განმარტებანი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

21 ნოემბერი / 4 დეკემბერი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი
დღესასწაულობა: 21 ნოემბერი (ძვ. სტ. (4 დეკ. ახ. სტ.)

გადმოცემის მიხედვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ასე მოხდა: ქალწულ მარიამის მშობლები, მართალნი იოაკიმე და ანა, გამუდმებით ლოცულობდნენ, რათა გახსნილიყვნენ უშვილობისგან და ამის გამო დადეს აღთქმა, რომ თუ შვილი ეყოლებოდათ მას ღმერთს მიუძღვნიდნენ.

როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს სამი წელი შეუსრულდა, წმიდა მშობლებმა თავიანთი აღთქმის აღსრულება გადაწყვიტეს. შეკრიბეს ნათესავები და ახლობლები, ყოვლადწმიდა მარიამს ჩააცვეს საუკეთესო ტანისამოსი და წმიდა საგალობლების გალობითა და ხელში ანთებული სანთლებით იერუსალემის ტაძარში მიიყვანეს, სადაც ქალწულს მღვდელმთავარი მთელი სამღვდელოებითურთ შეეგება. ტაძრამდე მაღალი თხუთმეტსაფეხურიანი გზა ადიოდა. ჩანდა, რომ ყრმა მარიამი ვერ დაძლევდა ამ კიბეს და მის საფეხურებზე ვერ ავიდოდა. მაგრამ როგორც კი პირველ საფეხურზე დააყენეს, ღმრთის მადლით გაძლიერებულმა მარიამმა სწრაფად გადალახა სხვა საფეხურებიც და ბოლომდე ავიდა.

შემდეგ ზეგარდმო შთაგონებულმა მღვდელმთავარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც შესვლის უფლება, თანაც წელიწადში ერთხელ განმწმენდელი მსხვერპლის შესაწირად მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა. ტაძარში შეკრებილნი გაოცებულნი იყვნენ უჩვეულო მოვლენით.

მართალნი იოაკიმე და ანა, იმის შემდეგ რაც წმიდა მარიამი ზეციერი მამის ნებას მიაბარეს, სახლში დაბრუნდნენ. ყოვლადკურთხეული მარიამი ქალწულთა შენობაში დატოვეს, რომელიც იქვე, ტაძართან იმყოფებოდა. წმიდა წერილის მოწმობით (გამ. 38; 1 მეფ. 1:28; ლკ. 2:37) და ასევე, როგორც ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ჰყვება, ტაძრის ირგვლივ მრავალი საცხოვრებელი ნაგებობა არსებობდა, რომლებშიც ღმრთისმსახურად განწესებულნი ცხოვრობდნენ.

უდიდესი იდუმალებითაა მოცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრება მისი სიყრმიდან ვიდრე ზეცად ამაღლებამდე. დაფარული იყო მისი ცხოვრებაც იერუსალიმის ტაძარში. "ვინმე თუ მკითხავს, - ბრძანებდა ნეტ. იერონიმე, - როგორ ატარებდა დროს სიყრმეში ყოვლადწმიდა ქალწული, - მე ვუპასუხებდი: ეს მხოლოდ ღმერთმა და ღვთისმშობლის განუშორებელმა მცველმა, მთავარანგელოზმა გაბრიელმა უწყიან".

მაგრამ საეკლესიო გადმოცემაში დაცულია ცნობები, რომლის მიხედვითაც იერუსალიმის ტაძარში ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმოსავ ქალწულთა წრეში იზრდებოდა, ბეჯითად კითხულობდა და ეუფლებოდა წმიდა წერილს, ხელსაქმობდა, მუდმივად ლოცულობდა და ღმრთისადმი სიყვარულში იზრდებოდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძრად მიყვანების მოსაგონებლად ძველი დროიდანვე დაწესდა საზეიმო დღესასწაულობა, რის მოწმობებსაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდანვე ვხვდებით, განსაკუთრებით პალესტინელი ქრისტიანების გადმოცემებში, სადაც ნათქვამია, რომ წმიდა დედოფალმა ელენემ ტაძარიც კი ააგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე.

IV ს-ში ამ დღესასწაულს ახსენებს წმ. გრიგოლ პალამა. VIII ს-ში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას თავიანთ ქადაგებებში ადიდებენ კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქები გერმანე და ტარასი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული - ეს გახლავთ კაცთა მოდგმისადმი ღვთის უდიდესი მოწყალების ხარება, ცხოვნების ქადაგება და მინიშნება ქრისტეს განკაცებაზე, რომელსაც ცოდვის წყევისგან უნდა გამოესყიდა კაცთა მოდგმა.


***

ტროპარი:
დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.

კონდაკი: ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცა
Назад к содержимому