განმარტებანი - სად არის მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტეს სხეული არ მოუპარავთ? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
სად არის მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტეს სხეული არ მოუპარავთ?
მკვდრეთით აღდგომა
ურწმუნოს კითხვა: "გამარჯობა. გამიჩნდა კითხვა ახალი აღთქმის ერთ ადგილთან დაკავშირებით. მათეს სახარებაშინათქვამია, რომ პარასკევ საღამოს ქრისტეს სხეულის სამარხში დადების შემდეგ, შაბათ დილით მას დაუყენეს დაცვა, მიადეს ლოდი და დაბეჭდეს. კითხვა: შეამოწმეს თუ არა საფლავი, დარწმუნდნენ თუ არა მღვდელმთავრები იმაში, რომ იესუს სხეული ნამდვილად იმყოფებოდა სამარხში, ის ხომ მთელი წინა ღამე, ანუ პარასკევიდან შაბათამდე დაუცველი იყო?

***

პასუხი: მშვიდობა. კარგია, რომ ასე ყურადღებით კითხულობთ წმიდა სახარებას. მაგრამ თქვენ თუ ის თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ, ნუთუ დასაშვებად მიიჩნევთ, რომ ქრისტეს სხეული შეეძლოთ მოეპარათ? და თანაც ეს გაეკეთებინათ პარასკევ საღამოდან შაბათი დილის პერიოდში, როდესაც საფლავს მართლაც არავინ იცავდა? სწორედ ამაშია, როგორც ვხვდებით, თქვენი შეკითხვის არსი. აქ გვახსენდება მეორე ხმის საკვირაო მსახურების სიტყვები: "ვინ იპარავს მკვდარს? მით უფრო ცხებულსა და შიშველს? ... თავს ნუ იტყუებთ იუდეველნო".

ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ, როდესაც ქრისტე ადამიანებს ეუბნებოდა: "სამი დღის შემდეგ აღვდგებიო", საიდუმლოდ თავის მოწაფეებს არიგებდა, სამი დღის შემდეგ მოიპარეთ ჩემი სხეული და თქვით, რომ მკვდრეთით აღდგაო? მაგრამ ეს წარმოუდგენელია! მთელი ერის ესოდენი ზნეობრივი დარიგებისა და იუდეაში ყველგან ამდენი სასწაულის აღსრულების შემდეგ, შეუძლებელია მას ამგვარი სიტყვებით შეცდომაში შეეყვანა თავისი მოწაფეები. განა თვითონვე არ დაგმობდნენ მას ასეთი განკარგულებისთვის? განა ამაო არ იქნებოდა მათი ღვაწლი და განა არ დაქვემდებარებოდნენ საფრთხეს ხალხის მხრიდან, თუკი ისინი იქადაგებდნენ იმას, ვინც სულ ახლახან ჯვარს ეცვა და თავს მოძღვარსა და მაცხოვარს უწოდებდა? მაშ, თუკი ქრისტეს სხეული მოპარული იყო, ვისკენ მიილტვოდნენ ასე ადრე მენელსაცხებლე დედები? რატომ მივიდოდნენ მოწაფეები კვირადღეს მრავალგზის ცარიელ სამარხში?

შეგვიძლია მრავალი ამგვარი შეკითხვა დავსვათ, მაგრამ მოდი ჯერ თავიდან იფიქრეთ მღვდელმთავართა საქციელის წინააღმდეგობრიობაზე, რომლებმაც პირველად გამოიყენეს იესუს სიტყვები ტაძრის დანგრევასა და მესამე დღეს მის აღდგენაზე ("დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას" (ინ. 2:19), რათა დაედანაშაულებინათ და გაესამართლებინათ იგი, ყურადღებას კი არ აქცევდნენ იმას, რომ იესუ, როდესაც ტაძარზე ლაპარაკობდა, გულისხმობდა საკუთარ სიკვდილს და მკვდრეთით აღდგომას, შემდეგ კი პილატეს წინაშე მოჰყავთ მისი სიტყვების სწორედ ეს მნიშვნელობა და ამბობენ: "ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება" (მათე 27:62-64).

შემდეგ მივმართოთ სახარებათა განმარტებებს. და აი, თუ მათაც წაიკითხავთ, დავინახავთ, რომ ყველა გაუგებრობა ჯერ კიდევ ძველთაგანვე იყო გადაწყვეტილი წმიდა მამების მიერ. კერძოდ, ისინი წერდნენ იესუს სხეულის მოპარვის შესაძლებლობაზე პარასკევ ღამით. მოდი, მოვუსმინოთწმ. იოანე ოქროპირს: "სიცრუე ყველგან გამოაჩენს თავს და თითქოსდა უნებურად იცავს სიმართლეს. შეხედე: სარწმუნო უნდა ყოფილიყო რომ იგი მოკვდა და დაფლეს და აღდგა, - და ეს ყოველივე თვით მტრების მეშვეობით ცხადზე უცხადესი ხდება. ჩაწვდით ამ სიტყვებს, რომლებიც სრულიად ადასტურებენ ამას. "მოვიხსენეთ (ახ. ქართ.: "გაგვახსენდა"), - ამბობენ, - რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, - ანუ, იგი გარდაიცვალა; შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, - ე. ი. იგი დამარხულია; ნუუკუე მოვიდნენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი" - ე. ი. თუკი საფლავი დაბეჭდილია, მაშინ ტყუილიც ვეღარ შედგება. შეუძლებელი საქმეა! ამგვარად, თვითონ თქვენს თხოვნაშივეა მოცემული მისი აღდგომის უდაო მტკიცებულება. თუ საფლავი დაბეჭდილი იყო,მაშინ არ იყოფოდა არავითრი ტყუილი; და თუ ტყუილი არ ყოფილა, ხოლო საფლავი ცარიელი ნახეს, ცხადია, რომ იგი აღდგა, შეუძლებელია ამაზე შედავება. ხედავ, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდაც როგორ ირჯებიან ჭეშმარიტების სასარგებლოდ?" (წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. ჰომილიები. VI ტომი. წმ. მათე მახარებლის სახარების განმარტება. ნაწილი მეორე. თბილისი 2016 წ. ორხმოცდამეცხრე ჰომილია. გვ. 515).

ამგვარად, როდესაც ისინი მივიდნენ და აუწყეს აღდგომაზე (ხოლო ჭეშმარიტება, მისი მტრების ბაგეებშიც ანათებს),"ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ", რათა ეთქვათ "ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი".  როგორ მოიპარეს? ჰოი შეშლილნი! იმდენად ცხადი და თვალნათელია ჭეშმარიტება, რომ მათ ჯეროვანი სიცრუეც ვერ შეძლეს!მათი სიტყვები სრულიად დაუჯერებელია და სიცრუეც არანაირად არ ჰგავს სიმართლეს. მითხარით, რაინაირად მოიპარეს იგი მოწაფეებმა, ამ საცოდავმა და უბრალოდ ადამიანებმა, რომლებმაც გამოჩენაც ვერ შეძლეს? საფლავიც ხომ დაბეჭდილი იყო? იგი ხომ ყველა მხრიდან დაცული იყო მცველ მეომართა და იუდეველთაგან? ისინიც ამაზე არ ეჭვობდნენ? ამაზე არ სწუხდნენ? ამის გამო არ ფხიზლობდნენ და ზრუნავდნენ? და რისთვის სჭირდებოდათ მათ მოპარვა? იმისათვის რომ გამოეგონებინათ სწავლება აღდგომაზე?

მაგრამ როგორ მოუვიდოდათ აზრად მსგავსი რაიმეს გამოგონება ადამიანებს, რომელთაც უყვარდათ ცხოვრება უცნობლობაში. ანდა როგორ შეძლებდნენ დაბეჭდული ლოდის გადაგორებას? როგორ, დაიფარეს თავი ამხელა სიმრავლისგან? იქნებ არაფრად ჩაეგდოთ მათ სიკვდილი; მაგრამ ამაოდ და უმიზნოდ რა თქმა უნდა, არ წავიდოდნენ ამისთანა საშიშროებაზე, როცა ამდენი მცველი იყო. ხოლო ის, რომ ისინი მშიშრები იყვნენ, ამას უჩვენებს მათი უწინდელი ამგვარივე საქციელი, როდესაც ქრისტე მათი თანდასწრებით შეიპყრეს, ისინი ყველანი გაიქცნენ.

თუკი მათ ვერ შეძლეს წინაარმდეგობა იმ დროს, როდესაც მას ცოცხალს ხედავდნენ, მაშინ როგორ არ შეეშინდებოდათ უამრავი მეომრისა მისი სიკვდილის შემდეგ? ხომ საჭირო იყო კარების შემტვრევა? შეეძლო ამის გაკეთება საიდუმლოდ თუნდაც ერთ ადამიანს? დიდი ლოდი იყო მიგორებული; მის გადასაგორებლად საჭირო იყო ბევრის მარჯვენა. ამრიგად, ისინი სამართლიანად ამბობდნენ "და იყოს უკანასკნელი საცთური უძვირეს პირველისა". - ეს თქვეს მათ საკუთარივე თავის წინააღმდეგ; მათ უნდა შეენახათ თავიანთი სიგიჟე, ისინი კი უწინდელს უმატებენ ახალ სასაცილო გამონაგონებს. მათ იყიდეს მისი სისხლი, როდესაც იგი ცოცხალი იყო, ხოლო მისი ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ისევ ფულით ცდილობენ აღდგომის ჭეშმარიტების შერყევას.

შეხედე, როგორ ამხელთ მათ ყველა მხრიდან საკუთარი საქციელი! ისინი რომ არ მისულიყვნენ პილატესთან, დაცვა რომ არ მოეთხოვათ, მაშინ კიდევ შეეძლოთ ასე ურცხვად მოქცეულიყვნენ; მაგრამ პირიქით: ისინი ყველაფერს ისე აკეთებდნენ, თითქოს ცდილობდნენ, დაეხშოთ საკუთარი ბაგეები. და თუ მოწაფეებმა ვერ შეძლეს ეფხიზლათ იესუსთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყვედრიდა კიდეც მათ ამის გამო, მასინ საიდან მიეცათ მათ ახლა ამგვარი სიფხიზლე?

და რატომ არ მოიპარეს მათ ადრე, არამედ მაშინ, როცა თქვენ მოხვედით? მათ რომ ამის გაკეთება სურვებოდათ, პირველივე ღამეს გააკეთებდნენ, როცა საფლავთან ჯერ კიდევ არ იყო დაცვა; მაშინ ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა და უსაფრთხოც იყო. იუდეველები ხომ მხოლოდ შაბათს მივიდნენ პილატესთან დაცვის სათხოვნელად და დაიწყეს დარაჯობა; პირველ ღამეს კი დაცვიდან არავინ იყო საფლავთან.

შემდგომ, რას ნიშნავს სუდარა და ნელსაცხებელი? პეტრე ხედავდა, რომ იგი იქ იდო. მოწაფეებს მოპარვა რომ სდომებოდათ, სხეულს შიშველს კი არ მოიპარავდნენ, არა მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეურაცხეყოთ იგი, არამედ იმიტომაც, რომ მის განმოსვის დროს არ გაეღვიძებინათ ისინი, ვინც მას იცავდნენ და ვისაც მათი შეპყრობა შეეძლო. ხოლო განმოსვა ძნელი იყო, და ამას ბევრი დრო სჭირდებოდა, იმიტომ, რომ ნელსაცხებელი ეკვრის ტანისამოსს და სხეულს, როგორც წებოვანი ნივთიერება.

ამგვარად, აქედანაც ჩანს მოტაცების შეუძლებლობა. განა მათ არ იცოდნენ ებრაელთა მძვინვარების შესახებ და ის, რომ ამით ისინი რისხვას დაიტეხდნენ თავს? ანდა რა სარგებელი ენქებოდათ მათ, თუ ქრისტე არ აღმდგარა? იუდეველებმა თვითონ აღიარეს, რომ ეს ყველაფერი გამოიგონეს, როცა ვერცხლი მისცეს და უთხრეს: "ესრეთ თქუთ, რათა მთავარსა მას ჩვენ ვარწმუნოთ".

ებრძოდნენ რა ჭეშმარიტებას, სულ ტყუილუბრალოდ სურდათ ყოველგან გაევრცელებინათ ეს ამბავი; მაგრამ ამასთან, რაც უფრო ცდილობდნენ მის დაჩრდილვას, მით უფრო წინააღმდეგ თავიანთი ნებისა ხელს უწყობდნენ მის გაბრწყინებას. თვითონ მათი სიტყვები: "მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი", ამტკიცებენ აღდგომას. ისინი ადასტურებენ, რომ გვამი იქ არ იყო, თუ აღიარებენ, რომ გვამი იქ არ იყო, ხოლო მოტაცების შეუძლებლობა და სიყალბე დასტურდება საფლავთან დაცვის ყოფნით, ნიშნებითა და მოწაფეთა მშიშარობით, აქედან ცხადდება აღდგომის გარდაუვალი რეალობა.

თუმცაღა ისინი ურცხვად კადნიერდებიან ყოველივეზე: მაშინ, როდესაც ყველაფერი პირს უკრავს მათ, ამბობენ: "ჩვენ ვარწმუნოთ და თქვენ უზრუნველგყვნეთ". ხედავ, როგორ ყველა შეთქმულია მათ მხარეს: პილატეც (მისი დარწმუნება სურდათ), მეომრებიც, და იუდეველთა ერიც. ნუ გაიკვირვებ, რომ ფულმა დასძალა მეომრები. როდესაც მათ გამოავლინეს ამგვარი ძალა მოწაფეზე (იუდა ისკარიოტელზე - "აპოკ". რედ.), მით უმეტესი გამოავლინეს მათზე. "და განითქუა სიტყუა ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღევანდელად დღედმდე". შეხედე კვლავაც, ჭეშმარიტების რაგვარ სიყვარულს ავლენენ მოწაფეები! როგორ არ რცხვენიათ თქვან ისიც, რომ მათ შესახებ ასეთი ხმა გავრცელდა" (წმ. იოანე ოქროპირი. იქვე. ჰომილია 90. §§. 1-2. გვ. 525-526).

დასასრულ მოვიტან პეტრე ქრისოლოგის (დაახლ. 380-450 წწ), ქ. რავენას (იტალია) ეპისკოპოსის განმარტებას მათეს სახარების სიტყვებზე: "და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა"(მათე 28:2).

"ჩამოვიდა ანგელოზი და გადააგორა ლოდი. მან ეს იმისთვის კი არ ქნა, რათა გასასვლელი გაეთავისუფლებინა უფლისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ უფალი უკვე აღდგა. მან ლოდი იმისთვის გადააგორა, რათა თავის თანამსახურთ (მოციქულთ - "აპოკ." რედ.)დახმარებოდა ერწმუნათ, და არა იმისთვის, რათა უფალს დახმარებოდა აღდგომაში. მან ლოდი გადააგორა რწმენისთვის, რადგან მიყუდებული სამარხს იყო ურწმუნოების გამო. მან ლოდი გადააგორა იმისთვის, რათა სიკვდილის დამთრგუნველი წოდებულიყო სიცოცხლედ. მაშ ილოცეთ, ძმანო, იმაზე, რათა ახლა ანგელოზი ჩამოვიდეს და გადააგოროს ლოდი ჩვენი გაუხეშებული გულებისგან, განაღოს ჩვენი დახურული გრზნობები და ჩვენს ცნობიერებამდე დაიყვანოს აზრი, რომ ქრისტე აღდგა, რამეთუ როგორც გული იწოდება ცად, სადაც ცხოვრობს და მეფობს ქრისტე, ასევე საფლავად იწოდება გული, რომელშიც ქრისტე მკვდარია და დამარხული. დაე, რწმენით ჩვენს გულებშიც აღდგეს ქრისტე. ივნო ქრისტე-კაცმა, მოკვდა და დამარხულ იქნა; ხოლო როგორც ღმერთი ცოცხლობს და მეფობს, და იგივეა აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე".

წყარო: ruvera.ru
Назад к содержимому