Перейти к контенту

განმარტებანი - როგორ უარყოფენ ქრისტეს... - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > განმარტებანი
როგორ უარყოფენ ქრისტეს...
ჭეშმარიტების დოგმატები
წმიდა მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში იუდეველთა რჯულის არასაჭიროებაზე მსჯელობს და გალატელებს ასეთ სიტყვებს ეუბნება: "ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის. ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით" (გალ. 6:12-13).
 
რას გულისხმობს მოციქული? ვინ არიან "ხორცით თავმოწონების მოსურნენი", რომლებიც ქრისტიანებს "აიძულებენ წინადაიცვითონ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის"?
 
იმ დროს რომის იმპერიის ტერიტორიაზე მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც იუდაიზმი ლეგიტიმურ რელიგიად ითვლებოდა. იუდეველებს უფლება ჰქონდათ ღვთისმსახურება აღესრულებინათ და თავიანთი რელიგიური კანონებით ეცხოვრათ. ყოველი წინადაცვეთილი რომაელებისთვის იუდეველად ითვლებოდა და ხელისუფლება მას არ აწუხებდა. ვინც კი წინადაცვეთას არ იღებდა და წარმართობასაც განეშორებოდა, ის დევნას განიცდიდა როგორც წარმართთა, ისე იუდეველთა მხრიდან. სწორედ ამ კატეგორიაში ხვდებოდნენ ქრისტიანები.
 
თუმცა ქრისტიანთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინადაცვეთას იღებდნენ თავიანთი კეთილსაიმედოობის დასამტკიცებლად - წინადაიცვეთებოდნენ, რათა ხელისუფლებასთან პრობლემები არ ჰქონოდათ. მათ ეშინოდათ, ვინმეს ისინი სულიერ სიძვაში არ დაედანაშაულებინა, ამიტომ სხვა ქრისტიანებსაც არწმუნებდნენ ასევე მოქცეულიყვნენ. სწორედ ამ ადამიანებს უწოდებს პავლე "ხორცით თავმოწონების მოსურნეთ", და წინადაცვეთილებს იმისთვის, რათა "ქრისტეს ჯვრის გამო დევნილნი არ იყვნენ". "უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, - აცნობებს პავლე გალატელებს, - რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით", ანუ თქვან: "აჰა, ისიც ასე მოიქცა, და საერთოდ... ყველა ასე აკეთებს!"
 
როგორც ვხედავთ, პავლესთვის ასეთი ქცევა ქრისტეს უარყოფის ტოლფასი იყო. ამიტომაც უძღვნის მქადაგებელი ამ თემას ამდენ გვერდს. საინტერესოა, რომ სხვა ადგილას მოციქული ამბობს: "წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი" (1 კორ. 7:19). და სხვა ადგილასაც ნათქვამია: "რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება" (გალ. 6:15). თითქოს პავლესთვის სულერთია — წინადაიცვეთება ადამიანი თუ არა; მთავარია, ქრისტეში რწმენა ჰქონდეს და მცნებებს ასრულებდეს. მაგრამ, როგორც ირკვევა, ყველა შემთხვევაში ასე არ არის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რა მოტივები დგას ამა თუ იმ საქციელის უკან, მოციქული პავლე ამ მოტივებს აშიშვლებს და ისინი საშინელია. "ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის", - ამბობს იგი.
 
რას ვიტყვით ამაზე, ძმებო და დებო? წერილის სიტყვები ყოველთვის იყო, არის და ყველა დროში აქტუალური იქნება. ქრისტიანებისთვის ყოველთვის არსებობს საფრთხე ეძიონ "ხორცით თავმოწონება", რათა ქრისტეს ჯვრის გამო დევნილნი არ იყვნენ; დიდი საფრთხის შემცველია - ხორციელი მოსაზრებებით გადადგა ნაბიჯები იმ ზღვრისკენ, რომლის იქითაც ქრისტეს უარყოფა გელოდება.
 
რაში შეიძლება ეს გამოიხატოს? ათასობით ყოფით ვითარებაში: მორცხვად გაჩუმდი, როდესაც საზოგადოებაში ვიღაცამ ქრისტიანობა დააკნინა; ქუჩაში ან ახლობელთა გარემოცვაში, ხეიბარ (ბრმა, კოჭლ, ენაბლუ და ა. შ.) ადამიანს დასცინოდი; სამსახურში ბილწსიტყვაობდი კოლეგებთან ერთად (და რაც ამაზე უარესია - ანტირელიგიურ) ანეკდოტებს ჰყვებოდი; ვნებათა კვირაში მეგობრების თხოვნას აჰყევი და ვიღაცის დაბადების დღეზე წახვედი ("უხერხულია, ერთ მერხზე ვისხედით"); ფული იშოვე ზნეობრივად საეჭვო გზით; არის სხვა შემთხვევებიც - ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში ისეთი, რომლებიც ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშე გვაყენებს.
 
"იფხიზლე, ადამიანო, ყურადღებით დააკვირდი საკუთარ თავს და ყოველი შენი შეხედულება და საქციელი საუკუნო ცხოვრების წინაშე შეაფასე" - ყოველთვის ასე მიმართავდა ადამიანს ეკლესია. მუდმივად გამოიკვლიე შენი სიტყვებისა და საქმეების შინაგანი მოტივები: ხომ არ იბადებიან ისინი იმისთვის, რომ "ქრისტეს ჯვრის გამო დევნილნი" არ ვიყოთ? იმისთვის ხომ არა, რომ მსოფლიოსგან "კეთილსაიმედოობის საბუთი" მივიღოთ? ხომ არ გვავიწყდება, რომ ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესუში კეთილმსახურებით იცხოვროს, დევნილი იქნება და რომ, როგორც მამები ამბობდნენ: "სადაც ტანჯვაა, იქ არის ჭეშმარიტება". თითოეული ადამიანი ამ კითხვებს თავისი სინდისის წინაშე მარტო გადაწყვეტს.
 
ქრისტეს ჯვარი, რომელსაც მკერდზე ვატარებთ და რომლითაც პირჯვარს ვიწერთ; ჯვარი, რომლის ბეჭედსაც ყოველ დილა-საღამოს ვეამბორებით; ჯვარი რომელსაც ყოველ ლიტურგიაზე მივეახლებით; გუმბათის ჯვარი, რომლის საფარველქვეშ ტაძარში ვდგავართ და ჯვარი, რომელიც ჩვენს საფლავზე აღიმართება — დაე, ის იყოს ჩვენი მსაჯულიც და მოწმეც ამ და ჩვენი ცხოვრების სხვა მთავარი გადაწყვეტილებების მიღებისას.
 
 
მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому