გნოსტიციზმი - II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე - შესავალი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
უსჯულოება > გნოსტიციზმი
პროფ. მ. ე. პოსნოვი
 
II საუკუნის გნოსტიციზმი და ქრისტიანობის გამარჯვება მასზე
გნოსტიკოსები
 
 
«Nullius enim potest haeresim struere, nisi qui ardentis ingenii est, et habet dona naturae; quae a Deo artifice sunt creata. Talis fuit Valentinus, talis Marcion, quos doctissimos legimus. Tales Vardesanes, cujns etiam philosophi admirantur ingenium“.
 
Hieronimus. Commentariоrum in Osee lib. 11, c. 10, vers. 1.
 
Migne. Patrologie cursus completus. ser. lat. t. XXV. Hieronymi opera omnia Tomus sextus c. 902.
 
«Πλείστων oὖv ἐκκλησιαστιχῶν ἀνδρῶν κατ’ ἐκεῖνο καιροῦ τῆς ἀληθείας ὑπεραγωνιζομένων λογικώτερόν τε τῆς ἀποστολικῆς καὶ ἐκκλησιαστικῆς δόξης ὑπερμαχούντων, ἥδη τινὲς καὶ διὰ συγγραμμάτων τοῖς μετέπειτα προφύλακτικὰς, αὐτῶν δὴ τούτον τῶν δηλωθεισῶν αἱρέσεων παρεῖχον ἐφόδους“.
 
Evsebius. Hist. eccles. IV, 7. 5. (Die griechichen christlichen Schriftsteller. Leipzig. 1903.
 
Werke. Zweiter Band, erster Teil. p. 310.
 

***
 
 
გამომცემლობისგან
 
Habent fata sua libella
 
(წიგნებს თავისი ბედი აქვთ)
 
ეს ლათინური გამოთქმა სრულიად სამართლიანია წინამდებარე კაპიტალური შრომის, კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორის, მიხაილ ემანუელის ძე პოსნოვის (1873–1931) მიერ გნოსტიციზმის შესახებ დაწერილი სადოქტორო დისერტაციის მიმართ. ის გამოიცა 1917 წ-ს კიევში, მაგრამ შემდეგ ცნობილი ისტორიული მოვლენების შედეგად ამ წიგნის თითქმის მთელი ტირაჟი, სავარაუდოდ, განადგურდა, რადგან რუსეთში, ჩვენთვის ცნობილი ცნობების თანახმად, მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარიღა დარჩა, ხოლო დასავლეთის წიგნთსაცავებში მისი პოვნა ნაკლებად არის სავარაუდო.
 
გნოსტიციზმი ძირს უთხრიდა ქრისტიანობის ღმრთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებებს. ეკლესია სამი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა მას ვიდრე მის დაძლევამდე; მაგრამ ის საბოლოოდ არასოდეს ქრებოდა და საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა მწვალებლობებისა და მითების ნიღბით კვლავ აღმოცენდებოდა.
 
ახალი არნახული ძალით იფეთქა მან XX ს-ის 70-იან წლებში აშშ-ში. ამ მოძრაობის ტალღამ მთელ დასავლურ სამყაროს გადაუარა, განსაკუთრებით ინტელექტუალურ წრეებს, და ახლაც სულ უფრო და უფრო აღწევს აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, აუწყებს რა ყველას New Age-ის - ახალი რელიგიურობის, ახალი სულიერი და პლანეტარული ცნობიერების, ღრმა ფსიქიური ცვლილებების და ახალი მსოფლიო რელიგიის შესახებ... ამ სწავლების თანახმად, იესუ ქრისტე არ არის ძე ღმრთისა, არამედ მხოლოდ კოსმიური ქრისტეს მრავალი ემანაციებიდან ერთ-ერთ განხორციელება (ავატარი). ღმერთი მეტად აღარ არის პირი, არამედ მხოლოდ სამყაროს მამოძრავებელი ყოვლადძლიერი ენერგია. ამრიგად, არ არსებობს არც წმიდა სამება, არც განკაცებული ქრისტე მაცხოვარი, არც ეკლესია, არც საიდუმლოებანი... ადამიანი თვითკმარია, ის ვითარდება და ცხონდება "ცოდნის", ფსიქიკისა და სხეულის სხვადასხვა ტქნიკური ვარჯიშების მეშვეობით; ის "რეინკარნაციით" ან მის გარეშე - აღწევს თავისი სულის გათავისუფლებას და კოსმიურ ენერგიას ერწყმის.
 
პროფ. მ. ე. პოსნოვის წიგნის გამოცემით, გამომცემლობა «Жизнь с Богом» მისდევს ორ მიზანს: საღვთისმეტყველო აზროვნების საგანძურს დაუბრუნოს ცნობილი ღვთისმეტყველის ნაშრომი, და სასულიერო დასსა და მორწმუნე ინტელიგენციას მისცეს სახელმძღვანელო, რომლის შესწავლით ის შეძლებს გაუმკლავდეს არაქრისტიანული აზროვნების მოძალებას.
 
ბრიუსელი, უფლის ფერიცვალება, 1991 წლის 6 აგვისტო.
 
Брюссель, Преображение Господне, 6 августа 1991 г.
 
 
ავტორისგან
 
გნოსტიციზმის შესწავლის სურვილი გამიჩნდა ჯერ კიდევ 1908 წელს, როდესაც, წმ. ვლადიმირის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად არჩევის შემდეგ, ვემზადებოდი შესავალი ლექციისთვის და საგანიც ავირჩიე: "ეკლესიის ძველი ისტორიის აგების ახალი ტიპები". როდესაც XIX ს-ის საეკლესიო-ისტორიული სკოლების კორიფეთა - ავგუსტ ნეანდერის, ფერდინანდ ბაურის, ალბრეხტ რიჩლის და ადოლფ ჰარნაკის კურსებს ვსწავლობდი, დავინახე, თუ რაოდენ უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი გნოსტიციზმს პირველი სამი საუკუნის ეკლესიის ისტორიაში. შემდგომმა მეცადინეობებმა ამ საუკუნეთა სფეროში, რომელიც პრივატულ კურსთათვის ავირჩიე, კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში. და ჩემი პირველდაწყებითი განზრახვა თანდათანობით სულ უფრო და უფრო მყარდებოდა, სანამ, საბოლოოდ, არ მომწიფდა და გადავიდა გადაწყვეტილებაში საფუძვლიანად შემესწავლა გნოსტიციზმი. ჩემი პირველი ცდები ამ მიმარტულებით ბეჭდვით გამოცემებში გაჩნდა 1910 წლის მიწურულს, სათაურით "Главнейшие философско-этические и религиозные течения в век рождества Христова" (უმთავრესი ფილოსოფიურ-ეთიკური და რელიგიური მიმართულებები ქრისტეს შობის საუკუნეში"), რომელიც დაიბეჭდა "კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში". ამავე ჟურნალში შემდეგ განთავსდა ჩემი ნაშრომის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - მისი თითქმის ორი მესამედი.
 
უნდა ვაღიარო, რომ, გნოსტიციზმის შესწავლის პერიოდში, არაერთხელ ვიყავი მზად თავი მიმენებებინა არჩეული საგნისთვის, რომლის სირთულე დასაწყისიდან შეუმჩნეველი იყო. მითუმეტეს, ზოგიერთ უფროს პირთაგან, რომელთაც თავიანთ შრომებში ასე თუ ისე შეხება ჰქონდათ გნოსტიციზმთან, მომდიოდა "მეგობრული რჩევები": დრო ამაოდ არ დამეკარგა და რაიმე, უფრო სასარგებლოს საქმისთვის მომეკიდა ხელი. და თუკი მაინც არ მივატოვე ჩემი საქმე და ბოლომდე მივიყვანე, უმთავრესად ჩემი დახელოვნებული ხელმძღვანელისა და ძვირფასი მასწავლებლის ზნეობრივი მხარდაჭერის წყალობით..., რომელსაც ვწირავ ჩემს ყველაზე ღრმა და გულწრფელ მადლობას. - საგნის დეტალური შესავლის დროს ვაწყდებოდი მრავალ სპეციალურ საკითხს, სხვათა შორის, მოციქულთა პერიოდიდან. ამ შემთხვევაში თავისი რჩევებით და ცნობებით ძალიან დამეხმარა პეტროგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნიკოლოზ ნიკანორის ძე გლუბოკოვსკი. ის თავისი კერძო და ვრცელი ბიბლიოთეკიდან წიგნებითაც კი მამარაგებდა, რის გამოც გამოვხატავ ჩემს გულწრფელ და მხურვალე მადლიერებას.
 
კიევი, 1916 წ. 25 ნოემბერი.
 
 
***
 
 
შესავალი
 
01. პირველი სამი საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის შინაგან ცხოვრებაში გნოსტიციზმი წარმოადგენდა ყველაზე გამოჩენილ მოვლენას. მაგრამ XIX ს-ის ბოლო ათწლეულებამდე ეს მოვლენა ბუნდოვან და გაუგებარ მოვლენად რჩებოდა. მხოლო ზოგიერთი გნოსტიკური და ერესეოლოგიური ძეგლის აღმოჩენამ გასული საუკუნის ნახევარში და ქრისტეს შობამდელი ბოლო საუკუნეების ანტიკური სამყაროს ისტორიის უფრო ღრმა შესწავლის შედეგად, გნოსტიციზმი წარდგა თავისი ჭეშმარიტი და ახალი სახით. აღმოჩნდა, რომ გნოსტიციზმი წარმოადგენდა არა უბრალოდ ქრისტიანულ მწვალებლობას, არამედ იმდროინდელი მსოფლიოს მთლიან, შედგენილ მოძრაობას და არსებითად იყო რელიგიური ხასიათის მოვლენა. მეტიც, ის პირდაპირ რელიგიადაც შეიძლება იწოდოს, რადგან გამოხატავდა ქრისტეს შობამდელი ბოლო საუკუნეების მთელი წარმართული სამყაროს ყველაზე დაფარულ აზრს - როგორ უნდა ყოფილიყო დახსნილი ადამიანი მისი მიწიერი ცხოვრების უბედურებებისგან და გადარჩენილიყო იგი. გნოსტიკოს-ნაასენთა (Hippolytus, Refutatio, V, 10, р. 176) უძველეს ჰიმნში ადამიანი შემოღობილია "ბოროტების ლაბირინთით":
 
"ცდილობს გაექცეს მტანჯველ ქაოსს,
 
და არ იცი, როგორ გააღწიოს მას.
 
ამისთვის წარმაგზავნე მე, მამაო (ამბობს ქრისტე).
 
მაქვს რა ბეჭედი, ჩავალ, გავივლი ყველა ეონს (αἰῶνας ὅλους),
 
გავხსნი ყველა საიდუმლოს (μυστήρια),
 
ვაჩვენებ ღმერთების სახეს,
 
და წმიდა გზის იდუმალებას (τὰ κεκρυμμένα τῆς ἁγίας ὀδοῦ),
 
მოვუწოდებ რა გნოზისს (γνῶσιν καλέσας), გადავცემ".
 
02. ხოლო რადგან გნოსტიციზმი ადამიანის სხეულს უყურებდა, როგორც ბოროტ საწყისს და სულის საპყრობილეს, სკუთრივ გნოსტიკოსებთან ლაპარაკი იყო მხოლოდ სულის ცხონებაზე (1); ამის გამო მხოლოდ მისთვის სურდათ მიეთითებინათ ἁγίαν ὀδὸν და გაეხსნათ წმიდა გზის ყველა იდუმალებანი (τὰ κεκρυμμένα). ეს გზა ნათლის სამეფოში ადამიანის სულის აღმავლობისთვის (ἄνοδος) უკიდურესად რთულია, რადგან ძალაუფლება (εἱμαρμένη) ამ სამყაროზე არხონტებს ეკუთვნით. ისინი გამოისახებიან ორიგენეს ოფიანებში (Origenes. Кατὰ Κέλσου. VI, 31. Die griech. Schrifsteller, Origenes. В. I, p. 168), რომლებიც სხედან კარიბჭეებთან და სულს წინ ეღობებიან; მათ წინაშე საჭიროა განსაკუთრებული ლოცვების კითხვა, რათა მიიღო საშვი. ეპიფანეს ამონაწერებში (2) გნოსტიკური თხზულებიდან მოც. ფილიპე თავისი სახელით წარწერილ სახარებაში უფალს თხოვს გაუხსნას მას, რა უნდა უპასუხოს სულმა, რომელიც ცაში ადის არხონტების გავლით. წმ. ეპიფანე (Епифаний. Epeс. XXVI, 10) მოწმობს, რომ გნოსტიკოს ბარბელიოტებს ჰქონდათ სწავლება, რომლის მიხედვითაც სული ცხონდება, თუკი გაივლის არხონტების სფეროს და ამაღლდება "უზენაეს სფეროში, სადაც ბინადრობს ცოცხალთა დედა ბარბილო ან ვარვილო; და აი ასე ცხონდება სული".
 
_______________________
 
1. "აქედან შეიძლება დავინახოთ, - რა თქმა უნდა ირონიულად შენიშნავს პრეიშენი, - რაოდენ მოსწრებულია სახელწოდება "გნოსტიკოსი" იმ ადამიანებისთვის, რომელთა მთელი ინსტერესი კონცენტრირებულია მათი უკვდავი სულის ცხონებაზე" (Е. Preuschen. Zwei gnostische Hymnen. Gieszen. 1904. s. 61). - დიახ, რა თქმა უნდა, კლასიკური ბერძნული ენის თვალსაზრისიდან გამომდინარე სახელწოდება "გნოსტიკოსი" ძალიან არადამახასიათებელია მათი ძირითადი მისწრაფებისთვის. მაგრამ, მეორე მხრივ, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ტექნიკური აზრი, რომელიც ჯერ კიდევ ძველად მიაკუთვნეს ამ სახელს. სწორედ ასეთი აზრი - ტექნიკური, მისტიკური - მიეკუთვნება გნოზისს გნოსტიციზმისთვის დამახასიათებელ შემდეგ გამონათქვამში: "ἀρχὴ τελειώσεως γνῶσις ἀνθρώπου, Θεοῦ δὲ γνῶσις ἀπηρτισμένη) τελείωσις". Hippolytus. Refutatio. V, 10.
 
_______________________
 
_______________________
 
2. «იხ. ფრაგმენტი ეპიფანესთან - მწვალებლობა XXVI, 13: "Ἀπεκάλυψέ μοι ἡ κύριος τί τὴν ψυχὴν δεῖ λέγειν ἐν τῷ ἀνιέναι εἰς τὸν οὐρανόν, καὶ πῶς ἑκάστῃ τῶν ἄνω Δυνάμενων (sc. τῷ Ἄρχοντι) ἀποκρίνεσθαι". "ეს მდგომარეობანი, - ამბობს ჰარნაკი (Texte und Untersuch. 1891. S. 196), სრულყოფილია აზრსა და სტილში (ganz im Sinne und Stile) P. S.“ (=Pistis Sophia). ფილიპეს სახარების არსებობა დასტურდება ნამდვილი გნოსტიკური თხზულებით Pistis Sophia, с. 42. С. Schmidt. Koptisch-gnost. Schriften. (Leipzig. 1905). В. 4, p. 44.
 
_______________________
 
 
გნოსტიკოსებს საკმაოდ რთული კულტი ჰქონდათ, რომელშიც, სხვათა შორის, შედიოდა სხვადასხვა ჰიმნებისა და ფსალმუნების გალობა; მას მიეკუთვნებოდა სხვადასხვა სახის სიმბოლური მოქმედებები და განსაკუთრებული მისტერიები. ნამდვილი გნოსტიკური თხზულებები - Pistis Sophia და წიგნი Jeû - დაკავებულნი არიან რელიგიური საკითხებით - სულის ცხონებითა და მისი პირობებით, - მისტერიებით, ლოცვებით, საიდუმლო და მნიშვნელოვანი მოქმედებებით და ა. შ.
 
რადგან გნოსტიციზმი ამ სამყაროს უყურებდა არა როგორც სახიერი ღმერთის ქმნილებას, არამედ როგორც ბოროტ დემონთა წარმონაქმნს, რომლებსაც თავიანთ ძალაუფლებაში მომწყვდეული ჰყავდათ ადამიანის სული, გნოსტიციზმი ძირითადად ღრმად პესიმისტურად არის განწყობილი.
 
 
03. გნოსტიციზმს შეიძლება შევხედოთ, როგორც წარმართული სამყაროს ბუნებრივ მზადებას ქრისტიანობისათვის, რომელიც აგვირგვინებს იმავე სახის მთელ რიგ მრავალრიცხოვან და რთულ მოვლენებს. გნოსტიციზმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ელინიზმი, ანუ ძველი სამყაროს ისეთი მოვლენა, როდესაც, ალექსანდრე მაკედონელის აზიაში ლაშრობების დროს, აღმოსავლეთმა და დასავლეთმა ხელი გაუწოდეს ერთურთს, და აღმოსავლეთის რელიგიები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, შემდეგ კი გაერთიანდნენ დასავლეთის კულტურასთან. მაშინ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაიწყო ფილოსოფიაში თეორიული აზროვნების დაცემა და მასში ეთიკური პრინციპების აღზევება, როგორი ნიშნებიც ახასიათებთ სტოიკოსთა, ეპიკურელთა, სკეპტიკოსთა და ეკლექტიკოსთა მიმართულებებს. ამის შემდეგ ძლიერდება რელიგიური, სინკრეტული მიმდინარეობები, რომლებმაც სხვა დანარჩენები დათრგუნეს; ისინი მოასწავებდნენ იმ დროს, "როდესაც (ადამიანებმა) დაკარგეს ნდობა ცოდნისადმი და რწმენას მიაშურეს". აღმოსავლეთის რელიგიები, რომლებიც გამოირჩევიან ინდივიდუალისტური და მისტიკური ხასიათით, მაშინ განსაკუთრებულად პოპულარულები გახდნენ. დასავლეთში მათ მრავალრიცხოვანი ადეპტებიც მოიპოვეს. ამრიგად, როდესაც ყველგან წარმართულ სამყაროში შეიქმნა ხელსაყრელი ნიადაგი, რაც გულისხმობდა შეხედულებათა ერთიანობას და რელიგიურ ინტერესთა ბატონობას ყველა სხვა დანარჩენზე: მაშინ გამოჩნდა გნოსტიციზმიც. დღემდე გადაწყვეტილი არ არის თუ სად დაიბადა იგი. მაგრამ, ყველაზე სავარაუდოდ, გნოსტიციზმის მამებს წარმოადგენდნენ ბაბილონელი მოგვები და ასტროლოგები, სწორედ ისინი, რომლებიც ჩვენთვის წმიდა სახარებისეული ისტორიის პირველი გვერდებიდანვეა ცნობილი, "მოგვები აღმოსავლეთიდან", რომლებიც შეისწავლიდნენ ადამიანის ბედს და პლანეტური სამყაროს გავლენას მასზე; მათ იოლად შეეძლოთ მისვლა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის სულის ყოველგვარი ტანჯვა მომდინარეობს εἱμαρμένη-დან, ანუ არქონტების ძალაუფლებიდან, რომელიც მათ მთელ სამყაროზე მოიპოვეს.
 
გნოსტიციზმში, როგორც სინკრეტულ მოვლენაში, გაერთიანდა ანტიკური სამყაროს თითქმის ყოველი ნამდვილი ან მოჩვენებითი ღირებულება (3), რაც მას გააჩნდა თეო ან ფილოსოფიურ, მორალურ ან რელიგიურ, მისტიკურ ან მაგიურ სფეროებში.
 
_______________________
 
3. რა თქმა უნდა, გნოსტიციზმი არ ყოფილა ანტიკური სამყაროს რელიგიური ცხოვრების ერთადერთი გამოხატულება: იყო სხვა მიმართულებებიც, უფრო თეორიული, რელიგიური ხასიათისა. მაგალითად, პლატონიზმი, ნეოპითაგორელობა და განსაკუთრებით, ოდნავ გვიან, ნეოპლატონიზმი; მაგრამ ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო გნოსტიციზმი. ნეოპლატონიზმი, მიიჩნევდა რა საკუთარ თავს ელინისტური ფილოსოფიის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ, გნოსტიციზმში საშიშ კონკურენტს ხედავდა. ნეოპლატონიზმის ისეთმა უდიდესმა წარმომადგენელმა, როგორიც იყო პლოტინი, საჭიროდ ჩათვალა გნოსტიკოსთა წინააღმდეგ დაეწერა სპეციალური თხზულება - "Πρὸς Γνωστικοὺς".
 
_______________________
 
"გნოსტიციზმი - ეს არის ელიპსისი ორი ფოკუსით - ერთი მხრივ სპეკულაციით და მეორე მხრივ მისტიკით" (კელერი). მისი მიმდევრები იყვნენ ფილოსოფოს-მორალისტები, რელიგიურად განწყობილი უზარმაზარი სახალხო მასები, რომლებიც თავიანთ დაკმაყოფილებას პოულობდნენ მისტიკურ კულტსა და მაგიაში. გნოსტიციზმი აღმოსავლეთში, უეჭველად, ქრისტიანობაზე ადრე გაჩნდა. არსებობდნენ ან არსებობენ ისეთი გნოსტიკური სექტები, როგორებიც არიან ოფიანელები (იგივე "ოფიტები". Ὀφιανοί - ოფიანოი, სიტყვიდან ὄφις - ოფის, ანუ - "გველი" – "აპოკ." რედ.), რომლებიც არ შეიცავდნენ არანაირ ქრისტიანულ ელემენტს.
 
დღეს ქრისტიანობამდელი გნოსტიციზმის აღიარება - მოცემულ სფეროში ჩატარებულ გამოკვლევათა ერთ-ერთ დადებით შედეგად მიიჩნევა. ძველ სამყაროში გავრცელებისდა კვალად, გნოსტიციზმი გარდაუვალად უნდა შეხვედროდა და მართლაც შეხვდა ქრისტიანობას. მან მასში დაინახა მისთვის ნათესაური მოვლენა თავისი ძირითადი მისწრაფებებით ადამიანის ცხონებისკენ, რომელიც ამავდროულად აღემატებოდა მას: გნოსტიციზმი ქრისტიანობაში აღიარებდა აბსოლუტურ რელიგიას. მაგრამ გნოსტიციზმმა არ გააკეთა ის აუცილებელი დასკვნები, რომელიც მომდინარეობდნენ ამ აღიარებიდან. მან უარი არ თქვა საკუთარ რწმენასა და ცნებებზე, არამედ მოინდომა შეეერთებინა ისინი ქრისტიანობასთან. მისი სინკრეტული ხასიათის პირობებში ეს საკმაოდ ბუნებრივი და გასაგები იყო. გნოსტიციზმს სურდა "გაესწორებინა" (recurare) ქრისტიანობა და შეევსო იგი. ამისთვის მან გამოიტანა მიზეზიც, თითქოსდა ქრისტეს სწავლება უკვე მის პირველ მიმდევართაგანვე დაიჩრდილა (4). შედეგად, გნოსტიციზმი ცდილობდა ქრისტიანობა გაეგო თავისებურად, საკუთრივ რომ ითქვას, აეღო მისგან მხოლოდ სახელი და ფორმა და მასში საკუთარი შინაარსი ჩაესხა, ამით კი მისი ნამდვილი ღირებულება გაეყალბებინა.
 
 
_______________________
 
4. ამ პუნქტში ცნობილმა გნოსტიკოსმა მარკიონმა მთელი 17 საუკუნით დაასწრო ახალ-ტიუბინგენურ ანუ ბაურულ სკოლას, გამოთქვა რა თეზისი, რომ მოციქულმა პეტრემ და სხვა მოციქულებგმა ვერ გაიგეს ქრისტიანობა, და ის იუდაიზმს შეურიეს; მხოლოდ მოციქულ პავლეს შეეძლო გაეთავისებნა იესუ ქრისტეს სახარების უნივერსალურობა (იხ. ქვემოთ. თ. 2. განყოფილება "კერდონი და მარკიონი". პ. 16-17).
 
_______________________

გაგრძელება იქნება.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ.

თბილისი 2023.02

წყარო: Гностицизм II века и победа христианской церкви над ним / М.Э. Поснов, эк.-орд. проф. Киев. духов. акад. и прив.-доц. Ун-та св. Владимира. - Киев : тип. АО "Петр Барский в Киеве", 1917.
Назад к содержимому