განმარტებანი - წმიდა მამათა სწავლანი სინანულის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმიდა მამათა სწავლება სინანულის შესახებ
ქრისტე და ცოდვილი ქალი
წმ. იოანე ოქროპირი: "თუ დროულად შევინანებთ და ვითხოვთ პატიებას, უფალი მოგვიტევებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღვთის კაცთმოყვარების დამარცხება შეეძლოს".

მისივე: "დროის სიმცირე არ ზღუდავს ღვთის კაცთმოყვარებას".

ღირ. ეფრემ ასურელი: "შენ სინანულისა გრცხვენია და წითლდები ცოდვებს რომ აღიარებ. ცოდვის ჩადენისა გრცხვენოდეს და არა სინანულისა. თავად განსაჯე: თუ დროულად არ იტყვი აღასრებას აქ, ამქვეყნად, მთელი სამყაროს წინაშე გამოცხადდება შენი ყოველი შეცოდება, და მაშინ სად უფრო მეტი შერცხვენა გელის? ან მეტი სატანჯველი? საქმეში გაბედულნი ვართ და კადნიერნი, ხოლო აღსარების თქმისას ვყოვნდებით".

მისივე: "ღმერთს ჩვენგან ჩვენივ შეცოდებათა მოსმენა იმიტომ კი არ სურს, რომ არ იცის მათ შესახებ, არამედ ნებავს, რათა თავადვე აღვიარებდეთ ჩვენს დაცემას".

მისივე: "ღმერთი სჯის მოუნანიებელთ, ხოლო ღვთისმოშიშთ იხსნის, მაშ იჩქარე, ილოცე და იხსენ თავი შენი, რამეთუ მსწრაფლშემწე არს უფალი".

მისივე: "სინანული არ არის შეზღუდული დროით".

მისივე: "ვაღიაროთ ჩვენი შეცოდებანი, შევინანოთ, რამეთუ ჟამი არს გლოვისა და სინანულისა; ვიღვაწოთ აქ მცირედ, რათა იქ არ დავისაჯოთ".

მისივე: "ნუ იტყვი: "დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებ"-ო, არამედ გიჯობს დღესვე შეინანო შენი საქციელი, რამეთუ არ უწყი იცოცხლებ თუ არა ხვალამდე".

ისააკ ასურელი: "სინანული ხომალდია, ხოლო შიში მისი მესაჭე, ღვთის სიყვარული კი არის ღვთაებრივი ნავთსაყუდელი".

წმ. ამბროსი მედიოლანელი: "ღმრთის გარეშე ვის ძალუძს ცოდვათა მიტევება, რომელიც ამავე დროს მიუტევებს მათი მეშვეობით, ვისაც მიანიჭა ეს ძალაუფლება. ამ უფლებით კი მხოლოდ სამღვდელოებაა აღჭურვილი. ადამიანები ოდენ ცოდვათა მიტევების საიდუმლოს ასრულებენ და არავითარ, საკუთარ ძალმოსილებას არ ავლენენ, რამეთუ საკუთარი სახელით კი არ მიუტევებენ ცოდვილთ, არამედ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით; ისინი ითხოვენ, - ღმერთი კი ანიჭებს; აქ მხოლოდ მორჩილებაა ადამიანური, - ცოდვათა მიტევება კი უზენაეს მსაჯულს ეკუთვნის".

ამბა ილიამ თქვა: სამი რამის მეშინია: როდესაც სული სხეულს დატოვებს, როდესაც უფლის წინაშე წარდგომა მომიწევს და როდესც ჩემი საბოლოო მსჯავრი წარმოითქმის.

ამბა ანტონი ამბობდა: თუ ჩვენს თვალთა წინ იქნება შიში ღვთისა მუდამ გვემახსოვრება სიკვდილი; მოვიძულებთ სოფელს და ყოველივეს, რაც მასშია; მოვიძულებთ ყოველგვარ ხორციელ განცხრომას, განვეშორებით ამ ცხოვრებას, რათა ღვთისთვის ვიცხოვროთ. გვახსოვდეს, რაც უფალს აღვუთქვით, რადგან სამსჯავროს დღეს ის პასუხს მოითხოვს ჩვენგან. ვიყოთ მწყურვალენი, შიშველნი, მღვიძარენი, მგლოვარენი, გულშემუსვრილნი; გამოვცადოთ საკუთარი თავი, შევიქენით თუ არა ღვთის ღირსნი; შევიყვაროთ ჭირი, რათა შევიმოსოთ უფალი; მოვიძულოთ ხორცი, რათა ვიხსნათ სული.

წმ. იოანე სინელი: ჭეშმარიტი სინანული არის მწუხარების გარეშე ყოველგვარი ხორციელი ნუგეშის მოკლება.

მისივე: ნათლისღების შემდგომ ყველაზე დიდი ცრემლთა წყაროა, რაც უნდა კადნიერად ჟღერდეს ეს სიტყვები. ნათლისღება პირველქმნილი ცოდვებისგან გვწმენდს, ხოლო სინანულით ნათლისღების შემდგომ ჩადენილი ცოდვები მოგვეტევება. ბავშვობაში მიღებულ ნათლისღებას ვრყვნით, ცრემლებით კი ნათლისღებას განვაახლებთ. ღმერთს რომ ჩვენთვის ეს არ მოენიჭებინა, ძნელად თუ ვინმე ცხონდებოდა.

მისივე: საყვარელო, მთელი ძალით მიეცი გლოვასა და სანატრელ ლმობიერებას და არ დაანებო თავი, ვიდრე ამა სოფლის ყოველ საქმეზე არ აგამაღლებს და განწმენდილს არ წარგადგენს ქრისტესთან.

მისივე: ძრწოლით დადექი ლოცვაზე, ისევე როგორც დასჯილი ავაზაკი დგას ხოლმე მსაჯულის წინაშე, რათა შენმა გარეგნობამ და შინაგანმა განწყობილებამ მართალი მსაჯულის გულისწყრომა დაშრიტოს. არ დატოვებს ის უყურადღებოდ მგლოვიარე სულს, რომელიც ქვრივი დედაკაცის მსგავსად დამწუხრებული დგას მის წინაშე და მას, შეწუხებულს, აწუხებს.

მისივე: საყვარელო, გულით იყავი მწუხარე, და არა გარეგნულად; რადგან ეშმაკებს ისე აძრწუნებთ მწუხარება, როგორც ქურდებს - ძაღლები.

მისივე: ზოგიერთები, როცა ტირიან და ცრემლებს აფრქვევენ, ამაოდ ცდილობენ, ასეთ სანატრელ ჟამს არაფერზე იფიქრონ. და არ იციან, რომ პირუტყვის, და არა მეტყველის საქმეა დაუფიქრებლად ცრემლთა დენა.

მისივე: რაჟამს მგლოვიარეთ მრისხანებასა და ამპარტავნებას შევამჩნევთ, მათი ცრემლი და გლოვა სიცრუედ უნდა შევრაცხოთ. აბა, რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?

მისივე: არასწორი და ცრუ გლოვა შობს სიამაყეს, ხოლო ჭეშმარიტი გლოვა - ღვთისმიერ ნუგეშს.

მისივე: უდავოდ, სასარგებლოა ღვთის წინაშე დაღვრილი ყოველი ცრემლი.


საიტი "აპოკალიფსისი".

16.12.2020
Назад к содержимому