სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
გრიგოლ დიაჩენკო
იდუმალების სფერო
მასალები ცდისეული ფსიქოლოგიისა და ქრისტეანობის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო აპოლოგიისთვის
ნაშრომი "იდუმალების სფერო" (ორიგინალში: Из области таинственного) ეკუთვნის ცნობილ მართლმადიდებელ მქადაგებელს, მწერალს, მეცნიერსა და პუბლიცისტს. არსებითად ეს არის ფუნდამენტური აპოლოგეტური ნაშრომი.
წიგნის შინაარსი მოცავს ყოველგვარი საიდუმლო შემთხვევისა და მოვლენის საიდუმლო ჩამონათვალს, რომლებიც აღებულია ცნობილი და გავლენიანი ისტორიული მოღვაწეების (იულიუს კეისარი, ნაპოლეონ I და ჟოზეფინა, ჰენრიხ IV, კარლოს XI, პავლე I, ეკატერინე II, ა. ს. პუშკინი და სხვა), ასევე ჩვეულებრივი ადამიანების (კერძო პირების) ცხოვრებიდან. ავტორის მიერ გამოყენებული მაგალითების უმეტესობა აღებულია ბეჭდვითი (სამეცნიერო, ისტორიული, პუბლიცისტური) გამოცემებიდან და აღჭურვილია შესაბამისი საინფორმაციო წყაროებით.
მიცვალებულთა გამოცხადებანი, სხეულის ფუნქციონირება თავის მოჭრის შემდეგ, მიცვალებულთა აღდგომა, სმენა და დანახვა შორ მანძილზე (შორსმხედველობა), აზრების კითხვა, სპირიტიზმი, ჰალუცინაციები და იულზიები, ჰიპნოტიზმი, სიკვდილის მოახლოების ნიშნები, წინასწარმეტყველური სიზმრები, ცნობიერების გაორება სიზმარში, შეხვედრა მოჩვენებებთან - აი ზოგიერთი თემა, რომელსაც ეხება წინამდებარე წიგნი. ყველა შემთხვევა გადანაწილებულია განყოფილებების მიხედვით - მკაცრად სისტემატური თანმიმდევრობით. განყოფილებაში ასევე ჩართულია საჭირო შენიშვნები და დასკვნები. დამოწმებული ფაქტების უმეტესობა მატერიალიზმის საშუალებებით მათი განმარტების შეუძლებლობას ადასტურებს.
საკუთრივ, სწორედ ამას მიეძღვნა ამ წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამგვარად ავტორი მკითხველს არწმუნებს (მისი წიგნი კი ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი), რომ როგორც ადამიანის ბუნებაში, ასევე მის სიცოცხლეში, მის გარემომცველ სამყაროში არსებობენ იდუმალი, სულიერი არსებები და მოვლენები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სულის სუბსტანციური არსებობის მტკიცებულებაზე. ამ მიმართებით ავტორი უარყოფს ფილოსოფოს-ათეისტთა აზრს და პოლემიკაში შედის ფიზიოლოგებთანაც. ოსტატურად და გონებამახვილურად არის გამოყენებული ისტორიული ილუსტრაციები; გონივრულად არის შედგენილი ლოგიკური დასკვნები, რაც დამაჯერებლად ადასტურებს: ადამიანის სული არ არის მოლეკულარულ-უჯრედოვანი ორგანიზმის პროდუქტი, ეს არ არის ნივთიერი სხეულის ფუნქციონირების შედეგი.
აზროვნება, ნება, მეხსიერება, პიროვნების სხვა მახასიათებლები, რომელსაც ვამჩნევთ ადამიანის გონებრივ და თავისუფალ მოღვაწეობაში, სწორედ სულის არსებობით არის განპირობებული. ადამიანის ფსიქიური ცხოვრების საფუძველი არის სული, და არა ტვინი, - დეკლარირებს წიგნში მისი ავტორი. თავის მხრივ ტვინი არის გონიერი სულის ოდენ იარაღი, აზრის იარაღი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში წყარო ან აზროვნების წარმომშობი.აქცევს რა ყურადღებას სულის ბუნებასა და თვისებებს, იყენებს რა "იმქვეყნიური საიქიო ცხოვრების" მოვლენათა ნიმუშებს, დეკანოზი გ. დიაჩენკო თავისი შემოქმედებით ერთადერთი სწორი დასკვნისთვის განგვაწყობს: სულის სიცოცხლე ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გრძელდება; მეტიც, ის არ შემოიზღუდება ამ სწავლებით და უთითებს პირდაპირ დამოკიდებულებაზე გარდაცვლილის სულის ხვედრსა და მის მიერ ამქვეყნად გატარებულ ცხოვრებას შორის. იმოწმებს რა წმიდა წერილსა და ეკლესიის გადმოცემას, ავტორი ადასტურებს მიცვალებულთა აღდგომის შესაძლებლობას, საყოველთაო აღდგომისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს გარდაუვალობას.
სამყაროში, მატერიალისტური იდეოლოგიის მიერ აღიარებულ ძალთა გარდა, მოქმედებენ სხვა, სულიერი და რაციონალური აზროვნების არსენალითაც კი აუხსნელი ძალები. ისინი ზებუნებრივად ვლინდებიან და გააჩნიათ ზებუნებრივი ხასიათი. მატერიალისტები მათი გარემომცველი სინამდვილისადმი უფრო დაკვირვებულები რომ ყოფილიყვნენ და ნაკლებად თვალდახუჭულები თავიანთ მსოფლმხედველობრივ წანამძღვრებში, აუცილებლად შენიშნავდნენ ამ მძლავრი ძალების არსებობას. მოცემული შეხედულების სასარგებლოდ მოძღვარს მოჰყავს იმდენი მოწმობა, რომ უბრალოდ მათი აღება და უარყოფა შეუძლებელი იქნება მკითხველისთვის.
ღმერთის არსებობის საუკეთესო მტკიცებულებად ის მიიჩნევს ღმრთის მყოფობის ქმედით და ცოცხალ შეგრძნებას. მაგრამ, - ირწმუნება იგი, - ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ეწევა სათნო, ღმრთისმოსაწონ ცხოვრებას. სათნოება ხელს უწყობს უზენაეს არსთან დაახლოვებას. სრულყოფილი ცხოვრება შეუძლებელია ღმრთისადმი რწმენის გარეშე. ყოველი ადამიანი, მისი საქმიანობისდა მიუხედავად, ფლობს "რელიგიურ გრძნობას". ავტორი მას "ღმრთის შეგრძნებას" უწოდებს. ამ ღრმა გრძნობასთან არის დაკავშირებული ადამიანისთვის თანდაყოლილი იდეა ყოვლისშემძლე, ყოვლადსრულყოფილი და ყოვლისმომცველი "პიროვნების" შესახებ. ეს "პიროვნება" არის ღმერთი (ერთი ღმერთი სამ იპოსტასში: მამა, ძე და სულიწმიდა).
რელიგიური გრძნობა, - დარწმუნებულია აპოლოგეტი, - შეუძლებელია გაგებულ იქნას როგორც ბუნებრივი ევოლუციის შედეგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის არ წარმოადგენს ფანტაზიის ევოლუციონირებისა და იდუმალებისადმი შიშის ნაყოფს; ის არ არის ჩვენი სამყაროს ობიექტების გაღმერთების კანონზომიერი შედეგი (როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი რაციონალისტი). ის ადამიანებს ბუნებრივად ახასიათებთ: "ბუნებითგან".
წიგნი დაწერილია ადვილად გასაგები ენით და გააჩნია ძალიან წარმტაცი თხზულების ხასიათი.
აი რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება: როდესაც განიხილავს შემთხვევებს "იდუმალების სფეროდან" და აჩვენებს მატერიალიზმის პოზიციიდან მათი განმარტების შეუძლებლობას, ავტორი ამავდროულად არ ცდილობს დეტალურად განმარტოს ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალსაზრისით. უმეტესწილად ის მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და, რომ ყოველივე ამის უკან დგანან სულიერი ძალები. ღვთისმეტყველებაზე დაფუძნებით, ნაწარმოებში მოცემული ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება განვაკუთვნოთ უზენაესი განგებულების გამოვლინებას, ხოლო სხვა ნაწილი - ბოროტ, დემონურ სულთა მოქმედების გამოვლინებას. ზოგიერთი მაგალითი ჯეროვანია დავუკავშიროთ ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობას. რაღაც შემთხვევები შეიძლება განიმარტოს თანამედროვე საბუნებისმეტყველო ცოდნის საფუძველზეც. დასასრულ, რაღაც, ალბათ, შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ.
ალექსეი მიხეილის ძე ლეონოვი. სანკტ-პეტერბურგის რელიგიათმცოდნეობისა და საეკლესიო ხელვონების მართლმადიდებლური ინსტიტუტის დოგმატური ღვთისმეტყველების მასწავლებელი.
ნაწილი პირველი
სულიერი ცხოვრების გამოვლინებები ადამიანის ფხიზელ მდგომარეობაში
თავი პირველი. წინათგრძნობა
მომავლის წინათგრძნობის ან წინარეხილვის უნარი სიცხადის სხვადასხვა ხარისხით ჩანასახიდანვე არსებობს ყოველ ადამიანში, მაგრამ განსაკუთრებულად ვლინდება ზოგიერთ სპეციფიკურ მდგომარეობებში. ზუსტი და განსაზღვრული ტერმინი მომავლის ცოდნის უნარს არ გააჩნია: მას უწოდებენ წინათგრძნობას, ან წინარეხილვას, ან წინასწარმეტყველებას და ა. შ., გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ვლინდება იგი. როდესაც მომავალი გაცნობიერებაზე უფრო მეტად შეიგრძნობა, მაშინ ლაპარაკობენ წინათგრძნობაზე; ხოლო როდესაც ის ამავდროულად გაცნობიერებულიცაა, მაშინ ლაპარაკობენ წინარეხილვაზე, წინასწარმეტყველებაზე და ა. შ. ჩვენ ამ უნარზე ვილაპარაკებთ ყველა მის გამოვლინებაში, და პატიებას ვითხოვთ, რომ ვერ ვიყენებთ რაიმე ერთ განსაზღვრულ სახელწოდებას. ვისარბებლებთ მომავლის ცოდნის უნარის სხვადასხვა სახელწოდებებით, რადგან ენაში არ გვაქვს სიტყვა, რომელიც მთელი სისრულით გამოთქვამდა ამ ცნებას.
აქედან გამომდინარე ჩვენ ვამჯობინეთ გამოვიყენოთ ტერმინი, რომელიც, როგორც ჩანს, გამოიყენება დასავლეთში, კერძოდ - დივინაცია (ლათ.: divinare; მაგალითად Divinationsmögen, la divination და ა. შ.) (1).
____________________
1. ლათინური divinatio მოცემულ შემთხვევაში უფრო გამოსადეგი გვგონია, ვიდრე ყველა სხვა სახელწოდება იმ ფართო მნიშვნელობით, რომელიც მოცემულია ამ სიტყვაში; თუმცა ამ მხრივ ის არც იდეალურია, რადგან აღნიშნავს: 1) სულის უნარს შეიცნოს მომავალი ბუნების ღმერთებთან (deus) ერთობის საფუძველზე და 2) მომავლის შეცნობის ხელოვნება, სადაც სარგებლობენ: ა) ღმერთებთან ურთიერთობის ამ უნარით.
____________________
დივინაციის სინამდვილე ყოველგვარ ეჭვგარეშეა; ხოლო მათთვის, ვინც არ ყოფილა მისი უშუალო მოწმე, არსებობს შპოლტჰერბერის თხზულება "ძილი და სიკვდილი", ლასოლის (Lasaulx) "Die prophetische Kraft der menschlichen Seele in Dichtern und Denkern"( München 1858), პოგოდინის (M. П. Погодин) "Простая речь о мудрёных вещах" (Изд. 3, Москва 1875) და სხვა. ამ მდიდარი მასალებიდან ჩვენ წარმოვადგენთ მომავლის სხვადასხვა სახის წინათგრძნობისა და წინათცნობის ტიპიურ ნიმუშებს. ყველაზე მეტად დივინაცია ვლინდება პირად ხვედრთან ან ახლობელთა ცხოვრებასთან მიმარტებაში, უფრო იშვიათად - უცხო ადამიანებთან დაკავშირებით, და კიდევ უფრო იშვიათად - ერთან ან მთელი კაცობრიობასთან მიმართებაში.
დივინაციის შინაარსს წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები პიროვნების, მისი ახლობლების ცხოვრებიდან, ან სახალხო თუ მსოფლიო ისტორიიდან, მაგალითად, სიკვდილი, საშიშროებები, მნიშვნელოვანი გადატრიალებები და ა. შ. ამგვარად დივინაცია იყოფა: ა) პირების მიხედვით, ვისაც ის ეხება; და ბ) შინაარსით, რომელსაც ის საკუთარ თავში მოიცავს.
1. საკუთარი ბედის წინაცნობა (2)
____________________
2. ნიმუშები იხ.: Splittgerber’-თან (237–238).
____________________
ფრანგი დედოფალი მარია ანტუანეტა, საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე რამოდენიმე წლით ადრე, ტრიანონის პარკში თავის ფრეილინთან ერთად სეირნობდა. უეცრად მას შეხვდა უცნობი ადამიანი, რომელიც იმწამსვე გაშორდა. მაგრამ წამიერი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ დედოფალს საკუთარ თავში აუწერელი საშინელება ეგრძნო, რაც ამცნო კიდეც ფრეილინსაც. ეს ადამიანი იყო სწორედ ის ლუდის მხარშველი საპტერი, რომელიც შემდეგ თავს გამოიჩენს, როგორც სამეფო გვარის მტერი და მეფის დასჯასაც დაესწრება.
მათემატიკის ცნობილმა მარბურგელმა პროფესორმა ბემმა ერთხელ, სასიამოვნო საზოგადოებაში ყოფნისას, უეცრად სახლში დაბრუნების გადაულახავი მოთხოვნილება იგრძნო, თუმცა შინ მას არაფერი ესაქმებოდა. როდესაც თავის ოთახში შევიდა, ახალი გადაულახავი სურვილი დაეუფლა თავისი საწოლი ჩვეული ადგილიდან სხვა, ნაკლებად მოხერხებულ ადგილზე გადაენაცვლებინა, რასაც უხალისოდ დაჰყვა. ეს რომ გააკეთა, ის კვლავ დაუბრუნდა თავისი საზოგადოებას და სავახშმოდ დარჩა, 10 საათისთვის კი სახლში დაბრუნდა და დაიძინა. შუაღამით ძლიერმა ტკაცატკუცმა და გრუხუნმა გააღვიძა. ბემი ადგა და ხედავს, რომ მძიმე ხის კოჭი დაფებითურთ იმ ადგილს დასცემია, სადაც ადრე მისი საწოლი იდგა.
2. ახლობლებთან დაკავშირებული დივინაცია (3)
____________________
3. ნიმუშები იხ.: Splittgerber’-თან (239–248).
____________________
ნაპოლეონ I-ის მეუღლე, იმპერატრიცა ჟოზეფინა განთქმული იყო უკიდურესად განვითარებული უნარით წინასწარ ენახა თავისი მეუღლის ღონისძიებათა შედეგები, თანაც წარუმატებლებისა. გარდა ამისა, მან წინათგრძნობით რამოდენიმეჯერ იხსნა ნაპოლეონ I-ის სიცოცხლე შეთქმულებებისგან.
მაქს სიმონი ერთ-ერთი თავისი ახლობელი ქალის შესახებ ამბობს, რომ ის თავისი სახლიდან ხანმოკლე განშორების დროს სწრაფადვე უკან დაბრუნდა იმ რწმენით, რომ მის დას, რომელიც მან სრულიად ჯანმრთელი დატოვა, სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის იყო სახლის ზღურბლს გადააბიჯა, რომ ამცნეს, მის დას თურმე ყელიდან ძლიერი სისხლდენა დამართნია, და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
3. უცხო ადამიანებთან დაკავშირებული დივინაცია
ლიხტენბერგმა, როდესაც საღამოს საწოლში წვებოდა, უეცრად იგრძნო ერთგვარი დაუოკებელი შიში ცეცხლის წინაშე და თითქოსდა ფეხებიც გაუხურდა. ამის შემდეგ მას ესმა სახანძრო მანქანების ხმა, თუმცა ხანძარი შორს მდებარე სახლს გასჩენოდა.
პოგოდინი მრავალ შემთხვევათა შორის გვაუწყებს უცხო ადამიანის ბედის წინასწარმეტყველების ერთ აღსანიშნავ შემთხვევას. ერთ ოფიცერ კახოვსკის, ბედი უწინასწარმეტყველა მისთვის უცხო, მის მიერ საქმისთვის გამოძახებულმა მეეტლემ (რომ მას ჩამოახრჩობდნენ) (4).
____________________
4. ამ შემთხვევას გამოცემა "Русская Старина"-ს გვერდებზე მ. ნ. ნოვიცკი აღწერს (1874 г. Сент. книга, стр. 179).
____________________
4. სიკვდილის წინასწარხილვა
საფრანგეთის მეფე ჰენრიხ IV-ს ჰქონდა განსაზღვრული წინათგრძნობა, რომ ძალადობრივად მოკვდებოდა და თავისი სიკვდილის დღეს თავის ახლობელ სელის ეუბნებოდა: "მეგობარო, მე საერთოდ არ უნდა გავიდე; ვიცი, დღეს უბედურება შემემთხვევა". ჟან-პოლ რიხტერმა 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილის თვე და დღე.
პროფ. პოგოდინი გვაუწყებს სიკვდილის წინასწარმეტყველების მრავალ საინტერესო შემთხვევას, რომლებიც ძალიან დეტალურად და მკაფიოდ არის აღწერილი. მაგალითად, ელიზავეტა პეტრეს ასულის მეფობის დროს, ტატიშჩევის შესახებ, რომელიც, იყო რა სრულიად ჯანმრთელი, თავისი სიკვდილის წინ წმიდა საიდუმლოებებს ეზიარა და საკუთარი საფლავის გათხრის განკარგულება გასცა, და. სხვ.
5. სხვადასხვა საშიშროებებისა და უბედურებების წინათგრძნობა
ერთ საღამოს პასტორმა დოდმა იგრძნო თავისი მეგობრის მონახულების მოთხოვნილება, რომელიც მისგან ერთი მილის დაშორებით ცხოვრობდა, თვითონ პასტორი თავისი ვიზიტის მიზანსა და დანიშნულებას ვერც ხვდებოდა. მისი მისვლისას სახლში, მეგობრის გარდა, ყველას ეძინა, რომელმაც კარი გაუღო სიტყვებით: "თვით ღმერთმა გამოგაგზავნათ ჩემთან! ჩემი შვილების ფული დავხარჯე, და აი ჩემს ჯიბეში ახლა მიდევს თოკი, რომლითაც თავის მოკვლას ვაპირებდი".
მათემატიკის პროფესორი როშტოკში მეგობრებთან სტუმრობის შემდეგ, რომლის დროსაც საღვთისმეტყველო საუბრები გაჩაღდა, ბიბლიოთეკაში მიდის საჭირო წიგნის გამოსატანად. უეცრად, აქ, საწერ მაგიდასთან, საკუთარ თავს ხედავს, სადაც მისი მეორე მე თითით გადაშლილ ბიბლიაზე, წინასწარმეტყველ ესაიას ერთ მუხლზე უთითებს, სადაც წერია: "ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო" (ეს. 38:1). შეშინებული კვლავ თავის საზოგადოებაში ბრუნდება, სადაც ამაოდ ცდილობენ მის დამშვიდებას: ის მტკიცედ იდგა იმ აზრზე, რომ უნდა მომკვდარიყო, საზეიმოდ გამოემშვიდობა თავის მეგობრებს და, მართლაც, მეორე დღეს ის გარდაიცვალა (Splittgerber’ р. 267–268).
ერთი ახალგაზრდა კაცი, იუწყება მაქს-სიმონი, ერთხელაც თავისი მშობლების სანახავად გაემგზავრა. გზაში ორ ოფიცერს შეხვდა, რომელთაც შეუთანხმდა, რომ საფოსტო კარეტით ერთად იმგზავრებდნენ. ის-ის იყო კარეტაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, რომელმაც თითქოსდა გააშეშა: კარეტაში მისი ჩაჯდომა შეუძლებელი გახდა. ოფიცრებმა, როდესაც მის სახეს ცვლილება შეატყვეს, ჰკითხეს, თუ რა სჭირდა; მან განუმარტა, რაშიც იყო საქმე. მაშინ ოფიცრებმა შესთავაზეს, რომ ჩაჯდომაში დაეხმარებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. ოფიცრები გაემგზავრნენ, ის კი დარჩა, მაგრამ ძალიან მალე მღელვარებამ გადაუარა, და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლა, რათა გზა გაეგრძელებინა. როდესაც ელბის ნაპირებს მიადგა, ერთ ადგილზე შეკრებილი ბრბო დაინახა, და მის კითხვაზე, თუ რა მოხდა, უპასუხეს, რომ რომელიღაც კარეტა ცხენებთან ერთად მდინარეში ჩავარდა და ორი ოფიცერი, რომლებიც ამ კარეტაში ისხდნენ, დაიხრჩვნენ.
კიდევ შემთხვევა. ერთხელ აბატი მონტმორენი წმ. ლუდოვიკოს ეკლესიაში შევიდა და მუხლი მოიყარა, რათა ელოცა. უეცრად იგრძნო ადგილის შეცვლის ძლიერი მოთხოვნილება. არ მიიჩნია რა საჭიროდ ამ გრძნობისადმი დამორჩილება, მან ლოცვა განაგრძო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისეთი მღელვარება დაეუფლა, რომ ადგა და ეკლესიის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა. მუხლებზე დაშვებაც კი ვერ მოასწრო, რომ თაღიდან დიდი ქვა მოწყდა და დაეცა იმ ადგილს, სადაც ის ამასწინათ ლოცულობდა.
მრავალ მსგავს შემთხვევას გადმოგვცემენ ძველები სოკრატეზე. სოკრატე მონაწილეობას იღებდა წარუმატებელ ბრძოლაში დელოსთან და უკან დახევის დროს არ მოისურვა სხვებთან ერთად გაქცეულიყო ერთ-ერთი გზით სამიდან, არამედ სულ სხვა გზა აირჩია. კითხვაზე, ასე რატომ გააკეთა, სოკრატემ უპასუხა, რომ მას იმ გზაზე დემონი არ უშვებდა; ისინი, ვინც მეორე გზით გაიქცნენ, მტრის მხედრობას წააწყდნენ. ციცერონი ამბობს, რომ სოკრატეს წინასწარხედვის (divinatio) ასეთი მტკიცებულებები ბევრია შეკრებილი ანტიპატრესთან (Cicero. De divinatione Lib. I, cap. LIV).
მაქს სიმონი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც მის მამას შეემთხვა. ერთხელ, როდესაც ის საღამოთი სახლში ბრუნდებოდა, აზრად მოუვიდა, რომ მისი სახლი იწვოდა. ეს აზრი იმდენად აეკვიატა, რომ სიარულს აუჩქარა; სახლს რომ მიუახლოვდა, ამცნეს, რომ ნახევარი საათის წინ მის სახლში ცეცხლი გაჩნდა.
წყარო: Из области таинственного: простая речь о бытии и свойствах души человеческой, как богоподобной духовной сущности. / сост. Дьяченко Г.М. - Москв : тип. Т-ва И.Д. Сытина, 1900.
პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ. თებერვალი.