Перейти к контенту

ღვთისმეტყველება -ზნეობრივი ღვთისმეტყველება ერისკაცთათვის: ღვთის ათი მცნების მიხედვით 0 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ზნეობრივი ღვთისმეტყველება ერისკაცთათვის:
ღვთის ათი მცნების მიხედვით
მაცხოვრის შობა

 
ავტორი: პროტოპრესვიტერი ევგენი პოპოვი (1824–1888).
 
ავტორის შესავალი სიტყვა
 
დღემდე მართლმადიდებელი ზნეობრივი ღვთისმეტყველების სისტემები ჩვენთან საქმის დადებითი მხრიდან გადმოიცემოდა: განმარტავდა ქრისტიანის მოვალეობებს და მიუთითებდა სათნოებებზე, რომელთა მიღწევასაც ქრისტიანი უნდა ესწრაფვოდეს. ღვთის სჯულის დარღვევებზე, ანუ ცოდვებზე კი მათში, უმეტესწილად, მხოლოდ ზოგადი და მოკლე შენიშვნები კეთდებოდა.
 
აწ ჩვენ საქმის საპირისპირო მხარეს ვირჩევთ: გადმოვცემთ ცოდვებს, რომელთა შორისაც, სათნოებებთან შედარებით, შეუდარებლად უფრო მეტად მიედინება ჩვენი ცხოვრება. თითოეული ცოდვა ჩვენს თხზულებაში იგმობა, ანუ იმხილება წმიდა წერილის სიტყვით, ეკლესიის ხმითა და თავისივე შინაარსით.
 
წინამდებარე წიგნი, შეიძლება ითქვას, ჩამოთვლის ყველა ადამიანურ ცოდვას (ყრმობის ასაკისა და ზოგიერთი განსაკუთრებული ცხოვრებისეული მდგომარეობებისა თუ მსახურებების გამოკლებით). მაგრამ, ამავე დროს, ის სწორედ უარყოფითი მხრიდან აცნობებს მკითხველს, თანაც არანაკლები თანმიმდევრული კავშირით, ადამიანის ყველა ზნეობრივ მოვალეობას ღვთის, მოყვასისა და საკუთარი თავის მიმართ.
 
"მართლმადიდებელი ზნეობრივი ღვთისმეტყველების" ამგვარი, ანუ პრაქტიკული სახით გადმოსაცემად ღვთის ათ მცნებას ვირჩევთ. თვით უფალმა იესუ ქრისტემ მდიდარი ჭაბუკისთვის მიცემულ პასუხში დეკალოგზე მიუთითა, როგორც იმ წყობაზე, რომლის მიხედვითაც უნდა შეემოწმებინა მას თავისი ცოდვილი ცხოვრება და გაეგო, თუ რა უნდა ექნა, "საუკუნო ცხოვრების" დასამკვიდრებლად: "იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; არა შეურაცხყო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?" (მარკ. 10:19). და მართლაც, ათ ღვთიურ მცნებაში განსაკუთრებული ბრძნული კავშირი, ანუ სისტემა იმალება. მათში თანდათან, სულ უფრო და უფრო, იზღუდება ცოდვით დაზიანებული ადამიანის ბუნება თავისი ბოროტი გამოვლინებებით; ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანენ ადამიანს ცხოვრების სრულყოფილებამდე (ყველაფერი ეს ნათლად გამოჩნდება წინამდებარე წიგნის გადმოცემაში).
 
წინამდებარე წიგნი, როგორც მკითხველთ შევპირდით, წარმოადგენს ჩვენი წიგნისა: "მოზარდებისა და საერთოდ ყველას აღსარება", კერძოდ კი მისი მესამე განყოფილების – "ყველას აღსარებას" დეტალურ განმარტებას, რომელიც ცალკეც დაიბეჭდა სათაურით: "ცოდვები ღვთის ათი მცნების წინააღმდეგ".
 
მიუხედავად იმისა, რომ ამ განყოფილების მიხედვით სამივე წიგნს ერთი საერთო საგანი აქვს, თითოეულ მათგანს მაინც თავისებური, განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.
 
მათ შორის შინაარსითა და მოცულობით უმცირესი – "ცოდვები ათი მცნების წინააღმდეგ" – განკუთვნილია ერისკაცთათვის, რათა მისი მცირე ფასის (იგულისხმება გამოცემის ღირებულება - "აპოკ." რედ.) გათვალისწინებით, ფართოდ გავრცელდეს ხალხში, როგორც ცოდვილი ცხოვრებისგან დამცავი ფურცელი, როგორც განსაკუთრებით სასარგებლო საკითხავი მარხვის პერიოდში და ზიარებისთვის მომზადების ჟამს, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც "სამაგიდო წიგნი ყოველ ოჯახში".
 
საშუალო – "მოზარდებისა და საერთოდ ყველას აღსარება", რომელსაც ერთვის აღსარებისა და წმიდა ზიარების წეს-განგების სლავური ტექსტი, "სახელმძღვანელოდ" ეძლევა მღვდელმსახურთ, როდესაც ისინი სულიერი მოძღვრის მოვალეობას აღასრულებენ, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ზიარება, მხოლოდ ამ ორი საიდუმლოთი – აღსარებითა და ზიარებით – მისი საზიარებლად განმზადებისას, კურთხევანის მაგივრობას სწევს.
 
და, ბოლოს, წინამდებარე წიგნი წარმოადგენს საყოველთაოდ ხელმისაწვდომ საკითხავს ყველასათვის "ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში". ის დეტალურად განიხილავს ადამიანის ზნეობრივ მოვალეობებს მათი დარღვევის კუთხით, წარმოადგენს მათ დეკალოგის თანმიმდევრობით და ახალი აღთქმის გამოცხადებას ეფუძნება.
 
მაგრამ ჩვენ მიერ ცოდვათა ესოდენ დეტალური განხილვა ხომ არ იქცევა მათი გაცნობის საბაბად? განსაკუთრებით კი, შესაძლოა, ასე თქვან იმ ცოდვებზე, რომელნიც მეშვიდე მცნების განხილვისას ჩამოვთვალეთ და განვმარტეთ. არა და არა! განა უკეთესია, ადამიანმა შესცოდოს და ვერც კი მიხვდეს, ან ნათლად ვერ გაიაზროს, რომ სცოდავს და უსამართლო საქმით უფალ ღმერთს განარისხებს? რაოდენ ხშირად სცოდავენ კეთილი განზრახვის მქონე ადამიანებიც კი, რადგან არ იციან, რომ მათი ესა თუ ის საქციელი ცოდვაა ღვთის წინაშე! მაგალითად, რამდენი ადამიანი იგებს საკუთარ სხეულზე არაბუნებრივი შეხების ცოდვილობას მხოლოდ მოგვიანებით, სხვებისგან მსგავს ქმედებებზე საუბრისას! და საერთოდ, ღვთის თითოეული მცნების დარღვევისას, მთავარი დასაწყისია, რადგან ცოდვის გამეორებისაგან თავის შეკავება გაცილებით ძნელია.
 
ამრიგად, სწორედ დასაწყისისგან უნდა დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ისე სხვებიც; საკუთარი თავი – საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობით, ხოლო სხვები – მათდამი ქრისტიანული სიყვარულით. სწორედ ეს იყო ჩვენი თხზულების ყველაზე გულწრფელი სურვილი და უგულახდილესი მიზანი (რომ. 3:20)!
 
რაც შეეხება მათ, ვინც უკვე ჩავარდა ამა თუ იმ ცოდვაში, ჩვენი წიგნის მიერ ამ ცოდვის შერაცხადობის განმარტებამ და დანაშაულის ხარისხზე მითითებამ, შესაძლოა, შეაჩეროს ისინი იმავე ცოდვის გამეორებისგან, ან მიიყვანოს ღვთის წინაშე უფრო ღრმა სინანულამდე. და ბოლოს, დღესდღეობით სამოქალაქო სასამართლოებში ღიად განიხილება ადამიანთა ყველანაირი ცოდვა, რასაც შემდეგ ბეჭდვითი საჯაროობა ენიჭება: განა ეკლესია უნდა დუმდეს ან მალავდეს ადამიანურ წყლულებს, როცა სურს მათგან კაცის განკურნება?
 
გარდა ამისა, ჩვენი წიგნი განკუთვნილია არა მცირეწლოვანთათვის, არამედ ზრდასრულთათვის, რომელთაც თავად გააჩნიათ გონება, რომ გვერდი აუარონ იმ ცოდვებს, რომლებიც არ ეხებათ მათ არც ცხოვრების წესით, არც წოდებითა და მდგომარეობით, და არც სჭირდებათ, როგორც შემეცნების საგანი, რაიმე სხვა მიზნისთვის, მაგალითად, იმისთვის, რათა სხვები შეაჩერონ ღვთის სჯულის ამგვარი დარღვევებისგან.
 
პროტოპრესვიტერი ევგენი პოპოვი.
 
პერმი 1901 წ.
 
"გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება" (მთ. 22:37-38).
 
 

***
 

 
ათი მცნეის პირველი ოთხი მცნება,
 
რომლებიც განსაზღვრავენ ღვთის დამოკიდებულებას ადამიანისადმი
 
 
ნაწილი პირველი
 
 
მცნება 1:
 
" მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე"
 
(გამ. 20:3)
 
 
პატივი მიაგე ღმერთს გონებით
 
პირველი მცნება შთააგონებს ადამიანს, პატივი მიაგოს ღმერთს ან ემსახუროს მას, უპირველეს ყოვლისა, გონებით: რამეთუ გონება არს მთავარი და მბრძანებელი ძალი მთელი ჩვენი ბუნებისა. აქედან გამომდინარე, პირველი მცნების დარღვევები შეიძლება მოიცავდეს:
 
 
 
ურწმუნოების ცოდვები:
 
ღვთის სიტყვისადმი ურწმუნოება
 
ჩვენი პირველი ნაბიჯი ღვთისკენ არის რწმენა მისი წმიდა გამოცხადებისადმი, რომელშიც მოცემულია საუკუნო ჭეშმარიტებანი და რომლის გარეშეც გზააბნეულნი ვიქნებოდით. ამასთან, ზოგს სწამს ბიბლიის, მაგრამ არ იღებს მასში რომელიმე ერთ ტექსტს (როგორიცაა, მაგალითად: "წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში" (მათ. 25:46), ისევე როგორც "ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან" (მათ. 5:18)). სხვები კი მთლიან ბიბლიურ წიგნებსაც კი არ აღიარებენ ღვთიურ გამოცხადებად; მაგრამ ბიბლიის წმიდა წიგნების შემადგენლობა უბრალოდ და შემთხვევით როდი ჩამოყალიბდა და მიღებულ იქნა ეკლესიაში, არამედ დამტკიცებულია მსოფლიო კრებების მიერ (ათანასე დიდი, 39-ე ეპისტოლე).
 
საუბედუროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც უარყოფენ ძველი და ახალი აღთქმის მთელ ღვთიურ გამოცხადებას და სურთ დარჩნენ მხოლოდ ბუნებრივი, ანუ ნატურალური რწმენის იმედად. მაგრამ ბუნებრივი რელიგია, როგორც ეს ჩანს ქრისტიანობით გაუნათლებელი ყველა ხალხის ისტორიიდან, ყოველთვის იყო და ახლაც სავალალო მდგომარეობაშია. რადგან, მართლაც, როგორ შეუძლია ადამიანს მხოლოდ საკუთარი გონებით მიაღწიოს ღვთის სწორ შემეცნებასა და მისთვის სათანადო პატივის მიგებას? ის ხომ უსასრულოდ აღემატება ადამიანურ შემეცნებას.
 
ხოლო მათ, რომელთაც საერთოდ არ სწამთ ღვთის სიტყვისა, არამედ სწამთ მხოლოდ საკუთარი გონებისა და, ღვთის სიტყვის მოწმობა ან სწავლება მათთვის არ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვანსა და საბოლოოდ დამამტკიცებელ საბუთს რწმენისა და ღვთისმსახურების საკითხში, - (საშინელი სათქმელია!) ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას ანათემას გადასცემს (განკვეთს).


ღვთის განგებულების უარყოფა (დეიზმი)
 
არიან ადამიანები, რომლებიც აღიარებენ ღვთის არსებობას, მაგრამ არ აღიარებენ ღვთის განგებულებას. მათი აზრით, თითქოს "სამყარო და ყველა ქმნილება თავისთავად აგრძელებენ არსებობას იმ ძალებითა და კანონებით, რომლებიც თავდაპირველად მიეცა მათ ღვთისგან"; თითქოს "მთელი კაცობრიობის ისტორიაში და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება გარემოებათა ურთიერთკავშირის ძალით, და არ არსებობს ღვთის მუდმივი, ცოცხალი მონაწილეობა"; ერთი სიტყვით, თითქოს "მთელი სამყარო, მისი შექმნის შემდეგ, აღარ საჭიროებს თავისი შემოქმედისგან მუდმივ და უშუალო მხარდაჭერას და მიტოვებულია საკუთარი თავის იმედად".
 
ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას, რომელშიც, მაგალითად, ხილული ბუნების შესახებ ნათქვამია: "გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან" (ფსალმ. 103:29); ანუ ცოცხალი ქმნილებანი, რომლებიც სამყაროს ამკობენ, შემოქმედის მიერ მიტოვების შემთხვევაში, ისე შეშფოთდებიან, რომ შესაძლოა კვლავ თავიანთ პირვანდელ მტვრად მიიქცნენ. და კიდევ: "მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი" (იოან. 5:17), ანუ აშკარად ჩანს სამყაროზე ღვთის ორგვარი ზემოქმედება: მისი შექმნა და განგებულება.
 
თავისი არსებობისათვის სამყაროს მხოლოდ მაშინ არ დასაჭირდებოდა შემოქმედის შემდგომი მონაწილეობა ან ხელშეწყობა ის რომ სრულიად სრულყოფილი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ყოფილიყო. მაგრამ ის ასეთი არასოდეს იყო და ვერც იქნება, სხვა შემთხვევაში ის განსხვავებული არ იქნებოდა შემოქმედი ღვთისგან, რომელიც ერთადერთია სრულიად სრულყოფილი, სრულიად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსება. სამყაროს შეზღუდულობა და არასრულყოფილება კი მოითხოვს ღვთის განგებულებას. ხოლო ის, რომ სამყაროში ბევრი უწესრიგობა და ბოროტებაა, ამით არ მცირდება ღვთიური განგებულების ღირსება. მრავალი უწესრიგობის მიუხედავად, სამყაროს მთლიანი წესრიგი არ ირღვევა; ზოგიერთი უწესრიგობისა და არეულობის მიუხედავად, ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ "ღვთის სამყარო (ზოგადად) მშვენიერია".


ღვთის განგებულებისადმი რწმენის ოდენ ხანმოკლე შერყევაც კი იმის დანახვაზე,

თუ როგორ ზეიმობს ბოროტება და იჩაგრება სათნოება

"ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?" (იზეიმებენ), იკითხა დავითმა (ფსალმ. 93:3), და შემდგომ წინასწარმეტყველების სულით განსაჯა: "მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან" (ფსალმ. 93:23). თუ გავითვალისწინებთ საყოველთაო ადამიანურ ცხოვრებას, გამოჩნდება, რომ სიკეთე მაინც აღწევს თავის მიზნებს და ზეიმობს, ხოლო ბოროტება შერცხვენილი რჩება.

განა უფალი ღმერთი ყოვლისშემძლე არ არის, რათა გაამართლოს და განახორციელოს ის კეთილი მიზნები, რომლებიც მან თავიდანვე დაუსახა სამყაროსა და ადამიანს? "საქმე დასასრულით მშვენდება", და სამყაროს აღსასრული მსოფლიო სამსჯავროთი, ხოლო ახალი საუკუნო ცხოვრება თავისი ნაცვალგებით აჩვენებს, თუ რომელ მხარესაა გამარჯვება. მაგრამ ახლაც, უშუალოდ კერძო ცხოვრების მაგალითებში, ხშირად გვხვდება ასეთი შემთხვევები: ღმერთი მოულოდნელად სჯის ადამიანებს, რომლებიც, რადგან "ძლიერნი არიან, თავიანთი ბოროტებით ტრაბახობენ" (ფსალმ. 51:3), ან კიდევ, რომლებსაც არ გააჩნიათ განსაკუთრებული გარეგანი ძალა და მნიშვნელობა, მხოლოდ დაუსჯელად სცოდავენ. ამიტომ, ცოდვაა თქმა: "ღმერთამდე შორია... ალბათ ვერ ხედავს, დაივიწყა ღმერთმა"! ქრისტიანი მთლიანად უნდა მიენდოს განგებულებას, რათა ახსოვდეს სახარებისეული სწავლება: "თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია" (მათ. 10:30).
 

ცნობისმოყვარეობა განგებულების მიუწვდომელი მოქმედებების ხილვისას
 
"რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება" (სირაქ. 3:21). როდესაც რამეში ნათელია ღვთის გზები, მაშინ ის ადამიანშიც მოწიწებას და განცვიფრებას უნდა იწვევდეს და ხმამაღლა აუწყებდეს მათ სხვებსაც, რათა ერთობლივად ადიდონ უზენაესი შემოქმედი. მაგრამ თუ ღვთის გზები რომელიმე საქმეში ჯერჯერობით აუხსნელი და საიდუმლოა, მაშინ ზედმეტი მცდელობა, შეიცნო, საიდან მომდინარეობენ ისინი ან საით მიგვიძღვიან, ანდა მათი გაბედული განმარტება სხვათათვის, ცოდვად გვეთვლება; რამეთუ აქ იწყება სიამაყე და ახლოა აცდომის საფრთხე. უმჯობესია, ამჯერად "წმიდა მოწიწებით აღსავსე გაოგნებაში" დავრჩეთ.
 

თითქოს ღმერთი სახისმოყვარეა (მიკერძოებულია)
 
"ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება" (საქმ. 10:34). მდიდარია ვინმე თუ ღარიბი, ნიჭიერია თუ მწირია ნიჭით, რუსია თუ მართლმადიდებელი უცხოელი, სასულიეროა თუ საერო წოდებისა, – ყველა თანასწორია ღვთის წინაშე, თუ ჭეშმარიტად და მართებულად მიაგებენ მას პატივს. მისგან რაიმესთვის შებრალებას ან რაიმეში განსაკუთრებულ წყალობას ზოგიერთნი უბრალოდ და შემთხვევით კი არ პოულობენ, არამედ ან თავიანთი კეთილი დამსახურებისა და მის წინაშე შეწირული კეთილი მსხვერპლის გამო, რომელიც სრულიად ნათელია მისთვის და, რომელსაც ადამიანები ხშირად ვერ წვდებიან, ანდა ამ კონკრეტულ პირთა მიმართ მისი განსაკუთრებული განგებულების თანახმად. ამრიგად, სრულიად უსაფუძვლოა მსგავსი აზრები, რომლებიც გულში იბადება ან ხმამაღლა ითქმის: "რით მჯობნის მე ესა და ეს? რით ვარ მე სხვებზე უფრო ცოდვილი? სხვებს ყველაფერი, მე კი არაფერი".
 

ათეიზმი (უღმერთობა)
 
"თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი" (ფსალმ. 13:1). აზრი იმისა, რომ არსებობს უზენაესი და თვითმყოფადი არსება, საუკუნო ღმერთი, ღრმად არის ჩანერგილი ადამიანის სულში და ადამიანისთვის წარმოადგენს ისეთივე რეალობას, როგორც ის, რომ თვით ადამიანი არსებობს ქვეყნად, ან როგორც უტყუარია, რომ სახლი თავისთავად ვერ აშენდება და საათი ოსტატის გარეშე ვერ ივლის: საკმარისია, ნათელ ღამეს ველზე დადგე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, და სული ღმერთზე ამეტყველდება. ამიტომ, არა მხოლოდ გამოცხადებისა და ღვთის განგებულების, არამედ თავად ღვთის არსებობის უარყოფამდე მისვლა შესაძლებელია არა სხვაგვარად, თუ არა განზრახ ან იძულებით. ამისათვის საჭიროა ჩახშობილ იქნეს საკუთარ თავში ღვთისადმი ბუნებრივი რწმენა – რწმენა, რომელიც დაცემულ სულებშიც კი რჩება (ფსალმ. 13; 1კორ. 1:14) (ყველაზე ხშირად კი გახრწნილი ცხოვრება ანიჭებს ადამიანს ასეთ ურწმუნოებას (იაკ. 2:19)). აქედან გამომდინარე, უღმერთოს ბრალი – საშინელია.
 

პანთეიზმი (მრავალღმერთობა)
 
წმიდა წერილი არსად აიგივებს ღმერთს მის ქმნილებასთან, და სამყარო წარმოიშვა არა ღვთის არსებისგან, არამედ არაფრისგან, ღვთის ყოვლისშემძლე სიტყვით. ამრიგად, სხვა არის სამყარო, და სხვა – სამყაროსგან განსხვავებული და პიროვნული არსება ღმერთი: "ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას" (კოლ. 1:17), "ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული" (რომ. 9:5) (დეისტი მეტისმეტად აშორებს ღმერთს სამყაროს, ხოლო პანთეისტი უზომოდ უახლოებს). გარდა ამისა, ყოველივე არსებული ღმერთი ან ღვთაების განვითარება რომ ყოფილიყო, სამყაროში არ იქნებოდა ცვლილებები და ნაკლოვანებები, რამეთუ ღმერთი არასოდეს იცვლება და სრულყოფილია ყველა თავის თვისებაში, მთელ თავის ცხოვრებაში. ამასთანავე, ჩვენ ყოველდღე და ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ცვლილებებს როგორც ჩვენს გარშემო მყოფ ბუნებაში, ისე საკუთარ თავში. ასეთ შემთხვევაში, გონიერ არსებათა ცოდვებიც კი ღმერთისთვის უნდა მიგვეწერა, რაც, ცხადია, უკიდურესი უგუნურება იქნებოდა.


დუალიზმი (რწმენა ორი საწყისისა: კეთილისა და ბოროტისა)

შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ ორი თანაბარი ძალის მქონე, დამოუკიდებელი ღვთაების არსებობა, რომელთაგან ერთი – კეთილია, მეორე კი – ბოროტი, და აქედან გამომდინარე – ორი მოქმედების საწყისი სამყაროში? მაგრამ, რადგან შეუძლებელია ორი ყოვლისშემძლე ძალის ერთად არსებობა, და აუცილებელია თითოეულისთვის გამოიყოს ან წარმოდგენილ იქნას განსაკუთრებული საზღვრები, მაშინ მოცემულ ადგილსა და მოცემულ დროს ადამიანი მაინც ერთ-ერთი მათგანის ხელმწიფების ქვეშ, ანუ ერთი ღვთაების დამოკიდებულების ქვეშ უნდა იყოს, რაც ასევე სრულიად შეუსაბამოა. არა, ჭეშმარიტი ღმერთი – საუკუნითგან ერთია, როგორც ყოვლის უზენაესი საწყისი. ის, ასე ვთქვათ, არავის ებრძვის. მისი მოწინააღმდეგე ძალა კი შემდგომ წარმოიშვა, და ეს ძალა, ე. ი. ბოროტება, ანუ ცოდვა, თავისთავად აჩვენებს არა ძალას, არამედ მხოლოდ უძლურებას ან სისუსტეს. ცნება "ბოროტი საწყისი, ბოროტი ძალა", ბოროტი ღმერთის აზრში, შეურიგებელია ცნებასთან ჭეშმარიტ ღმერთზე, რადგან ღმერთი შეიძლება მხოლოდ კეთილი იყოს.
 
რაოდენ უცნაურობამდე და აშკარა წინააღმდეგობებამდე მიდის ურწმუნო ადამიანი!
 

მატერიალიზმი (თითქოს ყველაფერი მატერიისგანაა, რომელიც მარადიულია)
 
მატერიალიზმი, რომელიც ყოველივე არსებულს ხსნის მატერიით, რომელსაც თითქოსდა თავისი არსებობისთვის მინიჭებული აქვს ძალა, ურწმუნოების ერთ-ერთი საშინელი სახეობაა. სამყაროში რაიმე სულიერის არსებობის გამორიცხვით, ყველაფერს მატერიას უწოდებს, მატერიალიზმი უარყოფს ყოველივე წმიდას და ადამიანს მხოლოდ ცხოველური არსებობის მდგომარეობამდე ამდაბლებს: "ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით" (1კორ. 15:32), აი რას ფიქრობენ თავიანთ გულში ასეთი რწმენის მქონე ადამიანები. ეს ნიშნავს – ადამიანმა თავი შეადაროს საქონელს, რომელსაც კლავენ (ფსალმ. 48:13). და განა ეს, ამასთანავე, არ ნიშნავს ჯანსაღი აზრის უარყოფას, რათა, მაგალითად, საკუთარი სულიც და თავისუფლებაც მხოლოდ მატერიის მოძრაობად ჩათვალოს, რათა სამყაროს, - რომელიც იცვლება და ყოველ თორმეტ თვეში ახალი წლის რიცხვს იღებს, - მიანიჭოს უცვლელი საუკუნო არსებობის უფლება? სამართლიანად, ამიტომ, ეკლესია ანათემას გადასცემს (მართლმადიდებლობის კვირას) ამგვარ ურწმუნოებსაც.
 

რაციონალიზმი (ამაყი მსჯელობა რწმენის საგნებზე)
 
რწმენის საგნები უნდა აიხსნას და შენარჩუნდეს რწმენისავე სულით. ფილოსოფიამ, რომელსაც თავისი მნიშვნელობა აქვს მეცნიერებაში, რწმენის საგნების მიმართ ნებაყოფლობით უნდა დაიმდაბლოს თავი და "დაემორჩილოს ქრისტეს" (2 კორ. 10:5). სხვაგვარად ადამიანი ვერ შეიცნობს ღვთიურ ჭეშმარიტებას. როდესაც ადამიანი სრულიად, და არა მხოლოდ ნაწილობრივ, დაუმორჩილებს თავის გონებას წმიდა გამოცხადებას, ის სიტკბოებით შეითვისებს საღმრთო ჭეშმარიტებას. მაგრამ როგორც კი დაიწყებს ამაყ ბრძნობას რწმენის საგნებში, ოდნავ მისცემს თავს უფლებას თქვას: "რა მესაქმება მოციქულ პავლესთან?" შეხვდება მრავალ გაუგებრობასა და უამრავ წინააღმდეგობას გადააწყდება; რამეთუ ჩვენი გონება არა მხოლოდ შეზღუდულია, არამედ ადამის დაცემის გამო, ერგვარი სიბნელითაც არის მოცული უმაღლესი სულიერი ჭეშმარიტებების მიმართ და საკუთარ თავში ღვთიურისადმი გარკვეულ წინააღმდეგობებსაც მალავს.


ნატურალიზმი (ღვთის სასწაულთა უარყოფა)
 
"რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, ... არ ექნებოდათ ცოდვა" (იოან. 15:24), თქვა მაცხოვარმა იუდეველთა შესახებ, რომლებმაც არ ირწმუნეს მისი სასწაულები. ამის შემდეგ, თუნდაც ერთი რომელიმე სასწაულის უარყოფა (მაგალითად, როგორ გადავიდნენ იუდეველნი მეწამულ ზღვაზე), დიდ ცოდვას წარმოადგენს. მაგრამ თქმა, თითქოს სრულიად "არ ხდება სასწაულები", ან მცდელობა, რომ სასწაულები აიხსნას ბუნების ძალებით, განა ყველაზე ღვთისსაწინააღმდეგო ურწმუნოება არ არის?
 
სასწაულები აუცილებელია ღვთის უმაღლესი მიზნებისთვის, მაგალითად, ადამიანთა შორის რწმენის განსამტკიცებლად და ცრურწმენებისა და ურწმუნოების სამხელად. სასწაულებში ჩანს ღვთის განსაკუთრებული მოწყალე განგებულება ეკლესიისადმი. თუმცა, სასწაულები არ არღვევენ საქმეთა მსვლელობას მთელ ბუნებაში, რადგან ისინი ბუნების კანონების მხოლოდ დროებითი, იშვიათი და ადგილობრივი დარღვევებია. სასწაულები, ამასთანავე, უდავოდ, ღვთის ზებუნებრივი საქმეებია: ასე, მაგალითად, წმიდა ნაწილთა უხრწნელობა და ყველას თვალწინ მომხდარი განკურნებანი წმიდა ნაწილებთან, ბუნების რომელი კანონებით შეიძლება აიხსნას?
 

მისტიციზმი (რწმენაში მხოლოდ საიდუმლოსა და სასწაულებრივის ძიება)
 
"თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი" (მათ. 19:17). ე. ი., სულის ხსნისთვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა კეთილი საქმეები. და უმჯობესია გულის სიწრფელით იღვაწო უფალი ღვთისთვის კეთილი საქმეებით, ვიდრე რწმენაში მხოლოდ საიდუმლო და სასწაულებრივი ეძიო. ცრუ მისტიკოსი, ამასობაში, თავს არიდებს სულის ხსნისთვის საჭირო შრომასა და ღვაწლს; მას მხოლოდ უყვარს მსჯელობა იმაზე, რომ საჭიროა სულიერად ცხოვრება; ის ამრეზითაც კი უყურებს თავის გარეგან მდგომარეობას, თავის ჩვეულებრივ მოვალეობებს, თითქოსდა ისინი ხელს უშლიან მის სულიერ სრულყოფილებას; მას უყვარს წმიდა წერილის საიდუმლო განმარტებები; ფიქრობს, რომ ყოველ გარემოებაში განსაკუთრებულ სასწაულს ხედავს, ყველაფერში სასწაულებრივ დახმარებას ელის. ამრიგად, ის ზოგჯერ სრულიად მცდარ წარმოდგენებამდე და რწმენებამდე მიდის. თავად ასეთ რწმენაში - ჩნდება ურწმუნოება!
 

ფანატიზმი (ულმობელობა)
 
"შურით ვსდევნიდი ეკლესიას" (ფლპ. 3:6). ქრისტიანობის სული, ნამდვილად ძლიერი და მხურვალე სულია; მაგრამ, ამასთანავე, ეს არის გონიერი, მშვიდი და მომთმენი სული. ქრისტე მაცხოვარმა აუკრძალა მოციქულებს, როდესაც მათ თავიანთი მხრივ საჭიროდ ჩათვალეს ციდან ცეცხლი დასცემოდა იმ სოფლებს, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტეს სახარება (ლუკ. 9:54-55). ამრიგად, სრულიად ღვთისსაწინააღმდეგოა "რწმენის სახელით" წამება, - და არა აქვს მნიშვნელობა, საკუთარ თავს ტანჯავს ადამიანი  (მაგალითად, თვითდაწვა, თვითგვემა ან სნეულის გადაწყვეტილება ყინულის ხვრელში ხელახალ ნათლისღებაზე და სხვა), თუ სხვების მიმართ დაუშვებს ამას, ე. ი. მათზე, ვინც სხვანაირად ფიქრობს და ვისაც სხვანაირად სწამს, ან მხოლოდ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობის მიღებას.
 

ინდიფერენტიზმი (თითქოს ყველა რწმენა თანასწორია)
 
"ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:5). განა შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ღმერთმა, წმიდამ და მართალმა, ერთნაირი კეთილმოსურნეობით მიიღოს როგორც ქრისტიანის რწმენა-წარმოდგენები, რომელიც იესუ ქრისტეს თავის მხსნელად აღიარებს, ისე იუდეველის რწმენა, რომელიც, პირიქით, სძულს ქრისტე, და მაჰმადიანის რელიგია, რომლისთვისაც მუჰამედი, გარყვნილი ადამიანი, ყველა წინასწარმეტყველზე მაღლა დგას?
 
ყველაფერი რომ სულერთი იყოს და ვისაც როგორც უნდა ისე სწამდეს, ოღონდ თავისი რწმენის მიხედვით პატიოსანი ადამიანი იყოს, - ასეთ შემთხვევაში, მაცხოვარი არ ამხელდა ფარისეველთა შეცდომებსა და სადუკეველთა რწმენებს. არა. ყველა რწმენისთვის ერთნაირი პატივის მიგება, მაშინ, როცა ისინი აზრით განსხვავებულია და სხვადასხვა ცხოვრების წესს განაპირობებენ, - ეს ნიშნავს არც ჭეშმარიტების და არც სათნოების არანაირი პატივისცემა არ გქონდეს; ეს ნიშნავს ყოველგვარი შეცდომისა და ყოველგვარი უზნეო წესის მოწონებას, როგორიცაა, მაგალითად, ყურანში მოცემული წესები. ასეთი გულგრილობა ერთადერთი ჭეშმარიტი, ანუ მართლმადიდებელი რწმენის მიმართ, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს სხვა რწმენათა შორის, თავად ურწმუნოებაზე უარესია.
 

ფატალიზმი (გარდაუვალი ბედისწერა)
 
"მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და, საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი" (რაც გსურს, ანუ ცეცხლს ან წყალს, იმას შეეხე) (სირაქ. 15:16). და უფალი იესუ ქრისტეც, ჩვეულებრივ, ასე მოძღვრავდა: "ვისაც სურს მე მომდიოს" (მათ. 16:24); "თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო" (მათ. 19:21). დიახ, ადამიანს მიენიჭა მოქმედების სრული თავისუფლება. მაგრამ არც "ბედისწერა (განსაკუთრებით კი ბოროტი), არც უბედურება", არც "ბრმა შემთხვევითობა", რომელიც თითქოს "შობიდანვე დაეწერა" ადამიანს, არც "გარემოებები", რომლებიც თითქოს უნებლიედ მიიყვანენ კაცს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მდგომარეობამდე და რომელთა თავიდან აცილებაც თითქოსდა ყოვლად შეუძლებელია ("რაც უნდა მოხდეს, იმას ვერ აცდები"), არც "ბედნიერი ვარსკვლავი ან ხვედრი", ისევე როგორც, მეორე მხრივ, გარდაუვალი "მწარე ბედი", – მსგავსი არაფერი არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ეს ყველაფერი სრულიად უაზრო სიტყვებია, ანუ "არაფერია" და მხოლოდ ადამიანის მოგონილია. ასე სწამდათ წარმართებს: ისინი "ბედისწერის" სახელით წარმოიდგენდნენ განსაკუთრებულ ღვთაებას, რომლის ხელმწიფებაც ადამიანებზე თითქოსდა თავისებურია.
 
ცრურწმენა იგრძნობა ამ, ერთი შეხედვით, ღვთისმოშიშ სიტყვებშიც, რომელსაც ზოგიერთი ამბობს: "როგორც ღმერთი ინებებს..., ეტყობა, ღმერთს ასე სურს", თუ ასე, ე. ი. მერყევი სულით ითქმის იქ, სადაც ღვთის ნება დიდი ხანია და უეჭველად ცნობილია (მაგალითად, ეკლესიაში სიარული, მარხვის დაცვა), ან იქ, სადაც ადამიანი თავად არის მთლიანად დამნაშავე (მაგალითად, საკუთარი დაუდევრობის გამო ნივთების დაკარგვაში).
 
ყველაზე ღვთივსაწინააღმდეგო ცრურწმენას გამოხატავს დამნაშავე, როდესაც "ბედისწერას, ღვთის წინასწარგანსაზღვრას" უწოდებს თავის უსჯულო გზებს, ადამიანის მკვლელობასაც კი, და იმით იმართლებს თავს, რომ "ღვთის გარეშე ვერაფერში ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა". არა, ადამიანის ცხოვრება რამდენადაც არის დამოკიდებული ღმერთზე, იმდენადვე დამოკიდებულია თავად ადამიანზეც, რომელსაც ღმერთმა მისცა თავისუფლება და ყოველ ჯერზე თავისი ყოვლისშემძლეობით არ უშლის ხელს, რომ თავისუფლად ჩაიდინოს ბოროტება, რასაც ნიშნავს ღვთის განგება (რომ. 11:33).
 
ამასთან, საჭიროა გვახსოვდეს და ნათლად განვასხვავოთ, რომ არსებობს "ღვთის პირდაპირი ნება" ადამიანის საქმეებზე, ე. ი. კეთილ საქმეებზე, და არსებობს მხოლოდ "საღვთო დაშვება" მათზე, თუ ისინი ბოროტია. სხვანაირად რომ ვთქვათ: "საქმეთაგან ერთნი აღესრულებიან ღვთის ნებით, ხოლო სხვები - ღვთის დაშვებით; ხოლო ყოველივე აღსრულებული აღესრულება ღვთის სამსჯავროთი და განსაზღვრებით: ფარულად, ღვთისგან მოწყვეტილად ან მისგან დამოუკიდებლად არაფერი ხდება და არც შეიძლება მოხდეს.
 

თითქოს ღვთის პატივის მიგება მხოლოდ სულითაა საჭირო, და არა ხორცით
 
"ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით" (1 კორ. 6:20). სრულიად ამაოა რწმენა იმისა, თითქოსდა ღვთის პატივის მიგება საკმარისია მხოლოდ სულით, – ჯვრის გადაწერის გარეშე, თაყვანისცემის გარეშე, ხატების გარეშე, ეკლესიაში სიარულის გარეშე, ტაძრის მორთვის გარეშე და ა. შ. უფრო სწორად რომ ვთქვათ: ეს მხოლოდ ღვთისმსახურებისგან განზრახ თავის არიდებაა, ღვთის მსახურებისადმი სიზარმაცეა, რომელიც მცდარი მსჯელობებით იფარება. თავად ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე, როგორც ღმერთკაცი, მუხლს იყრიდა ლოცვისას და დადიოდა იერუსალიმის ტაძარში თაყვანსაცემად.
 

ერესი (რწმენის საწინააღმდეგო ჯიუტი ცდომილება)
 
"გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:11), ნათქვამია მწვალებელზე, ე. ი. ისეთ ადამიანზე, რომელიც მართლმადიდებლურ სწავლებას მთლიანობაში კი არ უარყოფს, არამედ თვითნებურად ამახინჯებს რწმენის რომელიმე დოგმატს (მაგ., როგორც ოდესღაც არიოზმა ღვთის ძეზე). მხოლოდ ეჭვი რწმენაში, ან შეცდომა, ან თავად განხეთქილება, ისევე როგორც საკუთარი მცდარი რწმენების დაცვა, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მწვალებლობას. მწვალებლობა არის ღვთიური დოგმატის, ან რწმენის არსებითი დებულების უარყოფა ან დამახინჯება, თანაც - უკიდურესი სიჯიუტით. ამიტომაც მწვალებლობის მომგონი ან მიმღები ადამიანის სრული ბრალეულობა დგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეკლესია ამხელს მას, ის კი მაინც ჯიუტად განაგრძობს იმ აზრის დაცვას, რომელიც ეწინააღმდეგება საყოველთაო რწმენას. ამის შემდეგ, ეკლესიის კანონებით, მკაცრად იკრძალება ასეთ ადამიანთან როგორც რელიგიური, ისე ჩვეულებრივი ურთიერთობა (მოციქ. წესი 45; ლაოდიკ. 9, 37).
 

არაგონივრული წარმოდგენა ყოვლადწმიდა სამებაზე - მრავალღმერთიანობა
 
"ეს სამი ერთია" (1 იოან. 5:7). იმავე აზრით როდი ვაღიარებთ ღმერთს სამებად, როგორც - ერთად: ღმერთში არის სამი პირი (იპოსტასი) და ერთი არსება, ანუ ერთი სიცოცხლე, ისე რომ მისი პირები იოტისოდენადაც არ განცალკევდებიან ერთმანეთისგან, რამეთუ საუკუნითგან ერთად არსებობენ. ყოვლადწმიდა სამების გარდა კი სხვა ღმერთი არ არსებობს.
 

იესუ ქრისტეს ღვთაებრიობის უარყოფა
 
"ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესუ არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე" (1იოან. 2:22). რა საშინელია გიწოდონ ანტიქრისტე! და, თუ იესუ ქრისტე არ არის ღმერთი და არ არის ღმერთკაცი, არამედ მხოლოდ ბრძენი ადამიანია: ასეთ შემთხვევაში, სამყარო დღემდე გამოსყიდული არ არის, - მხსნელი დღემდე არ გვყავს, ყველანი უიმედო მდგომარეობაში ვრჩებით. როგორი უნუგეშო ურწმუნოებაა!
 
არა მხოლოდ სიტყვიერი შეწინააღმდეგება, არამედ აზრის რყევაც, ფარული ორაზროვნებაც იესუ ქრისტეს ღვთაების მიმართ, რწმენის დაღუპვაა. მაცხოვრის ადამიანური საქმეები (მაგალითად, ჭამა, ძილი) მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ის ჭეშმარიტად განკაცდა და ჩვენსავით ადამიანი იყო. მაგრამ, შემდგომ, მისი არაჩვეულებრივი შობა (ქალწულის მიერ სულიწმიდისგან ჩასახვა), უცოდველობა და სიწმიდე ყველაფერში, ყოვლისშემძლე ძალა სასწაულებში და მის შესახებ ზეციური მოწმობა, - აჩვენებს მასში ჭეშმარიტ ღვთიურ იპოსტასს, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სამყაროს მხსნელი.
 

თითქოს იმქვეყნად არ იქნება საუკუნო სატანჯველი
 
ნათელი და გადამწყვეტია სიტყვანი მაცხოვრისანი: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული ... და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათ. 25:41, 46). ეს არ არის ღვთის პირობითი მუქარა, თუმცა ღვთის მხრიდან აღსრულდა მრავალი პირობითი მუქარაც, როდესაც ადამიანებმა თავად ვერ დაიცვეს პირობები, როგორც, მაგალითად, ადამის სიკვდილი, წარღვნა, სასჯელი იუდეველთა მიმართ და მისთ. არა, ეს, ასე ვთქვათ, მაცხოვრის ერთი წინასწარმეტყველებაა. მაცხოვარი იმოწმებს სიტყვებს, რომელთაც ის წარმოთქვამს თავის სამსჯავროზე ცოდვილთა მიმართ, თუმცა, ამასთანავე, მისი წინასწარმეტყველება არავის აქვეითებს საუკუნო სატანჯველში "რაიმე აუცილებლობით".
 
ამრიგად, ვინც არ ეთანხმება იმას, რომ იმ ქვეყნად იქნება ცეცხლი და სხვა სატანჯველები, სამართლიანად, ეკლესიის სამსჯავროთი, ექვემდებარება ანათემას (V მსოფლიო კრების განსაზღვრება). ის ამ სასჯელებს ცოდვილისთვის მკაცრს და სასტიკს უწოდებს. მაგრამ განა თავხედობა არ არის, საკუთარი თავი ღმერთზე მოწყალედ მიიჩნიო, რომელიც, თავისი მოწყალების მიუხედავად, მაინც არ ინდობს მოუნანიებელ ცოდვილს? ღმერთთან და წმიდანებთან ერთად სამოთხეში ყოფნის უუნარობით ან მოუმზადებლობით ცოდვილი თავადვე იქმნის საუკუნო სატანჯველს და ცეცხლოვან გეენას.
 

თითქოს სრულიად არ არსებობს საიქიო ცხოვრება
 
"ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა" (მათ. 10:28). სულს არ შეუძლია მოკვდეს და გაიხრწნას, რამეთუ სხეული როდია. ვერც გაიფანტება, რამეთუ არც ჰაერია, არამედ ნატიფი, მარტივი და უხილავი ძალაა. მისი ცხოვრების გაგრძელებას ხორცის სიკვდილის შემდეგ არაფერი უშლის ხელს, რამეთუ ცოცხლობენ კიდეც სულები, ანგელოზნი. მაგრამ ადამიანის ხორციც ოდესმე გაცოცხლდება: "გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები" (ეს. 26:19). რაოდენ უეჭველია საიქიო ცხოვრება! უკვდავების რწმენის ჩახშობა საშინელია იმიტომაც, რომ ამ რწმენის არარსებობისას ადამიანი ადვილად წყვეტს საკუთარი სიცოცხლის თვითნებურ განკარგვას ან ღვთისადმი ვედრების ნაცვლად სურს ისე მოკვდეს, რომ წუთითაც არ შეხვდეს საკუთარ სინდისს, რომელიც დასტანჯავდა მას და კიდევ შეიძლებოდა განეწყო იგი ცოდვათა მონანიებისთვის, ანუ სურს სიკვდილი ერთ მყისიერ წამს.
 

ურწმუნოება საყოველთაო ეკლესიის სწავლების, განწესებებისა და ხელმწიფების მიმართ
 
"თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მთ. 18:17). ეკლესიისადმი ურჩობა, როდესაც ის, საკუთრივ, ურწმუნოებისგან გამომდინარეობს, სამართლიანად ექვემდებარება ასეთ სამსჯავროს; რამეთუ საყოველთაო ეკლესია არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (1ტიმ. 3:15): ის ცოცხლობს ჭეშმარიტებით და არ შეიძლება შეცდეს. და, ამრიგად, მისი დაწესებანი (მაგალითად, გარდაცვლილთა მოხსენიება) ხსნის მომნიჭებელია; მისი ხელმწიფება, კურთხევა ან ანათემა, საყოველთაოდ მიღებული მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე, ისევე როგორც ზოგადად საეკლესიო კანონში, – ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვები როდია. უმჯობესია, გეწოდოს "ცალმხრივი ან არასაკმარისად განათლებული ადამიანი" და იყო მორწმუნე, ვიდრე შენი განათლებულობით ეკლესიაზე უჭკვიანესად მოგქონდეს თავი და, ამრიგად, მისი ძის ნაცვლად, მისი მსაჯული იყო.
 

რწმენაში საკუთარი ეჭვების გამჟღავნება სხვებისთვის იმ განზრახვით, რომ მათ სულებშიც იგივე აზრები აღძრან
 
ცოცხალი და გულწრფელი რწმენა ადამიანის ჭეშმარიტი სიმდიდრეა. ამიტომ, ვინმესთვის ამ სიმდიდრის ან მხოლოდ მისი ნაწილის წართმევა უმძიმესი ცოდვაა ღვთის წინაშე და მძიმე შეურაცხყოფაა მოყვასისა. მოციქულმა პეტრემ, რომელმაც თვით საფლავთან არ ირწმუნა უფლის აღდგომა და თავის სულში მხოლოდ "გაკვირვებას", ანუ ეჭვს მალავდა, ამჯერად სწრაფადვე ღირსიქმნა ეხილა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი (ლუკ. 24:12, 34), ვიდრე თომამ, რომელმაც სხვების წინაშე გამოთქვა თავისი ეჭვი და თქვა: "თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს..." (იოან. 20:25, 26).
 

განხეთქილებისადმი ან მწვალებლობისადმი ფარული ერთგულება
 
გულში განხეთქილების (ან მწვალებლობების) შენარჩუნება და, ამავდროულად, მართლმადიდებლად თავის წარმოჩენა, მაგალითად, სხვებთან ერთად აღსარებასა და წმიდა ზიარებაზე მისვლა, ნიშნავს წმიდა საიდუმლოებების არად ჩაგდებას და ღვთის ორმაგ განრისხებას.
 

ქრისტიანული რწმენის უარყოფა, ანუ ღვთისგან განდგომა
 
ვინც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, არა მხოლოდ ფარულად, არამედ აშკარადაც, თანაც თავისუფლად, ყოველგვარი იძულების გარეშე უარყოფს ქრისტიანულ რწმენას და კვლავ უბრუნდება იუდეველობას ან მაჰმადიანობას: ის ღვთისგან განდგომილია და მის ცოდვათათვის "აღარა რჩება მსხვერპლი" (ებრ. 10:26). წმიდა ეკლესია მას საუკუნო სასჯელს გადასცემს, თუ იგი არ იჩქარებს მართლმადიდებლურ რწმენაზე მოქცევას (პეტრე ალექსანდრიელის წესი 4). ასეთი იყო იულიანე განდგომილი; ასეთნი არიან დღეს განდგომილნი ნათელღებულ თათართაგან. რა საშინელი ხვედრია - ცათა სასუფევლის კართან იდგე და შემდგომ ეს კარი შენს წინაშე დახურული იხილო!


გაგრძელება იქნება.

პუბლიკაცია ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.

URL: https://azbyka.ru/otechnik/Evgenij_Popov/nravstvennoe-bogoslovie-dlja-mirjan/#source.

წყარო: Нравственное богословие для мирян: в порядке десяти заповедей Божиих: [в 2-х томах] / составил протоиерей Евгений Попов, почетный член С.-Петербургской духовной академии. - Москва: Правило веры, 2019. / Т. 1. - 989, [1] с.: ил.; Т. 2. - 926, [1] с.: ил. (Печ. по изд. 1901 г. «Общенародные чтения по Православно-нравственному богословию»).
Назад к содержимому