განმარტებანი - ქადაგებს თუ არა ბიბლია ექსტრემიზმს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ქადაგებს თუ არა ბიბლია ექსტრემიზმს?

Siyvaruli

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: წინამდებარე პუბლიკაცია ინტერნეტში გამოქვეყნდა 2014 წელს. მაშინ ვინმე ოპოზიციონერმა და "პროგრესის პარტიის" საბჭოს მდივანმა არკადი ჩაპლიგინმა ბიბლია ექსტრემისტულ წიგნად გამოაცხადა, მეტიც სასამართლოშიც უჩივლა. 2014 წელს მომხდარი ეს ამბავი დღეს გავიხსენეთ იმიტომ, რომ პუბლიკაციაში მოცემული განმარტებები დღესაც აქტუალურია, რადგან მრავალ ადამიანს ვერ გაუგია ბიბლიის ესა თუ ის გამონათქვამი. ვფიქრობთ სტატია სასარგებლო იქნება ბიბლიის ტექსტებით დაინტერესებულ მკითხველთათვის.

სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის რეზოლუცია ბიბლიის ექსტრემიზმში დადანაშაულებასთან დაკავშირებით.

2017 წლის
11 მარტს არკადი ჩაპლიგინმა, "პროგრესის პარტიის" პეტერბურგის განყოფილების საბჭოს მდივანმა, რომელსაც მეთაურობს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, მიმართა სანკტ-პეტერბურგის ოლქისა და ექვს რაიონულ პროკურატურას მოთხოვნით შეემოწმებინათ ბიბლია ექსტრემიზმზე. თავის ბლოგში მას მოჰყავს ბიბლიის ძველი აღთქმის მთელი რიგი ტექსტები (რიცხვ. 2:17-19; მეორე რჯლ. 12:1-3; 13:12-15), რომლებშიც, როგორც ის ფიქრობს, მოცემულია "გენოციდის გამართლება" და "რელიგიური სიძულვილის გაღვივება", ასევე ციტატა ლუკას სახარებიდან (14:26), რომელიც, მისი აზრით, უარყოფს "ოჯახის ღირებულებებს".

მოცემული მტკიცებულებები აბსოლუტურად მცდარია და მხოლოდ წმიდა წერილის შესწავლისა და განმარტების სფეროში ა. ჩაპლიგინის უმეცრებაზე მეტყველებს.

ბიბლიაში "ექსტრემისტულ" ციტატებს ის იმისთვის ეძებს, რომ მათი მეშვეობით დაამტკიცოს თავისი უხეში და დაუფარავი თავდასხმები მართლმადიდებლობაზე. მაგრამ ბიბლია ეს არა მარტო მართლმადიდებელთა წმიდა წიგნია, არამედ კათოლიკეებისა და პროტესტანტებისაც (ხოლო მისი ძველაღთქმისეული ნაწილი - კიდევ იუდეველებისაც). ა. ჩაპლიგინის მცდელობა მსგავსი გამოხდომებით შეურაცხყოს მართლმადიდებლობა ავტომატურად ჩრდილავს ხსენებულ კონფესიებსაც.

მეთოდი, რომელსაც მიმართავს პოლიტიკოსი, კარგად არის ცნობილი ქრისტიანობის ორათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში - მას ლიტერატურული და ისტორიული ქვეტექსტებიდან ამოგლეჯით მოაქვს ფრაზები და მათ განმარტებას სეკულარული ცნებების შუქზე ცდილობს, იმ ადამიანის ცნობიერების მიხედვით, ვინც ძალზედ შორს არის რელიგიისგან. ეს მეთოდი უძველესი დროიდან არსებობდა მწვალებელთა შეიარაღებაში, ის თანამედროვე ტოტალიტარულ და დესტრუქციულ სექტათა არსენალშიც მოიპოვება.

ამავდროულად, წმიდა წერილის როგორც მართლმადიდებლური განმარტების, ასევე თანამედროვე ფილოსოფიური ჰერმენევტიკის თვალსაზრისით, არც ერთი წმიდა ტექსტი არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას იმ დროის ისტორიული ქვეტექსტის გარეშე, როდესაც ის დაიწერა, ასევე იმ ლიტერატურული ხერხების განხილვის გარეშე, რომლებიც ამ ტექსტებშია გამოყენებული. გარდა ამისა, ბიბლიის საეკლესიო გაგება გამოხატულია ეკლესიის გადმოცემაში, ეკლესიის მამათა და მოძღვართა განმარტებებში.

პირველი ტექსტი, რომელსაც ის ახსენებს, არის ძველი აღთქმიდან (ომი მადიანიტელებთან - რიცხვ. 2:17-19). ეს არის კონკრეტული ისტორიული მომენტის აღწერა და ასახავს ეგვიპტიდან ქანაანის მიწისკენ მიმავალი ებრაელი ერის კერძო კონფლიქტს. ორი სხვა დადგენილება (წარმართული საკერპეების განადგურებაზე ქანაანში - მეორე რჯლ. 12:1-3 და ებრაელთა შორის კერპთაყვანისმცემელთა მიმდევრების სიკვდილით დასჯის შესახებ - მეორე რჯლ. 13:12-15) მოსემ ებრაელებს მისცა ქანაანში შესვლასთან დაკავშირებით და ასევე ეხება 3,5 ათასი წლის წინანდელ კონკრეტულ ისტორიულ ვითარებას.

სანკტ-პეტერბურგელი პოლიტიკოსი უგულებელჰყოფს იმ ფაქტს, რომ ქრისტიანული ეკლესიისთვის მცნებათა და განწესებათა უმეტესმა ნაწილმა, რომელიც ებრაელ ერს ძველაღთქმისეულ პერიოდში მიეცა, დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ქრისტიანები არ მისდევენ ქანაანში ებრაელი ერის ცხოვრების პოლიტიკური ორგანიზაციის პრინციპებს ზუსტად ისევე, როგორც არ მისდევენ ძველაღთქმისეულ კულტს და მსხვერპლად არ სწირავენ პირტუყვთ. ა. ჩაპლიგინი სწორედ ყველა განათლებული ადამიანისთვის კარგად ცნობილ ისეთ ცნებებს ურევს ერთმანეთში, როგორიცაა, ერთის მხრივ, ისტორიული ტექსტის წაკითხვა და შესწავლა, და მეორე მხრივ, მისი აქტუალიზაცია. აზრი იმის შესახებ, რომ რომელიმე ქრისტიანი მოსეს სჯულით იცხოვრებს და დაიწყებს მისი პოლიტიკური და საკულტო განწესებების შესრულებას ისევე უაზროა, როგორც იმისი შიში, რომ ხამურაპის კოდექსი რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ძირითადი საფუძველი გახდება.

არანაკლებ აბსურდულია იმის წარმოდგენია, თითქოსდა იესუ ქრისტეს სწავლება "უარყოფდეს ოჯახურ ღირებულებებს". ინსინუაციის ავტორმა არა თუ თავი არ შეიწუხა გაეგო, თუ როგორ ესმის ქრისტიანულ გადმოცემას მაცხოვრის სიტყვები თავისი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლების სწავლებით, არამედ არც კი უცდია წაეკითხა სახარების ტექსტი მის მთლიანობაში.

ქრისტე თავის საუბრებში აქტიურად მიმართავს სიმბოლოებსა და მინიშნებებს, რაც გასაგები იყო იმდროინდელი იუდეველებისთვის, რომლებიც ბიბლიის პოეტურ ტრადიციაზე იყვნენ აღზრდილები. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომელიც უფლის მსმენელებს აიძულებდა დაფიქრებულიყვნენ სულიერი ცხოვრების კანონებზე, დამოუკიდებლად მისულიყვნენ ეთიკურ დასკვნებამდე. სახარების მკითხველთაგან არავინ პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებს უფლის სიტყვებს "თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ... ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას" (მათე 5:29-30). აქ ლაპარაკია ბრძოლაზე საკუთარ ვნებებთან და მიდრეკილებებთან, რომლებიც შეიძლება ისე ღრმად იყონ ჩაკირულნი ჩვენს სულიერ ბუნებაში, როგორც ფიზიკურ სხეულსაა შეერთებული მარჯვენა ხელი ან თვალი.

ანალოგიურია უფლის ფრაზაც ლუკას სახარებიდან (ლუკა 14:26) ("თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე"). არ შეიძლება მისი გაგება პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთ შემთხვევაში ის იქნებოდა თვით უფლის სიტყვების წინააღმდეგი, რომელიც მან ერთ მდიდარ ყმაწვილს უთხრა კითხვის პასუხად, თუ "როგორ არის შესაძლებელი ცათა სასუფეველში შესვლა", მაშინ ქრისტემ პირდაპირ მიუთითა: "პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი" (მათე 19:19); გარდა ამისა, მასში უფალი გვთავაზობს პარადოქსალური სახით მოიძულო "თვით ცხოვრებაც". ამიტომ ეკლესიის ტრადიციაში ეს ფრაზა გაიგება, როგორც ქრისტეს გაფრთხილება ნათესავებისადმი ადამიანის სიმპათიისა და მიბმულობის წინააღმდეგ (რომლებიც შეიძლება ურწმუნოებიც იყონ, მეტიც, შეიძლება ცოდვილი ცხოვრებითაც ცხოვრობდნენ), რომელიც ღმრთისა და რწმენისკენ მიმავალი ადამიანის დამაბრკოლებელი არ უნდა გახდეს.

ბრწყინვალედ განმარტავს ამ ფრაზის აზრს წმ. იოანე ოქროპირი, როდესაც ის განიხილავს ანალოგიურ ტექსტს მათეს სახრებიდან (მათე 10:35): "ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას". ის ამბობს: "ერთსულოვნება ყოველთვის კარგი როდია, რადგან შეთანხმება ავაზაკებს შორისაც შეიძლება მოხდეს. ამგვარად, ომი არის შედეგი არა ქრისტეს გადაწყვეტილებისა, არამედ თვით ადამიანთა ნებისა. ... არა მხოლოდ მეგობრები და თანამოქალაქეები, - ამბობს, - არამედ თვით ნათესავები აღდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ და თვით ერთი სისხლის მქონე ადამიანებშიც კი მოხდება განხეთქილება. ... თუმცა, ქრისტე არ იყო ამ განხეთქილების მიზეზი, ადამიანური ღვარძლი ამას მაინც მას მიაწერს. გამოხატვის ასეთი სახე დამახასიათებელია წმინდა წერილისთვის" (იოანე ოქროპირი. წმ. მათეს სახარების განმარტება. ჰომილია 35.1).

იმ მეთოდის გამოყენების დროს, როდესც ფრაზებს ქვეტექსტიდან აგდებენ, ყოველთვის შესაძლებელი როდი ხდება პასუხი გასცე ბიბლიის კრიტიკოსთა შენიშვნებს. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა იესუ ქრისტემ გამოჰყო ძირითადი მცნებები, რომელთა შუქზეც უნდა მოვახდინოთ მისი სწავლების ინტერპრეტირება, და ბიბლიური ტექსტები - ეს არის მცნებები ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულზე.

აღსანიშნავია, რომ ის გვიქადაგებს არა პრინციპულად ახლ იდეებს, არამედ იუდეველთათვის ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან ცნობილ დადგენილებებს (მეორე რჯლ. 10:12; ლევ. 19:18), რომელთაც ის უდიდეს ავტორიტეტს ანიჭებს: "იესუმ თქვა: ... ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი" (მათე 22:37-40). სწორედ ამ იდეითაა გამსჭვალული წმიდა წერილი.

ექსტრემიზმი კი არ
არის ბიბლიის ძირითადი იდეა, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთსიყვარული და თავგანწირული მსახურება მოყვასისადმი, რაც თვით ჯვარცმულმა მაცხოვარმა გვასწავლა თავისი ღვაწლით. ასე რომ, ბიბლიის აკრძალვა კი არა მისი ფართოდ გავრცელება გააკეთილშობილებს საზოგადოებას და გაამყარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

წყარო: bible-spbda.info.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню