განმარტებანი - რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები?
რჩევები და არგუმენტები, მსჯელობანი და მტკიცებულებანი
ჭეშმარიტების დოგმატები
"გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (მათე 5:44).
 
ადამიანთა, მტერთა და ბოროტმოქმედთა სიყვარული, საჭიროა:
 
1. რადგან ისინი ჩვენი მოყვასნი არიან, ხოლო მოყვასის სიყვარული უფალმა ამცნო ადამიანებს, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (ლევ. 19:18; მათე 22:39).
 
2. მოყვასის სიყვარული საჭიროა იმიტომ, რომ მხოლოდ უანგარო ყოვლისმიმტევებელ სიყვარულს შეუძლია სამყაროს გაკეთილშობილება და ბოროტების დათრგუნვა. სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ბოროტება. "ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში" (1 იოანე 4:16).
 
3. მტრები მოყვრებად რომ ვაქციოთ, რადგან მეგობრობა აღმოფხვრის ბოღმას და მტრობას, შეეწევა ბედნიერი ცხოვრების აშენებას; რომ მეგობრებთან ვიცხოვროთ მტრების გარეშე.
 
4. რათა ღმრთის წინაშე ვიცხოვროთ მშვიდობიან ადამიანურ ერთობაში. არ ვემტეროთ ერთმანეთს, არამედ ვიცხოვროთ ისე, როგორც ღმერთმა ამცნო ადამიანთ: "თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ" (რომ. 12:18).
 
5. იმიტომ, რომ ასე იქცეოდა უფალი, რომელიც "კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ" (ლუკა 6:35) და "ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც" (მათე 5:45).
 
6. რომ მივემსგავსოთ მაცხოვარს, რომელიც სამყაროში მოვიდა გამომსყიდველი მსხვერპლით, ცოდვილთა გამოსასწორებლად. და ჩვენს წრეში, ჩვენ, როგორც იესუ ქრისტე, უნდა გავხდეთ სიკეთის მთესველნი და ნათელი, რომელიც განაბნევს ბოროტებას. "ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9:13) - ამბობს უფალი.
 
7. რათა მაცხოვარივით გამოვასწოროთ ცოდვილები, აღვზარდოთ ისინი და ცოდვათა დაძლევაში დავეხმაროთ მათ; გავაგრძელოთ უფლის საქმე ადამიანთა სამყაროს გასაუმჯობესებლად. "ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს" (1 პეტრე. 2:21).
 
8. რათა, როგორც ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე, ასევე ჩვენც ვიზრუნოთ მოყვასზე, რითაც მივემსგავსებით ღმერთს, რადგან გავაგრძელებთ მის საქმეებს მოწყალებისა, სიყვარულისა და სიკეთისა. ადამიანებს "ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი" (ტიტ. 2:7).
 
9. რათა კეთილი საქმეები აღვასრულოთ სიკეთითა და სიყვარულით მტერთადმი, ვიცხოვროთ სიკეთის წესებით, შევიქნეთ სრულყოფილნი, როგორც მამა ზეციერი, და კეთილი საქმეებით გავხდეთ ღმრთის სიწმიდის მოზიარენი, რათა მამა ზეციერის შვილებად ვიწოდოთ. "გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.  რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა" (მათე 5:43-45).
 
10. რათა ცოდვილი ვქმნათ მართლად, და სიყვარულის მიერ აღმოვფხვრათ ცოდვები მოყვასის, ბოროტმოქმედისა და მტრის სულში. "ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! არ მნებავს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და ცხონება მისი! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო!" (ეზეკ. 33:11).
 
11. რათა სიყვარულით დამარცხდეს ცოდვილის სულში ბოროტება, სიამაყე დამარცხდეს თავმდაბლობით, მტრობა - მოფერებით, უნდობლობა - ნდობით.
 
12. რათა ვქმნათ კეთილი საქმეები და ვიცხოვროთ ყველაზე მაღალზნეობრივი ქრისტიანული მორალით, და ამგვარად მივაღწიოთ ზნეობრივი სრულყოფის უმაღლეს ხარისხს. "სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ" (ესაია 1:17).
 
13. რათა მოყვასი მტრის სული დავუქვემდებაროთ ცხონებას და არ მივცეთ იგი მაცთურის ხელში, სიკეთით აღმოვფხვრათ მასში ბოროტება, იმ მიზნით, რათა ღმრთის გულისთვის მაცთურ მტერს წავართვათ ცოდვილის სული; რათა ადამიანები, რომლებიც ღმრთის მოწინააღმდეგე ძალებს ებრძვიან, ბოროტებით არ იყვნენ ძლეულნი. "ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი" (რომ. 12:21).
 
14. ცოდვილი - ბოროტების მეგობარია, მართალი - ღმრთისა. ღმრთის მეგობრები რომ ვამრავლოთ და ცოდვილი მოყვასის სული გადავარჩინოთ, უნდა გამოვტაცოთ მისი სული ბოროტების მსახურთა არმიას, რადგან ღმრთის მტერი, წინააღმდგომი (სუპოსტატი), არ შეიძლება ადამიანთა მეგობარი იყოს. "იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს" (1 პეტრე 5:8).
 
15. რათა მოყვასი მტრისადმი გამოვლენილი სიყვარულით გამოავლინო სიყვარული ღმრთისადმი, რომელიც გვიბრძანებს სიყვარულის მცნების აღსრულებას ყველა მოყვასთან მიმართებაში. რადგან, თუ ღმერთი გვიყვარს, მაშინ ისინიც უნდა გვიყვარდეს, ვინც ღმერთს უყვარს და ვაკეთოთ ის, რაც ღმერთს უყვარს. უფალს კი კაცთა მთელი სამყარო უყვარს და გვავალებს ჩვენს მოყვასთ ვუკეთოთ სიკეთე, თუნდაც ცოდვილები იყონ. რადგან "თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?" (1 იოანე 4:20).
 
16. მტრის სიყვარული საჭიროა, რადგან ღმერთი ყველა ადამიანის მამაა, ხოლო ჩვენ, ვემსგავსებით რა ღმერთს, თითოეულ ადამიანს უნდა მოვეპყრათ, როგორც საკუთარ ძმებს. თუკი ღმერთს უყვარს ადამიანთა სამყარო, მაშინ ჩვენც უნდა გყვიყვარდეს ადამიანები ამ სამყაროში. "რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც" (2 კორინთ. 8:21).
 
17. რადგან ადამიანები ატარებენ ღმრთის ხატს, ისინი ღმრთის ხატად და მსგავსად არიან შექმნილნი. ღმრთის ეს ხატი რომ დავაფასოთ ადამიანში, საჭიროა მტრების სიყვარულიც, რომელთაც ასევე გააჩნიათ ეს ხატი. ამიტომ ბოროტმოქმედის და მტრის შეყვარება საჭიროა იმიტომ, რომ ისიც ღმრთის ქმნილებაა, განკუთვნილი სიკეთისთვის. ამიტომაც, შენი სიყვარულით შეგიძლია მოაბრუნო ის კეთილ გზაზე. "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27).
 
18. მოყვასი - მტერი იქნება ის თუ ბოროტმოქმედი, მაინც შენი სიყვარულის ღირსია, რადგან ის ღმრთის მონაა, რომელიც ასევე გამოსყიდულია ქრისტეს სისხლით. ქრისტე ცოდვილთათვის ევნო და ყველას შეეწევა. "ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანე 3:16).
 
19. ცოდვებში ყველაზე გახევებული ცოდვილიც კი ღმრთის დანარჩენ ხილულ ქმნილებებზე აღმატებულია, რადგან მას აქვს აუწონელი საგანძური - სული. როგორც შეუხედავია ტალახში ამოგანგლული ალმასი, ასევე შეუხედავია და საშინელი უმეცრებით, გაუნათლებლობით, უზნეობით, ცოდვითა და ბოროტებით შესვრიმული სულიც. მტრის სიყვარული საჭიროა იმისთვის, რათა სცადო მისი სული განწმინდო ამ სიბინძურისგან და შენი სიყვარულით დააბრუნო იგი ღმრთის სავანეში. მტრისადმი სიძულვილით, შენ აკნინებ ღმრთის ხატს მოყვასში, და მის სულს, როგორც ადამიანისადმი ღმრთისგან ბოძებულ საგანძურს.
 
20. მოყვასის სიყვარული საჭიროა იმიტომ, რომ ადამიანთა სულები ღმრთის საცხოვრისია. ბოროტი მოყვასისადმი თავისი სიყვარულით ადამიანი ცოდვისგან განწმენდს მის სულს და ღმრთის ნაპერწკლის დავანების ღირსად შეიქს მას. "ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?" (1 კორინთ. 6:19).
 
21. მოყვასის სიყვარული საჭიროა იმიტომ, რომ ადამიანი, ბოროტი იქნება ის თუ შენი მტერი, ყველაზე მეტად საჭიროებს გადარჩენას და შენი სიყვარულის შეწევნას. სიყვარულით შენ შეძლებ მისი სულის განწმენდას, მის გადაკეთებას ბოროტიდან სათნო ადამიანად ისევე, როგორც უფალი განწმენდდა და გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. "იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის" (იოანე 13:35).
 
22. როდესაც ბოროტმოქმედი და მტერი მოყვასისადმი მზრუნველობას ვიჩენთ, მისი სულიდან ბოროტების გამოდევნას, მის ხელახლა აღზრდას ვცდილობთ; ამ დროს მისგან მრავალ უსიამოვნებას განვიცდით, რადგან ვეხებით ბოროტებას. მიუხედავად ამისა, მოყვასის სიყვარული საჭიროა იმისთვისაც, რათა ვისწავლოთ მოთმინება, სიკეთით ბოროტების დამარცხება და მოყვასის ბოროტებისგან გამოხსნა, რომ დავეხმაროთ მას არ სცოდოს. აი ასე, მოყვასზე ამგვარი მზრუნველობით ვლინდება ქრისტიანის მოვალეობა და მისი სამუშაო. "ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის" (1 პეტრე 3:17).
 
23. მტერთა და ბოროტთა სიყვარული საჭიროა, რათა საკუთარ თავში გამოვიმუშაოთ სიკეთის ქმნის უნარი და მუდმივად ვიყოთ მოწყალენი და მიმტევებელნი თუნდაც მოყვას მტერთა და ბოროტმოქმედთადმი; რათა სათნოებათა ქმნაში სრულვყოთ საკუთარი თავი. "მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა" (მათე 5:48).
 
24. საჭიროა იმისთვის, რათა შენც დაგეხმარონ და შენზეც იზრუნონ. რადგან თუკი შენ შეეწევი ბოროტი თუ მტერი მოყვასის გამოსწორებას, შენც, შენს ცხოვრებაში დაგეხმარებიან ამა თუ იმ მანკიერებათა დაძლევაში და შენდამიც გამოიჩენენ მზრუნველობასა და სიყვარულს; და თუკი შენ ითმენ მოყვასის ნაკლოვანებებს და მათ დაძლევაში ეხმარები, მაშინ ადამიანები შენს ნაკლოვანებებსაც მოითმენენ და შენც დაგეხმარებიან სრულყოფაში. როდესაც ყველას მიმართ სიყვარულით სავსე წმიდა გული გაქვს, საკუთარი პიროვნებისადმიც იგივე დამოკიდებულებას გამოიწვევ. "როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი" (მათე 7:12).
 
25. თუ გინდა, რომ არ გმტრობდნენ და უყვარდეთ, შენც შეიყვარე შენი მტერი და სიკეთე უქმენ, ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინე. სამაგიეროდ მტერიც შეგიყვარებს და მეგობრად გექცევა. რადგან სიყვარულით და მოთმინებით ისპობა ბოროტება და მარცხდება მტრობა. "ვინ შეგამთხვევთ ბოროტს, თუ კეთილს ესწრაფით?" (1 პეტრე 3:13).
 
26. საჭიროა ისე ვიცხოვროთ, რომ შევიძულოთ ბოროტება, და არა მოყვასნი, თუნდაც ცოდვილნი. ისინი ხომ ბოროტების ნადავლნი გახდნენ და ბოროტების გავლენით დაიწყეს ბოროტების კეთება. თუ შეძლებ მათზე გაბატონებული ბოროტების დამარცხებასა და მათ გულებში დაბუდებული ბოროტების განქარვებას შეძლებ, შენც სიყვარულითა და მზრუნველობით შეძლებს ცოდვილის ხსნას, როგორც აკეთებდა ამას ქრისტე: "მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი" (1 იოანე 3:8).
 
27. თუკი ადამიანს მოყვასი უყვარს, მათ შორის მტერიც, ის საკუთარ თავზე თვითონაც გარდამოიწვევს სიყვარულს. თუკი მოყვასს არ ავნებ, თვითონაც არაფერი გევნება მისგან. რადგან არ შეუძლია ადამიანს ისე ავნოს მოყვასს, რომ საკუთარი თავი არ დაიზიანოს. "რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის" (გალატ. 6:7). ამიტომაც სიყვარლი მოყვასისადმი, თვით მტრისადმიც კი, როგორც მისაგებელის ჩამომყალიბებელი ფაქტორი, სასარგებლო და აუცილებელია.
 
28. ვისაც მტერი სძულს და ავნებს მას, მით თვითონაც ბოროტმოქმედი ხდება და საკუთარ თავსაც ავნებს, რადგან "მოკლავს ცოდვილს ბოროტება" (ფსალმ. 33:22). ამგვარი ხვედრი თავიდან რომ ავიცილოთ მტრების შეყვარებაა საჭირო. "ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული" (იგავნი 14:16). უფალი კი ადამიანებს ურჩევს: "არ მიაგოთ ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას" (1 თესალონიკ. 5:15).
 
29. მოყვასთა სიყვარული, თუნდაც მტრებისა და ბოროტმოქმედებისა და მათდამი უბოროტო დამოკიდებულება საჭიროა იმისთვის, რათა მტრისთვის მიყენებული ზიანისთვის ბოროტებითვე არ გვიპასუხონ, რადგან უფალი კაცს "თავისი საქმეთაებრ მიაგებს" (იგავნი 24:12).
 
30. მტრების სიყვარული საჭიროა იმისთვის, რათა დავიცვათ უფლის მცნებები კეთილ საქმეთა ქმნასთან და მოყვასისადმი სიყვარულთან დაკავშირებით. რადგან "მცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა; ჟამსაც და წესსაც ბრძენკაცის გული გრძნობს" (ეკლ. 8:5).
 
31. მოყვას მტერთა და ბოროტმოქმედთა სიყვარული კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ აღვასრულოთ უფლის მცნება სიყვარულზე და დავიცვათ ღმრთის სჯული, რომ ცათა სასუფეველში მოვხვდეთ. "და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მათე 18:3).
 
32. მტერს თუ ზიანს არ აყენებ, მაგრამ არ გიყვარს, მაინც არ ასრულებ მცნებას მოყვასისა და მტრების სიყვარულზე. ვინც მტერს არ ვნებს, მაგრამ არც უყვარს იგი, წააგავს გაყვავილებულ, მაგრამ უნაყოფო ხეს. რადგან შენი სიყვარული მტრისადმი უნდა გამოიხატოს არა მარტო ზიანის არარსებობაში, არამედ მტრისადმი შეწევნაში. "მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (იაკობი 4:17).
 
33. ვისაც შეეძლო დახმარებოდა წყალში ჩავარდნილს და არ დაეხმარა, მან დაახრჩო იგი. ვინც არ შეიყვარა მოყვასი მტერი და არ იხსნა მისი სული ბოროტებისგან, მან დაღუპა საკუთარი თავიც. რადგან, როდესაც სხვა ადამიანს შევეწევით, ამით საკუთარ თავსაც შევეწევით, ვინაიდან "როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ" (მათე 7:2).
 
34. მოყვასის, მათ შორის მტრის სიყვარული, საჭიროა არა მარტო იმიტომ, რომ ეს ღმრთის მცნების აღსრულებაა, კერძოდ: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათე 22:39), არამედ იმიტომაც, რომ ეს, ღმრთის სჯულის თანახმად, ქმნის ჩვენს საკუთარ სიკეთეს. რადგან ადამიანის სიკეთე მოყვასისადმი სიკეთის ქმნაში მდგომარეობს. რაც უ ფრო მეტი სიკეთე გიქნია ადამიანისთვის, მით უფრო დიდი სიკეთე მოგიწევია საკუთარ თავზე. "იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან" (ეფეს. 6:8).
 
35. ვინც არ ზრუნავს მოყვასზე, მათ შორის მტერზე, ის საკუთარი თავის ყველაზე დაუძინებელი მტერია. ვისაც არ უყვარს მოყვასი, იმას არც საკუთარი თავი უყვარს, რადგან მოყვასის მოყვარული კაცი საკუთარ თავზეც ზრუნავს და საკუთარ ცხონებას დიდად შეეწევა. ამიტომაც, როდესაც კეთილად ვეპყრობით სხვა ადამიანებს, ამ მოქმედებით საკუთარ თავზეც კეთილ განწყობას ვიწვევთ, ვინაიდან "როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ" (მათე 7:2).
 
36. მოყვასისადმი სიყვარული - ეს არის მხურვალე ალი, ეგოიზმი კი - თვითგანადგურება. ამიტომ საჭიროა გვიყვარდეს მოყვასი, მათ შორის მტერიც, რადგან ასეთი სიყვარული, ღმრთის სჯულის თანახმად, სიკეთის მკეთებლისთვის უდიდესი ბედნიერების მომტანია. "სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო" (მეორე სჯლ. 6:18).
 
37. მოყვასის სიყვარული, მათ შორის მტრებისა და ბოროტმოქმედებისა, კიდევ იმიტომ არის საჭირო, რომ როდესაც სხვისთვის ცხოვრობ და ეხმარები, ამით საკუთარ თავსაც ეხმარები და ვცხოვრობთ იმისთვის, რომ კეთილი ვუყოთ მოყვასს. ადამიანის ცხოვრების არსი სწორედ სიკეთის ქმნაშია. "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალატ. 6:2).
 
38. ღმრთისადმი სიყვარულის შემდეგ მოყვასისადმი სიყვარული გათანაბრებულია საკუთარი თავისადმი სიყვარულს. "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათე 22:39). ასე რომ, სწორედ იმიტომაც უნდა გვიყვარდეს მოყვასნი, ბოროტებიცა და მტრებიც, რათა მონაწილეობა მივიღოთ მეორე მცნების აღსრულებაში, და მოყვასისადმი სიყვარულით გავაუმჯობესოთ სამყარო.
 
39. ადამიანი არ უნდა იყოს თავმოყვარე, არამედ ღმრთისმოყვარე (ანუ ღმერთი ყველაზე მეტად უნდა უყვარდეს); ასევე ადამიანი არ უნდა იყოს თვითმაამებელი, არამედ ძმათმაამებელი (ძმათმოყვარე); ანუ მოყვასი ძმასავით უნდა უყვარდეს. მხოლოდ მაშინ იქნება ადამიანი ბედნიერი. "თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში" (1 იოანე 1:10).
 
ღმერთი ყოვლისმძლეველი სიყვარულის მზით ათბობს მართლებსა და ცოდვილთ. ასევე ჩვენც, ადამიანებმა, მოყვასთა, მათ შორის ბოროტეულთა და მტერთა სიყვარულით, ცოდვილთა სულებიდან უნდა განვდევნოთ ცოდვის სიბნელე, და ბოროტების საკვრელები სიკეთის სიხარულით შევცვალოთ, რადგან ამით ჩვენ ღმრთისთვის უსათნოეს და უდიდეს საქმეს გავაკეთებთ. "რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესუში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ" (ეფეს. 2:10).

პუბლიკაცია მომზადდა მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით.

საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია. თბილისი. 28 სექტემბერი. 2021 წ.
Назад к содержимому