Перейти к контенту

გნოსტიციზმი - ადრეული ქრისტიანობა და გნოსტიციზმი - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
უსჯულოება > გნოსტიციზმი
ადრეული ქრისტიანობა და გნოსტიციზმი
გნოსტიკოცები
ავტორი: ალექსეი დიმიტრის ძე პანტელეევი. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორიის კათედრის დოცენტი, ანტიკურობისა და ადრეული ქრისტიანობის ისტორიის სპეციალისტი.
 
 
მოხსენების სტენოგრამა, რომელიც წაკითხულ იქნა 2017 წლის 28 იანვარს ფორუმზე "Ученые против мифов-3" ("მეცნიერები მითების წინააღმდეგ-3").
დიდად მადლობელი ვარ ამ ფორუმის ორგანიზატორებისა, რომ მიმიპატიჟეს და, ალბათ, ჩემს თხრობას დავიწყებ ადრეული ქრისტიანობის ისტორიით. არა ბრაუნით და მისი "და ვინჩის კოდით", არამედ იმ ვითარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის ირგვლივ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა.
 
საქმე იმაშია, რომ 1917 წლამდე, 1880–1890-იან წლებში და XX საუკუნის დასაწყისში, რევოლუციამდელ წლებში, ქრისტიანობის ისტორია საკმაოდ დინამიკურად ვითარდებოდა, ჩვენ ევროპული მეცნიერების დონეზე ვიყავით. 1917 წელს, ერთი მხრივ, ამ საკითხმა პოპულარობა დაკარგა, მეორე მხრივ კი, აშკარად სახიფათოც კი გახდა. ქრისტიანობის ისტორიით დასაქმება მხოლოდ მარქსისტული თეორიის ფარგლებში, აბსოლუტურად განსაზღვრული მიდგომებით იყო შესაძლებელი, რამაც გამოიწვია ის, რომ მათ, ვინც ქრისტიანობას იკვლევდა, ვისაც ზოგადად ანტიკური ხანის რელიგიური ისტორია აინტერესებდა, მხოლოდ საკუთარ სამყაროში არსებობა შეეძლოთ. როგორც კი ჩნდებოდა მცდელობა, გასცდენოდნენ ამ საზღვრებს, შეიძლებოდა ყველაზე მძიმე შედეგებით დამთავრებულიყო. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ პროფესორ პრეობრაჟენსკის ბედი – არა ბულგაკოვის, არამედ სხვა, მოსკოველი ისტორიკოსის ხვედრი, რომელიც ტერტულიანეს შესახებ წიგნის დაწერის შემდეგ არცთუ შორეულ ადგილებში დაიღუპა.
 
საბოლოოდ, განსაკუთრებით 1930-იან წლებში, ამან იმ მოსაზრებების დომინირება გამოიწვია, რომლებიც იმ დროისთვის მსოფლიო მეცნიერებისთვის უკვე მარგინალურად მიიჩნეოდა. ეს არის იგივე კამათი იმის შესახებ, იყო თუ არა ქრისტე, არსებობდა თუ არა იესუს სახელის მქონე ადამიანი. როდესაც ყველა, ასე ვთქვათ, ნორმალური ადამიანი უარს ამბობდა ამ საკითხის სერიოზულ აღქმაზე, საბჭოთა კავშირში 1940-იან, 1950-იანი წლების დასაწყისში გამოდიოდა მშვენიერი წიგნები, სადაც ასობით გვერდზე ამტკიცებდნენ, რომ ასეთი ადამიანი არ ყოფილა, არც არასდროს არსებობდა და ვერც იარსებებდა.
 
ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც, მაგალითად, ადრექრისტიანული ტექსტების თარგმნასთან დაკავშირებით. მხოლოდ ბრეჟნევის ხანაში დაიწყო ამ მდგომარეობის შეცვლა, ხოლო პერესტროიკის შემდეგ ვითარება თანდათანობით უმჯობესდებოდა, და ახლა, აბსოლუტური თავისუფლების პირობებში ღრმად ჩამორჩენილ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თანამედროვე დასავლური მეცნიერება საკმაოდ შორს წავიდა, და ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ეკლესიის ისტორიით არიან დაკავებულნი, არსებითად იმ გამოცდილების გააზრება უწევთ, რომელიც ჩვენთვის დაფარული იყო. და დიდწილად, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენი თანამედროვე საზოგადოების წინაშე დგას, ამ გარკვეული ზოგადისტორიული ჩამორჩენის შედეგია. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ გლობალიზაცია, ახალი საკომუნიკაციო სისტემები – იგივე ინტერნეტი – მნიშვნელოვნად ასწორებს ვითარებას, და ისე გამოდის, რომ ჩვენი ადამიანი დასავლეთის ადამიანების გვერდით დგება, ხოლო პრობლემები, რომლებიც ამ ორივე ჯგუფის (ჩვენი და დასავლელი ადამიანების) წინაშე დგას, ერთნაირი აღმოჩნდება. სწორედ ამაზე იქნება საუბარი.
 
საქმე ისაა, რომ მრავალი წარმოდგენა იესუს ცხოვრების შესახებ, თუ რა თქვა და რა არ თქვა მან, თანამედროვე მსოფლიოში ემყარება არა მხოლოდ და არა იმდენად ახალ აღთქმასა და სახარებებს, რამდენადაც ტექსტებს, რომლებსაც მასთან, ასე ვთქვათ, არცთუ პირდაპირი კავშირი გააჩნიათ.
 
სანიმუშოდ მივმართოთ მარიამ მაგდალინელის ფიგურას. საიდან იცის თანამედროვე ადამიანმა მარიამ მაგდალინელის შესახებ? ალბათ, ისინი, ვინც უფროსი ასაკისანი არიან, პირველად ამ ფიგურას წააწყდნენ როკ-ოპერაში "იესუ ქრისტე სუპერვარსკვლავი", სადაც მარიამ მაგდალინელი და იუდა ლამის ყველაზე ნათელ პერსონაჟებად გვევლინებიან.
 
მეორე მომენტია – "ქრისტეს უკანასკნელი ვნება". ვგულისხმობ, როგორც რომანს, ასევე ფილმსაც. მათთვის, ვისაც არ უნახავს: იქ ქრისტე ჯვარზეა გაკრული და ეცხადება ხილვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა შემდგომში მისი ცხოვრება განვითარებულიყო, თუ იგი საკუთარ გზაზე უარს იტყოდა; იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას ეცხოვრა მარიამთან, რომ შეიძლებოდა მათ შვილები ჰყოლოდათ და ა.შ.
 
და ბოლოს, მესამე თანამედროვე წყარო, სადაც მარიამ მაგდალინელის ფიგურა ცენტრშია, არის დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდი", სადაც ასევე საუბარია სიყვარულზე იესუსა და მარიამ მაგდალინელს შორის, იმაზე, რომ მათ ჰყავდათ ოჯახი, შვილები, რომლებმაც შემდგომში მეროვინგების დინასტია დააფუძნეს.
 
საყურადღებოა, რომ ყველა ამ ნაწარმოების ავტორი გარკვეულწილად ანტიკურ ტრადიციას ეყრდნობა. ზოგი ამაზე პირდაპირ საუბრობს, ზოგიც ყურადღებას არ ამახვილებს, მაგრამ როგორც კი საქმე ამგვარი თეორიის ისტორიულ საფუძვლებს ეხება, ადამიანები, რომლებსაც არ ყოფნით ის ვერსია, რომელსაც არა ოფიციალური მეცნიერება, არამედ ახალაღთქმისეული კანონი იძლევა, ამბობენ: "მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სახარებების გარდა სინამდვილეში სხვა ტექსტებიც არსებობდა, სადაც სრულიად განსხვავებული ინფორმაციაა მოცემული". სწორედ ამ ტექსტებზე და იმაზე, თუ რა სახის ინფორმაციაა მათში მოცემული და რითი აიხსნება მათ შორის შეუსაბამობა, ვისაუბრებ, ალბათ, მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში.
 
მარიამ მაგდალინელზე, ფაქტობრივად, სახარებების გარდა, გვამცნობენ ის ტექსტები, რომლებიც წმიდა წერილის კანონში არ შეუტანიათ. მაგალითად, ესენია: ფილიპეს სახარება, თომას სახარება, მარიამ მაგდალინელის სახარება. ამ ტექსტებმა ჩვენამდე ამა თუ იმ სახით მოაღწიეს. თომას სახარება და ფილიპეს სახარება უკეთეს მდგომარეობაშია; მარიამ მაგდალინელის სახარება – ძლიერ ფრაგმენტულადაა შემონახული, მაგრამ ის, ყოველ შემთხვევაში, იმის გაგების საშუალებას იძლევა, თუ რა სახის ტექსტია ეს. არსებობს სხვა წყაროებიც, რომლებიც მარიამს ეხება. ჩვენ ვიცით, რომ ისინი არსებობდნენ, მაგრამ ჩვენამდე უკვე გვიანდელი ავტორების გადმოცემით მოაღწიეს, და მათზე ახლა აღარ ვისაუბრებთ. თუ გაინტერესებთ, მოგვიანებით მოგიყვებით.
 
ეს ტექსტები მარიამ მაგდალინელზე მიუთითებენ, როგორც იესუს საყვარელ მოწაფეზე. ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მოწაფეთა წრეში, ის არის მისი საყვარელი თანამოსაუბრე, და ზოგჯერ მოციქულები, როგორც, მაგალითად, თომას სახარებაშია, კითხულობენ: "უფალო, რატომ გიყვარს ის ყველაზე მეტად, ყველა ჩვენგანზე მეტად?"
 
მარიამ მაგდალინელი მაშინვე ხვდება, რაზე საუბრობს მაცხოვარი, ადვილად ჭვრეტს მის იგავებს, და ზოგჯერ მაცხოვარი ასეც ამბობს: "კარგი იქნებოდა, ყველა შენსავით საზრიანი რომ ყოფილიყო". მარიამ მაგდალინელის სახარებაში პეტრე მის მთავარ მოწინააღმდეგედაა წარმოჩენილი და მიუთითებს იმაზე, რომ ის ქალია და არავითარი ხმის უფლება არა აქვს, ამიტომ რის საფუძველზე ბედავს ვინმეს სწავლებას? საქმე იმაშია, რომ იესუ ეცხადება მარიამ მაგდალინელს და ამცნობს მას გარკვეულ საიდუმლოებებს, საიდუმლო სწავლებას, რასაც ის (მარიამი) შემდეგ მოწაფეებს უამბობს.
 
აქ, სანამ ამ საიდუმლო სწავლებაზე ვილაპარაკებდეთ, აუცილებელია ყურადღება რამოდენიმე მომენტზე გავამახვილოთ. პირველი, ადრეული ქრისტიანობა არ არის რაიმე მონოლითური მიმდინარეობა – ადრეული ქრისტიანობაში არსებობდა ყველანაირი მიმდინარეობის, მიმართულებისა და სექტის გიგანტური მრავალფეროვნება. გარკვეულწილად, ეს ბრაუნისეულ მოძრაობას ჰგავს. ადრეული ქრისტიანები, ყველა ერთად რომ შევიკრიბოთ, ძნელად თუ შეძლებდნენ რაიმეზე შეთანხმებას, გარდა იმისა, რომ არსებობდა იესუ ქრისტე, რომელიც ჯვარს აცვეს და, როგორც ჩანს, მესამე დღეს აღსდგა. ყველა სხვა მომენტი სადავო და განსახილველი იყო, და თითქმის თითოეულ მათგანზე სრულიად საპირისპირო თვალსაზრისები არსებობდა.
 
ეკლესიური ქრისტიანობა – ის მიმართულება, რომელმაც გაიმარჯვა, – მათგან ერთ-ერთი იყო. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ის ყოველთვის და ყველა რეგიონში როდი დომინირებდა. ვინ იყო კიდევ მის გარდა? იყვნენ იუდეოქრისტიანები – სიმარტივისთვის, მე აღვწერ არა ცალკეულ მიმართულებებს, არამედ მთლიან ჯგუფებს. ვინ არიან იუდეოქრისტიანები – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ებრაული რჯულისა და ადრეული ქრისტიანობის შეთავსებას, ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მხოლოდ ებრაელი შეიძლება იყოს ქრისტიანი. ანუ, წარმართმა, – იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდეს, – ჯერ იუდაიზმი უნდა მიიღოს, აღასრულოს წინადაცვეთა, დაიცვას მოსეს რჯული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მზად მოსანათლად.
 
შემდეგ, II საუკუნის შუაში, ჩნდებიან ისეთი მოღვაწეები, როგორებიც არიან მონტანისტები. საქმე ისაა, რომ ეკლესიურ ქრისტიანობაში უკვე ჩნდება მკაფიო ორგანიზაცია, ეპისკოპოსები აცხადებენ პრეტენზიას იყონ შუამავლები ადამიანებსა და ღმერთს შორის – არაფერი უნდა ხდებოდეს მათი ნების გარეშე. მონტანისტები კი ცდილობენ, დააბრუნონ პირველი ქრისტიანების სიმარტივე, როდესაც ყველას შეეძლო უფალთან უშუალო ურთიერთობა. და ბოლოს, არსებობდა ნაირგვარი გნოსტიკური სწავლებების გიგანტური რაოდენობა.
 
ვინ არიან გნოსტიკოსები? თუ შევეცდებით გნოსტიციზმსა და საეკლესიო ქრისტიანობას შორის არსებული განსხვავების ახსნას კონკრეტულ საგნებში, მაშინ, ჯერ-ერთი, გნოსტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანი სწორედ არა რწმენით, არა საქმით, არამედ ცოდნით ცხონდება. ეს ცოდნა მოიტანა იესუმ და ვიღაცას გადასცა მოწაფეთაგან. ყველას არა.
 
ის, რაც ჩვენ ახალ აღთქმაში გვაქვს, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია. ამან უნდა დააინტერესოს ადამიანი, ხოლო, ასე ვთქვათ, ქრისტიანობის დემო-ვერსიას რომ გაეცნობა, მან უნდა მონახოს მოძღვარი, რომელიც, საბოლოოდ, ყველაზე მთავარ ჭეშმარიტებას გააგებინებს. ამ მხრივ, სხვათა შორის, საინტერესოა პარალელი იმავე "РЕН-ТВ"-სთან. ადამიანისთვის, რომელმაც საერთოდ არაფერი იცის ისტორიის შესახებ, არაფერი იცის ბიოლოგიის შესახებ, "РЕН-ТВ"-ს ფილმები, ალბათ, არც თუ ისე საინტერესო იქნება. "РЕН-ТВ" პარაზიტირებს სასკოლო ცოდნაზე, მათთვის საჭიროა ადამიანის გარკვეული მინიმალური საწყისი ცოდნის დონე (მაგრამ არა საკმაოდ განვითარებული!), რათა მასზე დაყრდნობით უკვე ააგონ საკუთარი სურათი. აი, გნოსტიკოსები, პრინციპში, დაახლოებით იმავე საქმიანობით არიან დაკავებულნი.
 
შემდეგ, არსებობს ორი ღმერთი – ღმერთი უზენაესი, კეთილი და სულიერი, და ქვედა, ცოდნას მოკლებული ღმერთი. ჩვენს ქვეყნიერებას ქმნის ქვედა ღმერთი, და ამ ქვედა ღმერთთან იდენტიფიცირდება იაჰვე – ძველი აღთქმის ღმერთი. ამგვარად, გამოდის, რომ იუდაიზმის ღმერთი, უკეთეს შემთხვევაში, გარკვეული დემიურგია, შემოქმედია, მაგრამ მოკლებულია უზენაეს ცოდნას, ხოლო უარეს შემთხვევაში იგი პირდაპირ იდენტიფიცირდება სატანასთან. შემდეგ, შეიძლება ცხონდეს მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც აქვს სულიერი მარცვალი. ყველა ადამიანი იყოფა სამ კლასად. პირველი კლასი (მათი უდიდესი უმრავლესობა) არიან ჰილიკები ან სომატიკოსები, ესენი არიან ე. წ. ხორციელი ადამიანები. მათ არაფერი აინტერესებთ გარდა იმისა, რომ ჭამონ, იძინონ და სვან; ისინი მოკლებულნი არიან რაიმე სახის სულიერ მოთხოვნებს, მათთან არაფერია სასაუბრო. ღირსეულ ადგილებში მსგავს ადამიანებზე არ საუბრობენ, და არც ჩვენ ვისაუბრებთ.
 
მეორე ჯგუფია – ფსიქიკოსები. ესენი მშვინვიერი ადამიანები არიან და ჯობნიან ჰილიკოსებს, ანუ სომატიკოსებს. ესენი არიან თქვენნაირი და ჩვენნაირი ადამიანები, რომლებიც პოულობენ დროსა და ადგილს, იმსჯელონ რამეზე, იფიქრონ, განშორდნენ საჭმელს და შეხედონ ვარსკვლავებს.
 
და, ბოლოს, სულიერი ადამიანები ანუ პნევმატიკოსები – ეს არის კაცობრიობის ელიტა, მთელი ქვეყნიერება არსებობს მხოლოდ მათ გამო. ქვეყნიერება, საკუთრივ, იმის მანქანაა, რომ ამ ადამიანების ცხონებას ხელი შეუწყოს. ადამიანი ცხონდება მხოლოდ საკუთარი ბუნების ძალით: ცხონდებიან მხოლოდ ისინი, ვისშიც დაბადებიდანვე არის ეს მარცვალი. ამ მარცვლის გადაცემა შეუძლებელია, ამ მარცვლის მიღება შეუძლებელია – ის ან გაქვთ, ან არა. თუ ის თქვენში არის, მაშინ შეგიძლიათ ცხონდეთ, თუმცა შეიძლება ვერ ცხონდეთ. თუ თქვენში ეს მარცვალი არ არის, მაშინ, რაოდენ კარგადაც გინდ იქცეოდეთ, მაინც მოკლებული ხართ ცხონების შესაძლებლობას. ბუნებრივია, გნოსტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ თვით ისინი (ანუ გნოსტიკოსები) და მათი მოწაფეები ფლობდნენ ამ მარცვალს. როგორ არკვევდნენ ისინი ამას – ცალკე საინტერესო საკითხია, მასზე ახლა ჩვენ არ შევჩერდებით.
 
ნაგ-ჰამადში აღმოაჩინეს გნოსტიკური ბიბლიოთეკის დიდი კოლექცია, რომელიც 16 კოდექსისგან შედგებოდა. იქ იყო დაახლოებით ორმოცდაათი თხზულება, რომელთაგან უმრავლესობა ძალიან კარგად იყო შემონახული. ეს იყო გნოსტიკური ბიბლიოთეკა, მასში შედიოდა ტექსტების უდიდესი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა გნოსტიკურ ჯგუფს ეკუთვნოდა, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა ამ ადამიანებისთვის საკუთარი (და არა მათი კრიტიკოსების) თვალით შეეხედათ. აი, შეგიძლიათ ნახოთ, რუკაზე ნაგ-ჰამადი ისრით არის მონიშნული, ხოლო ასე გამოიყურებოდა კოდექსები.


ნაგ ჰამადი (ადგილმდებარეობა)



ნაგ ჰამადის ხელნაწერები (კოდექსები)



ძველად ტექსტების შენახვის ორი ტიპი არსებობდა – კოდექსები და გრაგნილები, ეს უკვე IV საუკუნეა. აი, ცალკე გვერდი იოანეს აპოკრიფით – აქაც არის მოცემული საიდუმლო სწავლება, რომელიც გადაცემულია არა მარიამ მაგდალინელის, არამედ მოციქულ იოანეს მეშვეობით.
 
რას წარმოადგენდა ეს საიდუმლო სწავლება? უპირველეს ყოვლისა, უნდა შემეცნებულიყო, რომ კოსმოსი ერთ-ერთი ეონის, სულიერი სამყაროს უმაღლესი არსების, შეცდომის შედეგია. ამ ეონმა, რომელსაც არ გააჩნდა ცოდნის სისრულე, სცადა შეეცნო სულიერი მამა; ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ ის განდევნეს სულიერი სამყაროს საზღვრებიდან. ის შეეხო მატერიას და მატერიამ მისი ნაწილი მიიტაცა. როდესაც ეს არსება (მას ჩვეულებრივ სოფიას უწოდებენ) გონს მოვიდა, უკან დაბრუნებას ეცადა, მაგრამ უთხრეს, რომ სანამ არ შეაგროვებდა იმას, რაც მიმოფანტა, უკან არ მიიღებდნენ. სოფია თავიდან შეწუხდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ პრობლემა როგორმე უნდა მოეგვარებინა. მან დაიწყო სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის გარკვეული შუალედური სამყაროს შექმნა – და მან შექმნა ფსიქიკური სამყარო. ამისათვის, საკუთრივ, მან შექმნა დემიურგი, ანუ შემოქმედი. ამ შემოქმედმა მაშინ არაფერი იცოდა სულიერი სამყაროს შესახებ, იგი არსაიდან გაჩნდა და დარწმუნებული იყო, რომ ყოველთვის არსებობდა. მან მიმოიხედა გარშემო და თქვა: "მე ვარ ღმერთი, და არ არსებობს სხვა ღმერთი ჩემს გარდა".
 
ამის შემდეგ იწყება ისტორია, რომელიც ჩვენთვის დაბადების წიგნიდან არის ცნობილი – ეს არის თხრობა მიწის, ცის, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ა.შ. შექმნის შესახებ. საბოლოოდ, იქმნება ადამიანი და ისიც სოფიას ეშმაკური გეგმის მიხედვით იქმნება. სოფიამ თავი აარიდა იმას, რომ დემიურგს ეცნო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩაუნერგა მას თავში გეგმა, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ქვეყანა. ადამიანი უნდა იყოს ყველაზე სრულყოფილი ქმნილება, უფრო სრულყოფილი ვიდრე ანგელოზები, მთავარანგელოზები და თვით დემიურგიც კი არიან. ადამიანი იქმნება როგორც გარკვეული ინკუბატორი, რომელშიც ეს მარცვალი ვითარდება, ნაყოფს იძლევა და საბოლოოდ აღწევს იმ მდგომარეობას, როდესაც მას შეუძლია გაიაროს ყველა დაბრკოლება და მიაღწიოს ადგილს, სადაც სოფია იმყოფება. ახლა ვნახოთ, რას წარმოადგენენ ეს დაბრკოლებები და რაში მდგომარეობს საიდუმლო ცოდნა.
 
 
აი, თქვენს წინაშეა გნოსტიკური ბეჭდები, ხოლო ასეა მოწყობილი ჩვენი ქვეყნიერება.


 
 
ცენტრში ყველაზე ბნელი სივრცეა – ეს არის აიდი, ლევიათანი, ყველაზე უარესი ადგილი – ჯოჯოხეთი. პირდაპირ მის ზემოთ – დედამიწაა, ანუ ცხადია, რომ დედამიწაც, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სასიამოვნო ადგილია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ანტიკურ შეხედულებას, რომ ჩვენი კოსმოსი ყველაზე უკეთესია შესაძლოთაგან. ამის შემდეგ მოდის შვიდი პლანეტარული სფერო: მერკური, ვენერა, მთვარე, მზე, მარსი, იუპიტერი, სატურნი. ოდნავ განსხვავებული რიგითობით, მაგრამ ეს ახლა მნიშვნელოვანი არ არის. თითოეულ ამ სფეროზე თავისი დემონი ზის. როგორც კი ადამიანის სული დატოვებს სხეულს და ამაღლდება, ეს დემონები იჭერენ მას და უკან დედამიწაზე აბრუნებენ. მიიღება ასეთი მეტემფსიქოზი – ადამიანთა სულები მუდმივად ბრუნდებიან დედამიწაზე და ვერ გამოდიან ხელახალ შობათა მწკრივიდან.
 
იმისთვის, რათა თავი დავაღწიოთ ამ ქვეყნიერებას, სწორედ ის ცოდნაა საჭირო, რომელიც იესუმ მოიტანა და თავის საყვარელ მოწაფეს გადასცა, მან კი უკვე ასწავლა მოძღვარს. რა არის ეს? ეს არის ერთგვარი ცის მეგზური. "როდესაც მოკვდებით და თქვენი სული გამოვა სხეულიდან, წინ გამოჩნდება პირველი ცის პირველი ანგელოზი. მისი სახელია…" შემდეგ რაიმე ეგზოტიკური, როგორიცაა ბელი, საელი, ორიელი. "მისი რიცხვია 3665. ეს არის მისი ბეჭედია. წარმოთქვი მისი სახელი ერთხელ, წარმოთქვი მისი რიცხვი ერთხელ, შემოიზღუდე თავი მისი ბეჭდით ერთხელ, და მაშინ პირველი ცის პირველი ანგელოზი უკან დასავლეთისკენ წავა, შენ კი წინ წაიწევი. და წარდგება შენს წინაშე პირველი ცის მეორე ანგელოზი". და ასე შემდეგ.
 
აუცილებელი იყო ყველა ამ სახელისა და ბეჭდის დამახსოვრება. როგორც კი ადამიანი რომელიმე ამ ელემენტში შეცდომას დაუშვებდა, მაშინ დემონი ან ანგელოზი, რომელიც ამ ცაზე ზის, ხვდებოდა, რომ მის წინაშე არის არა მისი უფალი, არამედ ვიღაც მატყუარა, იჭერდა მას და უკან დედამიწაზე აგზავნიდა. ამის შემდეგ ადამიანი შეიძლება გადასულიყო ბაყაყში, შემდეგ ძაღლში, შემდეგ სპილოში, შემდეგ გველში, შემდეგ ისევ ძაღლში, შემდეგ ისევ ადამიანში. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ცოდნა არ შენარჩუნდება, იგი ნულდება (უქმდება). გამოდის, რომ საჭიროა ამ ყველაფრის კარგად შესწავლა, რადგან სხვაგვარად ვეღარასოდეს გაიგებთ ვერაფერს და ვერ ცხონდებით. თუ ზემოთ გაივლით, მაშინ სოფიასთან აღმოჩნდებით. ის აგროვებს უზენაესი სამყაროს მარცვლებს, და როდესაც ყველა მარცვალი შეგროვდება, მას ზემოთ მიიღებენ. ამგვარად, ადამიანის ცხოვრების მიზანი, თუ იგი პნევმატიკია, არის ამ მონაცემთა შეგროვებაა.
 
რა შუაშია აქ მარიამ მაგდალინელი, რატომ ენიჭება მას ასეთი მნიშვნელობა და რატომ ჰყვებიან ეს ტექსტები მშვიდად იმაზე, რომ ის იესუსთან ერთად ცხოვრობდა, იყო მისი მეგობარი ქალი და მისგან შვილებიც კი ჰყავდა? კავშირი ყველაზე პირდაპირია. აქ მნიშვნელოვანია ის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადამიანი თავისი ბუნების ძალით ცხონდება. ანუ თქვენს საქციელს დედამიწაზე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თუ თქვენ ფლობთ ამ მარცვალს, თუ თქვენ ეკუთვნით კაცობრიობის ელიტას, მაშინ აბსოლუტურად უმნიშვნელოა, როგორ იქცევით.
 
გნოსტიკოსებს ძალიან უყვარდათ ქრისტეს სიტყვები იმის შესახებ, რომ ოქრო, ტალახში ჩაგდებული, არ ფუჭდება, არ ბილწდება, ამიტომ მათ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ. მათ შეუძლიათ იქორწინონ, შეუძლიათ გარყვნილებით იცხოვრონ, შეუძლიათ ძარცვა, ქურდობა, კვლა – მათი ცხონებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ იესუც და მისი მოწაფეებიც ხშირად არიან წარმოჩენილნი ძალიან უცნაურ სიტუაციებში, რომლებიც საკმაოდ შორს არის კანონიკური შეხედულებებისგან.
 
არსებობდნენ გნოსტიკური სექტები, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ადამიანი ვერ ცხონდება, სანამ ყველა ცოდვას არ გაივლის. ანუ რაც უფრო ღრმად იძირები წუმპეში, მით უფრო ახლოს ხარ ხსნასთან. და როდესაც ამგვარი თხზულებებიდან რომელიმე მომენტი ამოგლეჯილია კონტექსტიდან და გადატანილია თხრობაში, რომელიც, ასე ვთქვათ, არ გამოდის ისტორიულობის პრეტენზიით, მაგრამ ამბობს, რომ "იქნებ ასე მოხდა? ან იქნებ, ასეც შეიძლებოდა ყოფილიყო?", მაშინ გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ ვარაუდებს მოსდევს დამატებითი საკითხების გრძელი მდინარება.
 
ეს გნოსტიკური სწავლებები II საუკუნეში არ ჩარჩენილან, ისინი უაღრესად მდგრადნი აღმოჩნდნენ. საქმე ისაა, რომ ყოველთვის, ყველა რელიგიურ სისტემაში, ყველა კულტურაში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ იდგნენ სხვებზე მაღლა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიისწრაფვიან, ასე ვთქვათ, რელიგიური სიკეთეების პრემიალური მოხმარებისა და რელიგიურ სისტემაში საკუთარი ადგილის პრემიალური გაგებისკენ. გნოსტიკოსებიც სწორედ ამგვარ ადამიანებზე არიან ორიენტირებულნი.
 
ეკლესიის მამები, რომლებიც გნოსტიკოსებს ებრძოდნენ, ხშირად იმაშიც ბრალს სდებდნენ გნოსტიკოსებს, რომ ისინი მიმართავდნენ რომის იმპერიის ყველაზე მდიდარ და ყველაზე კეთილშობილ ადამიანებს. მიუთითებდნენ იმაზე, რომ მათ განსაკუთრებულად ეხალისებათ საქმის დაჭერა ქალებთან, რომლებიც ოქროთი და ძოწეულით იყვნენ შემოსილნი. და აი, ეს ელიტარიზმი შენარჩუნებულია.
 
აგებულია გარკვეული მემკვიდრეობა: გნოსტიკოსები – კათარები – როზენკრეიცერები, იგივე ტამპლიერები, მასონები. იქვეა ბლავატსკაია და მისი თეოსოფოსები, რომლებიც არა თუ არ უკადრისობდნენ გნოსტიკურ იდეებს, არამედ პირდაპირ იღებდნენ მათ და ისეთ გნოსტიკოსებს, როგორებიც იყვნენ: ვალენტინე, ვასილიდე და მარკიონი დიდ მოძღვრებად, აცხადებდნენ, რომელთაც ჭეშმარიტება გაეხსნათ, და ამგვარად საკუთარ სისტემებს ქმნიდნენ. ეს სისტემები, ლოგიკის თვალსაზრისით, სრულიად გამოუსადეგარია. მათი გულდასმით განხილვისას ირკვევა, რომ მათი ნაწილები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ისინი ამოგლეჯილია მრავალი სხვადასხვა წყაროებიდან. თუ ავიღებთ ქრისტიან გნოსტიკოსებს, ვნახავთ, რომ მათ თხზულებებშია: ეგვიპტური რელიგია, ანტიკური ფილოსოფია, ზოროასტრიზმი, იუდაიზმი, ქრისტიანობა, ბუნებრივია, ცოტაოდენი ჰერმეტიზმი – პარალელური მიმდინარეობა, რომელიც გნოსტიციზმის მსგავსია, მაგრამ მაინც პრინციპულად განსხვავებულია. და ეს სქემები, ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან წარმოშობდნენ იმ ჟანრებისა და თხზულებების გიგანტური რაოდენობის ლიტერატურას, რომელიც კანონში არ შევიდა.
 
ხშირად ამბობენ, რომ წმიდა მამები თითქოსდა მალავენ ჭეშმარიტებას, ხოლო სინამდვილეში ყველაფერი ისე იყო, როგორც ამას გვიამბობს, ვთქვათ, "მარიამის სახარება" და არა კანონიკური სახარებები. რომ წმიდა მამები სპეციალურად შეიკრიბნენ თავიანთ რომელიღაც შეკრებაზე (აქ რატომღაც ძალიან ხშირად ფიგურირებს 325 წლის ნიკეის კრება, რომელსაც რჯულთან არავითარი კავშირი არა აქვს), და ამის შემდეგ დაიწყეს აპოკრიფების განადგურება, რომელთა ნაწილმა დღემდე მხოლოდ სასწაულებრივად მოაღწია. რა შეიძლება ამაზე ითქვას? უნდა ითქვას ის, რომ კანონი თავისთავად არ ჩნდება. ის არ ჩნდება რომელიმე ჯგუფის გადაწყვეტილების შედეგად. საქმე ისაა, რომ კანონიკური სახარებები – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანესი – კანონიკური გახდა სწორედ იმიტომ, რომ ისინი პატივსაცემი იყვნენ მსოფლიოს ყველა ნაწილში და ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. მათ გარდა იყო სხვა თხზულებებიც, რომლებიც კანონში შესვლის პრეტენზიას აცხადებდნენ, მაგრამ ისინი ბევრად უფრო ახლოს იყვნენ მასთან, ვიდრე ეს ბრწყინვალე გნოსტიკური ტრაქტატები.
 
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ვიმედოვნებ, რომ ქრისტიანობის ისტორიის, გნოსტიციზმის ისტორიის და, ალბათ, რომის იმპერიის ზოგადი რელიგიური ისტორიის ხელმისაწვდომი წიგნების გამოჩენით, მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდება. ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი თანამედროვეები, როგორც წესი, ფლობენ… არ ვიტყვით ველურსო, მაგრამ მცირე, ასე ვთქვათ, წარმოდგენებს მაინც ფლობენ ამ საკითხებზე. და როდესაც ჩნდება ვინმე ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ: "აი, მე გიამბობთ ყველაფერს, როგორც სინამდვილეში იყო! ნუთუ დაუჯერებთ კანონიკურ ტექსტებს, რომლებსაც გიყვებიან მღვდლები, მერსედესებით რომ დადიან?", – აქ ყველაფერი ერთ გროვად იყრება. იყრება ინსტიტუტის კრიტიკა, იყრება საიდუმლო ცოდნა, იყრება "მე ყველაფერი ვიცი, როგორც სინამდვილეშია, და მე სწორედ შენ აგირჩიე", და ამის წინააღმდეგ, მე მგონია, გარკვეული შხამსაწინააღმდეგო წამალია საჭირო.

დასასრულ, რამოდენიმე ილუსტრაცია:



აი, ასე გამოიყურება, მაგალითად, დემიურგი ზოგიერთ გნოსტიკურ სისტემაში.


ეს არის ღმერთი აბრაქსასი ან აბრასაქსი, ის განასახიერებს ფსიქიკური და მატერიალური სამყაროების მთელ სისავსეს, და მისი უცნაური ფორმა – ადამიანის სხეული მამლის თავითა და გველების ფეხებით – გვიჩვენებს, რომ აკონტროლებს მთელ ამ სამყაროს.
 
აი, კიდევ ერთი აბრაქსასი. აქ შერეულია მაგიაც – ეს იმის სათქმელად, თუ რა ყოვლისმჭამელები იყვნენ გნოსტიკოსები; ზემოთ საკმაოდ ნათლად იკითხება მთავარანგელოზთა სახელები (მიქაელ, რაფაელ, გაბრიელ, ურიელ) (აქ მოცემულია სტანდარტული მაგიური შელოცვა). ქვემოთ მოთავსებული ჯოხები არც ჯოხებია, არამედ ბერძნული ასო იოტა. ბერძნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ანბანის ხმოვან ასოებს.

 

აი, კიდევ ერთი ნიმუში ე.წ. გნოსტიკური გემა, ასევე ერთ-ერთი არქონტი, ამ ქვეყნიერების მმართველი, რომლებიც სხედან ზეციურ სფეროებზე, ფუთავენ მიცვალებულთა სულებს და გვმართავენ ჩვენ.
 
 
აი, ეს, ალბათ, ყველაფერი, რისი მოყოლაც მსურდა ამ სიუჟეტის შესახებ.
 
 
წყარო: https://antropogenez.ru/review/1012/
Назад к содержимому