იდუმალი სამყარო - იდუმალების სფერო 1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
გრიგოლ დიაჩენკო

იდუმალების სფერო

მასალები ცდისეული ფსიქოლოგიისა და ქრისტეანობის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო აპოლოგიისთვის
იდუმალების სფერო
ნაშრომი "იდუმალების სფერო" (ორიგინალში: Из области таинственного) ეკუთვნის ცნობილ მართლმადიდებელ მქადაგებელს, მწერალს, მეცნიერსა და პუბლიცისტს. არსებითად ეს არის ფუნდამენტური აპოლოგეტური ნაშრომი.

წიგნის შინაარსი მოცავს ყოველგვარი საიდუმლო შემთხვევისა და მოვლენის საიდუმლო ჩამონათვალს, რომლებიც აღებულია ცნობილი და გავლენიანი ისტორიული მოღვაწეების (იულიუს კეისარი, ნაპოლეონ I და ჟოზეფინა, ჰენრიხ IV, კარლოს XI, პავლე I, ეკატერინე II, ა. ს. პუშკინი და სხვა), ასევე ჩვეულებრივი ადამიანების (კერძო პირების) ცხოვრებიდან. ავტორის მიერ გამოყენებული მაგალითების უმეტესობა აღებულია ბეჭდვითი (სამეცნიერო, ისტორიული, პუბლიცისტური) გამოცემებიდან და აღჭურვილია შესაბამისი საინფორმაციო წყაროებით.

მიცვალებულთა გამოცხადებანი, სხეულის ფუნქციონირება თავის მოჭრის შემდეგ, მიცვალებულთა აღდგომა, სმენა და დანახვა შორ მანძილზე (შორსმხედველობა), აზრების კითხვა, სპირიტიზმი, ჰალუცინაციები და იულზიები, ჰიპნოტიზმი, სიკვდილის მოახლოების ნიშნები, წინასწარმეტყველური სიზმრები, ცნობიერების გაორება სიზმარში, შეხვედრა მოჩვენებებთან - აი ზოგიერთი თემა, რომელსაც ეხება წინამდებარე წიგნი. ყველა შემთხვევა გადანაწილებულია განყოფილებების მიხედვით - მკაცრად სისტემატური თანმიმდევრობით. განყოფილებაში ასევე ჩართულია საჭირო შენიშვნები და დასკვნები. დამოწმებული ფაქტების უმეტესობა მატერიალიზმის საშუალებებით მათი განმარტების შეუძლებლობას ადასტურებს.

საკუთრივ, სწორედ ამას მიეძღვნა ამ წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამგვარად ავტორი მკითხველს არწმუნებს (მისი წიგნი კი ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი), რომ როგორც ადამიანის ბუნებაში, ასევე მის სიცოცხლეში, მის გარემომცველ სამყაროში არსებობენ იდუმალი, სულიერი არსებები და მოვლენები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სულის სუბსტანციური არსებობის მტკიცებულებაზე. ამ მიმართებით ავტორი უარყოფს ფილოსოფოს-ათეისტთა აზრს და პოლემიკაში შედის ფიზიოლოგებთანაც. ოსტატურად და გონებამახვილურად არის გამოყენებული ისტორიული ილუსტრაციები; გონივრულად არის შედგენილი ლოგიკური დასკვნები, რაც დამაჯერებლად ადასტურებს: ადამიანის სული არ არის მოლეკულარულ-უჯრედოვანი ორგანიზმის პროდუქტი, ეს არ არის ნივთიერი სხეულის ფუნქციონირების შედეგი.

აზროვნება, ნება, მეხსიერება, პიროვნების სხვა მახასიათებლები, რომელსაც ვამჩნევთ ადამიანის გონებრივ და თავისუფალ მოღვაწეობაში, სწორედ სულის არსებობით არის განპირობებული. ადამიანის ფსიქიური ცხოვრების საფუძველი არის სული, და არა ტვინი, - დეკლარირებს წიგნში მისი ავტორი. თავის მხრივ ტვინი არის გონიერი სულის ოდენ იარაღი, აზრის იარაღი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წყარო ან აზროვნების წარმომშობი.აქცევს რა ყურადღებას სულის ბუნებასა და თვისებებს, იყენებს რა "იმქვეყნიური საიქიო ცხოვრების" მოვლენათა ნიმუშებს, დეკანოზი გ. დიაჩენკო თავისი შემოქმედებით ერთადერთი სწორი დასკვნისთვის განგვაწყობს: სულის სიცოცხლე ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გრძელდება; მეტიც, ის არ შემოიზღუდება ამ სწავლებით და უთითებს პირდაპირ დამოკიდებულებაზე გარდაცვლილის სულის ხვედრსა და მის მიერ ამქვეყნად გატარებულ ცხოვრებას შორის. იმოწმებს რა წმიდა წერილსა და ეკლესიის გადმოცემას, ავტორი ადასტურებს მიცვალებულთა აღდგომის შესაძლებლობას, საყოველთაო აღდგომისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს გარდაუვალობას.

სამყაროში, მატერიალისტური იდეოლოგიის მიერ აღიარებულ ძალთა გარდა, მოქმედებენ სხვა, სულიერი და რაციონალური აზროვნების არსენალითაც კი აუხსნელი ძალები. ისინი ზებუნებრივად ვლინდებიან და გააჩნიათ ზებუნებრივი ხასიათი. მატერიალისტები მათი გარემომცველი სინამდვილისადმი უფრო დაკვირვებულები რომ ყოფილიყვნენ და ნაკლებად თვალდახუჭულები თავიანთ მსოფლმხედველობრივ წანამძღვრებში, აუცილებლად შენიშნავდნენ ამ მძლავრი ძალების არსებობას. მოცემული შეხედულების სასარგებლოდ მოძღვარს მოჰყავს იმდენი მოწმობა, რომ უბრალოდ მათი აღება და უარყოფა შეუძლებელი იქნება მკითხველისთვის.

ღმერთის არსებობის საუკეთესო მტკიცებულებად ის მიიჩნევს ღმრთის მყოფობის ქმედით და ცოცხალ შეგრძნებას. მაგრამ, - ირწმუნება იგი, - ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ეწევა სათნო, ღმრთისმოსაწონ ცხოვრებას. სათნოება ხელს უწყობს უზენაეს არსთან დაახლოვებას. სრულყოფილი ცხოვრება შეუძლებელია ღმრთისადმი რწმენის გარეშე. ყოველი ადამიანი, მისი საქმიანობისდა მიუხედავად, ფლობს "რელიგიურ გრძნობას". ავტორი მას "ღმრთის შეგრძნებას" უწოდებს. ამ ღრმა გრძნობასთან არის დაკავშირებული ადამიანისთვის თანდაყოლილი იდეა ყოვლისშემძლე, ყოვლადსრულყოფილი და ყოვლისმომცველი "პიროვნების" შესახებ. ეს "პიროვნება" არის ღმერთი (ერთი ღმერთი სამ იპოსტასში: მამა, ძე და სულიწმიდა).

რელიგიური გრძნობა, - დარწმუნებულია აპოლოგეტი, - შეუძლებელია გაგებულ იქნას როგორც ბუნებრივი ევოლუციის შედეგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არ წარმოადგენს ფანტაზიის ევოლუციონირებისა და იდუმალებისადმი შიშის ნაყოფს; ის არ არის ჩვენი სამყაროს ობიექტების გაღმერთების კანონზომიერი შედეგი (როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი რაციონალისტი). ის ადამიანებს ბუნებრივად ახასიათებთ: "ბუნებითგან".

წიგნი დაწერილია ადვილად გასაგები ენით და გააჩნია ძალიან წარმტაცი თხზულების ხასიათი.

აი რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: როდესაც განიხილავს შემთხვევებს "იდუმალების სფეროდან" და აჩვენებს მატერიალიზმის პოზიციიდან მათი განმარტების შეუძლებლობას, ავტორი ამავდროულად არ ცდილობს დეტალურად განმარტოს ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალსაზრისით. უმეტესწილად ის მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და, რომ ყოველივე ამის უკან დგანან სულიერი ძალები. ღვთისმეტყველებაზე დაფუძნებით, ნაწარმოებში მოცემული ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება განვაკუთვნოთ უზენაესი განგებულების გამოვლინებას, ხოლო სხვა ნაწილი - ბოროტ, დემონურ სულთა მოქმედების გამოვლინებას. ზოგიერთი მაგალითი ჯეროვანია დავუკავშიროთ ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობას. რაღაც შემთხვევები შეიძლება განიმარტოს თანამედროვე საბუნებისმეტყველო ცოდნის საფუძველზეც. დასასრულ, რაღაც, ალბათ, შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ.

ალექსეი მიხეილის ძე ლეონოვი. სანკტ-პეტერბურგის რელიგიათმცოდნეობისა და საეკლესიო ხელვონების მართლმადიდებლური ინსტიტუტის დოგმატური ღვთისმეტყველების მასწავლებელი.


წინათქმა

როდესაც აკვირდები, რომელ სფეროებში ხარჯავს ადამიანი საკუთარ ენერგიას და არ ზოგავს არც სახსრებს, არც დროს და არც ძალებს ამა თუ იმ ცნობის მოსაპოვებლად, ან გარკვეული წარმატების მისაღწევად მეცნიერბისა და თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, შეუძლებელია არ გაგვაკვირვოს იმ აღმოჩენამ, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი ყველაზე ნაკლებად სწორედ საკუთარი შინაგანი, სულიერი ბუნების, ღმრთის "ხატად და მსგავსად" შექმნილი თავისი სულის შეცნობას ცდილობს, რომელიც ისეთი დიდი, მრავალფეროვანი და იდუმალი თვისებებით არის დაჯილდოებული, რომ გეჩვენება - უნდა მიატოვო ყველაფერი და მთელი ყურადღება გადაიტანო საკუთარი თავის, საკუთარი სულის შემეცნებაზე, რომელიც ჩვენი სულიერ-გრძნობითი არსის მატარებელია.

ადამიანის ცნობისმოყვარე გონებას ფიზიკური ბუნება თუ ისე იპყრობს, რომ ზოგჯერ რომელიმე მიკროსკოპული მწერის ან რომელიმე მინერალის, ან კიდევ ცხოველისა თუ მცენარის გამოკვლევას უთმობს მთელს თავის ცხოვრებას; თუკი ჩვენ, ეთნოგრაფიული ცნობებების გსასამდიდრებლად ვინტერესდებით და ვსწავლობთ ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით მდებარე ტომების წესებსა და ცხოვრებას; თუკი დედამიწის ისტორიის შესასწავლად ადამიანი არ ერიდება არანაირ საშიშროებას და მრავალგვარი საშიშროების მიუხედავად მიწის გულამდე ცდილობს ჩასვლას, განა კიდევ უფრო არ უნდა აღძრავდეს ჩვენს ცნობისმოყვარეობას საკუთარი სულიერი სამყარო, რომლის შესწავლით ვიპოვით გასაღებს როგორც ფიზიკური ბუნების საიდუმლოებათა, ასევე საკუთარი არსებობისაც და ცხოვრებისაც?

საუკუნეების სიღრმიდან ისმის ხმა ფილოსოფოსისა: "შეიცან თავი შენი" (1). დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მოძღვარი ნეტარი ავგუსტინე ზნეობრივი განახლების გზას საკუთარი თავისა და სულიერი უძლურებების შესწავლაში ხედავს: "ადამიანის მოდგმა, - წერს ავგუსტინე, -ძალზედ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიწიერი და ზეციერი საგნების შესწავლას; მაგრამ ამათზე უმნიშვნელოვანესია საკუთარი თავის შემეცნება; უფრო ის ადამიანია ქების ღირსი, რომელმაც საკუთარი უძლურება უწყის, ვიდრე ის, ვინც იკვლევს და იძიებს ვარკსვლავთა მოძრაობას, მაგრამ საკუთარი ცხოვნების გზა მისთვის უცნობია". ბრძენს ყოველთვის ურჩევნია საკუთარი უძლურების შეცნობა, ვიდრე სამყაროს საიდუმლოებებისა; ურჩევნია შეიგნოს თავისი უსუსურება, ვიდრე იკვლიოს საზღვრები კოსმოსისა, საფუძველი მიწისა და მწვერვალი ზეცისა და ამგვარ ცოდნას თვითნებობას უწოდებს" (De Trin. IV. Proem.). მაშ, შეიცან თავი შენი! შეიცან შენი უძლურება და აღიარე შენი ცოდვილიანობა. შენს აღსარებაში გაიხსნება ლაქა შენი გულისა, ხოლო საკუთარი ცოდვების შეგნება გაიძულებს მკურნალის მოძიებას.

მაგრამ ვინ შეიძლება იყოს ეს მკურნალი? ცხადია, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. აი ჩვენი ცხოვრების უზენაესი მიზანი: ჩვენ რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიხედებოდეთ საკუთარ გულში იმისთვის, რათა საკუთარი თავის შეცნობით დავრწმუნდეთ ჩვენს უძლურებაში და ღმრთის შეწევნის აუცილებლობაში, რომელიც არის მხოლოდ ერთადერთი წყარო სიცოცხლისა, განათლებისა და ნეტარებისა.

ჩვენი სული გონიერია, მასშია ღმრთის ხატება, მასშია დავანებული იესუ ქრისტე. მაშ ჩაუღრმავდი შენს სულს, და იქ, შენს შინაგან კაცში გამხნევდები მოღვაწეობისთვის, ღმერთს მიმსგავსებისთვის. საკუთარ ხატში შეიცნობ შენს შემოქმედს. ღმერთი ჩვენშია, ჩვენს გულებშია, ის ჩვენს სულშია და ამიტომაც, სულის ჭეშმარიტი შემეცნება განუყრელად არის დაკავშირებული ღმრთის შემეცნებასთან" (Проф. К. Скворцов. Блаж. Августин как психолог. Киев, 1870 г., стр. 48-49).

ყოველდღიური გამოცდილება გვასწავლის, რომ არ არის იმაზე დიდი უბედურება, ვიდრე ის, რომელიც ადამიანის სულის თვისებათა არცნოდნისგან მოდის, რადგან სწორედ სულშია განპირობებული ხასიათის ჩასახვა და განვითარება, ტალანტები და გენიალურობა. მსოფლიო ისტორია, განსაკუთრებით შუასაუკუნეების პერიოდი გვიჩვენებს, რომ სრულიად უბრალო ადამიანთა წინააღმდეგ ყველაზე საშინელ დანაშაულებს ჩადიოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ უმეცარი ბრბო მათ მოგვებად, ჯადოქრებად და კუდიანებად მიიჩნევდა, არადა მათ წინაშე იდგნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ცხოვრების ფსიქოფიზიკური კანონები, მაგალითად, გააჩნდათ ჰიპნოტიზმის, ან ცხოველი მაგნეტიზმის ცოდნა და ა. შ. ან კიდევ ესენი იყვნენ ავადმყოფი, ისტერიული, სომნამბულური, მთვარეული და დაჰიპნოტიზირებული ადამიანები, რომელთა მკურნალობა მართებდათ და არა კოცონზე დაწვა.

საშინელია იმის შეგნება, რომ შუასაუკუნეებში დაახლოებით ათ მილიონი ასეთი ადამიანი დაახრჩვეს ან ცოცხლად დაწვეს სრულიად შეუგნებელმა ადამიანებმა! ასეთია საშინელი ხარკი შუასაუკუნეების ფსიქოლოგიური უმეცრებისა!

მაგრამ უმეცრებით ჩვენს დროშიც გამოირჩევიან ადამიანები და ბევრად როდი ჯობიან შუასაუკუნეების ბრბოს "განათლებას". ადამიანის სულიერი ცხოვრების თვისებები და კანონები არც დღევანდელმა ადამიანებმა უწყიან. ოჯახში, სამსახურში, სასამართლოებში და კერძო თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ჩვენ ვიმკით მწარე ნაყოფს ადამიანის სულის თვისებათა უცოდინრობისა. მეცნიერებათაგან ყველაზე უდიდესს - ადამიანის აღზრდას, შეუძლებელია გააჩნდეს ჯეროვანი მიმართულება და გონიერება, თუ მას საფუძვლად არ უდევს ადამიანის სულიერი ცხოვრების, ადამიანის სულის თვისებების ზუსტი და სწორი ცოდნა. საკმარისია მივუთითოთ, მაგალითად, იმგვარ ფსიქოლოგიუირ ფაქტზე ადამიანის ცხოვრებიდან, რომლის თანახმადაც, ადამიანის მიერ ადრეულ პერიოდში, თვით სამი თვის ასაკში მიღებული არც ერთი შთაბეჭდილება, უკვალოდ არ ქრება და მისი ცხოვრების სულიერ-ზნეობრივ დანაშრევად ილექება, მისგან ყალიბდება შემდგომ ადამიანის პიროვნება, ხასიათი და ბუნება. იმისთვის, რათა გაიზარდოს სულიერ-ზნეობრივი პიროვნება, ბავშვების აღზრდისას აუცილებლად გასათვალისწინებელია კანონი: დავიცვათ მათი მხედველობა, სმენა და ყველა გრძნობა სულის დამაზიანებელი არასასურველი სანახაობებისგან, ხმებისგან თუ მოვლენებისგან. მაგრამ გარდა ადამიანის სულიერი ცხოვრების ცოდნის სარგებლობისა პრაქტიკულ ცხოვრებაში, ის ძალზედ მნიშვნელოვანია რელიგიურ-ზნეობრივი მნიშვნელობითაც, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება უპირატესობის მქონე, რაც გინდა თქვან ქარაფშუტა ადამიანებმა.

იმის შემდეგ, რაც ექსპერიმენტალური ფსიქოლოგიის გზით ერთხელ დარწმუნდება ადამიანის სულის, როგორც ღმრთის მსგავსი ქმნილების არსებობაში, ყველა მისი საკვირველი გამოვლინებითურთ, ადამიანი უკვე ვეღარასოდეს შეძლებს მიჰყვეს იმ უხეშ მატერიალიზმს, რომელსაც მცენარეთა და სხვადასხვა ორგანიზმთა პროცესებში აკვირდება. გრძნობითი და სულიერი ცხოვრების გაუხეშებით, ადამიანი იქამდეც კი მიდის, რომ უარყოფს ადამიანში სულის არსებობას და საკუთარი წარმომავლობა გამოჰყავს ცხოველთა სამყაროდან, თანაც ამტკიცებს: "ადამიანი არის ის, რაც არის" ან "აზრი გამოიყოფა ტვინისგან ისევე, როგორც ნაღველი ღვიძლისგან", ან კიდევ: "აზრი არის მატერიის მოძრაობა".

ჩვენი სულის თვალი თუ ჯანსაღია და დაბნედილი არ არის ცოდვისმიერი მიდრეკილებებით, საკუთარი სულის დაკვირვება სულ უფრო გაგვიხსნის ცოდნას ღმრთის შესახებ, რაც ბრწყინვალედ გამოხატა ეკლესიის უდიდესმა მამამ კლიმენტი ალექსანდრიელმა: " ვინც საკუთარი თავი შეიმეცნა, მან ღმერთი შეიმეცნა" (იხ. Еп. Сильвестр. Опыт прав. Догм. Богословия, т. I, стр. 197).

ზუსტად ასევე, საკუთარი სულის ძალთა და თვისებათა ცოდნის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი ზნეობრივი მოღვაწეობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანებისა და თვით ღმერთის მიმართ, რადგან, ადამიანმა, სანამ გაიგებდეს რა უნდა აკეთოს, ჯერ უნდა იცოდეს, ვინ არის ის, როგორი ძალები და უნარები მიანიჭა მას ღმერთმა, რა შეუძლია და რისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რას აარიდოს თავი, როგორც მავნეს, და რა უნდა დატოვოს, როგორც აღმატებული მისი ძალასა და შეძლებაზე.

როდესაც შესძლებისდაგვარად შეიმეცნებს რაოდნ გონიერი, თავისუფალი და უკვდავი სულის მესაკუთრეა, ადამიანი იმწამსვე სიხარულით შეამჩნევს რაოდენ ამაღლებულია ყველა ქმნილებაზე, როგორც თავისი ბუნებით, ასევე სულიერ-ზნეობრივი თვისებებით, რომ უბრალო ქმნილება კი არ არის, არამედ ღვთისშვილია, რომელმაც შეუქმნა მას სულიერ-გრძნობისმიერი სამყარო და მის უკვდავ სულს საიქიო ცხოვრებაში მარადიული ნეტარება გაუმზადა.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი: ადამიანის სულიერი ცხოვრების შესწავლა, ფსიქიზმის სფეროში არსებული იდუმალი მოვლენების დაკვირვება, ადამიანს მისცესმ იმდენად მყარ მტკიცებულებას სულის არსებობისა, რომ უკვე ვერავითარი ეჭვები და თეორიები ვერ შეარყევენ მის რწმენას. ხოლო ადამიანის სულის უკვდავებისადმი რწმენა გადააფასებინებს მას თავის ცხოვრებას და ისეთი სიხარულით აღავსებს, რომელიც მას ცხოვრების ყველაზე მძიმე განსაცდელებსაც კი გადაატანინებს. ვისმინოთ რას ამბობს დიდი მწერალი დოსტოევსკი: "ჩემი სტატია "განაჩენი" ეხება ადამიანის ყოფიერების ძირითად და ყველაზე ამაღლებულ იდეას, ადამიანის სულის უკვდავებისადმი რწმენის გარდაუვალობასა და აუცილებლობას... საკუთარი სულისა და მისი უკვდავებისადმი რწმენის გარეშე, ადამიანის ყოფიერება აუტანელია... ჩემის აზრით, რუსეთის უკვე საკმაოდ გაინტელიგენტურებულ ფენებში განსაკუთრებული სისწრაფითა და პროგრესით იზრდება ურწმუნოება საკუთარი სულის არსებობისა და მისი უკვდავებისადმი... უზენაესი იდეის გარეშე ვერც ადამიანი იარსებებს და ვერც ერი. ხოლო უზენაესი იდეა დედამიწაზე მხოლოდ ერთია და ეს იდეა სწორედ ადამიანის სულის უკვდავებაში მდგომარეობს, რამეთუ ცხოვრების ყველა სხვა დანარჩენი უმაღლესი მიზანი, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა თავის ყოფიერებაში დასახოს, მხოლოდ ამ უზენაესი იდეიდან გამომდინარეობენ"...

"კაცობრიობისადმი სიყვარული, - აგრძელებს დოსტოევსკი, - სრულიად წარმოუდგენელია და გაუგებარი და მეტიც, შეუძლებელიც კი ადამიანის სულის უკვდავებისადმი რწმენის გარეშე... უკვდავების იდეის დაკარგვისას თვითმკვლელობა ხდება გარდაუვალი და ლოგიკურიც კი ხდება ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ოდნავ მაინც ამაღლებულა თავისი ცხოვრებით პირუტყვებზე. მაშინ როდესაც, უკვდავება, რომელიც გვპირდება მარადიულ ცხოვრებას, კიდევ უფრო მჭიდროდ აახლოვებს მას მიწიერ ცხოვრებასთან. აქ შეიძლება ვინმემ წინააღმდეგობა მოიაზროს და იკითხოს: თუკი მიწიერის გარდა ზეციერი და უკვდავი ცხოვრებაც არსებობს, რატომ უნდა ვუფრთხილდეს ასე მიწიერ ცხოვრებას? საქმეც სწორედ იმაშია, რომ მხოლოდ საკუთარი უკვდავების შეგნება აძლევს აზრსა და შინაარს ადამიანის ცხოვრებას დედამიწაზე... ერთის სიტყვით, უკვდავების იდეა, ეს - თვით ცხოვრებაა, უზენაესი სიცოცხლეა, მისი საბოლოო ფორმულაა და ჭეშმარიტებისა და სწორი შემეცნების წყარო მთელი კაცობრიობისთვის" ("Дневник писателя", 1876 г., стр. 319 და შემდგ.).

სულის არსებობისა და საიქიო ცხოვრების დამადასტურებელი ფაქტების აღიარება საფუძველს აცლის იმ თავდასხმების უმეტესობას, რომლებიც სულის არსებობის ფაქტების დაუჯერებლობას ეფუძნებიან და კარგავენ თავიანთ ძალას.

ადამიანის სულის მარადიულობისადმი და მისი საიქიო ცხოვრებისადმი რწმენა, ასევე რწმენა იმისა, რომ საუკუნო სამსჯავროს შემდეგ დადგება მარადიული ნეტარი ცხოვრება თავისი ენით აუწერელი სიტკბოებით მართალთათვის, და გამოუთქმელი სატანჯველებით ცოდვილთათვის, უეჭველად საჭიროა ჩვენს ეპოქაში, როდესაც ესოდენ დაეცნენ ზნეობრივი იდეალები, როდესაც მრავალი გამოჰკიდებია გრძნობისმიერ სიამტკბილობას და არ არჩევს რა საკუთარი ვნებების დაკმაყოფილების საშუალებებს ეძლევა ბოროტსიტყვაობას, განკითხვას, შანტაჟს, ქურდობას, მოტყუებას, სიძვა-მრუშობას, გამყიდველობას და მკვლელობასაც კი, ოღონდ სასურველ მიზანს მიაღწიოს.

შემდეგ, მხოლოდ იქ, სადაც არ არის მტკიცე რწმენა ღმრთისა და სულიერი სამყაროსადმი, სადაც არ არის მხურვალე სიყვარული და ფართო ცოდნა, - მხოლოდ იქ შეიძლება იშვას და ჰპოვოს მიმდევრები ისეთმა ველურმა სწავლებამ, როგორიცაა ანარქიზმი. კაცობრიობა, თუ მას სურს გათავისუფლდეს ისეთი საშინელი მოჩვენებებისგან, როგორიცაა ანარქიზმი, ოჯახის გარყვნა, ზნეობის დაცემა, ლოთობა, ნარკომანია, ზნეობრივი იდეალები დაცინვა, ქრისტეანული სიყვარულისა და რწმენის დაკნინება, - ყველა გზით, ყოველი საშუალებით უნდა ვისწრაფოთ ჰარმონიული სულიერი პროგრესისკენ. ხოლო ეს პროგრესი არ იქნება სრულყოფილი ფსიქოლოგ-ღვთისმეტყველთა შრომების გარეშე.

ადამიანის პატივისცემა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც გწამს მისი სულიერ-ზნეობრივი ბუნების. როდესაც ეს რწმენა, გაძლიერებული ფაქტებით, მყარი იქნება, თავისთავად გზას გადაუკეტავს მკვლელობასმ, ძალადობას, ტომობრივ თუ გვარობრივ მტრობას და ა. შ...

ზოგიერთ ჩვენგანს არა მარტო არ გააჩნია რწმენა სულიერი ბუნებისადმი, არამედ იმ ადამიანებისადმი შემწყნარებლობა არ გააჩნია, ვინს ცდილობს ჩასწვდეს სულიერ ბუნებას. კაცობრიობას თითქოსდა ეშინია მიეახლოს იმ სფეროს, რომლესაც ერთმა მწერალმა (ოუენმა) "სადავო" უწოდა "ორ სამყაროს შორის". შეუძლებელია იყოს ნათელი, როდესაც ბატონობენ მატერიალური პრინციპები და მისწრაფებანი; შეუძლებელია ჰუმანიზმი (კაცთმოყვარება) და ძმობა იქ, სადაც სულზე იმდენს ფიქრობენ, რამდენსაც შარშანწინდელ თოვლზე... არ შეიძლება იყო ესოდენ მიწიერი, ესოდენ მატერიალური.

მისწრაფება იმისკენ, რათა დაივიწყო, რომ ოქროს, ლოთობის, გარყვნილების, ფუფუნების და ამაო გართობების გარდა კიდევ არსებობს სხვა უფრო ამაღლებული და სრულყოფილი სამყარო, ნიშნავს მიილტვოდე უკუნი სიბნელისკენ, შეჩერებისკენ, დაგუბებისკენ, სიკვდილისკენ. არ შეიძლება უფრთხილდებოდე მხოლოდ შენს მატერიალურ კეთილდღეობას: ეს ეგოისტური, საცოდავი და პირუტყვული ვნებაა.

უნდა ვუფრთხილდებოდეთ ადამიანურ ღირსებას, რომელიც ახლა ესოდენ გაქელილი და შეურაცხყოფილია ველური მატერიალისტების, ფარისევლების, პირუტყვსმიმსგავსებუილ ეპიკურელებისა და კაცთმოძულეების მიერ.

საძაგელია ანარქიზმი, მაგრამ არა მარტო იმიტომ, რომ ცდილობს ჩვენი ფუძის დანგრევას და ცეცხლითა და მახვილით ებრძვის ადამიანურ სიცოცხლეს, ყოველივეს, რაც მას ემსახურება, არამედ იმიტომაც, რომ ის წარმოადგენს სულზე მატერიალურის აღზევების ყველაზე უკიდურეს ფორმას, ჭეშმარიტი პროგრესის მეორე მხარეს, ყოველივე ცუდის ნაშობს, რაც კი ადამიანის არსში ჩაბუდებულა - ერთის სიტყვით, ეს არის მატერიალიზმი და სულიერი ბუნებისადმი ურწმუნოება. მხოლოდ ეს სამყარო, მხოლოდ ეს სხეული, მხოლოდ მიწა - აი, ანარქიზმისა და მატერიალიზმის უზენაესი "ღირებულებები". აქედან მომდინარეობს - ძალადობა, მკვლელობა, ნგრევა... არ შეიძლება მთელს მოძრაობას, ფსიქიკურ და თეოლოგიურ სფეროში მოღვაწე პიროვნებათა შრომებს უყურო, როგორც დაჰიპნოტიზირებულთა ჰალუცინაციას. ნუ ერწმუნებით მათ ბრმად, არამედ მოუსმინეთ და შემდეგ გადაამოწმეთ, რადგან თუ ეს მცირედნი დადუმდებიან, ვინღა ამოიღებს ხმას? ისინი ხომ არა, ვისთვისაც სიცოცხლეს მხიარულ თავგადასავალზე მეტი მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო მუცელი ის საძირკველია, რომელზეც მთელი სამყარო დგას?

_____________________


1. წარწერა დელფოსის ტაძარზე, რომელიც სოკრატეს ფილოსოფიის უმთავრესი პრინციპი გახდა.
Назад к содержимому