განმარტებანი - ფიცის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ფიცის შესახებ
 
ანუ
 
რა თვალსაზრისით აკრძალა ქრისტემ დაფიცება
დაფიცება
წყარო: Прибавление к «Творениям св. отцов», 1853

სწორი პასუხი რომ გავცეთ კითხვას, ნებადართულია თუ არა ფიცი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ქრისტეს სიტყვების სწორი ახსნა, რომელშიც ნათქვამია:

"კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.  ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია; ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია. ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.  არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია" (მათე 5:33-37).

ამ სწავლებიდან არ უნდა დავასკვნათ, თითქოსდა ფიცი მართლაც უპირობოდ აკრძალულია. მაცხოვარმა აჩვენა, რომ ძველი სჯული ესმოდა არა მხოლოდ სიტყვასიტყვით, არამედ იმ მიმართულებითაც, როგორიც მიიღო ძველმა სჯულმა იუდეველთა ცხოვრებასა და მხცოვანთა გადმოცემებში (მათე 5:20; შეად მათე 23:16, 18). შედეგად, მაცხოვრის სიტყვები ფიცის შესახებ ეხება მის თანამედროვე იუდაურ ჩვეულებას.

იესუ ქრისტეს მოსვლის წინ იუდეველი ერის ზნეობა ძლიერ დაეცა. ფარისევლური პირმოთნეობა, სადუკეველთა მავნე სწავლებები და ბიწიერება, სჯულის თვითნებური განმარტება - ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სჯულის ჭეშმარიტი აზრის მზარდ გაბუნდოვანებას. იუდეველთა შორის ურთიერთ უნდობლობა მატულობდა იმ ზომით, რა ზომითაც ქრებოდა ზნეობრივი სიმკაცრე, რის გამოც ისინი უკვე აღარ ჯერდებოდნენ ერთმანეთის უბრალო დარწმუნებას.

ფიცი, რომელიც თავიდან ჭეშმარიტების დასადასტურებლად გამოიყენებოდა საზოგადოებრივ და რთულ საკითხებში, ყოველდღიურ ჩვეულებაში გადაიზარდა. ნაკლებად მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო საქმეებში საჭიროებისა და მოყვასისთვის რაიმე სარგებლობის გარეშე, ზოგჯერ უწმინდური და გასაკიცხი მიზნებისთვისაც კი, იუდეველები ფუქსავატურად მიმართავდნენ ფიცით დარწმუნებას.

ფიცი, როგორც ჭეშმარიტების იარაღი თავისი არსით, ერის ბაგეებში მოტყუებისა და სიცრუის საფარველად გადაიქცა. თუ რა დონეზე ვრცელდებოდა ფიცით დაპირების ჩვეულება, ნაჩვენებია ჰეროდეს მაგალითზე (მარკ. 6:23, 26). აღიარებდნენ რა კანონიკურად მის ზოგიერთ სახეობას, იუდეველები არაქმედითად მიიჩნევდნენ დაპირებას, რომლებიც ფიცის სხვა სახეობებით იყო განპირობებული. ამისგან გაჩნდა სხვა უკიდურესობაც: ფიცით ინიღბებოდა არა მარტო იუდეველთა მზაკვრობა, არამედ მასში ცრუმორწმუნეობაც გამოსჭვიოდა.

ხშირი და არასაჭირო დაფიცებისადმი მიდრეკილებისდა მიუხედავად, იუდეველები სამართლიანად უფრთხოდნენ დეკალოგის მესამე მცნების დარღვევას. სინდისის დასამშვიდებლად მათ გამოიგონეს ფიცით მტკიცებანი, რომელშიც სულაც არ ახსენებდნენ ღმერთის სახელს, არამედ სხვადასხვა საგნებსა და სახელებზე უთითებდნენ. ისინი მცნებისადმი წინააღმდეგობას ვერ ხედავდნენ იმაში, რომ იფიცებდნენ ცასა და მიწას, ღმერთის სახელზე კი დუმდნენ. მაგრამ, მათში დაკნინდა წარმოდგენა ღმრთის ყოვლისმცოდნეობასა და ყველგანმყოფობაზე; ანიჭებდნენ რა საკუთარ სიტყვებს შეუვალი ჭეშმარიტების მხოლოდ სახეს, ფუქსავატურად ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფრისთვის არ დაექვემდებარებოდნენ ღმრთის სასჯელს. ნეტ. იერონიმეს მოწმობით, "იუდეველებს ყოველთვის ჰქონდათ ქმნილი ნივთებით დაფიცების სამარცხვინო ჩვეულება. დამფიცებელს უყვარს ის ან პატივს მიაგებს მას, ვისაც იფიცებს. - როდესაც იფიცებდნენ ანგელოზებს, იერუსალიმს, ტაძარს და სტიქიებს, იუდეველები ამით ქმნილებას და გრძნობით ნივთებს ღმრთის საფერ პატივს მიაგებდნენ".

სწორედ ამ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ დადო მაცხოვარმა თავისი  მცნება ფიცზე. ფიცის აკრძალვით მან მოთოკა ფუქსავატი ადამიანების ენა, რომლებიც მიჩვეულნი არიან ხშირ და არასაჭირო ფიცილს, რაიმეს ფიცით მტკიცებას. გამოთქმა "სულაც ნუ დაიფიცავ" მიმართულია ყოფით საქმეებსა და ადამიანთა ნაკლებადმნიშვნელოვან ურთიერთობებში ფიცის გამოყენებისკენ, სადაც არავინ უნდა ითხოვდეს და არც თვითონ უნდა იძლეოდეს ფიცს რაიმეს გამო. ყოველდღიურ ურთიერთობებსა და ჩვეულებრივ ლაპარაკში საკმარისია ითქვას - ჰო ან არა; ხოლო "რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია" (მათე 5"37).

გაუმართლებელია იმგვარი ფიციც, სადაც ადამიანები სულაც არ იყენებენ ღმრთის სახელს, არამედ სხვა რამით იფიცებენ, ოღონდ ღირსეული მიზეზის გარეშე, რაც იმავე ბოროტისგან მომდინარეობს, ამაოებითა და ცრუმორწმუნეობით რომ აბნელებს ადამიანთა სულებს. ამიტომაც მაცხოვარი კიცხავს იუდეველთა მიერ გამოგონილ იმ ფიცებსაც, რომლებშიც ღმრთის სახელი არ გამოიყენება. რადგან ის ფიციც კი, რომელშიც ღმრთის სახელი არ გამოიყენება, თავის საფუძველს ღმრთის სახელის ძლიერებაში ჰპოვებს, სხვაგვარად მას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა.
 
ღმერთი წმიდა ჰყოფს ფიცს, - აღნიშნავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. ზეცის დაფიცება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ "ღმერთის ტახტია" ; მიწის დაფიცება კი იმიტომ, რომ "მისი ტერფების კვარცხლბეკია" ; იერუსალიმისა კი იმიტომ, რომ "დიდი მეუფის ქალაქია" (მათე 5:35). ვინც ამ საგნებს იფიცებს, უყურადღებოდ ტოვებს მათში ყველგანმყოფი ღმერთის არსებობას და მით შეურაცხყოფს მის პატივსაცემ სახელს. მაგრამ იუდეველები კიდევ უარესისკენ მიიდრიკებოდნენ: ისინი საკუთარ თავსაც იფიცებდნენ, თითქოსდა უფლება ჰქონოდათ საკუთარ სიცოცხლესა და სიკვდილზე და სრულიად ივიწყებდნენ იმას, ვისი ნების გარეშე ადამიანს თავიდან ერთი ბეწვი თმაც კი არ ჩამოუვარდება. ამხელს რა ესოდენ ამაო და ცრუმორწმუნეობრივ ფიცილს, მაცხოვარი კიცხავს ფუქსავატ იუდეველთ: "არ შეგიძლიათ არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება" .

აქედან ჩანს, რომ უფალი ფიცს უწმიდეს საქმედ მიიჩნევს, რომელსაც არ უნდა მიუდგე ფუქსავატურად. პირველდაწყებითი ფიცის არსებითი შინაარსის დაკნინების გამო, რომელსაც საფუძვლად ედო ყველგანმყოფი, მართლმსაჯული და ყოვლისმცოდნე ღმერთის სახელი (მეორე სჯული 6:13), უფალი კრძალავს ფიცის უგუნურ და არაკეთილგანზრახულ ცვლილებას. მაგრამ, კრძალავს რა ფიცის ფუქსავატურ და თვითნებურ შეცვლას, მაცხოვარი ხელუხლებლად ტოვებს იმ ზოგიერთ საზოგადოებრივ პირობას, რომელიც მას აუცილებელს ხდის. ქრისტეს ყველა მცნება მოცემულია იმ მიზნით, რათა ადამიანი ამაღლდეს ღმრთის სრულყოფილებათადმი მიბაძვით (მათე 5:48), და სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა იქნას განმარტებული ფიცის აკრძალვაც.

მაგალითად, არ შეიძლება ბუკვალურად გავიგოთ მცნება მაცთუნებელი თვალის ამოთხრისა და მარჯვენა ხელის მოკვეთის შესახებ (მათე 5:29-30). ქრისტიანები დედამიწაზევე რომ აღწევდნენ ღმრთის მსგავს სრულყოფილებას და თითოეული ადამიანის პატიოსნება ყველასთვის რომ უეჭველი იყოს, მაშინ ფიციც ზედმეტი იქნებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც საბოლოო მკის დადგომამდე ზოგიერთი განსაკუთრებული ვითარების გამო ხორბლისა და ღვარძლის ერთად ამოზრდა ჯერაც მიშვებულია და გარდაუვალია, ის არ ეღობება ღმრთის რჩეულთა სრულყოფილებას, თუკი წარმოთქმული იქნება იმ სულისკვეთებით, რომელიც მას მაცხოვარმა მიანიჭა.

უფალი არ ცვლის ძველ სჯულმდებლობას ფიცის შესახებ და არ იმოწმებს ამ სჯულის სიტყვებს: "უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე" (2 სჯლ. 6:13, 10:20). ეს აუცილებელი იქნებოდა ძველთაგანვე მოცემული ფიცი სრულიად რომ გაენადგურებინათ. მაგრამ, რადგან სჯულის სულისკვეთება დამფიცებლისგან ითხოვდა გონებრივად წარმოედგინა თავი ღმრთის თვალთა წინაშე და ღმრთის ყველგანმყოფობის შიშით იძულებულს ფიცით დადებული პირობა შეესრულებინა, ასევე მაცხოვარიც, რომელმაც განაახლა ამ ძველი სჯულის სულისკვეთება, მის მსმენელებს შეახსენებს, რომ ყოველი ფიცის დროს მოწმე - ღმერთია; რომ, შედეგად, ვერ გაექცევა მის ყოვლისმცოდნეობას და მართლმსაჯულებას ის, ვინც ივიწყებს ღმერთს და ქმნილებებს იფიცებს. ამ ფუქსავატური ფიცის აკრძალვით მაცხოვარი გვიბიძგებს შევხედოთ ფიცს, როგორც არა მარტო წმიდა მოქმედებას, არამედ იმგვარსაც, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. "დაფიქრდი, - შენიშნავს ნეტ. იერონიმე, - რომ მაცხოვარი კრძალავდა არა ღმერთით, არამედ ცითა და მიწით, იერუსალიმითა და საკუთარი თავით დაფიცებას".

თითქოსდა ამ განმარტებას ეწინააღმდეგება მაცხოვრის გაძლიერებული გამოთქმა "სულაც ნუ დაიფიცავ" . მაგრამ ყველა მსგავსი გამონათქვამი, რომელიც მიმართულია საგნის შეზღუდვისკენ, მის უარყოფას როდი ნიშნავს და თავის შემზღუდველ ძალას ქრისტეს სწავლების სულისკვეთებიდან იღებს. სამარიტელ დედაკაცთან საუბრისას მაცხოვარი ამბობს: "მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას" (იოანე 4:21); მაგრამ შეცდომა იქნებოდა ამ სიტყვებზე დაყრდნობით დაგვეკნინებინა ღმრთის თაყვანისცემის გარეგანი ადგილები. იერუსალიმიც ხომ ღმრთისადმი თაყვანისცემის უმნიშვნელოვანესი ადგილის სტატუსით დღემდე სარგებლობს. ასე უნდა ვიმსჯელოთ ფიცზეც: მაცხოვარი კრძალავს ფიცს, მაგრამ უგუნურს და პირმოთნეს. მაცხოვარს მისი ამგვარი გამოყენების მოსპობა სურს, მაშინ როდესაც სხვა დროს, ფარისეველთა ბიწიერებას რომ ამხელდა, განმარტავდა: "და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც" (მათე 23:21-22). ამისი განმარტება ზედმეტიც კი იქნებოდა მაცხოვარს საერთოდ რომ ნდომოდა ფიცის გაუქმება, და არა მხოლოდ ფარისეველთა პირმოთნე ფიცისა, რადგან, როდესაც იუდეველთა ბიწირებას ამხელს, ის ხელუხლებლად ტოვებს სიმართლისა და სჯულის უმნიშვნელოვანეს საქმეებს: "ეს უნდა გექნათ" - ო, ეუბნება მათ, ხოლო როდესაც მცნებათა შერყვნაზე უთითებს, აღადგენს მათ ჭეშმარიტ აზრს და ასე ამხელს: "თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც" (მათე 5:26).

როდესაც მაცხოვარი სინედრიონს წარუდგინეს, ის დუმდა და მღვდელმთავრის მრავალრიცხოვან კითხვებსა და დაინტერესებებს უპასუხოდ ტოვებდა. მაგრამ როგორც კი კაიაფამ ღმერთის სახელი ახსენა და თქვა: "გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?" - მაცხოვარმა დაუყოვნებლივ უპასუხა, რითაც აჩვენა, რამდენად წმიდა და პატივსაცემია თუნდაც უსამართლო მსაჯულის ბაგიდან წარმოთქმული ღმრთის სახელი. ის, რასაც კაიაფამ მღვდელმთავრის უფლებებისა და ძალის გამოყენებით ვერ მიაღწია, მყის მიიღო ცოცხალი ღმერთის სახელის მოწოდებით (მათე 26:62-63).

ამრიგად, ფიცთან დაკავშირებული მაცხოვრის მცნება ქრისტეს სწავლებათა შინაარსიდან და მისი სხვა სიტყვებიდან გამომდინარე ამგვარ მიდგომას შთაგვაგონებს: "არ უნდა ვცდილობდეთ თვითნებურად და ფუქსავატურად წარმოვთქვათ ფიცი და არც სხვისგან უნდა მოვითხოვოთ ის განსაკუთრებული საჭიროების გარეშე".

იგივე აზრს შთაგვაგონებს მოციქულ იაკობის სიტყვები, რომლებშიც განმეორებულია ქრისტეს მცნება ფიცის შესახებ: "უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში" (იაკობი 5:12).
Назад к содержимому