განმარტებანი - წმ. სიმეონ თესალონიკელი. დიალოგი ჩვენს რწმენაზე, საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებზე. I - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
წმ. სიმეონ თესალონიკელი
 
დიალოგი ჩვენს რწმენაზე, საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებზე
წმ. სიმეონ თესალონიკელი

ყველა ერესის წინააღმდეგ
 
მღვდელმთავარი: ქრისტეს - ღმრთისა და მამის მხოლოდშობილი ძის, ჩვენი ღმერთის, ცოცხალი სიბრძნისა და სიტყვის მიერ, რომელიც გვანიჭებს სიტყვას ბაგის გასახსნელად, ძმებო, გემორჩილებით და მცნების მიხედვით, ძალისამებრ, იმ (საკითხების) შესახებ საუბრისკენ მივიწევ, რაც შეგეკითხეთ. ამიტომაც თქვენ მიერ ჩვენდამი და ჩვენგან თქვენ მიმართ სიტყვებს კითხვებად და პასუხებად გავაწყობ, დიალოგის სახედ. ჯერ (დავწერ) თქვენგან დაწყებულ სიტყვას, როგორც შეკითხვასა და ჩვენი პასუხის მიზეზს, მის შემდეგ კი ჩვენგან თქვენს კითხვებზე ქრისტემიერ გაცემულ პასუხებს, რადგან ამგვარად თქვენთვისაც და სხვა ძმებისთვისაც სიტყვა უფრო ადვილად გასაგები და შედეგიანი იქნება და ამას, თუ ღმერთმა ინება, შესაძლოა სარგებელიც მოჰყვეს.
 
კლერიკოსი: წმიდაო მეუფეო, ჩვენ იმ სულიერ და საღმრთო (საკითხთა) შესახებ, რომელთაც ვეძიებდით, კადნიერებით დაგისვით შეკითხვები, როგორც ჩვენს მამას სულიწმიდაში და ამის მიმართ ახლაც ისევე ვისწრაფვით, როგორც ადრე. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულში ჩვენს სიტყვებს მამობრივად იღებ, ჩვენც ქრისტესმიერი მოსურნეობით გისვამთ ამ კითხვებს. ჩვენ, ქრისტიანებს, მართლაც გვწამს ერთი ღმერთი და ვქადაგებთ მამას, ძესა და სულიწმიდას - წმიდა სამებას წერილთა მიხედვით, ერთ არსებასა და ღმრთეებაში და სულით ვაღიარებთ წმიდა სამებისგნა ერთის - ქრისტესა და ღმრთის სიტყვის - ქალწულისგან სულიწმიდისმიერ განკაცებასა და ჭეშმარიტებას, მაგრამ არსებობს რა მრავალი მადიდებლობა, როგორც ძველი, ასევე ახალი, რომლებიც ამ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების ყოვლითურთ საპირისპირონი არიან, როგორ დავარწმუნოთ ურწმუნოები, განვამტკიცოთ უძლურები და განვკურნოთ მაძიებლები? ვინაიდან გვისწავლია, რომ სიტყვას უნდა მივუგებდეთ ჩვენი სასოების შესახებ.
 
მღვდელმთავარი: ჭეშმარიტების ქადაგება, ძმაო, და კეთილმსახურების აღიარება ყველაზე უფრო აუცილებელია ჩვენთვის და ეს აღიარება ყოველთა წინაშეა სავალდებულო. ვინაიდან ყოველი მორწმუნისთვის ესაა საფუძველი; ამ აღიარების მეშვეობით ნეტარად ირაცხება პეტრე და ღვთის სასუფევლის გასაღების მქონე ხდება (იხ. მთ. 15:16-19). პავლეს კი ცხოვრების გვირგვინის მიღების იმედი აქვს, დაიცვა და იქადაგა რა სარწმუნოება (იხ. 2 ტიმ. 4:7-8). წმინდანთა მთელი დასიც, ამგვარად მოქმედი და სარბიელის კეთილად აღმსრულებელი, განდიდებულია. სავალდებულოა მოყვასის განმტკიცებაც, ძალისამებრ, მაგრამ ყველა ადამიანის დარწმუნება აუცილებელი არ არის, ვინაიდან ყველას დარწმუნება არცაა შესაძლებელი.
 
თუმცა, თუ შეგიძლია, უნდა უთხრა შესაძლებლობისამებრ, ვინძლო აღსაშენებლად - ესე იგი, კეთილმსახურების განსამტკიცებლად - მიიქცეს (შენი) სიტყვა. თუ აღაშენებ, ბევრი (სარგებელი გექნებათ) შენცა და შენგან სარგებლობამიღებულსაც, ხოლო თუ ვერ (აღაშენებ), არაფერი გმართებს ღვთისა ამ მადლისგან, ვინაიდან რაც გევალებოდა, გააკეთე.
 
და კიდევ, ესეც დაიცავი - ნუ ილაპარაკებ იმას, რაც (შენს) ძალას აღემატება, რათა დფაცემულის წამოყენებისას შენც მასთან ერთად არ დაეცე. უსაღვთოესი პავლეს თანახმად. "უცილობლად დიდია ღვთისმოშიშების საიდუმლო" (1 ტიმ. 3:16) და უდიდესი კეთილკრძალულებითა და ყურადღებით მართებს ლაპარაკი მასზე მოუბარს. იგი უნდა იყოს გამოცდილი და მოძღვრობის მადლს მიმთხვეული, რათა უკრძალველი სიტყვებით მკრეხელობის ბადეებში, გაუგებრობის მახეებსა თუ ურჯულოების დოგმატებში არ შთავარდეს ის, ვინც იმაზე დავობს, რაც არ გაეგება. ვინაიდან არამყართაგან ბევრი ვიცით ამისგან ვნებული.
 
კლერიკოსი და როგორია უფრო უსაფრთხო საუბარი, ბუნებითი ცნებებით თუ წერილობითი მოწმობებით?
 
მღვდელმთვარი: წმინდა წერილით, ვინაიდან ასე ამბობს უფალი: "წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის" (ინ. 5:39). ხოლო ხანდახან ზოგადი ცნებებითა და მაგალითებითაც შეიძლება (საუბარი), თუმცა, მხოლოდ ისინია სათქმელი, რაც წმინდანთაგან უმრავლესი მოუყვანიათ მაგალითდ და რაც არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს. და ისიც მხოლოდ გაკვრით, ვინაიდან სავსებით დაუშვებელია საღმრთო წერილის მიღმა ყოფნა და აზროვნება.


თავი 1. უღმერთოთა წინააღმდეგ და ღმერთის არსებობის შესახებ
 
კლერიკოსი: მამაო, ვინაიდან,როგორეც ადრეც ვთქვი, ღვთის შესახებ წარმართთა შორის მრავალს სხვადასხვა რწმენა აქვს - ზოგიერთს მრავალღმერთიანობის ცდომილება უპყრია, სხვებს თითქოს სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ არა სამპიროვანი, რადგანაც არ აღიარებენ ღვთის სიტყვას და წმინდა სულს, ხოლო სხვები უღმრთოდ ამბობენ, რომ საერთოდ არ არსებობს ღმერთი - რა გზით უნდა მოვიზიდოთ ისინი ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ?
 
მღვდელმთავარი: უპირველეს ყოვლისა ღვთისადმი ვედრებით, შემდეგ კი სიმდაბლითა და სულიერი სიყვარულის საქმეებით, სარწმუნოების დამმოწმებელი უყვედრელი ცხოვრებით, როგორც მოციქულებმა გვასწავლეს და გვიჩვენეს, ვინაიდან სამოციქულო საქმეა ეს. დასასრულს კი, წმინდა წერილისეული არასაკამათო სიტყვებით, ვინაიდან კამატი და დავა უცხოა ეკლესიისთვის.


თავი 2. ღმერთის არსებობოს შესახებ. მტკიცებულება პირველი - წმიდა წერილიდან
 
კლირიკოსი: და საიდან დავარწმუნოთ უღმერთო, რომ არსებობს ღმერთი?
 
მღვდელმთავარი: უპირველეს ყოვლისა, როგორც ვთქვით, წმინდა წერილიდან, რომელიც ღმერთს აღიარებს ყოველივეს მეშვეობით, უფრო სწორად კი, იმათი მეშვეობით, რომელთა მიზეზიც არის ღმერთი და აღიარებს მას ყოველივეს შემოქმედად. თავის მარადიულად არსებულ სიტყვასა და სულთან ერთად. მოსეც ამბობს: "დასაბამში ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა" (დაბ. 1:1), "და თქვა ღმერთმა: "იქმნას ნათელი" და იქმნა ნათელი" (დაბ. 1:3) და დანარჩენიც მსგავსადვე; და "მე ვარ, რომელიც ვარ" (გამ. 3:14), და მაყვლოვანში: "მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა" (გამ. 3:6), მიანიშნებდა რა სამებაზე. და ადამიანის შესახებ - "თქვა ღმერთმა, ვქმნათ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ. 1:26).
 
მოსე ყველგან ასწავლის, რომ არსებობს ღმერთი და აქვს მას სიტყვა და სულიწმინდა, და რომ სიტყვის მეშვეობით მან ყოველივე ქმნა და თავისის სულით განასრულა და განწმინდა. დავითის შემდეგ ყველა წინასწარმეტყველიც ამას ასწავლიდა. თავად დავითი კი უგუნურს უწოდებს მას, ვინც ღმერთს არ აღიარებს და ამბობს: "თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არსებობს ღმერთი" (ფსალმ. 13:1). ეს ყოველგვარ ურჯულოებაზე მეტია, რადგან თვით ეშმაკიც კი აღიარებს ღმერთის არსებობასს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მის მოწინააღმდეგედ და არამსახურად წარმოადგენს, იპარავს რა საღმრთო პატივს. ამით მან უღმერთო ელინებიც აცდუნა, რომლებიც მოტყუვდნენ სტიქიონთაგან და დემონთაგან და ქმნილებებს ღმერთები უწოდეს. ამგვარად, დემონებზე უფრო უგუნური, უღმერთო, უჭკუო და უარესია ის, ვინც ამბობს, რომ არ არსებობს ღმერთი. ამგვარი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავითვე იმხილება.


თავი 3. ღმერთის არსებობოს შესახებ. მტკიცებულება მეორე - თავად ადამიანი, რომელიც აზროვნებს, მეტყველებს და ეძიებს ღმერთს
 
შემდეგ კი (დავარწმუნოთ უღმერთო, რომ არსებობს ღმერთი) თავად ადამიანის გონებით, რომელიც ეძიებს ღმერთს, რადგან ღვთის მეძიებლობა და მისი ჭვრეტა (გონების მიერ) გვასწავლის, რომ ღმერთია მიზეზი ამ გონებისა, თავად ღმერთი კი არის დაუსაბამო გონი. ჩვენი გონება რომელიც სიტყვით გამოეძიებს ღმერთს, გვასწავლის რომ ღმერთს - დაუსაბამო გონს - აქვს სიტყვაც. ის, რომ ცოცხალია ღვთის შესახებ მოაზროვნე და მეტყველი, გვასწავლის, რომ ღმერთშია სიცოცხლე - წმინდა სული და, რომ ეს გონია ადამიანის შემოქმედი.
 
ყოველივე ქმნილი ეძიებს თავის იმიზეზს. ვინაიდან ადამიანის გონება არის მოაზროვნე, ჩამწვდომი, სწრაფი, წინაგანმგები და არსთა მჭვრეტი, საღმრთო გონის შესახებ მოწმობსს იგი და, როგორც შესაძლებელია, მას გამოსახავს. თუ ადამიანი თავის გონებაში იტევს ამ ყოველივეს, მაშ, დიადი, დაუსაბამო და მარადიული ყოფილა ის გონი, რომლის მიმართაც აღისწრაფვის ყოველი გონება, რომელსაც ეძიებენ და რომელიც მხოლო შეჩერება და განსვენებაა ყოველი გონიერისა.
 
ამ დაუსაბამო გონს აქვს ცოცხალი სიტყვა, რომლისკენაც მიემართება ყოველი სიტყვა. ვინაიდან არ არსებობს გონება სიტყვის გარეშე, დაუსაბამო გონს - ღმერთსა და მამას - აქვს ლოგოსი და მხოლოდ ამ ლოგოსის მეშვეობითაა, რომ ყოველი გონიერი არის სიტყვიერიც - ანგელოზებიცა და სულებიც, და აღვსებულნი არიან სიბრძნით და ცოდნით.
 
ეს გონებაა მხოლო, პირველი, ცოცხალი, მარადიულად მყოფი, თავის თავში სიცოცხლის მქონე და თავისი თავისგან სიცოცხლის გამომავლინებელი, რომელიც არის სულიწმიდა, რომლის მიერაც ყოველივე გონიერი გონიერად ცოცხლობს სიცოცხლისგან, სულები არიან სულიწმიდისგან, განწმენდაში მონაწილეობენ წმიდისგან, და ძალასა და მოძრაობაში (მონაწილეობენ) ყოვლადძლიერისგან და ყოველივესთვის ძალის მიმცემელისგან. ამიტომაც ღვთის უგულებელმყოფელიც კი მოაზროვნეა, ცოცხლობს და აქვს თავის თავში სიტყვა.
 
ამგვარად, ადამიანი თავის თავში ადასტურებს ღმერთს, ვინაიდან დაწერილია: ღვთის ხატია ადამიანი (შდრ. დაბ. 1:26).


თავი 4. ღმერთის არსებობის შესახებ. მტკიცებულება მესამე - თავად შესაქმის, მისი მრავალფეროვნების, კეთილწესიერების, წინაგანგებისა და წარმართვის შესახებ.

შემოქმედის შესახებ მოწმობს თავად შესაქმეც და ხილულთა მეშვეობით შესაძლებელია დანახვა უხილავისა. ამასვე ამბობს წმ. პავლეც, რომელიც წერს: "მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავე ქმნილებებში ცნაურდება" (რომ. 1:20). მართლაც, ვინ დაამყარა მაღლა ცა? შუაში დედამიწა? ვინ ამოძრავებს ცას განუწყვეტლივ და ესოდენ კეთილწესიერად, დედამიწას კი (წელიწადის) დროთა შესაბამისად მიანიჭა ძალა აღმოცენებისა? საიდან აქვს მზეს ბრწყინვალება და ძალა? ვის მიერ იბრუნვის იგი წრიულად განუწყვეტლივ და ყოვველწლიურად კვლავ იმავე გზას გადის? საიდან აქვს მთვარეს ნათების უწყვეტობა და მოძრაობის ცვლილებები, სხვა ვარსკვლავებს კი - განსხვავებული და მრავალფეროვანი გზები? განა შემთხვევითია, რომ ზეაღიწევა ცეცხლი და გიგზგიზებს, წყალი ქვემოთ მიიქცევა და მარტივად განიღვრება, ხოლო ჰაერი ყოველმხრივ მოძრაობს და ქრის - ყველა სტიქიონი წინააღმდეგობრივია, მაგრამ თანხმობაში არიან - და ამგვარად წარმოადგენენ ამ (ხილულ) სამყაროს?
 
მაგრამ რა? ნუთუ ამაოდ არსებობს ცხოველთა ათასობით გვარი და მათი ბუნებები? განა თავისით, ვინმეს გარეშე, შეიქმნენ ისინი? რატომ არ იქმნებიან დროდადრო ახალი ბუნებები და რატომ (ნარჩუნდება) მუდმივად ცხოველებშიცა და მცენარეებშიც ერთი და იგივე (სახეობები) და მათგან მათი მსგავსნი (იბადებიან)? თუ მემკვიდრეობითაა, მაშ პირველნი და დასაბამისეულნი საიდან არიან? განა არავისგან არიან? ურჯულოებაა, თუ ვინმე იტყვის ამას!
 
იმ პირველთა მიზეზი შემოქმედი ღმერთია, რომელმაც არარსებობიდან შექმნა (ჯერ) ისინი და მერე მათგან (წარმოშობილნი), რომელმაც ძალა მისცა ყველას, რომ გადარჩენილიყვნენ - შობილიყვნენ და ეშვათ, აღმოცენებულიყვნენ და აღმოეცენებინათ - კეთილად აღშენებულიყვნენ და შეემყარებინათ საკუთარი შემტკიცება; მანვე მისცა გონიერთ გონიერება, ცოცხლებს სიცოცხლე, განბრძნობილებს სიბრძნე, მოსურნეებს სწრაფვა, რომელიც ყველა ქმნილებაშია ჩათესილი.
 
განა თავისით არსებობს ადამიანური ბუნება? ნუთუ უმიზეზოა მდაბალი (ბუნებაცა) და მაღალიც, მიწიერიცა და უსხეულო, წინაგანმგები და ბრძენიც, მოკვდავიცა და უკვდავიც? განა თვისით არსებობს ეს ყოველივე? და ყოველივეს გამშვენება არავის მიერაა მოწყობილი და ნაბრძანები?და არავის მიერ იმართება? მაშ, ვინ ჭკუათმყოფელია ისეთი უბადრუკი და შეუგნებელი, რათ მიიჩნიოს, რომ ეს ყოველივე ღვთის გარეშე არსებობს და იმართება? საიდან არსებობს (წელიწადის) დროები? საიდანაა ნაყოფები? საიდანაა ყოველივეს შემყარების შესახებ წქინდახედულებათა კეთილსწესიერებანი და აღძვრანი? განა ეს ყოველივე ყველაფრის შემქმნელის ძალასა და წინაგანგებას არ გამოაჩნეს?
 
ამათგან და მსგავსა საშუალებით შეიცნო აბრაამმაც ყოველთა შემოქმედი და ყველა წმინდანსაც მიეცა საღმრთო ცოდნა. ვგონებ, ამათგან და მსგავსთა საშუალებით ყველა უგულისხმო და უზრუნველი შეიცნობს შემოქმედ ღმერტს და საერთოდ მეუფედ აღიარებს მას. ამასთან, მათ შეარცხვენს უმრავლესთა ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ და, როგორც ვთქვით, საკუთარი მრავალღმერთიანობაც.
 
კლერიკოსი: საკმარისია, მეუფეო, უღმერთოთა საწინააღმდეგო. ვფიქრობ, არავინ შეეწინააღმდეგება ამას, თუ დემონებზე უარესი არ არის. თვით დემონებიც კი უნებურად აღიარებენ ცოცხალი ღმერთის ძეს. და რაღა უნდა ვთქვათ მათ მიმართ, ვინც დასნეულებულნი არიან მრავალღმერთიანობით და ცდუნებულნი ასტროლოგიითა და შობის დღით (შდრ. γένεσιν), ბედისწერითა და ბედით?


თავი 5. მრავალღმერთიან ელინთა წინააღმდეგ

მღვდელმთავარი: მათი თაღლითობა ცხადი და ადვილად სამხილებელი, ბრწყინვალედაა დამხობილი ქრისტეს ძალით და ახლა აღარავინ დავობს ამის შესახებ, ვინაიდან ელინთა სულელური სიბრძნე მეთევზეთა მეშვეობით დაამხო ჩვენთვის ჯვარცმულმა, რომელიც თავადაა მამის ცოცხალი და ჰიპოსტასური სიბრძნე. წმ. პავლეს მიერ დაწერილთაგან და თავად შესაქმისგანაც შესაძლებელია იმის შეცნობა, რომ მხოლო სამებითი ღმერთი ერთია და არავინაა სხვა, მის გარდა. თუ, როგორც ელინები ამბობენ, მრავალი და განსხვავებული (ღმერთი) არსებობს, მაშინ მათი ძალა და მოქმედებაც განსხვავებული იქნება და ვერ შეეძლებათ ყოველივეს ერთობლივად განგება. ვინაიდან მრავალნი არიან, მოჯანყენიც უნდა იყვნენ, მოწინააღმდეგენი ძალით და არაღმერთნი, ვინაიდან ჭეშმარიტი ღმერთი ყველაფრის მეუფეა, ყოველივეს შემოქმედი და ყველაფრის მართვა ხელეწიფება.
 
ასევე, გარეშემოწერილნიც იქნებიან (ღმერთები), თუ მრავალნი და განსხვავებულნი არიან. თუ გარეშემოწერილნი არიან, მაშ, უძლურნი ყოფილან და არა ყოვლისშემძლენი. ის, რომ მათ განსხვავებული ძალები აქვთ, ცხადყოფს, რომ ყოვლისშემძლენი არ არიან და, აქედან გამომდინარე, ურთიერთმოწინააღმდეგენი და ურთიერთმებრძოლნი ყოფილან. თუ როგორც ამბობენ, მამრები და მდედრები არიან, მაშ სქესითაც განსხვავდებიან და სხეულევანნი ყოფილან, ვინაიდან სხეულთა თვისებაა მდედრობა და მამრობა.
 
აქედან გამომდინარე, ვნებიანნიც არიან, მოწყვლადნიც და გამონადენიც აქვთ, ხრწნილებაც, უწმინდურობაც და ბიწიც. თითოეული მათგანი თავისი სქესის შესაბამისად აღიძვრება. და თუ მათ შორის არსბობენ საწყისნი, პირველნი, მომდევნონი და მათ შემდგომ სხვანიც, როგორც ელინები ლაყბობენ, დასაბამი ჰქონიათ და როგორღა არიან ისინი მთავარნი და სამყაროს გამგებელნი? თუ ზეცაა დაუსაბამო, როგორც ელინები ჩმახავენ, როგორ ხელმწიფებენ ზეცაზე და სახლობენ ზეცაში ზეცის შემდეგ წარმოშობილნი? ამგვარად და მსგავსთა საშუალებითაა შესაძლებელი იმათი მხილება, ვინც ამბობს, რომ ბევრი ღმერთი არსებობს.
 
ელინები ღმერთებად ქმნილებებს თუ მიიჩნევენ, კიდევ უფრო მეტად დასაცინები არიან, რადგან ქმნილებები თავიანთი მოქმედებებითა და ძალებითაც მოწმობენ, რომ მონები არიან, ნაწილობრივნი და უძლურნი და სხვისგან აქვთ ძალაცა და მოძრაობაც; უფრო სწორედ კი - მათი ძალაცა და მოძრაობაც ჩვენთვის, ადამიანებისთვის ცნობილია. ადამიანებმა ზეცისა და ვარსკვლავების მოძრაობებიც იციან. მაშ, ცა, ვარსკვლავები და ხილულთაგან რაიმე ღმერთები არიან, თუ ყოველთა ღმერთის ქმნილებები, რომლისგანაც მიღებული აქვთ შეძლებაც და არსებობაც? ამასთან, არც სხვა გონიერი ძალები - ღვთის გონისეული ქმნილებანი არიან ღმერთები. მათგან ზოგიერთი ხედავს და უგალობს ღმერთს, ზოგნი ღვთის მსახურნი არიან, სხვანი კი უბოროტესი არჩევანით განუდგნენ მას, დემონებად იწოდებიან და ელინთათვის საცდურად იქცნენ.


თავი 6. მათ წინააღმდეგ, ვინც ურჯულოდ განადიდებს ბედისწერას და ბედს;
 
აქვე ასტროლოგიის შესახებ
 
 
ბედის, ბედიწერის, ჰოროსკოპებისა და ასტროლოგთა შესახებ ლაყბობა ყველაზე უფრო მეტად უგუნურება და უღმრთოებაა. პირველი იმიტომ, რომ არღვევს შემოქმედის თვითუფლებრიობას, რომელმაც არარსებობისგან შექმნა ყოველივე და განაგებს, როგორც ნებავს, ჭეშმარიტად და სამართლიანად; შემდეგ კი - (არღვევს) ადამიანის თვითუფლებრიობასაც - თუ ადამიანი მოაზროვნე და თვითუფლებრივი ცოცხალი არსებაა, ეს ხილულნი კი (1) - არამოაზროვნენი და უსულონი, მაშ, როგორ წარიმართება სული მათ მიერ? და როგორ მოახდენს ადამიანზე ზეგავლენას მათი მოძრაობა? არამოაზროვნე ვერ აღძრავს მოაზროვნეს! ხოლო თუ ასე, ყოველივე ნაძალადევი ყოფილა და აღარ არსებობს არც სათნოება და არც ბოროტება, ამაო ყოფილა კანონები, სწავლებები, წინასწარმეტყველებები.
 
______________
   
1. იგულისხმება ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები, რომლებითაც ადგენენ ასტროლოგიურ პროგნოზს.
 
______________
 
ამაო ყოფილა ძველი და ახალი აღთქმაც, და, დასასრულს, ადამიანებისა და შესაქმის განსაახლებლად ღვთის სიტყვის განკაცებაც. აღარ არსებობს არც ჯოჯოხეთი, აარც სასჯელი, რომლებზეც ჩვენი მაცხოვარი ამბობს, რომ საუკუნოდ იარსებებენ. ხოლო ეს (ანუ ასტროლოგია - მთარგმნ.) ამის საპირისპიროა და უღმერთოთა და ურჯულოთა ბოროტი დიდებაა. თუ ვინმე უღმრთონი უგუნურად უწოდებენ მათ (ვარსკვლავებს - მთარგმნ.) სულიერებსა და მოაზროვნეებს, ეს სიტყვა უგუნურია და ცრუა, უპირველესად წერილის გამო, რომელიც მოაზროვნეებს მხოლოდ ანგელოზებსა და ადამიანებს უწოდებს და, ასევე, მათი მოქმედებებისა და ზეცის მოძრაობის გამო, რადგან თუკი, ელინთა თანახმად, ვარსკვლავები მოაზროვნენი არიან, ხოლო ყოველი მოაზროვნე თვითუფლებრივიცაა, ისინი კი მუდმივად ერთი და იმავე მოძრაობით მოძრაობენ, მაშ, როგორღა არიან მოაზროვნენი და გამომრჩეველნი?
 
თუკი ამგვარ მოძრაობას მშვენიერსა და მარტივ მოძრაობას უწოდებენ, როგორ იწვევს მოძრაობის მოქმედება ბოროტებებს მათივე სწავლებისა და ვარსკვლავების შესახებ არსებული შეხედულებების მიხედვით? თუ ღმერთებს უწოდებენ მათ, ადამიანთ უმრავლსეობას ღმერთებად არ მიუჩნევია ისინი. ელინები ამბობენ, რომ ადამიანთა სარწმუნოება და რელიგია ვარსკვლავების მოძრაობზეა დამოკიდებული. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრაობენ და ადამიანებსაც ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს აძლევენ. აქედან აშკარაა, რომ ისინი არც განმრჩეველნი არიან და არც მოაზროვნენი, ვინაიდან ყოველი განმრჩეველი და შემძლებელი საკუთარი სურვილით მოძრაობს. თუ, როგორც (ელინები) ამბობენ, კეთილი და განრჩევითი მოძრაობით მოძრაობენ, მათი მოძრაობა როგორ იწვევს ბოროტებას მრავალთა შორის, განაქარვებს სათნოებას, იწვევს წარწყმედას (ვინაიდან, როგორც ბერძნები მიიჩნევენ, ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, როდესაც ვინმე სათნოა ან ბოროტი, უწმინდურია ან ბრძენი, უსამართლოა ან სამართლიანი), ერთა სიკვდილსა და აღორძინებას, დევნებსა და წარმატებებს და ათასობით სხვა რამეს, რაც ადამიანთ შორის ხდება და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ძირითადად კი საზიანოა?
 
ამგვარად, ბოროტებას, მზაკვრობას, მკვლელობასა და ზიანს იქმან, უქმნი არიან სათნოებაში და სრულებით არ არიან კეთილნი. ეს ყოველივე მკრეხელთ და უღმერთობა (აზრია), ღვთის ქმნილებანი კი კეთილნი არიან, ვინაიდან კეთილის ქმნილებანი არიან, რადგან ყველაფერი იხილა მან, და აჰა, ძალიან კარგია (იხ. დაბ. თ. 1) და ყოველივე კეთილად მოძრაობს იმისკენ, რისთვისაც ძალა მიიღო. მოაზროვნენი კი არ არიან ისინი, არამედ უსულო სხეულები, რომლებიც გრძნობადი მოძრაობით მოძრაობენ, რათა აღასრულონ ხილული წესი.
 
ისინი საცნაურნი არიან მათი მეშვეობით, რაც მათ მიერ ხილულად იმოქმედება. ჩვენში არსებული ბოროტებანი და სათნოებანი კი ჩვენი თვითუფლებრიობით აღესრულება - სათნოება ღვთის მიერაა ჩათესილი ჩვენში, ბოროტებას კი არსი კი არ აქვს, რაც სამყაროში და ჩვენში აღესრულება, არამედ ჩვენმიერი ნებით ხდება, პირველნი - ღვთის სათნოჩენით, მეორენი კი - ჩვენი მიზეზით.
 
ამიტომაც უნდა განვაგდოთ ამგვარი სულელური ძიებანი და ვირწმუნოთ, რომ, წმინდა წერილის თანახმად ღვთისგანაა შექმნილი ვარსკვლავები, ისევე როგორც მზე და მთვარე დედამიწის გასანათებლად. პირველი დღის, მეორე კი - ღამის მმართველად და მცენარეებისა და ცხოველების, წელიწადის დროების - გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის განგებისთვის და ქარებისა და სხვა რამ გრძნობადთა გამოსაცნობად, ვინაიდან თავად ისინიც სხეულნი და გრძნობადნი არიან, ვინაიდან, როდესაც ერთი წელი შესრულდება, მათი მოძრაობებით კვლავ ახალი იღებს დასაბამს და ღვთის ნებითა და ბრძანებებით ამგვარად იმართებიან ხილულნი. ქმნილებებს კი არანაირი ხელმწიფება არ აქვთ, არც რაიმე ზეგავლენა ძალუძთ შეხედულებებზე, ვერც სულს მართავენ, ვერც ცოდვისა თუ სათნოების ჩადენას გვაიძულებენ, არც შეუძლიათ რომ ვინმე აქციონ მეფედ ან მთავრად, ღარიბად ან მდიდრად, ჯანმრთელად ან სნეულად, მკვდრად ან ცოცხლად, უპატიოდ ან პატიოსნად, უგუნურად ან გონიერად, კეთილად ან ბოროტად. მართლა, უღმერთოებაა იმის რწმენა, რომ ამ ყოველივეს ქმნა შობის დღესა და ვარსკვლავებს შეუძლიათ.
 
წმიდა წერილი ამბობს: "უფალი მოაკვდინებს და განაცოცხლებს, ჩაჰყავს ჯოჯოხეთში და ამოჰყავს" (1 მეფ. 2:6); და ეს ყოველივე არის სამართლიანად, თითოეულის არჩევანისა და მოძრაობისამებრ და არა ძალადობით, ვინაიდან "სამართლიანია უფალი და სიმართლენი შეიყვარა" (ფსალმ. 10:8) და იგია, ვინც "მიაგესბ თვითოეულს თავისი საქმის მიხედვით" (ფსალმ. 101:11). მაგრამ როგორ მიაგებს, თუ ცოდვის ან სიმართლის ქმნა იძულებითია? ვინაიდან ვინც იძულებით მოქმედებს, არც უსამართლოდ სცოდავს და არც სამართლიანად სჩადის სიმართლეს. და აღარაა მკვლელობის ჩამდენი მკვლელი, აღარც მრუშობის ჩამდენი - მრუში, აღარც უწმინდური და მტაცებელი - უწმინდური და მტაცებელი, აღარც მაცხოვნებელი - მაცხოვარი, აღარც ქალწული - ქალწული, აღარც ბრძენი - ბრძენი და აღარც სამართლიანი - სამართლიანი. მაშ, როგორღა სჯის ან ამართლებს ღმერთი (ძველ და ახალ აღთქმაში ამის უამრავი მაგალითია)? ჩვენ კი, მორწმუნეებს, არა მხოლოდ ის მიგვაჩნია სამართლიანად, რომ ბუნებითად მოძრაობს ხილული სამყარო, არამედ - ბუნებაზე აღმატებულადაც, ვინაიდან შესაქმის შემქმნელს შეუძლია მისი შეცვლა, როგორც სურს. მან ბუნებაზე აღმატებული სიდიადენი აღასრულა რჯულამდეც, რჯულშიც და რჯულის შემდეგაც მართალთა ლოცვებით.
 
უდიადესი და ყოველგვარ გონებაზე და აზროვნებაზე აღმატებულია კი ის, რომ ჩვენთვის განხორციელდა ლოგოსი, მოქალაქეობით განვლო ცხვორება, ივნო ხორცით, აღდგა, გამოჩნდა აღდგომის შემდეგ, შეხებულ იქნა, ხორცით ამაღლდა ზეცად და სულიწმიდით აღავსო ადამიანური ბინება მოციქულთა მეშვეობით, ნიშნები და სიდიადეები აღასრულა, სამყარო რწმენისკენ მოაქცია მხოლოდ ქადაგებითა და სასწაულებით და ვიდრე აქამომდე სასწაულებით მოქმედებს, და წმინდანთა მკვდარი ნეშტებისა და მღვდელთა ლოცვების მეშვეობით იქმს სიდიადეებს, და გამოაჩინა შეკვრისა და გახსნის ძალა - ყოველივე ეს ბუნებაზე აღმატებულია და ყოვლადძლიერი ღმერთის საქმეებია.
 
ამიტომაც, როდესაც ავად ვხდებით, ვითხოვთ ჯანმრთელობას, როდესაც შეჭირვებულნი ვართ - სიძნელეთაგან გამოხსნას, როდესაც სიქიები მძვინვარებს - მათ ნაყოფიერებისკენ მიმართვას. და ბევრი რამ ხდება მართალ ადამიანთ ლოცვით - ნალექი გვალვაში, მოწინააღმდეგეთა განადგურება, შიმშილობისა და ჭირისგან გამოხსნა და კიდევ მრავალი რამ - უძლურთა განკურნებები, მწუხარეთა გათავისუფლება, რისთვისაც ლოცულობს კიდეც ეკლესია.
 
ამგვარად, ბედი და შობის დღე აუქმებს ღვთისადმი სასოებას და უგულებელყოფს თავად ღმერთსა და მის საღვთო ძალას, მთელ წმიდა წერილს, უსამართლოთა ტანჯვას, მართალთა განსვენებას და ღვთის ყველა საიდუმლოს.
 
ამიტომაც ნურავინ მიიჩნევს ქრისტიანად იმას, ვინც შობის დღის, ასტროლოგიისა და ამგვართა შესახებ მსჯელობს. თუ ვინმე იტყვის, რომ ამათგან სწავლობს რაიმეს, დემონთაგანაა ცდუნებული და განგდებულია იგი, ეკლესიისგან უცხოა და გაიძვერაა. ყველა კეთილმსახური კი, ვინაიდან ქრისტესია, რომელიც არის მამის ძალა, ჭეშმარიტება და ყოვლადძლიერი სიტყვა, უნდა ესავდეს უფალს ამიერიდან და უკუნისამდე. ეს სამყარო წარმავალია, შესაქმე კი ხრწნადია და გადასხვაფერდება. ჩვენ კი, როგორც წმ. პავლე ამბობს, ქრისტეში დამონებული არ ვართ სამყაროს სტიქიონებს, არამედ სულითაც და ხორცითაც ხრწნილებაზე უპირატესნი გავხდით, უხრწნელი სულის მადლით. ასე რომ, ყოველივე ღვთის ქმნილებაა და მათგან არაფერი არ არის ღმერთი.
 
 
თავი 7. იმის შესახებ, რომ ერთადერთი ღმერთი წმიდა სამებაა
 
არსებობს მხოლოდ ერთი და ჭეშმარიტი - სამობითი ღმერთი და მთელი შესაქმე მას აღიარებს. მართლაც, არის რა მარადიულად მყოფი მამისგან, სიტყვით იმართება მარადიული მამის ცოცხალი სიტყვისგან და შემყარებულია და ჰგიებს ერთადერთი და ცოცხალი ღმერთის ცხოველმყოფელი სულით. ამის შესახებ ასწავლიან წმ. ათანასე დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და მათთან ერთად სხვა მამები.
 
კლერიკოსი: საკმარისად შევიმეცნეთ, მეუფეო, მრავალღმერთიან ელინთა საწინააღმდეგო სიტყვა. ახლა კი აუცილებელია, რომ უფრო ცხადად შევიტყოთ სიტყვა წმიდა სამების შესახებ, რათა ჭეშმარიტების ცოდნისკენ მოვაქციოთ ისინი, ვინც უგულებელყოფს ძესა და ღვთის სულს, ვინაიდან მრავალია, ვინც ურჯულოდ უგულებელყოფს ღვთის სიტყვასა და სულიწმიდას.
 

გაგრძელება იქნება.

წყარო: წმინდა სვიმეონ თესალონიკელი. დიალოგი ჩვენს რწმენაზე, საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებზე. საეკლესიო გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому