ღვთისმეტყველება - უფლის განკაცება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
უფლის განკაცება
ავტორი: თეიმურაზ ბუაძე. ღვთისმეტყველების მეცნიერებათა დოქტორი.
 
წმიდა მამათა მიერ მართლმადიდებლობის ბურჯად წოდებულ ათანასე დიდის ერთ ადრინდელ ნაშრომში ("სიტყვის განკაცების შესახებ") მოცემულია საღვთისმეტყველო ფორმულა, რომელიც მეტად მომხიბლველი ლაკონურობით და სიღრმით გამოხატავს ღვთის განგებულებას კაცობრიობის საბოლოო მიზანთან დაკავშირებით - "ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი განღმრთობილიყო". წმინდა ათანასე ალექსანდრიელი აცხადებს, რომ ღმერთის განკაცება ადამიანის განრმრთობის აუცილებელი წინაპირობაა.
 
მრავალი წმიდა მამის საყვარელ ფრაზად ქცეული ეს ფორმულა, ცხადია, წმინდა წერილს ეფუძნება. ფსალმუნის წინასწარმეტყველური სიტყვების განმეორებით - "მე ვთქუ: ღმერთი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6; იოანე 10:34) - უფალი ღვთაებრივი ავტორიტეტით ადასტურებს, რომ მისმა განკაცებამ ღმერთად გახდომის პერსპექტივა გაუხსნა ადამიანებს.
 
პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ადამიანები ღმერთის მოდგმას განვეკუთვნებით: "აწ უკუე ვინაითგან ნათესავ ღმრთისა ვართ..." (საქმე 17:29). რაკი ღვთის მოდგმას მივეკუთვნებით, მისი მემკვიდრეებიც ვართ, ანუ მადლისმიერად შეგვიძლია ვეზიაროთ ღვთაებრივ ყოფასა და საქმეებს. ამაზე საუბრობს პეტრე მოციქულიც თავის მეორე ეპისტოლეში: "რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩვენ მოგუენიჭა, რაითა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა..." (2 პეტ. 1:4). ღმერთს, რომელიც სრულყოფილი სიყვარულია, სურს, რომ მისი ქმნილების გვირგვინი - ადამიანი (მადლისმიერი სისრულით) ეზიაროს შემოქმედის სიდიადეს, მის სიმდიდრეს, ძალასა და მშვენიერებას. ხოლო რაკი ღმერთი, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულია, მისი მიბაძვა სწორედ სიყვარულში სრულყოფილებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ავიწყდება საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვა და მზადაა, თავი დადოს ღმერთისა და მოყვასისთვის; წმინდანებს კი, სიყვარულის საქმეთა აღსასრულებლად ხშირად ჯერ კიდევ ამქვეყნად, მიწაზევე ეძლევათ უძლურებათა კურნების, ზებუნებრივი სიბრძნის, ღვთიურ საქმეთა განსჯის, მომავლის წინასწარხედვის, მკვდართა აღდგინების თუ სხვა სასწაულებრივი უნარები.
 
ცოდვისგან განწმენდილ ადამიანურ ბუნებას ამქვეყნადვე შეუძლია ღვთაებრივი ბუნებისთვის დამახასიათებელი უნარების შეძენა, ხოლო მათი სრული ფლობა კი მას პარუსიის, ანუ ახალი სამყაროს შექმნის შემდეგ მიემადლება. ამის სრულყოფილი საწინდარი - საწინდარი იმისა, რომ ადამიანური ბუნება განიღმრთობა, - არის ადამიანთა შორის ყველაზე ამაღლებული - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რადგან ის ღმერთის შესაფერი სიყვარულითა და ძალმოსილებით შეეწევა და განაგებს მთელ კაცობრიობას.
 
ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ჩვენი განღმრთობისკენ მიმავალი გზა - საღვთო განგებულებით გამოწვეული აუცილებლობით - მაცხოვრის ჯვარცმისა და მისი მკვდრეთით აღდგომის ღვთაებრივ მისტერიას უკავშირდება. ამიტომ წმინდა წერილი, საეკლესიო გადმოცემა და წმინდა მამები ერთხმად აცხადებენ, რომ ღმერთი ჩვენი გამოხსნისთვის განკაცდა. ხოლო, რაკი უფლის კაცობრივი შობა აუცილებელი იყო ადამიანის გამოხსნისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა სწავლება, ე. წ. სოტერიოლოგიურ პრინციპს გულისხმობს, რომ "ის, რაც მაცხოვარს განკაცებისას არ მიუღია (ადამიანური ბუნებიდან), არც განუკურნავს". ესაა უმთავრესი კრიტერიუმი, რომელსაც ეკლესია ერეტიკოსებთან საბრძოლველად იყენებდა; რომელთა შორის იყო, მაგალითად, აპოლინარ ლაოდიკიელის ერეტიკული სწავლებაც.
 
ლაოდიკიის ეპისკოპოსი აპოლინარი, ერთ დროს გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწისა და ავტორის რეპუტაციით სარგებლობდა; წმინდა ათანასე ალექსანდრიელთან მეგობრობდა და მასთან ერტად დიდი გულმოდგინებით ებრძოდა არიანელებს (1). როცა იულიანე განდგომილმა (2) ქრისტიანებს კლასიკური განათლების მიღება აუკრძალა, რათა მათი კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისთვის ხელი შეეშალა, აპოლინარმა გადაწყვიტა, წმინდა წერილისა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების ზოგიერთი თემა ეპიკური პოემებისა და ფილოსოფიური დიალოგების იმ ხერხებით გადმოეცა, რასაც, თავის დროზე, პლატონი, ჰომეროსი და სხვა კლასიკოსი ავტორები მიმართავდნენ. თუმცა, ფილოსოფიური და ლიტერატურული ტალანტის მიუხედავად, მძიმე საღვთისმეტყველო შეცდომებს თავი ვერ აარიდა;
 
_____________
 
1. არიანელები - IV ს-ში წარმოშობილი მწვალებლობის, არიოზის მოძღვრების მიმდევარნი;
 
2. იულიანე განდგომილი - რომის წარმართი იმპერატორი.
 
_____________
 
აპოლინარი არასწორად ფიქრობდა, რომ ღმერთს განკაცებისას არ შეეძლო მიეღო ის, რაც ადამიანში ცოდვისა და შეცდომების საფუძველია, ანუ დაცემული ადამიანური ბუნება და სასრული კაცობრივი გონება. მისი აზრით, შეუძლებელია, შეზღუდულმა ადამიანურმა გონებამ ყველაფერი უწყოდეს და, აქედან გამომდინარე, შეცდომები არ დაუშვას; ხოლო თუ ამასთან ერთად, ჩვენს ცოდვისკენ მიდრეკილ ბუნებასაც გავითვალისწინებთ, ეს საშიშროება გარდაუვალია.
 
ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით აპოლინარმა გადაწყვიტა, რომ განკაცებისას უფალს (სამების მეორე ჰიპოსტასს) არც ადამიანური გონება და არც ჩვენი დაცემული ბუნების მატერებელი სხეული უშუალოდ ღვთისმშობლისგან კი არ მიუღია, არამედ მხოლოდ მისი (ღვთისმშობლის) საშუალებით მიიღო ადამის ცოდვით დაცემამდელი სხეული; ის ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ მიუღია ადამიანის სულის გონიერი ნაწილი, არამედ მხოლოდ ადამიანის სხეული და სამშვინველი შეიმოსა.
 
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აპოლინარის არასწორი სწავლების გასაბათილებლად დიდი დამარწმუნებლობით იყენებს სოტერიოლოგიურ პრინციპს და ამბობს: თუ მაცხოვარს განკაცებისას ჩვენი დაცემული გონება და სხეული არ შეუძენია, მაშინ არც მკვდრეთით აღდგომით განუკურნავს ისინი. ამ შემთხვევაში კი განკაცებას ეკარგება გამომხსნელობის, ანუ სოტერიოლოგიური ფუნქცია და იესუ ქრისტეს მხოლოდ სრულყოფილ ღვთაებრივ მოძღვრად გვევლინება.
 
 
დოკეტისტები და ებიონიტები
 
ქრისტიანობა განკაცებული ღმერთის რელიგიაა, უფლის შობა კი ღვთითგამოცხადებული ჭეშმარიტების უმნიშვნელოვანესი ელემენტი; ამიტომ მთავარი ერეტიკული შეცდომები სწორედ ქრისტეს შობას უკავშირდება. მაგალითად, დოკეტისტების და ებიონიტების ერეტიკულ სწავლებათა ანარეკლს ჯერ კიდევ მოციქულთა ეპისტოლეებსა და მათი მოწაფეების ნაწერებში ვხედავთ: როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჯვარცმული ქრისტე იუდეველთათვის საცდურია, წარმართთათვის კი - სისულელე (3). მოციქულის ეს აზრი ყველაზე ადრე სწორედ ამ ერესებში გამოვლინდა: ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯება წარმართული ცნობიერების გავლენით კარგად მოჩანს დოკეტისტების მაგალითზე, ხოლო ებიონიტების სწავლება კი, იუდაური გავლენის მაგალითია.
 
_____________
 
3. შდრ.: "ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე" (1 კორ. 1:23).
 
_____________
 
წარმართობაში პავლე მოციქული უპირველესად ძველ ბერძნულ პოლითეიზმს გულისხმობდა, რადგან მას უმეტესწილად ელინისტურ სამყაროსთან უწევდა ურთიერთობა; ძველი ბერძნული და ელინისტური მსოფლმხედველობა კი, პლატონიდან მოყოლებული, უაღრესად სპირიტუალისტურ ხასიათს ატარებდა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, პლატონმა ერთმანეთისგან პირველად განაცალკევა გონება და მატერია, სული და სხეული. ამასთან, მას მიაჩნდა, რომ ადამიანის სული დასაბამიდან ზენა იდეათა სამყაროს წევრია, ანუ ღვთაებრივი ბუნების მატარებელია.
 
საყოველთაოდაა ცნობილი პლატონის ერთი ანალოგია, სადაც პლატონი ადამიანის სულს ადარებს მეეტლეს, რომელიც ღმერთთა საუფლოში მონავარდე ორცხენიან ეტლს მარტავს; ერთი დაუმორჩილებელი ცხენი სულის გრძნობად ნაწილს განასახიერებს (ჩვენში ჩაბუდებული ძლიერი სურვილები გონების კონტროლს არ ემორჩილება); მეორე ცხენი - სულის ამბიციური ნაწილის სიმბოლოა, თავად მეეტლე კი - გონებისა. ცხენების მართვით გადაღლილი მეეტლე ციდან დედამიწაზე ვარდება, სხეულით იმოსება და კარგავს ზეციურ მოქალაქეობას (4).
 
_____________
 
4. მოგვიანებით, ამ კონცეფციის ანარეკლი კარგად იკითხება ორიგენეს ღვთისმეტყველებაში.
 
_____________
 
ამრიგად, პლატონი სხეულს სულის საპყრობილეს უწოდებს და მას ადამიანური შეცდომების, ანუ ცოდვისა და ყოველგვარი ბოროტების სათავედ მიიჩნევს. ასეთი მსოფლმხედველობა ბოლომდე ახასიათებდა ელინისტურ ეპოქას (5).
 
_____________
 
5. პლატონური მსოფლმხედველობის ამ სპირიტუალისტური ხასიათის შენარჩუნება ელინისტური ეპოქის ბოლომდე ნეოპლატონური ფილოსოფიის დამსახურებაა.
 
_____________
 
ამ კონტექსტის გათვალისწინება გასაგებს ხდის პავლე მოციქულის ზემოხსენებულ ფრაზას, რომელიც ღმერთის განკაცებასა და ჯვარცმას წარმართთა თვალში უკიდურეს უგუნურებად წარმოაჩენს. ელინისტური სულის მატარებელი ადამიანისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა ღმერთს ბოროტების მატარებელი სხეული მიეღო. ამ ცნობიერების უარყოფის გარეშე ქრისტიანობის მიღების სურვილმა (კერძოდ, ელინისტური სპირიტუალისტური მსოფლმხედველობისა და ქრისტიანობის შეთანხმების მცდელობამ) წარმოშვა დოკეტიზმი - ერესი, რომელიც ღმერთის განკაცებას არარეალურ მოჩვენებად მიიჩნევს და უფლის მიწიერ ცხოვრებასა და ჯვარცმას პედაგოგიური მიზნით დადგმულ ილუზორულ სპექტაკლად აცხადებს.
 
რაც შეეხება ებიონიტურ მოძღვრებას, როგორც ვთქვით, ის იუდაისტურ წიაღში წარმოიშვა, რადგან ჩვეულებრივი იუდეველისთვის სრულებით წარმოუდგენელი იყო, რომ ხელშესახები გამხდარიყო ღმერთი, რომლის სახელის წარმოთქმაც კი მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო წელიწადში ერთხელ. ამიტომ ის იუდეველები, რომლებიც, თავიანთი თანამემამულეებისგან განსხვავებით, ქრისტეს არამიწიერ სიბრძნესა და აღსრულებულ სასწაულებში ღვთაებრივ ძალას ხედავდნენ, მას მხოლოდ დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ, რომელშიც განსაკუთრებული ინტენსივობით გამოვლინდა ღვთაებრივი სულის მოქმედება. ამრიგად, ადვილი დასანახია, რომ დოკეტისტური და ებიონიტური სწავლებები აბსოლუტურად შეუთავსებელია სოტერიოლოგიურ პრინციპთან.
 
 
ნესტორიანელობა და მონოფიზიტობა
 
მოგვიანებით, დოკეტისტების მსგავსად, ქრისტეს ადამიანური ბუნება უარყვეს მონოფიზიტებმა, რომლებიც მაცხოვარში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების არსებობას აღიარებენ. ამ ერესშიც ელინისტური ტენდენციები გამოვლინდა, თუმცა შედარებით შეფარული ფორმით; შემთხვევითი არაა, რომ მონოფიზიტურ ერესს ყველაზე მეტი მომხრე ალექსანდრიაში გამოუჩნდა, რომელიც ძველთაგანვე ელინისტური კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრად ითვლებოდა.
 
თავის მხრივ, წმინდად ისტორიული თვალსაზრისით, მონოფიზიტობის ჩამოყალიბება სხვა, - კერძოდ, ნესტორიანული - ერესისგან თვდაცვის სურვილმა განაპირობა.
 
სემიტური ტომებით დასახლებული სირიის დედაქალაქი ანტიოქია ისტორიული წარსულით, კულტურული ტრადიციებითა და მენტალიტეტით უფრო ძველ ისრაელთან იყო ახლოს, ვიდრე საბერძნეთთან. სწორედ ანტიოქიურ საღვთისმეტყველო სკოლას უკავშირდება ნესტორიანული ერესი, რომელიც, ებიონიტურის მსგავსად, იესუ ქრისტეში ადამიანურ და ღვთაებრივ პიროვნებებს განაცალკევებს (6).
 
_____________
 
6. განსხვავება ისაა, რომ ებიონიტები ადოპციონისტები არიან, ანუ, მათი სწავლებით, ღმერთი იესუ ქრისტეში იორდანეში ნათლობის დროს ჩასახლდა; ნესტორიანელების მიხედვით კი ღმერთი ღმრთისმშობლის წიაღშივე შეუერთდა მასში უკვე შობილ, ადამიანური პიროვნების მქონე კაცს - იესუს. ამიტომ უწოდებენ ნესტორიანელები ყოვლადწმიდა მარიამს მხოლოდ "ქრისტესმშობელს" ან "კაცისმშობელს" და უარყოფენ ტერმინ "ღვთისმშობელს".
 
_____________
 
ნესტორიანული და მონოფიზიტური ერესებისგან თავდასაცავად, ქალკედონის მსოფლიო კრებაზე ჩამოყალიბდა დოგმატი (7), რომელიც ამბობს, რომ ქრისტეს შობისას ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება განუყოფლად, განუცალკევებლად, შეურევნელად და შეუცვლელად გაერთიანდა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასში, ანუ ლოგოსში. ამ დოგმატში ნესტორიანელობისგან თავდასაცავადაა გამოყენებული სიტყვები: "განუყოფლად" და "განუცალკევებლად", ხოლო მონოფიზიტობისგან თავდასაცავად ნათქვამია - "შეურევნელად" და "შეუცვლელად".
 
_____________
 
7. დოგმა, დოგმატი - უდავო ჭეშმარიტებად მიჩნეული სარწმუნოებრივი დებულება.
 
_____________
 
ქალკედონის კრება იესუ ქრისტეში ერთადერთ პიროვნებას აღიარებს. ეს პიროვნება იგივეა, რაც ლოგოსი. აქედან გამომდინარე, იესუ ქრისტეს პიროვნებას ისეთივე სრულყოფილი ცოდნა აქვს ყველაფრისა, როგორც მამა ღმერსა და სულიწმიდას (8). ლოგოსის ღვთაებრივი ჰიპოსტასის მქონე იესუ ქრისტემ ყველაფერი სრულყოფილად უწყის (მათ შორის, იცის ისიც, რისი ადამიანური ბუნებით წვდომა, ანუ ცოდნაც, პრინციპულად შეუძლებელია). თუმცა, ამგვარი რამ არა მარტო ღმერთკაც იესუ ქრისტეზე, არამედ თვით ადამიანზეც შეიძლება ითქვას. ამის საილუსტრაციოდ წმინდა წერილის ერთი ძალიან ცნობილი ადგილი გამოგვადგება. უფალს კითხვაზე - "თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?" (მათ 16:15), პეტრემ მიუგო: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი" (მათ 16:16). რის შემდეგადაც მაცხოვრმა მას ასეთი სიტყვებით მიმართა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ხორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან" (მათე 16:17). აქედან ჩანს, რომ ადამიანური პიროვნების მქონე პეტრე მოციქულს ჰქონდა ცოდნა (ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ), რომლის წვდომა "ხორცითა და სისხლით" - ანუ ადამიანური ბუნებით - შეუძლებელია.
 
_____________
 
8. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტიანებს ერთზე მეტი ღმერთი ეყოლებოდათ; ერთი, რომელმაც ყოველივე სრულყოფილად უწყის; და მეორე, რომელიც ასეთ ცოდნას მოკლებულია.
 
_____________
 
ქალკედონის მსოფლიო კრებაზე ჩამოყალიბებულ ზემოხსენებულ დოგმას ყველა არ დაეთანხმა. ამან ბიზანტიის ქრისტიანები ორ დაპირისპირებულ ბანაკად - მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად დაყო. დიოფიზიტები, რომლებსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები განეკუთვნებიან, ქრისტეში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებას აღიარებენ. სიტყვა "ბუნება", როგორც გარკვეულ უნართა და თვისებათა გამეართიანებელი ფილოსოფიური ტერმინი, წმიდა წერილში არსად გვხვდება. ამიტომ არც ქრისტე აცხადებს სადმე პირდაპირ, რომ მის პიროვნებაში ორი - ადამიანური და ღვთაებრივი ბუნებაა გაერთიანებული, თუმცა ამას აშკარად მიანიშნებს სხვა სიტყვებით, როცა თავის თავს ხან "ძე ღვთისად" მოიხსენიებს, ხან კი - "ძე კაცისად".
 
ძველი ებრაელისთვის ეს ძალიან გასაგები ენა იყო. საკუთარი თავის ღვთის ძედ გამოცხადება ღმერთთან თავის გატოლებას ნიშნავდა. ზუსტად ამაში ადანაშაულებდნენ ებრაელები იესუს. ასევე ბუნებრივი იყო ებრაელისთვის ეფიქრა, რომ "ძე კაცისა" მშობლისგან მემკვიდრეობით იღებდა ადამიანურ ბუნებას.
 
ბიზანტიის ორ - მონოფიზიტურ და დიოფიზიტურ - ბანაკად დაყოფა იმპერიის პოლიტიკურ ერთიანობას საფრთხეს უქადდა. ამიტომ ხელისუფლება დაინტერესებული იყო, შეძლებისდაგვარად სწრაფად აღედგინა ეკლესიის ერთიანობა. ბუნებრივია, იმპერატორებს და საერო ხელისუფლების სხვა მაღალ წარმომადგენლებს არ შეეძლოთ და, შესაძლოა, არც კი მიაჩნდათ საჭიროდ, ბოლომდე გარკვეულიყვნენ რთულ და პრობლემატურ საღვთისმეტყველო საკითხებში, მაგრამ ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფორმალურ ერთობას, რომლის მისაღწევადაც ისეთი ფორმულირების პოვნა იყო საჭირო, რომელსაც საკუთარი პოზიციების არსებითი ცვლილების გარეშე, ორივე მხარე ადვილად დათანხმდებოდა.
 
 
მონოენერგიზმი და მონოთელიტობა
 
მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის ფორმალური ერთობის მიღწევის პირველი ინიციატივა იმპერატორ ჰერაკლეს უკავშირდება. მისი წაქეზებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა სერგიმ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ქრისტეში ორი ბუნების და მხოლოდ ერთი - ღმერთკაცობრივი ენერგიის არსებობას აღიარებდა. იმპერატორი და პატრიარქი ყველა ქრისტიანს აიძულებდა, მიეღო ეს მცდარი მოძღვრება, რომელიც მონოენერგიზმის სახელითაა ცნობილი.
 
დიოფიზიტმა (მართლმადიდებელმა) ქრისტიანებმა, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვეს მონოენერგიზმის მიღებაზე; მართალია, მონოენერგიზმი ქრისტეში ფორმალურად ორი ბუნების არსებობას აღიარებდა, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ მონოფიზიტობის ერთ-ერთი შენიღბული ფორმა იყო; საქმე ისაა, რომ ბერძნული სიტყვა "ენერგია" სწორედ მოქმედებას აღნიშნავს, ხოლო არისტოტელეს მიხედვით (9), ყოველი ბუნება თავისივე შესაბამის მოქმედებაში ავლენს თავის თავს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ რაიმე ენერგიის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია ვაღიაროთ მისი შესაბამისი ბუნების არსებობაც. ასე რომ, ქრისტეში ერთი ენერგიის გამოცხადება, რეალურად, მონოფიზიტობის აღიარებას ნიშნავდა, რაც დიოფიზიტებისთვის ბუნებრივია, მიუღებელი იყო.
 
_____________
 
9. სწორედ არისტოტელემ გამოიყენა პირველმა ტერმინი "ენერგია" ფილოსოფიურ ცნება "ბუნებასთან" მიმართებაში.
 
_____________
   
მონოენერგიზმის უარყოფის შემდეგ იმპერატორმა და პატრიარქმა სერგიმ ქრისტიანებს მეორე კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს. საუბარია მონოთელიტურ ერესზე, რომელიც ქრისტეში ორ ბუნებას და მხოლოდ ერთ ნებას აღიარებს. მონოთელიტობა მონოფიზიტობის კიდევ უფრო შენიღბული და დახვეწილი ფორმაა, ვიდრე მონოენერგიზმი.
 
მონოთელიტური ერესი ეფუძნება არასწორ დებულებას, რომლის მიხედვით, ნების წყარო არის პიროვნება (ჰიპოსტასი) და არა ბუნება (10). საქმე ისაა, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაფასებთ ჩვენში მოქმედ ნებას; აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ხან დავეთანხმოთ მას, ხან - უარვყოთ. ეს კი გვიქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ნების წყარო პიროვნება იყოს და არა ბუნება. სწორედ ამან შეაცდინა მრავალი ქრისტიანი. ისინი ფიქრობდნენ: რაკი ნების წყარო პიროვნებაა (ანუ ნებელობა ჰიპოსტასურია), - ქრისტეში კი ერთი პიროვნებაა, - მასში ერთი ნება უნდა მოქმედებდეს (მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეში ორი ბუნება მოიაზრება).
 
_____________
 
10. მონოთელიტური დებულების მოკლედ გამოთქმისას ამბობენ, რომ ნებელობა ჰიპოსტასურია და არა ბუნებითი.
 
_____________
 
ამ ერესმა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ბევრი ეპისკოპოსი შეიყვანა შეცდომაში; მათ შორის იყო პაპი ჰონორიუსი, რომელმაც ხელი მოაწერა მონოთელიტურ დოკუმენტს.
 
მონოთელიტურ ცრუსწავლებას, მისი საყოველთაო აღზევების პერიოდში, წმიდა მაქსიმე აღმსარებელი დაუპირისპირდა. ის ამტკიცებდა, რომ ნებელობა ბუნებითია და არა ჰიპოსტასური (11). ამიტომაც, ყოვლადწმიდა სამებაში - სწორედ ერთი ღვთაებრივი ბუნების გამო - მოქმედებს ერთი ნება; ხოლო ქრისტეში მოქმედი ორი ნება კი სწორედ ორი - ღვთაებრივი და ადამიანური - ბუნების გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთან, რაკი იესუ ქრისტე თავისუფალია ყოველგვარი ცოდვისგან, მასში ადამიანური ნება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ემორჩილება ღვთაებრივ ნებას (12).
 
_____________
 
11. წმიდა მაქსიმე არც შეიძლება სხვაგვარად მოქცეულიყო, რადგან თუ მონოთელიტების მსგავსად ვაღიარებთ, რომ ნების წყარო ჰიპოსტასია, მაშინ გარდაუვალი პრობლემის წინაშ აღმოვჩნდებით, როგორც ტრიადოლოგიური, ასევე ქრისტოლოგიური თვალსაზრისით. მართლაც, თუ ნებელობა ჰიპოსტასურია, მაშინ სამების ყოველ ჰიპოსტასს თავისი საკუთარი ნება უნდა ჰქონდეს, ეს კი სამღმერთიანობას გამოიწვევდა. რაც შეხება ამ პრობლემის ქრისტოლოგიურ ასპექტს: გეთსემანიის ბაღში, საკუთარი ნების მამის ნებაზე დაქვემდებარებისას, ქრისტემ საკუთარ თავში, ღვთაებრივთან ერთად, ადამიანური ნების არსებობაც გამოამჟღავნა.
 
12. ძალისხმევის აუცილებლობა გეთსემანიის ბაღში გაჩნდა, რადგან ცოდვებისგან თავისუფალი ქრისტეს ადამიანური ბუნებისთვის აბსოლუტურად უცხო და მიუღებელი იყო სიკვდილი, რადგან ეს უკანასკნელი ცოდვის შედეგის ფუნდამენტურ გამოხატულებას წარმოადგენს.
 
_____________
 
წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, ღმერთმა თავის ყოველ ქმნილებას გარკვეული მიზანი (logos) დაუსახა. ამ მიზანთან მისასვლელად შემოქმედმა მათში ბუნებითი ნება (thelima phisis) ჩანერგა. ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, აქვს შესაძლებლობა, მასში ჩანერგილი ბუნებითი ნება გააცნობიეროს, დაეთანხმოს მას ან შეეწინააღმდეგოს. ეს გარემოება ადამიანში პიროვნული, ანუ არჩევითი ნების (thelima gnomi) არსებობის საფუძველია. სანამ ადამი დაეცემოდა, მასში არჩევითი ნება მთლიანად ემთხვეოდა ბუნებით ნებას, ცოდვით დაცემამ კი ამ ორ ნებას შორის განსხვავება და კონფლიქტი შემოიტანა.
 
დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული ერეტიკული სწავლებები მთავარი, მაგრამ არასრული ჩამონათვალია იმ შეცდომებისა, რომლებიც უფლის განკაცების საღვთისმეტყველო გააზრებისას ისტორიულად იქნა დაშვებული და რომლისგან თავის არიდებას ეკლესია გვავალდებულებს.
 
 
წყარო: რჯული ქრისტესი. შობა. წიგნი I. გამომც. "ალილო". თბილისი 2014 წ. გვ. 5-15.
Назад к содержимому