სწავლანი > განმარტებანი
"საჭმელი არ მიგვაახლებს ღმერთს", მაშ რა საჭიროა მარხვა?
როგორც ცნობილია სადიდმარხვო განაწესი სხვა მარხვათა განაწესებზე უფრო მკაცრია. ეკლესია დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გვთავაზობს საკითხავს სამოციქულოდან, რომელიც იწყება სიტყვებით: "საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა" (1 კორ. 8:8). უცნაურია არა? მაშ, თუკი "საჭმელი არ მიგვაახლებს ღმერთს", რაღა საჭიროა მარხვა?
ეს საკითხავი სულაც არ არის მარხვის წინააღმდეგი, არამედ ჩვენს ცნობიერებაში ნერგავს მართებულ აზრს მარხვის შესახებ. საჭმელს თავისთავად სულიერი მნიშვნელობა არ გააჩნია და ის მხოლოდ სხეულის საკვებად გვჭირდება. მთელი ცხოველური და მცენარეული სამყარო მიეცა ადამიანს და მას შეუძლია ის საკვებად გამოიყენოს. თავისთავად საჭმლის მიღებაში არავითარი ცოდვა არ არის. მაგრამ ცოდვა შეიძლება ვნებიან და ცოდვილ აზრებთან დაკავშირებით აღმოცენდეს. ამიტომაც ერთი და იგივე რამ შეიძლება იყოს ან არ იყოს ცოდვა გამომდინარე იმ აზრიდან, რომლითაც არის გამოწვეული ეს საქმე.
მაგალითად, ამბა დოროთე მოგვითხრობს ერთ მორჩილზე, რომელიც გამოირჩეოდა უკიდურესი სიმშვიდით, ის ითმენდა მაშინაც კი, როდესაც მისი მისამართით ძაგება და შეურაცხყოფა გაისმოდა. ერთხელ ამბა დოროთემ მას ჰკითხა, ასეთი ახალგაზრდა, როგორ ახერხებდა ამგვარი შეურაცხყოფების მოთმენას და როგორ მიაღწია ამგვარ სათნოებას. "მე უნდა მივაქციო მათ ნაკლოვანებებს ყურადღება თუ მივიღო მათი წყენა როგორც ადამიანებისგან? ესენი ხომ - მყეფავი ქოფაკები არიან", - უპასუხა მორჩილმა. აღმოჩნდა, რომ მის უშფოთველობას სიამაყე და მედიდურობა ედო საფუძვლად.
ისეც ხდება, რომ ერთი და იგივე საქციელს სხვადასხვა ვითარებაში გააჩნია სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა. მაგალითად, როდესაც მოციქულებმა გაკიცხეს მეძავი ქალის საქციელი, რომელმაც ალებასტრის ჭურჭლით ძვირფასი ნელსაცხებელი თავზე დაასხა ინახად მჯდომ მაცხოვარს (შეად. მათე 26:7). მაგრამ მოციქულთა აზრი უსამართლო იყო სწორედ მოცემული ვითარების კონტექსტში, რადგან მეძავი ქალის საქციელი არ წარმოადგენდა ნელსაცხებლის ყოველდღიური დასხმის ჩვეულ რიტუალს, ის უფრო მეტი იყო.
ზუსტად ასევე საჭმლის მიღება თუ არმიღება სწორედ მიზნიდან გამომდინარე იძენს აზრსა და მნიშვნელობას, თუმცა, თავისთავად, ორგანიზმის კვებას ზნეობრივი საზომებით არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.
მაშ, რაშია მარხვის იდეა? - იმაში, რომ ყოველმა ვპოვოთ საკუთარ თავში ძალა და დავინახოთ უკიდურესად ცოდვილი ადამიანი, დავინახოთ ის საკუთარი გულის ხედვით. ნუ შევუბრუნდებით საკუთარ თავს, არამედ გულდასმით შეავათვალიეროთ იგი და შევიგნოთ, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა შინაგანი სიძვით, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვღალატობთ უფალს.
წმიდა მამები სულიერ მეძაობას უწოდებდნენ ჩვენთვის სასიამოვნო ყოველგვარ ცოდვილ გააზრებას, ამა თუ იმ ბილწ მოსურვებას, რომელიც ეუფლება ადამიანს. ამასვე განეკუთვნება ღმრთის დავიწყება, ეგოიზმი, ყურადღების გაფანტვა, საკუთრი თავის მიცემა რომელიმე ვნებისთვის. ნებისმიერი ცოდვა, შინაგანი იქნება ეს თუ გარეგანი, არსებითად, სიძვაა.
ეს ყოველივე უნდა დაინახოს ადამიანმა საკუთარ თავში; დაინახოს და შეიძულოს; როცა შეიძულებს იგლოვოს და ამ ცრემლებით მიეახლოს უფალს, როგორც ნელსაცხებელით სავსე ალებასტრის ჭურჭლით მიეახლა ის მეძავი დედაკაცი; და როცა მიეახლა, შესწირა მას უძვირფასესი ნელსაცხებელი - საკუთარი უკვდავი სული და ის სრულიად მაცხოვარზე გახარჯა.
ახლა კი მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ამ მეძავ დედაკაცს, რომელიც იქვე ქრისტეს ფერხთით მოკალათდა, შესთავაზეს შებრაწული წიწილა, და ისიც, დაჯდა და გემრიელად მიირთვა. ალბათ ვგრძნობთ, რომ ეს ორი მოქმედება - ნელსაცხებელის შეწირვა და შემდეგ მუცლის ამოყორვა ერთმანეთს ვერ უთავსდება... მაგრამ, სწორედ ასეთ სურათს მივიღებთ, როდესაც სადიდმარხვო ღვთისმსახურებიდან დავბრუნდებით სახლში და მივუჯდებით მდიდრულ სუფრას. არანაირი ფასი არა აქვს ამგვარ არც სინანულს და არც ამგვარ ქრისტიანობას. ქრისტეს გამცემი და თვითმკვლელი იუდაც კი უფრო პატიოსანი გამოვა ამგვარ ქრისტიანთან შედარებით.
ამიტომაც, ბუნებრივია და სულიერი სიჯანსაღის მაჩვენებელია წმიდა ორმოცის მარხვა შეძლებისდაგვარად გავატაროთ სიამტკბილობის გარეშე, რომელსაც ერთგვარ ჰარმონიულ შერწყმაში მოჰყავს სულიც და ხორციც. როდესაც გლოვობს სული - მარხულობს ხორციც; ხოლო მარხული ხორცი ითრევს სულსაც; როდესაც ხორცი მარხულობს - სულიც მარხულობს და აქედან, საჭმლისგან თავშეკავება სულის დამხმარე საშუალებად იქცევა.
სწორედ ამიტომაც ამბობს წმიდა მოციქული პავლე: "ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა" (1 კორ. 8:8). უჭმელობა, ანუ მარხვა - მხოლოდ საშუალებაა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ არ შევჭამთ ერთი ან ორი დღე, რაღაცას მოვიპოვებთ. მაგრამ ამას შეუძლია დაგვეხმაროს სინანულში, მიმდინარე პროცესის სწორ გაგებაში.
გვახსოვდეს, ძმანო და დანო, რომ ქრისტიანობა ჭამა-სმის რელიგია კი არ არის, არამედ - სიყვარულისა. ძალიან დიდ პატივს ნუ მივაგებთ საჭმელს სუფრასთან და ლაპარაკშიც. ჩვენ გვაქვს სხვა საკვები, რომელიც გვაძლევს მარადიულ სიცოცხლეს, - ხორცი და სისხლი ჩვენი უფლისა იესუ ქრისტესი (ინ. 6). ჩვენ გვაქვს ღმრთის სიტყვა, რომლის შესახებაც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროს თაფლისა პირსა ჩემსა" ("რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის") (ფსალმ. 118:103).
დიდ მარხვაში ჩვენი საკვებია სადიდმარხვო ღვთისმსახურება და მისით ჩვენში აღძრული სინანულის გრძნობა. როგორც გველი იცილებს ძველ ტყავს და ამისთვის კლდის ან ქვების ვიწრო ნაპრალებში ძვრება, ჩვენც, სულის გასაახლებლად უნდა გავძვრეთ მარხვისა და ლოცვის ნაპრალებში და წარსულში დავტოვოთ რაღაც ძველი და უვარგისი, რომელთან დაბრუნება უკვე შეუძლებელია.
მაგრამ ამისთვის ჩვენ სწორი აზროვნება გვჭირდება, თუნდაც საჭმლის შესახებ. სწორედ ამას გვაუწყებს მოციქული პავლე ზემოთხსენებულ სიტყვებში. მივიღოთ ის და დავიმახსოვროთ. ის ჩვენ არა მარტო დიდ მარხვაში, არამედ ყოველდღიურობაშიც გვჭირდება.
წყარო: pravoslavie.ru