განმარტებანი - მცირე აპოკალიფსისი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
მცირე აპოკალიფსისი

მათეს სახარების 24-ე თავის განმარტება
მცირე აპოკალიფსისი
იესუს ბოლო ქადაგება იყოფა ორ ნაწილად: პირველი არის აპოკალიპტური (თ. 24), და მეორე, - იგავებისგან შემდგარი ნაწილი, რომელიც პირველის ილუსტრირებას წარმოადგენს.

ეს ქადაგება ძლიერ განსხვავდება მთელი დანარჩენი სახარებისგან, რადგან ის განსაკუთრებული შინაარსისაა: აქ იესუ სამყაროს აღსასრულზე ლაპარაკობს აპოკალიპტიკის ენაზე, რასაც ჩვენ სახარებებში პირველად ვხვდებით. რაც შეეხება თვით ქადაგებას ის შედგენილ ხასიათს ატარებს, რადგან მასში შეერთებულია ქადაგებანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ადრე დამოუკიდებელნი იყვნენ. ამგვარი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან, რომლებთანაც ზოგიერთი გამონათქვამები სხვადასხვა ადგილას გვხვდება და განთავსებულნი არიან სხვა კონტექსტში (შეად. მთ 10:19-20; მთ. 10:22; ლკ. 17:31). ქადაგების მეორე თავისებურებას წარმოადგენს მისი ჟანრის განსაზღვრა, რადგან მასში შეერთებულია ქადაგების, ანდერძის, წინასწარმეტყველებისა და აპოკალიპტური ხედვის ელემენტები.

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ დიდი ადამიანი სიკვდილის წინ ამბობდა სიტყვას, რომელიც მიმართული იყო თავისი შვილების ან მიმდევრებისადმი, მაგალითად, იაკობი (დაბ. 48:21-49:28), მოსე (მეორე რჯლ. 31:28-30; 32), იეშუა ბენ ნუნი (იესუ ნავე 23-24), სამუელი (1 მეფ. 12), დავითი (1 პარ. 25-29:20) და სხვა. წმიდა წერილში ბევრი წინასწარმეტყველური წიგნია, და ადამიანებს, როგორც წესი, წარმოდგენა აქვთ წინასწარმეტყველებაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ მოვლენათა წინასწარმეტყველებაში მთავარი მოსახდენი მოვლენები როდია, ის შეიძლება არც კი იყოს ნახსენები. ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ადამიანებს არიგებს, აფრთხილებს, ამხელს, ითხოვს სინანულს და სულიერ ცვლილებას.

აპოკალიპტიკა კი დაინტერესებულია სხვა თემით - სამყაროს აღსასრულითა და ამ აღსასრულის წინა ჟამში ეკლესიისა და კაცობრიობის ხვედრით. ის გვეუბნება ისტორიის იმ პერიოდზე, როდესაც ღმერთი ისტორიის მსვლელობაში თავისი უშუალო და პირდაპირი ჩარევით ამარცხებს ბოროტებას და ამთავრებს ისტორიის მსვლელობას.

აპოკალიპტური ლიტერატურის ჯანრი ძალიან პოპულარული იყო აღთქმათშორის პერიოდში (ენოქის წიგნი, ეზრა, იუბილეთა წიგნი და მრავალი სხვა), მაგრამ კანონიკურ წერილშიც შეტანილია საკმაოდ მრავალი აპოკალიპტური ტექსტი: ესაიას, ეზეკიელის, იოველის და, უპირველეს ყოვლისა, დანიელის წინასწარმეტყველებათა ცალკეული თავები. მათეს სახარების 24-ე თავს, რომელიც მრავალ საკითხში იმეორებს მარკოზის სახარების 13-ე თავს, ბევრმა "მცირე აპოკალიფსისიც" კი უწოდა. ზოგიერთი მკვლევარი მათეს სახარების 24-ე თავს მიიჩნევდა იუდეო-ქრისტიანთა წრეებიდან გამოსულ ნაწარმოებს, რომელიც დაიწერა უშუალოდ ამბოხების წინ ან თუნდაც რომის წინააღმდეგ 66 წ.-ს მომხდარი ამბოხების დასაწყისში.

ამგვარი კომენტატორების აზრით, მსგავსი ტექსტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქრისტეს ქადაგება, თუნდაც იმიტომ, რომ აქ მოცემულია "ნიშნები", მათ კი, როგორც ცნობილია, ქრისტე არ იძლეოდა (მათე 12:39). მაგრამ ამ თავის ყურადღებით შესწავლა ათვალსაჩინოებს, რომ ეს "აპოკალიფსისი" მხოლოდ მოგვაგონებს ამ ჟანრის ნაწარმოებს. კლასიკურ აპოკალიფსისში თხრობა ყოველთვის სწარმოებს ძველი დროების ვინმე დიდი და ცნობილი პიროვნების სახელით, რომელსაც ყოველთვის ეძლევა გამოცხადება მომავალ მოვლენებზე. ამგვარი ადამიანი, როგორც წესი, ანგელოზს ცაში აჰყავს, თან დაჰყვება და მომავალ მოვლენებსა და მის წინამორბედ ნიშნებს უჩვენებს. აპოკალიფსისში ბევრი ასეთი საიდუმლო სიმბოლოა, რომელიც თავის განმარტებას ელის.

ამრიგად, იდუმალთმხილველისთვის ადრიდანვე ცნობილია მომავლის სცენარი, ასევე განსაკუთრებულ ნიშანთა მთელი სისტემა, რომლებიც ერთი პირიოდის დასასრულსა და ახალი პერიოდის დასაწყისზე მიანიშნებენ. ასეთია, მაგალითად, იოანეს აპოკალიფსისი, იმ განსხვავებით, რომ იდუმალთმხილველი აქ მოვლენათა თანამედროვეა და არა წარსულის დიადი ადამიანი, როგორც იყო თუნდაც ენოქი ან ადამი.

ამ "მცირე აპოკალიფსისში" არ გვხვდება აპოკალიპტური ლიტერატურის მრავალი ნიშანი  (წმიდა ომი, რომის განადგურება, სიძულვილის და შურისძიების გრძნობა, დიასპორის შეკრება, იერუსალიმის განახლება, ძალაუფლება წარმართებზე, ახალი, მომავალი საუკუნის სიუხვე, ნეტარება და სხვა). აი რატომ არის უმჯობესი ეს ტექსტი განსაზღვრულ იქნას, როგორც წინასწარმეტყველური ქადაგება ზოგიერთი აპოკალიპტური ელემენტით (მშობიარობის ტკივილები, უბედურებები, აღსასრული).

ამ ქადაგებით იესუ ამთავრებს მოწაფეთა განსწავლას და ამთავრებს თავის მიწიერ მსახურებას, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ მისი შინაარსი ეხება იერუსალიმისა და სამყაროს აღსასრულს.

მათეს სახარების 24-ე თავს რთული კომპოზიცია და ჩვენთვის უჩვეულო ლოგიკა გააჩნია. მისი გეგმა დაახლოებით ასეთია: 1) შესავალი (მ. 1-3); 2) "ნიშნები", რომლებიც სინამდვილეში არ წარმოადგენენ ნიშნებს (მ. 4-8); 3) მოწაფეთა დევნა (მ. 9-14); 4) "მეორე ნიშანი", ანუ წინასწარმეტყველება იერუსალიმის ხვედრზე (მ. 15-22), ცრუწინასწარმეტყველთა გამოჩენა (მ. 23-25); 6) "მესამე ნიშანი" ანუ წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულზე (მ. 26-31); 7) "მეოთხე ნიშანი", ანუ იგავი ლეღვის ხეზე (მ. 32-35); 8) მზადყოფნის საჭიროება, რადგან ნიშნები უკვე აღარ იქნება (მ. 36-44).

მკითხველი თუ ყურადღებით შეისწავლის ამ თავს, გაიგებს, თუ რატომ ჩავსვით სიტყვა "ნიშანი" ბრჭყალებში. იესუს თანამედროვე აპოკალიპტური თხზულებებისთვის (სამყაროს აღსასრულის მათი ნიშნებითურთ) - იესუმ სრულიად უგულებელჰყო ამგვარი ნიშნების გამოყენება, რომელთა წყალობითაც ადამიანს თითქოსდა შეუძლია სამყაროს აღსასრულის ჟამის გამოანგარიშება. კაცის ძე კი მოვა უეცრად, და ამიტომაც ადამიანები მუდმივად უნდა ფხიზლობდნენ, და არ იუქმონ, არ იზარმაცონ და მხოლოდ სამყაროს აღსასრულის წინ მოინდომონ სწრაფი სინანული.

24-ე თავი მთავრდება იგავით გონიერ და უგნურ მონებზე (მ. 45-51). ამავე თემას - მუდმივ მღვიძარებაზე, ჯილდოებსა და სასჯელებზე - აგრძელებენ 25-ე თავის ორი იგავი: ათ ქალწულზე (მ. 1-13) და დამარხულ ტალანტზე (მ. 14-27). ქადაგება მთავრდება უკანასკნელი სამსჯავროს დიადი სურათით (მ. 31-46).  


1. გამოვიდა იესუ ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.

2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
მცირე აპოკალიფსისი
იერუსალიმის დანგრევა. დევიდ რობერტსი (1850 წ.)

სინოპტიკოსები (მათე, მარკოზი და ლუკა მახარობლები) ზუსტად უთითებენ, თუ საითკენ გაეშურა მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად, კერძოდ, ელეონის მთისკენ (მთ. 24:3; მკ. 13:3), საიდანაც კარგად ჩანდა იერუსალიმიც, მთელი თავისი ბრწყინვალებით, და ტაძარიც. ეს დასტურდება შენიშვნებითაც (მთ. 26:6 და მკ. 14:3), საიდანაც ვხედავთ, რომ ელეონის მთაზე წარმოთქმული გრძელი "ესქატოლოგიური" ქადაგების შემდეგ, იესუ მივიდა ბეთანიაში. მან ტაძარი დატოვა სიტყვებით: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მთ. 23:38). მან თითქოსდა მტვერი ჩამოიბერტყა თავის ფერხთაგან (შეად. მთ. 10:14) იმ სახლის წინაშე, რომელიც ოხრად უნდა დარჩენილიყო. გზაზე, გარკვეული დროით, ტაძრის ნაგებობები არ ჩანდა. მაგრამ მკვეთრი მოსახვევის შემდეგ ის კვლავ წარმოუდგა ყველას მთელი თავისი დიდებულებით. მოწაფეებს, რომლებიც ქრისტეს ახლდნენ და, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ესმათ მისი სიტყვები ტაძრის გაპარტახების შესახებ, კარგად ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ უნდა მოსულიყო გაპარტახება ამ უდიდებულეს ადგილას, რომელიც ყველასთვის აშკარა იყო. ტაძრის მშენებლობა დაიწყო ქრ. შობამდე 20 წელს და დასრულდა 63 წ. ქრისტეს შობის შემდეგ. მისი ნაგებობები ჯერაც დაუსრულებელი იყო, მაგრამ მისი სიდიადე ყველას ანცვიფრებდა. ტაძარი სამყაროს ერთ-ერთი საოცრება იყო. რა აზრი ჰქონდა ამ ნაგებობას? ყველა იუდეველი იერუსალიმს და მის ტაძარს უკავშირებდა თავის სანუკვარ ოცნებას, რომელიც მესიის მოსვლით უნდა დაგვირგვინებულიყო. ახლა კი მესია ამბობს, რომ ტაძარი გაპარტახდება. ამიტომაც მოწაფეები მიეახლნენ ქრისტეს (ელეონის მთისკენ სვლის დროს) და ტაძრისა და მისი დამხმარე ნაგებობების სიდიადეზე მიანიშნეს. მარკოზის მიზედვით ცოტა სხვანაირადაა - მოწაფეები ქრისტეს არ მიანიშნებენ ტაძრის ნაგებობაზე, არამედ მას მხოლოდ ერთი მოწაფე ესაუბრება, თუ როგორი ქვები და როგორი ნაგებობები აქვს ამ ტაძარს; ლუკას მიხედვით კი, ოდნავ სხვანაირად, - ზოგიერთები, - როგორც ჩანს, მოწაფეთაგან, - გზაზე მიმავალ იესუს ეუბნებოდნენ, როგორი ძვირფასი ქვებითაა მორთული ტაძარი. ყველა ამ მონათხრობში იოტისოდენა წინააღმდეგობაც კი არ არის, რადგან ყველაფერი სწორედ ისე შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ისინი ჰყვებიან, თანაც ერთი ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას, სხვა კი - სულ სხვა რამეზე.

ექვთიმე ზიგაბენი (დაახლ. 1050-1122): "როდესაც მოწაფეებს ესმათ მაცხოვრის სიტყვები: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (ლუკა 13:35), - უკვირდათ, რომ ასეთი ტაძარი გაპარტახდებოდა; ამიტომაც მიუახლოვდნენ მას, რათა ტაძრის საუცხოო ნაგებობებისთვის მიეთითებინათ".

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): პირდაპირი აზრით (juxta historiam) ადგილის მნიშვნელობა გასაგებია. მაგრამ, გადატანითი მნიშვნელობით ეს ნიშნავს, რომ, როდესაც უფალი ტაძრიდან გამოვიდა, სჯულისა და მისი მცნებების მთელი ნაგებობა ისე უწესივროდ არეულიყო, რომ იუდეველებს არაფრის აღსრულება არ შეეძლოთ; თავის წართმევით კი სხეულის ყველა ნაწილი ერთმანეთს გადაემტერა.

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): რამდენადაც ქრისტემ თქვა: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათე 23:38) და კიდევ მანამდე აუწყა უამრავი უბედურებების შესახებ, მაშინ მოწაფეები, მოისმინეს რა ეს, გაკვირვებით მიუახლოვდნენ მას, ანახებდნენ ტაძრის სილამაზეს და გაოცებული არიან, ნუთუ ასეთი სილამაზე განადგურებულ იქნება, უძვირფასესი ქმნილება და ხელოვნების გამოუთქმელი მრავალფეროვნება? (75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე).

ეპისკოპოსი მიხაილი (ლუზინი) (1830-1887): "გამოვიდა იესუ ტაძრიდან" და ელეონის მთისკენ გაეშურა (შეად. მათე 24:3). მაშინ "მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის". როდესაც იესუმ ბრძანა: "და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად" (მათე 23:38), და კიდევ მანამდეც მრავალი უბედურებები იწინასწარმეტყველა, მოწაფეები, ეს რომ ესმათ, მიეახლნენ მას, ტაძრის ნაგებობათა მშვენიერებაზე მიუთითეს და გაოგნებულებმა ჰკითხეს, თუ როგორ უნდა განადგურებულიყო ესოდენი სილამაზე, ძვირფასი ნივთები და ხელოვნების გამოუთქმელი მშვენიერება" (ოქროპირი). "ტაძრის ნაგებობები" - ანუ არა მარტო ტაძარი, არამედ მისი მრავალი მინაშენი, სტოვები, ეზოები და სხვა, - რაც ერთობლიობაში ტაძრის სახელს ატარებდა.

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი (XI-XII სს.): ტაძრიდან გამოსვლით უფალმა აჩვენა, რომ იუდეველების დატოვებას აპირებს, და როგორც თქვა, რომ "დაეტეოს სახლი თქვენი უხრად", ისეც მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს, რადგან ისინი ამქვეყნიურად აზროვნებდნენ, შენობის სილამაზით ტკბებოდნენ და ქრისტეს ერთგვარად ამას უჩვენებდნენ. შეხედე, ცარიელს და რა ლამაზ შენობას სტოვებო. ამქვეყნიურისადმი მიჯაჭვულობისგან განსარიდებლად და ზეციურ იერუსალიმში შესაყვანად უფალი ეუბნება მათ: "აქ ქვა ქვაზე არ დარჩება", ანუ არ შეგფერით, რომ ამ ხრწნადი შენობის გიკვირდეთ, თითქოს დიდი რამ იყოს, არამედ მზერა ზეციურს უნდა მიაპყროთ და მას უნდა ეშურებოდეთ. გარდა ამისა, ის ტაძრის ხილულ დანგრევაზე მითუთებს, როცა გამოთქმის ამგვარ მკაცრ სახეს იღებს: "აქ ქვა ქვაზე არ დარჩება" (მათეს სახარების განმარტება. თ. 24. თბილისი. 2009 წ. გვ. 315).
მცირე აპოკალიფსისი
3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?

პროფ. ა. პ. ლოპუხინი (1852-1904): კედრონის ველზე რომ გადავიდნენ, ქრისტე და მოციქულები ვიწრო ბილიკით ბეთანიისკენ, ელეონის მთისკენ მიმავალ გზას აუყვნენ. მთის მწვერვალზე მათ შეისვენეს, ქრისტე ჩამოჯდა, შესაძლოა ორი შესანიშნავი კედარის ამწვანებულ ტოტებქვეშ, რომლებიც ოდესღაც ამ მთას ამშვენებდა. აქედან შთამბეჭდავი და ამაღლებული ფიქრების შთამაგონებელი სანახაობა იშლებოდა. ერთი მხრივ, ქვემოთ, წმიდა ქალაქი გადაშლილიყო, რომელიც უკვე დიდი ხანია მეძავობდა და ახლაც, ქრისტეს საზოგადოებრივი მსახურების უკანასკნელ დღეს, საბოლოოდ ამტკიცებდა, რომ თავისი მესიის მოსვლა ვერ შეიცნო. ქრისტეს ფერხთით მთის ფერდობები და გეთსიმანიის ბაღი გადაშლილიყო. მოპირისპირე ფერდობზე თავს იწონებდნენ ქალაქის კედლები და მათ შორის მდებარე ფართე მოედანი, რომელთაც მარმარილოს კოლონადა და ტაძრის მოოქროვილი გუმბათი ამშვენებდა. აღმოსავლეთით, იუდეის უდაბნოს მოშიშვლებული კლდოვანი გორაკების მიღმა, მოაბელთა მთების მეწამული რიგი მოსჩანდა, მზის ჩასვლის ფონზე ძვირფასი ქვების ჯაჭვივით რომ ელვარებდნენ. ღრმა, მზით გამოხრუკულ ტაფობზე მკვდარი ზღვის პირქუში წყლები ლივლივებდნენ. ამგვარად, მთის მწვერვალიდან, მაცხოვარი ყველგან ხედავდა კაცთა ცოდვისა და ღმრთის რისხვის ნაკვალევს. ერთი მხრივ მოქუფრულად ელვარებდა მკვდარი ზღვა, რომლის ფისოვანი და გამაბრუებელი ტალღები ხორციელი გარყვნილებისთვის მოწევნული საღმრთო სასჯელის მუდმივ მოწმობას წარმოადგენდა, ფეხქვეშ კი გადაშლილიყო სახელგანთქმული, მაგრამ დამნაშავე ქალაქი, რომელიც ყველა თავისი წინასწარმეტყველის სისხლს ღვრიდა და უკვე ელოდა შურისგებას უფრო საშინელი და ამაზრზენი დანაშაულისთვის.
 
დანაღვლიანებული ქრისტე ღრმა ფიქრებს მისცემოდა... შიშითა და კრძალულებით მას უახლოვდებიან ყველაზე საყვარელი და უახლოესი მოციქულები: პეტრე, იაკობი, იოანე და ანდრია. როდესაც იხილეს, რომ უფლის მზერა მიპყრობოდა დიდებულ ტაძარს, განმარტოებით მყოფს ჰკითხეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?" მათი კითხვა, როგორც ჩანს, მომდინარეობდა იმ ვარაუდიდან, რომ იერუსალიმის ტაძრის დანგრევა სამყაროს აღსასრულსაც უნდა დამთხვეოდა (Александр Павлович Лопухин. Руководство к Библейской истории Нового Завета. – СПб.: Тузов, 1889. С. 199-200).

წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): ისინი იმიტომ მიუახლოვდნენ განმარტოებით, რომ აპირებდნენ ძალზედ მნიშვნელოვანი რამ ეკითხათ. მათ მოუთმენლად სურდათ მისი მოსვლის დროის გაგება, რამდენადაც ძლიერ უნდოდათ ეხილათ ის დიდება, რომელიც ურიცხვ სიკეთეთა მიზეზი იქნებოდა. ორი მათგანი ეკითხება მას ამ ორი საკითხის შესახებ: "როდის მოხდება ეს?" - ესე იგი ტაძრის დანგრევა, "რა იქნება შენი მოსვლის ნიშანი"? ლუკა ამბობს, რომ კითხვა იყო ერთი - სახელდობრ, იერუსალიმის დანგრევაზე, რადგანაც მოწაფეები ფიქრობდნენ, რომ მაშინ იქნებოდა მისი მოსვლაც. ხოლო მარკოზი ამბობს, რომ ყველა არ ეკითხებოდა იერუსალიმის დაქცევაზე, არამედ მხოლოდ პეტრე და იოანე, როგორც მეტი კადნიერების მქონენი" (75-ე ჰომილია მათეს სახარებაზე).

ნეტ. იერონიმე სტრიდონელი (დაახლ. 347–419/20): ის იჯდა ზეთისხილის მთაზე, საიდანაც მომდინარეობ შემეცნების ჭეშმარიტი ნათელი; განმარტმოებით მყოფს მოწაფეები მიუახლოვდებიან, რადგან მომავალ ჟამთა საიდუმლოების ცოდნა სურდათ და ეკითხებიან მას სამ მოვლენაზე: როდის მოხდება იერუსალიმის დანგრევა? როდის მოვა იესუ ქრისტე? და როდის დადგება სამყაროს აღსასრული?

ანონიმური კომენტარი (IV ს.): მოწაფეებს აქ აინტერესებდათ, თუ როდის მოხდებოდა ისე, რომ, იესუს სიტყვების თანახმად, იერუსალიმში ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ამ და სხვა შეკითხვებით, ისინი სთხოვდნენ უფალს მათთვის სამყაროს აღსასრულის ჟამი მიეთითებინა, რომელზეც ქრისტემ დაიდუმა. ტაძართან დაკავშირებული კითხვა მოციქულებს თავიანთთვის აინტერესებდათ, ხოლო სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებული კითხვა ჩვენი სარგებლობისთვის დასვეს: ჩვენ არასოდეს გვინახავს ტაძრის დანგრევა ისევე, როგორც მათ არ უხილავთ სამყაროს დასრულება. ამიტომაც მათთვის თუ ტაძრის დანგრევის ნიშნების ცოდნა იყო სასარგებლო, ჩვენ სამყაროს აღსასრულის ნიშანთა ცოდნა მოგვიტანს სარგებლობას.
 
ყოველ მუშას სიამოვნებს სამუშაოს დამთავრება, და მოგზაურებიც მოუთმენლად ელიან სახლში დაბრუნებას; დაქირავებული მსახური დღეებს ითვლის წელიწადის გასვლამდე, გლეხი კი მუდმივად ელოდება მოსავლის აღების მოახლოვებას. ვაჭარი დღე და ღამე ამოწმებს თავის ქისას, მშობიარე ქალი კი მუდმივად მშობიარობისგან გათავისუფლებაზე ფიქრობს. ასე არიან ღმრთის მსახურნიც - ისინი მოუთმენლად ცდილობენ განჭვრიტონ სამყაროს აღსასრულის მოახლოვება, ვინაიდან: "სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი" (მათე 6:21). თუ დაგროვილ ძვირფასეულობას სკივრში ინახავ, ქუჩიდან სახლში შემოსული აკვირდები იმ ადგილს, სადაც შენი საგანძური იმალება. ასევე მიმართავენ თავიანთ მზერას წმინდანები იმ მხარეს, სადაც მათ გვირგვინები ელოდებათ. სამყაროს აღსასრულის ჟამის გაგება კიდევ იმიტომ არის სასარგებლო, რომ, როდესაც ადამიანი გზაშია, რაც უფრო უახლოვდება საკუთარ სახლს, მით უფრო ჩქარობს შინ მისვლას (წყარო PG 56:900).


წყარო: ekzeget.ru

საიტი "აპოკალიფსისი". 16.01.2021.

გაგრძელება იქნება.
Назад к содержимому