განმარტებანი - ქადაგება მასზედ, რომ უღირსად ზიარება ვნებს მაზიარებელს და მასაც, ვინც მას აზიარებს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. იოანე ოქროპირი
 
ქადაგება მასზედ, რომ უღირსად ზიარება ვნებს მაზიარებელს და მასაც, ვინც მას აზიარებს
სინანული
წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები მრევლის სათნოებებში განსასწავლად.

ჰეროდეს მიემსგავსებიან ისინი, ვინც უღირსად ეზიარებიან წმიდა საიდუმლოს. ამგვარი ადამიანი, პავლე მოციქულის სიტყვით, თანამდებ არს ხორცსა და სისხლსა უფლისასა. ასეთ ადამიანები, მართლაც, საკუთარ თავში გამომწყვდეულ მამონას ემსახურებიან, რომელიც ჰეროდეზე გაცილებით უარესია და სძულს სასუფეველი ქრისტესი.
 
რადგანაც ხალხზე ბატონობა სურს, იგი აგზავნის თავის თაყვანისცმემლებს, რომელნიც გარეგნულად თაყვანს სცემენ ქრისტეს და ამ თაყვანისცემის ჟამს კლავენ მას.
 
გვეშინოდეს იმისა, რომ საკუთარ თავებს გარეგნულად მორჩილ თაყვანისმცემლებად ვაჩვენებდეთ, სინამდვილეში კი მტრები ვიყოთ მისი.
 
თაყვანისცემისას მას გადავცეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა. თუ გვქვს ოქრო, მას მივარვათ და ნუ დავაგროვებთ. თუკი უცხოტომელებმა მიაგეს მას პატივი თავიანთი საჩუქრებით მაშინ, რად უნდა ჩაითვალო შენ, როდესაც დახმარების მთხოვნელს უარს ეუბნები შემწეობაზე?
 
თუკი მათ ესოდენ დიდი გზა გამოიარეს იმისთვის, რომ ეხილათ შობილი, მაშ, რა უნდა გეწოდოს შენ, ვისაც ერთი ქუჩის გადავლაც კი არ გინდა იმისთვის, რომ ავადმყოფები და პყრობილები მოინახულო?
 
ჩვენ გულმოწყალენი ვართ თვით ჩვენი მტრების მიმართაც კი, როდესაც ისინი ავადმყოფობენ ან პყრობილებაში იმყოფებიან, შენ კი შენი კეთილისმყოფელი უფლის მიმართაც კი არ განიცდი თანაგრძნობას. მათ მიიტანეს ოქრო, შენ კი პურსაც ძლივს გასცემ.
 
მათ გაიხარეს, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, შენ კი სულაც არ გაწუხებს, როდესაც ხედავ ქრისტეს, ყარიბსა და შიშველს.
 
მაგრამ, განა მოიძევება თქვენს შორის - ათასობით წყალობა რომ მიიღეთ, - თუნდაც ერთი, ვინც იმგვარ მოგზაურობას იდებდა თავს ქრისტესთვის, ამ ბრძენთა შორის უბრძნესმა ბარბაროსებმა რომ აღასრულეს.
 
მართლაც, რას ვამბობ, მოგზაურობას მეთქი? ზოგი ქალი ისეა განებივრებული, რომ თუ ჯორებით არ მოიყვანენ, ერთი ქუჩის გამოვლაც კი არ უნდა იმისთვის, რომ იხილოს ქრისტე - სულიერ ბაგაში.
 
და თუკი არიან ასეთები, რომელთაც შეუძლიათ ქრისტესთან მოსვლა, ზოგი მათგანი სახლში, შინაურ საქმეებზე ფუსფუსს ამჯობინებს, ზოგს კი სანახაობებზე დასწრება უჯობს ჩვენს შეკრებებზე მოსვლას. ბარბაროსებმა, რომელთაც ჯერაც არ ენახათ ქრისტე, მისთვის ესოდენ გრძელი გზა გამოიარეს.
 
შენ კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გიხილავს, მათ კი არ ბაძავ, არამედ ერთი შეხედვისთანავე მიატოვებ და მასხარას საყურებლად მიდიხარ.
 
შენ, ბაგაში მწოლიარე ქრისტეს მხილველი, მისგან გარბიხარ იმისთვის, რომ სცენაზე ქალებს უყურო. როგორ მეხთატეხასა და ჭექა-ქუხილს არ იმსახურებს ასეთი საქციელი?
 
დავუშვათ, ვიღაც დაგპირდა, რომ სამეფო პალატებში მიგიყვანს და იქ მეფეს გაჩვენებს: აბა, მითხარი, ისურვებდი, რომ ამის ნაცვლად სანახაობისთვის გეცქირა, თუნდაც პირველისგან არანაირი სარგებელი არ გელოდეს? აქ კი - ამ ტრაპეზიდან გამოედინება სულიერი ცეცხლოვანი წყარო: შენ კი? მას რომ ტოვებ და გარბიხარ სანახაობაზე, იქ მოთამაშე და საკუთარი სქესის შეურაცსხმყოფელი დედაკაცის სანახავად, განა ამით არ ტოვებ თავად ქრისტეს, რომელიც სწორედ ამ წყაროსთან ზის?
 
დიახ, ის დღესაც ზის ამ წყაროსთან და ესაუბრება არა მხოლოდ ერთ სამარიტელ ქალს, არამედ, მთელ ქალაქს. ან იქნებ ახლაც მხოლოდ იმ ერთ სამარიტელ ქალს ესაუბრება, რადგან ახლაც სხვა აღარავინაა მასთან.
 
ზოგიერთები მხოლოდ ხორციელად არიან იქ, სხვებს კი ხორციელადაც არ სურთ მასთან ყოფნა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, იგი არ გვტოვებს, არამედ, დგას და გვთავაზობს შევსვათ, მაგრამ, არა - წყალი, არამედ სიწმიდეები, რადგანაც იგი მხოლოდ წმიდათ ანიჭებს სიწმიდეს.
 
წყალს კი არ გვიბოძებს იგი ამ წყაროდან, არამედ, ცხოველ სისხლს, რომელიც, როგორც მისი სიკვდილის სიმბოლო, ჩვენი ცხოვრების წყაროა.
 
შენ კი ტოვებ წყაროს სისხლისას, ამ საშინელ ბარძიმს, მიისწრაფვი ეშმაკეულ წყაროზე - იქ მოცურავე მეძავის სანახავად და საკუთარი სულის დასახრჩობად. ამ წყალში - სიძვისმოყვარების ზღვაში - სხეული კი არ იხრჩობა, არამედ იღუპება სული.
 
ის ცურავს შიშველი სხეულით, შენ კი მისი ცქერით სიძვისმოყვარების ზღვაში ინთქმები. ასეთია ეშმაკის მახეები, ის ღუპავს არა მას, ვინც უკვე დანთქმულია წყალში, არამედ, იმათ, ვინც მშვიდად მსხდომნი უცქერენ ამას და გაცილებით უფრო საშინელი დანთქმისთვის არიან განწირულნი, ვიდრე ფარაონი, რომელიც ოდესღაც ცხენებითა და ეტლებიანად დაინთქა.
 
სულების დანახვა შესაძლებელი რომ იყოს, მე გაჩვენებდით ბევრს - ამ წყლებში დამხრჩვალს, როგორც ოდესღაც ეგვიპტელთა გვამებს.
 
მაგრამ, რაც ყველაზე უარესია: ამგვარ წარწყმედას უწოდებენ მხიარულებას და წარწყმედის უფსკრულს - სიამოვნების წყაროს.
 
თუმც გაცილებით უსაფრთოა ეგვიპტის ან ტიროსის ზღვის გადაცურვა, ვიდრე ასეთი სანახაობისკენ შებრუნება. ჯერ ერთი, ეშმაკი მთელი ღამის განმავლობაში მოლოდინით აღავსებს; შემდეგ კი სასურველს ანახებს და იმწამსვე ბორკავს და მის ტყვეებად აქცევს მათ.
 
არ იფიქრო, რომ ცოდვისგან თავისუფალი ხარ, იმის გამო, რომ არ შეერთებიხარ მეძავს; მხოლოდ სურვილით უკვე ყველაფერი გააკეთე. ჭეშმარიტად, თუკი ვნებას განიცდი, ამით დიდ ცეცხლს ანთებ.
 
თუ სანახაობა შენზე არანაირ შთაბეჭდილებას არ ტოვებს მით უფრო ხარ სასჯელის ღირსი იმის გამო, რომ სხვების ცდუნებას ემსახურები.
 
ასეთ სანახაობაზე წაქეზებით საკუთარ მზერას ბილწავ და მზერასთან ერთად - სულსაც.
 
მაგრამ მარტოდენ აკრძალვით ნუ შემოვიფარგლებით, არამედ, გამოსწორების საშუალებაც დავსახოთ. რა საშუალებაა ეს?
 
მე მინდა, რომ განსასწავლად თქვენს ცოლებს მიგაბაროთ. პავლეს კანონების მიხედვით თქვენ უნდა ყოფილიყავით მათი მასწავლებლები, მაგრამ, რამდენადაც ცოდვამ მთელი წესრიგი დაარღვია და ტანი მაღლა მოექცა, თვალები კი დაბლა, ამიტომ უკვე ჩვენც ამ გზას ავირჩევთ. თუკი იმისა გრცხვენია, რომ ცოლი მასწავლებლად გყავდეს, განერიდე ცოდვას და მაშინ ღმრთის მიერ შენზე მონდობილ ძალაუფლებას დაიბრუნებ. მაგრამ მანამდე, ვიდრე უსჯულოებით იცხოვრებ, წერილი გაგაგზავნის არა მხოლოდ ცოლთან, არამედ, ყველაზე მდაბალ პირუტყვებთანაც.
 
მას ხომ არ ერცხვინება, რომ იგი, ვისაც გონება აქვს მომადლებული, სასწავლებლად ჭიანჭველასთან გაუშვას. თუმც, ამაში წერილი კი არ არის დამნაშავე, არამედ ისინი, ვინც საკუთარ ღირსებას კარგავენ.
 
ამასვე ვიზამთ ჩვენც: ახლა შენს თავს განსასწავლად შენს ცოლს გადავცემთ; თუკი მასაც არ მოუსმენ, განსასწავლად უსიტყვურ ცხოველებთან გაგაგზავნი და გაჩვენებ, თუ რამდენი ფრინველი და თევზია დედამიწაზე, რამდენი - ოთხფეხა პირუტყვი, რამდენი მიწაზე მხოხავი - შენზე სუფთა და თავშეკავებული.
 
თუ გრცხვენია და გაწითლებს ამგვარი შედარება, დაუბრუნდი შენთვის თვისობრივ კეთილშობილებას და განერიდე გეენის ზღვას და ცეცხლის მდინარეს, ანუ თეატრში - მოცურავეებს, რადგან ისინი ვნების ზღვაში მიგიზიდავენ და აღანთებენ ამ ცეცხლოვან უფსკრულს, რომელიც მზადაა შთანგთქას შენ.
 
 
წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები. XXIV ტომი. ქადაგებები მრევლის სათნოებებში განსასწავლად. ქადაგება მასზედ რომ უღირსად ზიარება ვნებს მაზიარებელს და მასაც, ვინც მას აზიარებს. თბილისი. 2020. გვ. 318-320.
Назад к содержимому