სწავლანი > ღვთისმეტყველება
დოგმატური ღვთისმეტყველება
ავტორები: არქიმანდრიტი ალიმპი (კასტალსკი-ბოროზდინი), არქიმანდრიტი ისაია (ბელოვი).
ნაწილი მეორე
დოგმატი ყოვლადწმინდა სამების შესახებ
1. პოლითეიზმი და ორი მონოთეიზმი
კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე ერთი ღმერთის რწმენა ყველა ადამიანის კუთვნილება იყო. ერთღმერთიანობის შესახებ გამოცხადება ჩვენმა წინაპრებმა სამოთხეში მიიღეს და თავიანთ შთამომავლებს გადასცეს. ეს გადმოცემა დიდხანს იყო დაცული ჩვენს წინაპართა შორის. მაგრამ ადამიანები თანდათან ჩაეფლნენ ხორციელ ცხოვრებაში, ხოლო მათი გონება, ნება და გრძნობები უღმერთოების ვნებებმა დააბნელა. ამის შედეგად კაცობრიობის უმეტესობამ ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი წარმოდგენა დაკარგა. მოციქული წარმართობის — პოლითეიზმის — წარმოშობას ასე განმარტავს: "რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, ... სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ" (რომ. 1:21-23, 25).
პატრიარქ აბრაამის ცხოვრების ეპოქისთვის ერთი ღმერთის რწმენა მხოლოდ მცირერიცხოვან მართალთა კუთვნილება იყო, რომელთა შორის, მაგალითად, სალემის მეფე მელქისედეკიც გახლდათ. აბრაამის შთამომავლობაში მონოთეისტური რწმენა ღმერთმა კვლავ განამტკიცა და რჯულის მკაცრი მცნებებით დაიცვა. ასე ასწავლიდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს: "ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი" (2 რჯ. 6:4). თავად ღმერთი წინასწარმეტყველ ესაიას პირით აცხადებს: "მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი" (ეს. 44:6), "მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა" (ეს. 45:5 და სხვ.).
ღმერთის ერთობისა და ერთადერთობის ჭეშმარიტება დასტურდება მაცხოვრის ახალაღთქმისეულ ქადაგებაშიც: "უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია!" (მკ. 12:29). ქრისტე თავის სამღვდელმთავრო ლოცვაში ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ევედრება (ინ. 17:3). მოციქულიც ასევე გვასწავლის: "არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა" (1 კორ. 8:4).
ახალი აღთქმის ეპოქაში მონოთეიზმის ქადაგებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა. უპირველესად, ესენი იყვნენ წარმართები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობისა და პოლითეიზმის სიბნელეში რჩებოდნენ. შემდეგ კი მონოთეიზმის მოწინააღმდეგეები იყვნენ ნახევრადქრისტიანული სექტები — გნოსტიკოსები და მანიქეველები. გნოსტიკოსები უზენაეს ღმერთთან ერთად მრავალ ქვემდგომ ღვთაებას — ეონებს — აღიარებდნენ. მანიქეველთა სწავლება კი დუალისტური იყო. ისინი ორ მარადიულ საწყისს, კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას ასწავლიდნენ.
წმინდა მამები პოლითეიზმისა და დუალიზმის შინაგან წინააღმდეგობას აჩვენებდნენ. მათი სწავლებით, ყოვლადსრულყოფილი აბსოლუტი, ანუ ღმერთი, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ორი ან მეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აბსოლუტი აუცილებლად შეზღუდავდა ერთმანეთს. ამიტომ მათ არ ექნებოდათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის აუცილებელი თავისუფლება და სრულყოფილება. ამგვარად, არსობრივად ისინი ღმერთები ვერ იქნებოდნენ. წმინდა ათანასე დიდი ამბობს: "მრავალსაწყისობა უსაწყისობაა" და "მრავალღმერთიანობა უღმერთოებაა" (Св. Афанасий Александрийский. Слово на язычников, п. 38 // Творения. 4.1. Изд. 2. ТСЛ, 1902. С. 176).
მსოფლიოში ბოროტების არსებობა დუალიზმით არ აიხსნება. ის ქმნილებათა — ანგელოზთა და ადამიანის — მიერ საკუთარი თავისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგია.
წმინდა იოანე დამასკელი მოკლედ აჯამებს ყოველივე იმას, რაც ძველმა მამებმა ერთღმერთიანობის (მონოთეიზმის) ჭეშმარიტების დასადასტურებლად თქვეს. ის წერს:
"ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშეუწერელია ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ, თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია, ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან, თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი, ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე? რადგან, თუკი რაიმე მოკლებულია სისრულეს სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველმხრიე იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან, თუკი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშეუწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე? ასევე, როგორ მოხდება, რომ მრავლისგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირღვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალ ის იქნებოდა!
ამიტომ, ერთი არის ღმერთი, - სრული, გარეშეუწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული" (Св. Иоанн Дамаскин. Цит. соч. Кн. 1. Гл. 5. С. 163 // ქართ. თარგმ.: წმინდა იოანე დამასკელი. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი მეხუთე. დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი. URL: https://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/5.htm).
წარმართობამ არ იცოდა ერთი პიროვნული ღმერთი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მრავალი წარმომადგენლის აზრით, ელადის უთვალავ ღმერთზე მაღლა დგას "აუცილებლობა" — სილამაზისა და უპიროვნო ყოფიერების უმაღლესი სამყარო. ნეოპლატონიზმში (1), ისევე როგორც თანამედროვე ინდუიზმში, ქადაგებენ მისტიკურ სწავლებას ღმერთთან, ანუ უზენაეს საწყისთან, შეერთების შესახებ. ეს შეერთება გულისხმობს ადამიანის მიერ ინდივიდუალური განსხვავებულობის გადალახვას და უპიროვნო ღვთაებრივ აბსოლუტთან ერთობის მიღწევას.
________________
1. წარმართული ფილოსოფიურ-მისტიკური სწავლება, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვ. წ. III ს-ის შუა პერიოდში.
________________
ამის საპირისპიროდ, ბიბლიის ღმერთი ყოველთვის პიროვნებაა. რა თქმა უნდა, ღმერთი არის აბსოლუტი და მას ყველა სრულყოფილება აქვს. მაგრამ იგი პიროვნული აბსოლუტია და ლოცვისას მას "შენობით" მივმართავთ (В. Лосский. Догматическое богословие. С. 131).
ქრისტიანი მოღვაწის პიროვნება არც ლოცვითი ჭვრეტის უმაღლეს საფეხურებზე ქრება ღმრთეების სიღრმეში. სულიერი აღმასვლის ყველა ეტაპზე ქრისტიანის ცხოვრება შეგნებულად მიმდინარეობს. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის აზრით, ექსტატიკური მდგომარეობები, რომლებსაც თავისუფლებისა და ცნობიერების დაკარგვა ახასიათებს, მხოლოდ ახალდაწყებულთათვის არის დამახასიათებელი. მათი ბუნება ჯერ კიდევ არ ფლობს საღმრთო რეალობის ხილვის მუდმივ გამოცდილებას (В. Лосский. Мистическое богословие. С. 109).
ღმერთთან პიროვნული მიმართვა მხოლოდ ქრისტიანობისთვის არ არის ცნობილი. იგი წინაქრისტიანულ იუდაიზმსაც ახასიათებდა. თუმცა ძველ აღთქმაში ღმერთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ისე მკაფიოდ გამოცხადებული თავისი სამერთიანი ბუნება, როგორც ეს ახალი აღთქმის ეპოქაში მოხდა. არც ღმერთსა და ადამიანს შორის არსებობდა ჭეშმარიტი ურთიერთმიმართება. თავისი დიდებით საშიში ისრაელის ღმერთი ბრძანებდა და ასწავლიდა, ადამიანს კი მხოლოდ მისი ნების სრული მორჩილება მოეთხოვებოდა (В. Лосский. Мистическое богословие. С. 131).
როდესაც ერთმანეთს უდარებს ძველსა და ახალ აღთქმას, მოციქული პავლე ამბობს, რომ პირველი მონობას შობდა, ხოლო მეორე — შვილობას გვანიჭებდა (გალ. 4:24-31). ძველი აღთქმის ისრაელისთვის ღმერთის მამად წარმოდგენა, რა თქმა უნდა, უცხო არ იყო. თუმცა ამ შემთხვევაში ღმერთი თავისი ხალხის უფლად, დამცველად და მფარველად მოიაზრებოდა (Словарь библейского богословия. Ст. 751). ახალაღთქმისეულ ეპოქაში კი ღმერთის მამობის იდეა სრულიად ახალი მნიშვნელობით გაიაზრება და უსასრულოდ ღრმავდება.
ქრისტეში კაცობრიობა სამუდამოდ შეუერთდა ღმრთეებას. ჩვენი ბუნება ნამდვილად იქნა ღმრთის მიერ მიშვილებული. როდესაც ღმერთს კადნიერად მივმართავთ სიტყვებით: "მამაო ჩვენო...", ამით ვამოწმებთ, რომ ეკლესიაში ქრისტესთან თანასხეულობისა და ქრისტეში მონიჭებული საღმრთო მადლის წყალობით ღმრთის შვილები გავხდით. ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობის ასეთი ღრმა სიახლოვე ძველი აღთქმისთვის, უეჭველია, უცნობი იყო.
აბსოლუტური მონოთეიზმი იუდეველებს წარმართი ხალხებისგან განასხვავებდა. მაგრამ ისრაელმა ღვთაების ბუნება არ იცოდა და ამიტომ ღმერთის ერთობის, ანუ ღვთაების ერთადერთობის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა ჰქონდა.
ქრისტიანობაში ერთღმერთიანობის ჭეშმარიტება უფრო სრულად გამობრწყინდა. სახარებისეულ უწყებაში გვეცხადება ღმერთის სამერთობის საიდუმლო. ღმერთი ერთია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ღმერთი არ არსებობს და, არა მხოლოდ თავისი ბუნების ერთობის, სიმარტივისა და უცვალებლობის გამო. ღმერთი ერთია იმ აზრითაც, რომ წმინდა სამებაში ერთ "საწყისს" — მამის პიროვნებას — ვჭვრეტთ. მამისგან მარადიულად იშვება ძე და მარადიულად გამოვალს სულიწმიდა.
ეს აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ღმერთის ერთობაზე ვსაუბრობთ. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "როდესაც ღმერთს ვამბობ, ვგულისხმობ მამას, ძეს და სულიწმიდას. არა იმიტომ, თითქოსდა ვფიქრობდე, რომ ღმრთეება განაწილებულია — ეს ცრუ ღმერთების აღრევა, ანუ პოლითეიზმში დაბრუნება იქნებოდა; და არც იმიტომ, რომ ღმრთეება ერთ მთლიანობში შეკრებილად მიმაჩნია, ლოგოსთა განსხვავების გარეშე — ეს ღმრთის დაკნინების მიმანიშნებელი იქნებოდა. ამიტომ არ იუდეველობაში შთავარდნა მსურს, ღმრთის ერთმმართველობის გამო, და არც ელინობაში — ღმერთების სიმრავლის გამო" (Св. Григорий Богослов. Слово 45, на Святую Пасху // Творения. Ч. 4. С. 126).
ამრიგად, ღვთაების, როგორც სამერთიანი ღმერთის, ქრისტიანული გაგება აღემატება იუდეველთა მონოთეიზმის შეზღუდულობას და უარყოფს წარმართული პოლითეიზმის ცდომილებას.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Догматическое богословие: курс лекций / архим. Алипий (Кастальский-Бороздин), архим. Исайя (Белов). - Сергиев Посад : Свято-Троицкая Лавра, 2014.
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2026 წ.
