სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
იდუმალ მოვლენათა სამყარო
შინაარსი:
I. იდუმალი მოვლენები საზოგადოდ. მათი რეალურობა. კვლევის ამოცანა.
II. დივინაცია, ანუ მომავალ მოვლენათა წინასწარცნობა: წინათგრძნობა და წინაგანჭვრეტა, წინასწარმეტყველური სიზმრები და ნათელმხილველობა.
III. ტელეპატიური მოვლენები: რეალური და სიკვდილის შემდგომი მოჩვენებები, ორეულები და პიროვნების გაორება.
IV. მისნობა, ჯადოქრობა და ფაკირიზმი. მოვლენები, რომლებიც ავლენენ ბუნების იდუმალ ძალთა მოქმედებას.
V. მშფოთვარე სახლები.
ავტორი: მიხაილ ვერჟბოლოვიჩი.
I. იდუმალი მოვლენები საზოგადოდ. მათი რეალურობა. კვლევის ამოცანა
ადამიანი, თავისი ბუნებით, მიდრეკილია ყოველივე იდუმალისკენ, ზებუნებრივისკენ, საკვირველისკენ, - გონებრივად მიუწვდომელისკენ, რომელიც, თუმცა, მასზე რეალურად მოქმედებს. გარეგანი ყოფიერების სფეროში ყველა მხრიდან იდუმალებით მოცული ადამიანი, თვითონაც იდუმალებაა თავისი შინაგანი ცხოვრების მხრივ, და ყველა დროებაში, მეცნიერებისთვის ცნობილი შემთხვევების გარდა, აღიარებდა განსაკუთრებულ იდუმალ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებაში, ასევე მის სულიერ ცხოვრებაშიც.
ამ ძალებისადმი რწმენა ვლინდება არა მარტო კაცობრიობის უძველესი ბარბაროსობის, არამედ უმაღლესი გონებრივი განვითარების პერიოდშიც. თუმცა, ისიც შეუძლებელია ითქვას, რომ ამგვარი რწმენა სრულიად თვითნებური იყო და გააჩნდა ოდენ სუბიექტური საფუძვლები.
უძველესი პერიოდიდან მოყოლებული, ყველა დროის მოაზროვნეები ყურადღებით აკვირდებოდნენ სხვადასხვა იდუმალ და ამოუცნობ მოვლენებს, რომლებიც საგანთა ჩვეულებრივ მდინარებას სცილდებოდნენ და ბუნებისა და სულის მეცნიერული გაგების შესაძლებლობებს აღემატებოდნენ. ცნობები ამგვარ მოვლენებზე კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული განვითარების ყველა ეპოქაში არსებობდა და მათ ჩვენამდეც მოაღწიეს.
ასე, მაგალითად, ციცერონთან ვპოულობთ საინტერესო მონათხრობს ერთი მოგზაურის წინასწარმეტყველურ სიზმარზე. ორი მეგობარი, მოგვითხრობს ციცერონი, მეგარში ჩამოვიდნენ და ღამის გასათევად სხვადასხვა ადგილას შეჩერდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ის-ის იყო ჩაიძინა, რომ ძილში მეგობარი გამოეცხადა, რომელიც მასთან მისვლას და დახმარებას სთხოვდა, რადგან სასტუმროს მეპატრონეს მისი მოკვლა განეზრახა. მოგზაურს შეშფოთების გამო გაეღვიძა, მაგრამ, მცირედი განსჯის შემდეგ ამ სიზმარს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და კვლავ დაიძინა. მეგობარი მას სიზმარში მეორედაც გამოეცხადა და კვლავ მასთან მისვლა და დახმარება სთხოვა, რადგან მკვლელები უკვე მის ოთახს იყვნენ მომდგარნი.
ამჯერად პირველ მოგზაურს მძაფრ მღელვარებაში გაეღვიძა და თითქმის წასვლაც კი გადაწყვიტა თავის მეგობართან, მაგრამ კვლავ განსჯას მისცა თავი, გადაიფიქრა და დაიძინა. ის იყო ჩასთვლიმა, რომ უეცრად მის წინაშე წარდგა უბედური და დასისხლიანებული მეგობარი, რომელიც უკვე მისი მისი მკვლელობისთვის შურისძიებას სთხოვდა და თანაც ამცნობდა, რომ განთიადზე მის სხეულს ფუნით დატვირთული ურმით ქალაქის კარიბჭიდან გაიტანდნენ. სწორედ ამ მითითების წყალობით იპოვეს შემდეგ მოკლულის გვამი და დამნაშავეებიც დააკავეს.
კლასიკური ეპოქა ამგვარ წინასწარმეტყველურ სიზმართა მრავალ სხვა ფაქტებსაც გვამცნობს. ასე, მაგალითად, ვინმე სიმონიდმა შესაფერისი პატივით დამარხა მის მიერ შემთხვევით ნაპოვნი უცნობი ადამიანის გვამი. მოგვიანებით, როდესაც დელოსში გემით წასვლა დააპირა, სიზმარში მის მიერ დამარხული უცნობი გამოეცხადა და მგზავრობის გადადება ურჩია. სიმონიდმა დაუჯერა სიზმრისეულ რჩევას და მალევე შეიტყო, რომ გემი, რომლითაც ის გამგზავრებას აპირებდა, ზღვაში ჩაძირულიყო ყველა მგზავრთან ერთად.
შემდეგ, კეისრის ცოლს კალპურნიას ქმრის სიკვდილის წინ რამოდენიმე შემაშფოთებელი სიზმარი ჰქონდა და ყველა ძალით ცდილობდა ქმარი იმ საბედისწერო დღეს სახლში გაეჩერებინა. კეისარმა ცოლის რჩევას არ დაუჯერა და იმავე დღეს სენატიდან გამოსვლისას მოკლულ იქნა. ზუსტად ასევე ტარკვინიოს რამოდენიმე სიზმარში ეწინასწარმეტყველა რომის სამეფო ძალაუფლების დაცემა, ხოლო კრეზს - მისი შვილის ატისის დაღუპვა. სვეტონიუსის მოთხრობით, იმპერატორ ავგუსტუსს, სნეულებისდა მიუხედავად, სიზმრების გავლენით ბანაკი უნდა დაეტოვებინა, რომელიც ამის შემდეგ მტერმა დაიპყრო.
ტელეპათია, ანუ მეტყველების ან გრძნობათა ორგანოების გარეშე ერთი პიროვნების იდუმალი ზემოქმედება მნიშვნელოვანი მანძილით დაშორებულ სხვა პიროვნებაზე, ძველ ლიტერატურაში ასევე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ჰომეროსის, ევრიპიდეს, ოვიდიუსის, ვირგილიუსის, ციცერონის და სხვათა თხზულებებში უხვად არის მოცემული ცნობები მომაკვდავებზე და გარდაცვლილებზე, მოჩვენებებსა და ხილვებზე.
ასე მაგალითად, პლინიუს მცირე თავის "წერილებში" გადმოსცემს ასეთ ამბავს. ფილოსოფოსმა ათინაგორამ ათენში ჩამოსვლისას შეიტყო, რომ იქ ძალიან იაფად იყიდებოდა ერთი სახლი, რომელშიც მოჩვენებები ბუდობდნენ, რის გამოც ადრინდელ ბინადრებს მიეტოვებინათ. ათინაგორამ ეს სახლი იყიდა და მასში თავის თანმხლებ პირებთან ერთად ღამის გასათევად გაჩერდა. ღამით, როდესაც ფილოსოფოსი ჩვეულებისამებრ კითხულობდა და წერდა, უეცრად ძლიერი ხმაური და ჯაჭვების ჟღარუნი შემოესმა. უეცრად მას ჯაჭვებით შეკრული უცნაური გარეგნობის მოხუცი წარუდგა. მოხუცმა ფილოსოფოსს მიანიშნა გაჰყოლოდა, მაგრამ ათინაგორამ, თავის მხრივ, ნიშნებითვე სთხოვა დალოდებოდა, და თავისი საქმიანობა გააგრძელა. მუშაობის დასრულების შემდეგ, ის მიჰყვა მოჩვენებას, რომელმაც ფილოსოფოსი ეზოში გაიყვანა და ერთ ადგილზე, მიწის ქვეშ გაქრა. ათინაგორამ ეს ადგილი მონიშნა და სახლში დაბრუნდა. მეორე დღეს მან მომხდარის შესახებ ხელისუფალთ ამცნო, რომელთაც მისი მინიშნებით კონკრეტული ადგილის თხრა დაიწყეს და ჯაჭვებით შეკრული ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. ძვლები დამარხეს, ჯაჭვები კი გადააგდეს. იმ დღიდან სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.
ამ თქმულებებთან ერთად, როგორც ძველ, ასევე შუასაუკუნეობრივ ლიტერატურაში, არსებობს მრავალი გადმოცემა მაგიურ სასწაულებზე, რომელთაც მისნები და ჯადოქრები ასრულებდნენ და, როგორც ჩანს, ეს სასწაულები ბუნებრივ ძალთ აღემატებოდა. ასეთი ჯადოქარი იყო, მაგალითად, სიმეონ მოგვი, რომელიც მოციქულთა დროს ცხოვრობდა. მისი თანამედროვეები ჰყვებიან, რომ შეეძლო ჰაერში ფრენა, ერთი ხელის აქნევით მძიმე საგნების გადაადგილება, აიძულებდა ხეებს ეწინასწარმეტყველათ და სხვა. მის თანამედროვე აპოლონიუს ტიანელს, იმ დროიდან შემორჩენილი გადმოცემების თანახმად, შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილებულიყო შორ მანძილზე, გადაქცეულიყო ფრინველად, ხედ, ქვად, ეწინასწარმეტყველა მომავალი, ესაუბრა გარდაცვლილთა აჩრდილებთან და სხვა.
16-ე ს-ის ცნობილმა ალქიმიკოსმა და ექიმმა პარაცელსმა განსაკუთრებულად გაითქვა სახელი სხვადასხვა დაავადებათა დისტანციური მკურნალობით. ის ამას მის მიერ დამზადებული მალამოების მეშვეობით ახერხებდა.
18-ე ს-ის დიდი საკვირველთმოქმედი კოლიოსტრო, დახელოვნებული ექიმი, ნათელმხილველი და მუცლითმეზღაპრე, კოლექტიური ცრუხილვების გამოწვევის უნარს ფლობდა, შეეძლო სხვადასხვა და ურთიერთდაშორებულ ადგილას ერთდროულად გამოჩენილიყო.
მაგიური სასწაულების გამოწვევის უნარით ძველთაგანვე იყვნენ ცნობილნი ფაკირები. ისინი თვალსაჩინოდ აჩვენებდნენ მცენარის ზრდას, რომელიც პუბლიკის თვალწინ თესლიდანვე იზრდებოდა, აჯადოვებდნენ ცხოველებსა და ფრინველებს, კვდებოდნენ და იმარხებოდნენ ჩვეულებრივად რამოდენიმე თვის განმავლობაში, რის შემდეგაც კვლავ სიცოცხლეს უბრუნდებოდნენ.
უახლოეს პერიოდში განსაკუთრებულად ცნობილი გახდა სულთა ტელეპათიური ურთიერთობის ფაქტები, ან კიდევ თანამედროვე და წარსულ გარდაცვლილთა მოჩვენებითი გამოცხადებები. ასეთია ამ ფაქტებზე არსებულ გადმოცემათა საერთო შინაარსი. მრავალი ადამიანი, უმეტესწილად ფხიზელ მდგომარეობაში, სრულიად აშკარად ხედავს ახლობელ ადამიანთა, მეგობართა, ნაცნობთა სახეებს და ზოგჯერ ლაპარაკობს კიდეც მათთან. შემდეგში კი აშკარა ხდება, რომ მოჩვენებათა გამოცხადების ეს ფაქტები გამოცხადებულ ადამიანთა სიკვდილის მომენტებს, ან მათი ცხოვრების სერიოზულ კრიზისებს ემთხვევა.
ახლო წარსულის ეს მოვლენები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ საზოგადოებათა სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა. მათ მრავალრიცხოვნებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ შემდეგი მონაცემების მიხედვით. ლონდონის "ფსიქიურ კვლევათა საზოგადოებამ" გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოაქვეყნა მარტოდენ "ცოცხალ მოჩვენებათა" 700-მდე მკაცრად გადამოწმებული და ზუსტად დამტკიცებული შემთხვევა ისე, რომ გარდაცვლილ მოჩვენებათა გამოცხადებებს არ შეხებიან.
ცნობილმა ფრანგმა ასტრონომმა კ. ფლამარიონმა 1899 წელს გამოაქვეყნა მოთხოვნა მისთვის ტელეპათიურ მოვლენათა ფაქტები გამოეგზავნათ. შედეგად მან მიიღო 1824-მდე წერილი, რომლიდანაც 1130 უდავო, უეჭველი და კრიტიკულად გადამოწმებული ფაქტი აარჩია. ეს იყო სულთა ტელეპათიური ურთიერთობის ფაქტები.
დასასრულ, ჩვენს დროში არც თუ იშვიათად, ჩვენი ვრცელი სამშობლოს (იგულისხმება რუსეთი, წინამდებარე თხზულების მწერლის სამშობლო. - "აპოკ". რედ.) მრავალ ადგილას, სხვადასხვა სახლებში ვლინდება მედიუმური მოვლენები, თანაც იმდენად მშფოთვარე, რომ ამ სახლების ბინადრები ჩვეულებრივ იძულებულნი არიან დატოვონ იქოურობა, რის შემდეგაც ეს სახლები დიდი ხნის განმავლობაში უკაცრიელდება და ბოლოს ნადგურდება.
სრულიად სავარაუდოა, რომ უჩვეულო მოვლენებზე საუბრისას შეიძლება შეგვხვდეს გადაჭარბებებიც, უზუსტობებიც, შეცდომებიც და ფაქტების დამახინჯებებიც. მრავალი მონათხრობი დისკრედიტირებულია სკეპტიკურად განწყობილთა მიერ მათში აღმოჩენილი ცრურწმენების, ილუზიების, სიცრუისა და თაღლითობის გამო. მიუხედავად ამისა, ყოველივე ამის გამოკლებით, მაინც რჩება უამრავი უეჭველი ფაქტი, რომელიც სერიოზულ ყურადღებასა და კვლევას იმსახურებს.
სანდო მოწმეთა და განსწავლულ მთხრობელთა ავტორიტეტი, მათდამი მიძღვნილი აღწერებისა და სამეცნიერო კვლევების სიუხვე, ასევე თვით მრავალ უჩვეულო ფაქტთა აღმოცენების ვითარებები და პირობები, რომლებიც გამორიცხავენ მოტყუებასა და თვითმოტყუებას, საკმარისად ადასტურებენ მათ რეალურობას.
თვით სახელგანთქმული კანტიც კი შორს იყო იდუმალი ფაქტების ლიტონი უარყოფისა და საქმისადმი ამრეზითი დამოკიდებულებისგან, რომელიც ასე ხშირად გვხვდება იმგვარ ადამიანებში, ყოველივეს საზომად ოდენ საკუთარ გონებას რომ ეყრდნობიან.
ჰუმბოლდტის აზრით, მედიდური სკეპტიციზმი, რომელიც ფაქტებს განხილვის გარეშე უარყოფს, მრავალ მიმართებაში უფრო იმსახურებს კიცხევას, ვიდრე მიამიტური რწმენა (Фламмарион. «Неведомое». СПб, 1901 г., стр.34). ამიტომაც, კარპენტერთან ერთად ვიტყვით, - დაუშვებელია იდუმალ მოვლენებზე არსებულ ყველა მონათხრობში მხოლოდ ეპიდემიური შეცდომილება დავინახოთ, რომელიც ცვლის მხოლოდ ფორმას და ერთსა და იმავე არსს ინარჩუნებს (Месмеризм, одилизм и пр., стр. 2–3). და ჭეშმარიტად, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე და სულის იდეალურ მისწრაფებათა სიმაღლე შეუდარებელია მიწიერ მოთხოვნილებებთან, რაც გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ინდივიდუალური სულიერი არსი დაჯილდოვებულია მრავალი უნარით, რომელიც ზუსტი მეცნიერებებისთვის ჯერაც უცნობია.
ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში მას შეუძლია დისტანციურად იგრძნოს და იმოქმედოს გარეგანი ორგანოების გარეშე, შეუძლია აღიქვას დაშორებული ადგილი და დრო, ასევე ზემოქმედება მოახდინოს სხვა ადამიანებზე, თანაც სივრცითი შეზღუდვების გარეშე. ზუსტად ასევე ბუნების ძალები სრულად როდია ცნობილი თანამედროვე მეცნიერებისთვის. მათთან გაცნობას და მათით ზოგიერთი, განსაკუთრებული პიროვნების მიერ სარგებლობსა შეიძლება თან ახლდეს მრავალი უჩვეულო მოვლენა, რომელიც ბუნების განმარტების ჩვეულ სამეცნიერო შესაძლებლობებს აღემატება.
იდუმალ მოვლენათა ფაქტები ფსიქიური ცხოვრების სფეროსა და გარეგან ვითარებებში ადამიანს რომ აკრავს, იმდენად მრავალგვაროვანი და განსხვავებულია, რომ გარკვეულ ჯგუფებად მისი ზუსტი კლასიფიცირება შეუძლებელია. აქედან მომდინარეობს მათი კლასიფიკაციის მრავალგვაროვნება სხვადასხვა ავტორებთან.
მიუხედავად ამისა, თვით მოვლენათა ტიპიური თავისებურებების საფუძველზე, ყველაზე ადვილია მათი დაყოფა შემდეგ ჯგუფებად:
ა) დივინაციური მოვლენები, ანუ მომავალ მოვლენათა გამოცნობა: წინათგრძნობის და წინასწარხედვის ფაქტები, წინასწარმეტყველური სიზმრები და ნათელმხილველობა;
ბ) სულთა ტელეპათიური ურთიერთობის ფაქტები, ან ცოცხალ და გარდაცვლილ სულთა გამოცხადებები;
გ) მაგიური სასწაულები და ფოკუსები, რომლებიც ბუნების იდუმალ ძალებთან კავშირს ეფუძნება და ბოლოს:
დ) თავისთავადი მედიუმური მოვლენები ე. წ. მშფოთვარე სახლებში: გაუგებარი კაკუნები და ხმაურები, რომლებსაც, როგორც ჩანს გონივრული ძალები იწვევენ, - საგნების ჰაერში ფრენა და მათი გადაადგილება ხილული შეხების გარეშე, სხეულის ცალკეული ნაწილების ან ადამიანის მთელი ფიგურის მატერიალიზაცია და სხვა.
ყველა ამ ხსენებული მოვლენის იდუმალება და აუხსნელობა, ასევე მათი სამეცნიერო დამუშავების სიახლე, მიზეზი იყო იმისა, რომ მათ არ მიენიჭა ერთი, ზუსტი და მათი არსების განმსაზღვრელი ტერმინი. უმეტესწილად მათ მისტიურ მოვლენებს უწოდებენ და ამით მათ იდუმალებაზე უთითებენ.
მაგრამ ეს სახელწოდება სულაც არ განსაზღვრავს მათ არსსა და ხასიათს. თანაც, მას გააჩნია დროებითი, გარდამავალი მნიშვნელობა, რადგან დღეს აუხსნელი მოვლენა შესაძლოა უახლოეს მომავალში სრულიად ახსნადი და გასაგები გახდეს.
ვლ. სოლოვიოვის აზრით, რომელიც, ამ მოვლენათა ზენორმალურ ხასიათს აღიარებდა, უფრო მოხერხებულია მათ ფსიქურგიული ვუწოდოთ, რადგან ამ ტერმინით გამოიხატება მოვლენათა მთელი არსი: მათში მოქმედებს ფსიქიური სუბიექტი, როგორც დამოუკიდებელი ძალა, რომელიც სივრცის, დროისა და მექანიკური მოძრაობის პირობებს არ ექვემდებარება (См. его «предисловие» к р. пер. соч. Гернея и др. «Прижизненные призраки», СПб., 1893 г., стр. XIV).
ჩვენს მომდევნო განხილვებში შევეცდებით მიმოვიხილოთ ყველაზე თვალსაჩინო და გახმაურებული ფაქტები იდუმალი და უჩვეულო მოვლენების სფეროდან, რომლებიც აღბეჭდილნი არიან სანდოობისა და უეჭველობის ბეჭდით და იმსახურებენ ყურადღებას, რადგან მოწოდებულნი არიან სამეცნიერო პირთა მიერ.
შემდეგ შევეხებით რამოდენიმე ჰიპოთეზას და თეორიას, რომელსაც განმარტების სახით ამ ფაქტების მკვლევარები გვთავაზობენ. თავისთავად იგულისხმება, რომ იდუმალ მოვლენათა ზუსტი და საფუძვლიანი განმარტება შეუძლებელია, როგორც მათი სერიოზული შესწავლის, ასევე ჩვენი დროის სამეცნიერო შესაძლებლობების სიმწირის თვალსაზრისით. თანაც, ზედმეტი არ იქნება გვახსოვდეს, რომ ზუსტი მეცნიერების როლი უმეტესწილად მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით და იმ პირობების განსაზღვრებით შემოიფარგლება, რომელთა გარემოშიც ისინი ხდება; იდუმალ მოვლენათა ჭეშმარიტ მიზეზებზე კი მეცნიერებას არაფრის თქმა არ ძალუძს.
მაგალითად, რატომ იზიდავს დედამიწა თვითმყოფად სხეულს? რატომ იზიდავს მზე დედამიწას? რატომ ერთდებიან ჟანგბადი და წყალბადი? ეს ყველაფერი ჩვენთვის უცნობია. თუკი ფიზიკა გვეუბნება, რომ ზემოთ ასროლილი ქვა, მიზიდულობის კანონის საფუძველზე კვლავ დედამიწაზე ეცემა, ან თუკი ასტრონომი ამტკიცებს, რომ ზეციური სხეულები ერთმანეთზე მოქმედებენ მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე, მაშინ ეს განმარტებები მხოლოდ ფაქტის პერიფრაზირებაა და არა მისი ზუსტი განმარტება.
საერთოდ მითითებულ მოვლენათა მიზეზებზე შეიძლება მხოლოდ ერთი რამ ითქვას: სხეულები აწარმოებენ ცნობილ მოვლენებს, რადგან შესაბამისი თვისებები გააჩნიათ. სამეცნიერო დაკვირვებების მეშვეობით კი მხოლოდ პირობების განსაზღვრა შეგვიძლია, და არა თვით ფაქტთა მიზეზებისა. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ჩვენს მიერ მონიშნულ სფეროსთანაც. ჩვენ მოვახდენთ საკმაოდ გადამოწმებული ფაქტების კონსტატაციას და გამოვთქვამთ ვარაუდებს ამ მოვლენების არსთან და მათი წარმომავლობის პირობებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თვით იდუმალ ფაქტთა სერიოზული შესწავლის მნიშვნელობას, ერთი რამ ეჭვგარეშეა: წმიდად თეორიული ინტერესის გარდა, - რაც სულის შემეცნებით ძალებსა და თვისებებს, ასევე მეცნიერებისთვის დღემდე უცნობ ძალებს მოიცავს, - მას შეუძლია დაგვარწმუნოს სულისა და მისი იდეალური ბუნების, მისი უმაღლესი ღირებულებისა და პირადი უკვდავების არსებობაში.
II. დივინაცია, ანუ მომავალ მოვლენათა წინასწარცნობა: წინათგრძნობა და წინაგანჭვრეტა, წინასწარმეტყველური სიზმრები და ნათელმხილველობა
ადამიანში, ზოგიერთ განსაკუთრებულ ფსიქიურ მდგომარეობაში, შეიმჩნევა წინასწარგრძნობისა და წინასწარცნობის უნარი ხვედრთან დაკავშირებით - და არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საკუთარი, ახლობლის, მეგობრის, ნათესავის თუ სხვა რომელიმე ადამიანის ხვედრი. ასეთ მდგომარეობებს ძველად დივინაციას უწოდებდნენ და მას ადამიანის სულზე ღვთაების უშუალო და რეალურ ზემოქმედებად მიიჩნევდნენ. დივინაციის შინააარსი ძირითადად უკავშირდება პირვნებისა და მისი ახლობლების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს: სერიოზული სნეულება, სიკვდილი, საშიშროება სიცოცხლისთვის. ეს მომენტები, დადგომამდე, არცთუ იშვიათად სკმაოდ მკაფიოდ და სხვადასხვა ფორმებში აღიქმება შორსმჭვრეტელი სულის მიერ
დივინაციის პირველ და უდაბლეს საფეხურს წარმოადგენს წინათგრძნობები, რომლებიც თავისი სიმკვეთრით ზოგჯერ წინასწარცნობის დონემდე ადის. არსებობს მრავალრიცხოვანი გადმოცემა, დაკვირვებები და ფაქტების მთელი რიგი წინამგრძნობელობასთან დაკავშირებით.
ცნობილია ისეთი წინათრგძნობებიც,რომლებიც ადამიანთა სულებს შორის რეალურ და უშუალო ურთიერთობებზე მოწმობენ, განსაკუთრებით თუ ესენი არიან ახლო ნათესავები ან მეგობრები. მაგალითად, დედა, რომელიც თავისი შვილისგან მოშორებით იმყოფება, გრძნობს, რომ მას რაღაც საშიშროება ემუქრება, ან კიდევ, შვილთან ერთად ერთ სახლშია, და გრზნობს მის უბედურებას, რომელიც შეიძლება მომავალში დადგეს. ზუსტად ასევე, არცთუ იშვიათად მშობელთა უმიზეზო კაეშანი ემთხვევა სერიოზულ კრიზისს, რომელსაც შორს მცხოვრები შვილები განიცდიან.
ზოგჯერ წინათგრძნობა, რომელიც მოახლოვებულ საშიშროებაზე უთითებს, ისეთი კონკრეტული ფორმით გამოიხატება, რომელიც თავისი სიმკვეთრით შეესაბმება ხედვას ან ნამდვილი მოვლენის აღქმას.
დასასრულ, ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაურბის ერთი რომელიმე სახის უნებლიე სიკვდილს - ცეცხლისგან, წყლისგან და ა. შ., და ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს ამგვარი განსაცდელი, მაგრამ უბედური შემთხვევის შედეგად სწორედ იმისი მსხვერპლი შეიქნებიან ხოლმე, რისიც ეშინოდათ.
ამგვარი ფაქტების ზუსტი ბუნებრივ-სამეცნიერო განმარტება, მათი ზენორმალური ხასიათის გამო, შეუძლებელია. უდავოა, რომ დაუშვებელია ლაპარაკი იყოს წინათგრძნობისა და მოგვიანებით მომხდარი რეალური მოვლენის შემთხვევით თანხვედრაზე. ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თვით ამგვარ თანხვედრათა ფაქტების მრავალრიცხოვნება, რომელიც გამორიცხავს შემთხვევითობის თეორიას.
ასევე შეუძლებელია მსგავსი თანხვედრები აიხსნას სულის ბუნებრივი ქვეცნობიერი საქმიანობით, რომელიც ამუშავებს უკვე მიღებულ რეალურ აღქმას, როგორც აკეთებენ ამას ფსიქოლოგიის ფიზიოლოგიური მიმართულების წარმომადგენლები. მათი აზრით, საფრთხის შემცველი მრავალი წინათგრძნობა, - როდესაც, მაგალითად, ადამიანს მკაფიოდ გაცნობიერებული მიზეზის გარეშე საწოლი ოთახის ერთი კუთხიდან გადააქვს მეორე კუთხეში, ან გაუცნობიერებელი იმპულსით ერთი ადგილიდან გადადის მეორეზე, - განიმარტება ადრე აღქმული, მაგრამ ცნობიერებამდე ვერ მისული შთაბეჭდილებებით. მაგალითად, ამბობენ, რომ ადამიანს არაერთგზის შეეძლო სიზმარში აღექვა ან ჩაფიქრებულობის მდგომარეობაში მყოფს შექმნოდა ჭერის ჩამონგრევის შთაბეჭდილება, რაც ხის ჭრაჭუნმა შეუქმნა, მაგრამ ეს ყველაფერი გაცნობიერებული არ ჰქონია ან მათი სისუსტის გამო, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვა საგნებისადმი იყო მიპყრობილი მისი ყურადღება. შემდეგში იგივე შთაბეჭდილებები, სულის შინაგანი მუშაობის დროს, ძლიერდება, ეუფლება ყურადღებას და ძლიერი იმპულსი ხდება მუშაობისთვის, თუმცა, თავისი წარმომავლობით ადამიანისთვის გაუგებარი რჩება (1). ამის შესაბამისად, ხანძრის წინათგრძნობას ხსნიან ნამწვის სუსტი და არამკაფიო შეგრძნებების აღქმით, რომელიც უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერაც შეუმჩნეველია სახლის დაფარულ ადგილებში.
________________
1. ასეთ შეხედულებებს გამოთქვამენ კარპენტერი, მაუდსლი, ბიტპერი და სხვები.
________________
ასეთი ახსნა არ შეიძლება არ ვაღიაროთ საკმაოდ ხელოვნურად და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დაუჯერებლად. სუსტ და გაუცნობიერებელ შთაბეჭდილებებს ჩვენ ვიღებთ ყოველწუთიერად, ისინი განაპირობებენ მხოლოდ მათი შესაბამისი განწყობების აღმოცენებას, და ეს უკანასკნელიც ცნობიერებისთვის მისაწვდომი მხოლოდ საზოგადო ფორმის ან ტონის მხრივ ხდება.
რაც შეეხება იმ ხარისხობრივ განსაზღვრულობას, რომელიც მნიშვნელოვანწილად ახასიათებს წინათგრძნობებს, და განსაკუთრებით წინასწარხედვას, შესაძლოა ის სულაც არ ეკუთვნოდეს განწყობილებებს. აშკარად, არა რაიმე რეალურ შთაბეჭდილებებში მდგომარეობს წინათგრძნობის მიზეზი, არამედ სულის რომელიღაც განსაკუთრებულ, გონებრივ და მიზანმიმართულად მოქმედ ძალაში.
როგორც ჩანს, სულს ახასიათებს განსაკუთრებული, მეცნიერებისთვის უცნობი უნარი, რომელიც თავის საიდუმლო ქმედებებს იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში აღასრულებს. ჯერ კიდევ ძველ დროში პითაგორა, ემპედოკლე, ქსენოფონტე და პლუტარქე, ასევე ბერძნული ფილოსოფიის სახელგანთქმული წარმომადგენლები - სოკრატე, პლატონი და არისტოტელე სულს მიაწერდნენ წინასწარხედვის და მომავლის შეცნობის უნარს; მათი აზრით ზოგიერთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში სული ბატონობს სხეულზე.
უახლოეს დროებაში გერმანელი ფსიქოლოგი ფიხტე მცირე ცდილობდა წინასწარცნობის ფაქტების სულის განსაკუთრებული მაგიური ძალების მოქმედებით აეხსნა, რომელიც სულთა ურთიერთზემოქმედებისა და ადამიანის სულზე ღმრთის ზემოქმედების შედეგად ჩნდება.
კერძოდ, მისი სწავლებით, ყოველ ადამიანს სხვადასხვა ხარისხით ახასიათებს წინასწარმცნობელობის უნარი. უკანასკნელი აიხსნება ქვეცნობიერიდან, მაგრამ რეალური და უშუალო ურთიერთზემოქმედებით ადამიანთა სულებს შორის, ასევე საგნებთან, რომელთაც მათთან გარკვეული ახლო ურთიერთობა გააჩნიათ. მაგალითად, ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობის დროს, სული წინასწარ ხედავს და პოულობს სასარგებლო სამედიცინო საშუალებას, რომელიც სადღაც შორს იმყოფება (2).
________________
2. ასეა ნაპოვნი, მაგალითად, ხინინის ხე (ლათ. Cínchona), რომელიც სასარგებლოა ციებ-ცხელების მკურნალობისას, ასევე სხვა სამედიცინო საშუალებები. აქ, ფიხტეს მიხედვით, ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ურთიერთობა სულსა და საგნებს შორის, რომელიც წინასწარმცნობელობაში გამოიხატება.
________________
რაც შეეხება მომავალ მოვლენათა და მათ თანხმლებ შემთხვევით ვითარებათა წინასწარმცნობელობას, ის, ფიხტეს მიხედვით, ადამიანზე უმაღლეს სულთა და თვით ღმერთის ზემოქმედებით აიხსნება. ფიხტეს აზრით ამგვარი უჩვეულო აღქმებისთვის სუბიექტურ პირობად გამოდის სხეულისგან სულის დამოუკიდებლობის ცნობილი ხარისხი და მისი არაცნობიერი მდგომარეობა. ამ უკანასკნელში სული შებოჭილი არ არის შემეცნების ჩვეულებრივი ფორმებით - სივრცით და დროით - და გრძნობითი ორგანოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს (Imm. Fichte’s Psychologie, s.350–382 и Anthropologie, s.379).
აქსაკოვი და ჰარტმანი აღიარებენ, რომ ადამიანი ფლობს განსაკუთრებულ შინაგან ცნობიერებას, რომელსაც საკუთარი ნება და საკუთარი ცნობიერება გააჩნია; გარეგანი ან ჩვენთვის ცნობილი გრძნობითი ცნობიერებისთვის ის მოქმედებს ქვეცნობიერად. ეს შინაგანი ცნობიერება ჩვენი სხეულით არ არის შემოფარგლული, არამედ აქვს გონებრივი ურთიერთობის უნარი სხვა ადამიანურ არსებებთან: მას შეუძლია არა მარტო აღიქვას უცხო ცნობიერების გონებრივი შინაარსის შთაბეჭდილებები - შინაგანი ან გარეგანი, - არამედ შეუძლია საკუთარი გარეგანი გრძნობების მეშვეობის გარეშეც გადასცეს მას საკუთარი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, შინაგანი ცნობიერება ფლობს უნარს აწმყო და წარსული შეიცნოს, როგორც ფიზიკურ სამყაროში, ასევე გონებრივშიც, - ეს არის შემეცნება, რომელიც შეზღუდული არ არის არც დროით, არც სივრცით და არც შემეცნების ჩვეულებრივ გზებზეა დამოკიდებული (იხ. А. Н. Аксаков."Анимизм и спиритизм", изд. 2, стр. 181 და Э. Гартман"Спиритизм", стр. 15). ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ტ. ფლურუა და ბიტნერი ასეთ მდგომარეობას "ქვეცნობიერს", ანუ დაფარულ ცნობიერებას უწოდებენ (Битнер. «Верить или не верить», Спб. 1899 г., стр. 110).
მართალია, თავიანთ კერძო მიკვლევაში ეს ჰიპოთეზები მეტ-ნაკლებად თავისუფალია, მაგრამ მაინც, მათი ძირითადი აზრი მცირედითაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას ღმრთის განგებულებაზე, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანს ყველა მის გზაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ საღმრთო განგებულების მოქმედებები და ჩვენზე მფარველი ანგელოზის ზემოქმედება შეიძლება, სხვათა შორის, გამოხატულ იქნას ჩვენი წინათგრძნობებისა და წინასწარმცნობელობის სახით. ხოლო ამ ზემოქმედებათა აღქმა, რომლებიც განპირობებულნი არ არიან გრძნობათა გარეგანი ორგანოებით, ბუნებრივად გვაიძულებენ ვივარაუდოთ სულში არსებული ზენორმალური უნარის არსებობა, რომელიც ამ აღქმათა შესაბამისია. მოცემულ შემთხვევაში ჯეროვანია ვისარგებლოთ სენატორ ლუბიანოვსკის მსჯელობით, რომელიც, ჰყვება რა უმნიშვნელო ამბავს, რომელმაც აიძულა მას ჭერის ჩამონგრევამდე ერთი წამით ადრე ამდგარიყო საწოლიდან, ამბობს: ადამიანის სულს მიეწერება წინათგრძნობისა და მომავლის წინასწარხედვის ბუნებრივი უნარი, მე კი, გულით მწამს უფლის მოწყალებისა, რომელიც ითმენს ჩვენს ცოდვებს და სინანულისკენ მოგვიწოდებს.
ნეტ. ავგუსტინე, რომელიც ღრმად სწავლობდა სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს, თავის თხზულებებში ხშირად ლაპარაკობს, თუ როგორ გავლენას ახდენენ კეთილი სულები ჩვენს სულზე და ცდილობს ამ გავლენათაგან განმარტოს წინათგრძნობისა და წინათმცნობელობის ფაქტები. "ცოდნის სფეროში ჩვენზე აღმატებულ სულებს, ამბობს ის, შეუძლიათ იცოდნენ ჩვენი აზრები და შეუძლიათ ჩვენს სხეულებში აღძრან მოქმედებანი, როგორიც მათ სურთ, ამ მოძრაობათა მიერ კი ჩვენშივე გამოიწვიონ ცნობილი ფიქრები და გრძნობები". სხვა ადგილას ნეტ. ავგუსტინე სულში ზოგიერთი ცოდნის არსებობას უცნობ აწმყოსთან ან შორეულ მომავალთან დაკავშირებით, ხსნის მარადიულ ჭეშმარიტებაში მისი მონაწილეობით და სიტყვის (ქრისტეს) განსაკუთრებული გაცისკროვნებით ჩვენს სულებში (Скворцов. «Бл. Августин, как психолог», стр. 98-103. К. 1871 г.).
სულის უჩვეულო უნარები უფრო მკაფიოდ და მრავალფეროვნად ვლინდება ე. წ. მომწასწავებელ ან გულმართალ სიზმრებში, რომლებიც სავსენი არიან ღრმა აზრითა და მნიშვნელობით. ამგვარი სიზმრების მრავალი ფაქტი არსებობს: ისინი წარმოადგენენ ვრცელ შემცველობას ამ საკითხისადმი მიძღვნილ სერიოზულ თხზულებებში და მათ სინამდვილეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
ჩვენ ვილაპარაკეთ მომასწავებელ სიზმრებზე და აღვნიშნეთ, რომ ისინი სხვადასხვა ტიპებად იყოფა. არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ მსგავსი სიზმრები არა მარტო არ ექვემდებარებიან ბუნებრივ ახსნას, არამედ ბუნებრივისა და რაიმე ახსნადის ჩარჩოებსაც სცილდებიან. მაგალითად, შეუძლებელია მომასწავებელი სიზმრები სულის ბუნებრივი ქვეცნობიერი მოქმედებებით ავხსნათ, რომელიც ძილის დროს ძლიერდება, როგორც ამას აკეთებენ სენსუალისტები კონდილიაკი და ბურდახი, ფიზიოლოგები კარპენტერი, მაუდსლი და ვუნდტი, რუს მკვლევართაგან კი ექიმი ბიტნერი.
ამიტომაც, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ სულს გააჩნია განსაკუთრებული, ძილში გამოვლინებადი უნარი განჭვრიტოს მომავალი და, მიუხედავად დროისა და მანძილისა, კონტაქტში შევიდეს სხვა სულებთან. მისი ხილვის საგანი შეიძლება იყოს ან ის, რაც ზენა სამყაროში ხდება, ან ის, რაც ქვეყნიერებაზე უნდა შესრულდეს. ნეტ. ავგუსტინეს უჭირს განმარტოს, თუ როგორი სახით აღესრულება მსგავსი ხილვები. "რატომ არ შეუძლია სულს, - კითხულობს იგი, - ყოველთვის იწინასწარმეტყველოს და წინაგანჭვრიტოს მომავალი? იმიტომ ხომ არა, რომ ყოველთვის ვერ იღებს შემწეობას? მაგრამ თუ შემწეობას იღებს, მაშინ ვისგან და როგორი სახით?"
აქ ნეტ. ავგუსტინე აკეთებს ორ ვარაუდს, "სული ან ისეთ რამეს ხედავს, რაც მისთვის უხილავია მღვიძარე მდგომარეობაში, რადგან ყველაფერი, რაც კი მეხსიერებაშია, მისთვის ხილვადი როდია, - ან კიდევ მაშინ, როდესაც თავისუფლდება წინაღობებისგან და თავისი ძალით აღებს იმას, რაც ხილვის საგანი უნდა იყოს. აქედან რომელი შეიძლება იყოს სინამდვილე, დაბეჯითებით თქმა ძალზედ ძნელია".
"მე დარწმუნებული ვარ, აგრძელებს ნეტ. ავგუსტინე, რომ უჩვეულო ხილვები მართლაც ხდება, და რადგან ისინი ბუნებრივი მიზეზებით ვერ აიხსნება, უნდა არსებობდეს ზებუნებრივი ახსნა". ამასთან, მრავალი სიზმრის ახსნისას, ნეტ. ავგუსტინე დასაშვებად მიიჩნევს ჩვენს სულზე, როგორც კეთილ, ასევე ბოროტ სულთა ზემოქმედებათა არსებობას (Проф. Скворцов. «Бл. Августин, как психолог», К. 1870 г., стр. 98-103).
ქრისტიანული სწავლება მომასწავებელ სიზმართა შესაძლებლობის აზრს არ ეწინააღმდეგება. ამ სწავლების აზრით, ყველა სიზმარს როდი უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ არც ყველა სიზმარია ფუჭი და ამაო. თვით ღმერთი შეაგონებდა ადამიანებს მოსეს მიერ - არ ემკითხავათ სიზმრების მიხედვით (ლევ. 19:26). ბრძენი ზირაქი ამბობს: "ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე. სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ (ზირ. 34:1-3). მაგრამ მეორე მხრივ, ღმრთის სიტყვა უთითებს სიზმრებზე, რომელთაც აქვთ ღრმა და მნიშვნელოვანი აზრი. სანიმუშოდ მივუთითებთ იოსების, ფარაონისა და ნაბუქოდონოსორის სიზმრებზე.
იობის წიგნში ვკითხულობთ: "ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება. სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე, მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს, რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან; რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან" (იობი. 33:14-18).
წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ვკითხულობთ: "ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ" (იოველ. 2:28; შეად. საქმე 2:17).
წმიდა წერილის ამ და სხვა ადგილებზე დაყრდნობით სიზმარი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ადამიანთადმი გამოცხადების მრავალრიცხოვან საშუალებათაგან ან ადამიანებთან ღმერთის ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა.
ამიტომაც, თუკი სიზმრები გვიბიძგებენ სიკეთისკენ და გვაკავებენ ბოროტებისგან, მაშინ ისინი ღმრთისგან მოვლენილ გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ. და პირიქით, თუკი არ ვართ დარწმუნებულნი და არ გვაქვს ზონივრული მიზეზი ვიფიქროთ, რომ სიზმარი არის ღმრთისგან, განსაკუთრებით, თუკი ის ეხება არცთუ მნიშვნელოვან საკითხებს, მაშინ მათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და არ დავაფუძნოთ მათ ჩვენი მოქმედება. ხოლო თუ სიზმარი საცდურში გვაგდებს, მაშინ ეს ეშმაკის გავლენის აშკარა ნიშანია. ღირ. ბარსონუფი ასწავლის: "როდესაც სიზმარში ხედავ ჯვრის ხატებას, იცოდე, სიზმარი ჭეშმარიტია და ღმრთისგან არის მოვლენილი" (Рук. к дух. жизни, стр. 368).
მომასწავებელ სიზმართა ანალოგიურია მომასწავებელი ხილვები მღვიძარე მდგომარეობაში, რომლებიც ცნობილია ნათელმხილველობის ან მეორე მხედველობის სახელით. ნათელმხილველობის არსი შემდეგშია: ზოგიერთი პიროვნება გამოირჩევა თვისებით უმაღლეს ხარისხში, გრძნობის გარეგან ორგანოთა გარეშე იხილოს ის, რაც შორ მანძილზე ხდება, ასევე წინასწარი გაცნობის გარეშე გაიგოს და იცნოს სხვადასხვა საგნები, ადგილმდებარეობანი, სახეები, ამოიცნოს სასარგებლო წამლები, წაიკითხოს სხვათა აზრები და სხვა.
ნათელმხილველობის უმაღლეს ხარისხს ფლობდა უძველესი ფილოსოფოსი სოკრატე. პლუტარქეს ცნობით, მას შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება და შორს მომხდარი მოვლენების გაგება, რომლებიც ჯერ კიდევ საზოგადოდ ცნობილი არ იყვნენ. ასე, მაგალითად, მან იუწყა ათენის ჯარის დამარცხება სიცილიაში იმ დროს, როდესაც ათენში ამის შესახებ გადაჭრით არავინ იცოდა. წინასწარმცოდნეობა და ნათელმხილველობა ხელმძღვანელობდა სოკრატეს ყველა მოქმედებას, ხოლო თვითონ ამ საკუთარ ნიჭს დემონს უწოდებდა, რომელიც მას სასარგებლო ცნობებს კარნახობდა.
ნათელმხილველობის განსაკუთრებული სახეობა შეიმჩნევა ჰიპნოტიზმისა და სომნამბულიზმის მდგომარეობებში. როგორც მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, ზოგიერთი პიროვნება, რომელიც ჩაძირული იყო მაგნეტურ ძილში, სრული სიცხადით ხედავდა მათთვის ადრე უცნობ ადგილებს, სახლებს, ოთახის განლაგებას და იქ მყოფთ. ეს ხილვები შემდეგ გასაოცრად ემთხვეოდა რეალობას.
გარდა ამისა, სომნამბულები ნათლად ხედავენ მათ ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებს, დეტალურად აღწერენ თავიანთ შინაგან ორგანოთა აგებულებას და მუშაობას, თანაც ისე, რომ არ უწყიან არც ფიზიოლოგია და არც ანატომია, - იგებენ სასარგებლო წამლების შსახებ და მათ რთული სამედიცინო ტერმინებითაც კი ასახელებენ, დეტალურად აღწერენ მათთვის უცნობ დაავადებებს და სხვა.
ნათელმხილველობის ფაქტების სამეცნიერო განმარტება საკმაოდ რთულია. ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგი ფიხტე მცირე აღიარებს, რომ ნათელმხილველობა სხვადასხვა ხარისხით უნდა ახასიათებდეს ყველა ადამიანეს, როგორც წმიდად ბუნებრივი ნიჭი, და მის გამოვლინებას მხოლოდ სულის განსაკუთრებული მდგომარეობით განაპირობებს.
ფიხტეს აზრით, დედას, რომელიც უმაღლესი დონის სულიერ აღგზნებაშია, შეუძლია ათასობით ვერსზე დაინახოს თავისი შვილის ცხოვრების გარეგანი ვითარება, ასევე მისი მდგომარეობა და მოქმედება. მრავალი ცალკეული პიროვნება ცნობილ შემთხვევებში ხედავდნენ შორეული, მომავალი მოვლენების საკმაოდ ნათელ სურათებს.
დაბალი წოდების ადამიანები, რომელთაც არ მიუღიათ განათლება, ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ ავლენენ აზრების ჯეროვანი გამოთქმისა და სიტყვის თავისუფლების უნარს, მაგრამ ნათელმხილველობის მდგომარეობაში გამოთქვამენ ღრმად ზნეობრივ და რელიგიურ სიტყვებს, ავლენენ ორიგინალურ და ზოგჯერ პოეტურ მსჯელობასაც; თუმცა, მთელი ეს ენერგია და ამაღლებული მდგომარეობა განქარდება, როგორც კი ქრება ექსტატიური აღგზნებადობა.
ამის საფუძველზე ფიხტე ასკვნის, რომ სულს შეუძლია გრძნობით ორგანოთაგან დამოუკიდებლად მოახდინოს მრავალი რამის პერციპირება (ლათ.percipio - აღქმა), აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ექსტატიურ მდგომარეობაში სუსტდება სულის კავშირი ხორცთან, რის შედეგადაც სულს შეუძლია გამოავლინოს ყოველივე ის, რაც შეადგენს მის უშუალო და დამოუკიდებელ თვისებას, სფეროს და შინაარსს, რომელიც გრძნობით ფაქტორთა გარეშეც მიუღია (См. Труды Киевск. д. Акад. за 1874 г., кн. I, стр. 115-117).
მაგრამ ზოგიერთი პოზიტიური და ემპირიული მიმართულების მოაზროვნის (მაგ.: კარპენტერის, მაუდსლის, გრიზინგერის, აბერკრომბის და სხვათა) აზრით, პირიქით, ნათელმხილველობის ფაქტთა უმეტესობა აიხსნება ბუნებრივი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პირობებით. მათი აზრით, ზოგ შემთხვევაში ხდება გარკვეულ მანძილზე აზრების ჩვეულებრივი გადაცემა, რომელიც შემდეგ შესაბამისი სიმბოლოებით იმოსება.
სხვა შემთხვევებში, რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა გაუნათლებელ ადამიანებში, როდესაც მათში სულიერი ამაღლება ხდება, ინტენსიუირი სახით გამოითქმება ის, რაც მათ ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც ჰქონდათ, ოღონდ სუსტი ხარისხით. აქ შეიმჩნევა მხოლოდ მეხსიერების, ცნობიერების, ფანტაზიებისა და გრძნობების განსაკუთრებული აგზნებადობა. ამასთან ნათელმხილველებისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ცოდნა თითქოსდა აიხსნება ნერვული მეხსიერების პირობებით, ასოციაციის კანონებით და ზოგიერთი გრძნობითი ორგანოს ჰიპერსტეზიით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზედ, რომ აზრების შორ მანძილზე გადაცემაზე სულაც არ არის გასაგები და ჩვეულებრივი მოვლენა, მისით შეუძლებელია ნათელმხილველობის ფაქტის ახსნა-განმარტება.
დავუშვათ დედა და ძე, უზარმაზარი სივრცით დაშორებულნი ერთმანეთს, ერთსა და იმავე დროს გამძაფრებულად ფიქრობენ ერთი მეორეზე და ამ მომენტში, შესაბამის ვითარებაში ურთიერთ ჭვრეტას აღწევენ.
მაგრამ რატომ ხდება, რომ მრავალ შემთხვევაში ნათელი ჭვრეტის საგანი ხდება მოვლენები, რომლებიც ჯერაც არ დამდგარა ან კიდევ გარეგანი მდგომარეობა ადამიანებისა, რომლებიც უცხო არიან ნათელმხილველთათვის, და რომლებიც მათი ინტერესის საგანს არასოდეს წარმოადგენდნენ? მეორე მხრივ, ნერვული მეხსიერების განსაკუთრებული აგზნებულობა, წარმოსახვები და თვით ცნობიერების აღგზნებადობა, როგორც მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან ჩანს, შეიმჩნეოდა ცნობილ პირთა პათოლოგიურ მდგომარეობებში; სხვათა შორის, ნათელმხილველობა, ზუსტი აზრით, არცთუ იშვიათად ვლინდება ნათელმხილველის ნორმალურ და მღვიძარე მდგომარეობაშიც.
საერთოდ, ნათელმხილველობის უდავო ფაქტები ითხოვენ სულის განსაკუთრებული ტრანსცედენტური უნარების აღიარებას, სადაც სული გარეგან სამყაროს აღიქვამს არაგრძნობითი შემეცნებით, ასევე განსაკუთრებული ძალებისას, რომლებიც ძლევენ სივრცესა და დროს, და შორეულ მოვლენებს მისაწვდომს ხდიან უშუალო დაკვირვებისთვის. აქ, ვლ. სოლოვიოვის აზრით, შეიმჩნევა ზეგრძნობითი შემეცნებითი უნარის პროექცია, რომელიც შორეული სცენებისკენ ან უცნობი საგნებისკენ არის მიმართული (См. его «предисловие» к р. пер. соч. «Прижизненные призраки» Гернея и др., стр. XVII).
ზუსტად ასევე, ნათელმხილველობის ფაქტები ვარაუდობენ ადამიანთა პიროვნებების უშუალო სულიერი ურთიერთობისა და მათი სულიერი საქმიანობის ურთიერთ გადაცემის შესაძლებლობას. ყველა ასეთი მოვლენა შესაძლებელია მხოლოდ იმ ვარაუდის შემთხვევაში, რომ ჩვენი სული არის დამოუკიდებელი სულიერი არსება, რომელიც ბატონობს სხეულზე და გარკვეულ მდგომარობებში დამოუკიდებელია მისგან. ქრისტიანული სწავლება არ ეწინააღმდეგება ნათელმხილველობის ფაქტებს, რომლებიც შეიძლება საღმრთო განგებულების ერთ-ერთ სახეობად იქნან განხილულნი.
ნათელმხილველობის ფაქტების ანალოგიურია აზრების წაკითხვისა და გადაცემის უნარი. ზოგიერთი პიროვნება ფლობს სხვა ადამიანთა ფიქრებისა და გრძნობების ამოცნობის უნარს, კითულობს პასუხებს მათთვის დასმულ კითხვებზე თვის შემკითხველის სულში. თუმცა, ზოგჯერ სწორი პასუხები ეძლევა კითხვებს, რომლებიც ეხებიან თვით შემკითხველისთვის უცნობ მოვლენებს. მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია არა მარტო სულთა საიდუმლო ურთიერთობის შესაძლებლობა, არამედ მათი შორს ხედვის უნარიც.

III. ტელეპათიური მოვლენები: მოჩვენებები სიცოცხლეში და სიკვდილის შემდგომ, ორეულები, პიროვნების გაორება
ყველა ეპოქაში მოაზროვნე ადამიანები ამჩნევდნენ მრავალრიცხოვან ფაქტებს, რომლებმაც ჩვენს დროში ტელეპათიური მოვლენების სახელწოდება მიიღეს. ტელეპათიაში, ზოგადად, იგულისხმება ერთი სულის ზემოქმედება მეორეზე, აღქმის ჩვეულებრივი საშუალებებისგან დამოუკიდებლად, ანუ ყოველგვარი სასაუბრო მეტყველების, დაწერილი სიტყვის თუ სხვა რაიმე ნიშნის შუამავლობის გარეშე.
ტელეპათია, უმეტესწილად გაიგება, როგორც ადგილზე არმყოფ ადამიანთა უჩვეულო გამოჩენა – ცხადად ან სიზმარში – რომლებიც გვაუწყებენ მათგან მოშორებით მიმდინარე მოვლენების შესახებ. ერთი ადამიანი, სხვა ადამიანზე გონებრივი კონცენტრაციით, ამ უკანასკნელში ცხადად აღძრავს ხილულ საკუთარ სახეს. სახეების ხილვა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ორმხრივი იყოს: უზარმაზარი სივრცით განცალკევებული ადამიანები ნათლად ხედავენ ერთმანეთს. ტელეპათიური ურთიერთობა ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს სხვა, შედარებით იშვიათ ფორმებშიც: ერთ მეგობარზე მიყენებულმა ჭრილობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მეორეში იმავე ადგილას; ერთის სიცილი შეიძლება მანძილზე გადაეცეს მეორეს; ერთის შიშის გრძნობა და შეშფოთებული მდგომარეობა იმავე ფორმებით გადაეცემა ნათესავს.
მეცნიერება დიდხანს ხედავდა ტელეპათიურ მოვლენებში წმინდად სუბიექტურ ჰალუცინაციებს. მაგრამ ლონდონის "ფსიქიკურ კვლევათა საზოგადოების" შრომების წყალობით, მეცნიერების წარმომადგენელთა შეხედულება ამ მოვლენებზე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
1882 წელს დასახელებულმა საზოგადოებამ, რომლის სათავეშიც ავტორიტეტული მეცნიერები დგანან, დაიწყო ტელეპათიის ფაქტების შესწავლა და 1886 წელს გამოსცა ორტომიანი თხზულება სათაურით: "სიცოცხლისდროინდელი მოჩვენებები და სხვა ტელეპათიური მოვლენები". ამ თხზულების უდიდესი ნაწილი ეთმობა მრავალრიცხოვანი შემთხვევების (700-მდე) აღწერას, როდესაც მომაკვდავი ან სიკვდილის საფრთხეში მყოფი სუბიექტები მანძილზე, განუზრახავ ზემოქმედებას ახდენენ სხვა პირებზე, რომლებიც მათთვის გულითად ახლობლები არიან, მაგრამ ადგილმდებარეობით შორს იმყოფებიან. ასეთი ზემოქმედების რეალობის ხარისხი სხვადასხვაა: ყრუ ნაღვლის გრძნობიდან სრულ მხედველობით, სმენით და შეხებით ჰალუცინაციამდე; ასევე მანძილი, რომელზეც ხდება ზემოქმედება, მერყეობს ნახევარი ვერსიდან დედამიწის ნახევარ წრეწირამდე. თვით ფაქტები, გადმოცემული საზოგადოების "შრომებში", შემოწმებულია ყოველგვარი გულმოდგინებით და მათი ჭეშმარიტება მკაცრი კრიტიკით არის დადასტურებული. ამ ფაქტებით დამტკიცდა უდავო ურთიერთკავშირი სახეების გამოცხადებასა და ცოცხალ ადამიანებს შორის, ისევე როგორც მოვლენების აღქმასა და მათ შესაბამის ფსიქიკურ ქმედებებს შორის, რომლებიც აღმქმელებისგან სადღაც შორს აღესრულება.
ამ ფაქტების სინამდვილეს აღიარებენ ისეთი ღრმა მოაზროვნეებიც კი, როგორიცაა ვლადიმერ სოლოვიოვი. ის ბრძანებს: "არავითარი ალბათობა არ არსებობს იმისა, რომ ინგლისელ მკვლევართა მიერ შეკრებილი ყველა ფაქტი მხოლოდ გამოგონება ან თვითმოტყუება იყოს". ეს არც უბრალო ჰალუცინაციებია. უკანასკნელნი ჯანმრთელ ადამიანებში სულაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, არამედ, პირიქით, უკიდურესად იშვიათია. ამასთანავე, ასეთი წინასწარმეტყველური ჰალუცინაციების რიცხვი იმდენად დიდია, რომ თუკი მათ სანდოობას ვაღიარებთ, არავის მოუვა აზრად ისინი უბრალო დამთხვევას მიაწეროს. ტელეპათიის მოწინააღმდეგენიც კი ძნელად თუ იტყვიან, რომ ტელეპათიური მოვლენებისა და ნამდვილობის დამთხვევა შემთხვევითია. ისინი უბრალოდ შემოიფარგლებიან მათი ფაქტობრივი სანდოობის უარყოფით, მაგრამ ეს უარყოფა ნაწილობრივ უსაფუძვლო იქნება, ნაწილობრივ კი ეფუძნება გადაჭარბებებსა და წვრილმანებზე გადაკიდებას (См. «предисловие» к р. пер. соч. «Прижизн. призраки», Спб., 1893 г., стр. V–VI). ფლამარიონის აზრით, ერთი ადამიანის აზრის ზემოქმედება მეორეზე ისეთივე უდავოა, როგორც მზის მიზიდულობის ძალის ზემოქმედება დედამიწაზე, ანდა მაგნიტისა – რკინაზე (См. его соч. «Неведомое», стр. 192).
ერთი სულის მიერ მეორეზე ტელეპათიური ზემოქმედების საერთო და დამახასიათებელ პირობას, ჩვეულებრივ, წარმოადგენს სერიოზული კრიზისი, რომელსაც ექვემდებარება ზემოქმედი პირი (ინდუქტორი), რომლის სახეც ცხადდება. ასეთ კრიზისთაგან უმთავრესი ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არის მისი უკანასკნელი წუთი, ანუ სიკვდილი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ჰალუცინატორული სახე ზოგჯერ ემთხვევა გამომცხადებელი პირის სიკვდილს, ზოგჯერ კი მოსდევს მას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, თუმცა არა უმეტეს 10-12 საათისა.
მომაკვდავთა ფანტომები ეცხადებიან იმ ადამიანებს, რომლებზეც ისინი ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. მომაკვდავის აზრი ხშირად მთლიანად დაკავებულია მისთვის ძვირფასი პიროვნებით; ნახვის, დამშვიდობების ან თავის შესახებ უწყების მიცემის სურვილი ძალზედ ხშირად წარმოადგენს ჭარბ აზრებს, რომლებითაც დაკავებულია გამომცხადებლის ტვინი. ამ პირობათა შესაბამისად, შვილი ხედავს ქუჩაში უეცრად გარდაცვლილი დედის სახეს; მამის მოჩვენება ეცხადება მეზღვაურ შვილს და დიდხანს რჩება მასთან გემბანზე; მეუღლეები ერთმანეთს ეცხადებიან.
განსაკუთრებით ხშირად ინდუქტორები ან მოქმედნი, რომლებიც მოჩვენებების სახით ცხადდებიან, არიან ძალისმიერი სიკვდილით გარდაცვლილები, – მაგალითად, დამხრჩვალები, გაგუდულები, – რაც, შესაძლოა, ამგვარი სიკვდილის მტანჯველი და ხანგრძლივი აგონიის გამო ხდება. ასეთ შემთხვევებში აღმქმელები ხშირად გამომცხადებელი პირის სახის ნათელ აღქმამდე გრძნობენ მის ყოფნას ან განიცდიან განსაკუთრებულ შინაგან ბიძგს, რომელიც მათ ღრმა გონებამიპყრობილობის მდგომარეობიდან გამოაფხიზლებთ.
არმყოფ პირთა სახეების აღქმის სხვა პირობებს განეკუთვნებიან: სუბიექტის აღქმისუნარიანობა, ორი პიროვნების მჭიდრო ფსიქიკური თანაფარდობა, გამომცხადებლის ძლიერი სურვილი, მისი ღრმა ნაღველი და დამსწრე არ მყოფზე ზრუნვა. ფლამარიონი ტელეპათიური მოვლენების მთავარ პირობად აღიარებს ორი პიროვნების ურთიერთ ფსიქიკურ ნათესაობას. სხვა მკვლევრებს პიროვნებათა ნათესაობის საკითხი წმინდად მატერიალურ ნიადაგზე გადააქვთ.
სხეულები, მათი აზრით, რიტმულია, ანუ უნარი აქვთ გამოეხმაურონ ზოგიერთ ბგერას, რომელიც შეესაბამება მათ საკუთარ ტონს. მაგალითად, ფანჯრის მინები ჟღარუნით პასუხობენ ზოგიერთ ბგერას; სიმი ცნობილი ტონით პასუხობს იმ რხევებს, რომლებიც მისი საკუთარი ტონის რიტმულია. ადამიანის ტვინიც არის სხეული, რომელსაც უნარი აქვს გამოეხმაუროს ზოგიერთ ბგერას საკუთარი, მისთვის დამახასიათებელი ტონის რიტმით. შესაძლოა, ის ამ რიტმულობით უმაღლეს ხარისხშიც კი გამოირჩეოდეს. ამ შემთხვევაში მას ადვილად შეუძლია გამოეხმაუროს თანაჟღერ მდგომარეობებს, რომლებიც სხვა ტვინში მიმდინარეობს. – თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტელეპათიური ზემოქმედება ვერ აიხსნება მხოლოდ მატერიალური პირობებით: მას საფუძველი აქვს მომაკვდავის ან გარდაცვლილის სულში (Гернея и др. "Прижизненные призраки", стр. 231).
თუმცა, სახეების ტელეპათიური გამოცხადება ყოველთვის როდი წარმოადგენს გამომცხადებელი პირის სიკვდილის ან უბედურების ნიშანს. ზოგჯერ ისინი ინდუქტორის ახლობელი და ძვირფასი პირისადმი მგზნებარე სწრაფვის ან მასზე გონების მიპყრობის შედეგია. ფლამარიონი აღნიშნავს არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც რომელიმე პიროვნების ამ თუ იმ ადგილას გამოჩენას მისი მოჩვენება უსწრებს: ქუჩაში ვხედავთ ნაცნობ ადამიანს, შემდეგ ვრწმუნდებით, რომ შევცდით, ხოლო საათის მეოთხედის შემდეგ ნამდვილად ვხვდებით მას. ამბობენ, რომ ცნობილი ბუნებისმეტყველი ლინეუსი ხშირად ჯერ მოჩვენების სახით ჩნდებოდა ცნობილ ადგილას, ხოლო შემდეგ უკვე პირადადაც. მოჩვენება უსწრებს თავის ნამდვილ პიროვნებას იმ ადგილას, საითკენაც ეს უკანასკნელი დაჟინებით მიისწრაფვის, მაგრამ დაბრკოლებას აწყდება.
ტელეპათიურ სახეებს, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი, ჩვეულებრივ, "სიცოცხლისდროინდელი მოჩვენებების" სახელწოდება აქვთ. ეს სახელწოდება მათზე ნარჩუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ მოჩვენება ცნობილი პირის სიკვდილიდან 12 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადდება. ასეთი დაგვიანებული მოჩვენებების განსაზღვრების საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ გამომცხადებელი პირის ტელეპათიურ იმპულსს გარკვეული დროით შეეძლო ფარულ მდგომარეობაში დარჩენა, ხატების სახით განხორციელების გარეშე, აღმქმელის გონების სხვა საგნებისკენ გადატანის გამო ("Неведомое". Спб. 1901 г., стр. 39-42.).
სიცოცხლისდროინდელი მოჩვენებების გარდა, ტელეპათიის უაღრესად ვრცელ სფეროს შეადგენს სიკვდილის შემდგომი მოჩვენებების გამოცხადება. მართალია, ამგვარი მოვლენები ხშირად წმინდად სუბიექტურ საფუძვლებს ეყრდნობა, მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობის ნამდვილობა ძნელად თუ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, როგორც ფაქტების მრავალრიცხოვნების, ისე მათზე მოწმობის მიმცემ პირთა ავტორიტეტის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ამგვარი მოვლენები მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული ნებით შეიძლება მოხდეს (См. соч. Гернея и др. "Прижизненные призраки", Спб., 1893 года, стр. LХIV, 231 и 511.).
სხვადასხვა სახის მოჩვენებებისა და ორეულების გამოცხადების მიზეზები საერთოდ აუხსნელია, რადგან მათში შეიმჩნევა სულის მოქმედების ჩვენთვის ცნობილი ხერხების აღმატება. მკვლევრები მხოლოდ ვარაუდობენ – მოქმედი პირის მხრიდან – განსაკუთრებული ფსიქიკური ენერგიის გამოთავისუფლებას მისი ღრმა ძილის, გონების დაკარგვის, ორგანიზმის ავადმყოფური მდგომარეობის ან უმაღლესი ფსიქიკური აღგზნების დროს, ხოლო აღმქმელის მხრიდან – ცნობილ პიროვნებასთან შეხვედრის ძლიერ სურვილსა და მასზე აზრის მიპყრობას.
რაც შეეხება მოჩვენებებისა და ორეულების წარმოქმნის მატერიალურ პირობას, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს ადამიანის ორგანიზმში განსაკუთრებული სახის ელემენტების არსებობას, რომლებიც სხეულს სცილდება მისი ავადმყოფური მდგომარეობისას და განსაკუთრებით სიკვდილის მომენტში. ამგვარად მიიღება თითქოს ფლუიდური ადამიანი, რომელსაც მყისიერი გადაადგილების უნარი აქვს.
ასეთი მოჩვენება, როგორც ჰართმანი მიიჩნევს, შეიძლება იმდენად გამკვრივდეს, რომ მიიღოს მატერიალური იარაღების გამოყენებისა და სხვადასხვა მოქმედების განხორციელების უნარი, მაგალითად: წერა, საუბარი, საკრავებზე დაკვრა, სხეულებზე ხელით შეხება და მისთ.
მატერიალურ გარსს, რომელშიც მოჩვენება ცხადდება, მ. პერტი ასტრალურ სხეულს უწოდებს. ვან-ჰელმონტი მოჩვენებების გამოცხადებასთან დაკავშირებით ამბობს: "არსებობს გარკვეული ექსტაზური ძალა, რომელსაც, მგზნებარე სურვილით აღძრულს, შეუძლია ჩვენი სულის მნიშვნელოვან მანძილებზე გადატანა, ამასთანავე ის განსაკუთრებულ ასტრალურ სხეულში იმოსება". კარპენტერი ცდილობს ეს მოვლენები ფიზიოლოგიური საფუძვლებიდან ახსნას.
ორგანიზმის ნერვულ ძალაში ის ხედავს განსაკუთრებული სახის ფიზიკურ ენერგიას, რომელსაც ძალუძს მანძილზე მოქმედება და გონებრივი სახეების გამოწვევა (Основания физиологии ума, стр. 634). ოხოროვიჩი, ბიტნერი და სხვ. ტელეპათიურ სახეებში ხედავენ ელექტრული ენერგიის გამოვლინებას, რომელიც, მათი აზრით, ყოველ ორგანიზმს გააჩნია. ამასთანავე ისინი ვარაუდობენ, რომ ადამიანს მხოლოდ ნების ძალისხმევით შეუძლია აიძულოს ეთერულ ნაწილაკებს მოსწყდნენ სხეულს და განხორციელდნენ გარკვეულ მანძილზე გამომცხადებელი პიროვნების სახით. ამის გამო, ადამიანს თითქოს შეუძლია მოჩვენებით გამოცხადდეს ნებისმიერ ადგილას საკუთარი სურვილით, ან სხვადასხვა ადგილას ერთდროულად. ამგვარი სახის უამრავ მოვლენაზე მითითებით, ბიტნერი მათ ტელეპათიურს უწოდებს (Битнер. Верить, или не верить, стр. 89–106).
ცნობილი სპირიტისტი, ა. ნ. აქსაკოვი, ტელეპათიურ სახეებში, მოჩვენებებსა და ორეულებში ხედავს არა უბრალო ჰალუცინაციებს, არამედ რეალურ, ობიექტურ მოვლენებს და ცდილობს მათ ახსნას ანიმიზმის, ანუ ცოცხალი ადამიანის სხეულგარეშე მოქმედების თეორიით. ამ თეორიის არსი შემდეგში მდგომარეობს. ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მოქმედება მისი პერიფერიით არ შემოიფარგლება. ადამიანს ძალუძს ფსიქიურად იმოქმედოს სხეულის საზღვრებს გარეთ: მაგალითად, იქონიოს ზემოქმედება სხვა ადამიანის ფსიქიკურ საქმიანობაზე და აღუძრას მასში საკუთარი შთაბეჭდილებები, აზრები და შეგრძნებები; ასევე შეუძლია მასთან გადასვლა პლასტიკური სახით, რომელსაც სხეულებრიობის სხვადასხვა ატრიბუტი გააჩნია.
მას ასევე ძალუძს ფიზიკური ზემოქმედება უსულო საგნებზე მნიშვნელოვანი მანძილიდან, რაც მათ გადაადგილებაში გამოიხატება. ეს სხეულგარეშე საქმიანობა ზოგჯერ იმაში ვლინდება, რომ ადამიანი, რჩება რა გარკვეულ ადგილას გონების დაკარგვის ან ღრმა ძილის მდგომარეობაში, მნიშვნელოვან მანძილზე აგზავნის თავის პლასტიკურ სახეს, რომელსაც შეუძლია კარზე ბრახუნი, საუბარი, წერა და სხვადასხვა მოვლენის გამოწვევა.
ამ თეორიით, აქსაკოვის შეხედულებით, ადვილად აიხსნება მომაკვდავთაგან გამომავალი ბრახუნი, რომელიც მიზნად ისახავს მათი სიკვდილის შესახებ უწყების მიცემას, სხვადასხვა მოვლენები მოჩვენებებიან სახლებში, ორეულთა და მოჩვენებათა გამოცხადება, მათ მიერ ფანქრით წერა, დატოვებული ხელისა და ფეხის ანაბეჭდები და მისთ. აქსაკოვის აზრით, იგივე უნარებით გამოირჩევიან გარდაცვლილ ადამიანთა სულებიც, ხოლო თავად ანიმიზმი სპირიტიზმის მხოლოდ ქვედა საფეხურს წარმოადგენს (Анимизм и спиритизм, 2 изд., 1901 г., стр. 557–558).
ამ ჰიპოთეზებს არ გააჩნიათ მყარი და დამაჯერებელი ფაქტობრივი საფუძვლები. უდავოა მხოლოდ ის, რომ ტელეპათიურ მოვლენათა ბუნება წმინდად სულიერია. ვლადიმერ სოლოვიოვის რწმენით, ტელეპათია ვერასოდეს აიხსნება ფიზიკური საფუძვლებიდან, რამეთუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს გაუგებარი ძალა მანძილის ზრდასთან ერთად უნდა შესუსტდეს ან დაბრკოლებების გამო შეფერხდეს. ამასთანავე, სოლოვიევი სულში უშვებს განსაკუთრებული სახის მისტიკური აღქმების უნარს, რომლებიც გარეგან გრძნობათა ორგანოთა შუამავლობის გარეშე ხორციელდება (Вопр. философии и психол. за 1901 г., кн. 1, стр. 11, 15, 20).
ცნობილი თხზულების, "სიცოცხლისდროინდელი მოჩვენებები", ავტორები – ინგლისელი მეცნიერები: გერნი, მაიერსი და პოდმორი, აგრეთვე ფრანგი ასტრონომი ფლამარიონი, ტელეპათიურ სახეებში ასევე ხედავენ წმინდად სულიერი ხასიათის მოვლენებს, რომლებიც სულის მაგიურ ძალთა საიდუმლო მოქმედებას ავლენენ. ისინი დასაშვებად მიიჩნევენ შემდეგ ანალოგიას: თუ ღვთაებრივ სულს ძალუძს ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის სულზე, მაშინ ადამიანთა სულებსაც შეუძლიათ ერთმანეთზე შესაბამისი ზემოქმედება იქონიონ. გერმანელი პოეტი გოეთეც აგრეთვე ღრმად იყო დარწმუნებული სულთა ზეგრძნობად ურთიერთობაში და იგი საკუთარ თავზეც გამოსცადა, განსაკუთრებით ძლიერი ემოციების წუთებში, ნათელი და გარკვეული სახით.
ტელეპათიაზე მსჯელობისას ასევე არ შეიძლება უარყოფილ იქნეს ღვთიური განგების მოქმედება, რომელიც ადამიანებს უგზავნის ხოლმე ხილვებს რაიმე უმაღლესი რელიგიურ-ზნეობრივი მიზნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად: უსჯულოებისა და ურწმუნოების მხილება, საიქიო სამყაროსა და სულის უკვდავების შეხსენება და მისთ. საერთოდ კი, ამ საიდუმლო მოვლენათა ზუსტი ახსნა მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობის შესაძლებლობებს აღემატება.

IV. ჯადოქრობა, გრძნეულება და ფაკირობა. მოვლენები, რომლებიც ბუნების იდუმალ ძალთა მოქმედებას ავლენენ
ყველა ეპოქაში და ყველა ხალხში დროდადრო ჩნდებოდნენ გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც, როგორც ჩანს, არაჩვეულებრივი თვისებებითა და ზებუნებრივი ძალით იყვნენ დაჯილდოებულნი — პიროვნებები, რომლებიც ფლობდნენ არა მხოლოდ ბუნების ძალთა დამორჩილების, არამედ უხილავ, სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების საიდუმლოსაც; და ასეთი ძალაუფლების შედეგად ისინი საოცარ და უჩვეულო საქმეებს აღასრულებდნენ. ესენი იყვნენ მოგვნი, ჯადოქარნი, გრძნეულნი, ხოლო უახლეს ხანებში ასეთებად გვევლინებიან ინდიელ ბრძენკაცთა და ფაკირთა სახით.
ასე, უძველესი დროიდან შემოგვრჩა გადმოცემა ფილოსოფოს პითაგორას შესახებ, თითქოს ის ნისას ნაპირებთან თავის ლექსებს კითხულობდა და მდინარე მას ადამიანური ხმით პასუხობდა. ის ფრინველებსაც აიძულებდა დამორჩილებოდნენ მას. ქურუმი ქალქასი და მისანი ტირესიასი მომავლის წინასწარმეტყველების თავიანთი უნარით აოცებდნენ თანამედროვეთა გონებას. ეგვიპტელი მოგვები მრავალ მაგიურ სასწაულს აღასრულებდნენ (გამ. 7–8 თავ.).
ქრისტიანობის პირველ ეპოქაში გამოჩნდნენ თაუმატურგები, რომლებიც მომავალს წინასწარმეტყველებდნენ და ღია ცის ქვეშ, მოედნებზე, მრავალრიცხოვანი ხალხის თვალწინ საოცარ მოქმედებებს აღასრულებდნენ. ასე, მაგალითად, რომში, ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში, მოქმედებდნენ სამარიელი სიმონ მოგვნი და ტიანელი აპოლონიოსი. სიმონის შესახებ ამბობენ, რომ ის ქანდაკებებს ხალხის წინაშე ცოცხალი ადამიანების მსგავსად სიარულს აიძულებდა; კოცონის ალის შუაგულში უვნებელი რჩებოდა, ქვებს პურებად აქცევდა და ჰაერში მაღლა ადიოდა, სადაც უხილავი ძალის მიერ შეჩერებული რჩებოდა.
მოციქულთადან საქმეებიდან ვიცით, რომ მას ფულის სანაცვლოდ სასწაულთმოქმედების ნიჭის შეძენა სურდა, მაგრამ მოციქულებმა უარყვეს იგი (საქ. 8:9–25). გადმოცემა დასძენს, რომ ამის შემდეგ მან კავშირი დაამყარა ეშმაკთან. ის შთაბეჭდილება, რომელიც სიმონმა მის თანამედროვეებზე მოახდინა, იმდენად დიდი იყო, რომ მისი სახელი ლეგენდად იქცა.
იმავე პერიოდის კიდევ ერთი გამორჩეული თაუმატურგი იყო ტიანელი აპოლონიოსი, სახელოვანი ფილოსოფოსი და დახელოვნებული ექიმი. მისი ცხოვრება აღწერა ფილოსტრატემ. ის ქრისტიანული წელთაღრიცხვის მე-3 წელს დაიბადა და 130 წელი იცოცხლა. აღმოსავლეთის შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისას მან საფუძვლიანად შეისწავლა მაგია და საიდუმლო მეცნიერებები.
მასზე ჰყვებიან, თითქოსდა მას შეეძლო საკუთარი სურვილით შორ მანძილზე გადაადგილება, ფრინველებად, ხეებად და ქვებად გარდასახვა, მომავლის წინასწარმეტყველება და გარდაცვლილთა აჩრდილებთან საუბარი. ასევე ჰყვებოდნენ, რომ რომში ის რაღაც ეჭვის საფუძველზე საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ როდესაც სასამართლოში მიიყვანეს, ყველაფერი, რაც კი მის წინააღმდეგ იყო დაწერილი მოულოდნელად წაიშალა. როდესაც მსაჯულებმა ბრალდებულის დაკითხვა დაიწყეს, მის ირგვლივ ღრუბელი წარმოიქმნა და მასთან ერთად აპოლონიოსიც გაქრა.
დომიციანეს დროს ის მეორედ ჩასვეს საპყრობილეში და, იმის შიშით, რომ არ გაქცეულიყო, გააშიშვლეს, თავი გადაპარსეს და ბორკილები დაადეს, მაგრამ მეორე დღეს საპყრობილეში მხოლოდ ბორკილები აღმოაჩინეს (М. С. Хотинский. Чародейство и таинственные явления в новейшее время. Спб., 1866 г., стр. 6–10).
რა თქმა უნდა, ისეთი ჯადოქრები, როგორებიც სიმონი და აპოლონიოსი იყვნენ, ბევრი არ ყოფილა, მაგრამ საერთოდ, იმ დროს რომში სასწაულთმოქმედება საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ტერტულიანე თავის აპოლოგეტიკურ ნაშრომში მოწმობს, რომ რომაელი მოგვნი, მისი თანამედროვენი, იწვევდნენ მოჩვენებებსა და გარდაცვლილთა აჩრდილებს, ბავშვებს მომავლის წინასწარმეტყველებას აიძულებდნენ, მუცლითმეტყველებას მისდევდნენ და ა. შ. ალექსანდრიული მისტიკური სკოლის ცნობილი ფილოსოფოსები: იამბლიქოსი, პლოტინოსი და პორფირიოსი, სულების გამოხმობას მისდევდნენ და მათ ესაუბრებოდნენ. ალექსანდრიული სკოლის მისტიკოსები დაახლოებით VI საუკუნეში სრულიად გაქრნენ, მაგრამ მათი სიბრძნე ნაწილობრივ შემორჩა და შუა საუკუნეების ჯადოქართა და გრძნეულთა ხელში გადავიდა, რომლებმაც ძველი მაგების მემკვიდრეობა მიიღეს[53](Ibidem, стр.13–14.).
შუა საუკუნეებში გერმანიისა და გალიის ტყეებში ცხოვრობდნენ დრუიდები და ქურუმები, რომელთაც ბუნებასთან ახლო ურთიერთობის წყალობით მრავალი საიდუმლო ჰქონდათ შეთვისებული. ისინი მომავალს წინასწარმეტყველებდნენ, სნეულებებს კურნავდნენ, ავ თვალს უგზავნიდნენ და ხსნიდნენ, სამყაროს სტიქიებს აღძრავდნენ და შელოცვებით ადამიანების ცხოველებად გადაქცევა შეეძლოთ. ამისგან დამოუკიდებლად, ჯადოქრობა და გრძნეულება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში საყოველთაო სენი იყო, რასაც მოწმობს ჯადოქართა და გრძნეულთა წინააღმდეგ აღძრული უთვალავი სასამართლო პროცესი და ინკვიზიციის მსხვერპლთა შემაძრწუნებლად დიდი რაოდენობა, რომელიც, მარენის, ბიტნერისა და სხვათა აზრით, ცხრა მილიონს აღწევდა.
განმანათლებლობის საუკუნემ, რომელიც უკიდურესი სკეპტიციზმის სულითა და ყოველივე მისტიკურის წინააღმდეგ დევნით იყო აღბეჭდილი, სულაც არ შეუშალა ხელი ალქიმიკოს ლასკარასის, უნივერსალური მკურნალების — გასნერისა და გრიტრექსის, მაგნეტიზატორ მეზმერისა და გრაფ სენ-ჟერმენის სახელით ცნობილი იდუმალი პიროვნების უდიდესი პოპულარობის გავრცელებას.
მაგრამ ყველა იმ იდუმალ პიროვნებას შორის, რომლებითაც ასე მდიდარი იყო XVIII საუკუნე, ყველაზე მეტად სახელი გაითქვა და შთამომავლობის მეხსიერებაში ყველაზე მკვეთრი კვალი დატოვა ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა, არსებითად გენიალურმა შარლატანმა, რომელიც გრაფი კალიოსტროს სახელით იყო ცნობილი (3).
________________
3. კალიოსტრო წარმოშობით იტალიელი იყო; დაიბადა 1748 წელს, გარდაიცვალა 1793 წელს. მის შესახებ დაწვრილებითი ცნობები იხ. Хотинский. «Чародейство и таинств. явл.», стр. 187–330.
________________
ეს იყო ყველაზე გასაოცარი სასწაულთმოქმედი, რომელსაც ევროპის მრავალი სამეფო კარის წვდომა ჰქონდა და უამრავი წარჩინებული თაყვანისმცემელი ჰყავდა. ყოველგვარი ხელსაწყოსა და რაიმე ხილული მომზადების გარეშე ის საოცარ სასწაულებს აღასრულებდა, რომლებიც თანამედროვე სპირიტულ მედიუმთა ფოკუსებსაც კი ჩრდილავს. ასობით სნეულს მხოლოდ ხელების ხილული დადებით კურნავდა; ადამიანებში, სრული სიფხიზლის მდგომარეობაშიც კი, ნათელხილვის ყველა სასწაულს იწვევდა, მის მიერ შექმნილი ფანტასმაგორიები კი დღევანდელი, სრულყოფილი ოპტიკური ხელსაწყოების პირობებშიც კი განუმეორებელია.
გარდა ამისა, ის განსაკუთრებულად დახელოვნებული იყო მუცლითმეტყველებაში. მაგრამ მის ყველა ხრიკზე უფრო გასაოცარი იყო ის ფოკუსები, რომლებსაც ბავშვების დახმარებით ასრულებდა; კალიესტრომ მათ "მტრედუნები" უწოდა.
მასთან პირველად მიყვანილი ბავშვები, რომლებთანაც რაიმე წინასწარი შეთანხმება გამორიცხული იყო, სარკეებსა და წყლით სავსე გრაფინებში უმშვენიერეს და საკვირველ საგნებს ხედავდნენ და კითხულობდნენ. მისნობის მეთოდი ასეთი იყო: კალიოსტრო მისთვის მიყვანილი მრავალი ბავშვიდან თავად ირჩევდა ზოგიერთს. ბავშვები ხელების დადებით იღებდნენ ინიციაციას, შემდეგ კი, წყლით სავსე გრაფინის წინ დაყენებულნი, წარმოთქვამდნენ სიტყვებს, რომლებიც ანგელოზთა მოწოდებას შეიცავდა. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ წმინდა სულები თითქოს ბავშვებს წყლით სავსე გრაფინის შიგნით ევლინებოდნენ.
მათთვის დასმულ კითხვებზე სულები ზოგჯერ სიტყვიერად, მაგრამ უფრო ხშირად წერილობით პასუხობდნენ; ამასთან, პასუხის ასოები გრაფინში, წყლის ზედაპირზე იწერებოდა და რომელთა დანახვა მხოლოდ ბავშვ-მკითხავებს შეეძლოთ. ისინი პასუხებს ხმამაღლა კითხულობდნენ (4).
________________
4. კალიოსტროს სიცოცხლის დასასრული მეტად სევდიანი იყო. 1783 წლის სექტემბერში ის რომში გრძნეულებისა და მასონობისადმი კუთვნილების გამო დააპატიმრეს და ინკვიზიციის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. 1791 წელს მას ციხე-სიმაგრეში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 1793 წელს ის საპყრობილეში გარდაიცვალა.
________________
XVIII საუკუნეში მსგავსი ფოკუსების ოსტატი იყო კაზანოვაც, XIX საუკუნეში კი — პინეტი და ვინმე ვანტრილოგი (მუცლითმეტყველი) ალექსანდრე, რომელიც სხვადასხვა ხმით ყველაზე რთულ სცენებს ასრულებდა იმ დროს, როდესაც მისი ტუჩები დახშული რჩებოდა. ისინიც იდუმალი საშუალებებით კურნავდნენ სნეულებებს და, ამასთანავე, ერთდროულად სხვადასხვა ადგილას გამოჩენის უნარიც ჰქონდათ.
ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია საკითხი იმ საშუალებების შესახებ, რომელთა დახმარებითაც, ერთი მხრივ, ძველი მოგვები — სიმონ მოგვი, ტიანელი აპოლონიოსი და სხვები, ხოლო, მეორე მხრივ, შუა საუკუნეებისა და უახლესი დროის ჯადოქრები თავიანთ სასწაულებს აღასრულებდნენ. უეჭველია, რომ მათი მთავარი დამხმარეები იყვნენ ადამიანთა გონების სისუსტე და გულუბრყვილობა, აგრეთვე მოვლენათა დამკვირვებელთა წარმოსახვის უჩვეულო განვითარება. მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად, ძველი სამყაროსა და ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ყველაზე მკაფიოდ აღწერილი სასწაულების გულდასმით განხილვა იმ დასკვნამდე მიგვიყვანს, რომ მათი აღსრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ ბუნების ზოგიერთი იდუმალი, მეცნიერებისთვის უცნობი ძალისა და მათი მმართველი კანონების ცოდნის დახმარებით.
ბუნებასთან უმჭიდროეს ურთიერთობაში მცხოვრები მოგვები ბევრ ისეთ რამეს იცნობდნენ, რაც ჩვენი მეცნიერებისთვის უცნობია. აღმოსავლეთის ხალხებში, ისევე როგორც ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში, ცნობილი იყო მრავალი საიდუმლო მეცნიერება, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა სახის მაგია, ვარსკვლავთმრიცხველობა, ქირომანტია, რაბდომანტია (5) და სხვ. იდუმალი სიბრძნის ფლობა ქურუმთა წოდებისა და ცალკეული კასტების პრივილეგიას შეადგენდა; სწორედ ისინი იყვნენ მისტიკური ცოდნის მცველები. ამ საზოგადოებებში ახალი წევრების მიღებას წინ უძღოდა ხანგრძლივი გამოცდა და საშინელი ფიცები, რომლებიც განდობილთაგან მაგიური საიდუმლოებების გულდასმით დაფარვას მოითხოვდა არაგანდობილთათვის.
________________
5. რაბდომანტია — ვაზის რტოს, კვერთხის, ჯოხის ან სხვა მსგავსი საშუალების მეშვეობით წყლის, მადნის, განძისა და სხვა დაფარული საგნების ძიებისა და მკითხაობის პრაქტიკა.
________________
იდუმალი ცოდნის შესასწავლად სპეციალური სკოლების არსებობაზე დარწმუნებით შეიძლება ვიმსჯელოთ როგორც ისტორიული მონაცემების, ისე ღვთის სიტყვისა და წმინდანთა ცხოვრებების საფუძველზე. მაგალითად, გამოსვლათა წიგნიდან ცნობილია, რომ ფარაონის მოგვებს შეეძლოთ კვერთხების გველებად გადაქცევა, წყლის სისხლად ქცევა და აგრეთვე ქვეყანაზე ბაყაყების მოყვანა. შესაძლოა, ასეთი სასწაულები კოლექტიურ ცრუ ხილვებს ან ჰალუცინაციებს წარმოადგენდა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოგვებმა შეიმეცნეს მოვლენათა დამკვირვებლებზე ფსიქიკური ზემოქმედების საიდუმლოება, შეძლეს მათი ყურადღების მართვა და განსაკუთრებული ძალით მათი წარმოსახვის შეძვრა.
ერთი სიტყვით, ისინი უკვე ფლობდნენ ფსიქოლოგიის იმ საიდუმლოებებს, რომელთა ნაწილი მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი, ხოლო ნაწილი მეცნიერულ საფუძველზე იქნა დაყენებული მეცნიერების უდიდესი წარმომადგენლების (შარკო, ბერნჰაიმი და სხვ.) მიერ ჰიპნოტიზმის, მესმერიზმის, ცხოველური მაგნეტიზმისა და სხვათა სახელწოდებით. წმიდა მოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში დაწვრილებით არის მოთხრობილი მისი გრძნეული ხელოვნების შესახებ, რომელსაც ის ქრისტიანობაზე მოქცევამდე ფლობდა და იყენებდა.
მის ცხოვრებაში ნათქვამია, რომ ჯერ ოლიმპოს მთაზე, შემდეგ კი მემფისში მან უდიდესი დემონური ხრიკები შეისწავლა: მას შეეძლო სხვადასხვა ეშმაკეული მოჩვენებების გამოძახება, ისწავლა ჰაერის თვისებების შეცვლა, ქარების გამოწვევა, ჭექა-ქუხილისა და წვიმის მოყვანა, ზღვის ტალღების აღელვება, ბაღებში, ვენახებსა და ყანებში ნგრევის გამოწვევა, ადამიანებისთვის ზიანის მიყენება და მათთვის ჭრილობების მიყენება. თავისი ჯადოქრობით მას შეეძლო ადამიანისთვის ფრინველის სახის მიეცა და ჰაერში ფრენის უნარით აღეჭურვა (ცხოვრებაში არის დამატება: "ეშმაკის დახმარებით, რომელიც ადამიანს ჰაერში ატარებდა" См. Четьи-Минеи св. Димитрия Ростовского , октябрь, 2 дня, стр.11 и 16.).
მას შეეძლო ჯადოქრობით ყოველგვარი უბედურების მოტანა, იობის მიმართ ეშმაკის ხრიკების მსგავსად: ხოცავდა პირუტყვს, ადამიანებს წყლულებს აყენებდა, ადამიანებსა და პირუტყვს სნეულებებს უგზავნიდა.
მეცნიერების მრავალი წარმომადგენელიც დარწმუნებულია, რომ გრძნეულნი და ჯადოქარნი თავიანთ მაგიურ სასწაულებს ბუნების იდუმალ ძალთა ცოდნის დახმარებით აღასრულებდნენ. ფრანგმა მეცნიერმა ევსები სალვერტმა, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ჯადოქრულ ფოკუსებსა და საიდუმლო მეცნიერებათა კვლევას მიუძღვნა, დაამტკიცა, რომ ყველა იმ ეპოქაში, როდესაც ისტორიული გადმოცემა მოჩვენებითი სასწაულების გამოჩენას მიაკუთვნებს, ცნობილი კასტები და პიროვნებები, განსაკუთრებით მოგვნი, ქურუმნი და ზოგიერთი ფილოსოფოსი, ფიზიკურ მეცნიერებათა სფეროში მნიშვნელოვან ცოდნას ფლობდნენ. ამიტომ სალვერტი მიიჩნევს, რომ, თუ გამოვრიცხავთ ყველაფერს, რაც ფოკუსების ოსტატობას, მოტყუებასა და აღგზნებულ წარმოსახვას მიეკუთვნება, ძველი მაგების სასწაულთა უმრავლესობა ბუნებრივი მოვლენების ფარგლებში ექცევა, რომლებიც ფიზიკურ მეცნიერებებში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანებისთვისაც მისაწვდომია (Eusebe Salverte. Des sciences occultes, 3 ed., 1886 г.).
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ შუა საუკუნეების გრძნეულთა პრაქტიკაში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა: ადამიანის სისხლი, გარდაცვლილთა თმა, მუხის ქერქი, ანწლი, სხვადასხვა შხამიანი ბალახი და ნარკოტიკული ნივთიერებები. ჯადოქართა და კუდიანთა სასამართლო პროცესების დროს აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ნარკოტიკულად მოქმედ ბალახს (მაგალითად, ბელადონას), აგრეთვე ქიმიურად შედგენილ მალამოებს, ცრუ ხილვებისა და დროებითი შეშლილობის გამოწვევა შეეძლოთ. ასევე უეჭველია, რომ ჯადოქრები და გრძნეულნი ბევრ მეტეოროლოგიურ ნიშანს იცნობდნენ და, აგრეთვე, ცხოველური მაგნეტიზმისა და ჰიპნოტიზმის საიდუმლოებებს ეუფლებოდნენ, რომლებსაც თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ. მათ შეეძლოთ ცალკეული ჰალუცინაციებისა და კოლექტიური ცრუ ხილვების გამოწვევა. ზოგიერთი მეცნიერი კი, მაგალითად, პროფესორი ბალფურ სტიუარტი, პოდმორი და სხვები, მიიჩნევენ, რომ თავად მათ ჰქონდათ განსაკუთრებული ჰიპნოტური, ანუ ელექტრობიოლოგიური ძალა, რომლის მეშვეობითაც ისინი თავიანთ ფოკუსებს ასრულებდნენ და სხვებს აიძულებდნენ დაენახათ ის, რაც სინამდვილეში არ არსებობდა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბუნების საიდუმლოთა და საერთოდ მისტიკური ცოდნის შეცნობით ძველ მოგვთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სიმონ მოგვი და ტიანელი აპოლონიოსი, ხოლო უახლესი დროის მოღვაწეთა შორის — კალიოსტრო. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას, გარემომცველ ადამიანებში, ჰალუცინაციების აღძვრის მეტად განვითარებული ხელოვნება ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ჰიპნოტიზმის უახლესი კვლევები გასაღებს გვაძლევს ავხსნათ კალიოსტროს ხელოვნებით გამოწვეული მრავალი მოვლენა.
ამ კვლევათა თანახმად, ჰიპნოზის გავლენით, ჩვენი ფსიქიკური უნარები ადამიანის საკუთარი ნების კონტროლისგან თავისუფლდებიან და უცხო ნების ძალაუფლებას ემორჩილებიან; ამასთან, ისინი თავისუფლად აღიქვამენ ისეთ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც არავითარი ობიექტური რეალობა არ გააჩნიათ. ჯადოქრული ფოკუსების განსაკუთრებული, იდუმალი და ფანტასტიკური გარემო, თავის მხრივ, ძლიერ გავლენას ახდენს წარმოსახვაზე და აზროვნებას ბოჭავს; ამის შემდეგ მაგიკოსის ერთი საზეიმო ბრძანებაც კი — "უყურე", "ისმინე" — საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა დაინახოს ან გაიგონოს ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ არსებობს.
არც ის არის დაუჯერებელი, რომ ჯადოქრები და გრძნეულები არცთუ იშვიათად თავადაც ექვემდებარებოდნენ თვითჰიპნოზსა და მასთან დაკავშირებულ თვითმოტყუებას. აკადემიკოსი გრაფი გასპარელი, რომელიც მედიუმთა ხრიკებზე წერდა, ამტკიცებს, რომ ისინი თავადვე პირველნი განიცდიან იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც მაყურებლებზე ახდენენ. მათი ყურადღება, რომელიც მოჩვენებაზეა კონცენტრირებული, მათში გრძნობათა მოტყუებას წარმოშობს, რომელიც შემდეგ დანარჩენ მაყურებლებსაც გადაეცემა (Хотинский. Чародейство и пр., стр. 324–325).
თუმცა, თუ ოდესღაც გრძნეულ ხელოვნებას თავისი თეორია ჰქონდა და მრავალი საიდუმლო მეცნიერების შესწავლას მოითხოვდა, შემდგომში ჭეშმარიტი მეცნიერული საიდუმლოებები, ერთი ადეპტიდან მეორეზე, თაობათა ხანგრძლივი რიგის გავლით გადაცემისას, იმდენად შეერია სიცრუეს რომ, საბოლოოდ, ძალზე ძნელი გახდა ჭეშმარიტის გარჩევა მოჩვენებითისგან, ფოკუსისა — იდუმალი რეალობისაგან. სიმონისა და აპოლონიოსის მემკვიდრენი თანდათანობით უბრალო ილუზიონისტთა დონემდე დაეშვნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს დროშიც არიან ადამიანები, რომლებიც ბუნების მრავალ საიდუმლოს ფლობენ. ასეთები არიან ინდოელი ბრძენკაცები, რომლებიც ფაკირების სახელით არიან ცნობილნი.
ინდოეთი ოდითგანვე სახელგანთქმულია, როგორც სხვადასხვა გრძნეულის, ჯადოქრის, შავი და თეთრი მაგიის ქურუმებისა და სხვათა კლასიკური ქვეყანა. ამ ფოკუსნიკთა მოხერხებულობა და ხელოვნება იმდენად საკვირველია, რომ მათ მიერ აღსრულებული სხვადასხვა საოცრების წინაშე, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველაზე მახვილი და დაკვირვებული გონებებიც კი საგონებელში ვარდებიან.
მრავალი თვითმხილველის, სწავლული მოგზაურისა და მწერლის მოწმობით, ინდოელ გრძნეულებს შესწევთ უნარი, ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და საჭირო მასალების დახმარების გარეშე, ვრცელ სივრცეზე ცეცხლი გააჩინონ, ბრბო სქელი ღრუბლებით ან ნისლით მოიცვან, საზოგადოების წინაშე ბუნების მომხიბვლელი პეიზაჟები აჩვენონ, საგნების მყისიერი გამოჩენა ან გაქრობა გამოიწვიონ, თვალსაჩინოდ აჩვენონ მცენარის ზრდა — ყლორტიდან დაწყებული პატარა ხემდე, რომელიც მაყურებელთა თვალწინ იზრდება, და სხვ.
იგივე გრძნეულნი, ანუ ფაკირები, ხანჯლებით იჩხვლეტენ სხეულს ისე, რომ არავითარ ზიანს არ განიცდიან, ცეცხლმოკიდებულ ნაკვერჩხლებზე წვებიან, კვირებისა და თვეების განმავლობაში მიწაში დამარხულნი რჩებიან და შემდეგ კვლავ ცოცხლდებიან, თუმცა თავიანთ შემწეთა დახმარებით.
ინდოელ გრძნეულთა უჩვეულო უნარების დასადასტურებლად, ფართოდ გავრცელებული ინგლისური ჟურნალის Revue of Revues რედაქტორი სტედი (6) მოგვითხრობს შემდეგ უცნაურ ამბავს ორი ყველაზე ცნობილი ინდოელი მოგვის შესახებ, რომლებმაც მთელ ინდოეთსა და ინგლისში გაითქვეს სახელი, — კერძოდ, ესენი იყვნენ პროფესორი ჯიგანი (7) და იაკობი სიმლადან.
________________
6. ეს არის William Thomas Stead (W. T. Stead, 1849-1912) — ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი. მან 1890 წელს George Newnes-თან ერთად დააარსა Review of Reviews და მისი რედაქტორი იყო.
მაგრამ სტედს ჰქონდა მეორე გამოცემაც — Borderland, რომელიც ოკულტურ, პარაფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ მოვლენებს ეძღვნებოდა. სწორედ 1897 წლის აპრილის Borderland-ში გამოქვეყნდა ჯინგანისა და ჯეიკობ სიმლელის შესახებ მასალა. თავად სტატიის სათაურია: "A Professor of Hindoo Magic. Or, The Wonders of Professor Jhingan and Mr. Jacob of Simla." სტედის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ მას მასალა ლაჰორიდან, Akhbari-Am–ის რედაქციიდან, Kanhaiyalal-მა გაუგზავნა.
მაშ, რატომ წერია ჩვენს რუსულ ტექსტში Revue of Revues? რუსული ტექსტის ავტორს აქვს: "редактор весьма распространенного английского журнала Revue of Revues Стэд". ეს ფორმა არაზუსტია. ინგლისური ჟურნალის სახელწოდება იყო: The Review of Reviews და მისი რედაქტორი — W. T. Stead. Review of Reviews 1890 წლიდან გამოდიოდა. სავარაუდოდ, რუსულ გამოცემაში Review of Reviews ფრანგული გავლენით ან უბრალოდ შეცდომით არის გადმოცემული როგორც Revue of Revues.
მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ჩვენი კონკრეტული მონაკვეთის წყარო, როგორც ჩანს, არა უშუალოდ Review of Reviews, არამედ სტედის Borderland-ია. ამის დამადასტურებელი ძალიან ძლიერი ფაქტია: 1897 წლის Borderland-ის სტატიის სათაური და შინაარსი თითქმის ზუსტად ემთხვევა რუსულ ტექსტში აღწერილ ჯინგანს.
7. სანდო პირველწყაროებში ის გვხვდება როგორც Balmukund Jhingan ან Balmakand M. Jhingan. 1897 წლის Theosophist მას პირდაპირ უწოდებს "Pandit Balmakand M. Jhingan"-ს და აღწერს როგორც ამრიცარის ახალგაზრდა ბრაჰმინ ასკეტს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წყაროა ჰენრი სტილ ოლკოტის Old Diary Leaves, სადაც მისი სახელი მოცემულია ფორმით Balmukund Jhingan. ოლკოტი წერს, რომ იგი სხვადასხვა დროს იწოდებოდა "pandit" (სანსკრ. "სწავლული"), "professor" და "doctor"-ად.
ამრიგად, რუსულ ტექსტში: "профессор Джиган" სავარაუდოდ უნდა გვესმოდეს როგორც Professor Jhingan, ანუ პროფესორი ჯჰინგანი / ჯინგანი, და არა უბრალოდ "ჯიგანი".
________________
სტედის თქმით, პროფესორ ჯიგანს თავისუფლად შეეძლო ზემოთ ასვლა და ჰაერში ყოველგვარი საყრდენის გარეშე იმდენ ხანს ჩამოკიდება, რამდენ ხანსაც მოესურვებოდა; მას შეეძლო საკუთარი სხეული იმდენად მტკიცე და ელასტიკური გაეხადა, რომ უძრავი ხდებოდა, საკუთარ ჩრდილს გაქრობას აიძულებდა და სხვ. მისი ბრძანებით, მიწიდან მაყურებელთა თვალწინ იზრდებოდა სხვადასხვა ყვავილი, ნაყოფი, ბოსტნეული და მცენარე. ნებისყოფის მხოლოდ ერთი ძალისხმევით ის აიძულებდა ჰაერში გაეჩერებინა ქაღალდის ნაგლეჯები, წიგნები, ანთებული ლამპა და სხვა საგნები. იმავე ნებისყოფის დაძაბვით იგი ამ საგნებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას და მნიშვნელოვან მანძილზე გადაფრენას აიძულებდა. მისი ბრძანებით, წვრილი მონეტები იქ მყოფთა ჯიბეებიდან გამოდიოდნენ და მის ხელებში გადმოფრინდებოდნენ და ა. შ.
მაგრამ, რაოდენ საკვირველიც გინდ იყოს მის მიერ ნაჩვენები ფოკუსები, ისინი მაინც ფერმკრთალდებიან მისი პროფესიის მეტოქის, ვინმე იაკობის ხელოვნების წინაშე, რომელიც იყო სიმლადან (8). იაკობის ჯადოსნური ფოკუსები აკვირვებს არა მხოლოდ უბრალო მოკვდავთ, არამედ ისეთ ოსტატებსაც კი, როგორიც პროფესორი ჯინგანია. ერთხელ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, გაცნობოდა იაკობს და მასთან სტუმრად მივიდა. იაკობმა, რომელსაც მანამდე გაგონილი ჰქონდა ჯინგანის მიერ ნაჩვენები საოცრებების შესახებ, სთხოვა მას, მისთვისაც ეჩვენებინა რაიმე. ჯინგანმა უარი თქვა, ბოდიშს იხდიდა თავისი ძალებისა და საშუალებების სიმცირისთვის, მაგრამ შემდეგ იაკობს რამდენიმე აზრი წაუკითხა და აიძულა სახლის პატრონის კუთვნილი ჯოხი ყოველგვარი საყრდენის გარეშე ჰაერში ჩამოკიდებულიყო.
________________
8. სიმლა (Shimla, შიმლა) არის ქალაქი ჩრდილოეთ ინდოეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის შტატში, ჰიმალაის მთებში. ბრიტანეთის ინდოეთის დროს სიმლა იყო ბრიტანელთა მნიშვნელოვანი საზაფხულო ადმინისტრაციული ცენტრი და კოლონიური ელიტის ერთ-ერთი მთავარი დასასვენებელი ადგილი.
________________
იაკობმა, მოიწონა რა სტუმრის ხელოვნება, თავად დაიწყო მოქმედება. თავდაპირველად მან ჯინგანს ჰკითხა: "სად ვიმყოფები ამჟამად?" — "თქვენ ჩემს წინ დგახართ", — უპასუხა ჯინგანმა. მაშინ იაკობმა ღია კარისკენ მიუთითა და ჯინგანმა დაინახა სახლის პატრონის ორეული, რომელიც ჰაერში იდგა და სრულიად უძრავი იყო. ეს მოვლენა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შემდეგ იაკობმა აიღო თავისი ჯადოსნური ჯოხი და რამდენჯერმე შემოატარა იგი ჯინგანის გარშემო. უეცრად გაჩნდა მთელი ღრუბელი პეპლებისა, რომლებმაც ჯინგანს ისეთი ხშირი მასით შემოერტყნენ, რომ მის მიღმა რაიმეს დანახვა შეუძლებელი გახდა, მაგრამ იაკობმა რაღაც სიტყვა წარმოთქვა და ყველა პეპელა მყისიერად გაქრა. ამის შემდეგ იაკობმა თავისი სტუმარი ოთახში შეიყვანა, რომელიც, როგორც ჩანდა, მთლიანად საშინელი ალით იყო სავსე, თუმცა ეს ალი, ამასთან, არავითარ სიცხეს არ გამოსცემდა. იაკობის ერთი სიტყვისთანავე ალი თვალის დახამხამებაში გაქრა.
ყველა ამგვარ უჩვეულო მოვლენაში მეცნიერთა უმრავლესობა ნაწილობრივ ფოკუსნობას, ნაწილობრივ ჰიპნოზურ შთაგონებას, ნაწილობრივ კი ბუნების მეცნიერებისთვის უცნობ ძალთა გამოყენებას ხედავდა, როგორიცაა, მაგალითად, ცხოველური მაგნეტიზმი, ორგანული ელექტრობა და სხვ. მეცნიერთა აზრით, ყველა ეს პირობა მოვლენათა გარკვეულ რიგში შეიძლებოდა თანმიმდევრულად ან ერთდროულად გამოვლენილიყო. კერძოდ, მოგვთა და გრძნეულთა მიერ ბუნების იდუმალი ძალების გამოყენების საკითხში მეცნიერები განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებდნენ ე. წ. ელექტრომაგნიტურ თეორიას. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: პატეგენის, რაიხენბახის, დე როშას, შაზარენის, დეკლის, ლუისა და მრავალი სხვა მეცნიერის აზრით, ადამიანის ორგანიზმი, ცხოველთა სხეულები და მრავალი მატერიალური საგანი თავის თავში დიდი რაოდენობით ელექტრულ ენერგიას შეიცავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის ორგანიზმი. ტარხანოვის აზრით, ეს უკანასკნელი ელექტრულ ენერგიას გამოყოფს ყოველი კუნთოვანი მოძრაობისას, ყოველი ფსიქიკური აქტის დროს. ზოგიერთ სუბიექტში ელექტრონული აღგზნებადობის ძალა უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს. ასეთ სუბიექტებს, რომლებიც თითქოს ატმოსფერული ელექტრობის აკუმულატორებს წარმოადგენენ, შეიძლება ჰიპერელექტროგენულები ეწოდოთ.
ჩვეულებრივ მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმის ელექტრული ენერგია წონასწორობაში იმყოფება და შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ ამ წონასწორობის დარღვევას თავად ადამიანის მიერ, მისი ნებისყოფის ძალისხმევის გავლენით, ან საერთოდ მისი ფსიქიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, გარეგანი ელექტრობის გამოვლენისათვის ხელსაყრელი პირობების ერთობლიობის არსებობისას, როგორიცაა ადამიანის სხეულის ბიპოლარულობა და ფსიქიკური ენერგიის მნიშვნელოვანი ძალა, მრავალი უჩვეულო მოვლენის გამოწვევა შეუძლია.
ამრიგად, ნებისყოფის ძალისხმევის ან ნერვული სისტემის მტკივნეული მოშლილობის შედეგად ადამიანს შეუძლია საკუთარი ორგანიზმიდან სივრცეში დადებითი ელექტრობა გამოყოს; მაშინ უარყოფითი ელექტრობა, როგორც მიწის ელექტრობის იდენტური, გამოიწვევს ადამიანის განზიდვასა და ჰაერში აწევას, აგრეთვე მისი წონის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას. ნებისყოფის ძალისხმევით გარეგანი საგნებიდან სივრცეში დადებითი ელექტრობის გამოყოფისას შესაძლებელია მძიმე საგნების ზემოთ აწევა და უფრო მსუბუქი საგნების ჰაერში ფრენა. ამის გაკეთება განსაკუთრებით ადვილია მაშინ, როდესაც ოთახის ატმოსფერო საკმარისად არის გაჯერებული უარყოფითი ელექტრობით, როგორც ეს ხდება სეანსების დროს, ხალხის დიდი რაოდენობით შეკრებისას.
ელექტრული ძალის მართვით ჰიპერელექტროგენულ სუბიექტს მხოლოდ ნებისყოფის ძალისხმევით შეუძლია დამსწრეთა ყუთებიდან ან ჯიბეებიდან ლითონის ნივთების ამოღება და მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა; მას ასევე შეუძლია კალმების ღეროებს ან ფანქრებს აიძულოს მოძრაობა და დააწერინოს ის, რაც თავად სურს. ამგვარი ძალა, ამ თეორიის დამცველთა აზრით, სხვადასხვა ხარისხით ყველა ადამიანს ახასიათებს; ის არც მათ გონებრივ ან ზნეობრივ განვითარებაზეა დამოკიდებული და არც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ ადამიანის წმინდა ბუნებრივ ნიჭს წარმოადგენს, რომელსაც, თუმცა, ვარჯიშისა და ნებისყოფის ხშირი დაძაბვის გზით უსაზღვროდ განვითარება და სრულყოფა შეუძლია (იხ. Битнер. "Верить, или не верить", стр. 296–298 и 304–305).
ამ თეორიის შესახებ რაიმე განსაზღვრულის თქმა ძნელია. ის მეტისმეტად ჰიპოთეზური, თავისებური და იმდენად ახალია, რომ ჯერ კიდევ არ დადასტურებულა საკმარისი რაოდენობის ზუსტი დაკვირვებებით. მეორე მხრივ, თანამედროვე ფიზიკური მეცნიერება, რომელმაც განვითარების მნიშვნელოვან სიმაღლეს მიაღწია, როგორც ჩანს, საკმაოდ საფუძვლიანად გაეცნო ელექტრული ენერგიის მრავალგვარ გამოვლინებას, მაგრამ მან არაფერი იცის ორგანული ელექტრობის იმ გასაოცარი გამოვლინებების შესახებ, რომელთა შესახებაც გადმოცემულ თეორიაშია საუბარი. მხოლოდ ისაა უდავო, რომ ფიზიკაში ცნობილი ელექტრული ხელსაწყოებისა და მანქანების საშუალებით შესაძლებელია საკმაოდ გასაოცარი შედეგების მიღწევა, რომლებიც შეიძლება სასწაულებრივადაც კი მოგვეჩვენოს იმ შემთხვევებში, როდესაც მოწყობილობების გამოყენება მაყურებლისთვის დაფარული რჩება.
ასე, მაგალითად, 1847 წელს ვინმე გამულეცკი პეტერბურგში თავის მიერ მოწყობილ სახლში, იშვიათობათა მუზეუმში, დამთვალიერებლებს აჩვენებდა 14 ფუნტის წონის რკინის ანგელოზის ფიგურას, რომელიც მაგნიტების ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის მოქმედებით თავისუფლად იყო ჰაერში გამოკიდული. მეორე მხრივ, ზოგიერთ შემთხვევაში, უჩვეულო მოვლენებზე დაკვირვებისას, მათი წარმოშობის ადგილის ელექტროსკოპების საშუალებით გამოკვლევამ საერთოდ ვერ გამოავლინა ელექტრობის არსებობა ვერც ნიადაგში და ვერც საგნებში.
თუმცა არც იმის უარყოფის საფუძველი გვაქვს, რომ ინდოელმა გრძნეულებმა და მაგიის პროფესორებმა შეიძლება იცოდნენ ბუნების ზოგიერთი ისეთი საიდუმლო, რომელიც ოფიციალურ მეცნიერებას ჯერაც არ აღმოუჩენია. ისინი არც ღრმა მოაზროვნეები არიან და არც ზუსტნი იმ გაგებით, როგორც ეს სიტყვა ბუნებისმეტყველებს ესმით; მაგრამ ბუნებასთან მუდმივი ურთიერთობისა და თავიანთი ჭვრეტითი ცხოვრების წყალობით შესაძლოა მათ მრავალი იდუმალი ცოდნა შეიძინეს.
ასევე შეუძლებელია გრძნეულთა და მაგთა უნარის უარყოფა შთაგონების ძალით გამოიწვიონ მრავალი ჰიპნოზური ჰალუცინაცია, მაგალითად, ალის ან კვამლის, ნისლის, ცეცხლის მოულოდნელი გამოჩენის სახით, აგრეთვე საგნების მოულოდნელი გაჩენისა და გაქრობის სახით. უცხოეთის სასამართლო ქრონიკა მრავალი ფაქტით ადასტურებს ზოგიერთი, თუნდაც უბრალო და უვიცი ადამიანის უნარს, მათ მიერ შერჩეულ მსხვერპლში ჰიპნოზური მდგომარეობა გამოიწვიონ, რათა მათზე ძალადობა განახორციელონ ან დანაშაულის იარაღად აქციონ. ზოგიერთ ჰიპნოტიზიორს ასეთი ზემოქმედების განხორციელება საკმაოდ მნიშვნელოვან მანძილზეც კი შეუძლია და არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც.
დაბოლოს, ქრისტიანული თვალსაზრისით სავსებით დასაშვებია სხვა მოსაზრებებიც, რომლებიც სულაც არ ეწინააღმდეგება ზემოთ მოყვანილ ბუნებრივ ახსნა-განმარტებებს. საქმე ისაა, რომ უჩვეულო მოვლენათა ყოველთვის როდი შეიძლება აიხსნას ბუნების მეცნიერთათვის უცნობ ძალთა მოქმედებით. ამიტომ შეიძლება დავუშვათ ეშმაკთა დახმარება და მონაწილეობა გრძნეულთა მიერ მრავალი უჩვეულო ფოკუსის აღსრულებაში. ეშმაკნი სარგებლობენ ადამიანთა ცდომილებებითა და თვითმოტყუებით, რათა ისინი საცდურში ჩააგდონ და წარწყმიდონ. ადამიანთან შედარებით როგორც უფრო სრულყოფილი სულები, როგორც გონებით, ისე თავიანთი არსებობის პირობებით, ისინი, უეჭველად, ადამიანებზე უკეთ იცნობენ ბუნების საიდუმლოებებსა და მის ფიზიკურ ძალებს და, შესაბამისად, უკეთაც შეუძლიათ მათი გამოყენება ისეთი უჩვეულო მოვლენების წარმოსაქმნელად, რომლებიც ადამიანთა ცდუნებისა და დაღუპვისკენ არის მიმართული.
შესაძლოა, მაგალითად, სწორედ ეშმაკნი ამოძრავებდნენ იმ ქანდაკებებს, რომელთაც სიმონ მოგვი სიარულს უბრძანებდა. წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრება გვაუწყებს, რომ სწორედ ეშმაკი ატარებდა ჰაერში იმ ადამიანებს, რომელთაც კვიპრიანე ფრინველის მოჩვენებით სახეს აძლევდა. ასეთ უნარებს ეშმაკებს მიაკუთვნებენ ტერტულიანე, ნეტარი თეოდორიტე და ეკლესიის სხვა მოძღვარნი. წმიდა ათანასე დიდი სიტყვაში განკაცების შესახებ მოწმობს, რომ სხვადასხვა მოჩვენებით დემონები ადამიანთა გონებას აცთუნებდნენ და უმეცარ მოკვდავთ აჩრდილებით აშინებდნენ. მინუციუს ფელიქსი ამბობს, რომ ეშმაკნი შთააგონებდნენ მისნებს, რომლებიც სიცრუესთან შერეულ წინასწარმეტყველებებს წარმოთქვამდნენ. თავად გრძნეულება, როგორც ცნობილია, უმთავრესად წარმართობასთან არის დაკავშირებული, ეს უკანასკნელი კი სიბნელისა და ბოროტი სულის ზემოქმედების სფეროა, რომელიც ადამიანებს მოგვობის გზით აცთუნებს (შდრ. საქმე 13:8-10).
ჩვენს სამშობლოში ხალხური გადმოცემები მრავალ რამეს მოგვითხრობენ ჯადოქართა სხვადასხვა ხრიკების, ადამიანებზე გაგზავნილი "დაზიანებების", მათ მიერ ადამიანების მგლებად გადაქცევისა და სხვათა შესახებ. ძნელად დასაჯერებელია, რომ ჯადოქრებისთვის მიწერილი ყველა, გამონაკლისის გარეშე, ფოკუსი და უჩვეულო მოვლენა მხოლოდ ხალხური ცრურწმენების უბრალო ნაყოფი და ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული გამონაგონი იყოს. სავსებით შესაძლებელია, რომ ჯადოქრებმა იცოდნენ ბუნების ზოგიერთი საიდუმლო, რომელთა დახმარებითაც მათ ჩვეულებრივ მოვლენათა წესრიგს აღმატებული მოვლენების გამოწვევა შეეძლოთ. ასევე შეუძლებელია შთაგონების ძალით მათი ჰიპნოზური ჰალუცინაციების გამოწვევის უნარის უარყოფა.
ყოველ შემთხვევაში, ე. წ. ლიკანტროპია, როდესაც ადამიანს თავი მგელი ჰგონია, ტანსაცმელს იხდის და ტყეში დაბოდიალებს, არის დროებითი შეშლილობის სახეობა, რომელიც თვითშთაგონების ან გარეგანი შთაგონების გავლენით წარმოიშობა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეშლილობის მდგომარეობა გადის და ადამიანი ცხოვრების ნორმალურ პირობებს უბრუნდება. ხალხური გადმოცემა კი ადამიანის მგლად ნამდვილ გარდაქმნას გულისხმობს და ამის მიზეზად ჯადოქრის შელოცვას მიიჩნევს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ჰიპნოტიზიორის როლის შესრულება შეეძლო. დაბოლოს, შესაძლოა, ჯადოქრები თავიანთ ხრიკებს ეშმაკის ძალის დახმარებითაც ასრულებენ, მით უმეტეს, რომ ხალხური გადმოცემის თანახმად, ისინი ეკლესიისა და მისი წმიდა დაწესებულებებისგან გაუცხოებულ ადამიანებად არიან წარმოდგენილნი, ხოლო თუ ზოგიერთ წმიდა საგანსაც იყენებენ, მათ მკრეხელური და გმობის შემცველი სახით მოიხმარენ.
გაგრძელება იქნება.
პუბლიკაცია რუსულიდან ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
წყარო: Мир таинственных явлений / М. О. Вержболович. Издание второе. Санкт-Петербург, издание книгопродавца И.Л. Тузова, 1904 г.
URL: https://azbyka.ru/otechnik/mihail-osipovich-verzhbolovich/mir-tainstvennyh-javlenij/#note29
