განმარტებანი - ქრისტეანთა ნუგეშისცემა 3 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ქრისტეანთა ნუგეშისცემა

ამონაწერები წმიდა წერილიდან,  წმიდა  მამათა თხზულებებიდან და პატერიკებიდან
მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებაში ჩავარდნილ ადამიანთა ნუგეშისცემისთვის

(გ. დიაჩენკოს წიგნის "შემწე და მფარველის" (Помощник и покровитель) მიხედვით
ნუგეშისცემა

განყოფილება პირველი


ნაწილი მესამე

ნუგეშისცემა მათი, რომლებიც საღმრთო განგებულებით მათზე დაშვებული განსაცდელის გამო დრტვინავენ


ა) ბიბლიური ნუგეშისცემა

ა) არაფერი ხდება კაცის თავს ღმრთის ნების გარეშე: "განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე (ლუკა 12:6), მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება (მათე 10:29). ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ" (ლუკა 12:7).

ბ) ადამიანისთვის განსაცდელი სასარგებლოა: "ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია" (იგავნი 17:3). "ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი" (2 კორინთ. 4:16). "აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!" (იობი 5:17). "რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები" (ებრ. 18:6-7).

გ) განსაცდელში უფალს უნდა მივმართოთ: "ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის" (ფსალმ. 33:19); "მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს (ფსალმ. 36:5), მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას" (ფსალმ. 54:23). "ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით" (იობი 5:18).

დ) გამხნევდით განსაცდელისას: "თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე" (ებრ. 12:2-3). "ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს" (1 პეტრე 2:21).

ე) მტკიცედ მიეკარით უფალს განსაცდელის ჟამს: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება" (ესაია 43:1-2).


ბ) ადამიანთა სულმოკლეობისა და დრტვინვის მიზეზი განსაცდელის ჟამს

უფალმა იესუ ქრისტემ, როდესაც მრავალგვარი უბედურებანი გვიწინასწარმეტყველა, რომლებიც კაცთა მოდგმაზე სამყაროს აღსასრულის წინ მოიწევს და ამ განსაცდელთა სიმძიმისთვის გაგვაფრთხილა, ბრძანა, რომ "ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხონდება" (მათე 24:13).

ამრიგად, ცხონებისთვის განსაცდელთა დათმენა აუცილებელია, მაგრამ გაგვაჩნია კი ამგვარი მოთმინება? განა ხშირად არ გვესმის ბუზღუნი საკუთარი ბედის სიმძიმესა და მოწეულ განსაცდელთა "უსამართლობაზე"? განა ხშირად არ განვიკითხავთ უფალს ამ ჭირვებათა გამო? სად ვეძებოთ ამგვარი მოუთმენლობისა და სულმოკლეობის მიზეზი?

ჭირვების ჟამს სულმოკლეობის უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მრავალს მის თავზე მოწეული განსაცდელი უდიდესი ჭირვება ჰგონია, ხოლო საკუთარი თავი უკიდურეს უძლურად წარმოუდგენია. "ჩემზე უბედური არავინაა ქვეყანაზე! არავინ ისეთ უბედურებებს არ განიცდის, როგორსაც მე!" ასე დრტვინავს ზოგიერთი განსაცდელთა გამო. სცადეთ ურჩიოთ ასეთ ადამიანებს შეურიგდნენ თავიანთ ბედს, აღიჭურვონ მოთმინებით და დაემორჩილონ ღმრთის ნებას: რას გიპასუხებენ ისინი? "სიხარულით დავითმენდი ამგვარ ჭირვებას, ძალა რომ მქონდეს! ეს ჭირვება ჩემს ძალას აღემატება!" - ასეთია განსაცდელში ჩავარდნილთა პასუხი; და ამას ამბობენ ქრისტეანები, იესუ ქრისტეს მიმდევარნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ის ადამიანს არ უგზავნის იმგვარ განსაცდელს, რომლის გადატანაც არ შეუძლია: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცედლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13).

ქრისტე მაცხოვარს თავისი მიმდევრებისთვის არც მიწიერი განცხრომა აღუთქვამს და არც ბედნიერება, პირიქით, გვიწინასწარმეტყველა, რომ ჭირი და განსაცდელი გარდაუვალი იქნებოდა: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად" (იოანე 16:33), ეუბნება ის თავის მიმდევრებს; და თუკი ნეტარება აღუთქვა თავის შვილებს ამ განსაცდელთა დათმენისთვის, ეს ნეტარება მათ მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში ელოდებათ: "გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში" (მათე 5:12). მეტიც, უფალმა არა თუ ის გვიწინასწარმეტყველა, რომ მრავალი ჭირი გვექნებოდა წუთისოფელში, არამედ მცნებად დაგვიდო მათი სიხარულით გადატანაც. ახლა კი განსაჯეთ, რაოდენ შევესაბამებით ქრისტეანის წმიდა სახელს, როგორ ვეწინააღმდეგებით მაცხოვრის მცნებებს, თუკი ამქვეყნიურ ჭირვებათა გამო სულვმოკლეობთ და უფლისა მიმართ ვდრტვინავთ. არა! ჭირვებათა სიმძიმე ან საკუთარი უძლურება კი არ იწვევს სულმოკლეობასა და დრტვინვას, არამედ ჩვენი ზედმეტი მიდრეკილება წუთისოფლის განცხრომისა და კეთილდღეობისადმი.

განა შეუძლია ადამიანს, ვინც მთელი გულით მიდრეკილია ამქვეყნიური სიამისა და განცხრომისკენ, დიდსულოვნად გადაიტანოს ყოველგვარი ჭირი და უბედურება? ცხადია, არა! რაში წარმოუდგენიათ წუთისოფლის მოყვარულთ საკუთარი ბედნიერება? - სიმდიდრეში, პატივმოყვარეობაში, ჯანმრთელობაში, განცხრომასა და წუთისოფლის სიამეების მოუკლებლობაში. ამ ხილულ სიკეთეებს არის მიჯაჭვული მათი გული, ამ წამიერი განცხრომისკენ არის მიდრეკილი მათი გონება.

მაგრამ, რადგან ხილული სიკეთენი მრავალგვარია და განცხრომაც მრავალფეროვანი, ხოლო ადამიანის სურვილი გაუმაძღარია, მიწიერი განცხრომის მეძიებელს, ყოველთვის ახალ-ახალი მოსურვებანი აღძრავს და ვერ ხვდება, რომ ახალ სიამოვნებათა ძიების ამგვარი დაუოკებელი წყურვილი ახალ-ახალი უბედურებების, სნეულებებისა და ტანჯვის მომტანი ხდება. მიწიერი, წარმავალი სიკეთეების ძიებაში ადამიანს მრავალი წინაღობა ხვდება და წუთისოფლის მოყვარულის სულს ძლიერ აშფოთებს: აქედან მოდის მისი სულმოკლეობაც და საკუთარი ბედის წყევლაც.

მაგრამ ასე როდია კაცი, ვინც წუთისოფლის სიამეებსა და ნეტარებას ჭეშმარიტი ქრისტეანული რწმენის თვალთახედვით აფასებს. ის არ სულმოკლეობს და არ დრტვინავს ღმერთის მიმართ, და თუკი ღმერთი ართმევს მიწიერ სიკეთეთ და ღმრთით დაშვებული განსაცდელი მოიწევა, თავს მოციქულის სიტყვით ინუგეშებს: "რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად" (ებრ. 11:13). ამიტომაც ამქვეყნიური სიკეთეებით ისე სარგებლობს, თითქოსდა არც ჰქონოდა და "ამ ქვეყნით მოსარგებლენი არიან როგორც მოზარალენი, ვინაიდან საწუთროს ხატი წარმავალია" (შეად. 1 კორ. 7:29-40).

სწორედ იმიტომ ვერ სძლევენ ქრისტეანს წარმავალი ჭირვებანი და უბედურებანი, იმიტომაც ვერ აგდებენ მას სულმოკლეობასა და დრტვინვაში, რომ მათ იციან წუთისოფლის მერყეობა და წარმავლობა; და თუკი ამქვეყნიური სიკეთენით მაინც ხარობენ, ღმერთს მადლობენ და როცა კარგავენ სიამეებს, დრტვინვასა და სასოწარკვეთას არ ეძლევიან, რამეთუ უწყიან - მიწიერი ბედნიერება არამდგრადია. მტკიცედ იტანენ ისინი ყოველგვარ ტანჯვას, რადგან ახსოვთ, რომ ამქვეყნად მოვლენილნი მწირნი არიან, ხოლო იმქვეყნად მოთმინების გვირგვინი და მარადიული ნეტარება ელოდებათ.

ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ქრისტეანი სულით არასოდეს დაეცემა, ყოველთვის მშვიდადაა და ყოველგვარი განსაცდელი უხარია. მაგალითისთვის შევხედოთ წმ. მოციქულ პავლეს ცხოვრებას: არ ყოფილა განსაცდელი მას რომ არ გადაეტანოს, მას არ განეცადოს; არ ყოფილა საფრთხე ის რომ არ ჩავარდნილიყო და მაინც, იშვებდა და ხარობდა მისი სული და ყოველი განსაცდელისთვის ღმერთს მადლობდა. მაგრამ, ვინც ისეა მიჯაჭვული მიწიერ სიამეებს, რომ მათთან განშორება ვერც კი წარმოუდგენია, ბუნებრივად სულმოკლეა და ღმერთზე დრტვინავს, როდესაც ამქვეყნიურ სიამეებს მოაკლდება. არადა, არ უწყის, რომ ამგვარი სულმოკლეობის მიზეზი თვითონაა, რადგან არც იცოდა როგორ გამოეყენებინა ის, რაც გააჩნდა.

და ბოლოს, სულმოკლეობისა და ღმერთზე დრტვინვის უმთავრესი მიზეზი ღმრთისადმი არასათანადო რწმენა და მისი განგებულებისადმი არაჯეროვანი სასოებაა. ჭეშმარიტ ქრისტეანს სწამს, რომ ყოველივე რაც ჩვენს თავზე ხდება, საღმრთო განგებულებით ხდება; რომ ღმრთის ნების გარეშე ადამიანს თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება; და თუ ღმერთი მას ჭირსა და განსაცდელს უგზავნის, სჯერა, რომ ამგვარი უბედურება მას ან საკუთარი ცოდვების გამო ან კიდევ, ღმრთისადმი მისი სიყვარულის გამოსაცდელად ევლინება. ამიტომაც, ჭეშმარიტი ქრისტეანი განსაცდელის ჟამს კი არ დრტვინავს, არამედ ემორჩილება ღმრთის განგებას და მადლობს, რომ ამგვარი განსაცდელი მოუვლინა: "კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი" (ფსალმ. 118:71).

მაგრამ კაცი, ვისაც ღმრთის განგებულების მიმართ ამგვარი რწმენა არ გააჩნია და საკუთარ ტანჯვასა და განსაცდელს უბრალო შემთხვევის გამოვლენად მიიჩნევს, ბუნებრივად სულმოკლეობაში ვარდება და იწყებს საკუთარი ბედის წყევლას, რამეთუ მან არც მიზეზი იცის თავისი ჭირვებისა და არც მიზანი...

ამრიგად, ჭირვებათა სიდიდე ან ჩვენი ძალების უძლურება კი არ არის ღმრთისადმი დრტვინვისა და სასოწარკვეთის მიზეზი, არამედ წუთისოფლის სიამეთადმი ჩვენი ზედმეტი მიდრეკილება; ამქვეყნიური სიკეთეების გონივრულად სარგებლობის უუნარობა, ღმრთისა და მისი განგებულებისადმი ურწმუნოება. - აი, ჩვენი სულმოკლეობისა და დრტვინვის მიზეზები, როდესაც ჭირი და განსაცდელი გვევლინება!

მაშ, აღვიჭურვოთ, ძმანო, მოთმინებით და ღმრთისადმი სასოებით დავითმინოთ ყოველგვარი გაჭირვება.



გ) ყველა ადამიანს იმგვარი განსაცდელი ევლინება, როგორის ტვირთვაც ძალუძს

"წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ
საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ"
(იგავნი 10:11).

ჩემო ძმაო, თუ გწამს, რომ ღმერთი ბრძენია, ან უფრო სწორედ, უბრძენესია, როგორ დაადებს ადამიანს ისეთ ჯვარს, რომლის ტვირთვაც არ ძალუძს? განა არ წაგიკითხავს: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13)? თუკი ადამიანები არ აჰკიდებენ საკუთარ პირუტყვს იმგვარ სიმძიმეს, რომლის ტარებაც მათ არ ძალუძთ, ნუთუ ღმერთი გამოუგზავნის კაცს იმგვარ განსაცდელს, რომლის ატანაც მას არ შეუძლია? (ღირ. ეფრემ ასურელი. Творения, ч. 2, поуч. 48 О терпении. Москва. 1858 г., стр. 530). მესაჭემაც ხომ იცის, როგორ დატვირთოს გემი, რათა ტვირთის უკმარობის გამო ძლიერმა ქარიშხალმა არ გადააყირავოს და ზღვაში არ დანთქას. ასეა უფალიც, თავის რჩეულებს ის ხშირად მოუვლენს ჯვარს განსაცდლისა, რათა ადვილად არ იქნენ წარტყვევნილნი წუთისოფლის სიამეებით, არამედ მშვიდობით მიადგნენ მარადიული დიდების ნავთსაყუდელს.

ღმერთი ბრძენიც არის და ჭეშმარიტიც, "შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე; რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა. ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო? ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო" (სოლ. სიბრძნე 11:20, 22-26).

მან ზუსტად უწყის ვის მხრებს რისი ზიდვა შეუძლია და რისი არა; ამიტომაც, ყველას უგზავნის გასაჭირს იმ ზომით, რათა არავის დააწვეს ან საკმაოდ მძიმე ჯვარი ან კიდევ საკმაოდ მსუბუქი. უფალი აკვირდება, როგორი და რა სახის ჯვარი გამოუგზავნოს თავის შვილებს. მას თითქოსდა ხელში უპყრია სასწორის პინები, რომლის ერთ მხარეს ჯვრის სიმძიმეა, მეორე მხარეს კი მტვირთველის ძალი, და ადარებს მათ ერთმანეთს, რათა არავის მიეცეს იმაზე მეტი განსაცდელი, რომლის ტვირთვაც ძალუძს.

წმ. დავითმაც ბრძანა: "ცრემლით გვაჭმევ პურს და ცრემლის საწყაულით გვასმევ" (ფსალმ. 79:6). ზომიერად გვაძლევს, და არა უზომოდ, რათა განსაცდელებისა და უბედურებების მძიმე ჯვარმა მისი მტვირთველი ადამიანი არ გასრისოს (წმ. ამბროსი მედიოლანელი. 118-ე ფსალმუნის განმარტება). განა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არ ბრძანებდა უფალი: "თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება, წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე, როგორც იმსახურებს" (2 რჯლ. 25:2)? ღმერთმა დარტყმების რაოდენობაზეც თუ იზრუნა და ორმოც დარტყმაზე მეტი არ დაუშვა, თქვენ რისი გეშინიათ სულმოკლენო? "თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ" (ლუკა 12:7). და კიდევ: "თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება" (ლუკა 21:18) ღმრთის ნების გარეშე. სულთა ამწონი უფალი (იგავნი 16:2) საზომისაებრ აძლევს ყველას თავის ჯვარს, რათა მათი ტვირთვისთვის შესაბამისი გვირგვინი დაადგას მათ ცათა სასუფეველში, "ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის" (2 კორ. 4:17).

მაშ, ვის შეუძლია იწუწუნოს, რომ იმაზე მძიმე ჯვარი, რისი ტვირთვაც ძალუძს? ამგვარი ტვირთი ადამიანმა შეიძლება აჰკიდოს მეორე ადამიანს, რადგან არ იცის მტვირთველის ძალა და შესაძლებლობანი; და რომც იცოდეს, და იმაზე მეტი ტვირთი აჰკიდოს, რისი ტარებაც შეუძლია, სასტიკი აღმოჩნდება. ხოლო ღმერთისთვის ამგვარი რამ დამახასიათებელი არ არის, რადგან ის არის ბრძენი და სახიერი.

მაშ, რატომ მოთქვამს, შეიძლება იკითხო, ჩვენი ხორცი, რომ იმაზე მეტ ტვირთს ატარებს რისი ტარებაც შეუძლია? იმიტომ, რომ "ხორცის ზრახვა სიკვდილია" (რომ. 8:6), ის არასწორად მსჯელობს ღმრთის სიკეთეზე. სახალხო თამაშების მომწყობთანგან მაინც ისწავლე რაოდენ სახიერია ჩვენი ღმერთი, რადგან ისინი უგუნურად და შემთხვევით როდი არჩევენ ორთაბრძოლებში მონაწილეთ, არამედ ყურადღებით სწავლობენ, ყოველის ასაკსა და ძლიერებას აკვირდებიან, და მხოლოდ ამის შემდეგ უწესებენ მათ თუ ვის წინააღმდეგ ძალუძთ პაექრობა, - ყმაწვილთ ყმაწვილებთან აბრძოლებენ, ზრდასრულთ კი ზრდასრულებთან. ასე იმსჯელე ღმერთზეც. მან ჭეშმარიტად უწყის წუთისოფელთან ორთაბრძოლაში ჩაბმული ყოველი ადამიანის შესაძლებლობა და ძალი; მხოლოდ მან უწყის, ვინ რამდენი უნდა იბრძოლოს ხორციელ ვნებათა წინააღმდეგ და ვის რა ხანგრძლივობით ძალუძს ამგვარი შერკინების გადატანა.

განა ერთნაირი დარტყმით გამოიცდება სხვადასხვა ჭურჭელი? ბროლის ჭურჭელს ოდნავ თუ შეეხება ოსტატის ხელი, მაშინ როდესაც ვერცხლის თასს ძლიერად ურტყამს, ხოლო ზარს ჩაქუჩის დარტყმით გამოსცდის; და რაც უფრო მძიმეა ზარი, მით უფრო ძლიერი დარტყმებით გამოიცდება იგი, რადგან იცის ოსტატმა, რომ ძლიერია და არ გატყდება. ასეა მამა ჩვენი ზეციერიც, რომელიც თავის შვილებს იმ ზომის ჯვარსა და განსაცდელთ აძლევს, რამდენის ატანაც მათ შეუძლიათ: უძლურებსა და სუსტებს მსუბუქად სცდის, ხოლო მხნეთა და მტკიცეთ უმეტესი განსაცდელით. ასე, რომ ნუ შეძრწუნდები თუ ვინმეს ძლიერი განსაცდელი ევლინება, რადგან ყველა ჯვარი უფლის მამობრივი მზრუნველობით არის ბოძებული.

ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მამა ზეციერი აღიძვრის უსამართლო რისხვით, არ უყურებს, არ განსჯის და არ ზრუნავს იმაზე, ვინ სცემოს და საკუთარ შვილებს აძლევს უმძიმეს და ხანგრძლივ განსაცდელებს? ცხადია, ეს ასე არ არის, რადგან ღმერთი არავისზე მრისხანებს, არავინ სძულს და ყველას შესაძლებლობას აფასებს, სასწორზე აწონილი საგნის სიმძიმისა თუ სიმსუბუქის მსგავსად.

საუკუნითგან განსაზღვრა მან, რომ კაცთათვის სასარგებლონი და სულის განმწმენდელნი იქნებოდნენ სხვადასხვა ხასიათის ჭირვებანი. ამიტომ, ნუ გეშინინ ჯვაროსანო! ნუ უწოდებ მამას სასტიკს, რომელიც წინასწარმეტყველის მიერ ასე ტკბილად ანუგეშებს მისდამი მორწმუნეთ: "ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ" (ისაია 43:1-3).
Назад к содержимому