განმარტებანი - რას ნიშნავს სიტყვები: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს..."? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რას ნიშნავს სიტყვები: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს..." (1 იოანე 3:9)

განმარტება სიტყვებისა:
"ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი"
(1 იოანე 3:9)
უფალი იესუ ქრისტე
ავტორი: ნეტ. ავგუსტინე
 
"ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი"
(1 იოანე 3:9)

გევედრებით ძმანო, ყურადღებით ისმინეთ, რადგან განსახილველი საკითხი არც ისე უმნიშვნელოა. რადგან გუშინ ყურადღებით ისმენდით, არ მეეჭვება, რომ დღეს უფრო მეტ ყურადღებას გამოიჩენთ.
 
რატომ ამბობს იოანე ამ ეპისტოლეში: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს", მაშინ როდესაც ამავე ეპისტოლეში ცოტა ადრე მან თქვა: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში" (1 იოანე 1:8)? რა ქნას იმან, ვისაც ერთი და იმავე ეპისტოლეს ეს ორი გამონათქვამი ორი მხრიდან მოაწვა? თუ ის თავს ცოდვილად აღიარებს, მაშინ ეშინია არ უთხრან: "მაშასადამე, შენ არ შობილხარ ღმრთისგან", რადგან წერილ არს: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს". ხოლო თუ თავს მართლად მიიჩნევს და იტყვის, რომ არა აქვს ცოდვა, მაშინ დარტყმას იმავე ეპისტოლე სიტყვებით მიიღებს მეორე მხრიდან: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში". და აი, ადამიანი, დგას ამ ორ გამონათქვამს შუა და არ იცის რა თქვას, რა აღიაროს და რა განაცხადოს. საშიშია, თუ იტყვის უცოდველი ვარო, და არა მარტო საშიშია, სიცრუეც გახლავთ, რადგან იოანე ამბობს: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში". მაგრამ ცოდვა სინამდვილეში რომ არ ყოფილიყო, მაშინ შეძლებდი ასე თქმას! მაშინ ჭეშმარიტებას იტყოდი და შეძლებდი თამამად გეთქვა, რომ უცოდველი ხარ, თუნდაც უსჯულოების ნაკვალები გემჩნეოდეს, როდესაც აღიარებ ამ ჭეშმარიტებას. მაგრამ, როდესაც ასე ამბობ, ცუდად სწორედ იმიტომაც იქცევი, რომ ცრუობ: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში".
 
მას (ქრისტეს) არ უთქვამს: "ცოდვა არ იყო ჩვენში", რათა ეს ცოდვები წარსული ცხოვრებისთვის არ მიგვეწერა, რადგან ადამიანი შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ რაც ის ღმრთისგან იშვა, ცოდვა მასში გაქრა. ლაპარაკი ამაზე რომ ყოფილიყო, არანაირი კითხვაც არ შეგვაწუხებდა. მაშინ ვიტყოდით: "ჩვენ ცოდვილები ვიყავით, მაგრამ ახლა გავმართლდით; დიახ, გვქონდა ცოდვა, მაგრამ ახლა არ გვაქვს".
 
მაგრამ, ეს როდი თქვა იოანემ. მაშ რა? "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში". შემდეგ კი, პირიქით, თქვა: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს" (1 იოანე 3:9). განა თვით იოანე არ იყო შობილი ღმრთისგან? თუკი ეს ასე არ ყოფილა, მაშ ვისზე გვესმა, რომ უფლის მკერდს მიეყრდნო? ნუთუ ვინმე გაბედავს დაიმედდეს აღორძინებით, თუკი ეს არ ეღირსება იმას, ვინც უფალმა მკერდზე მიიწვინა? (1). ნუთუ ის, ვინც უფალს სხვებზე მეტად უყვარდა, მხოლოდ მას არ უბოძა სულისგან აღორძინება?

____________________

1. ამ თემის განხილვა ავგუსტინესთან იხილეთ სტატიაში: Dideberg D. Saint Jean, le disciple bien-aim№ // Saint Augustin et la Bible. P., 1986. P. 189 და შემდგ.

____________________
მაშ, მიაყურადე ახლა ამ სიტყვებს! მე ვლაპარაკობ იმავე სიძნელეებზე: დაე თქვენი ყურადღების გამო, რომელიც ჩვენთვის და თქვენთვისაც ლოცვასავითაა, ღმერთმა გააფართოვოს ჩვენი გზები და გვიჩვენოს გამოსავალი, რათა არავინ ჰპოვოს მის სიტყვებში წარწყმედის მიზეზი, რადგან აქ ყოველი სიტყვა მხოლოდ მკურნალობისა და ცხონებისთვის იქადაგება და იწერება.

____________________

2. ლათინურად angustiae ბუკვალურად ნიშნავს "სივიწროვეს", "ვიწრო ადგილს", "ვიწრო გასასვლელს". ამ ბუკვალურ მნიშვნელობასთან არის დაკავშირებული გზის გაფართოვების იდეა (- წინსვლის გაადვილება) მომდევნო წინადადებაში.

____________________

იოანე ბრძანებს: "ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება" (1 ინ. 3:4). შენ რომ აქ ცოდვასა და ურჯულოებას შორის განსხვავება არ იგულისხმო, დაამატა: "ცოდვა არის ურჯულოება". რომ არა თქვა: "მე ცოდვილი ვარ, მაგრამ არა ურჯულო", - ითქვა კიდეც: "ცოდვა არის ურჯულოება. და თქვენ იცით, იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა" (1 ინ. 3:4-5).
 
მაგრამ, რას გვარგებს ჩვენ ქრისტეს უცოდველობა? "არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი. შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი" (1 ინ. 3:6-7).
 
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სიტყვა "როგორც" შეიძლება უთითებდეს მსგავსებაზე და არა თანასწორობაზე (3). "ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 ინ. 3:8).

____________________

3. ამის შესახებ ავგუსტინე ლაპარაკობდა მეოთხე განსჯაში იოანეს ეპისტოლეზე (Ep. Io. tr. 4, 9).

____________________

ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ ეშმაკს არავინ შეუქმნია და არ უშვია, მაგრამ მისი მიმდევრები თითქოსდა იშვებიან მისგან (Ep. Io. tr. 4,10). "მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 ინ. 3:8). ის, ვინც უცოდველი იყო მოვიდა, რათა დაერღვია ცოდვა.
 
შემდეგ ნათქვამია: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი". ძლიერ შეგვკრა მოციქულმა. იქნებ მან სიტყვებში "არავინ სცოდავს", რომელიღაც განსაზღვრული ცოდვა იგულისხმა, და არა ყოველგვარი ცოდვა - და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ამბობს: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს", - სწორედ ამ განსაზღვრული ცოდვის თვალსაზრისით უნდა გავიგოთ, რომლის ჩადენაც ღმრთისგან შობილ ადამიანს არ შეუძლია. ეს ცოდვა კი ისეთია, რომ თუკი ვინმე მას დაუშვებს, მით გააძლიერებს სხვებსაც, და თუ არ დაუშვებს, სხვებსაც გაანადგურებს. მაშ, რომელია ეს ცოდვა? - ეს მცნების წინააღმდეგ წასვლაა. რომელი მცნების? "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (იოანე 13:34).
 
ყურად იღეთ! ქრისტეს ამ მცნებას სიყვარული ეწოდება, ამ მცნებით ირღვევა ყველა ცოდვა. თუკი მას არ დაიცავ, - ეს უმძიმესი ცოდვა და სხვა ცოდვების ფესვია.
 
ყურადღებას გთხოვთ, ძმანო. ჩვენ შემოგთავაზეთ ისეთი რამ, რაც წყვეტს საკითხს მათთვის, ვინც კარგად გაიგო. მაგრამ განა ჩვენთან ერთად მხოლოდ ყველაზე სწრაფები მოგზაურობენ? არც ისინი უნდა დავტოვოთ, ვინც უფრო ნელია. მოდი, როგორც შევძლებთ გადავასხვაფეროთ ეს სიტყვები ისე, რომ ყველამდე დავიდეს მათი მნიშვნელობა.
 
მე ვფიქრობ, ძმანო, რომ ყოველი ადამიანი, ვინც ეკლესიას მიაშურებს საკუთარ სულზე ზრუნავს, ვინც ეკლესიაში არ ეძებს ამაოსა და დროებითს, და ის, ვინც ეკლესიაში შემოდის არა იმისთვის, რათა განასრულოს თავისი ამსოფლიური საქმეები, არამედ ელტვის იმ მარადიულს, რაც მისთვის აღთქმულია, - ასეთი ადამიანი, უეჭველად, უნდა ფიქრობდეს, როგორ გაიაროს ეს გზა, რათა ერთ ადგილზე არ იდგეს, არ უკუიქცეს, არ იხეტიალოს, არ კოჭლობდეს და ამით თავი არ ჩაიყენოს იმ საფრთხეში, რასაც მიზნის მიუღწევლობა ჰქვია. და ყოველს, ვისაც ეს აწუხებს, ნელია ის, თუ სწრაფი, დაე ნუ გადაუხვევს ამ გზიდან.
 
მაშ ასე, მე გითხარით, რომ სიტყვები: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს", - იოანემ თქვა იმიტომ, რომ მასში რომელიღაც განსაზღვრული ცოდვა იგულისხმა, რადგან სხვაგვარად ამ ადგილს შეეწინააღმდეგება სხვა სიტყვები: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში" (1 ინ. 1:6). ეს საკითხი შეიძლება გადაწყვეტილ იქნას ასე. არსებობს ერთგვარი ცოდვა, რომლის დაშვება არ შეუძლია იმას, ვინც შობილია ღმრთისგან, და თუკი ამას ვერ დაუშვებს, ყველა სხვა ცოდვა დაინგრევა, ხოლო თუ მას დაუშვებს, სხვებიც აღორძინდებიან. რა ცოდვაა ეს? ეს გახლავთ ქრისტეს მცნების წინააღმდეგ, ახალი აღთქმის წინააღმდეგ წასვლა.
 
რომელი ახალი მცნება იგულისხმება მასში? – "ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (იოანე 13:34). ვინც სიყვარულის წინააღმდეგ წავა, ძმური ურთიერთგაგების წინააღმდეგ გაილაშქრებს, თავს ნუ შეიქებს და ნუ გაბედავს იმის თქმას, რომ შობილია ღმრთისგან; მაგრამ თუ ვინმე მტკიეა ძმურ სიყვარულში, არის ცოდვები, რომელთაც ის განსაზღვრულად არ დაუშვებს, და უპირველეს ყოვლისა სიძულვილს ძმისა.
 
კი, მაგრამ დანარჩენ ცოდვებზე რა უნდა ითქვას, რომელთა შესახებაც დაწერილია: "თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში" (1 ინ. 1:8)? ამგვარი კითხვის დამსმელმა თავი ინუგეშოს წმიდა წერილის სხვა ადგილიდან: "სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს" (1 პეტრე 4:8).
 
ამრიგად, სიყვარულისკენ მოგიწოდებთ; სიყვარულისკენ მოგვიწოდებს ეს ეპისტოლეც. თავისი აღდგომის შემდეგ უფალმა არაფერი ჰკითხა პეტრეს, გარდა ერთისა: "გიყვარვარ?" (იოანე 21:15). და ერთხელ შეკითხვა არ იკმარა, არამედ მეორეჯერაც იგივე იკითხა, და მესამედაც. და თუმც მესამეჯერ რომ ჰკითხა პეტრე დამწუხრდა, რადგან მოეჩვენა, თითქოსდა უფალი არ ენდობოდა მას (თითქოსდა არ იცოდა, რა ხდებოდა მის გულში), მაგრამ როგორც პირველ, ასევე მეორე და მესამეჯერაც უფალმა სწორედ ეს ერთი იკითხა: "გიყვარვარ?" სამჯერ უარყო შიშმა ქრისტე, სამჯერ აღიარა ის სიყვარულმა. აი, პეტრეს უყვარს უფალი. რა შეუძლია მას შეწიროს უფალს? რამეთუ ეს ადარდებს იმასაც, ვინაც ფსალმუნში თქვა: "რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?" (ფსალმ. 115:3). ფსალმუნში მთქმელი ხედავდა, რამდენი სიკეთე მისცა მას ღმერთმა, და ეძიებდა, თუ რითი შეეძლო გადაეხადა უფლისთვის, და ვერ იპოვა. რადგან ყველაფერი, რაც კი შეგიძლია ღმერთს შეწირო ღმრთისგანვე მიგიღია და მხოლოდ ამის გამო შეგიძლია მისი შეწირვა.
 
მაშ, რა იპოვა სამადლობლად რომ შეეწირა ღმრთისთვის? როგორც ვთქვი, ძმანო, რაც ღმრთისგან მიიღო, ისვე ჰპოვა შესაწირად. "სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო" (ფსალმ. 115:4). ვინც მისცა მას მაცხოვნებელი სასმელი, თუ არა იმან, ვისთვისაც შეწირვა სურდა? მაგრამ მაცხოვნებელი სასმელის მიღება და უფლის სახელის მოწოდება - სიყვარულით აღვსებას ნიშნავს, თანაც ისეთ აღვსებას, რომ არა თუ ძმა არ უნდა გძულდეს, არამედ მზად  უნდა იყო თავი დადო მისთვის. სრულყოფილი სიყვარული იმაშია, რათა მზად იყო ძმისთვის თავგასაწირად.
 
თვით უფალმა, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის მოკვდა, თავის ჯვარმცმელთათვისაც კი ილოცა და თქვა: "მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან" (ლუკა. 23:34). მის კვალობაზე ასე იქცეოდნენ მისი მოწაფეებიც. სტეფანეს ქვებით ჰქოლავდნენ, ხოლო მან მოდრიკა მუხლები და თქვა: "უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად" (საქმე 7:60). სტეფანეს უყვარდა ისინი, ვინც მას ჰქოლავდა, რადგან მათთვისვე ჰკვდებოდა. ისმინე მოციქულ პავლესი: "ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის" (2 კორინთ. 12:15). ამაოდ როდი იმყოფებოდა ის მათ შორის, ვისზეც სტეფანე სიკვდილის წინ ლოცულობდა.
 
ასეთია სრულყოფილი სიყვარული. თუკი ვინმეს ასეთი სიყვარული ექნება, ის მზად იქნება ძმისთვის თავდადებად, მაშინ მასში სრულყოფილი სიყვარული გამეფდება. მაგრამ განა ის იმთავითვე სრულყოფილია, როგორც კი დაიბადა? ის იბადება, რათა სრულყოფილი გახდეს; დაბადებული იზრდება; ნაზარდი განმტკიცდება, ხოლო როდესაც სრულყოფილებას მიაღწევს, რას ამბობს? "ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, სიკვდილი კი - მონაგები. ... გული მითქვამს, რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა ათასწილ უმჯობესია. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის" (ფილიპ. 1:21, 23-24). მას სურდა ეცხოვრა მათთვის, ვისთვისაც მზად იყო თავგანწირვად.
 
იმისთვის, რომ იცოდეთ ამაშია სრულყოფილი სიყვარული, რომლის წინააღმდეგაც არ სცოდავს ღმრთისგან შობილი, ისმინეთ, როგორ ეუბნება უფალი პეტრეს: "პეტრე, გიყვარვარ?" - ის კი პასუხობს: "მიყვარხარ" (იოანე 21:15-17). უფალმა არ უთხრა მას: "თუ გიყვარვარ, შემომიდეგ მე". რადგან როდესაც ქრისტე ჯერაც ხრწნად ხორცში იყო, შიოდა და სწყუროდა, მას სტუმართმოყვარეობით ეგებებოდნენ, ემსახურებოდნენ თავიანთი საბადებელით, როგორც სახარებაში ვკითხულობთ.
 
ზაქემ ისტუმრა იგი - და დახსნილ იქნა სნეულებისგან, რადგან საკუთარ სახლში მკურნალი შეიწყნარა (ლუკა 19:1-10). რომელი სნეულებისგან? სიხარბისგან. ის ძალიან მდიდარი და მეზვერეთა უფროსი იყო. ისმინეთ, როგორც განიკურნა იგი სიხარბის ვნებისგან. "ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ" (ლუკა 19:8). მეორე ნახევარი იმისთვის კი არ დატოვა, რომ მისით ესარგებლა, არამედ მისგან ვალები გაესტუმრებინა.
 
ამრიგად, ზაქემ სტუმართმოყვრობა გაუწია თავის მკურნალს, რადგან მაშინ უფალში ჯერაც მოქმედებდა ხორცის უძლურება, და ადამიანებს შეეძლოთ მისთვის ამგვარი დახმარება გაეწიათ, - თან იმიტომაც, რომ თვით მას სურდა მიეცა მისდამი მსახურების შესაძლებლობა მათთვის, ვისაც ეს სურდა - ეს ხომ თვით შემწეთათვის იქნებოდა სასარგებლო, და არა მისთვის.
 
განა ის, ვისაც ემსახურებიან ანგელოზები, რაიმე ადამიანურს საჭიროებს? ასე იყო ოდესღაც მისი მონა ილიაც, როდესაც მას არ უჭირდა, რადგან ყორანს მისთვის პური და ხორცი მოჰქონდა, თუმცა იმისთვის, რათა ღვთისმოსავ ქვრივს მისგან კურთხევა მიეღო. ღვთის მონა წარიგზავნება მასთან და ქვრივიც იკვებება მისგან, ვისაც უფალი საიდუმლოდ ჰკვებავს (3 მეფ. 17). და მაინც, ისინი, ვინც ემსახურებიან ღმრთის მონათა საჭიროებას, უპირველესად ამით საკუთარ თავს არგებენ იმ ჯილდოს სახით, რომელიც უფალმა ნათლად განგვიცხადა: "ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური" (მათე 10:40-42).
 
ასე რომ ის, ვინც ასე იქცევა, საკუთარი თავის სასარგებლოდ იქცევა. ამგვარი მსახურება უკვე აღარ სჭირდებოდა უფალს, როდესაც ის ზეცად ამაღლებას აპირებდა. რა შეეძლო მისთვის გაეკეთებინა პეტრეს, რაკიღა მას უფალი ასე უყვარდა? მაშ, ისმინეთ თუ რა შეეძლო: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" (იოანე 21:17), ანუ: ძმებისთვის გააკეთე ის, რაც მე გავაკეთე შენთვის. მე ყველა გამოვისყიდე ჩემი სისხლით, და თქვენც ნუ დაბრკოლდებით ჭეშმარიტების დაცვისთვის, რათა სხვებმაც მოგბაძონ.
 
მაგრამ, ასეთია, როგორც უკვე ვთქვით, სრულყოფილი სიყვარული; ღმრთისგან შობილია ის, ვისაც სიყვარული აქვს. ყურადღებით იყავით, საყვარელნო, ისმინეთ, რას გეუბნებით. აი, მოინათლა ადამიანი და მიიღო ახლად შობის საიდუმლო; ეს უდიდესი საიდუმლოა, საღმრთო, წმიდა, გამოუთქმელი. დაფიქრდი: ის ადამიანს ყველა ცოდვათა მიტევებით განაახლებს. მაგრამ (ახალმონათლულმაც) განიხილოს თავისი გული: აღსრულდა თუ არა მის გულში ის, რაც სხეულზე აღსრულდა; დაე ნახოს, აქვს თუ არა მას სიყვარული, და მხოლოდ მაშინ თქვას: "მე ვიშვი ღმრთისგან". თუკი მას სიყვარული არა აქვს, საიდუმლოთი აღბეჭდილი ქრისტიანის ნიშანიც (4) რომ ჰქონდეს, მაინც ბრძოლის ველიდან გაქცეული მაწანწალასავით იქნება. ამიტომ, დაე მან მოიწადინოს სიყვარული და სხვაგვარად არც კი უწოდოს თავს ღმრთისგან შობილად. "მაგრამ მე ხომ საიდუმლო მომეცა" - იტყვის იგი. ისმინე მოციქულისა: "წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ" (1 კორინთ. 13:2).

_________________

4. Character – ეს სიტყვა (რომლის უფრო ჩვეულებრივი სინოინიმი მოცემული აზრით გახლავთ stigma და puncta) სხვათა შორის აღნიშნავდა ორიდან ერთ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომელთაც გვიან რომაულ იმპერიაში ჯარისკაცი სამსახურის დაწყებისას იღებდა: ეს იყო დაღი (ჩვეულებისამებრ მარჯვენა ხელზე). ამ ნიშნის ამგვარი ფორმით მიცემა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ხელი შეეშალა ჯარისკაცის დეზერტირობისთვის, რადგან ამ დაღის მოშორება ფრიად ძნელი გახლდათ (შემდეგ ფრაზაში ავგუსტინე სწორედ დეზერტირობაზე მსჯელობს, რომელსაც ედრება სიყვარულის არმქონე ქრისტიანი). ავგუსტინესთან სიტყვა character, როგორც ნათლისღების სიმბოლო გამოიყენება საიდუმლოს ბეჭდის აღუხოცველობის აზრით. იხ. Haring N. St. Augustine’s Use of the Word Character // Medieval Studies 14 (1951). P. 79–97; Poque S. Le langage symbolique dans la pr№dication d’Augustin d’Hipponë Images h№roїques. Vol. 1. Paris, 1984. P. 41–46.

_________________

როგორც გახსოვთ, ამ ეპისტოლეს კითხვის დასაწყისშივე ვთქვით, რომ ის ყველაზე მეტად სიყვარულს აქებს (იხ. ავგუსტინეს "Рассуждению на Послание…", Альфа и Омега. 2002. № 4(34). С. 63). და თუკი იოანე ხან ერთზე ლაპარაკობს და ხან მეორეზე, ის ყოველთვის სიყვარულს უბრუნდება და ყველაფერს, რაზეც კი მსჯელობს, თავს უყრის სიყვარულთან. ვნახოთ ასეა თუ არა აქაც. ისმინე: "ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი" (1 იოანე 2:11). ნახეთ, სწორედ ამ მიზნისკენ, ამ დასასრულისკენ მიჰყავს მას სიტყვათა წყობა: "ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი" (1 იოანე 3:9). - ღვთიური თესლი - ეს ღმრთის სიტყვაა, სწორედ ამიტომაც ამბობს მოციქული: "ქრისტე იესუში სახარებით მე გშობეთ თქვენ" (1 კორინთ. 4:15). - "და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი" (1 იოანე 3:9). ვნახოთ თუ რაში არ შეუძლია მას სცოდოს. "ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი" (1 იოანე 3:10).

წყარო: Блаж. Августин. Трактат на 1-е послание Иоанна. Cl. 0279, 5.2013.25.
Назад к содержимому