სწავლანი > განმარტებანი
"ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი"
(იოანე 3:19)
ნეტ. ავგუსტინე: (1) "სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 3:19). ძმანო, ვისი საქმე ჰპოვა უფალმა კეთილად? არავისი! ყველა ბოროტებას იქმოდა. მაშ, როგორ ცხოვრობდა ზოგიერთი სიმართლის მიხედვით და ელტვოდა ნათელს, რადგან შემდეგ ასე აგრძელებს: "სიმართლის მოქმედი კი მიელტვის ნათელს, რათა გაცხადდნენ მისი საქმენი, ვინაიდან ღმერთში არიან ქმნილნი" (იოანე 3:21)?
(2) როგორ იყო ზოგიერთი სიმართლის მოქმედი, რომ მიელტვოდა ნათელს, ანუ ქრისტეს? და რანაირად შეიყვარა ზოგმა ბნელი, ვიდრე ნათელი? თუკი უფალმა ყველანი ცოდვილებად ჰპოვა და ყველას ცოდვისგან კურნავს, და ის გველიც, რომელიც უფლის სიკვდილის წინასახე იყო, ყველა მისგან დაკბენილს კურნავდა, და გველისგან დაკბენილთა გამო უფლის სიკვდილის წინასახედ ამაღლებული იქნა გველი, - ანუ მოკვდავ კაცთათვის, რომლებიც მან უსამართლობის მოქმედად ჰპოვა, - მაშინ როგორ გავიგოთ სიტყვები: "სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 3:19).
(3) რას ნიშნავს ეს? ვისი საქმე იყო კეთილი? განა იმისთვის არ მოხველ, უფალო, რომ გაგემართლებინა უკეთურნი? მაგრამო, ამბობს, "ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი". აი რაზე გააკეთა მან აქცენტი: დიახ, მრავალმა შეიყვარა თავისი ცოდვები, მაგრამ მრავალმა აღიარა საკუთარი შეცოდებანი, ხოლო ვინც ცოდვებს აღიარებს და გმობს მათ, ის უკვე ღმერთთან ერთად მოქმედებს. ღმერთი ამხელს შენს ცოდვებს; და თუკი შენც ამხელ საკუთარ თავს, ერთიანდები ღმერთთან.
(4) არსებობს ორი რამ: ადამიანი და ცოდვილი. ის, რასაც შენ ადამიანს უწოდებ, ღმერთმა შექმნა; ხოლო ის, რასაც ცოდვილს - თვით ადამიანის ნამოქმედარია. მოსპე შენი შექმნილი, რათა ღმერთმა განკურნოს თავისი ქმნილება. საჭიროა, რათა შენც შეიძულო შენს თავში საკუთარი საქმეები და შეიყვარო ღმრთისა. ხოლო როდესაც ის, რაც შენ მოიმოქმედე შენთვისვე გახდება საძულველი, მაშინ დაიწყება შენი კეთილმოღვაწება, რადგან უკვე ამხელ შენსავ ბოროტებას. კეთილ საქმეთა დასაბამი - საკუთარ ბოროტ საქმეთა აღიარებაა. ამით შენ სამართლიანად იქცევი და მიელტვი ნათელს. რას ნიშნავს: "სიმართლის მოქმედი"? იმას, რომ არ ეპირფერები საკუთარ თავს, არ ხარ თავმომწონე, არ ცქმუტავ, არ ამბობ: "მე მართალი ვარ", მაშინ როდესაც არ გაქვს სიმართლე; და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგერქმევა "სიმართლის მოქმედი".
(5) ხოლო ნათელს ელტვი, რადგან გსურს აშკარა გახდეს შენი საქმები, რამეთუ ისინი ღმერთშია ქმნილი. შენი ცოდვა, რომელიც შენვე მოიძულე, არ შეგძულდებოდა, ღმერთს რომ არ გამოეაშკარავებინა ის შენთვის და მის ჭეშმარიტებას თვალი არ აეხილა შენთვის. მაგრამ, ვისაც შეგონების შემდეგაც უყვარს თავისი ცოდვები, მას სძულს შემაგონებელი ნათელი და გაურბის მას, რათა მისი საყვარელი ბოროტი საქმეები არ გამოაშკარავდეს. ხოლო ვინც სიმართლეს იქმს, ვინც ამხელს საკუთარ ბოროტ საქმეებს, ის თავს არ იზოგავს, არ ჰპატიობს საკუთარ თავს, რომ ღმერთმა მიუტევოს. ასეთი კაცი აღიარებს იმას, რისთვისაც ღმრთისგან მიტევება სურს; ელტვის ნათელს, მადლობს ღმერთს იმისთვის, რომ თვალი აუხილა იმაზე, საკუთარ თავში თუ რა უნდა სძულდეს. ის ღმერთს ევედრება: "გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აჴოცენ" (ფსალმ. 50:11). და როგორი სინდისით ეტყოდა ამას, თუ იქვე არ აღიარებდა: "რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის" (ფსალმ. 50:5)? დაე შენს წინაშე ყოველთვის იყოს ის, რაზეც არ ისურვებდი, რომ ღმერთის წინაშე ყოფილიყო. თუკი შენს ცოდვას ზურგს შეაქცევ, ღმერთი შენს მზერას მისკენ მიაბრუნებს. ის მიგაბრუნებს მაშინაც, როდესაც სინანულს უკვე არ შეუძლია ნაყოფი გამოიღოს.
9. (1) ძმანო ჩემნო, იჩქარეთ, "იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა" (იოანე 12:35). ნუ მიეცემით მთვლემარებას თქვენივ ცხონების გამო, ნუ დაიძინებთ, სანამ დროა. დაე ნურავინ გაუცხოვდება ღმრთის ტაძრისგან, ნურავინ გაუცხოვდება ღვაწლისგან უფლის სადიდებლად, დაე ნურავინ განშორდება განუწყვეტელ ლოცვას, დაე ნურავინ მიატოვებს ჩვეულებრივ ღვთისმოსაობას. მაშ ნუ დაიძინებთ, სანამ დღეა: დღე ნათელია, დღე - ქრისტეა. ის მზად არის მოგვიტევოს ცოდვები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუკი ვაღიარებთ ჩვენს შეცოდებებს. ის მზად არის დასაჯოს, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც თავს იმართლებს, ვინც თავს იქებს, რომ მართალია, ვინც იმედოვნებს, რომ რაღაცას წარმოადგენს, მაშინ როდესაც არარაა.
ხოლო ვინც მის სიყვარულშია და მის მოწყალებაშია, ასევე თავისუფალია ისეთი მომაკვდინებელი ცოდვებისგან, როგორიცაა მკვლელობა, ქურდობა, სიძვა-მრუშობა, არაფერი რომ არ ვთქვათ ისეთ ცოდვებზე, რომლებიც თითქოსდა ნაკლებმნიშვნელოვანია, კერძოდ, ბოროტსიტყვაობა, ბოროტგანზრახვა, თავშეუკავებლობა ნებადართულ საქმეებში, - ამგვარი მართალი აღმსარებლობისამებრ ვალს და კეთილი საქმეებით ნათლისკენ ილტვის. რამეთუ, მრავალი მცირე ცოდვაც, თუკი მათ არად ჩავაგდებთ, მომაკვდინებელია.
(2) უმცირესია წვეთი, რომელიც აღავსებს მდინარეს; უმცირესია ქვიშის მარცვალი, მაგრამ, თუკი გავამრავლებთ, დათრგუნავს და დამარხავს. წყალი ტრიუმში აკეთებს იგივეს, რასაც სწრაფმავალი ტალღა. ნელ-ნელა ავსებს ტრიუმს და, თუკი დიდი ხნის განმავლობაში გამოჟონავს და არ ამოტუმბავენ, დაძირავს ხომალდს. რას ნიშნავს "ამოტუმბვა", თუ არა იმას, რომ ჩვენი კეთილი საქმეებით ცოდვას არ მივცეთ ჩვენი ჩაძირვის შესაძლებლობა, შევინანოთ, ვიმარხულოთ, გავიღოთ მოწყალება და მივუტევოთ? მაგრამ ამ წუთისოფლის გზა ეკლიანია, და განსაცდელებით სავსე. დაე მან არ დაგაბრკოლოს შენს კეთილდღეობაში და არ გაგტეხოს უბედურებებში. მან, ვინც წუთისოფლის ბედნიერება მოგანიჭა, შენი ნუგეშინისცემისთვის გააკეთა ასე, და არა შენს გასაფუჭებლად. და კვლავ, ის, ვინც გამათრახებს შენ ამ საუკუნეში, ამას შენივე გამოსწორებისთვის ცდილობს; და კვლავ, ის, ვინც გწრთვნის ამ წუთისოფელში, ამას შენს გამოსასწორებლად აკეთებს, და არა დასასჯელად. საკუთარ თავში ატარე შენი აღმზრდელი მამა, რათა არ შეიგრძნო მასში დამსჯელი მსაჯული. ჩვენ ამის შესახებ ყოველდღიურად გელაპარაკებით და კიდევ უფრო ხშირად უნდა ვამბობდეთ, რადგან ეს სიტყვები კარგია და მაცხოვნებელი (წყარო: Толкование на Евангелие от Иоанна. Перев. проф. Тюленева В.М. Рассуждение 12. М. Сибирская благозвонница, 2020. - С. 317-321).
ექვთიმე ზიგაბენი: "სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 3:19). აი რაში მდგომარეობს ურწმუნოთა განსჯა: ისინი საკუთარ თავს სჯიან იმით, რომ გონების ნათლისა და ჭეშმარიტების გამოვლინებისას (აქ ქრისტე გულისხმობს საკუთარ თავს) მათ უფრო შეიყვარეს ბნელი, ვიდრე ნათელი. ვინც ნათლის არარსებობისას ბნელში იმყოფება, მას კიდევ შეიძლება ჰქონდეს გამართლება, თუმცა არ უნდა დარჩენილიყო ასეთ მდგომარეობაში, არამედ ნათელი უნდა ეძებნა; მაგრამ მას, ვინც ბნელშია მაშინაც კი, როდესაც მასთან ნათელი მოდის, არანაირი გამართლება არ ექნება. სულიერად სრულად გარყვნილი, ის თვალებს ხუჭავს ნათლის წინაშე და ბნელში ნებაყოფლობით რჩება, და არა მარტო თვითონ არ მიდის ნათლისკენ, არამედ პირიქით - როდესაც ნათელი მოდის მასთან, გარბის და ზურგს აქცევს თავის ცხონებას. შემდეგ იესუ გვამცნობს მიზეზსაც, თუ რატომ შეიყვარეს ადამიანებმა ბნელი. "ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი". ისინი გაურბოდნენ ნათელს, რათა მას მათი ბილწი საქმეები არ გამოჩენილიყო. მაგრამ ქრისტე მოვიდა არა იმისთვის, რათა პასუხი მოეთხოვა ჩადენილი საქმეებისთვის, არამედ მისატევებლად; მით უფრო მართებდათ მათ ნათელთან (ქრისტესთან) მიახლება.
წმ. იოანე ოქროპირი: ამ სიტყვათა აზრი ამგვარია: ადამიანები ისჯებიან იმის გამო, რომ არ სურთ, ბნელი დააგდონ და ნათლისკენ ისწრაფონ. ამგვარად ქრისტე ყოველგვარ გამართლებას აცლის მათ ხელიდან. იგი ამბობს: მხოლოდ დასასჯელად და მათ საქმეთა გამო პასუხის მოსათხოვნად რომ ვყოფილიყავი მოსული, მაშინ მათ შეეძლოთ ეთქვათ: აი, სწორედ ამიტომ განგშორდითო. მაგრამ მე მოველ, რათა ბნელისგან დამეხსნა და ნათელთან მიმეყვანა ისინი. ვინ შეიწყნარებდა ადამიანს, ვისაც ბნელიდან ნათელში გასვლა არ სურს? ამგვარად, ამბობს იგი, ისინი განგვეშორებიან ისე, რომ არაფერში ძალუძთ ჩვენი დადანაშაულება, პირიქით, მრავალი სიკეთე აქვთ ჩვენგან ბოძებული. ამის გამო მათ სხვაგანაც გაკიცხავს და ამბობს: "მომიძულეს მე უმიზეზოდ" (იოანე 15:25); და კვლავაც: "რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა" (იოანე 15:22). ვინც ბნელში სინათლის ნაკლებობის გამო ზის, მას იქნებ კიდევაც მიეღო შენდობა; მაგრამ ის, ვინც სინათლის მოვლნების შემდეგაც ბნელში რჩება, თავადვე მოწმობს, რომ გარყვნილი და ურჩია მისი ნება. მაგრამ რადგანაც ნათქვამი მრავალ დაუჯერებლად მიაჩნდა (ხომ წარმოუდგენელია, ვინმემ ბნელი არჩიოს ნათელს), ქრისტე აცხადებდა მიზეზსაც, რომლის გამოც ირჩევდნენ ადამიანები ამ ავ ბედს. რა მიზეზია ეს? "სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი" (იოანე 3:19).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: გამოუკვლეველს როდი ტოვებს მსჯავრს ურწმუნოზე, მაგრამ დანაშაულის მიზეზსაც შესძენს და ნათლად აჩვენებს, რომ "არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა" (იგავნი 1:17). თუკი მათ, ამბობს, ჰქონდათ რა შესაძლებლობა ყოფილიყვნენ განათლებულნი, მაგრამ ბნელში ყოფნა ამჯობინეს, განა სამართლიანად არ განუსაზღვრავენ საკუთარ თავს ბოროტებას? განა ნებაყოფლობით არ უქვემდებარებენ თავს იმას, რაც შეეძლოთ აეცილებინათ სწორად რომ შეეფასებინათ საგნები და ნათელი ერჩიათ ბნელისთვის და სათნოებებზე უფრო ეზრუნათ, ვიდრე მანკიერებებზე? მაგრამ კვლავ გაათავისუფლა ადამიანი აუცილებლობის საკვრელებისგან ორივესკენ მისწრაფებაში, რათა სამართლიანად მიეღო ქება კეთილის არჩევისთვის და სასჯელი ბოროტის არჩევისთვის, როგორც ეს თქვა სხვა ადგილას: "თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ" (ეს. 1:19-20) ("Толкование на Евангелие от Иоанна". Книга Вторая. Глава I. О том, что не по причастию и не как привзошедший присущ Сыну Святой Дух, но существенно и по природе пребывает в Нем).
თეოფილაქტე ბულგარელი: აქ ურწმუნოები მოკლებულნი არიან ყველანაირ თავის მართლებას. მარტო იმით კი არ გამოიხატა მათი შეცოდება, რომ ნათელს არ ეძებდნენ, არამედ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნათელი მივიდა მათთან და არ მიიღეს. ამის გამო ისინი მსჯავრდადებულნი არიან. ნათელი რომ არ მისულიყო, მაშინ ადამიანებს შეეძლოთ მოემიზეზებინათ, რომ სიკეთეს არ იცნობენ; მხოლოდ როცა ღმერთი სიტყვა მოვიდა ადამიანებთან და თავისი სწავლება გადასცა მათ, რათა განათლებულიყვნენ, მათ ნათელი (ანუ უფალი) არ მიიღეს, ამის შემდეგ ის ხალხი მოაკლდა ყველანაირ თავის მართლებას. რისთვის მიანიჭეს ადამიანებმა უპირატესობა ბნელს მეტად, ვიდრე ნათელს? იმიტომ, რომ - ამბობს იოანე მახარებელი - ადამიანთა საქმეები ბოროტია. რადგანაც ქრისტიანობა ითხოვს არა მარტო აზროვნების სისწორეს, არამედ პატიოსან ცხოვრებასაც, ხოლო მათ (ურწმუნოებმა) ისურვეს ცოდვების სიბილწეში ყოფნა, და რადგანაც ბოროტ საქმეებს აკეთებენ, არ სურთ ქრისტიანობის ნათლისკენ სწრაფვა და ჩემი კანონების მიმართ მორჩილებჰა - ამბობს უფალი.
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ. თებერვალი.