სწავლანი > განმარტებანი
შენი მთავრები განდგომილნი არიან!
(ეს. 1:23)
ავტორი: წმ. იოანე ოქროპირი
"შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ" (ეს. 1:23).
"ეს არის უდიდესი ავადმყოფობისა და გარყვნილების ნიშანი, როცა თვით ექიმები აძლიერებენ სენს. ზემდგომებმა უნდა შეაკავონ ხალხის უწესო ქმედებები, განაწყონ იგი მოვალეობის შესასრულებლად, დაუმორჩილონ კანონს; თუკი ისინი პირველნი თვითონ არღვევენ კანონებს, როგორღა შეძლებენ სხვების მასწავლებლები იყვნენ? გამოთქმა: განდგომილნი არიან... ეს ნიშნავს - კანონს არ ემორჩილებიან, არ იცავენ მცნებებს. პავლეც ასე ამხელს: "კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს" (რომ. 2:2)? როცა ძირია წამხდარი, რა სიკეთეს უნდა ელოდო ტოტებისგან?
"ქურდთა თანამზრახველები". კიდევ უფრო მძიმეა ბრალი, როცა ისინი არათუ არ აღკვეთენ დანაშაულობებს, არამედ საპირისპიროს ცდილობენ, არათუ არ დევნიან ქურდებს, არამედ ხელსაც უწყობენ, ბოროტებას სჩადიან, რომელიც სრულებით ეწინააღმდეგება ზემდგომის სათნოებას.
"ყველას ქრთამი უყვარს". ქრთამი სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი სახეა ვერცხლისმოყვარეობისა, რომელსაც თითქოს კეთილი იერი აქვს, მაგრამ კეთილგანწყობის საფარქვეშ უკიდურეს ანგარებას მალავს.
"მოსაკითხებზე ნადირობენ". ავის მახსენებლები არიან საკუთარი მტრების მიმართ, შურისმაძიებლები - შეურაცხმყოფელების მიმართ, რაც უდიდესი ღვარძლიანობის გამოვლინებაა. ამიტომაც დაგმობილია დიდი სიმკაცრით არა მარტო ახალ, არამედ ძველ აღთქმაშიც. წინასწარმეტყველი ამბობს: "ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის" (ზაქ. 7:10). ამ ბოროტებისგან განწმენდილი უნდა იყოს ხალხიც კი და, მით უმეტეს, უფროსი, რომელიც ბრალდებულისთვის განაჩენის გამოტანისას თავისუფალი უნდა იყოს მტრობისგან, რათა ნავსაყუდელი მეჩეჩად არ ექცეს ხალხს.
"ობოლს არ განიკითხავენ", ანუ არ მფარველობენ, რათა მათ სამართლიანად მიეგოთ.
"და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ". უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო ავის ქმნა, არამედ სიკეთის არქმნაც ცოდვაა, როგორც ახალ აღთქმაში. არათუ ის, ვინც სხვისას იტაცებს, არამედ ვინც მშიერს არ აპურებს, ვინც თავისას არ გასცემს გაჭირვებულთათვის, გეენიის ცეცხლს მიეცემა, ზუსტად ასევე აქაც ესენიც ისჯებიან არათუ იმისთვის, რომ ანგარებას ჰყვებიან და ხელისუფლებას ბოროტად იყენებენ, არამედ იმისთვისაც, რომ არ შეეწევიან გასაჭირში მყოფთ.
"ამიტომ ამბობს მეუფე, საბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი", ანუ ხალხისა. ტყუილად არ დასძინა წინასწარმეტყველმა: "ძლიერი", არამედ, რათა ებრაელებისთვის შეეხსენებინა მიღებული სიკეთეებიც, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბა და მძიმე სასჯელებიც, რომლებიც მიეზღოთ, ვინაიდან ისინი ბევრს და ხშირად სცოდავდნენ და ღვთის უდიდესი მოთმინებით სარგებლობდნენ ხოლმე, ამიტომ წინასწარმეტყველს სურს მიუთითოს, რომ უფალს შეუძლია დასაჯოს, როცა მოისურვებს ყოველგვარი გარემოებების, დროის გათვალისწინების გარეშე, არამედ მისთვის ყველაფერი ახლოა და გამზადებული.
"ვაი ძლიერთა ისრაელისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაი ჩემი წინააღმდგომთა შორის". ვინ უნდა იყოს იმათზე უბედური, ვისაც ღმერთი ჰყავს მტრად? "არ დასცხრეს" - ამას ღმერთი იმიტომ კი არ ამბობს, რომ სასო წარუკვეთოს მათ, არამედ რათა შიშის გაძლიერებით სინანულისკენ მოუწოდოს. ამ სიტყვებზე: "არ დასცხრეს გულისწყრომაი" საშინელია მომდევნო სიტყვები: "წინააღმდგომთა შორის". არაფერი ისე არ განარისხებს ღმერთს, როგორც ღატაკთა მიმართ გამოჩენილი უსამართლობა. "ვაი ძლიერთა", ამბობს უფალი, განიკითხავს არა ძალას, არამედ ბოროტებისთვის გამოყენებულ ძალას; ხოლო ძალაში აქ ხორციელ სიძლიერეს კი არ გულისხმობს, არამედ ძალაუფლებას, გარემოებათა შერთვით წარმოშობილს. "და მსჯშავრი მტერთა ჩემთაგან ვყო": დავსჯი ჩემს მტრებს. თავის მტრებს კი იმათ უწოდებს, ვინც კადნიერების გამო ღარიბებს მტრულად ექცევიან; ამას კი იმიტომ ამბობს, რათა მიგითითოს უსამართლობის მნიშვნელობაზე.
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XI ტომი. ესაიას წინასწარმეტყველების განმარტება. თბილისი 2016 წ. გვ. 17-18.