ღვთისმეტყველება - დოგმატური ღვთისმეტყველება. შესავალი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
დოგმატური ღვთისმეტყველება
წმიდა ევქარისტია

ავტორები: არქიმანდრიტი ალიმპი (კასტალსკი-ბოროზდინი), არქიმანდრიტი ისაია (ბელოვი).
 
 
მკითხველისადმი
 
წინამდებარე ლექციათა კურსი დოგმატურ ღვთისმეტყველებაში შედგენილია ამ საგანში არსებული პროგრამის შესაბამისად სასულიერო სემინარიის მეორე და მესამე კლასებისთვის. თავები ან ქვეპუნქტები, რომლებიც სცილდება პროგრამის სტანდარტებს, სათაურშივე აღნიშნულია ვარსკვლავით. ამ სახელმძღვანელოს საფუძვლად დაედო ლექციათა კურსი, რომელიც მე წავიკითხე მოსკოვის სასულიერო სემინარიაში 1984-1988 წლებში.
 
არქიმანდრიტი ისაია გახლავთ კურსის მესამე ნაწილის რედაქტორი, რომლის სახელწოდებაა - "ღმერთი შემოქმედი და სამყაროს განმგებელი".
 
მადლობას ვუხდი მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორებს მ. ს. ივანოვს, ა. ი. ოსიპოვს, მღვდელმონაზონ იპატის და ყველას, ვინც თავისი საყურადღებო შენიშვნები შეიტანა ლექციათა მასალების მომზადებაში.
 
არქიმანდტირი ალიმპი.
 
 
წინასიტყვაობა
 
"მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტრე 3:15).
 
ქრისტიანობა შედგება პრაქტიკული და მჭვრეტელობითი საქმიანობისგან. უკანასკნელს ეკლესიის მამებმა ღვთისმეტყველება უწოდეს. შეუძლებელია ღვთისმეტყველების საიდუმლოებათა წვდომა და ჭეშმარიტი ჭვრეტის მიღწევა მისთვის, ვინც ვნებათაგან არ განწმენდილა პრაქტიკული საქმიანობის გზით, რომელიც მოიცავს ლოცვას, მარხვას და ქრისტეს მცნებათა აღსრულებას.
 
"დოგმატების სიღრმე გამოუკვლეველია... არცთუ უხიფათოა ღვთისმეტყველებას შეეხოს ის, ვისაც თუნდაც რაიმე ვნება გააჩნია", - წერს წმ. იოანე კიბისაღმწერელი (Преп. Иоанн, игум. Синайской горы. Лествица. Слова 20, 22, 24, 30. Сергиев Посад, 1908. С. 248–249). ამიტომაც წმიდა მამებს მიაჩნდათ, რომ სულიერი ცხოვრების დამწყებს არ მართებს დოგმატების გამოკვლევით დასაქმება. მათთვის საკმარისია ჭეშმარიტებათა აღიარება, რომლებიც მოცემულია სარწმუნოების სიმბოლოში. წმ. ბარსონუფი დიდი ასეთ რჩევას აძლევს ახალდამწყებს: "არ ვინებებდი, რომ შენ ამ წიგნებს სწავლობდე, იმიტომ რომ ისინი ზემოთ ამაღლებენ გონებას, არამედ სჯობს, ისწავლო ბერების სიტყვები, რომლებიც ქვემოთ ამდაბლებენ გონებას. მე ეს იმ მიზნით არ ვთქვი, რომ დოგმატური წიგნები დავამცირო, არამედ მხოლოდ რჩევა მოგეცი, რადგან საკვები სხვადასხვანაირია" (Преп. Варсонофий и Иоанн. Руководство к духовной жизни. Ответ 544. М., 1883. С. 346).
 
სხვა შემთხვევაში იგივე მამა ასწავლის: "არასოდეს არ იპაექრო რწმენის თაობაზე; ღმერთი არ ითხოვს შენგან ამას, არამედ - მხოლოდ იმას, რომ სამართლიანად გწამდეს, როგორც ნათლობის დროს მიიღე წმიდა ეკლესიისგან, და რომ მის მცნებებს იცავდე. დაიცავ იეს, და ცხონდები. ხოლო დოგმატებზე არ ისაუბრო, რადგან ეს შენ აღგემატება. არამედ ღმრთისადმი შენი ცოდვებისთვის ილოცე..." (Преп. Варсонофий и Иоанн. Руководство... Ответ 702. С. 436; см. также: Преп. Иоанн, игум. Синайской горы. Лествица. Слова 27, 78; его же. Слово к Пастырю. 12, 12. С. 231, 263).
 
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბარსონუფი დიდის დროს უდაბნო უსაფრთხო ადგილი იყო მწვალებელთაგან თავდასაცავად. წმიდა ბარსონუფი დიდისა და იოანეს, ასევე ამ ეპოქის სხვა ძეგლებიდან კარგად არის ცნობილი, რომ VI ს-ის უდაბნო დასახლებული გახლდათ არა მარტო მართლმადიდებელი ბერებით, არამედ ორიგენისტებით, ნესტორიანელებითა და მონოფიზიტებით. მამები გამოუცდელთ ურჩევდნენ გარიდებოდნენ მწვალებლებთან დავას, რათა თავიდან აეცილებინათ აღშფოთება და გონების დაბნელება (Преп. Варсонофий и Иоанн. Руководство... Ответ 58. С. 43).
 
მართლმადიდებლობაში თანამედროვე ვითარება ისეთია, რომ მორწმუნეთა უმრავლესობამ არ იცის ღვთისმეტყველების წვრილმანები და არც აინტერესებს იგი. მათ სწამთ ჭესმარიტებანი, რომლებიც მოცემულია ნიკეო-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოში, და ცხონდებიან ეკლესიისადმი მორჩილებით, მართლმადიდებლური ცხოვრებით. მოძღვარი, სავარაუდოდ, დაუშვებდა შეცდომას, სერიოზული მიზეზების გარეშე თუ დაიწყებდა წარსულის ურთულეს დოგმატურ პერიპეტიებზე ქადაგებას ან შეეცდებოდა, მაგალითად, ქრისტეს ორი ბუნების შეერთების განმარტებას. ჯერ კიდევ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა, რომ ყოველს არ ძალუძს, და არც ყველასთან არის შესაძლებელი ყოველთვის მსჯელობა დოგმატებზე. ამ საქმეში აუცილებელია განსჯის უნარი და წინდახედულობა (Св. Григорий Богослов. Слово 27, о богословии первое // Творения. М., 1889. Ч. 3. С. 5 и далее).
 
მაგრამ, მთლიანობაში მრევლის საღვთისმეტყველო ცოდნის არცთუ მაღალი დონე არ შეიძლება საკმარისი იყოს ეკლესიის მოძღვრისთვის. "გაუფთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც", - წერს მოციქული პავლე ტიმოთეს (1 ტიმ. 4:16).
 
სამღვდელოებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების ზუსტ ცოდნაზე. მოძღვარი თავისი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება და შესაძლოა განიოტოს მოაზროვნე ადამიანები, თუ ის "უტყვი" აღმოჩნდება მის წინაშე დაყენებული დოგმატური საკითხისადმი. სამწყსოს სულიერი და ინტელექტუალური დონის შესაბამისად, მას მართებს იქადაგოს და კერძო საუბრებში მორწმუნეებს მისცეს ზნეობრივი სწავლების "მსუბუქი საკვები" უფრო "მყარ" - საღვთისმეტყველო საკვებთან შეზავებით.
 
უდავოდ, ყოველმა მორწმუნემ უნდა საზოგადოდ მაინც უნდა იცოდეს მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების ძირითადი პოსტულატები. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს, რომ "ქრისტიანობაში არავის აქვს ნება იყოს უმეცარი და დარჩეს ასეთად. განა თვით უფალმა არ უწოდა საკუთარ თავს მოძღვარი და მის მიმდევარ მოწაფეებსაც? ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? და რატომ გააგზავნა უფალმა მსოფლიოში მოციქულები? - უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რათა განესწავლათ ერები: "დაიმოწაფეთ ყველა ხალხი ..." (მათე 28:19). შენ თუ არ გსურს სწავლა და ქრისტიანობაში საკუთარი თავის შეგონება, მაშინ შენ ქრისტეს არც მოწაფე ყოფილხარ და არც მიმდევარი, - შენთვის არ გამოუგზავნიათ მოციქულები, - შენ არ ხარ ის, რაც იყო ყველა ქრისტიანი ქრისტიანობის დასაბამიდან; მე არ ვიცი, ვინ ან რა ხარ შენ და რა ბედი გეწევა" (Митр. Московский Филарет. Слова и речи. Т. 4. 1882. С. 151–152).
 
რა თქმა უნდა, ქრისტიანული ცხოვრების მიზანი მდგომარეობს არა რაიმე საღვთისმეტყველო ცოდნის დაგროვებაში, არამედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაში, მაგრამ უეჭველია, რომ ეს მიზანი ქრისტიანული სარწმუნოების ფუძემდებლური ჭეშმარიტებების ცოდნის გარეშე მიუღწეველია. აღიარებს რა ცდომილად რწმენის საიდუმლოებებთან წმიდად ლოგიკურ (განსჯად) მიდგომას, ეკლესია ამავდროულად ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს იმისკენ, რათა ადამიანმა ისწავლოს ზეციური სიბრძნე და აღიზარდოს "შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით" (კოლას. 1:9). ის მოუწოდებს იმისკენ, რათა ქრისტიანთა რწმენა იყოს არა ბრმა, არამედ შეგნებული და გააზრებული.


წყარო: Догматическое богословие : курс лекций / архим. Алипий (Кастальский-Бороздин), архим. Исайя (Белов). - Сергиев Посад : Свято-Троицкая Лавра, 2014.

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 2022 წ. ნოემბერი.
Назад к содержимому