სწავლანი > ღვთისმეტყველება
მოძღვრება განღმრთობის შესახებ ეკლესიის მამათა თხზულებებში (I–XIV სს.)
(ნაწილი პირველი)
ავტორი: წიგნისმკითხველი ალექსი ბესპალოვი.
უეჭველია, რომ სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ ღვთიური გამოცხადების ნაწილს წარმოადგენს და მას მტკიცე საფუძველი აქვს წმიდა წერილში (იხ.: ფსალმ. 81:6; იოან. 6:56; იოან. 10:34; 2 პეტრ. 1:4; 1 იოან. 3:2; რომ. 8:29; 1 კორ. 15:49; 1 კორ. 3:16; 1 კორ. 15:28; 2 კორ. 3:18; გალ. 3:26; ეფ. 1:10; კოლ. 3:10). მიუხედავად ამისა, ცხადია ის ფაქტიც, რომ ეს სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება, ისევე როგორც სხვა ქრისტიანული დოგმატები (მაგ.: წმიდა სამების დოგმატი, უფალ იესუ ქრისტეს პიროვნების დოგმატი, ღვთისმშობელისა და მარადქალწულ მარიამის დოგმატი და სხვ. – ავტ. ა. ბ.), წმიდა წერილის ტექსტებში მხოლოდ დაფარული სახით, თითქოსდა ჩანასახოვან მდგომარეობაშია მოცემული. ბუნებრივად იბადება კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ეს ანტინომია?
ერთი მხრივ, ეკლესია ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მოგვეცა გამოცხადების სრული სისავსე (იხ.: იოან. 15:15), მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ ყველა ფუნდამენტური დოგმატი წმიდა წერილში მხოლოდ მონიშნულია, მაგრამ სრულად არ არის გამოვლენილი. ამ უმნიშვნელოვანეს, ხოლო მრავალთათვის პრინციპულ საკითხზე პასუხს წმიდა მამებთან ვპოულობთ. მაგალითად, წმიდა ირინეოს ლიონელთან ვხვდებით ასეთ სიტყვებს: "მხოლოდ ერეტიკოსთა ბოროტება გვაიძულებს ვისაუბროთ იმაზე, რაზეც დუმილი უფრო შესაფერისი იქნებოდა" (Афанасий Великий, свят. Творения: В 4 т. М.: Изд-во Спасо — Преображенского Валаамского монастыря, 1994. Т. 1. С. 260).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტიანობის ყველა საკვანძო დებულება, რომლებმაც მოგვიანებით დოგმატის სტატუსი შეიძინა, ყოველთვის წარმოადგენდა ეკლესიის ცოცხალი სარწმუნოების საგანს, თუმცა ყველა მათგანი შეიმეცნებოდა გამოცდილებით, სულიწმიდის მიერ, რომელიც, როგორც ღირსი ისააკ ასურელი წერს, ჭეშმარიტებას "ადამიანის ცხოვრების ძალისამებრ" ავლენს.
ეს ნიშნავს, რომ ღმერთი შეიცნობა არა თეორიული მსჯელობის გზით, რომელიც რომელიღაც გონებრივ გამოკვლევებს ეფუძნება, არამედ პირადი შეხვედრით, რომელიც, მაცხოვრის თქმით, მხოლოდ წმიდა გულის მქონეთათვის არის შესაძლებელი (იხ.: მათ. 5:8). თავად დოგმატები კი მხოლოდ ის საზღვრებია, რომლებსაც ეკლესია ადამიანურ გონებას უწესებს, რათა მან არ გადალახოს ნებადართული ზღვარი და არ გადაუხვიოს ჭეშმარიტ ღვთისთაყვანისცემას. ამასთანავე, ეს დოგმატური განსაზღვრებები არავითარ შემთხვევაში არ ამოწურავენ იმ რეალობას, რომელიც მათ უკან დგას.
აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ იხსნება სწავლება ადამიანის განღმრთობის შესახებ წმიდა მამათა თხზულებებში, რომელიც, როგორც სხვა დოგმატები, ზოგადი მონახაზებით არის მოცემული წმიდა წერილში (რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია მისი გადმოცემა ადამიანური ენის საშუალებით, რადგან, როგორც ნებისმიერი საიდუმლო, განღმრთობა ბოლომდე გამოუთქმელია. – ბ. ა.). წმიდა მამები თანდათანობით, კონკრეტული ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე შლიდნენ ამ მოძღვრებას და ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებას სიტყვიერ ხორცს ასხამდნენ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თავში ავტორი განზრახ არ განიხილავს განღმრთობის შესახებ იმ წმიდა მამათა და საეკლესიო მწერალთა შეხედულებებს, რომელთა თვალსაზრისი ამ საკითხზე არ ემთხვევა ადამიანის განღმრთობის მართლმადიდებლურ გაგებას, რომელიც მიღებულია ეკლესიის სრული სისავსის მიერ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი მიმოხილვა სცდება ამ სამაგისტრო დისერტაციის ფარგლებს და ცალკეული კვლევის საგანს წარმოადგენს.
განღმრთობა ნიკეამდელი პერიოდის წმიდა მამათა თხზულებებში
წმიდა ეგნატე ანტიოქიელი
წმიდა მამებისეული სწავლების საწყისები განღმრთობის შესახებ უკვე შეიმჩნევა მოციქულებრივ კაცთა ნაშრომებში. მოციქულთა უშუალო მიმდევართა ლიტერატურული მემკვიდრეობის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ისინი, ჩვეულებრივ, არ ეძლევიან გონებრივ ჭვრეტას, არამედ ისწრაფვიან იმისკენ, რათა ცხონებაზე ისაუბრონ ადამიანის მიერ უკვდავებისა და უხრწნელების მიღწევის კონტექსტში.
ეკლესიის მამათაგან ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ვხვდებით მსჯელობას ამ თემაზე, არის წმიდა ეგნატე ანტიოქიელი (37–107 წწ.). მისთვის განღმრთობა არ არის მხოლოდ ზნეობრივი მსგავსება ქრისტესთან, არამედ მასთან უშუალო ერთობის მისტიკაა. ამ მისტიკური ღვთიური ზიარების საწინდარი მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტიანი მოწოდებულია, გახდეს უფალ იესუ ქრისტეს ტაძარი.
როგორც ვხედავთ, წმიდა ეგნატი ამ საკითხში უშუალოდ მისდევს მოციქულ პავლეს (იხ.: 1 კორ. 3:16). ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ის წერს: "ყველაფერი ისე ვქნათ, თითქოს ის თავადვე იყოს ჩვენში, რათა ჩვენ ვიყოთ მისი ტაძრები, ხოლო ის მკვიდრობდეს ჩვენში როგორც ღმერთი" (Писания мужей апостольских. – Издательский Совет Русской Православной Церкви, 2008. С. 338) (ძვ. ქართ.: "ყოველსავე ესრეთ ვიქმოდით, ვითარმცა იგი თავადი ჩუენ შორის მკჳდრ იყო, რაჲთა ვიქმნნეთ ტაძარ მისსა და იგი თავადი მკჳდრ იყოს ჩუენ შორის, ვითარცა ღმერთი" (მეათერთმეტე ეპისტოლე წმიდისა ეგნატისი ეფესელთა მიმართ. https://karibche.ge/skhvadaskhva/stsavlebani/13768-meatherthmete-epistole-tsmidisa-egnatisi-efeseltha-mimarth.html).
ამრიგად, ჭეშმარიტი ქრისტიანები, წმიდა ეგნატეს აზრით, ღვთისმტვირთველნი ხდებიან. ამის მიღწევა კი, მღვდელმთავრის თქმით, შესაძლებელია სულიწმიდის მოხვეჭით, სახარებისეული მცნებების აღსრულებით, რათა "ერთი ერთობით იყვნეთ დამტკიცებულ, ერთი ნებით და ერთი გონებით" (იქვე); ან კიდევ: "ერთი ერთობით ერთნება იყვნეთ ღმრთისმიერი შეერთებით" (იქვე).
ჩვენი ხსნა წმიდა ეგნატე ანტიოქიელს ესმის, როგორც სიკვდილის განადგურება, უხრწნელებისა და უკვდავების მონიჭება. "სახარება, – წერს ის, – უხრწნელების აღსრულებაა" (Писания мужей апостольских. – Издательский Совет Русской Православной Церкви, 2008. Там же. С. 362).
ქრისტე მაცხოვარში, მისი სიკვდილის მიერ, გამობრწყინდა ჩვენი სიცოცხლე. ის აღდგა და აღვდგებით ჩვენც, მისდამი მორწმუნენი, "რამეთუ მის გარეშე არა გვაქვს ჭეშმარიტი სიცოცხლე" (იქვე, გვ. 350). ამ უხრწნელებასა და საუკუნო სიცოცხლისთვის აღდგომის შესაძლებლობას მორწმუნეებს ანიჭებს ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც არის "უკვდავების წამალი, არა მხოლოდ სიკვდილისგან დამცველი, არამედ საუკუნო სიცოცხლის მომნიჭებელი იესუ ქრისტეში" (იქვე, გვ. 340.).
ევქარისტიას ასეთი ძალა აქვს იმიტომ, რომ ის არის ხორცი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც მან შესწირა მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისთვის. ამრიგად, წმიდა ეგნატეს აზრით, ჩვენი ხსნის საფუძველია იესუ ქრისტეს მოვლინება ქვეყანაზე, ვნებანი და აღდგომა, მისი მიღწევის საშუალებაა – ევქარისტია, მიზანი კი – აღდგომა და უხრწნელი სიცოცხლე.
წმიდა ეგნატე ანტიოქიელის სოტერიოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წმიდა ირინეოს ლიონელზე (130-200 წწ.), ხოლო მისი მეშვეობით – მომდევნო წმიდა მამებზეც და, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ათანასე ალექსანდრიელზე (296-373 წწ.). ერთ-ერთი თანამედროვე რუსი პატროლოგის აზრით, ანტიოქიელი მღვდელმთავრის მოძღვრებამ ხელი შეუწყო ხსნის, როგორც ადამიანური ბუნების გარდაქმნის შესახებ ხედვის ზუსტ ჩამოყალიბებას (См.: Скурат К. Е. Учение о спасении святителя Афанасия Великого. М.: Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006. С. 31).
წმიდა ირინეოს ლიონელი
"თავისი ეპოქის მწერალთა შორის, – წერს ცნობილი რუსი ღვთისმეტყველი და პატროლოგი, არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი), – წმ. ირინეოსის გავლენა განსაკუთრებით დიდია, რამეთუ ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ მასზე ადრე მოღვაწე აპოლოგეტებთან შედარებით. ადამიანის განღმრთობის მოძღვრებაში ის ათანასე დიდის უშუალო წინამორბედია" (иприан (Керн), архим. Антропология св. Григория Паламы. Киев: Изд-во имени святителя Льва, папы Римского, 2005. С. 98).
წმ. ირინეოს ლიონელის სოტერიოლოგიის უმნიშვნელოვანესი და, შეიძლება ითქვას, ამოსავალი წერტილი არის ღვთის სიტყვის განკაცების დოგმატი, ხოლო მისი საბოლოო წერტილი – მოძღვრება ადამიანის განღმრთობის შესახებ. თავისი სოტერიოლოგიური პოზიცია ლიონელმა მღვდელმთავარმა გადმოგვცა რეკაპიტულაციის (ლათ. recapitulatio – მეთაურობა, რაიმეს პირვანდელი სახით ან პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა) თეორიის კატეგორიებში, რომლის მიხედვითაც, მაცხოვარმა მთელი თავისი ცხოვრებით: შობით, ვნებით, სიკვდილითა და აღდგომით, – თითქოსდა უკუაქცია ადამის დაცემა. წმ. ირინეოსი იწყებს ანთროპოლოგიით.
მისი აზრით, მართალია სამოთხეში პირველი ადამიანები უმჭიდროვეს ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ღმერთთან, მაგრამ ის სრულყოფილება, რომლისკენაც ისინი იყვნენ მოწოდებულნი, მათ ერთბაშად, სრული სისავსით, მათი შექმნის მომენტშივე ვერ მიეცემოდათ. მხოლოდ ღვთის სულში თავისუფალი და ხანგრძლივი ყოფნის პირობებში "მიიწევს წინ ადამიანი სრულყოფილებისკენ" (Ириней Лионский, свят. Против ересей. Доказательство апостольской проповеди/ Перевод протоиерея П. Преображенского, Н. И. Сагарды. – СПб.: «Издательство Олега Абышко», 2008. С. 443), რათა გახდეს შემძლე, სრულად განახორციელოს თავისი დანიშნულების ღვთიური იდეა, რომელიც ადამიანური ბუნების სრულყოფილ განღმრთობაში მდგომარეობს. მღვდელმთავარი თანმიმდევრულად და დაჟინებით ატარებს იმ აზრს, რომ ადამიანის აღმასვლა ღვთისმსგავს ღირსებამდე მისი თავისუფალი არჩევანის შედეგი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ პირველქმნილმა ადამიანებმა სათანადოდ ვერ გამოიყენეს თავიანთი თავისუფლება. ეშმაკისეულ ცდუნებას დამორჩილებულნი, ისინი განუდგნენ ღმერთს და გაწყვიტეს მასთან ცხოველმყოფელი კავშირი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვაში დაცემის შემდეგ ადამიანმა დაკარგა შემოქმედისადმი თავისი მსგავსების უნარი, ამას ხელი არ შეუშლია ადამიანთან დაკავშირებით ღვთის საუკუნო განზრახვის აღსრულებისთვის. რამეთუ ჩვენი ხსნის იკონომია, წმ. ირინეოსის სწავლებით, ღვთის გამოუთქმელ სიყვარულსა და მის მიერ შექმნილი ადამიანის მიმართ მოწყალებას ეფუძნება. ეს სიყვარული და მოწყალება ღვთის განკაცებაში გამოიხატა.
ადამიანური ბუნების შეთვისებითა და განღმრთობით, ქრისტემ, როგორც მეორე ადამმა, აღგვიდგინა ღვთისმსგავსებაში ზრდის შესაძლებლობა. "აღადგენდა რა ადამიანს საკუთარ თავში, – წერს წმ. ირინეოსი, – ის, უხილავი, ხილული იქმნა, უსაზღვრელი – შემოსაზღვრული გახდა, უვნებელი კი – ვნებული, და სიტყვა კაცი იქმნა, რათა ყველაფერი აღედგინა საკუთარ თავში" (Ириней Лионский, свят. Против ересей. Доказательство апостольской проповеди/ Перевод протоиерея П. Преображенского, Н. И. Сагарды. – СПб.: «Издательство Олега Абышко», 2008. С. 283).
ლიონელი მღვდელმთავარი ქრისტეს განკაცებაში მიუთითებს განუყოფელ კავშირზე ადამიანისადმი ღვთის მიმსგავსებასა და ღვთისადმი ადამიანის მიმსგავსებას შორის. "ღვთის სიტყვა დაემკვიდრა ადამიანში, – ამბობს ის, – რათა შეაჩვიოს ადამიანი ღვთის მიღებას, ხოლო ღმერთი – ადამიანში დამკვიდრებას" (იქვე, გვ. 300.).
უდავოდ, ღვთის განკაცების დოგმატის გახსნაში წმ. ირინეოს ლიონელის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ის არის, რომ ეკლესიის მამათაგან მან პირველმა ვრცლად და სრული სიცხადით გამოთქვა აზრი ადამიანის განღმრთობასთან ღვთის განკაცების უშუალო კავშირის შესახებ.
თავის აპოლოგიაში წმ. ირინეოსმა დაწერა ცნობილი სიტყვები: "ღვთის სიტყვა კაცი იქმნა, და ძე ღვთისა – ძე კაცისა, რათა ადამიანი …. გახდეს ძე ღვთისა" (იქვე, გვ. 296), რომელიც, როგორც სრულიად სამართლიანად აღნიშნავს მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ეკლესიის შემდგომ მამათა სწავლებაში განღმრთობის შესახებ მოძღვრების ქვაკუთხედად იქცა (См.: Иларион (Алфеев), игум. Преподобный Симеон Новый Богослов и Православное Предание. – СПб.: Алетейя, 2001. С. 415).
(ნაწილი მეორე)
წმიდა ათანასე ალექსანდრიელი
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ წმიდა ათანასე ალექსანდრიელი გახდა განღმრთობის შესახებ ეკლესიის სწავლების კლასიკური გამომხატველი. ეს სწავლება მისთვის თვით ქრისტიანობის არსია. ადამიანის განღმრთობის შესაძლებლობის მთავარი წინაპირობა წმიდა ათანასე დიდთანაც, ისევე როგორც წმიდა ირინეოს ლიონელთან, ღვთის განკაცებაა. ადამიანური ბუნების განღმრთობა, წმიდა ათანასეს სწავლებით, ღვთის სიტყვის მიერ წმიდა სულით "მარადქალწულის საშოში" ჩამოსვლისა და მის მიერ ადამიანური ბუნების შეთვისების შედეგია. წმიდა ათანასე დიდის მიხედვით, ადამიანი ეღირსა უმაღლესი პატივი, რომელიც ანგელოზთაც კი არ გააჩნიათ: ის ღმერთთან ჭეშმარიტ თანაზიარებაშია მიღებული.
ღვთის ძის იპოსტასში თავად ღვთაება თანაეზიარა კაცობრიობას, ხოლო კაცობრიობა ღვთაებაში განიღმრთო. განღმრთობა უმნიშვნელოვანესი შედეგია უფალ იესუ ქრისტეს მთელი მიწიერი მსახურებისა. ქრისტე სწორედ იმიტომ მოვიდა ქვეყნად, რომ განეწმიდა და განეღმრთო კაცთა მოდგმა. "ის განკაცდა, – წერს წმიდა მამა, – რათა ჩვენ განვიღმრთოთ" (Афанасий Великий, свят. Творения: В 4 т. М.: Изд-во Спасо — Преображенского Валаамского монастыря, 1994. Т. 1. С. 260). ამ ფორმულაში სრულად არის გამოხატული წმიდა ათანასე ალექსანდრიელის სოტერიოლოგიის არსი. მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ათანასეს ღვთისმეტყველებაში ძალზე ნათლად არის გამოკვეთილი ქრისტოლოგიური ასპექტი და იგი მუდამ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი განღმრთობა ღვთის ძის განკაცების წყალობით კვლავ შესაძლებელი გახდა, ადამიანის ხსნის საქმე, მისივე თქმით, მთელი ყოვლადწმიდა სამების საქმეა. მამა ღმერთმა თავისი ყოვლადძლიერებითა და ღვთაებრივი ნებით საუკუნოდ განსაზღვრა ჩვენი ხსნის განგებულების მსვლელობა. ხოლო შემდგომ, ისტორიის გარკვეულ მომენტში, ღვთაება იპოსტასურად, ღვთის სიტყვის იპოსტასში შეუერთდა ადამიანურ ბუნებას.
ახლა, სულთმოფენობის შემდეგ, წმიდა სულის შუამავლობით მორწმუნენი ღვთაებრივი ბუნების თანაზიარნი ხდებიან (შდრ.: 2 პეტრ. 1:4). "სული, – წერს წმიდა მამა, – ყოველთვის ერთი და იგივეა. ის არ არის ზიარებულთა რიცხვში, მაგრამ ყველა მას ეზიარება"… "წმიდა სულში ღვთის ძე განაღმრთობს ქმნილებას და ის მამასთან მიჰყავს" (Цит. по: Скурат К. Е. Учение о спасении святителя Афанасия Великого. М.: Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006. С. 253). "ამაში, – წერს არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი), – ნათლად ჩანს დოგმატური აზროვნების განვითარების გზაზე წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი. აქ წმიდა ათანასე შორს უსწრებს თავის მასწავლებლებს, პლატონისტურ ალექსანდრიელებს, და მისტიურ ტრადიციაში ხსნის ახალ, წმინდად ქრისტიანულ ეპოქას. წმიდა სულის მოპოვება – აი, რაც არის მთავარი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში" (Киприан (Керн), архим. Антропология св. Григория Паламы. Киев: Изд-во имени святителя Льва, папы Римского, 2005. С. 143). მიუხედავად იმისა, რომ საუკუნო ცხოვრება ქრისტეში ღვთის ნიჭია (იხ.: რომ. 6:23), მაინც, წმიდა ათანასე ალექსანდრიელის აზრით, ღმერთთან არსებითი ზიარების მისაღწევად ადამიანს ესაჭიროება ზნეობრივი სისპეტაკე და სიწმიდე. სწორედ ეს არის აუცილებელი პირობა, რომლის წყალობითაც ადამიანი იძენს საშუალებას, უმჭიდროესად შეუერთდეს წმიდა სულს. თუმცა, როგორც სამართლიანად აღნიშნავს პროფ. ი. ვ. პოპოვი: "წმიდა ათანასეს იდეალი თავის უკანასკნელ საფუძვლებში არ არის მორალური იდეალი, თუმცა ზნეობრივი ელემენტი მის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს".
იდეალური ადამიანის წარმოდგენაში წმიდა ათანასე აუცილებელ ნიშნად მიიჩნევს ზნეობრივ სისპეტაკესა და სიწმიდეს, მაგრამ ეს ზნეობრივი სრულყოფილება არ წარმოადგენს ადამიანის მისწრაფებათა უკანასკნელ მიზანს... მორწმუნის მისწრაფებათა უკანასკნელ და უმაღლეს მიზანს წარმოადგენს განღმრთობა " (Попов И. В. Труды по патрологии. Т.1: Святые отцы II-IV вв. / Под. ред. А. И. Сидорова. М.: Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2004. С. 92).
ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ წმიდა ათანასე დიდის სოტერიოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესია არა ადამიანური ცხოვრების ზნეობრივი ასპექტი, როგორც თვითმყოფადი ღირებულება, არამედ განღმრთობა, როგორც ადამიანის მთელი არსების გარდასახვა ღმერთში. რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევა შეუძლებელია ცოდვაში ყოფნით; ადამიანის სვლა ღვთისკენ გულისხმობს გარკვეულ ზნეობრივ კათარზისს. თუმცა ჩვენი გარდასახვის ზღვარი ვერ იქნება მხოლოდ ადამიანის ზნეობრივი ტრანსფორმაცია. ხსნა არის განღმრთობა, ანუ ქმნილი ადამიანური ბუნების მაქსიმალური ზიარება არაქმნილ ღმერთთან, მაგრამ ზიარება შეურევნელი და უცვალებელი, ადამიანის პიროვნული თავისებურებების განადგურების გარეშე.
დიდი კაპადოკიელები
განღმრთობასთან დაკავშირებით, წმიდა ათანასე ალექსანდრიელის სწავლებისთვის დამახასიათებელ თვისებათა უმრავლესობა აითვისეს და განავითარეს კაპადოკიელმა მამებმა: ბასილი კესარიელმა (330–379 წწ.), მისმა მეგობარმა გრიგოლ ნაზიანზელმა (330–389 წწ.) და უმცროსმა ძმამ გრიგოლ ნოსელმა (331–395 წწ.). წმიდა ათანასე ალექსანდრიელის სწავლებამ წმიდა სულის განგებულების შესახებ შემდგომი განვითარება ჰპოვა წმიდა ბასილი დიდის სოტერიოლოგიაში, რომელმაც ამ თემაზე ცალკე ტრაქტატი დაწერა სახელწოდებით "წმიდა სულის შესახებ".
ღვთის ძის მიერ აღსრულებული კაცთა მოდგმის ხსნა წმიდა სულით შენდება. სწორედ ღვთის სულით აღესრულება მაცხოვნებელი მოქმედებები ადამიანებში. "და როგორც ბრწყინვალე და გამჭვირვალე სხეულები, – წერს წმიდა ბასილი, – როდესაც მათზე სინათლის სხივი დაეცემა, თვითონაც მანათობელნი ხდებიან და ახალ სხივს ასხივებენ, ასევე სულით აღსავსე სულები, სულით განათებულნი, თვითონაც სულიერნი ხდებიან და სხვებზე გადმოღვრიან მადლს. აქედან მომდინარეობს: მომავლის წინასწარმეტყველება, საიდუმლოებათა გულისხმისყოფა, დაფარულის შეცნობა, ნიჭთა დარიგება, ზეციური ცხოვრება, ანგელოზთა თანა სიხარული, დაუსრულებელი მხიარულება, ღმერთში დამკვიდრება, ღმრთისადმი მსგავსება და სასურველის უკიდურესი ზღვარი – განღმრთობა" (Василий Великий, свят. Творения: В 2 т. Т. 1. Догматико- полемические творения. Экзегетические сочинения. Беседы. Прил.: Архиеп. Василий (Кривошеин). Проблема познаваемости Бога. – М.: Сибирская Благозвонница, 2008. С. 114).
განღმრთობის შესახებ წმიდა ბასილი კესარიელის სწავლებაში უმნიშვნელოვანესი ის არის, რომ ის განასხვავებს ღვთის არსებასა და მის ენერგიებს. ღვთაებრივი არსებისა და ღვთაებრივი ენერგიების ეს განსხვავება წმიდა მამის ღვთისმეტყველებაში განპირობებულია მისი სწრაფვით, არ დაუშვას ქმნილებისა და შემოქმედის შერევა, რაც დამახასიათებელი იყო ელინისტური ფილოსოფიისთვის, მაგალითად, პლოტინისთვის. წმიდა ბასილი ხაზგასმით ამბობს, რომ ღვთის არსება ადამიანისთვის სრულიად მიუწვდომელია. ღმერთი მხოლოდ თავის ენერგიებში, ანუ მოქმედებებში შეიცნობა. "ენერგიები მრავალრიცხოვანია, ღვთის არსება კი – მარტივი, – წერს წმიდა მამა, – და როდესაც ღმერთზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში, ჩვენ მის ენერგიებს შევიცნობთ. ჩვენ ვერ ვბედავთ მივუახლოვდეთ მის არსებას. მისი ენერგიები გარდამოდიან ჩვენზე, მაგრამ არსება მიუწვდომელი რჩება" (Цит. по: Зайцев Е. Учение В. Лосского о теозисе / (Серия «Богословские исследования»). – М.: Библейско-богословский институт св. апостола Андрея, 2007. С. 69). ამ აზრის დამტკიცებით, წმიდა ბასილი დიდი განჭვრეტს ამ იდეის შემდგომ განვითარებას წმიდა გრიგოლ პალამას შრომებში, რაც ბიზანტიური ღვთისმეტყველების გვიანდელ პერიოდში განხორციელდა.
განღმრთობის შესახებ სწავლების შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ორმა სხვა კაპადოკიელმა მამამაც – წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა და წმიდა გრიგოლ ნოსელმა. სწორედ წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი, როგორც აღნიშნავს ვ. მ. ლურიე, იყო ეკლესიის ის მამა, რომელმაც მომავლის ყველა დროისთვის დააკანონა და სავალდებულოც კი გახადა ტერმინ "განღმრთობის" გამოყენება (См.: Лурье В. М. История Византийской философии. Формативный период. – СПб.: Axioma, 2006. С. 76). მიტროპოლიტ ილარიონ (ალფეევის) აზრით, განღმრთობის თემა წმიდა მამისთვის "ცენტრალურია და სწორედ მის შემდეგ იქცევა იგი ქრისტიანული აღმოსავლეთის მთელი რელიგიური ცხოვრების გულად და იმ იდეად, რომლის გარშემოც ტრიალებენ დოგმატიკის, ეთიკისა და მისტიკის ძირითადი საკითხები" (Иларион (Алфеев), иером. Жизнь и учение св. Григория Богослова. М., 1998. С. 383).
ზუსტად ისევე, როგორც ზემოთ დასახელებული ეკლესიის მამები ასწავლიდნენ, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველიც ცხონების საბოლოო მიზანსა და დასრულებას ადამიანური ბუნების გარდაქმნაში (ფერისცვალებაში) ხედავს. "საუკუნითგან ღმერთი იყავი, ქრისტე, – წერს წმიდა მამა, – კაცად კი უკანასკნელ დღეებში გამოგვეცხადე, რათა, იმის შემდეგ, რაც კაცად იქმენ, მე გარდამსახო ღმერთად" (Григорий Богослов, свят. Творения: В 2 т. Т. 2. Стихотворения. Письма. Завещание. Прил.: А. В. Говоров. Св. Григорий Богослов как христианский поэт. – М.: Сибирская Благозвонница, 2007. С. 179). ღვთის ძე სწორედ იმიტომ განკაცდა, რომ ადამიანი ქცეულიყო "ღმერთად, რომელიც ამაღლდა მიწიდან ჩვენთვის ზეგარდმოშობილის მიერ" (Григорий Богослов, свят. Творения: В 2 т. Т. 1. Слова. Прил.: Свящ. Н. Виноградов. Догматическое учение св. Григория Богослова. – М.: Сибирская Благозвонница, 2007. С. 375).
ამრიგად, წმიდა გრიგოლისთვის უფალ იესუ ქრისტეს ადამიანური ბუნების განღმრთობა წარმოადგენს ნიმუშს, რომელთანაც შეფარდებულია ანალოგიით გააზრებული ჩვენი განღმრთობაც. თუმცა ხსნის განგებულებაში განღმრთობა მხოლოდ განკაცების მოვლენით არ შემოიფარგლება. ეკლესიის ტრადიციის შესაბამისად, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ხსნას სინერგიის, ანუ ღვთის მადლსა და ადამიანურ თავისუფლებას შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით მოიაზრებს. თანამშრომლობის ცნების განვითარებით, ის ამტკიცებს, რომ ქრისტესთან ჩვენი თანაზიარება დამოკიდებულია როგორც ღმერთზე, ასევე ჩვენზეც (См.: Григорий Богослов, свят. Творения: В 2 т. Т. 1. Слова. Прил.: Свящ. Н. Виноградов. Догматическое учение св. Григория Богослова. – М.: Сибирская Благозвонница, 2007. С. 439-440). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის აერთიანებს სოტერიოლოგიას, რომლის ძირითადი პრინციპიც განკაცების წყალობით მადლის მოპოვებაა, სათნოებებში სრულყოფის ასკეტურ იდეალთან, რომლის მწვერვალიც კაცობრიობასა და ღვთაებას შორის არსებული უფსკრულის გადალახვაა. ამ უფსკრულის გადალახვის კვალობაზე ადამიანი ღვთის ძე ხდება.
ქრისტიანის გზა ღვთისშვილობისკენ, როგორც წმიდა გრიგოლი ასწავლის, ეკლესიის წიაღში, წმიდა საიდუმლოებში მონაწილეობაზე გადის. ეკლესია, წერს იგი, არის ერთი სხეული, "სულის ჰარმონიით შეკრული და შეერთებული… სრულყოფილი და ღირსი თვით ქრისტესი – ჩვენი თავისა" (Цит. по: Иларион (Алфеев), иером. Жизнь и учение св. Григория Богослова. М., 1998. С. 386). მასში ყოველი მორწმუნე ქრისტიანი მოწოდებულია, "ქრისტესთან ერთად დაეფლოს, ქრისტესთან ერთად აღდგეს, ქრისტეს თანამემკვიდრე გახდეს, ღვთის ძედ იქცეს და ღმერთი ეწოდოს" (იხ. იქვე. გვ. 386).
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიხედვით, ეკლესიის საიდუმლოებათა შორის უმნიშვნელოვანესი ნათლისღებისა და ევქარისტიის საიდუმლოებებია. ნათლისღებაში, წმიდა სულის განმანღმრთობელი მოქმედების წყალობით, ადამიანის ხელახალი შობა და განახლება ხდება. "(სული), – წერს წმიდა მამა, – ნათლისღებაში განმაღმრთობს მე. სულისგანაა ჩვენი ხელახალი შობა, ხელახალი შობიდან კი – განახლება… სული ადამიანს ტაძრად, ღმერთად და სრულყოფილად აქცევს, ამიტომაც ის წინ უსწრებს ნათლისღებას და ნათლისღების შემდეგაც მოიძიება" (Григорий Богослов, свят. Творения: В 2 т. Т. 1. Слова. Прил.: Свящ. Н. Виноградов. Догматическое учение св. Григория Богослова. – М.: Сибирская Благозвонница, 2007. С. 389). რაც შეეხება ევქარისტიის საიდუმლოს, მასში მონაწილეობით, როგორც წმიდა გრიგოლი ამბობს, "ჩვენ ქრისტეს, მის ვნებებსა და მის ღვთაებას ვეზიარებით" (Григорий Богослов, свят. Творения: В 2 т. Т. 1. Слова. Прил.: Свящ. Н. Виноградов. Догматическое учение св. Григория Богослова. – М.: Сибирская Благозвонница, 2007. С. 76).
საიდუმლოებებში მონაწილეობასთან ერთად, ადამიანური ბუნების გარდასახვისკენ მიმავალი გზა, წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის სწავლებით, ღვთის სათნო საქმეებში აქტიურ მონაწილეობასა და ასკეტური ცხოვრების წესზე გადის, რაც ასევე უწყობს ხელს ადამიანის განღმრთობას. "გამოავლინე შენი მოღვაწეობა, – წერს წმიდა გრიგოლი, – არა ბოროტების კეთებაში, არამედ სიკეთის ქმნაში, თუკი გსურს, ღმერთი განიღმრთო" (Цит. по: Иларион (Алфеев), иером. Жизнь и учение св. Григория Богослова. М., 1998. С. 388). და ბოლოს, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის აზრით, ადამიანის განღმრთობის მისაღწევად კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საშუალებაა გულწრფელი, ადამიანის გულის სიღრმეებიდან აღვლენილი ლოცვა, რომელიც ღვთისკენ ადამიანის აღმავლობის მისტიკურ გამოცდილებას წარმოადგენს. ლოცვით ღვთისკენ აღმავალი ადამიანი ღვთისშემეცნების გარკვეულ გამოცდილებას იძენს, რომელიც, მიზანთან – განღმრთობასთან – მიახლოების კვალობაზე, მისთვის სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება.
ადამიანის განღმრთობის იდეა ასევე დამახასიათებელი იყო წმიდა გრიგოლ ნოსელისთვის. როგორც არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი) წერს: "წმიდა გრიგოლი ადამიანის განღმრთობას მოიაზრებს როგორც კონკრეტულ რეალობას, და არა როგორც მოწყვეტილ ცნებას ან აბსტრაქტულ იდეას" (Киприан (Керн), архим. Антропология св. Григория Паламы. Киев: Изд-во имени святителя Льва, папы Римского, 2005. С. 164). განღმრთობის შესახებ სწავლებაში წმიდა გრიგოლ ნოსელი ორიგინალურობით არ გამოირჩევა; ის მიჰყვება იმ წმიდა მამებს, რომლებმაც ეს თემა მასზე ადრე განავითარეს, და უპირველეს ყოვლისა, წმიდა ირინეოს ლიონელსა და ათანასე ალექსანდრიელს. განკაცებაზე ის საუბრობს როგორც ღვთისა და კაცობრიობის შეერთებაზე, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი, ანუ კაცობრიობა, განიღმრთობა. მისივე თქმით, ღმერთი "შეერია ჩვენს ბუნებას, რათა ღვთაებრივთან ამ შერევის წყალობით ჩვენი ბუნება განღმრთობილიყო" (Григорий Нисский, свят. Большое огласительное слово / Под ред. Ю. А. Вестеля. – Киев: «Пролог», 2003. С. 196).
როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ასევე ნოსელი მღვდელმთავარი განუმეორებელ მნიშვნელობას ანიჭებენ ეკლესიის საიდუმლოებებს. განსაკუთრებით ნათლისღებასა და ევქარისტიას, რომელთა მეშვეობითაც ღვთის ძე წმიდა სულის შუამავლობით აგრძელებს თავის გამომსყიდველ მსახურებას კაცთა შორის. წმიდა გრიგოლის სწავლებით, ადამიანი ნათლისღების მეშვეობით იღებს ახალი, უკვე განღმრთობილი ბუნების საწყისს, ხოლო ეს ახალი ადამიანური ბუნება ევქარისტიით იკვებება. "დიდი კატეხიზმოს" კარგად ცნობილ მონაკვეთში ის ამტკიცებს, რომ "ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღება განაღმრთობს მას, ვინც მათ ეზიარება" (Григорий Нисский, свят. Большое огласительное слово / Под ред. Ю. А. Вестеля. – Киев: «Пролог», 2003. С. 284).
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
ადამიანის განღმრთობის თემა ცენტრალური გახდა კიდევ ერთი, როგორც მკვლევარი წერს, უბრწყინვალესი (См.: Епифанович С. Л. Преп. Максим Исповедник и византийское богословие. – М.: Мартис, 1996. С. 11) მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის – ღირსი მაქსიმე აღმსარებელის (580–662 წწ.) ღვთისმეტყველებაში. ღირსი მაქსიმეს ღვთისმეტყველება ღრმად ქრისტოცენტრულია. ისევე როგორც წმიდა მამათა უმრავლესობისთვის, მისთვისაც განკაცება განღმრთობის მთავარი წინაპირობაა. "ღმერთი იმიტომ გახდა კაცი, – წერს იგი, – და ღვთის ძე – კაცის ძე, რათა ჩვენ ღმერთებად და ღვთის ძეებად გვაქციოს" (Максим Исповедник, преп. Творения: В 2-х кн. Книга I: Богословие и аскетические трактаты. – М.: Мартис, 1993. С. 238). თუმცა მონოთელიტურ დოქტრინასთან დაკავშირებული პოლემიკის გამო, ღირს მამას გარკვეული დაზუსტება შეაქვს სწავლებაში განღმრთობის შესახებ.
მონოთელიტთა წინააღმდეგ გამოსვლისას, რომლებიც ქრისტეში ერთადერთი ნებისა და ერთადერთი ენერგიის არსებობას აღიარებდნენ, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამტკიცებდა, რომ ქრისტემ ადამიანურ ბუნებასთან ერთად ადამიანური ნებაც მიიღო. მისი აზრით, გამოხსნის საქმე წარმატებით ვერ აღსრულდებოდა რომ არ განკურნებულიყო ის ნება, რომელიც დაცემის მიზეზი გახდა.
ქრისტეს ნება, რომელიც იპოსტასური ერთობის ძალით სრულიად ემთხვეოდა ღვთაებრივ ნებას, სრულიად თავისუფალი იყო ვნებისმიერი დამახინჯებისგან. აღმსარებლის აზრით, ნების ერთობა არ არის წმინდად გონებრივი, ის გულისხმობს ღვთაებრივისა და ადამიანურის ჭეშმარიტ ურთიერთშეღწევადობას. ადამიანური მოქმედება ღვთაებრივი ენერგიით განიმსჭვალება და მასთან ერთად მოქმედებს ისეთივე განუყოფელ ერთობაში, როგორც ეს გახურებულ რკინასა და ცეცხლს ახასიათებთ: გახურებული რკინა ერთდროულადც წვავს და ჭრის. ამრიგად, ღვთაებრივი ენერგია და ადამიანური ენერგია ონტოლოგიურად განცალკევებულნი რჩებიან, მაგრამ ურთიერთშეღწევადობის ძალით ერთიან ენერგიას წარმოადგენენ.
ქრისტიანის განღმრთობა, ისევე როგორც ქრისტეს ადამიანური ბუნების განღმრთობა, სიყვარულის მოქმედების შედეგია. სიყვარული სულის ერთობაა, ღვთაებრივი და ადამიანური ნების ერთობაა, რაც ამასთანავე გულისხმობს ღვთაებრივი მოქმედებისა და ადამიანური ნების ონტოლოგიურ ურთიერთგამსჭვალვას. აი, რას წერს ამაზე ღირსი მაქსიმე: "სასწაულთმოქმედი პავლე ამბობდა, თითქოსდა უარყოფდა საკუთარ თავს და არ იცოდა, აქვს თუ არა მასში სიცოცხლე: "მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში" (გალ. 2:20).
ნუ შეგაშფოთებთ ის, რასაც ვიტყვი: არ ვგულისხმობ, რომ უქმდება ნების თავისუფლება; პირიქით, ის კვლავ და უფრო საიმედოდ ჰპოვებს თავის ბუნებრივ მდგომარეობას... (ადამიანი) ღვთაებრივი ენერგიის მორჩილებაშია, ან, უფრო სწორად, განღმრთობის წყალობით ღმერთად იქცა და ხარობს იმით, რომ ატაცებულია იმის საზღვრებს მიღმა, რაც მან ბუნებრივად იცის, რადგან სულიწმიდის მადლი სძლევს მას და ნათელი ხდება, რომ მასში ერთი უფალი მოქმედებს; ასე, რომ ახლა ყოველივეში უკვე მხოლოდ ერთი საერთო ენერგიაა, საერთო ღვთისა და მათი, ვინც მისი ღირსია, ან, უფრო სწორად, ეს ენერგია მხოლოდ ღვთის ენერგიაა, ვინაიდან ის, თავისი სიკეთით, მთლიანად აღწევს მათში, ვინც მისი ღირსია" (Цит. по: Плакида (Дезей), архим. «Добротолюбие» и православная духовность. – М.: Православный Свято-Тихоновский гуманитарный университет, 2006. С. 102).
ღირ. მაქსიმე აღმსარებელმა ადამიანის განღმრთობის იდეალი მთელ ბუნებაზეც გაავრცელა. უფალ იესუ ქრისტეს მეშვეობით ჯერ ადამიანი განიღმრთობა, ხოლო შემდგომ, მისი მეშვეობით, მთელი ბუნებაც. როგორც ს. ლ. ეპიფანოვიჩი წერს: "ადამიანის იდეას ღირსი მაქსიმე აღმსარებლის სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ლოგოსის ხატებად, რომელიც განგებულებით მიიყვანს სამყაროს მასთან საბოლოო შეერთებამდე, ადამიანმა მიიღო დიდი დანიშნულება – ფაქტობრივად განახორციელოს ეს შეერთება და ამგვარად აღასრულოს ღვთის დიდი განზრახვა მთელი ყოფიერების განღმრთობის შესახებ" (Епифанович С. Л. Преп. Максим Исповедник и византийское богословие. – М.: Мартис, 1996. С. 75).
ღირსი იოანე დამასკელი
განღმრთობის შესახებ მამათა სწავლების შემაჯამებელ გადმოცემას ვხვდებით ღირს იოანე დამასკელთან (675–749 წწ.) (См.: Иларион (Алфеев), игум. Преподобный Симеон Новый Богослов и Православное Предание. – СПб.: Алетейя, 2001. С. 354). მის ღვთისმეტყველებაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უპყრია და თავის კვალს აჩნევს მრავალი სხვა საკითხის განმარტებაზეც. წმიდა იოანე გამოყოფს განღმრთობის სამ ძირითად ასპექტს: შექმნას, ლოგოსის განკაცებასა და ადამიანის სათნო ცხოვრებას. შექმნა მისთვის არაფერია სხვა, თუ არა ქმედება, რომელშიც ღმერთი სხვა არსებებსა თუ საგნებს ყოფიერების შესაძლებლობას ანიჭებს თვით მასთან ზიარების მეშვეობით. ღირსი იოანე საუბრობს ღვთისადმი ზიარების სხვადასხვა საფეხურზე და ხაზს უსვამს, რომ გონიერი არსებები მას ყველაზე მეტად ეზიარებიან.
დამასკელის აზრით, ადამიანის ბუნება თავიდანვე დინამიკური იყო და განკუთვნილი იყო ღმერთთან ზიარებაში თანდათანობითი ზრდისთვის. ფაქტობრივად, თავად ღვთის მიერ ადამიანის შექმნის აქტიც უკვე განღმრთობის ონტოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა. ბუკვალურად შექმნის პირველივე დღეებიდან ადამი განღმრთობის მდგომარეობაში იმყოფებოდა ღვთაებრივ ნათელთან ზიარების წყალობით. და მიუხედავად იმისა, რომ დაცემამ შეაჩერა განღმრთობის პროცესი, მან ვერ შეძლო სრულიად დაერღვია ადამიანთან დაკავშირებული ღვთის განზრახვა. განკაცებამ კვლავ მიანიჭა ადამიანს შესაძლებლობა, მოეპოვებინა ის, რისთვისაც იყო შექმნილი – ღმერთთან ერთობა. ღირსი იოანეს თანახმად, განკაცებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება განღმრთობისთვის. სრულიად საფუძვლიანი მიზეზების გამო მას განკაცების დოქტორსაც კი უწოდებენ (См.: Зайцев Е. Учение В. Лосского о теозисе С. 86). პრაქტიკულად, მისი მთავარი ნაშრომის – "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემის" – თითქმის ნახევარი განკაცების თემას ეძღვნება.
არსებითად, განკაცების მთავარი მიზანი ადამიანის განღმრთობაა. "უფალმა, – წერს ღირსი მამა, – თავისი შობის ანუ ხორცშესხმის, ნათლისღების, ვნებულებისა და აღდგომის გზით გაათავისუფლა ბუნება პირველმამის ცოდვისგან, სიკვდილისგან, ხრწნილებისგან და გახდა მისთვის დასაბამი და გზა აღდგომისა, სახედ და ნიმუშად დაგვიდო რა თავისი თავი, რომ ჩვენც მის კვალთა მიყოლით მონიჭებითად გავმხდარიყავით ის, რაც თავად ბუნებითად არის, კერძოდ - ძეები და მემკვიდრეები ღვთისა, და მისი თანამემკვიდრენი" (Иоанн Дамаскин, преп. Точное изложение православной веры. – М.: Братство святителя Алексея. – Ростов-на-Дону: Изд-во «Приазовский край». – 1992. С. 291 // ქართ. იხ.: წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თ. 86. https://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/86.htm).
ამრიგად, ქრისტე, რომელშიც ადამიანური ბუნება შეუერთდა ღვთაებრივს და რომელშიც, ამ ერთობის წყალობით, იგი განიღმრთო, ნიმუშს წარმოადგენს დანარჩენი ადამიანებისთვის. ვინაიდან ქრისტეს ადამიანური ბუნება ცხონდა, განახლდა და განმტკიცდა, დანარჩენ ადამიანთა ბუნებაც შეიძლება ცხონდეს, განახლდეს და განმტკიცდეს, ერთი სიტყვით – განიღმრთოს. შექმნასა და განკაცებასთან ერთად, ღირსი იოანე დამასკელი განსაზღვრავს განღმრთობის მესამე ძირითად ასპექტსაც, რომელიც სათნო ცხოვრებას ეხება.
როდესაც უფალ იესუ ქრისტეს იპოსტასში ჩვენი ბუნების განღმრთობაზე საუბრობს, ის არ ივიწყებს და მუდამ იმეორებს სათნოებით მოღვაწე ყოველი ქრისტიანის განღმრთობას. წმიდანები, ლოცვისა და სათნოების ღვაწლში ღმერთთან შეერთებით, იღებენ "მას საკუთარი გულის სავანეში, ეზიარებიან მას და მადლისმიერ იქცევიან იმად, რაც თვითონ არის ბუნებით" (Там же С. 304).
არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ღირს იოანესთან მამათა მთელი სწავლება განღმრთობის შესახებ, ამასთანავე, ამ განღმრთობისადმი მიმართული ლოცვის ხასიათსაც იძენს. თუკი, წმიდა ირინეოს ლიონელიდან, ათანასე ალექსანდრიელიდან და კაპადოკიელებიდან მოყოლებული, ეკლესია ღვთისმეტყველებდა განღმრთობის შესახებ, ღირსი იოანე ამაზე ლოცულობს. დამასკელი "არა მხოლოდ ამ განღმრთობილი მდგომარეობის თეორეტიკოსი და მჭვრეტელია, არამედ განღმრთობისთვის ლოცვის მოძღვარიც" (Киприан (Керн), архим. Антропология св. Григория Паламы. Киев: Изд-во имени святителя Льва, папы Римского, 2005. С. 244).
წყარო: old.spbda.ru
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. თბ. 2026 წ.
