განმარტებანი - რატომ არის მიძინების მარხვა ყველაზე მკაცრი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რატომ არის მიძინების მარხვა ყველაზე მკაცრი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება
მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის დაიწყო ორკვირიანი მარხვა, რომელსაც მიძინების მარხვასაც უწოდებენ.  მართალია, ის მოკლეა, მაგრამ ძალიან მკაცრი.


ყველაზე ახალგაზრდა მარხვათა შორის

მიძინების მარხვა წინ უსწრებს დიდ საეკლესიო დღესასწაულს, წელიწადში თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ზეიმობას. მართლმადიდებლები მას აღნიშნავენ 28 აგვისტოს და "ღვთისმშობლის პასექსაც" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ გარდაცვლილა, არამედ მან "მიიძინა" (აქედან მომდინარეობს დღესასწაულის სახელწოდებაც - მიძინება) და მისი სული თვით იესუ ქრისტემ აიყვანა ზეცად.

ეს მოხდა I ს-ის შუაწლებში. მაგრამ ქრისტიანებმა იმთავითვე როდი გაიაზრეს მოცემული მოვლენის მნიშვნელობა, ისევე როგორც, თვით ქალწულ მარიამის როლი. თითქმის ხუთასი წელი დავობდნენ ქრისტიანები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გარშემო. გაურკვევლობების ფონზე გაჩნდა მრავალრიცხოვანი მწვალებლობები, რომლებიც აკნინებდნენ მის როლს ეკლესიაში, ამასთან კი - ქალის სტატუსსაც.

საჭირო გახდა ორი მსოფლიო კრება - ეფესოს III (431 წ.) და ქალკედონის IV (541 წ.), რათა საბოლოოდ განსაზღვრულიყო დოგმატი ღვთისმშობელზე. შემდგომ ასწლეულებში მორწმუნეები კვლავ იაზრებენ ქალწულ მარიამის ცხოვრების ცნობილ მოვლენებს. ხოლო თვით მიძინების დღესასწაული კალენდარში შემოდის VI ს-ში. თუმცა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მარხვათა სიაში ის მოგვიანებით მოხვდა. ამაზე უთითებს ის, რომ დღესასწაულის წინ თავიდან არ მარხულობდნენ.

ძველად, ქრისტიანობამდეც, არსებობდა ტრადიცია: რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მოახლოვებამდე ადამიანები მარხულობდნენ, რითაც მორალურად ამზადებდნენ თავს მოვლენისთვის. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება გაეკლესიურდა. მორწმუნეებმაც დაიწყეს მარხვა ქრისტეს შობის, პასექის, მთვარმოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენებისა და მიძინების წინ.

მარხვის ხანგრძლივობა განსხვავდებოდა ამა თუ იმ თემის ტრადიციის მიხედვით. მაგალითად, დასავლელი ქრისტიანები სამ დღეზე მეტ ხანს არ მარხულობდნენ. ასეა დღემდეც - "კათოლიკეები" მიძინების წინ, რომელიც მათში 15 აგვისტოს იზეიმება, მხოლოდ რამოდენიმე დღე მარხულობენ.

აღმოსავლეთის ეკლესიებში კი მარხვა უფრო ხანგრძლივია. მიძინების მარხვა მართლმადიდებლებში გრძელდება ორი კვირა, 14 აგვისტოდან 27 აგვისტომდე. ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დამკვიდრდა ეს ჩვეულება. მაგრამ ისტორიკოსები და თეოლოგები ერთსულოვანნი არიან: ეს მარხვა, ისევე როგორც თვით მიძინების დღესასწაული, დანარჩენ მარხვათა შემდეგ გაჩნდა.


დიდ მარხვაზე უფრო მკაცრი

სპეციალისტები ვერ პასუხობენ კიდევ ერთ კითხვას: რატომ განსხვავდებიან მრავალდღიანი მარხვები ერთმანეთისგან სიმკაცრით. მაგალითად, პეტრე-პავლობისა და ქრისტეს შობის მარხვებში ორშაბათ, ოთხშაბათ და პარასკევის გარდა, სხვა დღეებში დასაშვებია თევზი, ხოლო დიდ მარხვასა და მიძინების მარხვაში არა. უბრალო მორწმუნეები სამარხვო კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

განაწესების მიხედვით მარხვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ასე ჩამოყალიბდა ისტორიულად. თუმცა ჯერ ისინი მოკლენი იყვნენ, და გულისხმობდნენ სრულ თავშეკავებას საჭმლისა და სასმელისგან.

ესოდენ მკაცრ გამოცდას ყველა როდი გაუძლებს. ამიტომაც ეკლესიაში ჩამოყალიბდა წესების სისტემა, თუ როდის და რა შეიძლება მიიღოს ქრისტიანმა ამა თუ იმ მარხვის პროცესში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კულინარიული დეტალები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე - მაგალითად, მარხვის მნიშვნელობაზე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, წელიწადის დროზე და სხვა. ყველა ეს ნიუანსი გაწერილია საეკლესიო განაწესში.

აღმოჩნდა, რომ მიძინების მარხვა - ყველაზე მკაცრია. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს მორწმუნეებმა უნდა მიიღონ მშრალი საკვები. ხოლო სამშაბათს და ხუთშაბათს მოხარშული საკვები, ოღონდ უზეთოდ. ზეთიანის ჭამა ნებადართულია მხოლოდ შაბათ-კვირაობით. შაბათ-კვირითვე დასაშვებია ღვინო, ოღონდ მცირე რაოდენობით.

დიდ მარხვაში უფრო მეტი დიდი დღესასწაულებია, რომლებზეც განაწესით დაშვებულია შემსუბუქებები. მაგრამ, ის მიძინების მარხვაზე ბევრად უფრო დიდია.

მიძინების მარხვაში მხოლოდ ერთადერთხელ არის დაშვებული თევზის ჭამა - უფლის ფერიცვალების დღესასწაულზე, 19 აგვისტოს.


თავარი პრობლემა

მართალია მიძინების მარხვა - ყველაზე მკაცრია, მაგრამ, როგორც მრავალი სასულიერო პირი ბრძანებს, ყოველ ადამიანს ერთნაირად როდი მართებს მისი დაცვა და ეს გარემოება დამოკიდებულია თვით ადამიანთა სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ხშირად მორწმუნეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლახან გაეკლესიურდა, უშვებენ შეცდომას: ისინი საკუთარ თავზე იღებენ ისეთ ღვაწლს, რომლის ატანა მათ ჯერ არ ძალუძთ. ეს გარემოება ხშირად ხდება სულიერი და ხორციელი დაცემის მიზეზი.

რაც საინტერესოა, ეს პრობლემა გაჩნდა მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში. ადრე მორწმუნეები ყველაფერს ეკითხებოდნენ მღვდლებს, ის კი თითოეულ მათგანს განუმარტავდა როგორ მოქცეულიყო. დღეს ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი გაჯეტის ეკრანზე სრული სახით მიიღონ "ტიპიკონი" (საეკლესიო განაწესთა წიგნი - "აპოკ". რედ.). იწყებენ კითხვას მშრალ მარხვაზე, პოლიელეოსზე (დღესასწაულები, როდესაც ნებადართულია ზეთიანი ან თევზი - "აპოკ". რედ.) და ტვინი "უდუღთ" გაურკვევლობისგან.

ამიტომ, მღვდელმსახურები მუდმივად უნდა აფრთხილებდნენ ერისკაცთ: ბერ მონაზვნური განაწესი - ეს ერთი საქმეა. ის, როგორც ცნობილია, ჩამოყალიბდა ათასი წლის წინათ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და იმ დროის რეალიებს ითვალისწინებს. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა. თვით ყოველ მონასტერსაც კი შეუძლია შეიმუშაოს მარხვის საკუთარი განაწესები (ამისი დასტურია თუნდაც რუსეთის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე მონასტერთა განაწესები, რომლებიც განსხვავდებიან უფრო რბილ კლიმატურ პირობებში არსებულ მონასტრულ განაწესთაგან - "აპოკ." რედ.).

ჩვეულებრივ მორწმუნეებს მართებს მისდიონ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ტრადიციულ განაწესებს, რომელიც ძირითადად ერთი და იგივეა: თავი შეიკავონ ხორციელი საკვებისგან, რძის პროდუქტებისგან და თევზისგან. ეს არის საფუძვლიანი მარხვითი რეჟიმი. ხოლო ფანტაზიებსა და თვითნებობებს შეეშვან.


სამი გამონაკლისი

თუმცა, ეს საკმაოდ ზოგადი განაწესები ყველასთვის გამოსადეგი როდია. ამა თუ იმ ადამიანისთვის მარხვის სიმკაცრის განსაზღვრას საკუთარი ნიუანსები გააჩნია.

უპირველეს ყოვლისა ეს არის ობიექტური ფიზიკური მდგომარეობა. ჯერ კიდევ IV ს-ში ავადმყოფებს ნებას რთავდნენ ემარხულათ შეძლებისამებრ, ან კიდევ ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. ფეხმძიმე და მეძუძური დედები ასევე არ მარხულობდნენ.

მარხვა არ ვრცელდება ასევე ბავშვებზე. თუმცა, არცთუ იშვიათად, მორწმუნე მშობლები თავიანთ პატარებს აიძულებენ "დიდების თანასწორად იმარხულონ". ეს კი არასწორია - ამ შემთხვევაში მოქმედება საჭიროა ვითარების შესაბამისად. გარდა ამისა, შვიდ წლამდე პატარები, სრულიად თავისუფლდებიან მარხვისგან.

ასევე შეიძლება იყოს პირადი მომენტები. მათ მორწმუნე გაარჩევს მღვდელთან. მაგალითად, ვინმე მორწმუნე ამბობს, რომ მას არ შეუძლია კამფეტების გარეშე. მაშასადამე, მისთვის სასარგებლოა მარხვაში ტკბილეულისგან თავის შეკავება. მაგრამ, ხდება პირიქით, ადამიანი ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას ან ავადმყოფია და ექიმის მითითებებს ასრულებს, - ასეთ ადამიანს შეიძლება გარკვეული შეღავათი მიეცესს, რადგან მას არა აქვს მარხვის ზედმიწევნითი დაცვის შესაბამისი პირობები. ხოლო შეღავათის სახეს თვით მისი მოძღვარი დაუწესებს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. მარხვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა განვიხილოთ მღვდელმსახურთან, მაგალითად, სინანულის საიდუმლოში (აღსარებაზე). მთავარია, რაგინდ მკაცრიც იყოს მარხვა, დავიცვათ კეთილგონივრულობა.

წყარო: ria.ru
Назад к содержимому