Перейти к контенту

ისტორია - მართლმადიდებელი წმინდანები (ქრონოლოგიური თანმიმდევრობით) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
მართლმადიდებელი წმინდანები
(ქრონოლოგიური თანმიმდევრობით)
წმიდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელი

ძველაღთქმისეული პერიოდი
 
 
ადამი
 
 
ხსოვნის დღეები:
 
3 იანვარი (გარდამავალია) – წმიდა მამათა კვირა.
 
27 დეკემბერი (გარდამავალია) – წმიდა მამათმთავართა კვირა.


ბიბლიაში სიტყვა "ადამი" გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით: "კაცი" (დაბ. 5:2), "მამაკაცი" (ეკლ. 7:28), "ყოველი" (რიცხ. 19:14), "თითოეული" (ზაქ. 13:5), "ხალხი" (მსაჯ. 16:7), "პირველი კაცი" (იობ. 15:7), აგრეთვე როგორც საკუთარი სახელი. ის შედის გამოთქმაში "ძენი ადამისნი", რომელიც არასოდეს ნიშნავს პირველი კაცის უშუალო შთამომავლებს. მასში შეიძლება იგულისხმებოდეს "ხალხი" (სინოდურ თარგმანში "ძენი კაცისანი") (იგავ. 8:31; ფს. 44:3). მხოლობით რიცხვში ხმარებისას (სიტყვასიტყვით "ძე ადამისი"), ის აღნიშნავს კონკრეტულ ადამიანს (ეზეკ. 2:1) ან ნებისმიერს (იერ. 49:18).
 
ადამი შექმნილია "მიწის მტვრისაგან" (დაბ. 2:7), ამიტომ ის "მიწიერია" (1 კორ. 15:47). ღმერთმა "შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი სულად ცხოველად" (დაბ. 2:7).
 
ადამი შექმნილია როგორც სულიერ-ხორციელი არსება, რომელიც თვით ღვთის ხატების მატარებელია (დაბ. 1:27). ღვთიური შემოქმედებითი განზრახვის თანახმად, ის აგრეთვე უნდა იყოს ღვთის მსგავსი (დაბ. 1:26). ეს მსგავსება, ხატებისგან განსხვავებით, ადამიანისთვის მოცემული კი არ არის, არამედ დავალებულია მან იგი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში განახორციელოს.
 
დედაკაცის შექმნის შესახებ დაბადების წიგნი ორჯერ მოგვითხრობს, მოკლედ: " შექმნა ღმერთმა კაცი, ... მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27), და უფრო ვრცლად: "... ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული" (დაბ. 2:20-23).
 
ცოლის შექმნით არა დამოუკიდებლად ქმრისგან, არამედ მისი ბუნებიდან (ძველ ებრაულად צלע - ეს არის არა მხოლოდ "ნეკნი" (როგორც სინოდალურ თარგმანშია), არამედ "გვერდი", "მხარე" და საერთოდ რაიმეს ნაწილი) ხაზგასმულია ადამიანის ორერთობა. ამას ყურადღებას აქცევს თვით თხრობის ავტორი, რომელიც სიტყვა "ცოლს" (ებრ. אשה) წარმოშობილად მიიჩნევს სიტყვა "ქმრისგან" (איש) (დაბ. 2:23). ცოლის გამოჩენა განპირობებულია იმით, რომ ადამიანს სჭირდებოდა ურთიერთობა. როგორც ღვთის ხატების მატარებელი, ის მარტო ვერ დარჩებოდა: "არ არის კარგი, კაცი მარტო იყოს" (დაბ. 2:18); ღვთიური ხატება უნდა ასახულიყო როგორც ადამიანური ბუნების ერთობაში, ისე იპოსტასთა სიმრავლეში. ცოლის შექმნა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სიყვარულში ადამიანის სიცოცხლისთვის, რომელიც აუცილებელი პირობაა ღმერთში მისი "ყოფნისა", რამეთუ "ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში" (1 ინ. 4:16).
 
პირველი კაცი ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს გვირგვინია და, როგორც ასეთი, მეფურ ღირსებას ფლობს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ შემოქმედების აქტში თვით ღმერთი მადლით მკვიდრება ადამიანში და სამყაროს მპყრობლად აქცევს მას (დაბ. 1:28). თავისი მაღალი დანიშნულებისამებრ, კაცი სახელებს არქმევს ცხოველებს (დაბ. 2:19, 20) და მოწოდებულია, რათა "დაამუშაოს... და დაიცვას" გარემომცველი სამყარო (დაბ. 2:15). თუმცა ადამის სრულყოფილება აბსოლუტური არ ყოფილა. ის მხოლოდ საფუძველს ქმნიდა მისი მოწოდების აღსასრულებლად და გზას უხსნიდა, რათა გამხდარიყო სრულყოფილი, " როგორც სრულქმნილია ... ზეციერი მამა" (მათ. 5:48). შესაბამისად, სრულყოფილი არც ადამიანის თავისუფალი ნება ყოფილა, რამეთუ მას შეეძლო აერჩია არა მხოლოდ კეთილი, არამედ ბოროტიც, რაზეც მეტყველებს ადამიანისთვის ბოძებული მცნება, რომელიც უკრძალავდა მას კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფთა ჭამას (დაბ. 2:17). და რადგან მხოლოდ ღმერთი ანიჭებს თავის მიერ შექმნილ სამყაროს "სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს" (საქ. 17:25), და მხოლოდ მისითა "ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ" (საქ. 17:28), პირველ კაცს ღვთისმსგავსების მიღწევა მხოლოდ ღმერთთან ერთობაში შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავს გაწირავდა ავტონომიურ, ღვთისგარეშე არსებობისთვის, რაც გარდაუვლად სიკვდილთან მიიყვანდა (დაბ. 2:17).
 
ადამმა და ევამ ვერ გაუძლეს ეშმაკის ცდუნებას, რომელსაც ისინი განიცდიდნენ, და ჩაიდინეს პირველი ცოდვა, რადგან ისურვეს ღვთის გარეშე ღმერთების მსგავსნი გამხდარიყვნენ (დაბ. 3:1-6). ცოდვით დაცემის შედეგად მათმა ბუნებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, თუმცა ეს ცვლილებები ონტოლოგიურ ხასიათს არ ატარებდა. ცოდვამ დაიწყო პარაზიტირება მასზე და ამავდროულად ხელს უშლიდა მასზე ღვთიური მადლის მოქმედებას. პირველი ადამიანები ტანჯვის, სნეულებისა და სიკვდილის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ცოდვის შედეგები გავრცელდა მთელ კაცობრიობაზე, რომელმაც მათგან ცოდვით დაზიანებული ადამიანური ბუნება მიიღო მემკვიდრეობით, და გარემომცველ სამყაროზე, რომელშიც, როგორც ბიბლიური თხრობა ამბობს, დაიწყო "ეკლისა და ბარდის" ამოსვლა (დაბ. 3:18).
 
პირველი ადამიანები მთელი კაცობრიობის წინაპრები არიან. სხვა ფესვი, საიდანაც ადამიანთა მოდგმა აიღებდა სათავეს, არც მანამდე და არც მათ შემდეგ არ არსებულა. დაბადებაში ნათქვამია, რომ ადამის შექმნამდე ჯერ კიდევ "კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა" (დაბ. 2:5), ხოლო შემდეგ მოცემულია ცოლის სახელი და განმარტებულია, რომ მას ეწოდა ევა (ძვ. ებრ. חַוָּה, חַיָּה — "სიცოცხლე"), რადგან ის ყველა ცოცხალის დედა, ანუ პირველდედა გახდა (დაბ. 3:20). ადამიანთა მოდგმის ერთობაზე მეტყველებს ადამიდან წამოსული ძველი აღთქმის გენეალოგიები (დაბ. 5:1; 1 პარ. 1), ხოლო ახალ აღთქმაში, იესუ ქრისტეს გენეალოგიაში, მახარებელი ლუკა მიუთითებს, რომ ქრისტე არა მხოლოდ ძე ღვთისა, არამედ ძეც (ე.ი. შთამომავალი) არის ადამისაა (ლკ. 3:23-38). და ბოლოს, საქმეებში მოთხრობილია, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა შექმნილია "ერთი სისხლისაგან" (საქ. 17:26). ადამს ჰყავდა შთამომავლობა, რომელიც განაგრძობდა გამრავლებას: "ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა" (დაბ. 5:3-5).
 
მოციქული პავლე ადამს უწოდებს არა მხოლოდ "პირველ კაცს" (1 კორ. 15:47), არამედ "მომავლის ხატსაც" (რომ. 5:14), გულისხმობს რა ძე კაცისას, რომელიც მოვიდა, რათა "განეახლებინა" დაცემული "პირველი" ადამი და "მიწიერი" კაცი (1 კორ. 15:47). "მეორე" კაცი კი არის იესუ ქრისტე; ამავდროულად, ის არის "უკანასკნელი ადამიც" (1 კორ. 15:47, 45). მოციქული, ერთმანეთს უპირისპირებს რა პირველ და მეორე ადამს, მიუთითებს, რომ "მიწიერი" კაცისგან ქრისტიანი მემკვიდრეობით იღებს ცოდვით დაზიანებულ ბუნებას, რომლის ხვედრიც გარდაუვალი სიკვდილია, ხოლო "ზეციერი" კაცისაგან (1 კორ. 15:48) — განახლებულ ბუნებას, რომლის ხვედრიც საუკუნო სიცოცხლეა. "როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორ. 15:48-49).
 
ამგვარად, დაბადებით ადამის ძე და ქრისტეში განახლებული, ქრისტიანი მუდმივ კავშირშია პირველ და მეორე ადამთან. იმავე მოციქულის თქმით, ის მოწოდებულია განშორდეს "მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას..." და შეიმოსოს "...ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით" (ეფეს. 4:22, 24).
 
ორ ადამზე მოციქულ პავლეს კვალდაკვალ ასწავლის წმ. ირინეოს ლიონელიც და აღნიშნავს, რომ "ჩვენ პირველ ადამში შეურაცხვყავით ღმერთი მისი მცნების შეუსრულებლობით" და "შევურიგდით მას მეორე ადამში, მორჩილად ყოფილს ვიდრე სიკვდილადმდე" (PG. 7. col. 1168 BC). გამოხსნის საქმეში, იმავე წმინდა მამის აზრით, ქრისტემ "სათავეში ჩაუდგა (recapitulavit) მთელ კაცობრიობას, რათა მოგვანიჭოს ხსნა, ასე რომ ის, რაც დავკარგეთ ადამში... კვლავ მივიღეთ იესუ ქრისტეში" (იქვე. col. 932 B).
 
აზრი პირველი ადამის ბუნების ზოგადსაკაცობრიო ხასიათის შესახებ ასახვა ჰპოვა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა და ლიტურგიკულ გადმოცემაში. წმ. გრიგოლ ნოსელი მიიჩნევს, რომ "ეს სახელი "ადამი"... შექმნილ ადამიანს ეწოდა არა როგორც რომელიღაც ერთეულს, არამედ საერთოდ მთელ მოდგმას" (Творения св. Григория Нисского. М., 1861. Ч. 1. С. 143).
 
როდესაც ცდილობენ გაიგონ ადამის ბუნების ზოგადსაკაცობრიო ხასიათი, ზოგიერთი ქრისტიანი მოაზროვნე (მაგ., ვლ. ს. სოლოვიოვი, პროტ. ს. ბულგაკოვი) იხრებიან სპეკულაციური მსჯელობებისკენ, რომელთა შედეგადაც პირველი ადამი უკვე აღარ იყო ერთი (უფრო ზუსტად, პირველი) იპოსტასი, რომელსაც გააჩნდა საყოველთაო-ადამიანური ბუნება, არამედ მრავალიპოსტასიანი პიროვნება, რომელშიც თითოეული ადამიანი რაღაც წარმოუდგენელი გზით უკვე იმყოფებოდა თავისი იპოსტასით. ასეთი წარმოდგენების ანთროპოლოგიური სიმცდარე გარდაუვლად იწვევდა შეცდომას სოტერიოლოგიის სფეროშიც; იწვევდა პირველშობილი ცოდვისა და მეორე ადამის — იესუ ქრისტეს მიერ აღსრულებული ხსნის შესახებ სწავლების დამახინჯებას.
 
 
ლიტ.: Малов Е., прот. Об Адаме по учению Библии и по учению Корана. Каз., 1885; Филарет (Дроздов), архим. [митр. Московский]. Записки на книгу Бытия. [1816]; Богородский Я. А. Начало истории мира и человека по первым страницам Библии. Каз., 19092; Thielicke H. How the World Began: Man in the First Chapters of the Bible. Phil., 1961; Renckens H. Israel's Concept of the Beginning: The Theology of Genesis 1-3. N. Y., 1964; Серафим (Роуз), иером. Православное понимание книги Бытия: Пер. с англ. М., 1998.


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.

წყარო: Православная энциклопедия. URL: https://www.pravenc.ru/text/63452.html
Назад к содержимому