განმარტებანი - ქადაგება მასზედ, რომ მრუშობად შეირაცხება არა მარტო ცოდვის აღსრულება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
 
ქადაგება მასზედ, რომ მრუშობად შეირაცხება არა მარტო ცოდვის აღსრულება,
არამედ, ცოდვილი სურვილიც კი, თუ მას წინ არ აღუდგებით
სინანული
წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები მრევლის სათნოებებში განსასწავლად.
 
განა იგი გაცილებით ხშირად არ ხდება ტყვე, ვინც საკუთარ თავს სიშიშვლის ცქერას მოასურვებს და არ აიძულებს, რომ ამაზე უარი თქვას?
 
ნოეს დროს მოვლენილი წარღვნა იმდენად დამღუპველი არ ყოფილა კაცთა მოდგმისთვის, რამდენადაც ეს მოცეკვავე ქალები, რომლებიც ყველაზე უფრო სამარცხვინოდ ღუპავენ ყველა მაყურებელს.
 
მართალია, წარღვნამ სხეულები მოაკვდინა, მაგრამ სამაგიეროდ სული გაწმინდა ცოდვებისგან. ესენი კი საპირისპიროს იქმან: ხორცს ტოვებენ და სულებს კლავენ.
 
როდესაც საუბარი უპირატესობას ეხება, თქვენ მთელ სამყაროში პირველ ადგილს ითვისებთ, იმიტომ, რომ თქვნემა ქალაქმა პირველმა მიიღო ქრისტიანული სახელი. მაგრამ სულაც არ გერცხვინებათ, რომ სიწმიდის ღვაწლში ჩამორჩებოდეთ განათლების მხრივ ყველაზე უკანასკნელ ქალაქებს.
 
კარგი, - იტყვით თქვენ, - მაშ, რის გაკეთებას გვიბრძანებ? მთებში წავიდეთ და ბერები გავხდეთ? სამწუხაროა, რომ თქვენ მოკრძალებასა და უმანკოებას მხოლოდ ბერების მოვალეობად თვლით, მაშინ, როდესაც ქრისტემ ყველასთვის საერთო კანონები დაადგინა.
 
როდესაც იგი ამბობს რომელი იგი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად, ბერებზე კი არ ლაპარაკობს, არამედ, ცოლიანებზე, იმიტომ, რომ ის მთა, რომელზეც ის ქადაგებდა, სავსე იყო ყოველგვარი ხალხით.
 
გონებაში დაიმარხე ეს სანახაობა და ეშმაკეული სანახაობა მოიძულე, და ნუ მისაყვედურებ, რომ მძიმე სიტყვები შემოგთავაზე.
 
მე დაქორწინებას არ გიკრძალავთ და არ ვეწინააღმდეგები მხიარულებას; მაგრამ, მინდა, რომ ყოველივე ეს უწმინდურად არ ხდებოდეს, - ურცხვობითა და აურაცხელი ცოდვებით.
 
მე არ გავალებ მთაში ან უდაბნოში წასვლას, არამედ იმას, რომ წესიერად, კრძალულად, უმანკოდ იქცეოდე, როდესაც ქალაქში ცხოვრობ.
 
ჩვენ და ბერებს საერთო გფვაქვს ყველა კანონი, გარდა ქორწინებისა. პავლე კი ავალებს დაქორწინებულებს, რომ ყველაფერში ბაძავდნენ ბერებს: ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაითა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარცმა არა ესხნეს.
 
ამის მიხედვით გამოდის, თითქოს მას ეთქვას: მე არ გავალებთ, რომ მთის მწვერვალებზე განმარტოვდეთ, თუმც კი სასურველი იქნებოდა, რადგან მთელი ქალაქები სოდომელების მსგავსად მოქმედებენ, თუმცა ამას მაინც არ გაიძულებთ.
 
იყავი სახლში ცოლ-შვილთან ერთად; მაგრამ ნუ შეურაცხჰყოფ ცოლს, ნუ აცდუნებ შვილებს და წყლულს სანახაობებიდან შინ ნუ შეიტან. გესმის, რას ამბობს პავლე? ქმარიცა თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.
 
ის ორივესთვის საერთო კანონს აწესებს, მაგრამ შენ, როდესაც შენი ცოლი ხშირად დადის ეკლესიაში, სასტიკად ადანაშაულებ მას. თვითონ კი მთელ დღეებს რომ სანახაობებზე ატარებ, თავს ბრალეულად არ სცნობ.
 
საკუთარი ცოლის უმანკოებაზე ზედმეტად და უზომოდაც კი ზრუნავ. ისე, რომ მას აუცილებელ საქმეზედაც კი არ უშვებ შინიდან, საკუთარი თავისთვის კი ყველაფერს დასაშვებად მიიჩნევ.
 
მაგრამ ამის ნებას არ გაძლევს პავლე, რომელმაც ცოლსაც იგივე უფლება მიანიჭა. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ. აბა, ეს რაღა პატივია, როდესაც უმთავრეს საკითხში გააწყრობ მას, როდესაც შენს სხეულს - მას რომ ეკუთვნის, აძლევ მეძავს. აბა, რას იტყვი: ხომ ნამდვილად მას ეკუთვნის შენი სხეული?
 
მაშ, რაღა პატივია, როდესაც სახლში შფოთი და ჩხუბი შეგაქვს, როდესაც იმის მოყოლისას, რასაც მოედანზე აკეთებდი, არცხვენ ცოლს, რომელიც გისმენს, გაწითლებას აიძულებ იქვე მყოფ შენს ქალიშვილს და პირველ რიგში - საკუთარ თავს?
 
ჯობს, რომ საერთოდ გაჩუმდე, ვიდრე ურცხვად ილაპარაკო იმაზე, რის გამოც მონებსაც კი უნდა სჯიდე. რითი გაიმართლებ თვს, მითხარი, როდესაც უდიდესი ყურადღებით უცქერი იმას, რაზეც ლაპარაკიც კი უხერხულია.
 
ყველაფერზე აღმატებულ პატივს იმას მიაგებ, რის შესახებ ლაპარაკიც კი აუტანელია?! თუმცა, გპირდებით, რომ თუკი თქვენ იგივენი დარჩებით, თუ არ შეიცვლებით და უმანკოებას და სიწმიდეს არ აირჩევთ, მე მოვიმარჯვებ ჩემს მახვილს, უღრმეს ჭრილობებს მოგაყენებთ და არ დავმშვიდდები მანამდე, ვიდრე საეშმაკო სანახაობების გაფანტვით არ გავწმენდ საზოგადოებას, რომლისგანაც ეკლესია შედგება.

წყარო: წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები XXIV ტომი. ქადაგებები მრევლის სათნოებებში განსასწავლად. თბილისი 2020. გვ. 321-322.
Назад к содержимому