Перейти к контенту

ისტორია - დასავლეთის ეკლესიის დამოკიდებულება VII მსოფლიო კრების მიმართ. - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
დასავლეთის ეკლესიის დამოკიდებულება VII მსოფლიო კრების მიმართ
კაროლინგური წიგნები (Libri Carolini) და ფრანკფურტის კრება (794 წ.).
დასავლეთის იმპერიის შექმნა, ბიზანტიის რეაქცია.
იესუ ქრისტე
ხატმებრძოლეობის დასაძლევად და 754 წლის ხატმებრძოლური კრების დადგენილებათა გასაუქმებლად, რომელმაც თავი მსოფლიო კრებად გამოაცხადა, მსოფლიო კრება იყო საჭირო. ამაზე ყველა თანხმდებოდა: კონსტანტინოპოლშიც, რომშიც და სხვა ადგილებშიც. თავდაპირველად კრება 786 წლის ივლისში კონსტანტინოპოლში მოიწვიეს. მაგრამ როგორც კი კრების პირველი სხდომა დაიწყო, ეკლესიაში, სადაც კრების მამები იყვნენ შეკრებილნი, დედაქალაქის გვარდიის გარნიზონის ჯარისკაცები შეიჭრნენ. მათ კრება დაშალეს, ამასთანავე ზოგიერთი ეპისკოპოსი, რომელიც კრებაზე იმყოფებოდა, კრების დაშლას მიესალმა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავად ეპისკოპატშიც ხატმებრძოლური შეხედულებები ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო. ამის გამო გადაწყდა კრების მოწვევის გადადება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არაბებთან მოახლოებული ომის საბაბით კონსტანტინოპოლიდან გაიყვანეს ამ მხრივ არასანდო კონტინგენტები და მათ ნაცვლად ქალაქში ევროპული ნაწილები შეიყვანეს, რომლებიც ხატთაყვანისცემისადმი ერთგულებით იყვნენ ცნობილნი. შემდეგ გადაწყდა კრების ჩატარება არა უზარმაზარ კონსტანტინოპოლში, სადაც ნებისმიერი შემთხვევითობა იყო მოსალოდნელი, არამედ პატარა ქალაქ ნიკეაში, რომლის კონტროლიც უკეთ შეიძლებოდა.
 
VII მსოფლიო კრება 787 წელს ნიკეაში გაიმართა. სულ 8 სხდომა ჩატარდა. უპირველესად კრებამ ხატმებრძოლურ მოძრაობებში გარეულ ეპისკოპოსთა მიღების საკითხი განიხილა. პირველი სამი სხდომის შედეგად, მონანული ეპისკოპოსები ეკლესიურ ერთობაში მიიღეს და მათ თავიანთი კათედრები დაიკავეს.
 
მეორე და მთავარი საკითხი ხატთაყვანისცემის საკითხი იყო. ბიბლიური, საღვთისმეტყველო, წმინდა მამათა და ისტორიული მონაცემების განხილვის შემდეგ კრებამ ხატთაყვანისცემა დაამტკიცა, ყველა ხატმებრძოლი ანათემას გადასცა, ხატთაყვანისცემის დამცველებს "მარადიული ხსოვნა" გამოუცხადა და ხატთა თაყვანისცემის წესი დააზუსტა.
 
იმის შემდეგ, რაც წმ. ირინამ (თავისი ვაჟის, კონსტანტინე VI-ის ჩამოშორებით) ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა, დადგა პერიოდი, რომელსაც სხვადასხვაგვარად აფასებენ. ბერები უკიდურესად კმაყოფილები იყვნენ წმ. ირინას მმართველობით მისი ვაჟის, კონსტანტინეს, დამხობის შემდეგ, რადგან წმ. ირინამ მონასტრებს მრავალგვარი შეღავათები და დათმობები დაუწესა, სხვადასხვა გადასახადისგან გაათავისუფლა და ა.შ.
 
ამ პერიოდში სახელმწიფო, რომელსაც წმინდა ირინე მართავდა, გარკვეულწილად შესუსტდა და გარკვეულ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა როგორც აღმოსავლეთით არაბებისგან, ისე ჩრდილოეთით ბულგარელებისგან. მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ბიზანტიის პრესტიჟი დასავლეთში მკვეთრად დაეცა, რაც აისახა კონსტანტინოპოლის ეკლესიის ურთიერთობებზე დასავლეთის, რომის ეკლესიასთან. ამას ყველაზე საბედისწერო შედეგები მოჰყვა.
 
წმინდა ირინეს მმართველობის დროს დასავლეთში მოქმედებდა ერთ-ერთი უძლიერესი დასავლელი ხელმწიფე — კარლოს დიდი, რომელმაც დაპყრობებითა და ოსტატური დიპლომატიური მოღვაწეობით უზარმაზარი სახელმწიფოს შეკვრა მოახერხა.
 
კარლოსმა თავის ფრანკულ სამეფოს საქსონიაც შემოუერთა და მონათლა იგი მას შემდეგ, რაც ბავარია დაიმორჩილა. კარლოსი სლავების მიმართულებითაც ახორციელებდა ექსპანსიას, იტალიაში ლანგობარდთა სახელმწიფო დაიქვემდებარა. ლანგობარდების დამორჩილებით კარლოსმა პაპს ისეთი სამსახური გაუწია, რომლის გაწევაც ბიზანტიას არ შეეძლო. სწორედ თავისი სამხედრო უძლურების გამო კარგავდნენ ბიზანტიელები პრესტიჟს რომში.
 
რომის ეკლესიამ გადაწყვიტა, თავისი ბედი ფრანკებისთვის დაეკავშირებინა. ამას ხელი არ შეუშალა იმ გარემოებამაც, რომ VII მსოფლიო კრების შემდეგ ბიზანტიაში ხატთაყვანისცემა აღდგა და რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ურთიერთობისთვის არავითარი საეკლესიო დაბრკოლება აღარ არსებობდა. რომი გარკვეულწილად იმედგაცრუებული დარჩა ამ კრების შედეგებით, რადგან მისგან გაცილებით მეტს მოელოდა: არა მხოლოდ ხატთაყვანისცემის აღდგენას, არამედ იმ ყველაფრის დაბრუნებასაც, რაც რომის ეკლესიას ხატმებრძოლმა იმპერატორებმა წაართვეს. მაგრამ კონსტანტინოპოლს ამის გაგონებაც კი არ სურდა.
 
ოფიციალურ კონსტანტინოპოლს საიმპერატორო და იერარქიული ხელისუფლების სახით არ სურდა მოესმინა პაპის სხვადასხვა პრეტენზიები, მათ შორის ქრისტეს ეკლესიაში პაპის პრიმატთან დაკავშირებით. და მხოლოდ მართლმადიდებლობის მოშურნე მონაზვნობა იყო მზად ბოლომდე წასულიყო რომის მხარდასაჭერად. მაგრამ ეგრეთწოდებულმა ზილოტებმა კრებაზე თავიანთი თვალსაზრისის გატანა ვერ შეძლეს. მეორე მხრივ, რომი, რომელსაც ფრანკები სჭირდებოდა, მზად იყო ფრანკული სახელმწიფოს მიმართ დიდ დათმობებზე წასულიყო, რაც ეს გამოიხატა იმ დავაში, რომელიც კარლოს დიდმა VII მსოფლიო კრების დოგმატურ განსაზღვრებასთან დაკავშირებით წამოიწყო.
 
კარლოსის კარზე უცნობმა პირმა შეადგინა კრებული, რომელსაც მოგვიანებით "კარლოსის წიგნები" (კაროლინგური წიგნები) ეწოდა რომლებშიც მწვავე პოლემიკური ტონით უარყოფილი იყო არა მხოლოდ 754 წლის ხატმებრძოლური კრების, არამედ 787 წლის VII მსოფლიო კრების დადგენილებებიც. "კაროლინგური წიგნები" უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ მიზანს ისახავდა — კარლოს დიდის სახელმწიფოს ამაღლებას ბიზანტიის საზიანოდ, რომელიც თითქოსდა VII მსოფლიო კრებაზე მწვალებლობაში ჩავარდა.
 
VII მსოფლიო კრებაზე გამოხატული სწავლების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უკიდურესად წარუმატებელი აღმოჩნდა. უპირველესად იმიტომ, რომ "კაროლინგური წიგნების" შემდგენლებს ხელთ ჰქონდათ კრების აქტების უაღრესად არასრულყოფილი ლათინური თარგმანი, რომელიც საერთოდ ვერ გადმოსცემდა ბერძნული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის მთელ სიზუსტესა და სინატიფეს (მაგალითად, განსხვავებას მსახურებასა და თაყვანისცემას შორის და სხვ.). ამ თარგმანის მიხედვით ისე გამოდიოდა, თითქოსდა ნიკეის კრების წმინდა მამები ხატებისთვის ისეთივე თაყვანისცემასა და მსახურებას ითხოვდნენ, როგორც ღმერთისთვის.
 
ხატთაყვანისცემის უარყოფისას, როგორც იგი VII მსოფლიო კრებამ დაამტკიცა, კარლოს დიდი ეყრდნობოდა პაპ წმ. გრიგოლ დიალოგოსის (დასავლეთში მას გრიგოლ დიდსაც უწოდებენ) ძველ სწავლებას. ამ პაპის დამოკიდებულება ხატების მიმართ ბოლომდე მართლმადიდებლური არ იყო. შემორჩენილია წმ. გრიგოლ დიალოგოსის წერილი მისდამი დაქვემდებარებული ერთი ეპისკოპოსისადმი: როცა შეიტყო, რომ იმ ეპისკოპოსმა თავის ეპარქიაში ყველა ხატი გაანადგურა, გრიგოლმა მას უთხრა, რომ არაგონივრული მოშურნეობა გამოიჩინა, და ხატების საჭიროება განუმარტა.
 
წმინდა გრიგოლ დიალოგოსის განმარტებით, ხატები წიგნებია უსწავლელთათვის, ისინი ეხმარებიან ადამიანს ლოცვითი კონცენტრაციაში, გულის მოლბობაში, წმინდა ისტორიის მოვლენათა გახსენებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხატების შესახებ გრიგოლის ამ სწავლებაში მათ მხოლოდ ფსიქოლოგიური და პედაგოგიური მნიშვნელობა ენიჭებათ, მაშინ როდესაც VII მსოფლიო კრების სწავლება ხატებთან დაკავშირებით უფრო ღრმაა: ის საუბრობს არა მხოლოდ ხატების ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ, არამედ მათ ონტოლოგიურ მნიშვნელობაზეც, იმაზე, რომ ხატები მლოცველს აკავშირებენ პირველხატთან, ანუ იმასთან, ვინც ხატზეა გამოსახული, თუმცა ხატი არ არის იგივე, რაც მასზე გამოსახული პირია.
 
რომის პაპი ცდილობდა პოლემიკაში შესულიყო კარლოს დიდთან, მაგრამ კარლოსი იმდენად ჯიუტად იდგა თავის აზრზე, რომ პაპი იძულებული გახდა უკან დაეხია. კარლოსმა 794 წელს ფრანკფურტში კრება მოიწვია. ამ კრებაზე VII მსოფლიო კრება არ იქნა აღიარებული, ხოლო მისი დადგენილებები დაიგმო. ხატებთან დამოკიდებულებაში მათი თაყვანისცემა და მსახურება, - როგორი ფორმითაც გინდ ყოფილიყო, ხატების წინაშე თვით საკმევლის კმევისა და სანთლის ანთების ჩათვლით, - მკაცრად აიკრძალა.
 
ფრანკფურტის კრებამ დაგმო ხატთაყვანისცემა ისე, როგორც VII მსოფლიო კრების მიერ იყო დოგმატიზირებული, თანაც ამ კრებას ესწრებოდნენ იმავე პაპ ადრიანე I-ის წარმომადგენლები, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე თავისი წარმომადგენლები VII მსოფლიო კრებაზე გააგზავნა. და აი, მათ, ფრანკფურტის კრებაზე, დაგმეს VII მსოფლიო კრება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ხატთაყვანისცემის საკითხს არასოდეს ჰქონია ისეთი ცოცხალი მნიშვნელობა, როგორც აღმოსავლეთში, პაპისთვის ეს მაინც მძიმე და დამამცირებელი დათმობა იყო. ეს დათმობა იმაზე მეტყველებდა, თუ რამდენად ჩაეჭიდნენ პაპები თავიანთ ახალ ძლიერ მფარველს.
 
რამდენიმე წლის შემდეგ პაპის საყდრის დაახლოვებამ კარლ დიდთან ახალი განვითარება მიიღო. 800 წლის 25 დეკემბერს (შობის დღეს) კარლოს დიდი რომში იმპერატორად აკურთხეს, ხოლო კარლოსის იმპერატორად გამოცხადების ინიციატივა პაპებს ეკუთვნოდათ (მისი კორონაცია პაპმა ლეონ III-მ აღასრულა). კორონაცია ბიზანტიური წესით შესრულდა. ეს იყო მოვლენა, რომელმაც პოლიტიკური თვალსაზრისით ეკლესიის გაყოფის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა შექმნა, რადგან იმ დროის საერთო წარმოდგენით, იმპერია - ეს ერთიანი და მსოფლიო სახელმწიფოა.
 
ორი იმპერიის არსებობა შეუძლებელია. არის და შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი იმპერია. ის უწინაც არსებობდა, და მისი დედაქალაქი რომი იყო, შემდეგ მას ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი გახდა. უკანასკნელ ჟამამდე იმპერია, რომლის დედაქალაქიც კონსტანტინოპოლი იყო, მთელ ქრისტიანულ სამყაროში კვლავ რომაულად ითვლებოდა, და თუმცა მისი საზღვრები ქრისტიანული სამყაროს საზღვრებს არ ემთხვეოდა, იგი მთელი ქრისტიანული სამყაროს გარკვეულ იდეალურ გვირგვინად მიიჩნეოდა. ახლა კი ახალი იმპერია გაჩნდა. კარლოსის იმპერია პაპებს სულაც არ შეუქმნიათ იმისთვის, რათა პოლიტიკურ აზროვნებაში რაიმე ახალი შეეტანათ, არა იმისთვის, რომ სამყაროში ერთის ნაცვლად ამიერიდან ორი იმპერია ყოფილიყო. ახალი იმპერია არ უნდა დმდგარიყო იმ იმპერიის გვერდით, რომელსაც წმინდა ირინე მეთაურობდა, არამედ უნდა შეეცვალა იგი. ეს მით უფრო ლოგიკური იყო, რომ შეიძლებოდა გვეთქვა: როცა ქალი მართავს სახელმწიფოს, იგი თითქოსდა უუნარო ხდება.
 
თუმცა სახელმწიფო, რომლის სათავეშიც წმ. ირინე იდგა, საკმაოდ ძლიერი გახლდათ და მისი უგულებელყოფა არავის შეეძლო. კარლოსს ამ სახელმწიფოსგან აღიარება სჭირდებოდა, ამიტომაც, კონსტანტინოპოლში წარგზავნილ იქნა კარლოს დიდის ელჩობა, რომელმაც წმ. ირინეს კარლოს დიდთან საქორწილო კავშირის დადება შესთავაზა.
 
ამ მცდელობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან 802 წელს, როდესაც საელჩო კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იქ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა (31 ოქტომბერს). ირინე კონსტანტინოპოლიდან შორს გადაასახლეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ხელისუფლებაში მოვიდა იმპერატორი ნიკიფორე I, რომელიც მანამდე ფინანსთა ერთ-ერთი მინისტრი გახლდათ. ფინანსური მოხელეები უკიდურესად უკმაყოფილონი იყვნენ წმინდა ირინეს მმართველობით. მემატიანე თეოფანე ამბობს, რომ ნიკიფორეს გამეფების შემდეგ საყოველთაო უკმაყოფილებამ და დაბნეულობამ დაისადგურა. მაგრამ ეს მეტყველებს არა მთლიანად ხალხის, არამედ ბერების განწყობაზე, რომლებიც გულმხურვალედ უჭერდნენ მხარს წმინდა ირინეს. მართლმადიდებლურ წრეებში ახალი იმპერატორისადმი უკმაყოფილება საყოველთაო სულაც არ ყოფილა.
 
ნიკიფორე მართლმადიდებლობისა და ხატთაყვანისცემის მხარეს იდგა. იგი სხვადასხვა საშუალებებით აჩვენებდა, რომ წმინდა ირინეს რელიგიური პოლიტიკის შეცვლას არ აპირებდა. თუმცა ამავე დროს იგი მზად არ იყო ისე დამორჩილებოდა სასულიერო პირებს, როგორც ამას ირინე აკეთებდა; პირიქით, ის თავად სასულიერო პირებისგან მოითხოვდა მორჩილებას. მისი მეფობის დროს გამწვავდა უმაღლესი სახელმწიფო და საეკლესიო მმართველობის ურთიერთობა ზელოტთა სამონაზვნო პარტიასთან, განსაკუთრებით პატრიარქ წმინდა ტარასის გარდაცვალების შემდეგ (806 წ.). საპატრიარქო საყდარზე აყვანილ იქნა იმპერატორის თანამოსახელე ნიკიფორე (შემდგომში წმ. ნიკიფორე აღმსარებელი). ახალი პატრიარქი ფართო შეხედულებების ადამიანი იყო. ტარასის მსგავსად, იგი არა მხოლოდ ღვთისმეტყველებით იყო დაკავებული, არამედ საერო მეცნიერებებითაც, ის ისტორიკოსადაც არის ცნობილი. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხატთაყვანისცემის დასაცავად მან მრავალი საღვთისმეტყველო შრომა დაწერა.
 
ტარასის მსგავსად, პატრიარქი ნიკიფორეც საყდარზე ასვლამდე სახელმწიფო მოხელე იყო. საეკლესიო პოლიტიკაში იგი ისეთივე ზომიერ მიმართულებას იცავდა, როგორც წმინდა ტარასი, და ცდილობდა ყველაფერში საიმპერატორო ხელისუფლებასთან კავშირში ემოქმედა.
 
იმან, რომ საპატრიარქო ტახტზე ერისკაცი აიყვანეს, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ზილოტებში, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ პატრიარქი ღირსი თეოდორე სტუდიელი გახდებოდა. გარდა ამისა, იმპერატორმა (როგორც ჩანს, ნაწილობრივ იმისთვის, რომ თეოდორე სტუდიელი და მისი თანამოაზრეები ადგილზე დაესვა) გაიხსენა დავა კონსტანტინე VI-ის მრუშულ ქორწინებაზე. მოწვეულ იქნა სასულიერო და საერო დიდებულთა კრება, რომელმაც დაადასტურა იმპერატორის ქორწინების კანონიერება. მღვდელი, რომელმაც თავის დროზე ეს ქორწინება აკურთხა, საეკლესიო თანაზიარობაში იქნა მიღებული. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სტუდიელმა ბერებმა პატრიარქთან საეკლესიო ზიარება შეწყვიტეს, რითაც სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები გარდამოიწვიეს საკუთარ თავზე. მთლიანობაში, მონაზვნობა ასევე შეიძლებოდა უკმაყოფილო ყოფილიყო იმპერატორ ნიკიფორე I-ითაც, რადგან მან წმინდა ირინეს მიერ გაუქმებული გადასახადები აღადგინა.
 
ნიკიფორე ენერგიული იმპერატორი იყო და არმიის გამტკიცებაზე ბევრს ზრუნავდა. ის თავადაც ხელმძღვანელობდა სამხედრო ლაშქრობებს. ერთ-ერთი მათგანი კატასტროფით დასრულდა: მამაცმა ბულგარელმა მთავარმა კრუმმა ბიზანტიის არმიაზე სრული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო თავად იმპერატორი ნიკიფორე ამ ბრძოლაში დაიღუპა (811 წლის 26 ივლისი). მის შემდეგ იმპერატორი გახდა მისი ახლო ნათესავი მიხეილ I რანგავე (811–813).
 
მიხეილი სუსტი მმართველი იყო და ადვილად ექცეოდა გავლენიანი პირების ზემოქმედების ქვეშ. იგი მზად იყო მონაზვნობის მოთხოვნებთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყო. სტუდიტები დააბრუნეს გადასახლებიდან, სადაც ისინი ნიკიფორე I-ის დროს გაგზავნეს იმის გამო, რომ პატრიარქთან ეკლესიური ერთობა გაწყვიტეს. იმპერატორ მიხეილ I-ის დროს მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება კონსტანტინე VI-ის მეორე ქორწინების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ნიკიფორე I-ის დროს მიღებული წინა, კონსტანტინე VI-ისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.
 
ღირსი თეოდორე სტუდიელის გავლენა უსაზღვროდ გაიზარდა. თავისი უდიდესი მხნეობის წყალობით მან სრულიად დაიმორჩილა სუსტი ნებისყოფის მქონე იმპერატორი. ომისა და მშვიდობის საკითხებშიც კი გადამწყვეტი სიტყვა სტუდიონის მონასტრის წინამძღვარს ეკუთვნოდა. ახალი მმართველის პირობებში შეიცვალა ბიზანტიის პოზიცია დასავლეთ რომის იმპერიის მიმართ. თუკი იმპერატორ ნიკიფორეს საიმპერატორო ტიტულზე კარლოს დიდის პრეტენზიების შესახებ სმენაც არ სურდა და პატრიარქ ნიკიფორეს რომის პაპისთვის თავისი სინოდიკონის გაგზავნაც კი აუკრძალა, მიქაელ I-ის ზეობისას სრულიად განსხვავებული დრო დადგა. მიქაელი დათანხმდა, კარლოს დიდის საიმპერატორო ტიტული ეღიარებინა. 815 წელს ბიზანტიის იმპერატორის ელჩები კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქ აახენში ჩავიდნენ, სადაც მას იმპერატორის წოდებით მიმართეს. ამგვარად, ამიერიდან არა მხოლოდ ფაქტობრივად, არამედ ფორმალურად და იურიდიულადაც ორი იმპერია არსებობდა. მართალია, ბიზანტიელებმა ფრანკთა იმპერატორი იმპერატორად აღიარეს, მაგრამ არა რომისად, ვინაიდან რომის იმპერატორის ტიტულს ბიზანტიელები თავიანთ მბრძანებელს განუკუთვნებდნენ. თუმცა შუა საუკუნეებში იმპერიის იდეა განუყოფლად იყო შეკავშირებული რომის სახელთან, ამიტომ კარლოსის იმპერატორად აღიარება უკვე დიდი ნაბიჯი იყო მისი აღიარებისკენაც რომის იმპერატორად.

წყარო: https://studfile.net/preview/7447067/page:34/
Назад к содержимому