სწავლანი > განმარტებანი
რა არის ცოდვა?
ცოდვა (ბერძნ. ἁμαρτία — მიზანში ვერმოხვედრა; აცილება).
1) ეს არის ზრახვა, აზრი, მოსურვება, გადაწყვეტილება, ლტოლვა, მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ღმრთის ზნეობრივ კანონს, ღმრთის მცნებებს, განკარგულებებს და რელიგიურ-საწესჩვეულებო ნორმებს ეწინააღმდეგება;
2) პირველდაწყებითი ცოდვა: ადამიანის ბუნების გაფუჭება, როგორც სულით, ასევე ხორცით, რაც ზნეობრივ მიმართებაში ვლინდება იმ მხრივ, რომ შემცოდე პირველმშობელთა ყველა შთამომავალი (უფალ იესუ ქრისტეს გარდა) ბოროტებისკენ მიდრეკილებით იბადება და დაცემულ ანგელოზთა გავლენას ადვილად ექვემდებარება.
ცოდვა - ღმრთისგან ადამიანის განდგომის შედეგად ადამიანური ბუნების გარყვნის მიზეზია. ამით ადამიანი ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობაში შთავარდა. მეორე მხრივ, ცოდვა განიხილება, როგორც შედეგი ადამიანური ბუნების შერყვნისა (რომელიც ამგვარ მდგომარეობას პირველმშობელთა ცოდვით დაცემის შედეგად დაექვემდებარა).
ცოდვა არის უსჯულოება, ღმრთის მიერ განსაზღვრული ადამიანური ყოფიერების ნორმების (კანონის, წეს-რიგის) დარღვევა. "ცოდვა ნებაყოფლობითი განდგომაა ყოველივე იმისგან, რაც ბუნების თანხმიერია, და შეერთებაა იმასთან, რაც ბუნების საწინააღმდეგოა" (წმ. იოანე დამასკელი). "ცოდვა ადამიანისათვის ბუნებრივად დაწესებული მიზნისგან გადახვევაა" (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი).
სიტყვა "ცოდვა" ბერძნულად გამოითქმის როგორც "ἁμαρτία", რომელიც ბუკვალურად ნიშნავს: აცილებას ან მიზანში ვერმოხვედრას. ცოდვა სწორედ ადამიანური შესაძლებლობების ასეთი გამოვლინებაა, რომელიც არ შეესაბამება ადამიანური არსებობის მიზანს, ეწინააღმდეგება ადამიანის დანიშნულებას, რომელიც შექმნილია ღმრთის ხატად და მსგავსად.
ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანისთვის, ამ გონიერი არსებისთვის, ბუნებრივია თავისი არსებობის მიზეზის, წყაროს და მიზნის ძიება. ამიტომ ის ელტვის ღმრთის შემეცნებას, ღმერთთან ურთიერთობას და მასთან შეერთებას.
მხოლოდ უზენაეს, მარადიულ, შეუზღუდველ, უპირობო და ყოვლად ნეტარ საღმრთო ყოფიერებასთან ერთობით იღებს ადამიანი უზენაეს სიტკბოებას და ნეტარებას.
ადამიანისთვის არაბუნებრივია რაიმე ქმნილისადმი ლტოლვა, რომელიც მდაბიური და გრძნობითია, ხოლო ბუნებრივია მარადიული ღმრთისკენ მისწრაფება; არაბუნებრივია მარადიული, უცვალებელი, უსასრულო, უსაზღვრო საღმრთო ყოფიერების ადგილზე შეზღუდული, ქმნილი და წარმავალი ქმნილების დაყენება.
ამავდროულად ადამიანი ღმრთისგან დაჯილდოვებულია თავისუფალი ნებით, ამიტომ მას შეუძლია ნებაყოფლობით ელტვოდეს ღმერთთან ერთობას, მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია ღმერთში სიცოცხლეს უღმრთო ყოფნა ამჯობინოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის ეგოისტურად ჩაიკეტება თავის საკუთარ ბუნებაში, თავმოყვარეობითად განცალკევდება ღმრთისგან, რაც არის კიდევაც ცოდვა. თეოლოგთა განმარტებით ადამიანმა შესცოდა მით, რომ საკუთარი ცხოვრების და საქმიანობის ცენტრი ღმრთისგან საკუთარ თავზე გადაიტანა. წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თქმით, ცოდვაში ჩავარდნით ადამიანი მოკვდა ღმრთისთვის და დაიწყო საკუთარი ბუნებით ცხოვრება.
როდესაც უარი თქვა ღმერთთან ერთობაზე, ადამიანმა თავის მარადიულ შემოქმედს ხრწნადი და წარმავალი ქმნილება ამჯობინა. ადამიანმა საღმრთო პატივი ქმნილებას მიანიჭა. კაცის უკვდავი სული, რომელიც ღმრთის ჭვრეტისთვის და მისით განათლებისთვის შეიქმნა, უკვდავი და უხრწნელი ღმრთის ნაცვლად მოკვდავსა და ხრწნადს ეძიებს. ამით ის საკუთარ თავში ბუნების საწინააღმდეგო მიდრეკილებებს ავითარებს, რომლებსაც ადამიანის არსებაში შემოაქვთ სიკვდილი და ხრწნილება, რადგან ვერასოდეს იქნებიან დაკმაყოფილებულნი. ასე ავლენს ცოდვა თავს როგორც უსჯულოება, როგორც ადამიანური ყოფიერების ნორმის დარღვევა, როგორც ადამიანური ცხოვრების ბუნებრივი წეს-რიგის დამახინჯება.
ცოდვაში ჩავარდნა ცოდვით დაცემად იწოდება. პირველ ცოდვით დაცემას კაცობრიობის პირველმშობლები დაექვემდებარნენ. ადამიანი, რომელიც ცოდვის კანონით ცხოვრობს, ძველ კაცად იწოდება. ადამიანში გამყარებული ცოდვილი მიდრეკილებები ვნებებად იწოდება.
ცოდვას მოაქვს სამი ილუზია: თავისუფლების ილუზია, ცოდნის იულზია და სიამოვნების ილუზია.
ცოდვილს ეჩვენება, რომ ის არ არის შკრული კანონებით, მაგრამ ვერ ხედავს იმას, რომ ცოდვის მონა გახდა, რომელმაც მისი სული დაიმონა.
"ჩვენ გვსურს უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი" - ამბობენ მეძავები და, როგორც კი გაეცნობიან ერთმანეთს, უინტერესონი ხდებიან ერთურთისთვის, რადგან მხოლოდ ვნება იყო მათი ცხოვრების რეალური მიზანი.
ცოდვისგან მიღებული დაკმაყოფილება - ეშმაკის სატყუარაა, ის ადამიანს აიძულებს კვლავ და კვლავ გაიმეოროს ცოდვით დაცემა, ნარკომანის მსგავსად, რომელიც ყოველ ჯერზე იძულებულია გაზარდოს დოზა.
***
ყოველი ცოდვა წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას ცხონებისთვის, თუ არსებობენ ზნეობრივად ნეიტრალური, უწყინარი ცოდვებიც?
ნებისმიერი ცოდვა დანაშაულია ღმრთის წინაშე, მათ შორის ერთი შეხდევით მცირე და უწყინარიც (1 იოანე 3:4). საკუთრივ, მრავალი ცოდვა ცოდვილთა თვალში მცირედ ჩანს მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხანია ადამიანთა მასებისთვის ჩვეული გახდა და უკვე განსაკუთრებულ ცოდვად აღარ ეჩვენებათ.
ამასთან დაკავშირებით ცოდვილი, ღმრთის წინაშე გულწრფელი სინანულის ნაცვლად, მიმართავს თავის მართლებას: რითი ვარ მე სხვაზე უარესი? - მარტო მე ხომ არ ვიქცევი ასე? ძველი აღთქმის ისტორია გვიჩვენებს მრავალ მაგალითს იმისა, როდესაც ცოდვათა ესა თუ ის სახეობა არა თუ ცოდვად არ მიიჩნეოდა, არამედ ღირსების ორეოლითაც კი შეიმოსებოდა მთელი რიგი ტომებისა და ერების მიერ.
არადა წმინდანთათვის ის ცოდვებიც კი, რომლებიც ცოდვილთა მიერ მცირედ და უწყინარად მოიაზრებოდა, მათი აღსრულების შემთხვევაში წარმოადგენდნენ სერიოზულ მიზეზს სინანულისა და ხანგრძლივი ცრემლიანი გლოვისა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ წმინდანები უფრო მძაფრად და წმიდად ჭვრეტდნენ თავიანთ შეუსაბამობას იმ იდეალთან, რომელიც დარიგების სახით დაგვიტოვა იესუ ქრისტემ, უფალმა ჩვენმა და მაცხოვარმა. თავისი მადლისმიერი მდგომარეობისა და სულიერი გამოცდილების სიმაღლიდან წმინდანები გვაფრთხილებდნენ, რომ ვინც რომელიმე ცოდვას მცირედ და უწყინარად ჩათვლის, ის უეჭველად შთავარდება უფრო მძიმე და საშინელ ცოდვებში, რისთვისაც სასტიკად დაისჯება.
ცოდვის სხვა მსგავს აღქმას ხელს უწყობს ის, რომ ადამიანთა მთელი კატეგორია, - მათ შორის ისიც, ვინც თავს გაეკლესიურებულად მიიჩნევს, - ცოდვის არსს, უმთავრესად, ღმრთის წინაშე დანაშაულში ხედავს. აქედან კი უჩნდება თავდაჯერება: თუ დანაშაული მცირეა, მისთვის პოტენციური სასჯელიც დიდი არ იქნება; ხოლო საღმრთო მოწყალების, საღმრთო სიყვარულის გათვალისწინებით, მინიმუმამდეც დავა და მისთვის მოწევნული სასჯელი შეიძლება გაუქმდეს კიდევაც.
სინამდვილეში ცოდვა, "უმცირესიც" კი, ეწინააღმდეგება ღმერთთან ურთიერთობას. ჩადის რა ცოდვას, ადამიანი თვითნებურად იზღუდავს თავს მამისგან, ძისგან და სულიწმიდისგან.
მეტიც, ყოველი ცოდვა, მათ შორის ისეთიც, ზოგს უმნიშვნელოდ რომ ეჩვენება, სულში ისევე აღიბეჭდება, როგორც ჟანგი რკინაზე, ხოლო რეგულარული ცოდვა, ან რაც უარესია - მუდმივი ცოდვა, ადამიანს აუცილებლად მიიყვანს მავნე ჩვევების ჩამოყალიბებამდე, რის შემდეგაც ადამიანში ცოდვილი ვნებები და ბიწიერებანი აღმოცენდებიან. რაც უფრო მეტს სცოდავს ადამიანი, მით უფრო მეტად ამახინჯებს საკუთარ თავში ღმრთი ხატს, ახშობს ზნეობრივ გრძნობას.
ამიტომაც, ე. წ. მცირე ცოდვების საშიშროებაც სწორედ იმაშია, რომ რადგან მცირეა, მას დრომდე არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება, ხოლო როდესაც ის მოასწრებს ადამიანის სულში დამკვიდრებას და განვითარებას, მასთან ბრძოლა უკიდურესად რთულდება. ამის ნიმუშად შეიძლება გამოდგეს მუცელღმერთობა ან ლოთობა: ერთჯერადი გაძღომა, როგორც ერთი ზედმეტი ჭიქა ცოდვის შთაბეჭდილებას არ ქმნის. საშიშროება მაშინ ხდება ცხადი, როდესაც ეს მოსურვებანი ადამიანში თავს ავლენენ, როგორც უკვე გამყარებული მიდრეკილებანი.
რომელი ცოდვა იწოდება მომაკვდინებელ ცოდვად?
უპირველეს ყოვლისა მომაკვდინებელია ის ცოდვები, რომლებსაც ადამიანები სულიერი სიკვდილისკენ, მარადიული წარწყმედისკენ მიჰყავთ. თუკი ცოდვა, რაოდენ მძიმეც გინდ იყოს, სწორდება გულწრფელი სინანულითა და შემდგომი ეკლესიური ცხოვრებით, ის მარადიული წარწყმედის მიზეზი ვერ გახდება.
წყარო: azbyka.ru