სწავლანი > განმარტებანი
სიკეთის ქმნა ისწავლეთ!
ავტორი: წმ. იოანე ოქროპირი
"სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი. მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება" (ეს. 1:17,18).
"ამგვარად, უდიდესი ბიწიერების გამო მათ სათნოების გაგებაც კი დაკარგეს. ასევე ამბობს დავით წინასწარმეტყველიც: "მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ" (ფსალმ. 33:12). ეს ცოდნა ყველა ცოდნაზე უმაღლესია და მით უფრო მეტ გულმოდგინებას იმსახურებს, რაც უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდება - ბუნებითი ლტოლვის ძალდატანებისგან, ნების სიზარმაცისგან, ეშმაკთა ხრიკებისგან, ბევრი საქმისგან. ასევე ამბობს ბარუქიც: "ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოვა ყველა გზა ცოდნისა" (ბარ. 3:36-37).
"ეძიეთ სამართალი", ანუ ჩაგრულები დაიცავით, რისთვისაც ბევრი შრომა და სულის მხნეობაა საჭირო; იმიტომაც თქვა, ეძიეთო. ბევრი რამ ეფარება სამართალს - საჩუქრები, უცოდინრობა, მთავრობისმოყვარეობა, სირცხვილი, შიში, მიკერძოება; ამიტომაც უდიდესი ყურადღებაა საჭირო.
"შეეწიეთ ჩაგრულს". ეს წინა საკითხზე მნიშვნელოვანია; აქ საჭიროა არა მარტო საღი განსჯა, არამედ საქმის დაბოლოებაც
"განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ". ღმერთი დიდად ზრუნავს, რომ სიავე არავის შეემთხვეს, კიდევ უფრო მეტად იმაზე ზრუნავს, რომ, ის, ვისაც სიავე შეემთხვა, კიდევ სხვა უბედურებას არ განიცდიდეს. ქვრივობა და ობლობა თავისთავად აუტანელია; მაგრამ თუ ამ უბედურებს კიდევ სხვებიც ჩაგრავენ, მაშინ განსაცდელი ორმაგდება.
"მერე მოდით და ცილობა ვყოთ". საჭიროა აღინიშნოს, რომ თუ წინასწარმეტყველებებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ღმერთი არაფერს ისე არ მოითხოვს, როგორც ჩაგრულთა დაცვას. ასეა სხვაგანაც, ისე, როგორც მიქასთან, როცა ებრაელები ამბობენ: "ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო? - უფალი დასძენს: "ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე" (მიქ. 6:7-8). ასევე ამბობს დავით წინასწარმეტყველი: წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ უფალო.
"მერე მოდით". მან წინასწარ წარმოადგინა გამართლება, ამის შემდეგ მოუწოდებს სამსჯავროზე; წინასწარ ასწავლა, როგორ იყო შესაძლებელი ბრალდებებისგან თავის გამართლება, ამის შემდეგ ითხოვს ანგარიშს, რათა დაუცველებს არ მოუწიოთ გასამართლება.
"ცილობა ვყოთ". გასამართლებისას ის დამცველიცაა და მკურნალიც. ამის შემდეგ იმის საჩვენებლად, რომ, მართალია, უდიდესი საქმეები აღვასრულეთ, მაგრამ ცოდვებისგან გასათავისუფლებალდ მაინც გვჭირდება მისი კაცთმოყვარეობა, ამბობს:
"მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება"; იღებს სრულიად საპირისპირო თვისებებს და გვპირდება ერთის მეორით შეცვლას. "ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება". უდიდესი ძალა ჰქონია ქვრივების მფარველობას, თუკი მას შეუზლია ესოდენ შებილწული სული, უღმერთოებით შეფერილი, არა მარტო გაათავისუფლოს სიავისგან, არამედ ასე გაასპეტაკოს კიდეც.
"თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ" (ეს. 1:19-20). ვინაიდან შედარებით უხეში ადამიანებისთვის სასურველი და სასიამოვნა არა იმდენად ცოდვებისგან განთავისუფლება, რამდენადაც ამქვეყნიური სიკეთეებით ტკბობა, ამიტომ უფალი მათ ამ სიკეთეებსაც ჰპირდება, რადგან უკანასკნელი პირველზეა დამოკიდებული".
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XI ტომი. ესაიას წინასწარმეტყველების განმარტება. თბილისი 2016 წ. გვ. 13-14.