სწავლანი > განმარტებანი
მართლმადიდებლობის ზეიმი
დღესასწაული "მართლმადიდებლობის ზეიმი" დაფუძნდა XI საუკუნეში ხატმებრძოლეობის მწვალებლობის დამარცხების აღსანიშნად. ხატების მადევართა შორის იყვნენ ბიზანტიელი იმპერატორებიც, და პატრიარქებიც კი. ხატთაყვანისცემის ბურჯები იყვნენ მონასტრები. საერო ხელისუფლებამ ამით ისარგებლა და შეეცადა ხაზინისთვის დაებრუნებინა მონასტერთა მიწები, მუშები და საეკლესიო ღირებულებები.
726 წელს მოხდა ვულკანის ამოფრქვევა კრეტასთან ახლოს. ბიზანტიელმა იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა ეს მოვლენა აღიქვა როგორც ღმრთის სასჯელი ხატების თაყვანისცემის გამო, რომელთაც თვით იმპერატორი კერპებად მიიჩნევდა და დაიწყო ხატთაყვანისმცემელთა დევნა.
პირველი კადნიერი მოქმედება გახდა კონსტანტინოპოლის კარიბჭიდან მაცხოვრის ცნობილი ხატის ჩამოხსნა. ამასთან აღშფოთებულმა მოქალაქეებმა მოკლეს ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელსაც ხატის ჩამოხსნა დაევალა, რაც, თავის მხრივ, გახდა მიზეზი დაწყებულიყო ყველა ხატთაყვანისმცემლის მასშტაბური დევნა. 730 წელს ლეონ III-მ ხატთაყვანისცემა ოფიციალურად აკრძალა.
იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმეს დროს "... ხატებიდან ზოგს ჭაობში აგდეებდნე, სხვებს - ზღვაში, დანარჩენთ - ცეცხლში, ზოგ ხატს ხანჯლით შუაზე კვეთდნენ. ხოლო ტაძრების კედლებზე გამოხატულ ხატებს, - ზოგს რკინით ფხაჭნიდნენ, ზოგს კიდევ ღებავდნენ".
იმპერატორმა კონსტანტინე V-მ ბერების მიერ ხატების თაყვანისცემა პოლიტიკურად არასაიმედოდ გამოაცხადა. მათ დევნიდნენ მონასტრებიდან, ძალდატანებით აქორწინებდნენ, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ამათრახებდნენ, ასახლებდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ.
ცნობილია ასეთი შემთხვევაც: ერთხელ ერთი ნიკეელი ქვრივის სახლში ჯარისკაცთა რაზმი შეიჭრა. ისინი წმიდა გამოსახულებებს ეძებდნენ და ანადგურებდნენ. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შუბი აძგერა, მაგრამ მოხდა სასწაული, დაფიდან ადამიანის სისხლმა გამოჟონა. მოგვიანებით ამ ხატს ივერიის (მონასტრის სახელწოდების მიხედვით) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი უწოდეს. ის დღემდე იმყოფება ათონის ივერონის მონასტერში.
მხოლოდ იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ აღადგინა ხატთაყვანისცემა მისმა მეუღლემ თეოდორამ, და რომელიც დაამტკიცა 843 წლის საეკლესიო კრებამ. ამ დღეს, - დიდი მარხვის პირველ კვირას, - ქრისტიანები, ხატებით ხელში დედაქალაქის ქუჩებში ლიტანიობაზე ღიად გამოვიდნენ. სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავს ეკლესია ყოველი დიდი მარხვის პირველივე კვირა დღეს და მას "მართლმადიდებლობის ზეიმი" ეწოდება.
წყარო: foma.ru