოქცეული ადამიანის საღმრთო ნათლისადმი მზერის გამოხატულებაა; ხელების აწვდენა ღვთითმოშურნე კაცის ლოცვის ჟესტია ("პეპარრისიასმენინ პროსევხინ"); ის, რომ მოსანათლავი სამგზის აღიარებს თავის გადაწყვეტილებას შეუერთდეს ქრისტეს, ღმერთთან მისი ყოფნის ურყევი აღთქმის აღიარებაა.

ამგვარად, მას, - ვინც განეშორა ყოველგვარ ბოროტებას და მთელი სულითა და გულით მიეახლა ყოვლადსრულყოფილ სიკეთეს, - ეპისკოპოსი სამგზის გამოსახავს ჯვარს (სცხებს მას შუბლზე) ზეთით და წარუდგენს მღვდლებს, რათა მათ აღასრულონ სხეულის დანარჩენი ნაწილების ზეთისცხება. ეს ცხება ნიშნავს მოსანათლავის მომზადებას წმიდა ღვაწლისთვის, რის საფუძველზეც, მისდევს რა ქრისტეს, ვინც პირველად დაამოწმა პონტოელი პილატეს წინაშე, საიდუმლოდ კვდება მასთან (ქრისტესთან) ერთად და ცოდვისთვის უკვე აღარ ცოცხლობს.

საღმრთო ნათლისღება წარმოადგენს ქრისტეს სიკვდილის სახეს. წმიდა ზეთისცხების შემდეგ, მას დაუყოვნებლივ მიიყვანენ წმიდა ემბაზთან, რათა წინაგანიწმინდოს ("პროკატაგიასტისი") მრავალგვაროვანი და სრულიადწმიდა მოქმედებებითა და ლოცვითი მოწოდებებით; შემდეგ კი იერარქი ნათლავს მას წყალში სამგზის შთაფლვით, ყოველ შთაფლვაზე კი მოუწოდებს სამი ღვთაებრივი და თაყვანსაცემი იპოსტასის სახელს.

3. წყალს განმწმენდი თვისება გააჩნია, მაგრამ არა სულებთან მიმართებაში; მასში შთაფლული განიბანება ხორციელი, მაგრამ არა ცოდვისგან მომდინარე სულიერი სიბინძურისგან; ამიტომაც, წყალმა რომ ამგვარი თვისება შეიძინოს, მასში, ჩვენ ცოდვილთათვის, შთაიფლვის სულთა მამა და მკურნალი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა ქრისტე, რომლის ნათლისღებასაც დღეს ვზეიმობთ. თავისთან ერთად მან (ქრისტემ) წყალში ჩანერგა ყოვლადწმიდა სულის მადლი, რომელიც ზეგარდმო გარდამოიწვია, რათა შემდეგ, წყალში შთაფლულთათვის, თვითონაც ყოფილიყო წყალში და მისი სულიც, და ამგვარად, მათ ენით გამოუთქმელი, გონიერ არსებათა განმწმენდელი და განმანათლებელი მადლი მიეღოთ; და ეს არის ის, რასაც ბრძანებს ღვთაებრივი პავლე: "რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალატ. 3:27).

წყალში სამგზის შთაფლვა ხდება ცხოველმყოფელი სამების პირთა მოწოდებით, მაგრამ ამავდროულად გამოხატავს უფლის სამდღიან დამარხვას. წყალში სამგზის შთაფლვას ამდენივე აღმოსვლა მოსდევს, რადგან სხვაგვარად ვერ შესრულდებოდა სამგზისი შთაფლვა; ამდენადვე აღნიშნავენ ისინი სამნაწილიანი სულის ცოდვისგან აღდგომას და უხრწნელებისკენ ამ სამის, - გონების, სულისა და სხეულის წარმართვას. ასე რომ საღმრთო ნათლისღებაში შეიძლება ვნახოთ სიკვდილიც და სიცოცხლეც, დამარხვაც და აღდგომაც, უფლის ხატისამებრ, "რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა" (რომ. 6:10); და თვითონაც ბრძანებს: "არღარა მრავალსა ვიტყოდი თქუენ თანა, რამეთუ მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა პოოს არარაჲ" (იოანე 14:30); ასე უნდა იყოს ჩვენთან მიმართებაშიც, ვინც მისი სიკვდილის მიმართ მოვინათლეთ; რადგან, საღმრთო ნათლისღების გზით, მოვკვდით რა ცოდვისთვის, იმის შემდეგ, რაც ქრისტე აღდგა მკვდრეთით "სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს" (რომ. 6:9); ასევე ჩვენც, ცოდვით დაცემისგან საღმრთო ნათლისღებით აღდგომის შემდეგ, უნდა ვიღვწოდეთ იმისთვის, რათა კვლავ ცოდვის მონობაში არ აღმოვჩნდეთ. "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით" (რომ. 6:3-4).

4. ამიტომაც, იერარქი, შემოსავს რა მონათლულს ნათელი შესამოსელით და სცხებს რა მას ღვთაებრივ მირონს, ქრისტეს ხორცსა და სისხლსაც აზიარებს და გამოაჩენს მას შვილად ნათლისა, ქრისტეს ერთი სხეულის წევრად და საღმრთო სულის თანამოზიარედ. სწორედ ამიტომ ავღორძინდებით და ვხდებით შვილ ღმრთისა, ვხდებით ზეციერნი - ნაცვლად მიწიერისა; მარადიულნი - ნაცვლად წარმავალისა, რადგან ღმერთმა საიდუმლოდ ჩანერგა ჩვენს გულებში ზეციური მადლი და მიშვილების ბეჭედი; საღმრთო მირონცხებით აღგვბეჭდა სულიწმიდით, ოღონდ თუკი ამ აღსარებას ბოლომდე ურყევად დავიცავთ და ჩვენს მიერ აღთქმულს საქმეებითაც განვამტკიცებთ, ხოლო თუ რამეს ვერ გავაკეთებთ, სინანულის საიდუმლოში ავინაზღაურებთ.

ამიტომაც საღმრთო ნათლისღების შემდეგაც არის საჭირო სინანულის საქმენი; თუკი ის არ გაგვაჩნია, ჩვენი ღმრთისადმი აღთქმული სიტყვები არა თუ ვერაფერს გვარგებს, არამედ განგვსჯის კიდეც. "სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო" (ეკლ. 5:4); და როგორც მოციქულთა თავი პეტრე ბრძანებს: "უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებისგან. სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა" (2 პეტრე. 2:21; იგავნი 26:11); სხვა მოციქულიც ამბობს: "მიჩვენე მე შენი რწმენა შენს საქმეთაგან" (იაკობი 2:18); და კიდევ: "ვინაა თქვენს შორის ერთგული? გვიჩვენოს თავისი რწმენა კეთილი ქცევით" (იაკობი 3:13. პარაფრ.). ხოლო თვით უფალი ბრძანებს: "რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?" (ლუკა 6:46). ამიტომაც, ღმერთი, ცოცხალი და ჭეშმარიტი, ჩვენგანაც ითხოვს ჭეშმარიტ აღთქმებს და ცოცხალ რწმენას და არა მკვდარს; ხოლო "რწმენა მკვდარია საქმის გარეშე" (იაკობი 2:26).

წყარო: Григорий Палама. Беседы (омилии) святителя Григория Паламы. Часть 1. Перевел с греч. архим. Амвросий (Погодин). – М.: Паломник, 1993 (репр. переизд.: Монреаль: Изд. Братства преп. Иова Почаевского, 1965).

https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Palama/homilia/61

TOP. GE
Назад к содержимому