განმარტებანი - ქრისტეანთა ნუგეშისცემა - 0 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეანთა ნუგეშისცემა

ამონაწერები წმიდა წერილიდან,  წმიდა  მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის

(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით
ქრისტიანთა ნუგეშისცემა
სარჩევი

შესავალი

წმიდა  წერილიდან ვიცით, რომ ცათა სასუფეველის დასამკვიდრებლად მოღვაწე  ქრისტეანის ამქვეყნიური სარბიელი ათასგვარი განსაცდელებითა და ჭირვებით  არის აღსავსე, რომელიც თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დროს, განკაცებულმა  უფალმა და კაცთა მოდგმის მაცხოვარმა, იესუ ქრისტემაც გაიარა. წმიდა წერილი  გვასწავლის, რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა  ღმრთისასა" (საქმე 14:22); რომ ჭირვება და სივიწროვე ისევეა საჭირო ჩვენი  ცხოვნებისთვის, როგორც ავადმყოფისთვის მწარე, მაგრამ სასარგებლო სამკურნალო  საშუალება; რომ "ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხოვნდება"; რომ ყოველივე რაც  კი ადამიანს შეიძლება შეემთხვეს ამ ქვეყანაზე, არ ხდება ღმრთის ნებისა და  დაშვების გარეშე. მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელთა  ჯვარი არასოდეს აღემატება ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებს და რა ზომითაც  ძლიერდება ჩვენი ტანჯვა ქრისტეს აღსარებისთვის, იმ ზომით მოგვეცემა ნუგეშიც  მაცხოვრისგან.

ამქვეყნიური ცხოვრება არ არის ჩვენი თვითმიზანი,  არამედ მხოლოდ მოსამზადებელი დროა მომავალი ცხოვრების დასამკვიდრებლად,  რომელშიც ყველა სათნო და მოწამე ქრისტეანისთვის ისეთი სიკეთე და ნეტარებაა  მომზადებული, რომ მოციქულის თქმით "არც თვალს უნახავს, არს ყურს სმენია და  არც ვისმეს გამოუთქვამს", ამიტომაც, მხნედ და სიხარულით შევხვდეთ ყოველგვარ  განსაცდელს, რომელიც ღმრთის ყოვლადბრძენი და ყოვლადსახიერი განგებულებით  არის დაშვებული.

სწორედ ასე აფასებდნენ ამქვეყნიურ ჭირვებებს ღმრთის წმინდანები. "მირჩევნია აქ დავისაჯო უფალო, ოღონდ იქ შემიწყალე", -  ლოცულობდნენ ისინი და როდესაც ამქვეყნიდან მათი გასვლის ჟამი დგებოდა,  უდიდესი სიხარულით ტოვებდნენ მაცთური სიკეთეებითა და სიამოვნებებით აღსავსე  ამქვეყნიურ ცხოვრებას.

მეტიც, წმიდა აღმსარებელნი სიხარულით  ეგებებოდნენ სიკვდილს და სიხარულით მიდიოდნენ ათასგვარ სატანჯველებზე  ქრისტეს სახელისთვის. უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო მათთვის  მოწამეობრივი გვირგვინი, ხოლო წმიდა და ღმერთშემოსილი მამები, მეუდაბნოეები  და სენაკსა შინა დაყუდებულნი, ამქვეყნისგან განდგომილი ცხოვრების უკიდურეს  სივიწროვესა და ჭირვებებს უდიდეს სიკეთედ და სიხარულად მიიჩნევდნენ ისინი  და რომ გეკითხათ ამ ქვეყნის არანაირ სიკეთესა თუ სიმდიდრეზე არ გაცვლიდნენ  თავიანთ უღარიბეს სენაკს, რადგან მათი მიზანი ზეციური სასუფევვლის  დამკვიდრება იყო და არა ამქვეყნიური დიდება და პატივი. ყველაზე დიდ და  საშინელ სნეულებებს, რომელთაც გასაოცარი მოთმინებით იტანდნენ, ღმრთის  წყალობის აშკარა გამოხატულებად მიაჩნდათ და არ ჰქონდათ გამოჯანმრთელების  სურვილიც კი, არამედ მთლიანად ენდობოდნენ ღმრთის ნებას და მისი წყალობის  მომლოდინენი სასოებით ელოდნენ თავიანთ აღსასრულს.

ასე ძლიერია  ჩვენი, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც წარმოუდგენლად  აკეთილშობილებს ცოდვით დაცემული ადამიანის სულსა და სხეულს; ასე ძალუძს მას  გააბედნიეროს ადამიანი უკიდურეს ჭირვებებსა და განსაცდელებში ისე, რომ  ადამიანი ყურადღებას არ აქცევს არც სნეულებას, არც სივიწროვეს, არც  დევნულებას და თვით სიკვდილსაც კი.

რომელ ფილოსოფიას შეუძლია მისცეს  ადამიანს ამგვარი ძალი და ნუგეში? რომელ ამქვეყნიურ სწავლებას ძალუძს  გამოიყვანოს ადამიანი ათასგვარი ჭირისა და უბედურების ეკალ-ბარდებიდან  და შეასახლოს სიხარულისა და შვების სავანეში? იქ სადაც ადამიანის გონება  დევნის სარწმუნოებას და თვითონ ისადგურებს ადამიანის გულში, იქ ამქვეყნიურ  ცხოვრებაზე პირქუში შეხედულებისა და იმედგაცრუების გარდა ვერაფერს  ვხვდებით, თანაც იმ დონეზე, რომ წუთისოფლის სიამეებსა და ინტერესებს  მიცემული ადამიანები ხშირად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში, რაც არც თუ  იშვიათად მთავრდება თვითმკვლელობით. ამას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და  ისტორიაც ადასტურებს.

როგორ და სად შეიძლება მოვიპოვოთ ისეთი  ნუგეში, რომელიც სიხარულით აავსებდა ჩვენს გულებს უბედურებებითა და  განსაცდელებით აღვსილ დროებაში? ჭეშმარიტად, უპირველესი წყარო ჩვენი  ნუგეშისა გახლავთ წმიდა წერილი, ღმრთის სიტყვის საგანძური, ღვთაებრივი  ავტორიტეტის ძალი, რომელიც უძლიერესად მოქმედებს ადამიანის ნებაზე. ღმრთის  სიტყვა ყველაზე საუკეთესო ნუგეშია ქრისტეანთათვის და არა აქვს მნიშვნელობა  როგორ განსაცდელში აღმოჩნდებიან ისინი. წმიდა წერილში არსებობს მთელი  მუხლები, თავები და განყოფილებებიც კი, რომლებიც პირდაპირ პასუხობენ ჩვენი  გულის მოთხოვნებს, რომელიც ამა თუ იმ გაჭირვებით არის გათანგული და  სალბუნივით ედებიან ჩვენს დაუძლურებულ სულს.

ყოველდღიური  გამოცდილება გვარწმუნებს, რომ არ არსებობს უბედურება და ტანჯვა, რომელსაც  არ ამსუბუქებდეს და მეტიც, სრულიად განაქარვებდეს ღმრთის სიტყვის  მიუწვდომელი ნათელი, რომელიც აღსავსეა სულითა და ძალით ქრისტესი და,  რომელიც სრულიად დაარწყულებს ამქვეყნიური წუთისოფლით დაქანცულ სულს.

უეჭველად,  წმიდა წერილის შემდეგ ადამიანის სულის ცხოვნებისა და ნუგეშინისცემის  საქმეში უნდა დავაყენოთ წმიდა მამათა თხზულებები, რომლებშიც მრავლადაა  კერძო და ზოგადი ქრისტეანული ნუგეშისცემანი. ისინი უდიდესი ძალით  ამშვიდებენ ადამიანის მერყევ ნებას, ცნობისმოყვარე გონებას და შეჭირვებულ  გულს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებები წარმოადგენენ  ქრისტეანული სარწმუნოების უმდიდრეს საცავს, ეს არის მართლმადიდებლური  ღვთისმეტყველების უწმიდესი და უმდიდრესი წყარო, საიდანაც ცოდვებითა და  ეჭვებით მოწყლული სულის დარწყულება ნებისმიერ ადამიანს ძალუძს.

თავიანთი  წმიდა ცხოვრების გამო ეკლესიის მამები იმდენად იყვნენ სულიწმიდის  თანაზიარნი, რომ შეიძლება ითქვას თანაშერწყმულნი იყვნენ წმიდა წერილის  სულს. ისინი ცხოვრობდნენ ქრისტეში და ამიტომაც ქრისტეს სიტყვა მკვიდრობდა  მათში. განა თვით უფალი არ ამბობს: "თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები  დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ" (იოანე  15:7).

წმიდა წერილის შესწავლა, რომელშიც სარწმუნოების უმთავრესი  დოგმატებია მოცემული, მათი უსაყვარლესი საქმიანობა იყო; ზოგიერთმა მამამ  წმიდა წერილი, ანუ ბიბლია ზეპირადაც კი იცოდა. ამიტომაც არის, რომ მათ  თხზულებებში სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებანი განზოგადოებულად და განყენებულად  კი არ არის წარმოდგენილი, არამედ მთელი სისრულითა და დეტალიზაციით.

ამის  შემდეგ ნათელი უნდა გახდეს რამდენად მნიშვნელოვანია წმიდა წერილი და  სარწმუნოების უმნიშვნელოვანესი დოგმატები შევისწავლოთ წმიდა მამათა  თხზულებების მიხედვით. ქრისტეს სწავლების იმ შინაგანი ძალის მეოხებით,  რომელიც, როგორც შეუვალი ჭეშმარიტება, აკმაყოფილებს ყველა საჭირბოროტო  კითხვას, წმიდა მამები დადებითად და მაცხოვნებლად მოქმედებენ ადამიანის  გულსა და გონებაზე, აკმაყოფილებენ ადამიანის სულის ყველა მოთხოვნას და  თვითონაც მოწმობენ თავიანთი სწავლების ღვთაებრივ ღირსებასა და  წარმომავლობაზე, რითაც სრულიად იპყრობენ ქრისტეს მოყვარე ადამიანის სულსა  და გულს. ამიტომაც არის მათი სიტყვა ესოდენ ძლიერი და მეტყველი.  გარკვეულწილად მათზე შეიძლება ითქვას ის, რასაც საკუთარ თავზე ამბობდნენ  ქრისტეანული რელიგიის პირველმახარობლები: "რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური  სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც  გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს" (1 კორ.  2:13).

წმიდა მამათა ამგვარი ღირსებისა და ძალის მქონე თხზულებებს  უდიდესი სარგებლობა მოაქვს ნებისმიერი ადამიანისთვის. მაგრამ ეს თხზულებები  იმდენად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, რომ მათი მიხედვით  სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა წვდომა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც  განსაკუთრებულად მიუძღვნია თავი საღვთისმეტყველო საკითხების  შესწავლისათვის. სხვებისთვის კი უფრო მოხერხებულია სარწმუნოებრივი  საკითხების გაცნობა მამათა თხზულებებიდან შედგენილი ამონაწერების მიხედვით.

მაგრამ  ბიბლიისა და წმიდა მამათა თხზულებების გარდა შეჭირვებულ ქრისტეანთა გულებს  უდიდეს ნუგეშს ჰგვრიან ეკლესიის ისტორიიდან და წმიდა მამათა ცხოვრებიდან  აღებული მოთხრობები. ქრისტეანთა ცხოვრების ასეთი მაგალითები უდიდეს  მაცხოვნებელ ზეგავლენას ახდენენ მორწმუნეებზე. ისინი გვიჩვენებენ როგორ  დავდგეთ ამქვეყნიურ ჭირვებებზე მაღლა და მოგვიწოდებენ წუთისოფლის წარმავალი  ბედნიერების ნანგრევებში მოქცეულებმა ქრისტეს ჯვარცმის ფერხთქვეშ ვჰპოვოთ  მშვიდობა და სიხარული.

და ბოლოს, ქრისტეანული ნუგეშისცემის საქმეში,  როდესაც ჭირვებაში შთავარდნლი სული თითქმის მზად არის დაინთქას უსასოობის  უფსკრულში, არ შეიძლება უგულებელვყოთ ადამიანის სულის ისეთი უნარი, როგორიც  არის შემოქმედებითი წარმოსახვა, ანუ ფანტაზია. მართალია, უმეტეს  შემთხვევაში წარმოსახვის უნარი უდიდეს სამსახურს უწევს ჩვენს აზროვნებას და  ჩვენი სულიერი მოღვაწეობის სხვადასხვა გამოვლინებებს, ზოგიერთ  შემთხვევაში, დამღუპველადაც შეუძლია იმოქმედოს ჩვენს ნებაზე, რადგან  შეუძლია ისეთ პირქუშ ფერებში წარმოიდგინოს მომავალი, რომელიც არ შეეფერება  სინამდვილეს და მით ადამიანი დანთქას უსასოობის უფსრკულში.

ამგვარი  მოჭარბებული და გადამეტებული შიშის გაფანტვა, განსაცდელთაგან გათანგული  ნების განმტკიცება და მისი კვლავ გამოცოცხლება, ზემოთ ჩამოთვლილ  ნუგეშისცემათა გარდა სასულიერი და საერო პოეზიის ნაწარმოებებსაც შეუძლიათ.  ძალზედ ხშირად, მოხდენილ, პოეტურ დასურათხატებას ან ტკბილ და გულის  განმამტკიცებელ საგალობელს ვრცელ და მომქანცველ ახსნა-განმარტებებზე მეტის გაკეთება ძალუძს.

ამრიგად, "ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა" (1 თესალონიკ. 5:11).

TOP. GE
Назад к содержимому