განმარტებანი - მომაკვდინებელი ცოდვები მართლმადიდებლობაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
მომაკვდინებელი ცოდვები მართლმადიდებლობაში
მომაკვდინებელი ცოდვები
ავტორი: მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი)

რა არის მომაკვდინებელი ცოდვა, უფრო ზუსტად მომაკვდინებელი ცოდვები და როგორია მართლმადიდებლური სწავლება მათ შესახებ? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვაოთ ვნებები (მყარი ცოდვითი მიდრეკილებები, რომლებიც სულის საშიშ დაავადებებს წარმოადგენენ) და თვით ცოდვები (მათ შორის მომაკვდინებლებიც) (ღმრთის მცნებათა ნებისმიერი დარღვევები).

ღირ. იოანე კიბისაღმწერელის თქმით "ვნებას იმას უწოდებენ, როცა აზრი ხანგრძლივადაა დაბუდებული სულში, ჩვეულებადაა ქცეული და გონება თავისით ილტვის მისკენ" (კიბე 15:99) (რუსულ გამოცემებში 15:73 – "აპოკ." რედ.). ასკეტ მამათა უმრავლესობა რვა მომაკვდინებელ ვნებას ასახელებს.

ღირ. იოანე კასიანე რომაელი, მათ მანკიერებებს უწოდებს და ამგვარი თანმიმდევრობით ჩამოთვლის: მუცელღმერთობა (ნაყროვანება), სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, ურვა (მწუხარება), მოწყინება, მზვაობრიობა, სიამაყე. უკანასკნელი ყველაზე საშიში ცოდვაა. მას შეუძლია ადამიანისგან განდევნოს ნებისმიერი სათნოება. ზოგიერთი, როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებზე ლაპარაკობს, ურვას და მოწყინებას აერთიანებს. მომაკვდინებლად ისინი იწოდებიან იმიტომ, რომ (თუ ადამიანს სრულიად დაიპყრობენ) შეუძლიათ მისი სულიერი ცხოვრების დარღვევა, რაც ცხონების დაკარგვას და მარადიულ წარწყმედას გამოიწვევს. წმიდა მამათა სწავლებით, ყოველი ვნების უკან განსაზღვრული დემონი დგას, რომელზე დამოკიდებულებაც ადამიანს ამა თუ იმ ვნების მონად შექმნის.

როდესაც რვა ვნებაზე ლაპარაკობენ, ამის დასტურს წმიდა სახარებაში პოულობენ: "როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება" (ლუკა 11:24-26). ყველა ამ ვნებას აერთიანებს ბნელეთის სამეფოსადმი კუთვნილება.

ღირ. ისააკ ასურელის თქმით ვნებაზე გასამარჯვებლად ღვაწლია საჭირო: "როდესაც ღმრთის სიყვარულის გამო რაიმე საქმის გაკეთებას გადაწყვეტ, სურვილის საზღვრად სიკვდილი დააწესე; და ამგვარად ყოველ ვნებასთან ბრძოლით მოწამეობრივ საფეხურზე ახვალ და არაფერი გევნება იმისგან, რაც ამ საზღვრის ფარგლებში შეგემთხვევა, თუკი ბოლომდე დაითმენ და არ მოეშვები" (Слова подвижнические. Слово 38).

ვნებები ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია. მრავალი მათგანი თავის ცხოვრებას ამ ვნებათა დაკმაყოფილებას უძღვნის და არ ფიქრობს იმაზე საგეჰენიოდ რომ ამზადებს საკუთარ თავს. ზოგს ეს შეგნებული აქვს, მაგრამ ვნებებს არ ებრძვის და უნაყოფოდ ცხოვრობს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ნება თავისუფალია.

წმ. ნიკიტა სტიფატი, როდესაც ცოდვასა და ვნებას შორის სხვაობაზე მსჯელობს, წერს: "ვნება სულში მოძრაობს, ხოლო ცოდვა ხორცის მიერ ხილულად აღესრულება. ასე, მაგალითად, - გემოთმოყვარება, ვერცხლისმოყვარება და პატივმოყვარება დამღუპველი სულიერი ვნებებია, ხოლო სიძვა, მევახშეობა და უსამართლობა - მათგან აღსრულებული საქმეები" (Добротолюбие, т.5, с. 92).

გამოთქმის "მომაკვდინებელი ცოდვები" საფუძველს წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებში ხედავენ: "თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი. ყოველგვარი უსამართლობა ცოდვაა, მაგრამ ყოველი ცოდვა როდია მომაკვდინებელი" (1 იოანე 5:16-17).

ბერძნულ ტექსტში დგას სიტყვა "პროს ფანატონ" - ცოდვა, რომელიც სიკვდილისკენ მიდის. სიკვდილში იგულისხმება სულიერი სიკვდილი, რომელიც ადამიანს ცათა სასუფევლის ნეტარებას აკარგვინებს. რომელია ეს მომაკვდინებელი ცოდვები? წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამ ცოდვებს კონკრეტულად არ ასახელებს.

მოციქულ პავლესთან ჩამოთვლილია ასეთი ცოდვები: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორინთ. 6:9-10).

მომაკვდინებელი ცოდვების გაფართოვება შეიძლება, თუკი მივმართავთ მოციქულის სხვა ეპისტოლეს: "ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი. უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი, რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ" (რომ. 1:29-32).

ერთი შეხედვით გასაკვირია, რომ ამ ჩამონათვალში არის ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა უსიყვარულობა, შეურიგებლობა, უმოწყალობა. ლაპარაკია იმგვარ ადამიანებზე, რომელთა ზნეობრივ ბუნებაში ეს მორალური თვისებები დომინირებენ. გზა ცოდვათაგან გათავისუფლებისკენ მხოლოდ ერთია - გულწრფელი სინანული და გამოსწორების მყარი გადაწყვეტილება. რაც მეტი - მით უკეთესი. რაც უფრო ხანგრძლივად ეწევა ადამიანი ცოდვილ ცხოვრებას, მით უფრო ზიანდება მისი სული.

ცოდვები სულიერი მამის მღვდელმოქმედებით იმწამსვე განქარდება. მაგრამ მათი კვალი სულში მაინც რჩება - და ის ადამიანს ძლიერ აწუხებს. ღვაწლისა და ვნებითი მიდრეკილებებისადმი წინააღმდეგობის შესაბამისად ეს ნაკვალევი ნელ-ნელა ქრება, მასთან ერთად კი წუხილიც იკლებს. ხოლო როდესაც ეს ნაკვალევიც სრულიად აღმოიფხვრება, - მაშინ სულიერი წუხილი საერთოდ ქრება. სული ცოდვათა მიტევებაში უკვე დარწმუნებულია. სწორედ ამ მიზეზით - "სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული" (ფსალმ. 50:19) ცხონების გზით მავალი ადამიანის ღვაწლის საფუძველთა საფუძველია" (Свят. Феофан Затворник. Собрание писем, вып. 3, письмо 499).

როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებზეა ლაპარაკი, აუცილებელია განვასხვაოთ: ცოდვათა მიტევება და სულის მკურნალობა. სინანულის საიდუმლოში ადამიანი ცოდვათა მიტევებას იმწამსვე იღებს, მაგრამ სულის გამოჯანმრთელება ასე უცებ როდი ხდება. შეიძლება მოვიტანოთ სხეულის ანალოგია. არსებობენ არც ისე საშიში სნეულებანი. ისინი ადვილად საკურნებელია და არანაირ კვალს არ ტოვებენ ორგანიზმში. მაგრამ არსებობენ მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებანი. ღმრთის წყალობითა და მკურნალთა ხელოვნებით ადამიანი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ადრინდელ მდგომარეობას ორგანიზმი შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს. ასეა სულიც, როდესაც მომაკვდინებელი ცოდვის (სიძვა, ოკულტიზმი და სხვა) შხამს იგემებს, ის სერიოზულად აზიანებს თავის სულიერ ჯანმრთელობას.

ხანგრძლივი სამოძღვრო გამოცდილების მქონე მღვდლებმა კარგად იციან, რაოდენ უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია მომაკვდინებელ ცოდვებში იმყოფებიან; რაოდენ ძნელია მათთვის სრულყოფილ, მყარ საძირკველზე დამყარებული სულიერი ცხოვრების აგება და ნაყოფის მიღება. მაგრამ არავინ უნდა მოიცვას ურვამ და სასოწარკვეთილებამ, არამედ მიმართოს ჩვენი სულისა და ხორცის მოწყალე მკრუნალს: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი;  რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა" (ფსალმ. 102"2-4).

წყარო: www.dishupravoslaviem.ru

სურათი აღებულია საიტიდან: dw.com/ru
Назад к содержимому