განმარტებანი - ჯვრის ამაღლება - როგორი შეხება აქვს ჩვენთან ამ დღესასწაულს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ჯვრის ამაღლება - როგორი შეხება აქვს ჩვენთან ამ დღესასწაულს
ჯვართამაღლების დღესასწაული
ჯვარს საუკუნეების განმავლობაში რთავდნენ ოქროთი, ვერცხლით და ძვირფასი თვლებით, და ამ დღეს "აღმართავდნენ" მას ეკლესიის მღვდელმსახურები. მაგრამ ვერავითარ მორთულობას ვერ ძალუძს დაჩრდილოს ჯვრის - დასჯის ამ სამარცხვინო და მტანჯველი იარაღის თავდაპირველი მნიშვნელობა, რომელსაც მიამსჭვალეს ყველასგან მიტოვებული, ტკივილებით გაწამებული და წყურვილით გათანგული ადამიანი... და აზრს ამ უნიკალური დამარცხებისა, რომელიც გახდა გამარჯვებისა და ზეიმის საფუძველი.
 
XX ს-ის მიწურულს უცხოეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოპრესვიტერი, ღვთისმეტყველი ალექსანდრე შმემანი წერდა: "წელს, ისევე როგორც ყოველწლიურად, აღსრულდება ეს უძველესი ჩვეულება. მაგრამ ტაძრის ირგვლივ იქუხებს უზარმაზარი ქალაქი ისე, რომ თანაზიარი არ იქნება ამ უძვირფასესი ზეიმის; მასთან არანაირი კავშირის მქონე მილიონობით ადამიანი გააგრძელებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას, საკუთარი მღელვარებებით, ინტერესებით, სიხარულით, მწუხარებით, და არანაირი კავშირი არ ექნება იმასთან, რაც აღსრულდება ამ ტაძრებში.
 
მრავალი ქრისტიანი კმაყოფილია მით, რომ ზიზღით და ამრეზით უფლებას აძლევენ "აღასრულოს საკუთარი წეს-ჩვეულებები", ოღონდ ჩუმად იყონ, მორჩილად და წუთისოფელს ხელი არ შეუშალონ აწარმოოს თავისი ცხოვრება და მიზნები - ოღონდ, უღმერთოდ, უქრისტეოდ, ულოცველად, რწმენის გარეშე. ისინი არიან დაღლილი ქრისტიანები, რომლებსაც უკვე არც კი ახსოვთ რა თქვა ქრისტემ იმ ღამეს, როდესაც ჯვარცმისთვის ემზადებოდა: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას" (ინ. 16:33).
 
ჯვართამაღლების დღესასწაული - ერთ-ერთი ათორმეტ მართლმადიდებლურ დღესასწაულთაგან, - დაწესდა უფლის ჯვრის მოპოვების საპატივცემოდ. ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 335 წელს იერუსალიმში, გოლგოთას ახლოს, არქეოლოგიური გათხრების დროს. მისი ორგანიზატორები იყვნენ პალესტინაში ჩამოსული იმპერატრიცა ელენე, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედა, და იერუსალიმის ეპისკოპოსი მაკარი.
 
ამ დღეს, ასწლეულების განმავლობაში, ტაძრებში, რომელშიც თავს იყრიან სასულიერო დასის წარმომადგენლები, ტაძრის შუაგულში ტაძარში მლოცველებზე აღამაღლებდნენ ჯვარს და მისით ქვეყნიერების ოთხივე კუთხეს აკურთხებდნენ გუნდის ომახიანი გალობით: "უფალო, შეგვიწყალენ!"
 
ეს იყო ქრისტიანული იმპერიის დღესასწაული, რომელიც დაიბადა იმ დღეს, როდესაც, გადმოცემის მიხედვით, იმპერატორმა კონსტანტინემ იხილა ჯვრის ნიში ცაში და სიტყვები: "ამით სძლიე!" ეს არის მიწიერ სამეფოებზე, კულტურებზე და ცივილიზაციებზე ქრისტიანობის გამარჯვების დღესასწაული. იმ ქრისტიანული სამყაროს ზეიმი, რომელიც ნაწილ-ნაწილ იშლება ჩვენს თვალწინ.
 
საეკლესიო გადმოცემამ შემოგვინახა წმიდა ჯვრის მოპოვების რამოდენიმე ვერსია. მათგან ყველაზე უძველესისი მიხედვით - მას იმოწმებენ V ს-ის საეკლესიო ისტორიკოსები, - ჯვარი და დაფა, რომელზეც წარწერილი იყო ქრისტეს სახელი, ასევე ლურსმნები, რომლებითაც ის ჯვარზე მიამსჭვალეს, იპოვეს ვენერას ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, რომლებიც რომაელებმა აღმართეს მათ მიერ დანგრეული იერუსალიმის ტაძრის ადგილზე. მაგრამ რადგან გათხრის დროს ნაპოვნი იქნა სამი ჯვარი, ეპისკოპოსმა მაკარიმ წინადადება შესთავაზა იქ მყოფთ თითოეული ჯვარი მიედოთ მძიმედ დაავადებული დედაკაცისთვის: იმ ჯვრისგან, რომელზეც ქრისტე იყო მიმსჭვალული, ავადმყოფი დედაკაცი განიკურნა.
 
სხვა გადმოცემის მიხედვით, რომელმაც უფრო მეტი გავრცელება ჰპოვა შუასაუკუნეებში, ადგილი, სადაც უნდა მოეძებნათ უფლის ჯვარი, იმპერატრიცა ელენეს უკარნახა ერთმა ძველმა ებრაელმა სახელად იუდა, - ხოლო თუ რომელი იყო უფლის ჯვარი განსაზღვრეს მით, რომ სამივე ჯვარი რიგ-რიგობით მიადეს მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს იქვე მიასვენებდნენ. უფლის ჯვრის შეხებისთანავე მიცვალებული აღდგა. შემდეგ იუდა მოინათლა კვირიკეს სახელით. ეს თქმულება იმ სავალდებულო საეკლესიო ტექსტების რიცხვშიც შევიდა, რომლებიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე საკითხავად არის განწესებული.
 
ამავდროულად ეს დღესასწაული იმთავითვე წარმოადგენდა მრავალდღიანი ზეიმობის შემადგენელ ნაწილს, რომელიც იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლების საპატივცემოდ დაწესდა. სადღეისოდ ეს ზეიმი ჯვართამაღლების დღესასწაულის წინა დღეს, 26 სექტემბერს აღინიშნება.
 
70 წელს ქრ. შ.-დან იმპერატორ ტიტუსის ჯარებმა, აიღეს რა ქალაქი, უბრალოდ კი არ დაანგრიეს იერუსალიმის ტაძარი, არამედ, თითქოსდა ქრისტეს წინასწარმეტყველების (მკ. 13:1-2) უზუსტეს აღსრულებას შეუდგნენო, ბუკვალურად ქვა ქვაზე არ დატოვეს. ხოლო II ს-ში, იმპერატორ ადრიანეს დროს, გაპარტახებული იერუსალიმის ადგილზე რომაელებმა ააგეს ახალი ქალაქი - ელია კაპიტოლინა. უფლის საფლავი მიწით და ქვებით დაიფარა, გოლგოთაზე კი ვენერას ტაძარი ააშენეს.
 
და აი, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით ამ ადგილზე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. მას 10 წელი აშენებდნენ. იმპერატრიცა მის დასრულებას ვერ მოესწრო - ის 327 წელს გარდაიცვალა, სამშენებლო სამუშაოები კი 335 წელს დასრულდა. იმავე წელს ქ. ტირში (თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე) მიმდინარეობდა საეკლესიო კრება, და მასში მონაწილე ყველა ეპისკოპოსი მიწვეულ იქნა ახალი ტაძრის კურთხევაზე. ამასთანავე ამ დღეებში იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის 30-ე წელსაც აღნიშნავდნენ, და ზეიმობა ძალიან საზეიმო და ბრწყინვალე გამოვიდა. იმავე დღეს იკურთხა მთელი ქალაქი იერუსალიმიც, ხოლო ამის მოსაგონებლად დაწესდა საეკლესიო დღესასწაულიც.
 
VII ს-ისთვის ტაძრის განახლებისა და ჯვართამაღლების დღესასწაულთა კავშირი თითქმის დაიკარგა - შესაძლოა, სპარსთა შემოსევების გამო, რომლებმაც 614 წელს გაძარცვეს იერუსალიმი და ნადავლად თან ჯვარიც წაიღეს. ამ სიწმიდის დაბრუნება 14 წლის შემდეგ მოახერხა იმპერატორმა ირაკლიმ და ის საზეიმოდ გადააბრძანა იერუსალიმში. ის მაღლა აწეული მიჰქონდათ და ყველა მხარეს აბრუნებდნენ, რათა ყველა მომლოცველს ენახა იგი. ჯვართამაღლების დღესასწაულმა ორმაგი მნიშვნელობა შეიძინა.
 
კონსტანტინოპოლში უფლის ჯვრის თაყვანისცემა, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროს დაიწყო, სიწმიდის "სპარსელთა ტყვეობიდან" დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთ უმთავრეს დღესასწაულად იქცა ლიტურგიკულ წელიწადში. მაცხოვრის ჯვარზე ვნებების მოსაგონებლად ამ დღეს დაწესდა მძიმე მარხვა. ხოლო ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები მრავალრიცხოვან პატარა ლუსკუმებში მთელ ქრისტიანულ სამყაროს დაეგზავნა.
 
 
***
 
დღესასწაულის კონდაკში იგალობება: "... ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა და ძლევაჲ მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი".
 
მაგრამ ამ ძლევას რომ ვეზიაროთ, საჭიროა ჯერ ქრისტეს მოწოდებას გამოვეხმაუროთ: "ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე" (მკ. 8:34). საჭიროა "განვუდგეთ საკუთარ თავს" - ანუ უარვყოთ ყოველივე ცუდი და კარგი, საკუთარი ცოდვები და საკუთარი სიმართლე, საკუთარი ვნებები და საკუთარი დამსახურებები... ამისთვის კი - დასაწყისშივე - უბრალოდ გონს უნდა მოვეგოთ, როგორც მოეგო გონს უძღები შვილი. ან თუნდაც შევიგნოთ, რომ სწორედ შენ (ადამიანს) და სხვას არავის განეკუთვნება ტაძრის შუაგულში დასვენებული წმიდა ჯვარი.
 
 
წყარო: .foma.ru.

საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому