Перейти к контенту

გნოსტიციზმი - II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე - I - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
უსჯულოება > გნოსტიციზმი
პროფ. მ. ე. პოსნოვი
 
II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე
გნოსტიკოსები
 
 
თავი პირველი


შესავალი
 
უმთავრესი ფილოსოფიურ-ეთიკური და რელიგიური დინებები ქრისტეს შობის საუკუნეში
 
(ზოგადი მიმოხილვა) (1).


01. ქრისტეს შობამდე უკანასკნელი ხუთი–ექვსი საუკუნის განმავლობაში ანტიკური კულტურის მატარებელი ბერძენი ერია. ამ ერში ძველი ქვეყნიერების განვითარება თავის მწვერვალს აღწევს. მის ისტორიასთან არის დაკავშირებული ანტიკური მემკვიდრეობის საბოლოო ბედი.
 
ბერძნულმა სულმა, რომელმაც თავის ზენიტს ძვ. წ. V–IV საუკუნეების ფილოსოფიაში მიაღწია და თავისი აყვავება განიცადა, ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცემასთან ერთად, სწრაფად აიღო გეზი დასასრულისკენ. დიდ მაკედონელ დამპყრობელთან ერთად ბერძნული კულტურა აღმოსავლეთსაც გადასწვდა; მაგრამ აქ, ძველი ცივილიზაციის ნაშთებთან ბრძოლაში, თავის სფეროში ძლიერის, ალექსანდრეს (ფილიპეს ძის) ფოლადის ხმალთან შედარებით, მისი ძალები სუსტი აღმოჩნდ.
 
აღმოსავლეთმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაჩაჩანაკებული იყო, მაინც საკმარისი ძალები მოიკრიბა იმისთვის, რათა ბერძნულ სულს არ დამორჩილებოდა, ხოლო ურთიერთგავლენის პირობებში, მასთან ერთად ელინიზმში გაერთიანდა. აღმოსავლეთიდან ელინიზმი დასავლეთისაკენ დაიძრა, საბერძნეთის გავლით რომისკენ, და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მთელი ძველი ქვეყნიერების პოლიტიკურ დამპყრობელზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა.
 
ელინიზმ, რომელმაც ანტიკური უნივერსალური მსოფლმხედველობა შექმნა, ძველი ქვეყნიერების უკანასკნელი მსოფლიო მონარქიის მტკიცე ცემენტი გახდა მანამ, სანამ თავისი ადგილი არ დაუთმო ქრისტიანობას, თუმც არც თუ უბრძოლველად რომელსაც, ფორმალური განვითარების საქმეში თავისი შემწეობაც აღმოუჩინა.
 
ბერძენი ერის ისტორია, ჩვენთვის საინტერესო მხრიდან, შეიძლება წარმოდგენილი იქნას იმავე ზოგადი მონახაზებით. ისტორიის დასაწყისი დიდებული ოლიმპიური რელიგიის შექმნით აღინიშნება (ძვ. წ. VII ს.). შემდგომი საუკუნეები (ძვ. წ. VI–IV) ხასიათდება იმ უმაღლესი ფილოსოფიის დაბადებითა და განვითარებით, რომელიც მხოლოდ ძველმა ქვეყნიერებამ იცოდა. ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული მოწმობს ცხოვრების ყოველმხრივ დაკნინებას. III საუკუნიდან მოყოლებული პერიოდი ელინისტურის სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დროს გამოდის სამი ფილოსოფიური სკოლა – სტოიკური, ეპიკურეული და სკეპტიკური, – რომლებიც ჩვენი გამოკვლევის საგანს წარმოადგენენ, მკვეთრად გამოხატული ეთიკური მიმართულებით.
 
I საუკუნეში ისინი ადგილს უთმობენ ნეოპითაგორიზმისა და პლატონიზმის ეკლექტიკურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემებს, – აგრეთვე რელიგიურ სინკრეტიზმს.
 
ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული, როგორც უკვე აღინიშნა, საბედისწერო აღმოჩნდა ბერძნული გენიის შემდგომი განვითარებისთვის. ამ დროს ბერძენმა ერმა დაკარგა თავისი დამოუკიდებლობა. ხოლო პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების მოკლებისთანავე, დიდი ხნით, უფრო სწორად, სამუდამოდ შეკვეცა ფრთები ბერძნულ გენიას. მისი შემოქმედებითი ნაკადი დაიშრიტა. თუმცა იმდენი სულიერი საუნჯე იყო დაგროვილი, რომ საბერძნეთის ძლევამოსილი დამპყრობლებიც კი პატივს მიაგებდნენ ბერძნულ კულტურას და მისი მხურვალე ადეპტები ხდებოდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა, ერთ-ერთი გენიალური ბერძენი მოაზროვნის მოწაფემ, თავისი ცხოვრების მისიად მის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ბერძნული განათლების დანერგვა მიიჩნია.
 
წინა აზიის დაპყრობის შემდეგ, მისი პირველი საქმე აღმოსავლეთის პროვინციებსა და ქალაქებში ბერძნული კულტურის დამკვიდრება იყო. ნაადრევმა სიკვდილმა ხელი შეუშალა ამ დიდებული ადამიანის მიერ განზრახული ვრცელი გეგმების განხორციელებას. თუმცა მის სუსტ მემკვიდრეებს, მრავალრიცხოვან დიადოქოსებს, თუ ბოლომდე არ გაუზიარებიათ მისი ზრახვები, ნებისმიერ შემთხვევაში, არც აშკარა წინააღმდეგობა გაუწევიათ მათთვის. ბერძნული კულტურის გავრცელების საქმე აღმოსავლეთში მის ბუნებრივ მსვლელობაზე იყო მინდობილი, და მას, სულ ცოტა, თვალსაჩინო გარეგნული წარმატება ჰქონდა.
 
02. ბერძნული კულტურული ელემენტების აღმოსავლურთან შერევით ჩამოყალიბდა ახალი კულტურული დინება, რომელიც დროიზენის დროიდან მოყოლებული ელინიზმის სახელით არის ცნობილი. ელინიზმი არის ჩამავალი ანტიკური სამყაროს ძალიან რთული მოვლენა რაც, სამწუხაროდ, სპეციალური კვლევის საგანი დღემდე არ ყოფილა. ის თავს იჩენს როგორც პოლიტიკისა და სამართლის, რელიგიისა და მეცნიერების, ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კერძო ყოფიერების სფეროებში. – ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხოლოდ ფილოსოფიური, ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრების ძირითადი მოვლენები.
 
ჩვენ მიერ შემოსაზღვრულ წრეში ბერძნული კულტურის გავლენა აღმოსავლეთზე საკმაოდ ზედაპირული იყო და მხოლოდ ცხოვრების ფორმალურ მხარეს ეხებოდა. აღმოსავლეთს უკვე განვლილი ჰქონდა თავისი ხანა და მასში ახალი სუნთქვის ჩაბერვა ბუნებრივი ადამიანური ძალებით ადვილი არ იყო (თუმცა აღმოსავლეთი გარკვეულწილად რეაგირებდა კიდეც ახალ ზეგავლენებზე, და იქ დაიწყო რელიგიური მღელვარება, როგორც ეს ნაწილობრივ ჩანს ქრისტიანული ერესების ისტორიიდან). აღმოსავლეთის მიმღებლობის ნაკლებობა თავის ახსნას ბერძნული კულტურის ხასიათშიც პოულობს. აღმოსავლეთში შეაღწია არა სუფთა, ახალგაზრდა, შემოქმედებითმა ბერძნულმა სულმა, არამედ უკვე ჩამქრალმა. და რისი შეთავაზება შეეძლო მას აღმოსავლეთისთვის? აბსტრაქტული თეორიული ფილოსოფია არასოდეს ყოფილა აღმოსავლეთის სფერო. მისი აზროვნება ყოველთვის მიისწრაფოდა რელიგიისაკენ და მიმართული იყო იმ სფეროსკენ, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მჭიდროდ იყო მასთან დაკავშირებული – ვარსკვლავური ცისკენ – და გამოიმუშავა კიდევაც თეოსოფია და ასტროლოგია.
 
რაც შეეხება თვით ბერძნულ რელიგიას, ამ დროისთვის მხატვრულ-მითოლოგიურმა რელიგიამ უკვე თვით საბერძნეთშიც დაკარგა ნდობა, ხოლო მისტიციზმი პითაგორეიზმთან ერთად უფრო აღმოსავლეთს განეკუთვნებოდა, ვიდრე საბერძნეთს. ყოველივე ამის გამო, მოსალოდნელი იყო არანაკლები საპირისპირო ზეგავლენა აღმოსავლეთიდან ბერძნულ კულტურაზე. ასეც მოხდა. პირველ რიგში, აღმოსავლეთთან შეხებისას გაძლიერდა უბრალო ბერძენი ხალხის უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რადგან მათ აქ ნათესაური ნიადაგი და მრავალი საერთო ელემენტი შეხვდათ. ამ რწმენა-წარმოდგენებმა სულ უფრო მეტად დაიწყეს გავრცელება, ვინაიდან დამონებულ საბერძნეთში არისტოკრატიის, უმაღლესი ფენების რიგები სწრაფად მცირდებოდა, ხოლო ქვედა ფენები სულ უფრო მეტად გათავისუფლებულებით, მონებითა და ჯარისკაცებით ივსებოდა.
 
აღმოსავლეთის გავლენა შეეხო ბერძნულ ფილოსოფიასაც და მას რელიგიურ-მისტიკური ხასიათი მისცა, როგორც ამას განსაკუთრებით ნეოპითაგორეიზმსა და პლატონიზმში ვხედავთ. ბერძნული და აღმოსავლური კულტურები, ურთიერთზეგავლენის მოხდენით, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ერთგვარად ურთიერთზღუდავდნენ და ავიწროებდნენ ერთმანეთს, სრულიად გაიფურჩქნენ, როცა ისინი რომის იმპერიაში, დასავლურ ნიადაგზე, ელინიზმში გაერთიანდნენ. აქ გულუხვი მიღება ჰპოვა როგორც ელინისტურმა ფილოსოფიამ, ისე აღმოსავლურმა რელიგიებმაც.
 
არ არის შესაძლებელი, ელინისტური პერიოდის ბერძნული რწმენა-წარმოდგენებს ცალკე, დამოუკიდებლად მივყვეთ. ეს ის დრო იყო, როდესაც რელიგიასა და ფილოსოფიას შორის არსებული უფსკრული თანდათან ვიწროვდებოდა: ფილოსოფია თანდათან კარგავდა თავის თეორიულ ხასიათს და ეთიკის მეშვეობით უახლოვდებოდა რელიგიას, რომელიც საბოლოოდ უმაღლესი ცოდნის წყაროდაც კი გამოცხადდა. ამიტომ განვიხილავთ ელინისტური პერიოდის მთავარ ფილოსოფიურ დინებებს, და მაშინ უკვე ნათელი იქნება არა მხოლოდ ის, თუ რა ფილოსოფიური შეხედულებებით ცხოვრობდა ჩამქრალი ანტიკური სამყარო, არამედ ისიც, თუ რა რელიგიური რწმენით საზრდოობდა მისი სული და როგორი ზნეობრივ-პრაქტიკული იდეალების განხორციელებისაკენ ისწრაფოდა.
 
03. მას შემდეგ, რაც პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში თითქოსდა თავის უკიდურეს სრულყოფილებას მიაღწია და თავისი ძალები ამოწურა, ბერძნულმა გენიამ სწრაფად დაიწყო დახრა თავისი აღსასრულისკენ. თეორიული მსჯელობით დაღლილი ბერძნული აზროვნება განუხრელად მიისწრაფის მთლიანი ფილოსოფიური მსოფლმხედველობისკენ, ანალიზისა და კვლევის ნაცვლად მიმართავს სისტემასა და დოგმას. ასეთი მსოფლმხედველობა დროისა და განახლებული კულტურის მოთხოვნილებად იქცევა. ბერძნულმა მითოლოგიურმა რელიგიამ დაკარგა თავისი ძალა, და ფართო განათლებულ წრეებში მისი ადგილი ფილოსოფიამ დაიკავა, რომელმაც, შესაბამისად, ცოდნის გარკვეული სისტემა უნდა მიეცა რელიგიური ელფერით. პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება შეწყდა, და ბერძენი ერი ყოველდღიურ კერძო ცხოვრებაში ჩაეფლო; პიროვნების ჰორიზონტი შევიწროვდა, და ის მცირე, საოჯახო წრით შეიზღუდა.
 
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესები ცხოვრებიდან ამოღებულ იქნა, საჭირო გახდა საკუთარი თავისკენ, თავისი შინაგანი ცხოვრებისკენ მიქცევა, რის გამოც პირადი ყოფის გონივრული მოწყობა ყოფიერების მთავარ ამოცანად იქცა. ბუნებრივია, ამ ცხოვრების პირობებში, წინა პლანზე უნდა წამოწეულიყო ცხოვრებისეულ-პრაქტიკული ინტერესები. ამასთანავე, თეორიული საკითხების გადაწყვეტით დაღლილმა ფილოსოფიურმა აზროვნებამაც, როგორც აღინიშნა, ეთიკურ პრობლემებს მიჰყო ხელი (2).
 
ზუსტად, ამ ცხოვრების მიმართულებას შეესაბამებოდა სამი ახალი ფილოსოფიური სკოლა, რომლებიც ძვ. წ. III საუკუნიდან გამოჩნდნენ – სტოიკური, ეპიკურეული და სკეპტიკური (პერიპათეტიკური სკოლა, როგორც ჩანს, თავისი გავლენით ცხოვრებაზე საგრძნობლად ჩამორჩება დასახელებულ სკოლებს). ისინი, თავისთავად, მეტაფიზიკური საკითხებით დამოუკიდებლად არ დაკავებულან, არამედ ამ მხრივ წინარე ფილოსოფიურ სისტემებს მიჰყვებოდნენ, მთავარ ყურადღებას ეთიკურ საკითხებზე ამახვილებდნენ და ადამიანური ბედნიერების პრობლემას წყვეტდნენ.
 
თანაც, თვით ფილოსოფიაც აღიარებულ იქნა ბედნიერების მიღწევის საშუალებად. სტოიკოსთა აპათია, ეპიკურეელთა თვითკმაყოფილება და სკეპტიკოსთა ატარაქსია სწორედ პირადი ცხოვრების ნეტარების შექმნას ისახავდნენ მიზნად. აღმოსავლეთის გავლენა ახლახან ნახსენები ფილოსოფიური სკოლების განვითარებაზე ეჭვს არ იწვევს. განსახილველი პერიოდის ფილოსოფოსთა უმრავლესობა, განსაკუთრებით სტოიკოსებიდან, აღმოსავლური წარმოშობის ადამიანები იყვნენ – მცირე აზიიდან, სირიიდან და აღმოსავლეთის არქიპელაგის კუნძულებიდან. დასახელებული ფილოსოფიური სკოლები კოსმოპოლიტური მიმართულებით გამოირჩეოდნენ; მათში ეთიკა განცალკევდა პოლიტიკისგან და უნივერსალური ხასიათი მიიღო. და ეს სავსებით გასაგებია ახლადშექმნილი მსოფლიო მონარქიის ცხოვრებიდან გამომდინარე, რომელიც შლიდა დამოუკიდებელ, ერთმანეთისაგან თავისუფალ სახელმწიფოთა საზღვრებს და მოქალაქეს კოსმოპოლიტად აქცევდა.
 
_______________________
   
1. წინამდებარე ნარკვევის შედგენისას ვისარგებლეთ შემდეგი სახელმძღვანელოებით: Dr. Ed. Zeller. Die Philosophie der Griechen in ihrer geschichtlichen Entwicklung. Dritter Teil. 1–2 Abteilung. 3 Auflage. Leipzig. 1880.– Dr. O. Gruppe. Griechische Mythologie und Religionsgeschichte. 1–2 Band. München. 1906. (S. Handbuch der Klassischen Altertums-Wissenschaft... herausgegeb: von Dr. Ivan von Müller, V Band. 2 Abt.).– Hans von Arnim. Die Evropäische Philosophie des Altertums. (S. Die Kultur der Gegenwart herausgegeb. von P. Hinneberg. Allgemeine Geschichte der Philosophie. Berlin und Leipzig. 1909). Есть русский перевод.– Franz Gumont. Die orientalischen Religionen im Römischen Heidentum. 1910. Leipzig und Berlin и некот. друг.
 
2. მართალია, ატიკური ფილოსოფიაც არ ერიდებოდა ზნეობრივ საკითხებს, როგორც ეს ჩანს სოფისტებთან, სოკრატესთან და ნაწილობრივ პლატონთან. მაგრამ იქ ამ საკითხებს სხვა ფორმულირება ჰქონდა და სისტემებში სხვა ადგილი ეკავათ, ვიდრე ელინისტური პერიოდის ფილოსოფიაში.

_______________________



სტოიციზმი
 
1. სტოიკური სკოლის დამაარსებელი იყო ზენონი, რომელიც დაიბადა ძვ. წ. IV საუკუნის შუა ხანებში და გარდაიცვალა ძვ. წ. III საუკუნის 70-იან ან 60-იან წლებში. მისი საქმის ყველაზე მნიშვნელოვან გამგრძელებლად სამართლიანად ითვლება ქრისიპე (ძვ. წ. 281–208). ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით სტოიკური სკოლა ათენის სკოლათა შორის ყველაზე გავლენიანი გახდა. ქრისიპემ ნაწილობრივ შეცვალა სტოიციზმის სისტემა, მიანიჭა მას მეტი მთლიანობა და დაიცვა იგი სკეპტიკოსთა თავდასხმებისგან. ქრისიპეს მემკვიდრემ — დიოგენე სელევკიელმა — გაავრცელა სტოიკური მოძღვრება თავისი მოწაფეების, არქიმედესა და ანტიპატრეს მეშვეობით აღმოსავლეთსა და დასავლეთში, რომსა და ბაბილონში.
 
რომაულ პერიოდში, ძვ. წ. II საუკუნის მეორე ნახევრიდან, სტოიციზმმა თავდაპირველად ეკლექტიკური მიმართულება მიიღო, მაგრამ მალე მოიშორა იგი და განვითარება ორი მიმართულებით განაგრძო — პოპულარულ-ფილოსოფიურითა და უფრო სამეცნიეროთი, რომელიც ძველ სტოიკურ მოძღვრებას უახლოვდებოდა. — ცნობები სტოიციზმის შესახებ ძირითადად რომაელი სტოიკოსების — ციცერონის, სენეკასა და სხვათა — თხზულებებიდან, აგრეთვე პლუტარქეს ნაშრომებიდან მოიპოვება. ამის გამო შეუძლებელია ზენონის თავდაპირველი მოძღვრების გარჩევა გვიანდელი დანაშრევებისგან. სტოიკური ფილოსოფიური სისტემის საერთო სახე შემდეგნაირად წარმოდგება.
 
2. ფილოსოფიის დანიშნულება, სტოიკოსთა შეხედულებით, მდგომარეობს მეცნიერულად დასაბუთებულ და გონივრულ-ზნეობრივ მოქმედებაში. კინიკოსებთან ერთად, სტოიკოსები ადამიანურ ცოდნაში მხოლოდ სათნო ქცევისა და სიკეთის მიღწევის საშუალებას ხედავდნენ, ხოლო ფილოსოფიის მთავარ დანიშნულებას მოიაზრებდნენ სათნოებისკენ, სწორი მოქმედებებისკენ ხელმძღვანელობაში, მათში ვარჯიშის გზით. ამიტომაც ისინი ფილოსოფიას მარტივად განსაზღვრავდნენ, როგორც "სათნოებაში ვარჯიშს", როგორც ἄσκησις ἀρετῆς-ს, ანუ ვარჯიშს გონივრულ მოქმედებაში. მაგრამ გონივრული მოქმედება შეუძლებელია ჭეშმარიტი, ობიექტური ცოდნის გარეშე, რადგან გონივრული ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანისა და ყოველივე არსებულის ბუნებას, ხოლო ამისთვის აუცილებელია სამყაროსა და ადამიანის კანონების შემეცნება. ამიტომ ფილოსოფია, რომელიც "სათნოებაში ვარჯიშად" განისაზღვრება, ამავე დროს არის "ღვთაებრივისა და კაცობრივის შემეცნება".
 
აქ სტოიკოსები, ცხადია, სოკრატეს მიჰყვებიან, ამტკიცებენ რა ცოდნის აუცილებლობას სათნოებისთვის და აყენებენ ამ უკანასკნელს პირველზე დამოკიდებულებაში. ფილოსოფიის აღნიშნული განსაზღვრებიდან გამომდინარეობს ორი მეცნიერების — ფიზიკისა და ეთიკის — აუცილებლობა. სტოიკური სისტემის მესამე მეცნიერება — ლოგიკა — უშუალო კავშირში არ არის პირველ ორთან, და სტოიკოსები, ადარებენ რა მას ქალაქის კედლებს, კვერცხის ნაჭუჭს, მიაწერენ მას მეთოდურ, ტექნიკურ და გნოსეოლოგიურ მნიშვნელობას. ამიტომ ლოგიკა მათ სისტემაში პირველია (თანმიმდევრობით), მაგრამ ამავე დროს უკანასკნელიც (მნიშვნელობით). სტოიკოსთა მსჯელობანი ფიზიკისა და ეთიკის შედარებით მნიშვნელობაზე სიცხადითა და გააზრებულობით არ გამოირჩევა. მაგრამ, მათი სისტემის ხასიათის შესაბამისად, როგორც იგი ქრისიპესთან ჩამოყალიბდა, აუცილებელია ეთიკა მეცნიერებათა ცენტრში ან მწვერვალზე დაისვას, რომლისკენ გზაც ლოგიკიდან ფიზიკის გავლით მიდის.
 
3. ლოგიკაში სტოიკოსები, ქრისიპეს დროიდან მოყოლებული, გულისხმობენ მეცნიერებათა მთელ ჯგუფს, რომელიც აზრებსა და წარმოდგენებს ეხება. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ლოგიკის ორ ნაწილს — რიტორიკასა და დიალექტიკას — განასხვავებდნენ, როგორც აღმნიშვნელსა და აღსანიშნავს, ფორმასა და შინაარსს; მათ მესამესაც უმატებდნენ — კრიტერიუმის, ანუ ზოგადად — შემეცნების თეორიის სწავლებას, ზოგჯერ კი მეოთხესაც — ცნებათა განსაზღვრებათა შესახებ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ნაწილი, რომელიც შემეცნებასა და კრიტერიუმს განიხილავს. სტოიკოსთა შემეცნების თეორია სენსუალისტური ხასიათისაა: სტოიკოსები ემპირიკოსები არიან. ჩვენი ყოველი წარმოდგენა (φαντασίαι), მათი შეხედულებით, საგნის (უფრო სწორად, წარმოსადგენის, φανταστὸν) სულზე ზემოქმედებით წარმოიშობა. დაბადებიდან ჩვენი სული სუფთა დაფას ჰგავს, მხოლოდ აღქმის გზით იწერება მასზე შინაარსი.
 
ამგვარად, აღქმები ჩვენი წარმოდგენების ერთადერთი და პირველწყაროა. აღქმებისგან რჩება ხსოვნა, მრავალი ერთგვაროვანი ხსოვნისგან იქმნება, ანუ ყალიბდება, გამოცდილება, ხოლო გამოცდილებიდან დასკვნების გზით გამოიტანება ცნებები. ბუნებრივად, არახელოვნურად ჩამოყალიბებულ ცნებებს ეფუძნება "საერთო ცნებები", κοιναὶ ἔννοιαι, რომლებსაც აგრეთვე προλήψεις ეწოდება, როგორც უეჭველად ჭეშმარიტ დებულებებს, რომლებსაც სამეცნიერო გამოკვლევა არ სჭირდება. ეს ცნებები უმაღლესია, და მათ განეკუთვნება სიკეთისა და ღვთაების იდეა. ცნებათა მეთოდური, ხელოვნური ჩამოყალიბების გზაზე კი წარმოიშობა მეცნიერება, როგორც მსგავს ცნებათა სისტემა.
 
რაც შეეხება წარმოდგენათა ჭეშმარიტების უკანასკნელ თავდებს, ანუ შემეცნების კრიტერიუმს, იგი სტოიკოსებთან სუბიექტური ხასიათისაა და პრაქტიკულ პოსტულატს ეფუძნება. სკეპტიკოსთა საპასუხოდ, შემეცნების სარწმუნოობის წინააღმდეგ მიმართულს, სტოიკოსებს მხოლოდ ისღა შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჭეშმარიტების შემეცნება შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი მოქმედება ვერ დაეფუძნებოდა მტკიცე დარწმუნებებსა და ფუნდამენტურ დებულებებს.
 
ამგვარად, პრაქტიკული საჭიროება ერთადერთი სიმაგრეა ეჭვთა წინააღმდეგ. "ჭეშმარიტია ის წარმოდგენა — განავრცობენ სტოიკოსები თავიანთ კრიტერიუმს, — რომელიც სინამდვილეს ისე წარმოგვიდგენს, როგორიც ის არის". ჭეშმარიტ წარმოდგენას აუცილებლად უკავშირდება ჩვენი დარწმუნება-თანხმობა (συγκατάθεσις), ის უნებლიედ იწვევს ჩვენში ერთსაც და მეორესაც. აქედან გამომდინარე, სტოიკოსთა უკანასკნელი კრიტერიუმი "გასაგებ", აღქმულ წარმოდგენაში მდგომარეობს — φαντασία καταληπτικὴ. (ფორმალური ლოგიკის, კერძოდ, კატეგორიათა სწავლება ჩვენი თვალსაზრისით ინტერესს არ წარმოადგენს).
 
4. სტოიკოსთა სისტემაში ფიზიკას, ლოგიკასთან შედარებით, შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტოიკოსთა შეხედულებები არსებობის უკანასკნელ საფუძვლებზე უხეშ-მატერიალისტური ხასიათით გამოირჩევა, რაც მათ ლოგიკაშიც და შემეცნების თეორიაშიც, შესაძლებლობას იძლევა წინასწარ იქნას განჭვრეტილი ლოგიკა შემეცნების თეორიაში.
 
სტოიკოსები, პლატონთან ერთად, რეალურს განსაზღვრავენ, როგორც იმდაგვარ რამეს, რასაც მოქმედების ან ვნების ძალა აქვს; მაგრამ ამ თვისებას ისინი მხოლოდ სხეულებში პოულობენ, და აქედან მათთვის გამომდინარეობს, რომ სხეულების გარდა არავითარი რეალობა არ შეიძლება არსებობდეს. ამ ცნებას ისინი სულსაც, სათნოებასაც და სხვა მსგავს სუბსტანციებსაც მიაკუთვნებენ, თუმცა სხეულის ცნებას სულაც არ აფართოებენ, რადგან მას სივრცით განფენილობასა და სხეულებრიობის ყოველ თვისებას მიაწერენ, ამ სიტყვის საკუთრივმნიშვნელობით. სხეულებად სტოიკოსები საგნების თვისებებსაც მიიჩნევენ. სიკეთე სხეულია, რადგან სიკეთე სათნოებაა, ხოლო სათნოება — სულის განსაზღვრული მდგომარეობა — სხეულია.
 
რაც გინდ მწვავედ წარმოაჩინონ სტოიკოსებმა მატერიალიზმ და რაც გინდ პირდაპირ მიჰყვნენ მას, ისინი მაინც შორს არიან ბუნებაზე მექანიკური შეხედულებისგან, რომელსაც ჩვენ მკაცრი მატერიალიზმის გარდაუვალ შედეგად მივიჩნევთ. სტოიკოსთა შეხედულება დინამიურია: ძალის ცნება მატერიაზე მაღლა დგას. სტოიკოსების სწავლებით მხოლოდ სხეულებრივია რეალური. ხოლო რეალურის განმასხვავებელი ნიშანი მოქმედებისა და ვნების უნარში მდგომარეობს. მაგრამ ეს უნარი მატერიას მხოლოდ იმ დაშვებით შეიძლება მიეწეროს, რომ მას გარკვეული ძალები ახასიათებს, რომლებიც მას განსაზღვრულ თვისებებს ანიჭებენ. ყოველი თვისება მათი წარმოქმნელი პნევმის განფენილობას გულისხმობს. ამგვარად, სხეულებრივის ცნების შინაარსში შემავალი ორი პრინციპი — მოქმედი და ვნებითი — ძალასა და მატერიას შეესაბამება.
 
მაგრამ იმისთვის, რათა სამყაროს, როგორც მტკიცედ ჩაკეტილი ერთიანობის, როგორც ჰარმონიული მთელის, წარმოდგენა შენარჩუნდეს, სტოიკოსები ერთ წამსაც არ უშვებენ მხედველობიდან პირველსაწყისის, უმაღლესი მოქმედი პირველმიზეზის ერთიანობას. ეს პირველმიზეზი, სტოიკოსთა ძირითადი ცნების შესაბამისად, სხეულებრივია. სითბო, ცეცხლი — აი, რა არის პირველადი ძალა, რადგან ის განაპირობებს სიცოცხლესა და მოძრაობას, კვებასა და ზრდას. ეს ძალა ამავე დროს სამყაროს სული უნდა იყოს, როგორც უმაღლესი გონება, როგორც სათნო, კაცთმოყვარე არსება, როგორც ღვთაება. "უკვე ღმერთების რწმენის საყოველთაობა, — ამბობენ სტოიკოსები, — და მათი ყველგან პატივისცემა უდავოდ ამტკიცებს უმაღლესი გონების, ანუ ღვთაების, არსებობას". ზუსტმა გამოკვლევამ შეიძლება მხოლოდ დაადასტუროს ეს, რადგან მატერია თვითონ ვერ იმოძრავებს და ვერც ჩამოყალიბდება; მხოლოდ მის გამჭოლ ძალას, რომელიც მასში ისევე აღწევს, როგორც სული აღწევს ჩვენში, შეძლო ამ ყოველივეს შექმნა. სამყარო ვერ იქნებოდა უკეთესი და უსრულყოფილესი, რომ არ ყოფილიყო მასში გონება.
 
სამყაროშემქმნელი ამ ძალის, ანუ ღვთაების ადგილსამყოფელს ზოგი ცაზე მიიჩნევდა, ზოგი — სამყაროს ცენტრში, ზოგი კი, ბოლოს და ბოლოს, ღვთაებას მზეში ხედავდა. სტოიკოსთა მსჯელობებში ღვთაების შესახებ პირველ ადგილზე ხან ნივთიერი მხარე გამოდის, ხან სულიერი. ღვთაება განისაზღვრება, როგორც ცეცხლი, როგორც ეთერი, როგორც ჰაერი, ყველაზე ხშირად კი — როგორც სუნთქვა, ანუ პნევმა, რომელიც ყოველ საგანს გამონაკლისის გარეშე აღწევს, როგორც უმაღლესი გონება და საყოველთაო კანონი.
 
ეს და სხვა გამონათქვამები ერთიანდება, ანუ თანხმდება ღვთაების ცეცხლოვან გონებად, მატერიაში არსებულ სულად, გონივრულ სუნთქვად და მსგავს სახელწოდებებში. შემდგომ, ღვთაების სულიერი და მატერიალური განსაზღვრების საპირისპირობა მოჩვენებითი აღმოჩნდება: ღვთაება, რაკი "რეალური", ნამდვილი არსებაა, აუცილებლად განსაზღვრული სხეული უნდა იყოს (რომელშიც სტოიკოსები ყოველგვარ რეალობას გულისხმობენ).
 
ღვთაებასა და პირველად მატერიას შორის არავითარი რეალური განსხვავება არ არსებობს, პირიქით — ეს ერთი და იგივე არსებაა. მოქმედ პირველმიზეზსა და ნივთიერებას, ღვთაებასა და მატერიას შორის საპირისპირობა სულაც არ არის პირველადი და საბოლოო. სტოიკოსთა მოძღვრებით, მატერიის ყოველი ცალკეული სახეობა და ფორმა ღვთაებიდან, ანუ პირველცეცხლიდან, მხოლოდ დროის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ მსოფლიო პერიოდის დასასრულს ყოველივე მათგანი კვლავ მასში ბრუნდება. აქედან ნათლად გამომდინარეობს, რომ სტოიკოსები ღმერთსა და სამყაროს შორის არავითარ არსებით განსხვავებას არ ცნობენ, და მათი სისტემა მკაცრად პანთეისტურია.
 
საყოველთაო გონება, როგორც სამყაროშემქმნელ ძალა, λόγος σπερματικός-ს ეწოდება. ეს სახელწოდება, სამყაროშექმნისა და მისი შემდგომი არსებობისას მიუთითებს გონების მიმართებაზე მსოფლიო მთელთან; შია აუცილებლობითა და კანონზომიერებით არა მხოლოდ თვით სამყაროს წარმოიშობა პირველცეცხლიდან, როგორც მცენარე თესლიდან, არამედ სამყაროს აწმყო წესრიგშიც ყოველი ჩამოყალიბება და ფორმა, ყოველი სიცოცხლე და გონება იქიდანვე მომდინარეობს. ყოველი არსება, ყოველი საგანი სამყაროში თავის გამოჩენამდე მსოფლიო გონებაში ცნებებად იაზრებოდა და ღვთაების განვითარების განსაზღვრულ მიზნებად მოისურვებოდა.
 
მსოფლიო გონების ყოველი ამ ჩანაფიქრს და იდეას, როგორც სამყაროს ერთგვარი ჩანასახებს, რომელიც დროში აუცილებლად უნდა განხორციელდეს, λόγοι σπερματικοί ეწოდება. ადამიანის შესახებ მოძღვრებაში λόγοι σπερματικοί — სულის შემოქმედებით პოტენციას ნიშნავს, როგორც სულის იმ ნაწილს (ἡγεμονικόν), რომელიც ისევე უნდა გავიაზროთ ადამიანის სულთან მიმართებაში, როგორც ზემოთ ხსენებული λόγοι σπερμ-ი — მსოფლიო სულთან, ანუ λόγος σπερμ-თან (3).
 
________________
   
3. "აპოკ". რედ. შენიშვნა: λόγος σπερματικός (ლოგოს სპერმატიკოს) სიტყვასიტყვით ნიშნავს "თესლოვან გონებას" ანუ "მთესველ სიტყვას":
 
     
  • λόγος — გონება, სიტყვა, საწყისი,      კანონზომიერება;
  •  
  • σπερματικός — თესლოვანი, მთესველი,      ნაყოფისმომცემი (σπέρμα — თესლი).
 
სტოიკურ ფილოსოფიაში ეს ტერმინი აღნიშნავს სამყაროშემქმნელ გონებას, რომელიც, როგორც თესლი შეიცავს მთელი მცენარის ძალასა და ფორმას, ისე თვითონ შეიცავს ყოველი არსებულის ჩანასახს. იგი არის ღვთაებრივი ცეცხლი — აქტიური, შემოქმედებითი საწყისი, რომელიც მატერიაში აღწევს და მას აფორმებს.
 
მრავლობითში — λόγοι σπερματικοί (ლოგოი სპერმატიკოი) — არის ამ ერთიანი გონების ცალკეული "თესლები", ანუ ყოველი კონკრეტული არსების, ფორმისა და მოვლენის წინასწარი ჩანაფიქრი მსოფლიო გონებაში.
 
ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ეს ცნება შემდგომში ათვისებულ იქნა წმიდა მამების მიერ (იუსტინე ფილოსოფოსი, კლემენტი ალექსანდრიელი), რომლებმაც იგი იოანეს სახარების ლოგოსთან (იოან. 1:1) დააკავშირეს.
 
________________
 
 
 
ადამიანის შესახებ მოძღვრებას სტოიკოსები, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ინტერესითა და სრული თანმიმდევრულობით ამუშავებენ. აქ ნათლად ვლინდება სტოიკური სისტემის მთავარი დებულებანი: მატერიალიზმი — ანთროპოლოგიაში, პანთეიზმი — ადამიანის ყოველი მოქმედების ღვთაებამდე აყვანაში და მონიზმი — სულიერი ცხოვრების გაგებაში.
 
ადამიანის სული რომ ნივთიერია — ნათლად გამომდინარეობს სტოიკოსებისთვის მათი მატერიალიზმის საერთო წანამძღვრებიდან. მაგრამ ისინი სულის მატერიალურობას განსაკუთრებული ანთროპოლოგიური დებულებებითაც ამტკიცებენ. მათი თქმით: "რაც სხეულთან ურთიერთქმედებაში იმყოფება, რაც ეხება მას და მისგან განცალკევდება — ის სხეულია. მაშასადამე, როგორ შეიძლება სული ბუნებით არასხეულებრივი იყოს?" ის, რაც სივრცის სამ მიმართულებით მოძრაობს — სხეულებრივია. მაგრამ სული სწორედ ამ სამ მიმართულებით მოძრაობს მთელ სხეულში.
 
შემდგომ ვამჩნევთ, რომ ჩვენი სხეული თავის მოძრაობას სიცოცხლის სისავსეს (ანუ ყოველი ფუნქციის გამართულ მოქმედებას) უმადლის, რომ სიცოცხლე ჩვენში სუნთქვით ნარჩუნდება, ხოლო მის გარეშე წყდება; აგრეთვე გამოცდილება გვასწავლის, რომ სულიერი ძალები ფიზიკურ საფუძველზე იზრდებიან და შემოქმედებითი ხდებიან, მაშასადამე, უნდა არსებობდეს სხეულებრივი სუბსტრატი, რომელშიც ისინი თავმოყრილი იქნებოდა. აქედან, სტოიკური მოძღვრებით, მსოფლიო სული სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლოვანი სუნთქვა; ასევე ადამიანის სულიც ცეცხლად, სუნთქვად, ან უფრო ზუსტად, თბილ სუნთქვად უნდა იაზრებოდეს, რომელიც მსგავსადვე უნდა ვრცელდებოდეს სხეულში და მას ერთიანობას, მთლიანობას ანიჭებდეს, როგორც მსოფლიო სული ვრცელდება სამყაროში და მოიცავს მას. ცალკეული სული მსოფლიო სულთან ისეთივე მიმართებაშია, როგორც ნაწილი მთელთან.
 
ადამიანის სული არა მხოლოდ, ყოველ სხვა სასიცოცხლო ძალასავით, საერთო სასიცოცხლო ძალის ნაწილი და გამოჟონვაა, არამედ იგი, თავისი გონიერების წყალობით, განსაკუთრებულ ნათესაობრივ მიმართებაში დგას ღვთაებრივ არსებასთან, რომელიც (ნათესაობა) მით უფრო ძლიერად ვლინდება, რაც უფრო მეტად ვაძლევთ ჩვენში გონივრულ ღვთაებრივ საწყისს ბატონობის საშუალებას. მაგრამ მაინც, ჩვენი სული ვერ გათავისუფლდება ყოველი არსების კანონისგან, საერთო აუცილებლობისგან, ანუ დამოკიდებულებისგან, და ეს — მოტყუებაა, თუ ჩვეულებრივი წარმოდგენა სულს თავისუფლებას, ერთგვარ პირველმიზეზობრიობას, მსოფლიო დინებისგან დამოუკიდებლობას მიაწერს. არა, სამყაროში εἱμαρμένη ბატონობს — ბედისწერა, ანუ ყოველივე სამყაროში ბუნებრივი და გარდაუვალი მიზეზთა და შედეგთა კავშირის ძალით ხდება, როგორც ამას მთელის ბუნება და კანონი მოითხოვს; და ადამიანის სული ამ კანონს არ არის გამოცლილი, არამედ საერთო მსოფლიო პროცესს განეკუთვნება. ადამიანის ნება, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მიზეზთა განუწყვეტელ ჯაჭვშია ჩაქსოვილი. მთელი განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ან არ ვიცოდეთ ის საფუძვლები, რომლებიც ჩვენს ნებას განსაზღვრავს, და მთელი ჩვენი თავისუფლება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ნება არა გარედან, არამედ შიგა მდგომარეობათა ზემოქმედებით, თავისივე ბუნების გავლით განისაზღვრება. ნებისმიერ შემთხვევაში ამ თვითგანსაზღვრას მაღალი მნიშვნელობა ენიჭება: არა მხოლოდ ჩვენი მოქმედებანი მისგან მომდინარეობს და ამიტომ გარკვეულწილად შეიძლება ჩვენსად მიეწეროს, როგორც ჩვენი, არამედ ჩვენი მსჯელობანიც, როგორც სტოიკოსებს მიაჩნდათ, ჩვენს ხელშია.
 
თუმცა, ჩვენი რწმენები და ჩვენი მოქმედებანი, რაკი ჩვენს ხელშია, ამავე დროს ჩვენი ნების ბუნებრივ-აუცილებელი ნაყოფია. — როგორც ჩვენი სული საკუთრივ ვერ განავითარებს მთელისგან დამოუკიდებელ მოქმედებას, ისე ვერ აიცილებს მთელის ბედისწერასაც. იგი აგრეთვე მსოფლიო პროცესის დასასრულს პირველმატერიაში უნდა გადაიქცეს, რაც იგივეა, — ღვთაებას დაუბრუნდეს, როგორც ყოველივე სამყაროში. სტოიკოსები მხოლოდ იმაში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ყველა სული იარსებებს თუ არა მსოფლიო პროცესის დასასრულამდე — დადებითად პასუხობდა კლეანთე — თუ მხოლოდ ბრძენთა სულები, როგორც ქრისიპე ამტკიცებდა. მაშასადამე, სტოიკოსები, რაკი სულის სიცოცხლეს სხეულის სიკვდილის შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევდნენ, გარკვეული გაგებით საიქიო ცხოვრების გაგრძელებას აღიარებდნენ. პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლებოდა ეგონათ, რომ ისინი უკვდავებას ასწავლიდნენ. ასეც მოხდა, მაგალითად, რომაელი სტოიკოსების მიმდევრებში. თავიანთი დროის ატმოსფეროს გავლენით, სულის მოჩვენებითი უკვდავების ეს იდეა განსაკუთრებით რომაელმა სტოიკოსმა სენეკამ განავითარა.
 
05. სტოიკოსთა სისტემის უმთავრეს ნაწილს ეთიკა შეადგენს. სტოიკოსები ეთიკის საერთო ნაწილში სამ მნიშვნელოვან პრობლემას წყვეტენ, კერძოდ: უმაღლესი სიკეთის, სათნოებისა და ბრძენის შესახებ. ყოველი არსების ცხოვრების საყოველთაო ძირითადი სტიმული თვითშენარჩუნება და ეგოიზმი, ანუ თვითსიყვარულია. ყოველი არსებისთვის მხოლოდ იმას აქვს ფასი (ἀξία), რაც მის ბუნებას შეესაბამება. ამიტომ უმაღლესი სიკეთე და უმაღლესი მიზანი, ანუ ნეტარება, ბუნების შესაბამის ცხოვრებაში მდგომარეობს. ბუნების შესაბამისი კი თითოეულისთვის მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რაც მსოფლიო მთელის სვლასა და კანონს, ანუ საყოველთაო მსოფლიო გონებას, ეთანხმება.
 
შეიძლება ითქვას, რომ თითოეულის სიცოცხლე იმდენად უახლოვდება თავის მიზანს — ნეტარებას, ან შორდება მას, რამდენადაც ეთანხმება ან ეწინააღმდეგება იგი საყოველთაო მსოფლიო დინების კანონსა და ადამიანის გონივრულ ბუნებას. გონივრული ცხოვრება კი სათნოებრივი ცხოვრებაა. მაგრამ რაკი გონივრული ცხოვრება ამავე დროს სიკეთეცაა და ბედნიერებაც, მაშასადამე, სტოიკოსთა შეხედულებით, სიკეთე და სათნოება თანასწორდებიან.
 
ამიტომ სტოიკოსთა ზნეობრივი პრინციპი ორ სიტყვით შეიძლება გამოითქვას: მხოლოდ სათნოებაა სიკეთე, ანუ ბედნიერება მთლიანად სათნოებაში მდგომარეობს; როგორც სათნოების გარეშე სიკეთე არ არსებობს, ისე მის შინაარსში, ასე ვთქვათ, მის შიგნით და მასში შეუძლებელია ბოროტება იყოს (4). სიკეთეს აბსოლუტური ხასიათი აქვს. სიკეთის სხვადასხვა ხარისხი არ შეიძლება არსებობდეს. მისი განსხვავება არა-სიკეთისგან არა ხარისხში, არამედ სახეობაშია. რაც თავისთავად სიკეთე არ არის — არც იქნება იგი არანაირ ვითარებაში და არანაირი ხარისხით.
 
________________
 
4. სოკრატეს გამონათქვამის შესაბამისად, სტოიკოსები სათნოებას ერთადერთ სასარგებლო საქმედ მიიჩნევდნენ; სათნოების გარდა სარგებელი არ არსებობს: მაშასადამე, სათნოება ემთხვევა სიკეთესა და სარგებელს, გონებისა და მოვალეობათა შესაბამის მოქმედებას.
 
________________
   
იგივე ძალა აქვს ბოროტებასაც. როგორც სიკეთე აბსოლუტურია, ისევე აბსოლუტურია ბოროტებაც, როგორც უვარგისობა (κακία). ყოველი სხვა საგანი, პირიქით, გულგრილია (ἀδιάφορα): ისინი არც სიკეთეს განეკუთვნებიან, არც ბოროტებას. არც ჯანმრთელობა, არც სიმდიდრე, არც პატივი, არც სიცოცხლე — არ არის სიკეთე. ზუსტად ისევე საპირისპირო მდგომარეობანი — სიღარიბე, უბედურება, ავადმყოფობა, სიკვდილი — არ არის ბოროტება; მაგრამ ისინი შეიძლება იყოს მასალა ან სიკეთისთვის, ან ბოროტებისთვის. — სათნოების უპირობო ფასს, როგორც სიკეთეს, ზიანი ადგება, თუკი რამე დაიშვება გარე ადამიანისა, როგორც სიკეთე, ან მისი ცხოვრების მიზანი. მაგალითად, ვისაც ტახტზე აჰყავს (ეპიკურესთან ერთად) სიამოვნება, ის სათნოებას მონად აქცევს. სიამოვნება ვერასოდეს იქნება ჩვენი მისწრაფებების მიზანი, რადგან სათნოებაში ჭეშმარიტი სიამოვნების განუყოფელი პირობა ძევს. ზნეობრივ ქცევას ხომ ყოველთვის თან ახლავს გარკვეული კმაყოფილება, შეუძრავი სიცხადე და სულის სიმშვიდე.
 
ამიტომ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ბრძენი განიცდის ჭეშმარიტ და ხანგრძლივ სიხარულს. მაგრამ ეს კმაყოფილი მდგომარეობა მიზანი კი არა, მხოლოდ სათნოებრივი მოქმედების შედეგია. სიამოვნება და სათნოება ბუნებითა და არსებით განსხვავდებიან: სიამოვნება შეიძლება არაზნეობრივი იყოს, ზნეობრივ საქციელს შეიძლება სიმძიმე და მწუხარება ახლდეს; სიამოვნებას უზნეონიც განიცდიან, სათნოება მხოლოდ კეთილთ ახასიათებთ; სათნოება აღმატებულია, მუდმივი და განუქარვებელი, ხოლო სიამოვნება — დაბალი, არამდგრადი და წარმავალი.
 
ისეთი რიგორისტი სტოიკოსები, როგორიც კლეანთე იყო, სიამოვნებას ადამიანის ბუნების საწინააღმდეგოდაც კი მიიჩნევდნენ. სათნოებას არავითარი გარეშე დამატება არ სჭირდება, არამედ თვითონვე შეიცავს ბედნიერების ყოველ პირობას: როგორც ბოროტების, დანაშაულის სასჯელი, ისე კეთილი საქციელის ჯილდო უშუალოდ მის შია თვისებებში ძევს, იმაში, რომ ეს ბუნების საწინააღმდეგოა, ეს კი მისი შესაბამისია; და იმდენად უპირობოა ეს სათნოების ავარკია (თვითკმარობა), რომ ბედნიერება, რომელსაც ის იძლევა, მის გარეთ ვერ გაიზრდება, მაგალითად, თვით ბედნიერების ხანგრძლივობით. კეთილი ადამიანის ბედნიერება — და ამაშია სტოიციზმის განმასხვავებელი ნიშანი — გაცილებით უფრო უარყოფითი ხასიათისაა, ვიდრე დადებითის, ანუ ის უფრო სულის სიმშვიდეში (მის უშფოთველობაში), გარეშეებისგან დამოუკიდებლობაში მდგომარეობს, ვიდრე სიამოვნებაში. "თავისუფალი იყო ღელვისგან, — ამბობს სენეკა, — ბრძენის დიდი უპირატესობაა; ეს ფილოსოფიის ნიჭია, თუ ჩვენ უშიშრად ვცხოვრობთ, თუ ჩვენ ცხოვრების ბოროტებას ვამარცხებთ". ზნეობრივი მიზნის უარყოფითი გაგება უეჭველად გამომდინარეობს როგორც სტოიკური ეთიკის საერთო ხასიათიდან, ისე მათი მოძღვრებიდან ბრძენის აპათიის შესახებ.
 
როგორც გონიერი არსება, რომელიც სიკეთისკენ ისწრაფვის, ადამიანი საყოველთაო სამყაროს წესრიგს, მსოფლიო კანონს ემორჩილება, რომელსაც იგი ითვისებს და თავისი ბუნების კანონად განიხილავს. სამართლებრივი და ზნეობრივი კანონი ამავე დროს მცნებაცაა, და ყოველ გონიერი არსებისთვის სავალდებულოა. მაგრამ ადამიანი მხოლოდ გონიერი არსება არ არის; მას გონივრულ მისწრაფებებთან ერთად არაგონივრული მისწრაფებანიც აქვს; ის სათნოა არა თვით ბუნებით, არამედ მხოლოდ აფექტებზე გამარჯვების გზით ხდება ასეთი.
 
აფექტი, ანუ ვნება, არის სულის მისწრაფება გონებისა და ბუნების საწინააღმდეგოდ, მოძრაობა, რომელიც კანონიერ ზღვარს სცილდება. ყოველი აფექტი მსჯელობის შეცდომიდან, სიკეთისა და ბოროტების შესახებ მცდარი აზრიდან წარმოიშობა. მაგალითად, სიხარბე სხვა არაფერია, თუ არა მცდარი აზრი ფულის მნიშვნელობაზე, შიში — ეს არის ცდომილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ხოლო მწუხარება — აწმყო საფრთხეს უკავშირდება. ამიტომ სათნოება უშუალოდ უარყოფითად განისაზღვრება, როგორც აფექტებისგან თავისუფლება, როგორც აპათია.
 
სათნოების დადებითი მხარე მდგომარეობს — რამდენადაც მის შინაარსს ვგულისხმობთ — ბუნების საყოველთაო კანონისადმი დამორჩილებაში და — რამდენადაც მის ფორმას ვითვალისწინებთ — კანონშესაბამის თვითგანსაზღვრაში. სათნოება გამონაკლისის გარეშე გონების საქმეა, ის სხვა არაფერია, თუ არა სწორად განწყობილი გონება. უფრო ზუსტად, სათნოება ორ ელემენტს შეიცავს: თეორიულსა და პრაქტიკულს. ყოველი გონივრული მოქმედების ფესვი და პირობა, სტოიკოსთა შეხედულებით, რომლებიც ამ საკითხში სოკრატეს დებულებასა და კინიკურ-მეგარულ მოძღვრებას უერთდებიან, — სწორი ცოდნაა; ბუნებრივი, ანუ მარტივი ვარჯიშით მოპოვებული სათნოება, ცხადია, მათ მიერ უარყოფილია; სათნოება სოკრატესებურად განისაზღვრება — ზოგადად, როგორც მეცნიერება, არა-სათნოება კი — როგორც უცოდინრობა. თუმცა სტოიკოსები ცოდნაზე, როგორც ასეთზე, არ ჩერდებიან.
 
ისინი ცოდნაში მხოლოდ გონივრული მოქმედების საშუალებას ხედავენ. თუ სათნოება შეიძლება ცოდნა ეწოდოს, ის ამავე დროს განისაზღვრება, როგორც სულის ჯანმრთელობა და სიმტკიცე. თეორიული ელემენტი მოთხოვნით შემოიფარგლება, რომ ადამიანმა არასოდეს დაივიწყოს საერთო სიკეთე და ყოველთვის მისთვის იშრომოს. მაშასადამე, სათნოება წარმოადგენს თეორიულისა და პრაქტიკულის ისეთ კავშირს, რომელშიც მოქმედება გადამწყვეტად სამეცნიერო შემეცნებას ეფუძნება და ეს უკანასკნელი ზნეობრივ საქციელსა და მოქმედებებში პოულობს თავის მიზანს. სხვა სიტყვებით, სათნოება არის (სასიცოცხლო-პრაქტიკული) ნების აქტი, რომელიც გონივრულ ცოდნას ეფუძნება.
 
ყოველი სათნოების საერთო ფესვად ზენონი განჭვრეტულობას (φρόνησις) მიიჩნევს, კლეანთე — სულის ძალას, არისტონი — ჯანმრთელობას. მოგვიანებით, ქრისიპეს დროიდან მოყოლებული, მას ცოდნაში, ანუ სიბრძნეში, როგორც სრულყოფილ ცოდნაში, ეძებდნენ, რომელშიც ღვთაებრივისა და კაცობრივის მეცნიერებას გულისხმობდნენ. ამ საერთო წყაროდან მრავალი სათნოება მომდინარეობს, რომლებიც, პლატონის მაგალითის მიხედვით, ოთხ მთავარში ერთიანდება: გონივრულობაში, სიმამაცეში, სამართლიანობასა და თვითფლობელობაში. გონივრულობა არის ცოდნა კეთილისა და ბოროტის შესახებ, და იმისა, რაც არც კეთილია, არც ბოროტი, ანუ — გულგრილის შესახებ. სიმამაცე არის ცოდნა იმისა, რაც უნდა აირჩიო და რასაც უნდა მოერიდო, და იმისა, რაც არც ასარჩევია და არც მოსარიდებელი; ან, თუ ცოდნის ნაცვლად მის შესაბამის ქცევას დავსვამთ — სიმამაცე არის უშიშარი დამორჩილება გონების კანონისადმი, ის არის მუდმივობა და მოთმინება.
 
სამართლიანობა არის ცოდნა იმისა, რომ ყოველს მიაგო ის, რასაც იმსახურებს. როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, სიკეთისა და ბოროტების სტოიკოსთა მიერ მოცემული განსაზღვრებიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანურ ინდივიდუალობათა, ანუ პიროვნებათა შორის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი განსხვავება, სათნოებათა და ბოროტებათა ურთიერთდაპირისპირებაა შესაძლებელი; მაგრამ თითოეული ამ კლასის შიგნით უკვე არავითარი (ხარისხობრივი) განსხვავება არ არსებობს. ვინც სათნოებას ფლობს, მას მხოლოდ მთლიანად, სრულად შეიძლება ფლობდეს; ვისაც იგი არ აქვს, აბსოლუტურად არ აქვს. ამიტომ სტოიკოსები ყოველ ადამიანს ორ კლასად ყოფენ: ბრძენებად და უგუნურებად. მათ შორის არაფერი საერთო: ბრძენი სრულიად თავისუფალია უგუნურებისგან, პირიქით, უგუნურს გონივრულობა სულაც არ ახასიათებს; ბრძენი მდიდარია და ბედნიერი, რადგან სულიერი სიკეთეები ყველაფერზე ძვირფასია; მხოლოდ ბრძენს შეუძლია დამორჩილება, მაგრამ მხოლოდ მასვე ძალუძს ბატონობაც; მხოლოდ ბრძენია მადლიერების, სიყვარულისა და მეგობრობის უნარიანი, — არაბრძენი, პირიქით, გადაჭრით უგუნური და უბედურია, და არსებითად არანორმალური, შეშლილი ადამიანია. ბრძენის ამ გამოსახულებაში სტოიციზმის ზნეობრივი იდეალიზმი თავის მწვერვალს აღწევს.
 
კეთილი ნება იმდენად განცალკევებულია ცხოვრების გარეგანი გრძნობადი პირობებისგან, იმდენად თავისუფლდება ბუნებრივი ცხოვრების ყოველი საზღვრისგან, ინდივიდი იმდენად პირდაპირი ორგანოა საყოველთაო კანონისა, რომ უნებლიედ ჩნდება კითხვა — შეუძლია თუ არა სტოიკოსთა იდეალურ ბრძენს ცოცხალ ადამიანებს შორის ყველაზე ცოცხალი ადამიანი იყოს? ასეთ ბრძენებს, თავიანთი თავისა და მათი ნათესავი ფილოსოფოსების გარდა, სტოიკოსები ძალიან ცოტას პოულობდნენ. სტოიკური საზომით, თითქმის მთელი კაცობრიობა არაბრძენთა კლასს უნდა მიეკუთვნოს; და თუ შემდგომ ყოველი არაბრძენი — გადაჭრით ბოროტია: მაშინ კაცობრიობაში მხოლოდ სიბინძურისა და მანკიერების ზღვა უნდა ვიხილოთ, და მხოლოდ მცირედ მცურავნი (ბრძენნი) ამოყვინთავენ აქ თუ იქ. ადამიანი თავის ცხოვრებას, როგორც კლეანთე უკვე ჩიოდა, მანკიერებებში ატარებს; მცირედნი ძლივსღა თუ აღწევენ სათნოებას ცხოვრების დასასრულს. ჩვენი წინაპრები ზნეობის დაცემაზე ჩიოდნენ, ჩვენც ვჩივით ამაზე, და ჩვენი შთამომავალნიც მავეზე იჩივლებენ. იცვლება ბოროტების ფორმები, მისი ძალა კი ყოველთვის რჩება. ყველა მანკიერია, და ვისაც არანაირი ბოროტება არ ჩაუდენია, ის მაინც შეძლებდა ამის ჩადენას.
 
კაცობრიობის ზნეობრივი მდგომარეობის ასეთი პირქუში შეფასება სრულიად გასაგებია. ფილოსოფია, რომელიც გაბატონებული ცნებებით ასე მწვავედ უპირისპირებდა თავის ზნეობრივ იდეალს, ერთი მხრივ, არსებული მდგომარეობის გადამწყვეტი დაგმობიდან უნდა გამოსულიყო, ხოლო მეორე მხრივ, მხოლოდ ასეთ დაგმობამდე უნდა მისულიყო.
 
პრაქტიკული, ანუ გამოყენებითი ზნეობის საკითხებიდან უპირველეს ყოვლისა ის ამოცანებია განსახილველი, რომლებიც ცალკეული ინდივიდის, როგორც ასეთის, ზნეობრივ მოქმედებას ეხება, და განვასხვავოთ ისინი მოვალეობათაგან, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ცხოვრებას განეკუთვნება, ხოლო შემდგომ დასკვნაში უნდა განვმარტოთ სკოლის ძირითადი დებულებანი საერთო მსოფლიო დინებასთან და საერთო აუცილებლობასთან ადამიანის მიმართების შესახებ.
 
სტოიკური სისტემის მთელი მიმართულება მეტ ყურადღებას უთმობს ცალკეულ ადამიანს, ვიდრე ადრინდელი ფილოსოფია. ბერძენთა სახელმწიფოებრივი ცხოვრების დაცემასთან ერთად საზოგადოებრივი ინტერესიც უნდა დაცემულიყო, და იმავე ხარისხით ცალკეული პიროვნება და მისი მოქმედება კერძო ცხოვრებაში წინა პლანზე უნდა გამოსულიყო. მართალია, არისტოტელე უკვე შედის ადამიანის მოვალეობათა განხილვაში; მაგრამ მისთვის კლასიკური საბერძნეთის იდეალები ჯერ კიდევ იმდენად მაღალი იყო, რომ იგი ეთიკას პოლიტიკის წინ ვერ დააყენებდა. მხოლოდ არისტოტელეს შემდგომ პერიოდში იცვლება დამოკიდებულებანი, და ეთიკა წინა პლანზე გამოდის. სტოიკოსებთან ამას მათი სისტემის საერთო სული ითხოვდა.
 
თუ ადამიანის ბედნიერება მხოლოდ მის შია მდგომარეობით განისაზღვრებოდა, და არაფერ გარეგანს არ შეეძლო მასზე ზემოქმედება, მაშინ მეცნიერება, რომელიც ბედნიერებამდე მიგვიყვანს, უპირველეს ყოვლისა თვით ადამიანის ზნეობრივ მოქმედებას უნდა ეხებოდეს, ხოლო ადამიანურ საზოგადოებას — მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მის ცხოვრებაში მონაწილეობა ადამიანის მოვალეობაა. თუმცა სტოიკოსები მიზნად არ ისახავდნენ ამოეგლიჯათ ადამიანი სხვებთან ბუნებრივი კავშირიდან.
 
პირიქით, სტოიკოსებს მიაჩნდათ, რომ რაც უფრო სრულად აღესრულება ადამიანში ზნეობრივი განთავისუფლების საქმე, მით უფრო მტკიცედ მოქმედებს სხვებთან თანაზიარობისკენ მისწრაფებაც. ყოველი ინდივიდის ზნეობრივ თავისუფლებასთან ისინი სრულიად ათავსებდნენ მის ურთიერთობას ადამიანებთან და აყენებდნენ მოთხოვნას, რომ ყოველს თავისი განსაკუთრებული მიზნები საზოგადოების საჭიროებებისა და მიზნებისთვის დაექვემდებარებინა. რადგან ადამიანი გონივრულად მხოლოდ მაშინ აზროვნებს და მოქმედებს, როცა მისი პირადი საქმე საერთო კანონს შეესაბამება, რომელიც ერთი და იგივეა ყოველი გონიერი არსებისთვის. — დადებითი, რაც სტოიკურ ფილოსოფიაში პოლიტიკის ადგილზე გამოდის, — კოსმოპოლიტიზმია.
 
არცერთ ადრინდელ სისტემას ასე შეგნებულად არ აღმოუფხვრია ეროვნული თავისებურებანი ან დაპირისპირებულობანი, როგორც სტოიციზმს. ისეთი მაღალი მოაზროვნეებიც კი, როგორიც პლატონი და არისტოტელე იყვნენ, ხელშესახებად გრძნობდნენ ელინობის უპირატესობას ბარბაროსობაზე და ტკბებოდნენ მით. აქაც მხოლოდ კინიკოსები გამოდიან სტოიკოსთა წინამორბედებად. მაგრამ მხოლოდ სტოიკური ფილოსოფიის წყალობით ივსება მსოფლიო მოქალაქეობის აზრი დადებითი შინაარსით და ხდება ნაყოფიერი. მაგრამ აქ, როგორც ყოველთვის, ფილოსოფია დროის ისტორიულ გარემოებებს ასახავდა, კერძოდ — მაკედონელი დამპყრობლის გამარჯვებით სვლას, რომელმაც მყიფე ეროვნებანი თავის მსოფლიო სამეფოში გააერთიანა.
 
კოსმოპოლიტიზმი სტოიციზმის სისტემაში რაიმე გარეშე დანმატი ან შემთხვევითობა როდია, პირიქით, ის მთელ სისტემასთან უმჭიდროეს კავშირში დგას. მართლაც, თუ ადამიანური ურთიერთობა ცალკეულ პირებში გონებათა ერთიან ბუნებას ეფუძნება, მაშინ ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ეს ურთიერთობა ერთი ერით შევზღუდოთ, ან ერთთან თავს უფრო ნათესავად ვგრძნობდეთ, ვიდრე მეორესთან: ყოველი ადამიანი — იმის თქმის გარეშე, თუ რას წარმოადგენენ ისინი თავისთავად ერთმანეთთან თანაბრად ახლოს დგას, რადგან ყოველს ერთი და იგივე გონება თანაეზიარება; ყოველნი ერთი სხეულის ასონი არიან, რადგან ერთი და იგივე ბუნება ქმნის მათ ერთნაირი მატერიისგან საზოგადო დანიშნულებისთვის; ან როგორც ეს მშვენივრად, რელიგიური ფორმით გამოხატა ეპიქტეტემ († დაახლ. 120 წ. ქრ. შ.): ყველანი ძმები არიან, რადგან ყველას ერთნაირად ღმერთი ჰყავთ მამად.
 
სტოიციზმის მოთხოვნათა საბოლოო პუნქტი ცალკეული ადამიანის მიმართ ის დებულებაა, რომ მან, თავისი მოქმედების ზნეობრივ ხასიათზე ზრუნვისას, თავი საერთო მსოფლიო დინების ხელში  უნდა მისცეს. ისტორიული გარემოებებისა და სისტემის საერთო მიმართულების გავლენით — სტოიციზმში ფატალიზმი ვითარდება. ეს იყო დრო, როცა ერების პოლიტიკურ თავისუფლებას დამპყრობელთა მძვინვარება თელავდა, როცა ძალადობა, როგორც ცოცხალი ბედისწერა, ყოველ დამოუკიდებლობას ანადგურებდა. ვინც პირადი კეთილდღეობა უმაღლეს მიზნად დაისახა, მას მხოლოდ საყოველთაო საგნობრივი დინების ფატალისტური აუცილებლობისადმი დამორჩილებაღა დარჩენოდა. და სტოიკოსები თავიანთ საუკუნეს მიჰყვებოდნენ, როცა ეს ფატალიზმი დოგმად აქციეს. მეორე მხრივ, ფატალიზმი შიგა აუცილებლობით გამომდინარეობდა მთელი სტოიკური სისტემიდან: რადგან თუ სამყაროში ყოველი ცალკეული, ერთეული მხოლოდ საყოველთაო მიზეზთა და შედეგთა ჯაჭვის ერთ-ერთი აქტია, მაშინ რაღა გვრჩება ამ აბსოლუტური აუცილებლობის მიმართ, თუ არა უპირობო დამორჩილება. ბედისწერისადმი მორჩილება — მრავალი სტოიკოსი მწერლის საყვარელი თემაა.
 
"სათნო (ადამიანი), — ამბობენ ისინი, — ღვთაებას პატივს სცემს იმით, რომ თავის ნებას საყოველთაო სამყაროს წესრიგს უქვემდებარებს; მოვლენათა საერთო რკინის ჯაჭვში გონიერი არსების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისუფლად მიჰყვება გარდაუვალ დინებას; მხოლოდ ერთი გზა არსებობს თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ — მხოლოდ ის სურდეს, რაც საგნების ბუნებაში ძევს და რაც ჩვენი ნების გარეშე აღესრულება". — მაგრამ ბედისწერამ შეიძლება ბრძენი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომელიც მისთვის აუტანელია. ამ შემთხვევაში ნებადართული იყო სიცოცხლისგან თვითმკვლელობის გზით განთავისუფლება. ეს პუნქტი სტოიკურ ეთიკაში უაღრესად მნიშვნელოვანია. სენეკას მსჯელობით, სიცოცხლიდან ნებაყოფლობითი გასვლის (ანუ თვითმკვლელობის) შესაძლებლობა არსებითად ეფუძნება ბრძენის თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ყოველი გარეშესგან. და ეს დებულება სტოიკოსებთან მხოლოდ სამწუხარო გამონაკლისი არ არის, რომელიც ცხოვრების აუტანელ გარემოებებში დაიშვებოდა, არამედ ზნეობრივი (?) თავისუფლების უმაღლეს დადასტურებას წარმოადგენს.
 
სკოლის განვითარების ისტორიაში მრავალმა უაღრესად მნიშვნელოვანმა სტოიკოსმა — ზენონმა, კლეანთე, ერატოსთენე, ანტიპატრე და მრავალ სხვა — თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. არცერთ ადრინდელ სისტემა ისე მჭიდროდ არ შეზრდია რელიგიას, როგორც სტოიკურ. მისი მთელი მსოფლმხედველობა იმ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ ღვთაება ყოველ სასრულ არსებას თვითონ შეიცავს და თვითონვე წარმოშობს. საკუთრივ ისეთი თეოლოგიური განმარტებანი, როგორიცაა ღვთის არსებობის მტკიცება და განგებულების ბატონობა, გამოკვლევა ღვთაების არსისა და სამყაროში მისი მოქმედების სახეობის შესახებ, ასევე ადამიანის თვითშემოქმედების მიმართებაზე ღვთიურ სამყაროს წესრიგთან — სტოიციზმის სისტემაში ძალიან ფართო ადგილს იკავებს. სტოიციზმი, ერთი სიტყვით, არა მხოლოდ ფილოსოფიური, არამედ რელიგიური სისტემაცაა. პლატონიზმთან თავისი კავშირის წყალობით, ის განათლებულთათვის გარკვეულწილად რელიგიას ცვლიდა და ზნეობრივ ცხოვრებაში საყრდენს იძლეოდა. როგორც ფილოსოფიური რელიგია, სტოიციზმს სახალხო რელიგიასთან არავითარი შეხება არ ჰქონია.
 
მაგრამ არსებობდა ორი გარემოება, რომელიც სტოიკოსებს სახალხო რელიგიასთან მიახლოებას და მასზე დაყრდნობასაც კი აიძულებდა. უპირველესად, "სისტემისთვის, რომელიც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანთა საერთო აზრს ღმერთების რწმენის დასაბუთების საქმეში, — ძალზედ სახიფათო იყო ღმერთების შესახებ გაბატონებული წარმოდგენების მარტივ ცდომილებად გამოცხადება". მეორეც, — და ეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, — სტოიკური ფილოსოფიის ეთიკური თვალსაზრისი სახალხო რელიგიის დაცვას უფრო მოითხოვდა, ვიდრე მის რღვევას, რადგან ეს უკანასკნელი ყოველთვის იარაღდებოდა ადამიანური მისწრაფებების ამაოების წინააღმდეგ. სტოიკოსებს შეიძლებოდა იმის შიში ჰქონოდათ, რომ სახალხო ღმერთების რწმენის გაქრობასთან ერთად, აღმოიფხვრებოდა შიში იმ ღვთაებისა და ღვთიური კანონის წინაშე, რომელზეც ისინი თვითონ აფუძნებდნენ ზნეობრივ მოძღვრებას. ისინი, რასაკვირველია, ვერ უარყოფდნენ, რომ სახალხო რწმენაში ძალზე ბევრი რამ, მაგალითად, ღვთისმსახურების გარეგანი ხასიათი, მითიური წარმოდგენები ღმერთებაზე,— მათ ძირითად დებულებებს არ შეესაბამება (5).
 
________________
 
5. ზენონი, მაგალითად, კრძალავდა ტაძართა გამშვენებას. სენეკა ლოცვის სარგებლობას უარყოფდა; ის სისულელედ მიიჩნევდა ღმრთისადმი, ამ ყოვლადკეთილი არსებისადმი შიშს; მას სურდა, რომ ღვთაება არა მსხვერპლშეწირვითა და ცერემონიებით, არამედ ცხოვრების სისუფთავით ყოფილიყო პატივცემული, არა ქვის ტაძრებში, არამედ საკუთარი სულის საწმინდარში. რომ ღვთაებას არავითარი კაცობრივი სახე არ აქვს — სტოიკური სკოლის საყოველთაოდ აღიარებული მოძღვრება იყო, რის გამოც სტოიკოსებს მათი მოწინააღმდეგე ეპიკურელები ღმერთებისადმი სახალხო რწმენის მტრობას აბრალებდნენ.
 
________________
   
და მაინც, სტოიკოსები ამ ყოველივეის აღმოფხვრას მიზნად არ ისახავდნენ. მაგალითად, მათ სწამდათ, რომ მითოლოგიის სასაცილო ფორმის ქვეშაც შეიძლებოდა არსებითად ჭეშმარიტი შინაარსის აღმოჩენა, და ამიტომ ისინი ცდილობდნენ არსებული რწმენის გარკვეულწილ გამართლებასაც. რაკი ერთ ღვთაებად პირველარსებას აღიარებდნენ, ისინი ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ხედავდნენ იმაში, ღვთაებრივი ეწოდებინათ შეზღუდული, გაგებით ყოველი იმისთვის, რასაც ერთი ღვთაებრივი ძალა განსაკუთრებული წესით ავლენს. ერთ უზენაეს ღვთაებასთან ერთად, რომელსაც სტოიკოსები ზევსის სახელით მოიხსენიებდნენ, მათში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ შემდეგი დაბალი, დაქვემდებარებული ღვთაებანი: ციური მნათობები, რომლებსაც უკვე პლატონისა და არისტოტელეს დროიდან მოყოლებული ღვთაებრივი თაყვანისცემა მიეგებოდა, ჰაერი, წყალი, მიწა, წელიწადის დროები, თვეები და სხვ. სხვა მოწყალე არსებებთან ერთად სტოიკოსები ძველი დროის გმირებსაც მიაგებდნენ პატივს. გმირების თაყვანისცემასთან კავშირშია დემონთა თაყვანისცემაც.
 
დემონი — ეს ადამიანის სულის უკეთესი ნაწილია, მისი გონებაა. ის ხელმძღვანელობს ადამიანს, იცავს ბოროტებისგან, მფარველობს და ნეტარებისკენ მიუძღვის. დემონებისადმი რწმენის ასეთი განმარტებით მათ შესახებ სახალხო წარმოდგენებს უცხო აზრი ედებოდა საფუძვლად. დემონთადმი რწმენის გარდა არსებობდა სხვა რწმენებიც, რაც საერთო იყო (სახელწოდებით) სტოიკოსებისა და ხალხისთვის, რომელთა ფილოსოფიურ განმარტებასაც სტოიკური სკოლა ისახავდა მიზნად.
 
რასაკვირველია, იმისთვის, რომ ფილოსოფიური ცნობიერება ჩვეულებრივთან შეეთანხმებინათ, ისე, რომ პირველს მისთვის მონათესავე იდეები ამ უკანასკნელის სახეებში ეცნო, — სამეცნიერო შუამავლობა იყო საჭირო. ეს შუამავლობა ახლა სტოიკოსებისთვის, როგორც მოგვიანებით ამავე გზაზე იუდეველებისა და ქრისტიანებისთვის, ალეგორიულ განმარტებაში მდგომარეობდა. იმისთვის, რათა ძველ რელიგიასა და ახალ ფილოსოფიას შორის ხიდი გაედოთ, სტოიკოსები ალეგორიას უფართოესად იყენებდნენ, ამასთან სახალხო რწმენების შინაარსს თითქმის შეუცნობლობამდე ამახინჯებდნენ. უკვე ზენონი, ხოლო კიდევ უფრო მეტად კლეანთე, ქრისიპე და მათი მიმდევრები ზრუნავდნენ იმაზე, რომ სახალხო რწმენის ღმერთებში და ამ ღმერთების შესახებ თხრობებში ნატურფილოსოფიური და ზნეობრივი იდეები ეჩვენებინათ. ამასთან, რასაკვირველია, ბევრი თვითნებობა დაიშვებოდა. მაგრამ სტოიკოსები ალეგორიულ განმარტებაში ხედავდნენ ერთადერთ საშუალებას, რათა თავიანთი ერის რწმენა გადაერჩინათ და აღმოეფხვრათ მწვავე საყვედურები გადმოცემებისა და პოეტური ნაწარმოებების გამო, რომლებითაც ბერძნები აკვნიდანვე იკვებებოდნენ.
 
06. სტოიკური ფილოსოფიის საერთო სახე აჩვენებს, რომ თეორიული თვალსაზრისით განსახილველი სისტემა საკმაოდ სუსტია. მისი ამოსავალი პუნქტი — ἄσκησις ἀρετῆς ("ასკესის არეტეს") (6) — სასიცოცხლოპრაქტიკულია. ფილოსოფიურ მეცნიერებათა — "ღვთაებრივისა და კაცობრივის" — შესწავლის აუცილებლობის ცნობიერებამდე ეს სისტემა გამოყვანის გზით მიდის. სტოიკური ლოგიკის, ფიზიკისა და ეთიკის თეორიული დებულებანი წინმსწრები ფილოსოფიიდანაა ნასესხები.
 
________________
 
6. "აპოკ". რედ. შენიშვნა: ἄσκησις ἀρετῆς ("ასკესის არეტეს") "სათნოებაში ვარჯიში", ანუ „სათნოების ვარჯიში" / „სათნოებითი მოღვაწეობა".
 
ἄσκησις (ასკესის) — ვარჯიში, წვრთნა, მოღვაწეობა, განსწავლა;
 
ἀρετῆς (არეტეს) — სათნოების (ἀρετή-ს ნათესაობითი ბრუნვა).
 
სტოიკოსებთან ეს ტერმინი აღნიშნავს ფილოსოფიის პრაქტიკულ, სასიცოცხლო დანიშნულებას: ფილოსოფია მხოლოდ თეორიული ცოდნა კი არა, არამედ სათნოებაში მუდმივი ვარჯიში, ყოველდღიური ზნეობრივი მოღვაწეობაა.
 
შენიშვნა: სწორედ ამ სიტყვიდან — ἄσκησις — მომდინარეობს ქრისტიანული ტერმინი „ასკეტიზმი" (მარხვა, ლოცვა, სხეულის დამორჩილება), თუმცა სტოიკოსებთან იგი უფრო ფართო, ზოგად ზნეობრივ ვარჯიშს ნიშნავს.
 
________________
 
მეტაფიზიკური თვალსაზრისით სტოიციზმი წარმოადგენს პლატონურ-არისტოტელური ფილოსოფიის დუალიზმის აღმოფხვრისა და მკაცრად მონისტური მსოფლმხედველობის აღმოფხვრის მცდელობას. მაგრამ ამ მცდელობას ძლივს თუ ჩავთვლით წარმატებულად. თუ მკაცრი მატერიალიზმის თვალსაზრისით უკვე ძალთა შესახებ მოძღვრებაც გაუგებარია, მაშინ მით უმეტეს გაუგებარია სწავლება მსოფლიო გონებისა და ღვთაების შესახებ. მაგრამ განსაკუთრებით უცნაურია მატერიალისტი სტოიკოსების მიმართება რელიგიასა და ღმერთების სახალხო რწმენასთან. საერთოდ, სუფთა ფილოსოფიური აზრის თვალსაზრისით, სტოიციზმი წარმოადგენს ლოგიკური თვალსაზრისით არაჰარმონიულ, გაუაზრებელ, ადგილ-ადგილ წინააღმდეგობრივ სისტემას. — მაგრამ სტოიციზმის ნაკლოვანებანი, როგორც ფილოსოფიისა, — ლოგიკური აზრის სისუსტე, მისი სასიცოცხლო-პრაქტიკული მიმართულება, ვრცელი მსჯელობანი რელიგიურ და წმინდა ღვთისმეტყველურ საგნებზე, — ძალზე დამახასიათებელია იმ ეპოქისთვის, როდესაც სტოიციზმი ჩამოყალიბდა, ანუ ელინისტური პერიოდისთვის.


გაგრძელება იქნება.

მასალა რუსულიდან თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. თბილისი 2026 წ.

წყარო: Гностицизм II века и победа христианской церкви над ним / М.Э. Поснов, эк.-орд. проф. Киев. духов. акад. и прив.-доц. Ун-та св. Владимира. - Киев : тип. АО "Петр Барский в Киеве", 1917.
Назад к содержимому