სწავლანი > განმარტებანი
"წადით ჩემგან, წყეულნო,
საუკუნო ცეცხლში,
რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა
გამზადებული"
(მთ. 25:41)
ავტორი: წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.).
უკიდურესად უნდა გვეშინოდეს ამ სიტყვების გაგონებისა. ჩვენი ცხოვრება თამაში არ არის, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, იქნებ, ჩვენი ახლანდელი ცხოვრება თამაშიც კია, მაგრამ მომავალი კი - არა.
შეიძლება, თამაში კი არა, უარესიც იყოს. სიცილით კი არ მთავრდება, არამედ უაღრესად ვნებს იმათ, ვინც არ ზრუნავს საკუთარი თავის კეთილმოწყობაზე. მითხარი: ჩვენ, რომლებიც ბრწყინვალე სახლებს ვაგებთ, რითი განვსხვავდებით იმ ბავშვებისგან, რომლებიც თამაშობენ და პატარა სახლებს აშენებენ?
რა განსხვავებაა იმათ სადილსა და ჩვენს ფუფუნებას შორის? არავითარი, - მხოლოდ ის, რომ ამას ჩვენ ტანჯვით ვაკეთებთ. თუკი ჩვენ ყველაფერ ამის ამაოებას ვერ ვხედავთ, გასაკვირი არც არის, იმიტომ, რომ ჯერ არ დავკაცებულვართ; ხოლო როდესაც დავკაცდებით, მაშინ მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს ბავშვური გართობაა.
როდესაც მოწიფულ ასაკში მოვდივართ, ჩვენს ბავშვურ ქმედებებს ღიმილით ვიხსენებთ, თუმცა ბავშვურ ასაკში ისინი ძალიან მნიშვნელოვანი გვეჩვენებოდა, და როდესაც სილაში ვითითხნებოდით, იმათზე ნაკლებად როდი ვამპარტავნებდით, ვინც დღეს მაღალ კედლებს აშენებდნენ.
და მაინც, ჩვენი ნაგები მალე იშლება და ეცემა, მაგრამ თუნდაც არ დაშლილიყო და დიდხანს შენარჩუნებულიყო, რაში გამოგვადგებოდა? ასევე, - ჩვენი ბრწყინვალე სახლებიც.
მათ ხომ არ შეუძლიათ მიიღონ ზეცის მოქალაქე, და მასში ცხოვრებას არ მოისურვებს ის, ვისაც უმაღლესი სამშობლო აქვს; მაგრამ როგორც ჩვენ ფეხებით ვამტვრევთ საბავშვო სათამაშოებს, ასევე იგიც თავისი სულით ამხობს ჩვენს ნაგებობებს.
როგორც ჩვენ ვიცინით, როდესაც ბავშვი მის მიერ სილისგან ნაშენი პატარა სახლის დაშლის გამო ტირის, ასევე ისიც, არა მხოლოდ იცინის, არამედ ტირის, როდესაც ჩვენ გვგოდებთ საკუთარი სახლების გამო, იმიტომ, რომ მას თანამგრძნობიარე გული აქვს და ამაში ჩვენზე მოწევნად უდიდეს საფრთხეს ჭვრეტს.
ასე რომ, ვიყოთ კაცები. კიდევ დიდხანს ვიღოღებთ მიწაზე? დიდხანს ვიამაყებთ კიდევ ქვისა და ხის ნაკეთობებით? დიდხანს ვითამაშებთ? მართლაც ეს რომ მხოლოდ თამაში იყოს!
არა, ჩვენ საკუთარ ხსნას ვუტევებ. და როგორც ბავშვები, რომლებიც სწავლას უგულებელყოფენ და მხოლოდ თამაშით ერთობიან, ამისთვის მკაცრად ისჯებიან, ასევე ჩვენც, - როცა მთელ ძალ-ღონეს საყოფაცხოვრებო საქმეებს შევალევთ და სულიერი განსწავლულობის ანგარიშის ჩაბარებას ვეღარ შევძლებთ, სიკვდილის შემდეგ რომ მოგვეთხოვება, მაშინ უკიდურესად დავისჯებით.
მაშინ ვერავინ დაგვიხსნის - ვერც მამა, ვერც ძმა და ვერც სხვა ვინმე. ყველაფერი ის კი, რისთვისაც ახლა ვზრუნავთ, დაიღუპება, ხოლო ტანჯვა, მისგან გამომდინარე, უსასრულო და მოუკლებელი იქნება.
ეს ბავშვებსაც ემართებათ, როცა მათი უდიერობის გამო მამა ყველა სათამაშოს უმტვრევს და ამის შედეგად მათ გაუთავლებლად ატირებს. ჩემი სიტყვების სიმართლეში რომ დარწმუნდე, შესადარებლად მოგიყვან სიმდიდრეს, რომელსაც ადამიანები ყველაზე მეტად მიიჩნევენ სასურველად და მას, რომელსაც გნებავს, იმ სულიერ სათნოებას დავუპირისპირებ, მაშინ მთელ მის სისუსტეს ცხადად იხილავ: მაშ, წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი - და მე უკვე აღარ ვლაპარაკობ მომხვეჭელობაზე, არამედ სწორი გზით მონაპოვარ სიმდიდრეზე - და ერთმა მათგანმა გაამრავლოს თავისი ქონება, თუნდაც ზღვა გადაცუროს, მიწა დაამუშავოს და გამოიყენოს ყველა სხვა მეთოდი სიმდიდრის მოსაგროვებლად; თუმცა არც კი ვარ დარწმუნებული, რომ ამ გზით შეძლებს კანონიერი მონაპოვარი დააგროვოს, მაგრამ დავუშვათ, რომ კანონიერი გზით აგროვებს მონაგებს. თუნდაც ასე იყოს; ყიდულობდეს იგი მიწებს, მონებს და უამრავ სხვა ქონებას, და მის ამ შენაძენში ნუ იქნება მცირედი უსამართლობაც.
ხოლო ამის საპირისპიროდ, მეორემ, ასეთივე მდიდარმა, გაყიდოს თავისი მიწები, სახლები, ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი და მთხოვნელებს დაურიგოს; შეუმსუბუქოს ღატაკებს ხვედრი, უმკურნალოს დავრდომილთ, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფთ; დახსნას ბორკილები - ერთნი კატორღული სამუშაოდან გაათავისუფლოს, მეორენი ჩამოხრჩობისგან იხსნას, ტყვეები გამოისყიდოს...
მაშ, მითხარი, ამ ორიდან თქვენ ვის მხარეზე დადგებოდით? თუმცა, მე ჯერ არ მითქვამს მათ მომავალზე, მხოლოდ ახლანდელზე. ამდენად, რომელი მათგანის მიმდევრობას ისურვებდით: იმის, რომელიც ოქროს იუნჯებს, თუ რომელიც სხვებს იხსნის უბედურებისგან?
იმის, რომელიც მიწებს ყიდულობს თავისთვის, თუ რომელმაც თავისი თავი კაცთა მოდგმის მსახურებისთვის გადადო? იმის, ვინც ურიცხვი ოქროთია გარშემორტყმული, თუ რომელიც ქების გვირგვინითაა შემკული? არ ემსგავსება ეს უკანასკნელი ანგელოზს, რომელიც ზეციდან ადამიანთა გამოსასწორებლად ჩამოდის?
ხოლო პირველი უმეტესად იმ ბავშვს არა ჰგავს, რომელიც ყველაფერს უმიზნოდ და უაზროდ აგროვებს, - ვიდრე ზრდასრულ ადამიანს? თუკი კანონიერი გზით მოპოვებული სიმდიდრეც კი ასეთი დასაცინი ხდება და უკიდურესი უგუნურების ნიშანია, მნაშინ როგორ არ ვუწოდოთ ყველაზე უუბედურესი იმას, ვინც დამატებით კიდევ, უსამართლო გზით აგროვებს ამ სიმდიდრეს?
თუ ის ახლაც კი დიდად დასაცინი ხდება, მაშინ რაოდენ ცრემლის ღირსი იქნება მისი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, რასაც გეენია და სასუფევლის დაკარგვა მოჰყვება? ახლა კი, თუ შენც გაინტერესებს, მოდი და სხვა სახის სათნოებაც განვიხილოთ. ამისთვის კვლავ სხვა ადამიანი წარმოვიდგინოთ - ამა სოფლის ძლიერი, ყველას განმკარგულებელი, მაღალწოდებამოსილი, რომელსაც ჰყავს ბრწყინვალე ამბავთმაუწყებელი, საჭურვლის მტვირთველთა და მსახურთა დიდი სიმრავლე.
არ გესახება შენ ეს დიდ და სასურველ მიღწევად? ახლა ამას დავუპირისპიროთ სხვა ადამიანი: უბოროტო, მშვიდი, მორჩილი და სულგრძელი; შეურაცხყონ, ცემონ იგი, მან კი ეს მოთმინებით გადაიტანოს და აკურთხებდეს, ვინც ასე ექცევა.
ამდენად, მითხარი: ვისი მოქმედება უფრო გასაოცარი იქნება, - იმისი, ვინც გაქედმაღლებული და აღზევებულია თუ ამ დამცირებულის? არ ემსგავსება ეს უკანასკნელი ზეციურ უვნებო ძალებს, ის კი - გაბერილ ბუშტს, ან წყალმანკითა და ძლიერი სიმსივნით დაავადებულ ადამიანს?
არ ჰგავს ის სულიერ მკურნალს, ეს კი სასაცილო ბავშვს, ლოები რომ დაუბუშტავს? საერთოდაც, რითი ამაყობ ადამიანო? იმით ხომ არა, მაღალი ეტლით რომ დასეირნობ? ან იმით ხომ არა, ეჟვანშებმული ჯორები რომ დაგატარებენ? მაშ, რა? ასე შეიძლება ქვის ბიუსტებიც ატარონ? ან იქნებ იმით, რომ ლამაზი სამოსელი გაცვია? მაგრამ იმას შეხედე, ვინც სამოსელის ნაცვლად სათნოებით შემოსილა, - და დაინახავ, რომ დასაჭკნობ ბალახს ჰგავხარ, ის კი - ხეს, რომელსაც საუცხოო ნაყოფი გამოაქვს.
ეს ხეს მისდამი უბრალოდ მომზირალთაც კი უზომო სიამოვნებას ანიჭებს. სათნოებით შემკული ადამიანი ისეთ სამოსელს იცვამს, რომელსაც არამცთუ მღილი, თვით სიკვდილიც კი ვერაფერს დააკლებს. ეს სავსებით სამართლიანია: სულის სათნოებებს მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, იგი არსებითად სულიერი ნაყოფია, და მატლების შესაჭმელი ვერ იქნება.
ეს სამოსელი ზეცაში იქსოვება, სადაც არც მატლია, არც მღილი, არც სხვა რაიმე მსგავსი. ამდენად, მითხარი: რა უფრო ძვირფასია შენთვის: მდიდარი იყო თუ ღარიბი? დიდებაში იყო თუ დამცირებაში? სიუხვე გქონდეს, თუ შიმშილს განიცდიდე?
რა თქმა უნდა, ჯობს პატივისცემაში იყო, გქონდეს სიხუვე და სიმდიდრე. ამდენად, თუ შენ თვით ნივთები გინდა და არა მხოლოდ მათი დასახელებები, მაშინ დატოვე მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა და ზეცაში გადასახლდი.
ყველაფერი აქაური მხოლოდ ჩრდილია, იქაური კი უძრავი, უარყავი, და ვერც ვერავინ მოგტაცებს. ამდენად, მთელი მონდომებით ვეძიოთ ზეციური, რათა გავთავისუფლდეთ აქაური საზრუნავისგან, მივცურდეთ იმ წყნარ ნავსაყუდელთან და წარვდგეთ გამოუთქმელი წყალობის სიმდიდრით დატვირთულნი.
წყარო: წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. ტ. XXIV. ქადაგებები წერილის ცალკეულ გამონათქვამებზე. გამომცხ. "ალილო". თბ. 2020 წ. გვ. 303-306.
