Перейти к контенту

განმარტებანი - წმინდა იოანე ოქროპირი. რაშია ნამდვილი სიხარული?! - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
რაშია ნამდვილი სიხარული?!
ეკლესიის მოძღვარი
წყარო: წმ. იოანე ოქროპირის მე-16 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე".
 
 
"ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად..." (საქმე. 7:34).
 
***
 
3. შეხედე, როგორ დაანახებს მათ (სტეფანე), რომ ღმერთი ხელმძღვანელობს მათ წყალობითაც, სასჯელებითაც, და სასწაულებითაც. ისინი კი ისეთივენი რჩებოდნენ. აქედან ჩვენ ვიგებთ, რომ ღმერთი ყველგანმყოფია. ამას რომ შევიტყობთ, ჩვენც მივმართავთ მას მწუხარების ჟამს. მათი გოდების გაგონებაზე უფალი ამბობს: "ვისმინე მისი გმინვა". უბრალოდ კი არ ისმინა, არამედ შესმენილია მათი ტანჯვის გამო. თუ ვინმე იკითხავს: რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი ტანჯვა? - დაე მან იცოდეს, ყოველი მართალი განსაკუთრებული ტანჯვისთვის გახდა ჯილდოს ღირსი; ან იმისთვის დაუშვა მათი წამება, რომ თავისი ძალა გამოევლინა მთელ ქვეყანაზე და ამ ტანჯვით მათთვის ესწავლებინა, ყველაფერში სიბრძნე ეძიონ.
 
შეხედე, როდესაც ისინი უდაბნოში იყვნენ,მაშინ არა მხოლოდ გაზულუქდნენ და გასუქდნენ, არამედ ღმერთი დაივიწყეს. უდარდელი ცხოვრება, საყვარელნო, ყოველთვის ბოროტებაა! ამიტომ ეუბნებოდა დასაწყისში ღმერთი ადამს: "პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი" (დაბ. 3:19).
 
მაშ ასე, რადგან ისინი (ისრაელიტელნი - "აპოკ." რედ.) დიდი ტანჯვის ნაცვლად უზრუნველად ცხოვრობდნენ, ცოდვამ რომ არ მოიცვას ისინი, უშვებს, რომ მწუხარება შეემთხვეთ: მწუხარება არის უდიდესი სიკეთე. ხოლო ტანჯვა რომ კეთილდღეობაა, ამის შესახებ უსმინე დავითს, რომელიც ამბობს: "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი" (ფსალმ. 118:71). თუ ტანჯვა დიდი კეთილდღეობაა დიადი და გასაოცარი ადამიანებისთვის, მეტადრე უნდა იყოს ჩვენთვის. თუ გსურთ ეს კეთილდღეობა თავისთავადაც განვიხილოთ.
 
წარმოვიდგინოთ, ვინმე მეტისმეტად ხარობს, მხიარულობს და სიცილ-ხარხარშია: რა არის ამაზე უფრო საშინელი და უგუნური? ვიღაც სხვა, თუნდაც ნაღვლიანი და მწუხარე იყოს: რა არის ამაზე ბრძნული? ამიტომ ჩააგონებს უზენაესი: "მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული. ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგუნურის ფიქრები - მხიარულების სახლში" (ეკლ. 7:3, 4). შეიძლება თქვენ ამ სიტყვებზე იცინოდეთ? გავიხსენოთ, როგორი იყო ადამი სამოთხეში და როგორი მის შემდეგ, როგორი იყო კაენი მკვლელობამდე და როგორი შემდეგ. მხიარული ადამიანის სული არ დარჩება თავის ადგილას; არამედ, როგორც ქარი, ერთობა სიამოვნებით, ქარაფშუტობას სწავლობს და სიმტკიცე მოაკლდება. ის ადვილად იტყვის ტყუილს, იოლად გასცემს დაპირებებს და მასში გულისთქმათა უდიდესი ქარშიალია აღმდგარი. აქედან - უადგილო სიცილი, ანგარიშგაუწეველი მხიარულება, სიტყვების ზედმეტი ნაკადი და უდიდესი უქმადმეტყველება.
 
მაგრამ რას ვამბობ დანარჩენებზე? წარმოვიდგინოთ ვინმე წმინდანებიდან და ვნახავთ როგორი იყო იგი სიამოვნების დროს, როგორი მწუხარების დროს. შევხედოთ, თუ გსურთ, დავითს. როდესაც ის ცხოვრობდა სიამოვნებით და მხიარულად - უამრავი ნადავლით, გამარჯვებებით, გვირგვინებით, სიმდიდრით და თვითრწმენით, მაშინ, ნახე, რა თქვა და რა გააკეთა? "ხოლო მე ვსთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე" (ფსალმ. 29:6). როდესაც მწუხარებაში იმყოფებოდა, მოისმინე რას ამბობს: "თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს" (2 მეფ. 15:26). რა არის ამ სიტყვებზე უფრო დიდი სიბრძნე? ამბობს: დაე იყოს ისე, როგორც ღმერთს სურს. ასევე ეუბნება საულს: "თუ უფალმა წაგაქეზა ჩემს წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი" (1 მეფ. 15:26). როდესაც მწუხარებაში იყო, მაშინ მტრებსაც კი ინდობდა, შემდეგ კი - არც მეგობრებს; არც მათ, ვისაც არაფერი დაუშავებიათ მისთვის.
 
იაკობი, როდესაც მწუხარებაში იყო, ამბობდა: "უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად" (დაბ. 28:20). ნოეს შვილს ადრე ასეთი არაფერი გაუკეთებია, როდესაც დარწმუნდა, რომ წარღვნას გადაურჩა, ნახე, როგორი კადნიერი აღმოჩნდა (დაბ. 9:22). ეზეკია, როდესაც მწუხარებაში იყო, ნახე, რა გააკეთა თავის გადასარჩენად: ძონძებით შეიმოსა და მიწაზე იჯდა; როდესაც ცხოვრება სიამოვნებით დაიწყო, სწორედ მაშინ დაეცა. ამიტომ მოსე გვარიგებს: როცა ჭამ და ნაყრდები, ფრთხილად იყავი, უფალი არ დაივიწყო (2 რჯლ. 6:11-12). იმიტომ, რომ სიამოვნების გზა მოლიპულია და ღმერთის დავიწყებამდე მიჰყავს.
 
როდესაც ისრაელიტელები მწუხარებაში იყვნენ, მაშინ უფრო და უფრო მრავლდებოდნენ; როდესაც ღმერთმა იხსნა ისინი, ყველა დაიღუპა. მაგრამ რისთვის მომყავს ძველების მაგალითი?! მივმართოთ, თუ გსურთ, საკუთარ თავს. ჩვენს შორის მრავალი, როდესაც კეთილდღეობაშია, ქედმაღალი, ყველას მტერი, მრისხანე ხდება, ეს მანამდე, ვიდრე ძალაუფლება აქვს; როცა ძალაუფლებას კარგავს, მაშინ კი მშვიდდება, წყნარდება, თვინიერი ხდება და თავისი ბუნების შეცნობას იწყებს. ეს რომ ასეა, დავითიც ადასტურებს, როცა ამბობს: "შეიპყრნა იგინი ამპარტავნებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი. და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა" (ფსალმ. 72:6, 7). ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიამოვნებისთვის ყველა საშუალებით არ ვიღვწოდეთ. იტყვიან, აკი პავლე ამბობს: "მარად იხარებდითო"? მას უბრალოდ არ უთქვამს: "იხარებდითო", არამედ დაუმატა: "ღმერთშიო" (ფილიპ. 4:4).
 
4. ეს ყველაზე ამაღლებული სიხარულია; ასე უხაროდათ მოციქულებს; ეს - სიხარული სარგებლის მომტანია; მისი საწყისი და საფუძველია ბორკილები, გამათრახება, დევნა, ცილისწამება და ყოველგვარი მწუხარება, თუმცა მისი ბოლო სანატრელია. ამქვეყნიური სიხარული კი, პირიქით, სიამოვნებით იწყება და მწუხარებით მთავრდება. მე არ ვგმობ სიხარულს ღმერთში, არამედ პირიქით, განსაკუთრებით მოვუწოდებ კიდეც ამისკენ. მოციქულებს ამათრახებდნენ - უხაროდათ; ბორკავდნენ - მადლობას აღავლენდნენ; ქვებით ქოლავდნენ - ქადაგებდნენ. ასეთი სიხარული მსურს მეც; ის იღებს საწყისს არა რაიმე გრძნობადიდან, არამედ სულიერი საგნებიდან.
 
შეუძლებელია, ვინც ამქვეყნიურით ხარობს, ერთდროულად ღმერთისთვისაც ხარობდეს; ყოველი ადამიანი, ვინც ამქვეყნიურით ხარობს, ხარობს სიმდიდრით, ფუფუნებით, დიდებით, შეძლებით, პატივით; ღმერთისთვის ვინც ხარობს, ხარობს ღვთის გულისთვის შეურაცხყოფით, სიღარიბით, სახეში ცემით. ხედავ, ეს ყველაფერი რამდენად ურთიერთსაპირისპიროა? ვისაც აქ არ აქვს სიხარული, მისთვის უცხოა სულიერი მწუხარებაც; ხოლო ვისაც აქ არ აქვს მწუხარება, მისთვის უცხოა ღმერთისთვის სიხარულიც. ეჭვგარეშეა, ეს ყველაფერი ჭეშმარიტ სიხარულს ანიჭებთ; ისინი კი მხოლოდ სახელად იწოდებიან სიხარულად, არსით კი მწუხარებას წარმოადგენენ. რამდენი მწუხარება აქვს ამპარტავან ადამიანს? სიამაყისგან როგორ აწამებს საკუთარ თავს, იგონებს თავისთვის ათასგვარ შეურაცხყოფას, კვებავს თავს უდიდესი ზიზღით, ძლიერი მტრობით, უკიდურესი შურით და უკიდურესი არაკეთილმოსურნეობით! თუ ვინმე მასზე მაღლა მდგომმა შეურაცხყო, სწყინს, თუ ჯერ კიდევ არ ასულა ყველაზე მაღლა, იტანჯება. მორჩილი ადამიანი, პირიქით, უდიდესი სიამოვნებით ტკბება, არავისგან არ ელოდება აღიარებას. თუ პატივს მიაგებენ, უხარია; თუ არ მიაგებენ, არ წუხს; სიამოვნებს კიდევაც, თუ დამსახურებისთვის შესაფერისი პატივი არ მიაგეს.
 
ამგვარად, არ ეძებო პატივი და მიიღო ის, უდიდესი სიამოვნებაა. მეორისთვის კი პირიქითაა: ეძებს პატივს და ვერ იღებს. პატივის მძებნელს და არმძებნელს ერთნაირად არ უხარიათ. პირველი, რამდენიც გინდ მიიღოს, ფიქრობს, რომ არაფერი მიუღია; უკანასკნელი კი, თუნდაც ცოტას ისე მიიღებს, თითქოს ყველაფერი მიიღო. ასევეა ფუფუნებაში მცხოვრები ადამიანი, უამრავი სიმდიდრე გააჩნია, მონაპოვარი მასთან მსუბუქად მოედინება, თითქოს წყაროდან; მაგრამ მას ეშინია ფუფუნებისა და გურკვეველი მომავლისგან მომლოდინე უბედურებისა; ის კი, ვინც მოკრძალებით ცხოვრებას მიეჩვია, ყოველთვის მშვიდია და სიამოვნებით ტკბება; სულაც არ აღელვებს ის, რომ არ აქვს მდიდრული სუფრა; რამდენადაც იმით ტკბება, რომ გაურკვეველი მომავლის წინაშე შიშს არ განიცდის.
 
ყველასთვის ცნობილია, რამდენი უბედურება ხდება ფუფუნებისგან, მაგრამ ახლა ამის გამეორება აუცილებელია. მისგან ორმაგი ბრძოლაა: სულიერი და ხორციელი; ორმაგი ქარიშხალი; ორმაგი ავადმყოფობა. ამასთანავე - განუკურნებელი ავადმყოფობები, უდიდესი უბედურებების თანხლებით. მაგრამ ზომიერების ნაყოფი ასეთი არ არის; მისგან ორმაგი ჯანმრთელობა, ორმაგი სიკეთეა. ზომიერება ყველაფერში სასურველია. გადაჭარბება კი პირიქით. მაგალითად, პატარა ალზე მსხვილ შეშას თუ დააწყობ, ნახავ, რომ ცეცხლი კი არ აგიზგიზდება, არამედ, მხოლოდ უსიამოვნო კვამლს გამოიღებს. ადამიანს ძალიან მძიმე ტვირთი რომ დაადო, რომლის აწვა მის ძალას აღემატება, მას სიმძიმისგან მოხრილს ან დაცემულს დაინახავ. დატვირთე უზომოდ მძიმე ტვირთი ხომალდზე და გემი ჩაიძირება.
 
ვისწავლოთ მაგალითებით, რაოდენ მავნებელია მეტისმეტი სიმაძღრე, შევხედოთ ამას, როგორც უდიდეს ცოდვას, ნურასოდეს შევურიგდებით იმას, რაც თავისთავად უბედურებაა და ზომიერება შევიყვაროთ. თუ თქვენ არ იცით ექიმების აზრი იმის შესახებ, რომ სიღარიბე ჯანმრთელობის დედაა?! მე კი ვიტყვი, რომ წრთობა და ტკვილი არის არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულიერი ჯანმრთელობის დედა. იმავეს ჩაგვაგონებს პავლე, ეს ჭეშმარიტი ქეიმი, როდესაც ამბობს: "თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ" (1 ტიმ. 6:8).
 
დავუჯეროთ მას, რომ ჩვენ ჯანმრთელებმა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, მადლითა და კაცთმოყვარებით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომელსაც შვენის დიდება და უფლება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 
 
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. ჰომილიები. III ტომი. მე-16 ჰომილიიდან "მოციქულთა საქმეებზე". §§ 3-4. გამომც. "ალილო" // "ქორონიკონი". თბილისი 2015 წ. გვ. 174-177.
Назад к содержимому